დემონსტრაცია აშშ-ში

მოსაზრება: დასავლეთი ბელარუსულ დირეს ხედავს, ამერიკულ ბეწვს ვერა

43
(განახლებულია 19:05 09.11.2020)
დასავლეთ ნახევარსფეროში მართლდება პროგნოზი, რომ აშშ-ის საარჩევნო პროცესს 3 ნოემბერს წერტილი არ დაესმებოდა — ნაცვლად იმისა, რომ პიესის სიუჟეტში კვანძი გახსნილიყო, პირიქით, მოვლენები ახალი ძალით ვითარდება.

მაქსიმ სოკოლოვი

მსოფლიო დემოკრატიულმა გრანდებმა კი, მათი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს მიაქციეს ყურადღება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა (თანაც მაშინ, როცა სიტყვები „ვისკონსინი“ და „მიჩიგანი“ ყველას პირზე ეკერა):

„ჩვენ ვეცადეთ მიგვეღწია დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, რომელმაც ლუკაშენკოს რეჟიმის სამარცხვინო ქმედებებს მოჰფინა შუქი და გამოავლინა გაყალბება საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაც ბელორუსი ხალხის ნების დათრგუნვისკენ იყო მიმართული. საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.

მასთან უნისონში სიტყვით გამოვიდა ეუთოც. მისმა ოფიციალურმა მომხსენებელმა წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია მისცა, არ აღიარონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობით.

ეუთოს დაკვირვება ამერიკულ არჩევნებზე უფრო კეთილგანწყობილი იყო. აღინიშნა ცალკეული ნაკლოვანებანი, მაგალითად, საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ნასამართლეობის გამო. თუმცა ბალანსისთვის ღირსებებიც უნდა აღინიშნოს: მაგალითად, საარჩევნო უფლებების შენარჩუნება გარდაცვლილებისთვის, მათ შორის, მეტად დიდი ხნის წინ გარდაცვლილებისთვის, რომლებმაც ხმა ჯო ბაიდენს მისცეს. თუმცა მთლიანობაში 3 ნოემბრის არჩევნები „კონკურენტულად და კარგად ორგანიზებულად შეფასდა, მიუხედავად გაურკვევლობისა და ლოგისტიკური პრობლემებისა“. 

თუ როგორ შეესაბამება სამართლებრივი გაურკვევლობა კარგ ორგანიზებას, ეს მარტო ეუთოში იციან.

ამ დროისათვის უფრო აქტუალურ საკითხზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პომპეომაც, რომელმაც ბელარუსს არჩევნების დამოუკიდებელი დაკვირვების ქვეშ ჩატარებისკენ მოუწოდა.

ცოტა თუ აღიარებს ბელარუსულ არჩევნებს დემოკრატიის მწვერვალად, მაგრამ აშშ-სა და ბელარუსის როლისა და გავლენის შედარება თანამედროვე სამყაროზე შეუძლებელია. აშშ-ის როლი და გვლენა მნიშვნელოვნად დიდია.

შესაბამისად, როცა სხვადასხვა ტიპის ელექტორალური მაგიით მმართველობის მანდატს 78 წლის ძალაგამოცლილი ადამიანი იღებს, რომელიც ერთადერთი ზესახელმწიფოს საჭესთან დასადგომად ემზადება, ეს ისე ცუდია, რომ თქმაც არ შეიძლება.

ამასთან ლუკაშენკოს მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ის აუცილებლად შესასრულებლად არ აცხადებს თავის შეხედულებებს სახელმწიფოს მართვაზე, სამხედრო საქმეზე და ა.შ. ამერიკელი პოლიტიკოსები კი აცხადებენ და თანაც დიდი პათოსით. რის გამოც სასწაულებს აშშ-ის არჩევნებზე გაცილებით დიდი პრაგმატული მნიშვნელობა ენიჭება სხვა ქვეყნებისთვის.

ბელარუსული საქმეების მიმართ გამახვილებული ყურადღება, ალალად წარმოთქმულ „დამნაშავე ვარ, ძმაო, აშშ არც დამინახავს“-თან ერთად, გვაიძულებს ისე მოვეპყრათ შესაბამისი ავტორიტეტების მაღალფარდოვან გამონათქვამებს, როგორც იმსახურებენ. თან შევნიშნოთ: „ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობთ. ჰო, მართლა, რაო, რა მოხდაო მიჩიგანში?“

 

43
სომხური მხარის მიერ მიტოვებული ტანკი

მოსაზრება: რატომ დაკარგა სომხეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა?

11
(განახლებულია 15:55 03.12.2020)
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ექსპერტულ და მედიასივრცეში დისკუსია დაიწყო რუსული წარმოების იარაღის ეფექტურობის შესახებ, რომელიც სომხურ მხარეს ჰქონდა.

მაგრამ იარაღშია საქმე თუ პირადი შემადგენლობის მომზადებასა და თავდაცვის ორგანიზებაში?

დღეისათვის შეინიშნება ცალკეული მცდელობები იმისა, რომ სომხური მხარის მარცხი რუსული წარმოების „უსარგებლო“ გამანადგურებელ Су-30-СМ–ს, „ბრმა“ საზენიტო კომპლექს С-300–ებს, რადიოელექტრონული ბრძოლის „არაეფექტურ“ კომპლექსებსა და „მდარე სისტემის“ ტანკებს დაბრალდეს. თითქოს სომხეთს არასდროს შეეძინოს მესამე ქვეყნების იარაღი (მაგალითად, ინდოეთისგან Swathi–ს რადარები), ხოლო აზერბაიჯანული არმია მხოლოდ ისრაელის ან თურქული წარმოების იარაღით სარგებლობდა, რამაც განაპირობა კიდეც „დიდი გარდატეხა“.  

საერთო დისკურსი: ყარაბაღი კორექტივებს შეიტანს რუსული იარაღის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მიწოდებებში. მსგავსი მსჯელობების ოჩოფეხა სქემები სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგიულ შეცდომებსა და მსოფლიო იარაღის ბაზარზე დაუნდობელ კონკურენციას ნიღბავს. მიზანშეწონილია, რეალობას დავუბრუნდეთ.

მოსკოვმა სომხეთს რამედნიმე სამხედრო კრედიტი გამოუყო. შემდგომი სამხედრო აღმშენებლობა — სომხური მხარის საქმეა. თუ  რუსული წარმოების საზენიტო–სარაკეტო სისტემა С-300–ები ყარაბაღში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საიმედო სისტემების არქონის გამო დაზიანდა, მაშინ ზემოთ ნახსენები, 40 მილიონ დოლარიან ინდურ Swathi–ს აქტივობის არანაირი კვალი არც კი დაუტოვებია. არადა, შეეძლო კი სარეკლამო ანოტაციაში ჩამოთვლილი მახასიათებლების თანახმად. შესაძლოა ჯარმა ახალი რადარების ათვისება ვერ მოასწრო. სომეხი სპეციალისტების სწავლება შეიძლება გადამწყვეტ (სუსტ) რგოლად წარმოჩინდეს რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციაშიც (იარაღი თავისით არ ისვრის). და, რაღა თქმა უნდა, სამხედრო საქმეში სრულიად მიუღებელია არაორგანიზებულობა და თვითკმაყოფილება.

დანაკარგები და ნადავლი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 დეკემბერს დაწვრილებით ისაუბრა სომხური მხარის სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე მთიან ყარაბაღში. გრძელ ჩამონათვალში ასობით ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი მოხვდა — განადგურებული თუ ნადავლის სახით ხელში ჩაგდებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სარაკეტო კომპლექსებიც ახსენა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც, ტანკებიცა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც.

ამ ციფრებისა თუ აზრ ბაიჯანის მხარის დანაკარგების განზრახ „მიჩქმალვის“ მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შექმნილ ვითარებაში (შვიდი რაიონის დაბრუნება) პრეზიდენტს არ ჰქონდა რეზონი, რადიკალურად გაეზვიადებინა მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები. კანოზომიერად ჩნდება კითხვა სომხური დაჯგუფებების სამხედრო ორგანიზაციის თაბაზე მთიან ყარაბაღში 44 დღიანი ბრძოლებისას.

განადგურებული სომხური ტექნიკის დიდი რაოდენობა შეიძლება სასტიკი ბრძოლებით აიხსნას, მაგრამ ამასთან განცვიფრებას იწვევს მიტოვებული 79 ტანკი 47 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 104 საარტილერიო დანადგარი (ზარბაზნები და ნაღმმტყორცნები), 5 საზენიტო დანადგარი „შილკა“, 93 სპეცავტომობილი, 270 სატვირთო ავტომობილი ( შესალოა ეს ნადავლი კიდეც გამოფინონ პრეზიდენტის სიტყვების დასტურად).

სომხური მხარის ესოდენ წარმოუდგენელ „გულუხვობას“ მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: საბრძოლო ტექნიკა არაორგანიზებული (სტიქიური) უკანდახევის დროს მიატოვეს, ან საწვავი დროულად არ მიაწოდეს (ზურგის უზრუნველყოფის პრობლემები) და მანქანები უბრალოდ ვერ წაიყვანეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, აქ საორგანიზაციო დასკვნებია გამოსატანი, მაგრამ ეს სომხეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გენერალური შტაბის გასაკეთებელია.

11
თბილისი

ქამარმოჭერილი ბიზნესი და არაპროგნოზირებადი ეკონომიკა...

335
(განახლებულია 15:25 03.12.2020)
როგორი ზამთარი და გაზაფხული გველოდება წინ, რა ელის ქვეყნის ეკონომიკას ე.წ. „ლოკდაუნის" მეორე ეტაპის შემდეგ, როდემდე იქნება ეკონომიკა პანდემიის მძევალი და გაუძლებს თუ არა ბიზნესი მკაცრ შეზღუდვებს?..

სამსონ ხონელი

მძიმე ზამთარი გველოდება − ასეთია მოსახლეობის დიდი ნაწილის მოლოდინი, რასაც ბოლო დღეების მოვლენებიც ადასტურებს. არ ცდება, ვინც ვარაუდობს, რომ არც გაზაფხული იქნება მარტივი. გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხელისუფლებამ მიმდინარე წელს ეკონომიკური საქმიანობა მეორედ შეზღუდა. მოგეხსენებათ, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გიორგობისთვის 26 რიცხვში მიიღო...

უკვე ორი დღის შემდეგ ეკონომიკა ფაქტობრივად სრულად ჩაიკეტა. მთავრობის ამ ვერდიქტს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოჰყვა.

კერძო სექტორში დასაქმებული თუ თვითდასაქმებული მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა მთავრობას გადაწყეტილების გადასინჯვისკენ მოუწოდა და მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ვადების საკუთარი ვარიანტები შესთავაზა.

მოქალაქეების კიდევ ერთმა ნაწილმა პროტესტის ფორმასაც მიმართა. გაისმა კითხვაც – რა მნიშვნელობა აქვს, კორონავირუსი მომკლავს თუ შიმშილი?!. საინტერესოა, რამდენად არსებობს საკითხის ამგვარად დაყენების საფუძველი და რა შედეგებამდე მიიყვანს შექმნილი ვითარება ქვეყნის ეკონომიკას? მომდევნო სტრიქონები ამ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემის მოკრძალებული მცდელობაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით, ხოლო პირველ ცხრა თვეში – 5.1 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, წლის ბოლოს გაცილებით უფრო მძიმე შედეგი გველოდება. ზოგადად, დეკემბრის თვე ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, მაგრამ შეზღუდვების მეორე ეტაპის შედეგად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუარესდება. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, როგორ აისახება ეს გაუარესება ციფრებში. შეგახსენებთ: მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად სრული ჩაკეტვის შედეგად ეკონომიკა დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, ამჯერად, სავარაუდოდ, ასეთი მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დიდი სხვაობაც არ იქნება. დაახლოებით ანალოგიურ სურათს მივიღებთ. ხოლო შეზღუდვების მეორე ეტაპის ნეგატიური გავლენა დიდწილად მომავალი წლის შედეგებზე აისახება.

„მთავრობა ვარაუდობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს დაახლოებით 5 პროცენტით გაიზრდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4.3 პროცენტით ზრდას პროგნოზირებდა. ახალ რეალობაში, როცა მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერებულია, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ვეჭვობ, რომ 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3 პროცენტს გადააჭარბოს. მიმდინარე წლის უარყოფითი მოვლენები თავს სწორედ 2021 წელს იჩენს. სავარაუდოდ, ბევრი კომპანია გაკოტრდება... შესაძლოა, ვირუსული პანდემიიდან გაკოტრების პანდემიამდეც მივიდეთ“, – აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, ამას 3-4 წელი მაინც დასჭირდება.

კიდევ ერთი საკითხია – რამდენად საკმარისია ის 1.1 მილიარდი ლარი, რომლის დახარჯვასაც მთავრობა, ერთი მხრივ, ბიზნესის წასახალისებლად და, მეორე მხრივ, სხვადასხვა სოციალური პროგრამების განსახორციელებლად გეგმავს. გააჩნია ვისთვის, რისთვის და რა ვადაში − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. რა გაეწყობა, განვმარტავ, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებით ბიზნესსა და მოსახლეობაში გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის, სოციალური შოკის შესასუსტებლად, ექსპერტთა შეფასებით, საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხა დიდი ვერაფერი ნუგეშია და აქ სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო – რეალური რეფორმები უნდა გატარდეს. მათ შორის, ხელისუფლებამ რეალურად უნდა მოუჭიროს ქამრებს. უნდა შემცირდეს ბიურაკრატიის შენახვაზე გამოყოფილი თანხები. აუცილებელია გადასახადების შემცირებაც. პირველ რიგში ეს ეხება დამატებული ღირებულების გადასახადს. შესაძლებელია აქციზის გადასახადის შემცირებაც.

არახალია, მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს ეროვნული ვალუტის პერსპექტივა იწვევს. წონასწორობის რა ნიშნულს დაიკავებს ლარი? საკამათო არ არის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვები, როდიდან და რა სიმძლავრით ამუშავდება ბიზნესი.

„დღეს ეკონომიკა ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემის მძევალია. როდის იქნება ვაქცინა ან ეფექტური სამკურნალო საშუალება, შეძლებს თუ არა მედიცინა უხილავი, მკვლელი ვირუსი უახლოეს მომავალში დაამარცხოს? პირველ რიგში, სწორედ ამ კითხვებზე მიღებული პასუხები განსაზღვრავს, როდიდან დაიქოქება ეკონომიკა. სწორედ ამის შემდეგ გვიჩვენებს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკას და ეროვნული ვალუტის ბედის განჭვრეტასაც მეტ-ნაკლებად მაშინ შევძლებთ.

შექმნილმა ვითარებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და რეალური სექტორის განვითარებაზე ზრუნვა. არ შეიძლება ეკონომიკის და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები იყოს", − განაცხადა ანალიტიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებს ხარჯავს, მიმდინარე წელს კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარს უკვე მილიარდამდე დოლარი მიაწოდა. პარალელურად ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ საბანკო სექტორს ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად ფულადი რესურსი მიაწოდოს. ანუ ზრუნავს, რომ ბანკები არ გაკოტრდნენ. ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი ფულს ერთი ჯიბიდან იღებს და მეორეში იდებს. ბუნებრივია, შედეგი არ ჩანს, ლარი ფსკერზე ეშვება და დღეს არავინ იცის, რა სიღრმეზეა ეს ფსკერი.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თავის განცხადებებში კიდევ უფრო მკაცრი და რადიკალურია.

„თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ვინც დღეს ამ გადაწყვეტილებას ამართლებს, ან ვერ აცნობიერებს მის ტრაგიკულ შედეგებს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე, ან ამის გაცნობიერება არ სურს“, − აცხადებს ანალიტიკოსი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

მისი თქმით, კომენდანტის საათის გამკაცრებას ემატება ტრანსპორტის, სავაჭრო სფეროსა და სამასპინძლო დაწესებულებების გაჩერება. არადა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში წამყვან ადგილებს ეს სექტორები იკავებენ, საერთო სიკეთის 20 პროცენტი მათი წილია. მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტზე მეტი ტურიზმზე მოდიოდა.

„ცხადია, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოქმედი ეკონომიკური გუნდის არჩევანია და სწორედ ამაზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში. ეს გვესმოდა დღენიადაგ, რომ ტურიზმი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივი. სწორედ ამ პოლიტიკამ ჩააგდო ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში. საზღვრები დაკეტილია, ტურიზმიდან შემოსავლები 97 პროცენტით შემცირდა. ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მისი მომიჯნავე დარგებისთვის ერთადერთი წყარო შიდა ტურიზმია. მაგრამ მთავრობამ შეზღუდვები ამ მიმართულებითაც დააწესა, როცა ზამთრის კურორტები ჩაკეტა. ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ეკონომიკის 40 პროცენტს აღწევს და 40 პროცენტით გაჩერებულ ეკონომიკას წერტილოვნად შეზღუდული ვუწოდოთ – ცოტა უხერხულია“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებით დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება, არადა, 100 ათასი სამუშაო ადგილი წინა „ლოკდაუნის“ დროს უკვე დაიკარგა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებულ მოსახლეობას და, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას.

რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, რომლებიც მთავრობამ შეზღუდვების საპირწონედ აამოქმედა, პაატა ბაირახტარის თქმით, ორი ტიპის სოციალური პაკეტი გვაქვს: ერთჯერადი – 300-ლარიანი და ექვსთვიანი – 1200 ლარის ოდენობით.

სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გამო გაჩერდებიან, მთავრობისგან მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. რადგან შეზღუდვები ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს, ეს დახმარება თვეში სულ 150 ლარი გამოდის.

1200-ლარიანი დახმარება ექვს თვეზე ნაწილდება და მიიღებენ ისინი, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და სამსახური პანდემიის დროს დაკარგა.

„მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ზრდასრულმა ადამიანმა თვეში 200 ან 150 ლარად გაიტანოს თავი. ეს თანხა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზეც ნაკლებია. სხვა საკითხია ამ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და რეალურობა. შეიძლება ითქვას, მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისთვის გაწირა. ეს სოციალური პაკეტები ვერ პასუხობს გამოწვევებს, და საკითხავია, მათი ამოწურვის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ კი ახალი სამსახურის შოვნას, ვინაიდან ბიზნესების უდიდესი ნაწილი რეანიმირებას ვეღარ შეძლებს“, − აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებები მწვავე და კრიტიკულია, ხოლო რაც შეეხება პროგნოზს − რბილად რომ ვთქვათ, არაოპტიმისტურია. თუმცა ფინანსთა სამინისტრო გვაიმედებს, რომ ეკონომიკა 2021 წლის მეორე ნახევარში გაჯანსაღების პროცესს გაააქტიურებს. რა გაეწყობა, დაველოდოთ. მანამდე კი ქვეყნის პირველ ფინანსისტს ივანე მაჭავარიანს და მის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ჯანმრთელობა ვუსურვოთ...

 

335
საქართველოს ნაკრების მატჩი შოტლანდიასთან რაგბიში

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ

0
(განახლებულია 17:26 03.12.2020)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფიჯისთან გასამართი მატჩის წინ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე  ვერ დაეხმარება.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 5 დეკემბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ირლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მიღებული ტრავმების გამო მატჩს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე გამოტოვებენ. გარკვეული ცვლილებებია ასევე სათადარიგოთა შემადგენლობაშიც. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორგაძეს ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული.

ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან დაპირისპირებამდე სასტარტო შემადგენლობასა და ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ბორჯღალოსნები“ დუბლინში მაქსიმალურად გამოცდილი და ძლიერი შემადგენლობით წარდგებიან.

„სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები და სტატისტიკური მდგომარეობა. ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ვაკვირდებოდით. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა ასევე ნაკრების სუსტ მხარეებსა და შესაძლო ტაქტიკურ სვლებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ სამივე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. მაისაშვილი ამის მიზეზებზეც ისაუბრა:

„ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტშივე შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენი თამაშის მართვა დახვეწის პროცესშია. ასევე უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, ამ მხრივ გუნდი სრულ მზადყოფნაშია. მთლიანობაში შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

  • ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);
  • შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);
  • მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისთან და უელსთან ჩვენი გუნდი 0 ქულით დამარცხდა, ხოლო ირლანდიასთან მატჩში მეტოქეთა მოგროვებულ 23 ქულას გიორგი კვესელაძემ ერთი დადებული ლელოთი უპასუხა. თავის მხრივ აღნიშნულ შეხვედრაში წვლილი შეიტანა თედო აბჟანდაძემაც და ნაკრებს ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და საჯარიმო დარტყმის შედეგად ხუთი ქულა მოუტანა.

საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის შაბათს, 5 დეკემბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე დუბლინში დაუპირისპირდება.

0
თემები:
სპორტის ამბები