ანკარის ხედი

მოსაზრება: შეძლებს თუ არა თურქეთი რუსეთის განდევნას კავკასიიდან?

90
(განახლებულია 17:57 01.10.2020)
ახლა რუსეთში ერთნი შფოთვით, მეორენი (რუსულ იმპერიალიზმთან მარადიული მებრძოლები) კი იმედით სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, რომ ყარაბაღის ომს შეუძლია რუსეთს კავკასიაში გავლენა დააკარგვინოს...

პიოტრ აკოპოვი

რომ თუ რუსეთი დაკარგავს, რაღა თქმა უნდა, შეიძენს თურქეთი, ამიტომაც მტკიცედ უნდა დავუჭიროთ მხარი კონფლიქტის რომელიმე მონაწილეს და თურქეთი ჩარევის დაუშვებლობაზე უნდა გავაფრთხილოთ, თორემ ყველაფერს დავკარგავთ — სომხეთი დამარცხდება და რუსეთით განიხიბლება (და დასავლეთისკენ აიღებს ორიენტაციას), ხოლო აზრბაიჯანი თურქული მხარდაჭერის ეფექტურობაში დარწმუნდება და ისიც გაცივდება მოსკოვის მიმართ. თურქეთი კი ყველაზე გავლენიან ძალად იქცევა სამხრეთ კავკასიაში და აქტიურად შეუდგება რუსეთისთვის კვანტის გამოდებას სხვა მიმართულებებითაც, პირველ რიგში კი, სირიისა და ლიბიისა. მოკლედ, რუსეთ–თურქეთის ომების დრო დაბრუნდებაო.

ეს კონცეფცია მთლიანობაში ნაკლოვანია და არასწორი — რუსეთი არავის დაუჭერს მხარს ამ უაზრო ომში და მის მალე დასრულებასაც მიაღწევს ისე, რომ რეგიონში გავლენას არ დაკარგავს. მაგრამ რუსეთის საზოგადოების ერთი ნაწილის ყველა ამ შიშს აქტიურად კვებავს თურქეთის ხელმძღვანელობის განცხადებები, რომლებიც, რუსეთისგან განსხვავებით, არა მარტო არ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტისკენ, არამედ ყველანაირად უჭერენ მხარს ბაქოს და გზადაგზა რუსეთსაც საყვედურობენ. ერდოღანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ სწორედ ახლა უნდა გადაიჭრას და დიდმა სახელმწიფოებმა ამ საკითხზე რჩევები არ უნდა მისცენ.

„აშშ, რუსეთი და საფრანგეთი უკვე 30 წელია ვერ აგვარებენ ამ საკითხს. <...> „მინსკის სამეულად“ წოდებულმა ჯგუფმა ვერ გადაჭრა ეს პრობლემა. უფრო მეტიც, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პრობლემა არც გადაჭრილიყო. ახლა ისინი ბრძნულ აზრებს გამოთქვამენ და დროდადრო იმუქრებიან. დადგა შურისძიების ჟამი. აზერბაიჯანმა თავად უნდა გადაჭრას თავისი ჭიპლარი“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი თქვა, რომ თურქეთი „აზერბაიჯანის გვერდში დგას მოლაპარაკებათა მაგიდასთანაც და ბრძოლის ველზეც. ეს ცარიელი სიტყვები არ არის. რა დახმარებაც უნდა დასჭირდეს აზერბაიჯანს, ჩვენ მზად ვართ მის აღმოსაჩენად“. პარალელურად კი „მთელ მსოფლიო საზოგადოებას, კერძოდ კი ეუთოს“ მიმართავს ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ პროტესტით.

„დღეს ჩვენ ერთობლივად ვუჭერთ მხარს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს საფუძვლიანი და სწორი პოზიციაა. მაგრამ როცა საქმე აზერბაიჯანს ეხება, მაშინ ქვეყანას, რომლის მიწებიც ოკუპირებულია, ოკუპანტ სომხეთთან ერთად ათავსებენ სასწორის ერთ თეფშზე. ეს პოზიცია ძირეულად არასწორია და უსამართლო“.

ანუ, თურქეთი ახსენებს რუსეთს იმის შესახებ, რომ არ უღიარებია ყირიმი, რომ მხარს არ უჭერს რუსეთს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის საკითხში, ახლა კი მოსკოვის მოწოდებებსაც იგნორირებას უკეთებს, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა შეწყვიტოს. ნუთუ ერდოღანმა გადაწყვიტა, საზღვარს გადავიდეს პუტინთან ურთიერთობაში და დარტყმის ქვეშ დააყენოს რუსეთ–თურქეთის თანამშრომლობა? თანაც, თუ 2015 წლის ნოემბერში თურქების მიერ რუსული Су-25-ის ჩამოგდების შემდეგ ცხრა თვით გაყინული ურთიერთობების აღდგენა მოხერხდა, ახალ ჩხუბს ორმა ქვეყანამ შეიძლება ვერც გაუძლოს.

არა, მიუხედავად საომარი რიტორიკისა, თურქეთს არ სურს გარისკოს რუსეთთან ურთიერთობებით და არ ჩაერევა სომხურ–აზერბაიჯანულ ომში. ცნობები სირიიდან ბოევიკების გადასროლისა და თურქული F-16-ის მიერ სომხური Су-25-ის ჩამოგდების შესახებ – დეზინფორმაციაა. თუმცა თურქეთი პოლიტიკურად ერევა და ეს უკვე შთამბეჭდავ მასშტაბებსაც იღებს. რაში სჭირდება ეს ანკარას, რის მიღწევას ცდილობს?

რუსეთის განდევნა უნდა სამხრეთ კავკასიიდან? მაგრამ ეს არარეალურია — კავკასია რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო რუსეთისა და თურქეთის შეტაკებებისა და უთანხმოების ზონა, რის შემდეგაც ის რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

თურქეთს შეუძლია მომავალშიც განაგრძოს თავისი გავლენის გაძლიერება კავკასიაში — რუსეთის რეგიონიდან გაძევებაზე ფსონის დადების მცდელობისა და რუსული პოზიციების შესუსტებისთვის თამაშის გარეშე. არადა სწორედ ამ უკანასკნელს ცდილობს ახლა ერდოღანი. ყარაბაღის ომისთვის მხარდაჭერა მას იმისთვის სჭირდება, რომ რუსეთი დათანხმდეს ყარაბაღის საკითხის ერთობლივად მოგვარებას. სწორედ ეს თქვა ჩავუშოღლუმ:

„იყო შეთავაზება ჩვენი პრეზიდენტისგან პუტინისადმი, ლავროვთანაც გაიმართა განხილვები, მაგრამ ეს კონფლიქტი მაინც ვერ გადაიჭრა. როგორც ერთად ვქმოქმედებთ სირიაში, ისე ვცდილობდით აქაც, მაგრამ არ გამოვიდა. ამბობენ, დაე, ომი შეჩერდესო. დაე. უნდა გამოცხადდეს ზავი, მაგრამ ამასთან სომხეთი უნდა გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამბობენ კი ამას? არა. მაშ როგორ მოგვარდება ეს საკითხი? <...> უკვე 30 წელია გრძელდება მოლაპარაკებები, რომლებსაც შედეგი არ მოაქვს. და არც არაფერ კონკრეტულს არ გვთავაზობენ საკითხის გადასაჭრელად. ჩვენ მშვიდი ენით ვცდილობთ დავიყვანოთ ეს ინფორმაცია პარტნიორების ყურამდე, მაგრამ ამის თქმა მარტო მოლაპარაკებათა მაგიდასთან საკმარისი არ არის. ეს ყრუსთან საუბარს ჰგავს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მსგავსი პროცესების წარმართვა მოლაპარაკებათა მაგიდასთანაც და ბრძოლის ველზეც. რასაც ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამგვარი მიდგომის სარგებელი“.

თურქი მინისტრი ვერ ხედავს წინააღმდეგობას — აქაოდა, თუ სირიაზე შევძელით რუსეთთან მოლაპარაკება, აქ რატომ არ შეიძლება იგივეო? არ შეიძლება — იმიტომ რომ სირიაში, რუსეთის იქ გამოჩენამდე, უკვე ოთხი წლის დაწყებული იყო ომი, ყარაბაღში კი ის 1994 წელს დამთავრდა. არ შეიძლება — ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ სირია თურქეთის სასიცოცხლო ინტერესებში ისევე შედის, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის ინტერესების ზონაში, სირიაში თურქეთს არ ჰქონია გადამწყვეტი გავლენა. და მარტო ვერაფერს გააკეთებდა — მიდიოდა სამოქალაქო ომი, მრავლდებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები, მოქმედებდა სხვა არაერთი გარე მოთამაშე — აშშ-ის ჩართვით. რუსეთთან ურთიერთქმედება, რამაც ბაშარ ასადის პოზიციები გაამყარა, საბოლოო ჯამში მომგებიანი იყო თურქეთისთვის, იმიტომ რომ მას სირიის ჩრდილოეთში თავისი ინტერესების დაცვაში ეხმარებოდა. მაგრამ რაში სჭირდება რუსეთს ანკარასთან კოოპერირება ყარაბაღში? იმისთვის, რომ გააჩაღოს ომი, რომლითაც რუსეთი კატეგორიულად არ არის დაინტერესებული? იმისთვის, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყარაბაღის საკითხის გადაჭრაში დაეხმაროს? მაგრამ თურქეთის შუამავლად ან აზერბაიჯანის წარმომადგენლად მოვლინება მხოლოდ დააფრთხობს სომხებს. და ყველაზე მთავარი: რატომ უნდა შეუწყოს ხელი მოსკოვმა ანკარას რუსეთისთვის სასიცოცხლო ინტერესების ზონაში პოზიციების განმტკიცებაში? იმიტომ რომ თურქები და აზერბაიჯანელები — ეს პრაქტიკულად ერთი ხალხია?

თურქეთის დამოკიდებლობის ზრდის დადებითი დინამიკის მიუხედავად, ერდოღანის მმართველობისას, რამაც დასავლური ორიენტაცია შეასუსტა და რუსეთთან ურთიერთობები განამტკიცა (ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა აქ С-400-ის შეძენაა), თურქეთი კვლავინდებურად რჩება ნატოს წევრად. ალიანსისა, რომელიც აშკარადაა მომართული რუსეთის არა უბრალოდ შეკავებისკენ, არამედ მისი გაძევებისკენაც პოსტსაბჭოთა სივრციდან. თურქეთს სურს იყოს გავლენიანი ძალა კავკასიაში როგორც ეროვნული სახელმწიფო და არა როგორც ნატოს წევრი? მაგრამ ეს ახლაა ასე და რა იქნება ათი წლის შემდეგ? იქნებ ერთგულმა ატლანტისტებმა სულაც ჩაანაცვლონ ერდოღანი?

აი, როცა თურქეთი ნატოდან გამოვა და, ვთქვათ, ევრაზიულ კავშირს შეუერთდება, მაშინაც აღმოჩნდება ყოფილი საბჭოეთის ხალხებთან ერთიან სივრცეში — იმავე ყაზახეთთან, მერე კი აზერბაიჯანიც აუცილებლად იქით გამოიწევს.

ახლა კი თურქეთს კავკასიის პოლიტიკაში მხოლოდ ერთი მეთოდით შეუძლია მონაწილეობა — შეწყვიტოს მოწოდება ბაქოს მიმართ, ძალის გამოყენებით გადაჭრას ყარაბაღის კვანძი. სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტი მაინც ვერ დასრულდება ომის გზით, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რუსეთის ყოფნა და გავლენა ომს უაზროს ხდის. რუსეთმა და თურქეთმა ერთად უკვე მიაღწიეს ბევრს და კიდევ მეტის გაკეთება შეუძლიათ, თუ მსოფლიო არენაზე ძალისხმევების კოორდინირებას განაგრძობენ.

აბსოლუტური უგუნურება იქნებოდა რუსულ–თურქული ურთიერთობების მთელი კომპლექსის დარტყმის ქვეშ დაყენება ურთულესი ყარაბაღის კვანძის გამო, რომელიც არც მოითხოვს დაუყოვნებელ გადაწყვეტას. თანაც შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რეჯეფ ერდოღანს ნამდვილად არ აქვს ამის უნარი. ხმამაღალი სიტყვები, მაგრამ სტრატეგიული ხედვა (უპირველესად, თურქეთის ეროვნული ინტერესებისა), რაციონალური ნაბიჯები და ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების უნარი — აი, რა გამოარჩევდა 17 წლის განმავლობაში მათ ურთიერთობებს, მიმართულს მომავლისკენ და არა კავკასიაში რუსეთ–თურქეთის ომის შედეგების გადათამაშებისკენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

90
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (91)
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დროშები მასაუსეტში, საელჩოს წინ

მოსაზრება: აშშ და ბრიტანეთი ყველაზე ღირებულის გადარჩენას ცდილობენ

16
(განახლებულია 20:10 21.10.2020)
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოლიმპიადებზე კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულებამ ქვეყანაში რამდენადმე დაბნეული რეაქციები გამოიწვია.

ირინა ალქსნისი

დაბნეულობის მიზეზი მარტივია: მორიგი დაუსაბუთებელი ინსინუაციები მოსკოვის აბსურდული დანაშაულის შესახებ მსოფლიოსა და სპორტის წინააღმდეგ უაზრობად გამოიყურება როგორც ანტირუსული განწყობის გაძლიერების, ისე რუსეთის „დასასჯელად“ ზომების მიღების თვალსაზრისით.   

ერთი მხრივ, რუსოფობიული კამპანიის კუთხით დასავლეთს ყველაფერი კარგად აქვს. ალექსეი ნავალნის ინციდენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული და თითქოს ახალი სიცრუის ამუშავება აუცილებელი არ იყო, თანაც ასეთ მაღალ, საგარეო უწყებებისა და საკვანძო სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა დონეზე. მეორე მხრივ კი, წინა გამოცდილებამ, რუსი ბლოგერის ისტორიის ჩათვლით, აჩვენა, რომ მოსკოვის მიმართ რაიმე სერიოზული და მტკივნეული ზომების მიღებას შეიძლება არც ველოდოთ.

ამავდროულად ვაშინგტონისა და ლონდონის სინქრონული გამოსვლა საერთო მიზნების არსებობაზე მეტყველებს.

მაგრამ რაზე შეიძლება იყოს კონკრეტულად საუბარი?

ამოცანის პასუხი ალბათ უფრო ტოკიოსა და სეულის რეაქციებში უნდა ვეძებოთ. იაპონიის მთავრობამ უარი თქვა კომენტარზე და ტაიმ-აუტი აიღო „შესაბამისი ინფორმაციის“ შესაგროვებლად. სამხრეთ კორეის მთავრობამ ასევე დუმილი არჩია.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები და სპეცსამსახურები არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული ამერიკულ–ბრიტანული ოპერაციის თაობაზე და ახლა იძულებული არიან, სასწრაფოდ გაერკვნენ ვითარებაში და საბოლოოდ მაქსიმალურად ფრთხილი პოზიცია დაიკავონ, როგორც ეს იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა, განაცხადა რა, რომ კიბერშეტევა არ უგრძვნია.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ახალი ანტირუსული კამპანიის მთავარი მიზანი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რუსეთი კი არა, დანარჩენი მსოფლიოა — პირველ რიგში კი თავად დასავლეთი. რუსოფობიული დღის წესრიგი კი აქ უბრალოდ მოხერხებული ჩვეული ინსტრუმენტის სახით გამოიყენება.

ინფორმაციულ–პროპაგანდისტული დომინირება აშშ-ის ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დიდი ბრიტანეთი კი ტრადიციულად მისი მეწყვილეა ამ საკითხში, ვინაიდან, როგორც მიღებულია, სწორედ ატლანტიკის ორივე მხარეს ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი მედიასაშუალებების ერთობლიობას ეწოდება გლობალური მედიამეინსტრიმი. ორი ქვეყნის განსაკუთრებული სიახლოვე კი პოლიტიკურ–სპეცსამსახურულ სფეროში კარგა ხანია ცნობილია.

შეერთებული შტატების ზედერჟავული ძლიერების ეტაპობრივი დეგრადაცია და გაერთიანებული სამეფოს კულისებსმიღმა გავლენის მკაფიო შესუსტება საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ყოველდღიურ რეალობად იქცა. მაგრამ ეს პროცესები უმთავრესად ეკონომიკურ, ბიუროკრატიულ და ზოგ პოლიტიკურ მექანიზმს შეეხება.

იმავდროულად არსებობს სფეროები, რომლებშიც ორი „დერჟავის“ ბატონობა აქამდე უდავოა. როგორც ნატოში ამერიკული არმიის პირველობაა ეჭვმიუტანელი, ისე კონტინენტური ევროპის არც ერთ მედიასაშუალებას არ შეუძლია გაეჯიბროს გავლენაში ბრიტანულ Times-სა თუ ამერიკულ CNN-ს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სწორედ ოკეანის გაღმა მდებარეობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტების ისეთი მძლავრი ცენტრები, როგორებიცაა Twitter-ი და Facebook-ი.

ვაშინგტონის ხისტი პოლიტიკა RT-სა თუ წარმოშობით ჩინური TikTok-ის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ იქ შესანიშნავად აცნობიერებენ ამგვარი სტურქტურების მნიშვნელობას. თუმცა იმას, რომ გეოპოლიტიკურ ოპონენტებს მედიაგავლენის საკუთარი ძალიან სერიოზული რესურსები აქვთ, შტატები მაინც შეეგუა და უბრალოდ ზომებს იღებს მათი მუშაობის შესაკავებლად თავის ტერიტორიაზე.

ამერიკულ–ბრიტანული სპეცსამსახურული და პროპაგანდისტული ტანდემისთვის უფრო მგრძნობიარე თავად დასავლეთის შიგნით კონკურენტის გამოჩენა იქნებოდა. არადა, სწორედ ეს ხდება — და ნავალნის საქმე მათთვის უკიდურესად უსიამოვნო და არასასურველი პროცესების დასტურია.

ბლოგერის გარშემო ატეხილი სკანდალი რუსეთიდან შეიძლება მოყირჭებულ თემად ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის თავისებურად უნიკალურია, ვინაიდან მთლიანად ბერლინის შემოქმედებაა.

გერმანიამ ისარგებლა სტანდარტული რუსოფობიული დღის წესრიგით, რომელიც მან „უფროს პარტნიორებს“ აართვა და დამოუკიდებელ თამაშში გამოიყენა. გერმანელები აკონტროლებენ ნავალნის. ის ამბობს იმას, რაც მათ სჭირდებათ: დაწყებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაცვით და დასრულებული ამერიკელების „ჩხვლეტით“, რომლებმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. მსოფლიოსთვის ახალი ამბების მთავარი წყარო რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანული გამოცემები იყო, ხოლო ინგლისურენოვანი მედია იძულებული იყო ციტირება მოეხდინა იქიდან.

ამ კონტექსტში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ჰაკერების ისტორია, რომლებიც ოლიმპიადებს უტევდნენ, სრულიად განსაკუთრებულ აზრს იძენს. ამერიკელები და ბრიტანელები ფაქტობრივად ამის დახმარებით ცდილობენ საბოლოოდ გადარეცხონ ახალი ამბებიდან ნავალნის თემა, ვინაიდან ეს არსებითად მათი კონკურენტების პროექტია. გარდა ამისა, ვაშინგტონისა და ლონდონისთვის მნიშვნელოვანია კონტროლის დაბრუნება გლობალურ მედიაპოლიტიკურ სივრცეზე, რომელიც გარკვეული დროით ევროპამ დაიქვემდებარა გერმანიის მეთაურობით. საამისოდ კი იმაზე უკეთესი მეთოდის მოფიქრება, ვიდრე ერთი რუსული თემის მეორით ჩანაცვლებაა, უბრალოდ ვერ მოიფიქრეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

16
თემები:
რუსეთი დღეს
აშშ-ს სამხედრო ტექნიკა

„აუცილებელია ვეცადოთ“: ამერიკანისტის მოსაზრება СНВ-3-ის გახანგრძლივების შესახებ

26
(განახლებულია 18:37 20.10.2020)
რუსეთში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“, შეთანხმება СНВ-3-ის წართმევას შეიძლება მეტად დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. კრემლში კომენტარი გააკეთეს აშშ-ის განცხადებაზე, რომელიც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას (СНВ-3) შეეხებოდა და აღნიშნეს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე კვლავაც გრძელდება. რადიო Sputnik-ის ეთერში ამერიკანისტმა კონსტანტინ ბლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, როგორ უფრო მარტივი იქნება მოლაპარაკების წარმოება.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინადადებაზე – ერთი წლით გახანგრძლივდეს СНВ-3 ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის წინადადებაზე უარის შესახებ მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. მთლიანობაში, როგორც ეს უკვე თქვა პრეზიდენტმა, შეთანხმების გახანგრძლივება ჩვენ დროის მოგების საშუალებას მოგვცემდა, ამ 12 თვის მოგების შანსს მოგვცემდა სუბსტანციური და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე“, — აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“ წართმევას შეიძლება მეტად დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

„ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ვარჩევდით, ამერიკელი პარტნიორებისგან მოგვესმინა, რომ ისინი მზად არიან ამ დოკუმენტის გასახანგრძლივებლად“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მოსალოდნელი პროგრესი არ შეინიშნება. თუმცა ასეთი ვითარება არ ნიშნავს იმას, რომ „საჭიროა კონტაქტების სრულად შეწყვეტა“.

რადიო Sputnik-ის ეთერში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უშიშროების პრობლემების კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ამერიკანისტმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინ ბლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმების ბედი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ დონალდ ტრამპს, ჯერ ერთი, სძულს ჩინეთი და СНВ-3-ს ჩინეთთან აბამს. და მეორეც: ტრადიციულად რესპუბლიკური პარტია ცდილობს ჩაშალოს კონტროლი შეიარაღებაზე. შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ბუში–უმცროსის ადმინისტრაციის დროს ამერიკელები გავიდნენ რაკეტსაწინააღმდეგო შეთანხმებიდან, თავად ტრამპი გავიდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებისა და ასევე „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებებიდან. თუ არჩევნებში ის გაიმარჯვებს, მაშინ СНВ-3-დან გასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია“, — მიაჩნია ბლოხინს.

ხოლო თუ დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ამერიკანისტის აზრით, შეთანხმების გახანგრძლივების შანსები რჩება.

„დემოკრატიული პარტია, ტრადიციულად, იმის მომხრეა, რომ რუსებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოილაპარაკოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ [დემოკრატი] ობამას ადმინისტრაციამ და [დმიტრი] მედვედევმა გაახანგრძლივეს ეს შეთანხმება. თუმცა, ვინც უნდა გაიმარჯვოს [აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში], რამდენიმე თვეში ახალი შეთანხმების გაფორმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია მცდელობა, რომ უკვე არსებული შეთანხმება გახანგრძლივდეს, რათა ერთი წლის განმავლობაში ახალი გაფორმდეს. ეს ყველაზე საინტერესო იდეაა“, — აღნიშმა ამერიკანისტმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების რაოდენობასა და მათ მატარებლებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. ვაშინგტონი სხვადასხვა პირობებით მოითხოვს მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამ იდეას უარყოფს.

 

26
თემები:
რუსეთი დღეს
შეყვარებულები

პარადოქსის არსი: მამაკაცები ჭირვეულ ქალებს აღმერთებენ

0
(განახლებულია 12:59 22.10.2020)
მამაკაცისთვის ქალი, უბრალოდ, ცარიელი ადგილი იქნება, თუ მასზე ვერ იტყვი, ვინ არის, რა არის, რა უყვარს... ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გარანტი მხოლოდ ერთი რამაა – სტაბილური ფსიქიკა

აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებს.

ლაბკოვსკი ცნობილი ფსიქოლოგია, რომლის მოსაზრებები ყოველთვის ინტერესს იწვევს – ზოგი აკრიტიკებს, ზოგი მთლიანად ეთანხმება, მაგრამ გულგრილს თავისი მკვეთრი გამონათქვამებით ცნობილი სპეციალისტი არავის ტოვებს.

ჯანმრთელ ადამიანს გათხოვება არ უნდა. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – აღარ უნდა გინდოდეთ გათხოვება. სხვაგვარად, თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ, თავად იდეა უნდა გააუფასუროთ.

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინებისა და ერთ პარტნიორთან სექსის გარანტი მხოლოდ ერთი რამაა – სტაბილური ფსიქიკა. არა დათმობა, არა კომპრომისები – ეს ყველაფერი პირდაპირი გზაა კარდიოლოგთან ან ონკოლოგთან. როდესაც ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, მას მთელი ცხოვრება შეუძლია, ერთ პარტნიორთან გაატაროს. და ის ერთი უყვარდეს.

ადამიანები არ უყვართ იმის გამო, რომ ისინი თავს ხრიან. მამაკაცისთვის ქალი, უბრალოდ, ცარიელი ადგილი იქნება, თუ მასზე ვერ იტყვი, ვინ არის, რა არის, რა უყვარს, მაგალითად, საუზმეზე. პარადოქსის არსი ისაა, რომ მამაკაცები აღმერთებენ ჭირვეულ, კაპრიზულ ქალებს.

პათოლოგიური ჯაჭვი: ნაცემი მშობლები, ნაცემი შვილები...>>

ქალების პრობლემა ის კი არაა, რომ მამაკაცები ხეპრულად იქცევიან. მიზეზი ისაა, რომ ქალს აქვს ნევროზი, რომელიც გამოსავალს ეძებს. ამ გამოსავლისთვის საჭიროა გარკვეული ადამიანი და ურთიერთობები, რომელშიც ის ტანჯვას შეძლებს. სწორედ ამიტომ ქალი სპეციალურად იწყებს ასეთ ურთიერთობებს, რადგან ამის ფსიქიკური მოთხოვნილება ბავშვობიდან აქვს.

სიყვარულს ტანჯვის დონით ვსაზღვრავთ. ხოლო ჯანმრთელი სიყვარული ისაა, თუ რამდენად ხარ ბედნიერი.

როდესაც სტიუარდესა გიჩვენებთ მაშველ საშუალებებს, რას ამბობს ის ჟანგბადის ნიღაბზე? რომ თუ ბავშვთან ერთად მგზავრობთ, ნიღბით ჯერ საკუთარი თავი უზრუნველყავით და შემდეგ – ბავშვი. ესაა მთავარი კოზირი. ყველა ცდილობს ბავშვის დახმარებას და ამ დროს აბსოლუტური შეშლილი, შეურაცხადი რჩება. მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. თუ გინდათ ბავშვი კარგად იყოს, ჯერ საკუთარ თაზე იმუშავეთ.

მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „დედიკოს კალთაში ზის“, მხოლოდ იმასთან მიდის, ვისი თვალებიც მას მოწონების სიგნალს უგზავნის. ჯანმრთელი მამაკაცი ბავშვივითაა. ის მიდის ქალთან, რომელიც მას უღიმის, თვალებში უყურებს.

ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევს, „ნევროტიკი“ კი – ურთიერთობებს საკუთარი თავის საზიანოდ. და ესაა მთავარი განსხვავება.

კარგი მამა, მამის ინსტინქტი და სოციალური სიყვარული...>>

ქალმა ურთიერთობებში არასდროს უნდა მოითმინოს ის, რაც არ მოსწონს. ამის შესახებ მაშინვე უნდა თქვას და თუ მამაკაცი არ იცვლება, მას უნდა დაშორდეს.

მამაკაცებს, როგორც ბავშვებს, მოსწონთ, როცა ქალს თავისი ხასიათი აქვს.

თუ ერთი ადამიანი მეორეს მთელ სამყაროს უცვლის, ეს ნიშნავს, რომ თავისი სამყარო მას, უბრალოდ, არ გააჩნია.

მარტოობა – ეს ირგვლივ სიყვარულის არარსებობა არაა. ესაა ინტერესის არარსებობა საკუთარი თავის მიმართ, თან ბავშვობიდან.

პარტნიორის ძებნასთან დაკავშირებით გეტყვით, და ვინ უნდა მოძებნოთ? ერთადერთი, რაც თქვენს პარტნიორს უნდა ჰქონდეს, ისაა, რომ ის გიზიდავთ. დანარჩენი არანაირ როლს არ ასრულებს საერთოდ. თუ გიყვართ, ღელავთ – მაშინ სხვა არაფერი აღარ არსებობს.

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გათხოვდე? – მხოლოდ ერთი რამ – იყო ის, ვინც ხარ. ეს საკმარისია. პრინციპში, სწორედ ამიტომ უყვარდებათ.

იჩხუბეთ, მაგრამ... ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან სერიოზული კონფლიქტი ოჯახში>>

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანმრთელ ადამიანსა და „ნევროტიკს“ შორის? ჯანმრთელი ადამიანიც იტანჯება, მაგრამ რეალური ისტორიების გამო, „ნევროტიკი“ კი – მოგონილი ისტორიების გამო. და თუ ტანჯვა არ ჰყოფნის, კაფკას, დოსტოევსკისა და ალკოჰოლს იშველიებს.

თუ არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, მისი ქცევის გამართლების ძებნა არ ღირს. ვითარება, როდესაც მან „არ დაგირეკათ“, ჯანსაღი გოგონასთვის ურთიერთობების დასარულს ნიშნავს, ხოლო არაჯანსაღისთვის – სიყვარულის დასაწყისს.

მოკრძალება და თავმდაბლობა არავის ამშვენებს. სწორედ დაკომპლექსების, საკუთარ თავში ეჭვებისა და დაბალი თვითშეფასების გამო გოგონა ცხოვრებს სექსისა და ურთიერთობების გარეშე არა იმიტომ, რომ ის შეუხედავია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ცუდად ექცევა. ფსიქოლოგის ამოცანაა, გოგონა ამისგან გაათავისუფლოს.

ოჯახური თერპია – ეს განქორწინებაა. ნამდვილად სასარგებლოდ ოჯახური თერაპიის მხოლოდ ერთ სახეობას მივიჩნევ – ფსიქოლოგის შუამდგომლობა გაყრის დროს.

ერთადერთი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის ობიექტურად არის დამოკიდებული და როდესაც ის მძევლად შეიძლება ჩაითვალოს – ეს ბავშვობა და მშობლებზე დამოკიდებულებაა. ეს შედარებით ცოტა ხანს გრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში ნებისმიერ ურთიერთობებში ყოფნა – ეს ზრდასრული ადამიანის არჩევანია.

0
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები