ვითარება მთიან ყარაბაღში

მოსაზრება: ყარაბაღული ხაფანგი, ანუ რატომ არ წყდება ბრძოლები

20
(განახლებულია 18:33 13.10.2020)
სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მაგრამ საომარი მოქმედებები არ წყდება.

ანატოლი ლისიცინი

შერიგების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ბაქო და ერევანი ერთმანეთს აბრალებენ. დანაკარგები ორივე მხარეს აქვს. მოლაპარაკებები ბრძოლების ფონზე გრძელდება. რა დიპლომატიურ თამაშს ეწევიან აზერბაიჯანელი და სომეხი პოლიტიკოსები?

მძიმე ბრძოლები

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის წარმომადგენლის ვაგრამ პოღოსიანის თქმით, 12 ოქტომბერს საომარი მოქმედებები ახალი ძალით გაღვივდა, აზერბაიჯანის არმია შეტევებს ახორციელებს.

ერევანში კვლავ ირწმუნებიან, რომ კონფლიქტში ანკარაა ჩართული.

„სომხეთის არმია მძიმე ბრძოლებს აწარმოებს მასზე რამდენჯერმე აღმატებულ თურქულ–აზერბაიჯანულ ძალებთან, რომლებსაც მხარს თურქული საჰაერო ძალები, სადაზვერვო და სხვა სისტემები, დიდი რაოდენობით დაქირავებულები, ტერორისტები და კერძო სამხედრო კომპანიები უჭერენ“, – დაწერა სოციალურ ქსელში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არწრუნ ოვანისიანმა.

ბაქოში კი ერევანს ადანაშაულებენ.

„დაკარგული პოზიციების დაბრუნების მიზნით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, რომლებიც არ ემორჩილებიან ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს, მცირე ჯგუფებით რამდენჯერმე სცადეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე შეტევა“, — ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საიტზე.

ბაქოში ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანული ძალები ინარჩუნებენ გადრუტს, „რომელიც რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა“, ხოლო ცნობა იმის შესახებ, რომ ქალაქს მხოლოდ უტევენ, „ეს სომხური მხარის დეზინფორმაციაა“.

დიპლომატების თავშეკავებულობა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოსკოვში ათსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების — ვლადიმირ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის ძალისხმევით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყდებოდა სამხედრო ტყვეების, დაკავებული პირებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის მიზნით, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობითა და წესების დაცვით უნდა მომხდარიყო. საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობები მოგვიანებით უნდა შეთანხმებულიყო.

გარდა ამისა, ორივე მხარემ განაცხადა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს იწყებდნენ „კონფლიქტის დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით“.

დიპლომატები მეტად თავშეკავებული იყვნენ, ექსპერტებიც ძალიან ფრთხილობდნენ მოსაზრებების გამოთქმისას. აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა აჰმედ ალილიმ შეთანხმება რუსული დიპლომატიის გამარჯვებად შეაფასა: „თუ ჟენევაში ეუთოს მინსკის ჟგუფმა მხოლოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი იხილა, მოსკოვმა ორივე მინისტრი დასვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებს ინიციატივა ჩამოართვა“.

თუმცა მან ასეთი შუამავლობის სირთულეებსაც გაუსვა ხაზი, რაზეც თუნდაც მოლაპარაკებების ხანგრძლივობა მეტყველებს.

სომეხი ექსპერტი ნარეკ გალსტიანი ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს თურქეთის ჩასართავად მინსკის ჯგუფის შუამავალთა შორის, რისი ინიციატივაც ბაქომ დააყენა. გალსტიანის აზრით, ანკარას, მოსკოვისგან განსხვავებით, არ გააჩნია უნარი, უზრუნველყოს მიუკერძოებლობის საჭირო დონე.

ბაქო და ერევანი, როგორც მოსალოდნელი იყო, შერიგების ჩაშლაში ერთმანეთს სდებენ ბრალს. მაგალითად, ალიევმა დაიჩივლა, რომ ბაქოს იმედები, რომ ერევანს კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარების სურვილი ჰქონდა, არ გამართლდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ დავინახეთ: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ძალაში შესვლისთანავე სომხურმა მხარემ უხეშად დაარღვია შეთანხმება“, — ირწმუნება აზერბაიჯანის ლიდერი.

მისი თქმით, სოხეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

მსგავსი რიტორიკა ისმის მეორე მხრიდანაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ბაქო არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაგრძობს აგრესიას არცახის მიმართ (ასე უწოდებენ სომხები მთიან ყარაბაღს – რედ.), ერევანი ასრულებს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას“, — განაცხადა ფაშინიანის მთავარმა მრჩეველმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვაგარშაკ არუთუნიანმა.

ტაიმ-აუტი კრიტიკაზე

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტი კირილ სემიონოვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აზერბაიჯანმა მოსკოვთან ურთიერთქმედებისთვის მზადყოფნა გამოავლინა: „ბაქოში მიაჩნიათ, რომ „მინსკის ფორმატი“, რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შუამავლობით, აზერბაიჯანს მხარდაჭერის გარეშე ტოვებს. ამიტომ აზერბაიჯანული მხარე უფრო დაინტერესებულია ანკარის მოწვევით, ვიდრე თავად ანკარა“, — ამბობს ექსპერტი. და ასეთ შემთხვევაში ლიბიური თუ სირიული სცენარი, რომელშიც თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ძალიან დამაჯერებელი ხდება.

რუსეთში მოღვაწე პოლიტტექნოლოგი არმენ ასრიანი აღნიშნავს, რომ ერევნის მოლაპარაკებათა პოზიციაზე გავლენას შიდა პოლიტიკა ახდენს. მისი თქმით, ხელისუფლების სათავეში ამჟამინდელი პრემიერის მოსვლით სომხური საზოგადოების შიგნით კონფლიქტები გაღრმავდა და ეს ვერც საომარი მოქმედებების განახლებამ ვერ შეასუსტა.

„ფაშინიანის ოპონენტების უმეტესობამ ომის დროს ერთგვარი „წყლის შერიგება“ გამოაცხადა, ანუ ტაიმ-აუტი აიღეს მის საჯარო კრიტიკაზე. სამწუხაროდ, ამ მაგალითს ყველამ არ მიბაძა“, — განმარტავს ასრიანი.

ექსპერტის თქმით, ფაშინიანს აგრესიულ საზოგადოებრივ აზრთან და ასევე გარე ზეწოლასთან უწევს შეჯახება.

როგორც ასრიანი ფიქრობს, ანკარაში მიაჩნიათ, რომ ახლა დიპლომატიური თამაშებისთვის შესაფერისი დრო დადგა. ყარაბაღის კონფლიქტის ყველა საგარეო აქტორი საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული და თურქეთი შეეცადა „აქედან მაქსიმუმი გამოეწურა“.

ასევე რუსეთში მოღვაწე კავკასიათმცოდნე ნურალი ჰასიმოვი ვარაუდობს, რომ მხარეები დიდწილად აღარც ეწევიან აქტიურ საომარ მოქმედებებს. „რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო იქიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს პოზიციური ბრძოლებია. ხოლო ფრონტული ცნობები მხარეებს იმისთვის სჭირდებათ, რომ მოლაპარაკებებში უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდნენ. ვფიქრობ, რეალური სურათი ორ-სამ დღეში გამოიკვეთება“, — ამბობს ჰასიმოვი.

მისი აზრით, ინფორმაციები გარდუტში მიმდინარე ბრძოლების თაობაზე ნამდვილია. „ეს ყარაბაღში საკვანძო წერტილია, რომელიც ისეთ დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელების გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა, როგორებიცაა შუშა და ხოჯავენდი (მარტუნი). ის, ვინც გაათავისუფლებს ან დაიპყრობს გადრუტს, მიიღებს კონტროლს ფიზულინის რაიონზე და ასევე ოპერატიულ სივრცეზე გასვლის საშუალებას“.

ექსპერტის აზრით, ყარაბაღის კონფლიქტი ომში გადაიზარდა, ვინაიდან დიპლომატია უძლური აღმოჩნდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკის თავისებურებათა გამო.

„ეგრეთ წოდებული ყარაბაღული ხაფანგი ორივე მხარისთვის სატყუარა აღმოჩნდა. პოლიტიკოსებს ეს ესმით. სომხეთის ხელმძღვანელი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი დათმობა მტკივნეულად იქნება აღმული, ხოლო მტრისა და გამყიდველის იარლიყის მიწებება ძალიან მარტივია. ალიევსაც ახსოვს აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტების – ელჩიბეისა და მუტალიბოვის ბედი, რომლებსაც ხელისუფლების დათმობა ყარაბაღში განცდილი მარცხის გამო მოუხდათ. აზერბაიჯანულ საზოგადოებაში იზრდებოდა გაღიზიანება მრავალწლიანი და უნაყოფო მოლაპარაკებების გამო. ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები ისმოდა არა იმდენად ეკონომიკური სიმძიმეების, რამდენადაც ყარაბაღის პრობლემის გადაჭრაში წინსვლის არარსებობის გამო“, — განმარტავს ჰასიმოვი.

მოსკოვის მოლაპარაკებებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღში სტატუს-კვო გააუქმა. და, ჰასიმოვის აზრით, ეს ბაქოსთვის უკვე გამარჯვებაა შიდა პოლიტიკაში.

ფაშინიანს კი ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწევს ქვეყნის შიგნით, ვინაიდან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოპულისტური დაპირებები უხვად გასცა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოითხოვდა, რომ სამშვიდობო შეთანხმებებში სამ მხარეს მიეღო მონაწილეობა — ბაქოს, ერევანსა და სტეფანაკერტს. მაგრამ ამისთვის მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებათა ფორმატის დაშლაა საჭირო, რომელშიც მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მონაწილეობენ“, — ამბობს ჰასიმოვი.

ფაშინიანს ესოდენ რადიკალური განცხადებების გაკეთება იმის გამო მოუხდა, რომ სომხურ პოლიტიკაში ე.წ. ყარაბაღული კლანის გავლენა შეესუსტებინა.

„ბაქოს არასდროს შეუცვლია პოზიცია: მოლაპარაკებებში არის მხოლოდ ორი მხარე. 90-იან წლებში მთიანი ყარაბაღის დელეგაცია ესწრებოდა მას, მაგრამ როგორც სომხეთის წარმომადგენლები. 1998 წლიდან რობერტ ქოჩარიანი, როგორც წარმოშობით ყარაბაღელი, ამ თვალსაზრისით ყველას აწყობდა: ის ყარაბაღის განსახიერება იყო სომხური საზოგადოებისთვის, ოფიციალურად კი ერევანს წარმოადგენდა“, — ამბობს კავკასიათმცოდნე.

სწორედ ამიტომ მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა მხოლოდ ახსენეს მოსკოვში შეხვედრაზე. აშკარაა, რომ მხარეები შეხების წერტილების ძებნას ისევ მინსკის ჯგუფის ფარგლებში განაგრძობენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

20
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
ამერიკული დოლარი

სავალუტო ფონდმა მოიფიქრა, როგორ გადაარჩინოს მსოფლიო: რუსეთს ეს სიღატაკით ემუქრება

25
(განახლებულია 21:58 19.10.2020)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, უმსხვილეს ზეეროვნულ საფინანსო ორგანიზაციას 1944 წელში დაბრუნება, ან, სულ ცოტა, 1944-ის გამეორება სურს Covid-19-ის პანდემიის საბაბით.

ივან დანილოვი

ხმამაღალი სიტყვების მიღმა, რომლებიც მსოფლიოსთვის ეპიდემიის ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგების აღმოფხვრაში დახმარების აუცილებლობას ეხება, დიდი ალბათობით, რაღაც უფრო მეტი იმალება; ხოლო საფინანსო სტრუქტურის ლიდერების ჰუმანისტური მოსაზრებები, რომელთა რეპუტაციაც განვითარებადი ქვეყნებისთვის დამსახურებულადაა წასული ღრმა მინუსებში, მხოლოდ უკიდურესად მიამიტმა ადამიანმა შეიძლება ირწმუნოს.

ამერიკელები ნამდვილად ქებას იმსახურებენ: არც ერთ მცდელობას იმ ქვეყნებისა, რომლებიც არ შედიან G7-ის ელიტურ–ნეოკოლონიალურ კლუბში, ჩამოერთმიათ კონტროლი საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, ჯერჯერობით წარმატება არ მოჰყოლია — მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიღწევები მაინც დაფიქსირდა ჩინეთის გავლენის (ან რუსეთისაც კი) გაზრდის საკითხში ორგანიზაციის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას. თუმცა, მთლიანობაში, განვითარებადი ქვეყნების მთავარი კრედიტორი, ანუ არსებითად პლანეტის „მთავარი შეილოკი“ ჯერ კიდევ ორიენტირდება „გლობალიზმის“ სწორედ იმ ვერსიაზე, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეწოდოს სამართლიანი.

თუ COVID-19-ის ეპიდემიის დასაწყისში დასავლური მედიასაშუალებები და ექსპერტები გლობალიზმის ამ ვერსიის სიცოცხლისუნარიანობაზე დარდობდნენ და დეგლობალიზაციისა ეშინოდათ, ახლა „გლობალური შეილოკი“ ადასტურებს, რომ მას კიდევ ერთი ბრეტონ–ვუდის კონფერენცია ესაჭიროება, ანუ გლობალიზაციის მოქმედი სქემა ეპიდემიის მთავარი მსხვერპლი გახდა და სანამ გვამი არ გაცივებულა, მსოფლიოს ახალი ვერსია უნდა მიეწოდოს — გაუმჯობესებული იმიჯით.

ოფიციალურ მიმართვაში, რომელიც ფორმალურად ფონდში ანდორის შესვლას ეძღვნებოდა, სსფ-ის განმკარგულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ დადგა ისტორიული მომენტი:

„იმ დროს, როდესაც ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობას, მივესალმოთ ანდორას ჩვენი 190-ე წევრის რანგში, სსფ-ის მუშაობა არის თანამშრომლობისა და სოლიდარობის ღირებულებათა დასტური, რაზეც იგება კაცობრიობის ძმობა. დღეს ჩვენ წინაშე დგება ახალი ბრეტონ–ვუდის მომენტი. პანდემია, რომელმაც მილიონზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა. ეკონომიკური კატასტროფა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას 4,4%-ით შეამცირებს ამ წელს და წარმოებას 11 ტრილიონი დოლარით დაასუსტებს მომდევნო წლისთვის. და კვლავ ჩვენ წინაშე დგას ორი მასშტაბური ამოცანა: ვებრძოლოთ კრიზისს დღეს და ვაშენოთ უკეთესი ხვალ“.

გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან დღეს ბრძოლის აუცილებლობაზე თეზისი საკამათო არ არის, აი, იმაზე კი, რომ მთელი კაცობრიობისთვის „უკეთეს ხვალ–ს“ სსფ ააგებს, კამათი შეიძლება და საჭიროცაა, მით უმეტეს, რომ 1944 წლის ბრეტონ–ვუდის კონფერენციაზე აპელირება რაღაც კარგად და დამარწმუნებლად მარტო ვაშინგტონელი ჩინოვნიკისთვის გამოიყურება.

უნდა შეგახსენოთ ერთი აპოკრიფული ეპიზოდი იმ კონფერენციიდან, რომელზეც 44 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა სსფ-ის წესდებას მოაწერა ხელი. კონფერენციაზე მიწვეულმა საბჭოთა დიპლომატებმა დატოვეს ის მას შემდეგ, რაც ახლად შობილი გლობალური კრედიტორი ფონდის მიერ შემოთავაზებულ წესებს გაეცნენ, და ორგანიზატორებს განუცხადეს, რომ მიღებული სტრუქტურა უბრალოდ „უოლ–სტრიტის ფილიალი“ იქნებოდა. მათი პროგნოზი სრულად ახდა, თანაც ისეთ ფორმებში, რომ ამის წარმოდგენა საბჭოთა მომლაპარაკებლებს არც კი შეეძლოთ.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ „ბრეტონ–ვუდსი 2.0“ იგივე პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს. მაგალითად, სსფ-ის დირექტორ–განმკარგულებელი ეპიდემიისა და ეკონომიკური კატასტროფის ფონზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ტანჯავს, რატომღაც ძალიანაა შეშფოთებული იმ ვალების ტრანსპარენტულობით, რომლებიც ამ ქვეყნებს უკვე აქვთ დაგროვილი. იმისათვის რომ შფოთვის რეალური მიზეზი გავიგოთ, მცირე ისტორიული ექსკურსია საჭირო. აი, რას გვთავაზობს სსფ ახლა:

„ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ ვალის უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ და კრედიტების კოორდინაციის გაძლიერებისკენ. ჩვენ გვამხნევებს „დიდი ოცეულის“ დისკუსიები „სუვერენული ვალის საერთო საფუძვლების რეგულირების“ თაობაზე და ასევე ჩვენი მოწოდება სუვერენული ვალის დარეგულირების არქიტექტურის გაუმჯობესებისკენ — კერძო სექტორის მონაწილეობის ჩათვლით. ჩვენ წევრ ქვეყნებთან ერთად ვუჭერთ მხარს მათ პოლიტიკას“.

თითქოს ეს არის „ყველაფერ კარგისთვის მხარდაჭერა და ყველაფერი ცუდისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, მაგრამ როგორც ამერიკელი დიპლომატების მიერ წარმოთქმული ფრაზა „წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის დაცვა“ ნიშნავს იმას, რომ „რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს“, ისე ამ შემთხვევაში ფორმულირება „ვალის გამჭვირვალობა“ მართლა გამჭვირვალობას კი არ ნიშნავს, არამედ ჩინეთს ეხება. თებერვალში იაპონური ეკონომიკური გამოცემა Quartz განვითარებად ქვეყნებში ჩინური გავლენის წინააღმდეგ სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ბრძოლის თაობაზე წერდა.

[სსფ და მსოფლიო ბანკი] ასევე შეშფოთებული არიან ჩინეთის გავლენით, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მსხვილი კრედიტორი, აფრიკის ქვეყნებში კაპიტალის განსაკუთრებულად გავლენიან წყაროდ იქცა, რომლებსაც მცირე შანსები აქვთ სუსტი ეკონომიკური პარამეტრების გამო. <...> ჩინეთი მათ დაფინანსების მოხერხებულ პაკეტს სთავაზობს. <...> მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასის თქმით, პრობლემა გამჭვირვალობის არარსებობაშია. <...> მისი თქმით, „ჩინურმა სტურქტურებმა დაკრედიტების მოცულობა გაზარდეს, რაც, გარკვეული აზრით, კარგია. ჩვენ გვსურს მეტი კრედიტები გავცეთ განვითარებად ქვეყნებზე, მაგრამ <...> ხშირად მათ კონტრაქტებში შედის პუნქტი გაუთქმელობის შესახებ, რომელიც უკრძალავს მსოფლიო ბანკს თუ კერძო სექტორს, ნახოს – როგორია შეთანხმების პირობები“.

ანუ სსფ-ს სურს, რომ საკითხი, თუ ვის აპატიებს ჩინეთი ვალებს, გადაწყვიტოს არა თავად ჩინეთმა ორმხრივი შეთანხმებით, არამედ გადაწყდეს რაღაც მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში სსფ-ისა და დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობით. ეს არ ჰგავს ახალ მსოფლიო ძმობას, ეს უფრო ჰგავს სურვილს, ნებისმიერ ფასად დაიცვას განვითარებადი ქვეყნების დაკრედიტების არსებული და შინაარსობრივად ნეოკოლონიალური სქემა, რასაც პეკინი ძალიან უშლის ხელს. უფრო მეტიც: იგივე მოსაზრებებიდან გამომდინარე, რატომ არ უნდა მოსთხოვოს რუსეთს იმ სამი მილიარდი დოლარის „პატიება“, რომელიც უკრაინას მართებს ევრობრენდების მიხედვით? რუსეთის დადანაშაულება ტრანსპარენტულობისა და კორონავირუსით ძლიერ დაზარალებული ქვეყნისთვის დახმარების სურვილის   

არარსებობაში — აბსოლუტურად ვაშინგტონური ფონდის სტილში იქნება.

კიდევ ერთი პრინციპი, რომელზეც აპირებს სსფ ნათელი გლობალური მომავლის აგებას, არის პირდაპირი მუქარა რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ბიუჯეტის მიმართ:

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კლიმატის ცვლილებას, რამდენადაც მას გადამწყვეტი მნიშვნეობა აქვს მაკროდონეზე და ქმნის სერიოზულ საფრთხეებს ზრდისა და აყვავებისთვის. ეს ასევე კრიტიკულია ადამიანებისა და პლანეტისთვის.

<...> ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მწვანე ინვესტიციებისა და ნახშირბადზე უფრო მაღალი ფასების სწორი შერწყმით ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ნულოვან გამონაბოლქვს 2050 წლისთვის და დახმარება გავწიოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ავაშენოთ უფრო ეკოლოგიური მსოფლიო უფრო მდიდარი სამუშაო ადგილებით. დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში სწორი ინვესტიციები დღეს ოთხმაგ დივიდენდებს მოიტანს ხვალ“.

პრაქტიკაზე კი ეს, აი, რას ნიშნავს: დასავლეთის ქვეყნები, რომლებსაც 150 წლის განმავლობაში ჰქონდთ შესაძლებლობა, დამტკბარიყვნენ მკვეთრი ტექნოლოგიური პროცესის შედეგებით, შეიძლება ნახშირწყალბადების მასიური გამოყენების წყალობით, კვლავ მდიდრებად დარჩნენ. დანარჩენი სამყარო კი გამუდმებული სიღატაკის მსხვერპლი იქნება „კლიმატის დაცვის“ ალმის ქვეშ, რაც არსებითად იაფი ელექტროენერგიის, ხელმისაწვდომი ბენზინის, ზამთარში ხელმისაწვდომი გათბობისა და ელექტროენერგიით უხარვეზოდ მომარაგების აკრძალვას ნიშნავს.

ერთადერთი სამუშაო ადგილები, რომლებსაც მწვანე ენერგეტიკა შექმნის — საერთაშორისო ჩინოვნიკების, ეკოაქტივისტების სამუშაო ადგილები იქნება.

„ნახშირწყალბადზე მაღალი ფასები“, რაზეც სსფ-ის შეფი საუბრობს, ეს სწორედ იმ „ნახშირწყალბადების ტარიფის“ წინამორბედია, რომლის შემოღებითაც პერიოდულად ემუქრება ევროკავშირი რუსეთს იმის სამაგიეროდ, რომ მას ჰყოფნის თავხედობა, ჰქონდეს საკუთარი იაფი გაზი და იაფი ნავთობი.

რუსეთის წინააღმდეგ ნახშირწყალბადების ტარიფის დაწესების შემთხვევაში რუსი ექსპორტიორები ათობით მილიარდ დოლარს დაკარგავენ წელიწადში, სამაგიეროდ გრეტა ტუნბერგის ფანატები და მწვანე ეკონომიკის მომხრეები ბედნიერები იქნებიან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

25
თემები:
რუსეთი დღეს
მალაიზიური Boeing 777-ის კატასატროფის ადგილი

მოსაზრება: რუსეთმა დაიწყო ევროპის იძულება, აწარმოოს პატივისცემაზე დამყარებული დიალოგი

11
(განახლებულია 21:24 19.10.2020)
ევროპამ ხმაური ატეხა რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – გავიდეს MH17-ის დაღუპვის გარემოებებზე ნიდერლანდებთან და ავსტრიასთან სამმხრივი კონსულტაციებიდან.

ვლადიმირ კორნილოვი

ამასთან თავად ამ ხმაურის ხასიათი და მისი თანმხლები ფეიკები, რომლებიც მაღალჩინოსანი პირების ბაგეებიდან ისმოდა, თავისთავად არის დასავლეთის განზრახვათა სიყალბის დასტური – დაადგინოს ტრაგედიის ნამდვილი მიზეზები.  

ჯერ მარტო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის სტეფ ბლოკის ოფიციალური განცხადების ფორმულირება რად ღირს: „დღეს რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ცალმხრივად წყვეტს მოლაპარაკებებს მისი პასუხისმგებლობის თაობაზე რეის MH17-ის განადგურებასთან დაკავშირებით“. აი, ასე! თურმე სადღაც „რუსეთის პასუხისმგებლობაზე“ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რუსეთში კი ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

უნდა გაგახსენოთ, რომ პირველი კონსულტაციები მალაიზიური „ბოინგის“ დაღუპვის გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც 2014 წელს ჩამოვარდა, გასული წლის დასაწყისში შედგა. რუსულმა მხარემ მაშინვე დააფიქსირა, რომ მათი ყურადღების ცენტრში იქნებოდა არა „რუსეთის იურიდიული პასუხისმგებლობის აღიარება კატასტროფის გამო, არამედ საკითხთა კომპლექსი, რომლებიც ამ ინციდენტს უკავშირდებოდა და რომლებსაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ნამდვილი მიზეზების დადგენისთვის. ამასთან მოსკოვმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი — უკრაინის პასუხისმგებლობაა იმაზე, რომ არ დახურა თავისი საჰაერო სივრცე საომარი მოქმედებების ზონის თავზე.

და, რაღა თქმა უნდა, ბლოკმა შესანიშნავად იცის ამის თაობაზე. მაგრამ ის შეგნებულად ამახინჯებს ჭეშმარიტებას. ისევე, როგორც იმ პასაჟში, რომ რუსეთის უარი, განაგრძოს უნაყოფო კონსულტაციები, „განსაკუთრებით მტკივნეულია კატასტროფის მსხვერპლთა ნათესავებისთვის“. დასავლელი მოღვაწეებიდან ბევრი, ვინც მოსკოვის ამ გადაწყვეტილების განხილვას შეუდგა, ასევე ცდილობს დაზარალებულთა თემით სპეკულირებას. აშშ-ის ელჩმა ნიდერლანდებში პიტ ჰუკსტრამ რუსეთის გასვლას კონსულტაციებიდან მორიგი დარტყმა უწოდა მსხვერპლთა ნათესავებზე, რომლებსაც ჭეშმარიტების დადგენა სურთ.

გასაკვირი არ არის, რომ ზოგი ჰოლანდიელის რეაქცია, რომლებიც ინფორმაციას ისე იღებენ, როგორც ოფიციალური პირები აწვდიან, მკვეთრზე მეტიცაა. მაგალითად, ბლოკის ერთ-ერთი მკითხველი მაშინვე მრისხანე რჩევების მიცემას შეუდგა რუსთთან დაკავშირებით:

„დაუყოვნებლივ გააძევეთ ყველა რუსი ნიდერლანდებიდან, დაკეტეთ საელჩო, ახლავე შეწყვიტეთ საგარეო ვაჭრობა რუსეთთან, აღარ იყიდოთ რუსული გაზი. გაგზავნეთ ჩვენი ფლოტი ყირიმში“.

და კომენტატორებიდან პრაქტიკულად არავის მიაქვს განხიბლულ ჰოლანდიელ პუბლიკამდე მკაფიო და არაორაზროვანი განმარტება მოსკოვის ამგვარი ნაბიჯის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განმარტა, რომ სიამოვნებით განაგრძობდა კონსულტაციებს, თუ ჰოლანდიელები სხვა გზას არ აირჩევდნენ — ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის გზას. სამინისტროს განცხადება ასე გამოიყურება:

„ნიდერლანდების ასეთი არამეგობრული ქმედებები უაზროს ხდის სამმხრივი კონსულტაციების გაგრძელებასა და ჩვენ მონაწილეობას მასში. სამმხრივი კონსულტაციების ჩაშლაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ოფიციალურ ჰააგას“.

აი, ამ უხერხული მომენტის მიჩქმალვას ცდილობს დასავლური პრესა, ისევე, როგორც იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში სარჩელის შეტანით სწორედ რომ ჰააგამ ავნო მსხვერპლთა ნათესავებს.

საქმე ისაა, რომ ადამიანის ულებათა ევროპულ სასამართლოში არაერთხელ შევიდა ინდივიდუალური სარჩელები დაღუპულთა ოჯახებისგან. პირველი ასეთი სარჩელი ჯერ კიდევ 2016 წელს განიხილეს. და, აი, მიმდინარე წლის 10 ივლისს ნიდერლანდების მთავრობამ ვერაფერი მოიგონა იმაზე უკეთესი, რომ სახელმწიფოთშორისი სარჩელი შეეტანა იგივე სასამართლოში და მერე კიდევ პირფერულად ემტკიცებინა, რომ ეს სარჩელი უკვე განხილვის პროცესში მყოფი საქმეების მხარდასაჭერადაა შეტანილი.

და ეს ჰოლანდიური მხარის აშკარა ტყუილია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰააგაში, გლობალურ იურიდიულ დედაქალაქში, არ იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთშორისი სარჩელის შეტანისას ყველა ინდივიდუალური საქმე, რომლებიც იქ იმავე შემთხვევასთან დაკავშირებით იხილება, მომენტალურად ჩერდება ქვეყნებს შორის დავის გადაწყვეტამდე. ეს მკაფიოდაა დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის რეფორმირების შესახებ კოპენჰაგენის დეკლარაციის 45-ე მუხლში, რომელიც 2018 წელს მიიღეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.

ანუ ჰააგა MH17-ის მსხვერპლთა ნათესავებს იყენებს ფარად, თავად კი სასამართლოს გადაწყვეტილებას აჭიანურებს მათ სარჩელებზე. ჰოლანდიური პრესა ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, არ დაწერს.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიდერლანდების სარჩელი პოტენციურად აჩენს ინტერესთა კონფლიქტს სხვა იურიდიულ ორგანოსთან — გაეროს საერთაშორისო სასამართლოსთან, სადაც უკვე განიხილება უკრაინის საქმე რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც ასევე ფიგურირებს MH17-ზე პასუხისმგებლობის საკითხი. ხოლო ევროპის სასამართლო (ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია) ჯერ კიდევ 2014 წელს გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სახელმწიფოთშორისმა ქეისებმა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ საბჭოში განიხილება, არ უნდა ხელყოს სხვა საერთაშორისო სასამართლო ორგანოების იურისდიქცია. ანუ ნიდერლანდების მთავრობა არა მარტო აჭიანურებს ინდივიდუალური ქეისების განხილვას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც ქმნის სხვადასხვა ინსტანციებს შორის, რაც ასევე უქმნის დაბრკოლებას საქმეს.

იბადება კანონზომიერი კითხვა: რაში დასჭირდა ჰააგას, სკანდალური სარჩელის სწორად ახლა შეტანით, ერთდროულად მოახდინოს სასამართლო პროცესების ტორპედირება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიცა და რუსეთთან კონსულტაციებისაც? ჰოლანდიური პრესა, ლაქას სცხებს რა მოსკოვის გადაწყვეტილებას, რატომღაც არ სთხოვს პასუხს თავის პრემიერ-მინისტრს მარკ რიუტეს ამ კითხვაზე. მან უბრალოდ თქვა, რომ „საუკეთესო დრო შეარჩია“, მაგრამ უარი თქვა განემარტა, რატომ ჰგონია ასე.

არადა, პასუხი ხილულია. თავიდან ჰოლანდიური მთავრობა გამუდმებით ამბობდა, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის დასრულებასა და სასამართლოში სარჩელის შეტანას ელოდებოდა. და, აი, ამ წლის მარტში სასამართლო პროცესი დაიწყო — ხმაურით, პომპეზურად, ლამის მთელი მსოფლიოს ტელეკომპანიების კამერების თანხლებით. და მაშინვე გასაგები გახდა, რომ რაღაც ისე ვერ წავიდა ამ პროცესის ორგანიზატორებისთვის.

ჯერ პირველი, ოთხ დანიშნულ „ბრალდებულს“ არანაირი კავშირი არ აქვს MH17-ის განადგურებასთან; და მეორე: ასეთი ხმაურიანი მცდელობა იმისა, რომ პროცესისთვის რუსული სპეცსამსახურების ოფიცერი (ან თავად რუსეთის სახელმწიფო) მიებათ, ჩავარდა.

„ბოინგის“ განადგურების მორიგი წლისთავის მოახლოების კვალდაკვალ მსხვერპლთა ნათესავებისთვის გასაგები გახდა, რომ საქმე იშლება. რის შესახებაც მათ ფაქტობრივად პირდაპირ მიუთითეს ამერიკის ელჩ ჰიკსტერისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც თითქოს ასე ძალიან შესტკივა მათზე გული. მათ მოუწოდეს აშშ-ს, სასამართლოს წარუდგინოს ინციდენტის ის თანამგზავრული ფოტოები, რომელთა შესახებაც 2014 წელს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუბრობდა. როგორც ხვდებით, არანაირი ფოტო წარმოდგენილი არ ყოფილა.

გააცნობიერეს რა, რომ სასამართლოში საქმე ჩაიშლებოდა, ჰააგა კი პუბლიკას ავიაკატასტროფის მეექვსე წლისთავზე ვერაფერს წარუდგენდა, წავიდნენ კიდეც სარჩელის შეტანით ამ გამომწვევ ნაბიჯზე. რათა ყურადღება უხერხული შეკითხვებიდან ახალ სარჩელზე გადაეტანათ.

და როგორ უნდა მოქცეულიყო რუსეთი, რომელიც ნამდვილად იმედოვნებდა თუნდაც რაიმე სახის დიალოგის დაწყებაზე ნიდერლანდებთან, დაე, თუნდაც არაფორმალიზებული ჯგუფის შემადგენლობაში? რა დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ მეორე მხარემ უკვე ყველაფერი გადაწყვიტა თავისთვის? როგორ არ უნდა გავიხსენოთა აქ სერგეი ლავროვის ამასწინანდელი სიტყვები: „ის ადამიანები, რომლებიც დასავლეთში საგარეო პოლიტიკაზე აგებენ პასუხს, ვერ აცნობიერებენ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საუბრის აუცილებლობას. ჩვენ ალბათ რაღაც დროით უნდა შევწყვიტოთ მათთან ლაპარაკი“.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გამოსვლა MH17-ის თაობაზე კონსულტაციებიდან არის კიდეც პირველი ნაბიჯი, გადადგმული მინისტრის სიტყვების რეალიზაციისკენ. თუმცა არა უკანასკნელი. ჩათვალეთ, რომ რუსეთის სვლა ევროპელების იძულებაზე, აწარმოონ ურთიერთპატივისცემზე დამყარებული დიალოგი, დაიწყო.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

11
თემები:
რუსეთი დღეს
რესტორანი

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ

0
(განახლებულია 11:47 20.10.2020)
საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბათუმში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთის რეგიონში რესტორნებსა და ღამის კლუბებს 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეკრძალებათ

 

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში  შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების ფონზე სარესტორნო ბიზნესის სფერო „გადარჩენის“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან  ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა ოთხნიშნა ციფრს მიაღწია. საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 10 სექტემბრიდან აიკრძალა რიტუალური ღონისძიებების, ქორწილების, იუბილეების და სხვ. გამართვა.

არსებული ვითარების ფონზე, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვენ.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია რამდენიმე დღეში ეს სფერო სრულად გაჩერდეს და საქმიანობა ვეღარ შეძლოს. თუ ხელისუფლებასა და ჩვენს შორის კომუნიკაცია  თუ ვერ დამყარდება, მაშინ მთავრობას ჩვენს ხმას ქუჩიდან მივაწვდენთ“, - განაცხადა  რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძე.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა ბათუმში, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, სადაც 16 ოქტომბრიდან რესტორნებსა და ღამის კლუბებს 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურებაზე შეზღუდვა დაუწესდათ.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 22 საათიდან რესტორნებს საქმიანობა შეეზღუდებათ მცხეთაშიც. 

ახალი შეზღუდვების შესრულების პროცესზე კონტროლს შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო და შსს ახორციელებენ.

ახალი წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რესტორნებისა და ღამის ბარების მხრიდან პანდემიის პერიოდში დადგენილი წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა – თითოეული ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში