ჯო ბაიდენი

ემუქრება თუ არა რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში

127
(განახლებულია 21:10 11.11.2020)
აშშ-ში ხელისუფლება მომავალ წელს შეიცვლება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ წინამორბედზე უფრო ხისტი იქნება.

ნატალია დემბინსკაია

სწორედ დემოკრატები მოითხოვდნენ ცოტა ხნის წინ რუსეთისთვის რადიკალური ზომების, ე.წ. ჯოჯოხეთური სანქციების დაწესებას. რით ემუქრება ეს რუსეთს?

რუსეთის სახელმწიფო ვალი

„ჩვენ რუსეთის მიმართ პოზიციების სერიოზულ გამკაცრებას ველოდებით. ბაიდენის გუნდში მოსკოვისადმი სიძულვილი მართლაც განსაცვიფრებელია“, — ციტირებს გაზეთი Financial Times ვაშინგტონელი მაღალჩინოსანი დიპლომატის სიტყვებს.

მაგრამ ერთია პოლიტიკური დეკლარაციები და სულ სხვაა ნაბიჯები პრეზიდენტის პოსტზე. როგორც Bloomberg-ი წერს, როგორი აგრესიულიც არ უნდა იყოს ბაიდენი, ვაშინგტონს არ აქვს იმდენად ბევრი საშუალება იმისთვის, რომ შესამჩნევი ზიანი მიაყენოს რუსულ ეკონომიკას.

ყველაზე სერიოზული საფრთხე — რუსეთის სახელმწიფო ვალში (ფედერალური სესხის ობლიგაციები) სახსრების ჩადების აკრძალვაა. თუმცა ამისგან უპირველესად ისევ ამერიკელი ინვესტორები დაზარალდებიან — ფასიანი ქაღალდების მსხვილი მფლობელები. და მათ შეუძლიათ სასამართლოში უჩივლონ ბაიდენის ადმინისტრაციას.  

უფრო მეტიც, საპასუხოდ რუსეთი საბოლოოდ მოიშორებს თავიდან აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს. ჭარბი სახელმწიფო ვალისა და ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტის პირობებში კი თეთრ სახლს ეს არაფერში აწყობს.

„ამერიკელები ნამდვილად შემოიღებენ ევროპულის ანალოგიურ სანქციებს ნავალნის ვითომ მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით. თუმცა საუბარია არა პერსონალურ, არამედ სექტორალურ შეზღუდვებზე. ამას მოჰყვება დიალოგის აღდგენის მცდელობა მოსკოვთან, რომლის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული ვაშინგტონის პოლიტიკა“, — ვარაუდობს ექსპერტი ვიტალი მანკევიჩი.  

მისი აზრით, რუსეთის სახელმწიფო ვალის აკრძალვა არის კოზირი, რომელსაც მხოლოდ წითელი ხაზების აშკარა გადაკვეთის შემთხვევაში აამოქმდებენ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“

უფრო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ზეწოლაა სავარაუდო. ჯერ კიდევ 2016 წელს ბაიდენმა რუსულ ენერგეტიკულ პროექტს ევროპისთვის ცუდი გარიგება უწოდა. „ეს საბოლოოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს უკრაინაში. ევროპას კი გაზის დივერსიფიცირებული მიმწოდებლები ესაჭიროება“, — განაცხადა მან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსში.

ოქტომბრის შუა რიცხვებში დემოკრატი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა კვლავ შეგვახსენა, ბაიდენის პოზიცია არ შეცვლილა, ის რუსული გაზსადენის წინააღმდეგია და „ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ ისწრაფვისო“.

თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ყველაფერი ეს სიტყვებად დარჩეს, ხოლო საქმით აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ივაჭროს და პროექტზე წინააღმდეგობები მოხსნას. როგორც ყოფილი ვირგინიელი სენატორი რიჩარდ ბლეკი ირწმუნება, ბაიდენი მოსკოვთან მშენებლობის დასრულებაზე მოლაპარაკებას „ჩუმად“ ამჯობინებს, სამაგიეროდ კი ვაშინგტონისთვის რაღაც სარგებელს გამოსთხოვს.

მწვანე კურსი და ოპეკი

ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ ერთი ნეგატიური ასპექტი — ეს ენერგეტიკული პოლიტიკაა, ეგრეთ წოდებული, მწვანე კურსი. ის ორი ტრილიონი დოლარის ინვესტირებას მოიაზრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაზე გადასასვლელად 2035 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის ნულოვან გამონაბოლქვს გულისხმობს.

„ბაიდენის შესაძლო გამარჯვების ყველაზე აშკარა ბენეფიციარები განახლებადი ენერგიების კომპანიები არიან. უარესად იგრძნობენ თავს ნავთობ-გაზისა და ფარმაცევტული კომპანიები, ანტომონოპოლიური დარეგულირების რისკის ზონაში შეიძლება აღმოჩნდნენ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები. რუსეთის ბაზრისთვის ასეთ შემთხვევაში სანქციების გამკაცრება გაიზრდება“, — მიაჩნიათ „ფინამის“ ანალიტიკოსებს.

„რეალური რისკი რუსეთისთვის — ეს ნახშირწყალბადებზე გადასახადის შემოღებაა გლობალურ დღის წესრიგში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო რუსულ თვითღირებულებას სერიოზულად დაარტყამს. ეს ასევე ეხება მეფოლადეებსა და ფერად მეტალურგიას“, — აღნიშნავს მანკევიჩი.

და, ბოლოს, ბაიდენი „ოპეკზე“ ზეწოლას შემოგვთავაზებს. მაგალითად, მას შეუძლია სანქციები შეუსუსტოს ირანსა და ვენესუელას, და მათი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდეს.

„ირანი მინიმუმ ორ მილიონ ბარელს მოგვცემს დღე-ღამეში. ამას შეუძლია მოარყიოს „ოპეკ+“-ის შეთანხმება“, — გვაფრთხილებს ფინანსური ანალიტიკოსი არტიომ ზვეზდინი.

„არსებობს რისკი, რომ რუსეთი გავიდეს შეთანხმებიდან და მაშინ გარიგება ჩაიშლება. ეს ხომ ტრამპმა შეუწყო ხელი მოსკოვის მონაწილეობას“, — იხსენებს Reuters-ის წყარო კარტელში. ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს და ბაზარზე გლობალური პრობლემები გაჩნდება, რაც ნეგატიურად აისახება ნავთობშემოსავლებზე.

თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია. შესაძლოა, სათავეში მოსვლის შემდეგ ბაიდენის გუნდმა უფრო კონსტრუქციული კურსი აირჩიოს — ხმამაღალი ლოზუნგები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისას არის კარგი, რეალურ პოლიტიკაში კი ის ცუდი დამხმარეა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

127
ჩინეთის ტანკები და სამხედროები

ჩინური აქცენტი სამხედრო მანევრებზე: გაფორმდება თუ არა რუსეთ–ჩინეთის სამხედრო კავშირი

13
(განახლებულია 19:46 23.06.2021)
რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მრავალწლიანი პრაქტიკა სტრატეგიულ სიბრტყეში გადადის.

ჩინეთის ჩრდილოეთში მომავალი ოპერატიულ-სტრატეგიული მანევრები „დასავლეთი/ურთიერთქმედება-2021“ ინტეგრირებული იქნება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის რესპუბლიკაში სტრატეგიულ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დასავლეთი-2021“-თან. ეს ისე გამოიყურება, როგორც რუსეთი–ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ფორმირების გაგრძელდება.

ხაბაროვსკში 22 ივნისიდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივ ოპერატიულ-სტრატეგიულ სწავლება „დასავლეთი/ურთიერთქმედება-2021“-ის ორგანიზებაზე, რომელშიც რუსეთისა და ჩინეთის ჯარები მიიღებენ მონაწილეობას და რომელიც ჩინეთის ნინსია-ჰუეის ავტონომიაში გაიმართება. მხარეები მიმდინარე კვირის ბოლომდე შეათანხმებენ რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ჩასვლის პირობებს ჩინეთის ტერიტორიაზე, ასევე ძალების და საშუალებების შემადგენლობას, წვრთნების გეგმას, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესებს. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის აღმოსავლეთი სამხედრო ოლქიდან მანევრებში მოტომსროლელი შენაერთის პირადი შემადგენლობა, ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის ქვედანაყოფები, არმიის ავიაციის თავისუფალი რაზმი მიიღებენ მონაწილეობას. შევნიშნავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჯარების ერთობლივი მოქმედებების დასამუშავებლად დიდი რაოდენობა საჭირო არ არის, საკმარისია საკომანდო რგოლები.

მანევრები „დასავლეთი/ურთიერთქმედება-2021“ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გაიმართება. ბელარუსისა და რუსეთის პოლიგონებიდან (დასავლეთის სამხედრო ოლქი) ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე პოლიგონებამდე 5000 კილომეტრზე მეტია, ამით საბრძოლო ინტეგრაციის თემატიკა და ურთიერთქმედების პერსპექტივები კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

დასავლეთის კოშმარი − რუსეთისა და ჩინეთის მიერ სამხედრო თანამშრომლობაზე ხელშეკრულების გაფორმებაა, ვინაიდან ჰიპოთეტურ შეიარაღებულ კონფლიქტში რუსულ–ჩინური კოალიცია აშკარად აღმატებული იქნება პენტაგონსა და ნატოზე, ვაშინგტონსა და ბრიუსელს აუცილებლად დასჭირდებათ „უხერხული“ რეჟიმების შეკავების სტრატეგიისა და ტაქტიკის გადაწერა, „ნაოსნობის თავისუფლების“ უზრუნველყოფა შავ, აზოვისა და ჩინეთის ზღვებში.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო კავშირს. პეკინშიც მზად არიან, გავიდნენ სამხედრო სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ დონეზე. შესაბამისი განცხადება ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ მარტში გააკეთა. ფორმალიზებული დოკუმენტი ამინდს ვერ შეცვლის.

სავარაუდო სცენარი

ნინსია-ჰუეის ავტონომიის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე, ჰელანიშანის 250 კმ სიგრძის მთის მასივზე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიგონი მდებარეობს.

იქ სხვადასხვა სახეობის საჯარისო დაჯგუფებები მანევრების ყველაზე რთულ სცენარებს ამუშავებენ. „დასავლეთი/ურთიერთქმედება-2021“-ის ჩანაფიქრი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის მნიშვნელოვნად ემთხვევა სწავლება „დასავლეთი-2021“-ის სცენარს, რა დროსაც მოსალოდნელია მართვის სისტემებისა და უზრუნველყოფის ყველა სახეობის შემოწმება, საჯარისო დაჯგუფებების ფარული განთავსება, ტაქტიკური ჯგუფების მიერ დაბლა მფრენი საჰაერო სამიზნეების განადგურების არასტანდარტული მეთოდების დამუშავება და ჩქაროსნულ ჯავშან-ობიექტებთან ბრძოლა. რუსეთ-ბელარუსის თავდაცვით სწავლებაში მასობრივად გამოიყენება საბრძოლო ავიაცია და ტანკები. მანევრების მსგავსი სცენარები საერთო საფრთხეებითაა განპირობებული.

რუსეთისა და ბელარუსის უშიშროებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოსაზღვრე ქვეყნებში (ბალტიისპირეთსა და პოლონეთში) ყოფნა და სამხედრო ინფრასტრუქტურა ემუქრება. ატლანტიკა თითქოს შორსაა გეოგრაფიულად ჩინეთის ზღვებიდან, მაგრამ ნატოს ამასწინანდელმა სამიტმა მაინც დაუთმო განსაკუთრებული ყურადღება „ჩინურ საფრთხეს“. როგორც ალიანსში მიაჩნიათ: „ჩინეთის გაცხადებული ამბიციები და აგრესიული ქმედებები სისტემური გამოწვევებია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისთვის“. რა თქმა უნდა, ნატოსთვის მოსახერხებელი წესები ბლოკის იმ ქვეყნების მიერაა შემუშავებული, რომელთა მოსახლეობის ჯამური რაოდენობა კაცობრიობის მხოლოდ 10%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთისას.

გარდა გაცხადებული ამბიციებისა, ჩინეთის დანაშაული „რუსეთთან სამხედრო ურთიერთობებშიცაა“ (14 ივნისის კომუნიკეს 55-ე პუნქტი). ნატოს წევრი ქვეყნები შეერთებული შტატებისთვის მხრის მიცემას აპირებენ ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩინეთისავე ზღვებში.

რუსეთ–ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება ამ ფონზე სრულიად კანონზომიერია და მოიცავს არა მარტო მანევრებსა და შეიარაღების შეძენას, არამედ ტექნოლოგიების გაცვლასაც. რუსეთმა 2014–2018 წლებში ჩინეთის არმიას მაღალტექნოლოგიური გამანადგურებლები − Су-27 და Су-35, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-300 და С-400, უახლესი გემსაწინააღმდეგო რაკეტები მიჰყიდა. რუსეთისგან იარაღის შეძენამ ჩინეთში საერთო მოცულობის თითქმის 70% შეადგინა. შედეგად – ჩინეთმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების უპირატესობის ნიველირება მოახდინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სფეროში ტაივანის ყურესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

რუსულ–ჩინური ოპერაციები

უახლეს ისტორიაში რუსეთ–ჩინეთის ჯარების პირველი წვრთნები „მშვიდობიანი მისია - 2005“ შანდუნის ნახევარკუნძულზე პირობითი მოწინააღმდეგის ლიკვიდაციას ეძღვნებოდა. ყვითელ ზღვაში 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რომლებიც ასევე მოიცავს მსოფლიო ოკეანის სხვადასხვა რაიონებს: სამხრეთ ჩინეთისა და იაპონიის ზღვებიდან ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებამდე.

რა თქმა უნდა, „საზღვაო ურთიერთქმედება“ არავის არ ემუქრება, მაგრამ მხარეთა ურთიერთქმედების მნიშვნელოვან პოტენციალს წარმოაჩენს ჰაერ- და გემსაწინააღმდეგო თავდაცვაში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებსა და სხვა სფეროებში. თავდაცვითი მანევრების სარაკეტო თემატიკა ეჭვს არ ტოვებს, რომ „საზღვაო ურთიერთქმედების“ დეტალები აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალებისადმია მიმართული. ეს დიდი ალბათობით აგრილებს „ცხელ თავებს“ ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

ხმელეთზე რუსეთ–ჩინეთის ოპერატიულმა სარდლობამ 2016 წელს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპიუტერული მოდელირება დაამუშავა. ჩინეთის სახალხო არმიის ხელმძღვანელობა რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის საშტაბო სწავლებებში მონაწილეობდა 2018 და 2019 წლებში. მასშტაბურ რუსულ სწავლებებში „ცენტრი-2019“ ჩინეთის 3500 სამხედრო, 30 თვითმფრინავი, 900 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა.  

ორი ქვეყნის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა 2019 წლის აგვისტოში პირველად მიიღეს მონაწილეობა ერთობლივ საჰაერო პატრულირებაში აღმოსავლეთ ჩინეთისა და იაპონიის ზღვების თავზე.

მსგავსი ღონისძიებები ადასტურებს, რომ რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის და ნატოს გავლენის სტრატეგიული გაწონასწორებისკენ ისწრაფვიან. მოსკოვისა და პეკინის „არაფორმალური“ თავდაცვითი თანამშრომლობა პრაქტიკულად სამხედრო კავშირის დონემდეა განვითარებული. ორი ქვეყანა თანაბრადაა დაინტერესებული სტაბილურობითა და გეოპოლიტიკური პროგნოზირებადობით. 2019 წლის 5 აგვისტოს რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადებები ორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს ათობით წლის განმავლობაში.

აშშ-ის ადმინისტრაცია ხვრელებს ეძებს რუსეთ–ჩინეთის ურთიერთობებში, ცდილობს ბზარი გააჩინოს მათ შორის − უპირველესად სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. ეს ფუჭი მცდელობებია. როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შენიშნავს: „ჩვენ ჩინეთთან ბოლო წლებში... სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოგვიყალიბდა, რაც ჩვენი სახელმწიფოების ისტორიაში მანამდე არ ყოფილა... ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩინეთი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს მეგობარი ქვეყანაა. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ჩინეთი მტრად არ გვაცხადებს“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

13
თემები:
რუსეთი დღეს
აფთიაქი

რატომ არის თურქეთში გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?

64
(განახლებულია 15:36 23.06.2021)
საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ საქართველოში წამალი უფრო ძვირია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. როგორც ირკვევა, მეტწილად ეს მცდარი შეხედულება და ჭორია, რომლის დაჯერებაც ღარიბ ქვეყანაში იოლია.

თემურ იოსელიანი

ცხადია, როდესაც ადამიანის შემოსავალი მწირია და სასურველ პროდუქციას ვერ ყიდულობს, მისთვის ნებისმიერი ფასი შეიძლება „ძვირი“ და „მიუწვდომელიც“ კი იყოს. რაც შეეხება საქართველოს და განვითარებული ქვეყნების შედარებას მედიკამენტების ფასების კუთხით, როგორც ფასებში, ისე სამედიცინო სფეროს სისტემის მოწყობაში, საკმაოდ დიდი განსხვავებაა. 

როგორც სხვა იმპორტირებული პროდუქცია, მედიკამენტებიც დოლარის ფასზეა „მიბმული“ და რაც უფრო ძვირდება დოლარი, მით უფრო ძვირდება წამლებიც. შესაბამისად, მომხმარებელს კიდევ უფრო მეტად უჭირს პრეპარატების შეძენა. მაგრამ მართლაც ღირს წამლები საქართველოში „ზედმეტად ძვირი“, ვიდრე, მაგალითად, მეზობელ ქვეყნებშია?

ფარმაცევტული კომპანია „იმპექსის“ ხელმძღვანელი დავით კოხრეიძე ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ როგორც ყველა სხვა პროდუქციის, მედიკამენტის ფასსაც, პირველ რიგში, მისი თვითღირებულება განსაზღვრავს. მისი თქმით, წამალი ზოგადად ვერ იქნება იაფი, რადგან მაღალტექნოლოგიური, მეცნიერული შრომით მიღებული პროდუქტია. თუმცა, როდესაც ქვეყანა ვითარდება და მოსახლეობას შემოსავალი უჩნდება, მაშინ წამალსაც ყიდულობენ და საკვებსაც.

„უცხოეთში მყიდველმა თითქმის არ იცის, წამალი რა ღირს. დაზღვევის სისტემაზეა მიბმული ყველაფერი. სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ხარჯების 99%-ს. მიდიხარ აფთიაქში, მიგაქვს რეცეპტი, წამალს ითხოვ და გაძლევენ. შენ თავის დროზე ფულს უხდი დაზღვევას და მანდ მთავრდება ყველაფერი“, – ამბობს კოხრეიძე.

იმ მოსაზრების დასტურად, რომ მეზობელ ქვეყნებში გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, კონკრეტულ მაგალითად თურქეთი მოჰყავთ ხოლმე. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თურქეთთან შედარებით საქართველოში წამლების სიძვირეს არასწორი რეგულირება იწვევს:

„მაღალი ფასების მიზეზი ის არის, რომ მსხვილი ბრენდული კომპანიების წამალი საქართველოში ძვირად შემოდის. იდენტური მედიკამენტის იაფად შემოტანა თურქეთიდანაც არის შესაძლებელი. შესაბამისი ნებართვისთვის მარეგულირებელი უწყება იმპორტიორს სთხოვს მწარმოებლის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომ ის ნამდვილად მისი წამალია. ბრენდულ კომპანიას, ბუნებრივია, მედიკამენტის იაფად გაყიდვა არ აწყობს. შესაბამისად, ის არ გასცემს ამ ნებართვას და იაფი წამლები აღარ შემოდის ქვეყანაში. გამოსავალი ის არის, რომ თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან, სადაც წამლები იაფი ღირს, ნებისმიერს შეეძლოს მედიკამენტების შემოტანა“.

მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტების ზოგად სიიაფეს დავით კოხრეიძე გამორიცხავს, თუმცა ადასტურებს, რომ თურქეთში რიგ მედიკამენტებზე სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს და, შესაბამისად, მომხმარებელს კონკრეტული წამალი გაცილებით დაბალ ფასად შეუძლია იყიდოს.

„რა არის თურქეთში ბევრად იაფი? ეს გახლავთ ძირითადად ძვირადღირებული პროდუქტები. მათ შორის ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებზეც სახელმწიფო დოტაციაა. ონკოლოგიური მიმართულების წამალი თუ ღირს, დავუშვათ, 100 დოლარი, სახელმწიფო ამბობს – მე 90%-იან დოტაციას ვიძლევი, რადგან ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა და ვაფინანსებ ამ მედიკამენტსო. თურქეთში რომ შეაქვს იმპორტიორს, 90%-ს სახელმწიფო უნაზღაურებს, რათა საცალო ქსელში, აფთიაქში, ეს წამალი ძვირი არ იყოს.

თურქეთში ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტიპის წამლებზე, დაახლოებით 200-300 დასახელების მედიკამენტზე, სახელმწიფო დოტაცია მოქმედებს, მათ ეს გააკეთეს საკუთარი მოქალაქეებისთვის“, – ამბობს დავით კოხრეიძე.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს თურქეთიდან დოტაციური მედიკამენტის იაფად შეძენა? „იმპექსის“ ხელმძღვანელი პასუხობს:

„ოფიციალურად ვერ შემოიტანთ, წამლის თურქული მარკირება არ არის რეგისტრირებული საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვნახეთ გამოსავალი. არის ასეთი დაშვებული „ფორმა 100“. კონკრეტულად შენ თუ გჭირდება წამალი და ექიმი გამოგიწერს, შენთვის შემიძლია ის ერთი წამალი შემოვიტანო, მაგრამ არა სხვისთვის. შესაბამისად, ის გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე იგივე წამალი, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული საქართველოში“.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებისგან თურქ გადასახადის გადამხდელებს მადლობა ეკუთვნით – დოტაციური წამალი საქართველოს მოქალაქესაც შეუძლია შეიძინოს.

რაც შეეხება საქართველოში მედიკამენტებზე უფრო მაღალ ფასს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებშია, ამას დავით კოხრეიძე გამორიცხავს:

„ჩვენთან ლიბერალური კანონმდებლობაა. პლუს დაშვებულია პარალელური იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან. კონკრეტული პრეპარატის მწარმოებელ ქარხანას გერმანიაში სხვა ფასი აქვს, იტალიაში სხვა და პოლონეთში სხვა. ჩვენ კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს, გერმანიიდან და იტალიიდან კი არა, მაგალითად, პოლონეთიდან შემოვიტანოთ იგივე წამალი, რომელიც ორჯერ იაფია, ვიდრე გერმანიაში. ამიტომ საქართველოში წამლის ფასები რომ შევადაროთ ევროპის, ან მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებს, ყველაზე იაფი ჩვენთანაა“.

რასაც გვერდს ვერ ავუვლით, საქართველოში მკურნალობა ნამდვილად არ არის იაფი და ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმი მაინცდამაინც ყველაზე ძვირ წამალს გამოწერს ხოლმე, როცა სხვა იაფი ალტერნატივაც არსებობს. აქ უკვე ექიმების მორალზეა ბევრი რამ დამოკიდებული. რაც მეტ წამალს გააყიდინებს წამლის შემომტანს, მით მეტ საკომისიოს მიიღებს თავად ექიმიც. ამიტომ საკმაოდ ხშირია არათუ მაქსიმალურად ძვირი, არამედ, იმავდროულად ზედმეტი მედიკამენტების გამოწერაც.

ექსპერტების თქმით, აქ გამოსავალი შესაძლოა იყოს, თუ პაციენტს მიეცემა საშუალება, რომ ერთი და იგივე შემადგენლობის წამლებიდან იაფი ამოირჩიოს. მაგალითად, ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ექიმი ნიშნავს იმავე შემადგენლობის მედიკამენტს, ანუ ჯენერიკებს, და არა კონკრეტული დასახელების წამალს.

„ამ შემთხვევაში, აფთიაქში შესული, მინდა ინგლისური წარმოების „პანადოლს“ შევიძენ 3 ლარად, მინდა − ბელარუსული წარმოების „პარაცეტამოლს“ 30 თეთრად. ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება. სიცხეს ერთიც დამიწევს და მეორეც. მაგრამ თუ მინდა, რომ მაინცდამაინც ინგლისური პრეპარატი ვიყიდო, როგორც, მაგალითად, მაინცდამაინც „აიფონი“ ვატარო და არა „ჰუავეი“, მაშინ ვიყიდი ძვირ მედიკამენტს“, – ამბობს კოხრეიძე.

ირკვევა, რომ არსებობს ჯენერიკების საწინააღმდეგო არგუმენტაცია. კერძოდ, ისმება კითხვა: არის თუ არა კონკრეტული ჯენერიკი ისეთივე ბიოეკვივალენტობის მქონე, როგორიც ბრენდია? საქმე ისაა, რომ დღეს ქვეყანას არა აქვს ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს უზრუნველყოფს. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ლაბორატორია ქვეყანაში წლის ბოლომდე შეიქმნება. ასე რომ, თუ ლაბორატორია ამუშავდება და თითოეული წამლის ხარისხი შემოწმდება, ნებისმიერი ჯენერიკი იქნება გარანტირებულად ხარისხიანი და ექიმიც შეძლებს პაციენტისთვის მის დანიშვნას. ასეთ შემთხვევაში კი მკურნალობის ფასმა, წესით, საგრძნობლად უნდა დაიკლოს.  

64
სოფიკო შევარდნაძე

„სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“ - სოფო შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე დუმილს არღვევს

0
(განახლებულია 15:22 24.06.2021)
ცნობილმა ჟურნალისტმა პაუზის შემდეგ ვაჟთან ერთად უახლესი ფოტო გამოაქვეყნა და ცხოვრებისეულ პირად დეტალებზე ისაუბრა. რატომ არის 42 წლის ტელესახის ცხოვრებაში უკანასკნელი სამი თვე სასწაული?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს. მან გადაწყვიტა, დუმილი კიდევ ერთხელ დაარღვიოს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

სოფიკოს მიერ ვაჟთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებს, „ფოლოვერები“ სულმოუთქმენლად ელიან, თუმცა სოფო პირადი სივრცის პრინციპებს არ არღვევს. ახალშობილ ვაჟთან ერთად პოზირებს, ერთობლივ კადრებს სოციალურ ქსელში განათავსებს, თუმცა სახეს ამ დრომდე უმალავს. „სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“,- აღნიშნავს სოფო მიკრობლოგის ახალ პოსტზე. „ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსები ამოუწურავია. როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს სურვილი და არ გაქვს კომპლექსები, რომლებსაც უსაფუძვლო დანაშაულის განცდა სდევს ხოლმე თან“,- უყვება ფანებს ჟურნალისტი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

„ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი, ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი. და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა“, – წერდა სოფო.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

0
თემები:
ქართველი სელებრითები