ვაქცინაცია

რამდენად საშიშია ვაქცინა: აშშ პასუხს ითხოვს, ევროპა მოგებას ითვლის

45
(განახლებულია 19:54 29.09.2020)
ვაქცინა AstraZeneca-ს პრობლემებში, რომელიც ერთობლივად შექმნეს იმავე სახელწოდების ბრიტანულ–შვედურმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა, ახალი ტალღა დაიწყო.

ირინა ალქსნისი

შეერთებულმა შტატებმა არა მარტო არ აღადგინა შინ ორიოდე კვირის წინ შეჩერებული კვლევები, არამედ წამყვანი ამერიკული მედია სულ უფრო ხშირად სვამს კითხვას პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყველაზე ხმამაღლა ტელეარხი CNN გამოვიდა.

როგორც ცნობილია, AstraZeneca-ს კლინიკური კვლევები ორჯერ შეჩერდა — ივლისსა და სექტემბერში: ორ მოხალისეს ნევროლოგიური წარმოშობის უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდა. თუმცა ვაქცინაციას არც ერთი შემთხვევა არ დააკავშირეს და ქვეყნების უმეტესობაში, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, კვლევები გაგრძელდა.

მაგრამ ამერიკელი მეცნიერები და ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტები განსაკუთრებულად მოკირკიტეები აღმოჩნდნენ და გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშებში სერიოზული განსხვავებაც აღმოაჩინეს.

კომპანია AstraZeneca-მ ივლისის ინციდენტი გაფანტული სკლეროზის შემთხვევით ახსნა. სამაგიეროდ ოქსფორდის უნივერსიტეტის საიტზე ის „აუხსნელ ნევროლოგიურ სიმპტომებადაა“ ნახსენები.

სექტემბრის ინციდენტისას კომპანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქალ მოხალისეებს „აუხსნელი დაავადება“ გამოუვლინდათ. მაგრამ შიდა დოკუმენტაციაში ეს შემთხვევა განივ მიელიტადაა (იშვიათი ნევროლოგიური დაავადება) აღნიშნული.

შედეგად, ამერიკელები სვამენ აბსოლუტურად ლოგიკურ კითხვას მსგავსი განსხვავებების შესახებ. AstraZeneca უამისოდაც იღებდა სერიოზულ პრეტენზიებს ვაქცინაზე მუშაობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ხოლო ამოტივტივებულმა წინააღმდეგობებმა დამატებით ჩამოშალეს ნდობა პრეპარატისა და მისი უსაფრთხოების მიმართ.

შესაძლოა AstraZeneca-ს უბრალოდ არ გაუმართლა და საქმე მართლაც დამთხვევებშია, რომლებიც არანაირად არ უკავშირდება ვაქცინას. მაგრამ ჯანსაღი აზრი თუნდაც ამ მომენტში სინათლის შეტანას მოითხოვს — და პატივი უნდა მივაგოთ ამერიკულ პასუხისმგებელ სამსახურებს, რომლებმაც თავი ქვიშაში არ ჩარგეს და თავის ქვეყანაში გამოცდები გაყინეს.

აქ უფრო მათი ევროპელი კოლეგების პოზიციაა გასაკვირი, რომლებმაც არჩიეს, არ შეენიშნათ მთელი ეს უცნაურობები და ტესტირების გაგრძელების ნებართვა გასცეს.

თუმცა ევროკავშირის ხელისუფლებისა და თავად კომპანიის უშფოთველობას ამ ფრიად საფრთხილო თემაზე, რომელიც დიდი უსიამოვნებებით იმუქრება, მარტივი ახსნა აქვს.  

ამ დღეებში საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა, ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით განაცხადა, რომ AstraZeneca-მ ნაწილობრივი იმუნიტეტი მიიღო ევროკავშირთან სავაქცინო გარიგების ფარგლებში. შეთანხმება ჯერ კიდევ აგვისტოში დაიდო, მაგრამ მისი ზოგი დელიკატური დეტალი მხოლოდ ახლა გახმაურდა.

გარიგების არსი ისაა, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია ევროკავშირს პრეპარატს შედარებით დაბალ ფასში მიაწვდის, სამაგიეროდ კი არანაირ ფინანსურ პასუხისმგებლობას არ იტვირთავს (გარკვეულ ლიმიტს ზემოთ) გვერდითი ეფექტების გამო. გარიგების ზუსტი მასშტაბები არ საჯაროვდება, მაგრამ ცნობილია, რომ ევროპა AstraZeneca-ს 2,5 ევროს გადაუხდის ერთ დოზაში.

ფრანგულმა ფარმამწარმოებელმა Sanofi-მ, რომელიც თავის პრეპარატზე კონცერნ GlaxoSmithKline-თან ერთად მუშაობდა, ევროპას ის 10 ევროდ მიჰყიდა — და მისთვის იმუნიტეტი ჯერ არ მიუნიჭებიათ.

სხვათა შორის, ორივე კომპანიამ უკვე მიიღო აუნაზღაურებადი საავანსო გადახდები ევროკავშირისგან. AstraZeneca-ს შემთხვევაში ამ გადახდამ 336 მლნ ევრო შეადგინა 400 მლნ დოზის უზრუნვესაყოფად, ხოლო Sanofi-ს შემთხვევაში — 324 მლნ ევრო 300 მლნ დოზისთვის.

ამგვარად, თუ მომავალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში უცბად გაირკვევა, რომ AstraZeneca-ს პრეპარატი მართლაც ბევრ შემთხვევაში აყენებს ზიანს ადამიანის ორგანიზმს, კომპანიისთვის ამას არანაირი საბედისწერო შედეგები არ მოჰყვება. დაზარალებულებს კომპენსაციებს ეროვნული მთავრობები გადაუხდიან, უფრო ზუსტად კი, შესაბამისი ქვეყნების გადასახადების გადამხდელები.

ასევე შეუძლებელია შთაბეჭდილებას არ ახდენდეს ევროპული ისტებლიშმენტის ფსონი ორ ვაქცინაზე. გასაგებია, რომ ეს სოციალური და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. სანტერესო იქნებოდა გვენახა, ევროკავშირის რომელი ქვეყნები რომელ პრეპარატს მიიღებენ, ან როგორ გაანაწილებენ ისინი თავად ქვეყნებს შიგნით ვაქცინას რაიონების კეთილდღეობისა თუ ადამიანთა საზოგადოებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

რაღაც მკარნახობს, რომ რჩეული ევროპელებისთვის, რომელთა ჯანმრთელობაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დადგეს საეჭვო მედიკამენტების დარტყმის ქვეშ, ყოველთვის მოიძებნება Sanofi-ს პრეპარატი, რომელზე გარანტიის გაცემაც ფრანგულ კომპანიას თავად მოუწევს. შესაბამისად, მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი რწმენა ბევრად მაღალია.

ამ ფონზე ლამის ეგზოტიკად მოჩანს რუსული რეალობები, სადაც ბევრი ცნობილი და მაღალჩინოსანი მოქალაქე გახდა ადგილობრივი ვაქცინის გამოცდების მონაწილე. მსოფლიო მასმედია კი კიდეც ირწმუნებოდა, რუსული ელიტის წარმომადგენლები ბევრი თვით ადრეც იცრებოდნენ გამოუცდელი პრეპარატითო. როგორ შეესაბამება ეს მათსავე თავდასხმებს „სპუტნიკ-V“-ზე, ეს მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

45
ტრამპისა და ბაიდენის ტელედებატები

მოსაზრება: ბაიდენის არჩევნებში დამარცხებას რუსეთს ვერ დააბრალებენ

8
(განახლებულია 19:50 22.10.2020)
წინასაარჩევნო კამპანია ამერიკაში ფინიშს უახლოვდება — დღეს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლოჯერ შეხვდებიან ტელედებატებში.

პიოტრ აკოპოვი

ამასთან, ეს შეხვედრა, პრინციპში, შეიძლება უკანასკნელიც იყოს მათ ცხოვრებაში. აშშ-ში ახლა ვნებათაღელვა იმდენად მძაფრია, რომ ამ ორი ადამიანის კიდევ ოდესმე ერთად წარმოდგენა ძალიან ძნელია. საოცრებაც რომ მოხდეს და ბაიდენმა არჩევნები მოიგოს, ტრამპმა შეიძლება არც კი აღიაროს შედეგები, ან უბრალოდ, სულ ცოტა, ინაუგურაციაზე არ მივიდეს — ყველა ტრადიციის დარღვევით. აი, ბაიდენი კი არაფრის ფასად არ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ასე რომ, ხუთშაბათს მათ ბოლო შესაძლებლობა ექნებათ, უთხრან ერთმანეთს ის, რაც სურთ. და ისინი ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ.

ტრამპი ბაიდენს მთავარი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს უწოდებს და ჯოს ჩასმას მოითხოვს ციხეში (ვაჟთან, ჰანტერთან ერთად). ჯო ციხეში არ ჩაჯდება, მაგრამ როცა არჩევნებს წააგებს, მედიასაშუალებები იტყვიან, რომ ის „ოქტომბრის სიურპრიზმა“ მოცელა — ჰანტერის კომპიუტერში ნაპოვნმა და ამ დღეებში გამოქვეყნებულმა კომპრომატმა, რომელიც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს სიცრუესა და კორუფციაში ამხელს. მაგრამ ბაიდენი ამ მასალების გარეშეც წააგებდა არჩევნებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ტრამპი გამარჯვებისთვისაა განწირული. მაგრამ ეს როგორ, როცა ყველა გამოკითხვა ბაიდენის უპირატესობაზე მეტყველებს? ხომ არ შეიძლება, რომ შედეგები გამოგონილი იყოს?

შეიძლება. იმიტომ რომ ფსონები ისე მაღალია, როგორც არასდროს. და არ არსებობს ისეთი ტყუილი, რომელზეც ტრამპის წინააღმდეგ მოთამაშეები არ წავლენ.

„მე კენჭს ვიყრი არა მარტო მემარცხენე მედიასაშუალებების, არამედ დიდი ტექნოლოგიური კომპანია–გიგანტებისა („ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „გუგლი“) და „ვაშინგტონური ჭაობის“ წინააღმდეგ“, — განაცხადა ტრამპმა ცოტა ხნის წინ. და ამის საუკეთესო დასტურად იქცა ამ სამთავიანი მონსტრის რეაქცია ბაიდენის ოჯახის შესახებ გამოჩენილ კომპრომატზე. „ნიუ-იორკ პოსტის“ პუბლიკაცია უბრალოდ დაბლოკეს — ის არ ჩანდა „გუგლის“ საძიებელში, ხოლო „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ მისი გაზიარების საშუალება მოსპეს. რაღა თქმა უნდა, მედიასაშუალებებიც ცდილობდნენ, უბრალოდ არ შეემჩნიათ სკანდალური პუბლიკაცია, ხოლო პოლიტიკოსების უმეტესობა ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა. ანუ სამივე ძალა სინქრონულად მოქმედებდა, რითიც ტრამპის სიმართლეს ამტკიცებდა. ამასთან მაშინვე გაჟღერდა ბრალდებებიც რუსეთის წინააღდეგ — ხომ გასაგებია, რომ მოსკოვი ისევ ჩაერია ამერიკულ არჩევნებში და ბაიდენზე კომპრომატი შემოაგდოო.

ამაზე საუბრობდნენ არა მარტო კომენტატორები და კონგრესმენები, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლებიც. ყოფილი თანამშრომლები — ვინაიდან აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ ბაიდენის ნოუთბუქში ნაპოვნი ინფორმაცია „რუსეთის რაიმე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი არ არის“. მაგრამ 50-მდე ყოფილმა მზვერავმა (რეტკლიფის წინამორბედ ჯიმ კლეპერის ჩათვლით, რომელიც სიცრუეში ამხილეს) ღია წერილი დაწერეს, გამოცდილება „გვაიძულებს, სერიოზულად დავეჭვდეთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი რუსეთის მთავრობამ ითამაშაო“:

„აშშ-ში პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილი ელექტრონული წერილები, რომლებიც სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ეკუთვნის და რომელთა დიდი ნაწილი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ის უკრაინულ გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობაში მუშაობდა, რუსეთის საინფორმაციო კამპანიის ყველა ნიშანს ატარებს“.

ანუ რუსეთს იმაში კი არ ადანაშუალებენ, რომ მან ბაიდენზე კომპრომატები გააყალბა, არამედ იმაში, რომ მან ისინი გაავრცელა. მაგრამ როგორ, როცა რუდი ჯულიანის (ტრამპის ყოფილი ადვოკატი) თქმით, ჰანტერ ბაიდენის კომპიუტერის მყარი დისკის შემადგენლობა უკვე შვიდი თვის წინ გადაეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს? ანუ მოსკოვს ეს მასალები „ოქტომბრის სიურპრიზის“ სამზადისში დამალული ჰქონდა? თუ თავად ტრამპის შტაბმა და მისმა მრჩევლებმა გააკეთეს, იმავე ჯულიანის ჩათვლით? უი, არა, ჯულიანი ხომ პუტინზე მუშაობს... და ეს ხუმრობა არ არის: როგორც სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, „ამჯერად რუსებმა ამერიკელების თავის აგენტებად დამუშავება გადაწყვიტეს. ისინი ცდილობენ განავრცონ თავიანთი პროპაგანდა მეინსტრიმულ მედიაში... და მათ წარმატებას მიაღწიეს. იცოდეთ, რუდი ჯულიანი ახლა არსებითად რუსეთის აგენტია“.

დიახ, რა თქმა უნდა. თუ თავად ტრამპი მუშაობს კრემლზე, მის თანამშრომლებსა და დაახლოებულ პირებზე რაღა ითქმის. სიცილი სიცილად, მაგრამ ვითარების სწორედ ასეთი არაადეკვატური შეფასება და ამერიკელებისთვის „რუსეთის ჩარევის“ მიყიდვის მცდელობა, ბაიდენების ოჯახზე კომპრომატების ისტორიაშიც კი, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ტრამპმა უკვე გაიმარჯვა. იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგეები სრულად გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელშიც რუსები გავლენას ახდენენ აშშ-ის არჩევნების შედეგებზე, ხოლო ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა ორნიშნა რიცხვებით განისაზღვრება. თანაც ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება და ერთმანეთს არანაირად არ ეწინააღმდეგება.

მაგრამ რეალურ სამყაროში ჩვენ სულ სხვა რამეს ვხედავთ: ტრამპის მომხრეთა უზარმაზარ რაოდენობას მის დაუსრულებელ მიტინგებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ენთუზიაზმის არარსებობას ბაიდენის იშვიათ შეხვედრებზე მცირე რაოდენობის მომხრეებით; ტრამპის მხარდაჭერის ზრდას უმცირესობის (მაგალითად, ფერადკანიანებისა და მუსლიმების) წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საერთოდაც არ შეადგენენ ელექტორატს, ტრამპის რუსეთთან კავშირის დაუსაბუთებლობასა და ბაიდენის ოჯახის სიცრუისა და კორუფციონერობის სულ ახალ მტკიცებულებებს. და რაც ყველაზე მთავარია: რეალურ სამყაროში ამერიკელები დიდი ხნის წინ განიხიბლნენ პოლიტიკური ელიტისა და ზეპარტიული „ვაშინგტონური ჭაობისგან“ და სწორედ ამიტომ ტრამპის ერთადერთ სერიოზულ ალტერნატივად არასისტემური სენატორი სანდერსი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ სწორედ თავისი არასისტემურობის გამო არ დაუშვა ის არჩევნებზე „კოლექტიურმა ბაიდენმა“.

რიგითი ამერიკელები რეალურ სამყაროში ცხოვრობენ და არა პროპაგანდისა, ამიტომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგი ბედისწერითაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭირო „მერყევ შტატებში“ ხმებს წაიმატებენ პასიური დემოკრატიული ელექტორატის ფოსტით ხმის მიცემაზე მობილიზაციის გზით, ეს იმიტომ, რომ იმ შტატებშიც შეინიშნება იმათი რაოდენობის ზრდა, ვინც რესპუბლიკელებს წინასწარ მისცა ხმა.

გამოგონილი სამყარო 3 ნოემბერს დამარცხდება, თუნდაც ქაოსი მოაწყოს და არ აღიაროს რეალობა. სამთავიან ჰიდრას რევანშის იმედი ექნება და ამაზე იმუშავებს როგორც ამერიკის, ისე გლობალური მასშტაბით. და, აი, იქ უკვე ექნება მას სრული უფლება, დაადანაშაულოს რუსები თავის წარუმატებლობაში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

8
თემები:
რუსეთი დღეს
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დროშები მასაუსეტში, საელჩოს წინ

მოსაზრება: აშშ და ბრიტანეთი ყველაზე ღირებულის გადარჩენას ცდილობენ

21
(განახლებულია 20:10 21.10.2020)
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოლიმპიადებზე კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულებამ ქვეყანაში რამდენადმე დაბნეული რეაქციები გამოიწვია.

ირინა ალქსნისი

დაბნეულობის მიზეზი მარტივია: მორიგი დაუსაბუთებელი ინსინუაციები მოსკოვის აბსურდული დანაშაულის შესახებ მსოფლიოსა და სპორტის წინააღმდეგ უაზრობად გამოიყურება როგორც ანტირუსული განწყობის გაძლიერების, ისე რუსეთის „დასასჯელად“ ზომების მიღების თვალსაზრისით.   

ერთი მხრივ, რუსოფობიული კამპანიის კუთხით დასავლეთს ყველაფერი კარგად აქვს. ალექსეი ნავალნის ინციდენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული და თითქოს ახალი სიცრუის ამუშავება აუცილებელი არ იყო, თანაც ასეთ მაღალ, საგარეო უწყებებისა და საკვანძო სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა დონეზე. მეორე მხრივ კი, წინა გამოცდილებამ, რუსი ბლოგერის ისტორიის ჩათვლით, აჩვენა, რომ მოსკოვის მიმართ რაიმე სერიოზული და მტკივნეული ზომების მიღებას შეიძლება არც ველოდოთ.

ამავდროულად ვაშინგტონისა და ლონდონის სინქრონული გამოსვლა საერთო მიზნების არსებობაზე მეტყველებს.

მაგრამ რაზე შეიძლება იყოს კონკრეტულად საუბარი?

ამოცანის პასუხი ალბათ უფრო ტოკიოსა და სეულის რეაქციებში უნდა ვეძებოთ. იაპონიის მთავრობამ უარი თქვა კომენტარზე და ტაიმ-აუტი აიღო „შესაბამისი ინფორმაციის“ შესაგროვებლად. სამხრეთ კორეის მთავრობამ ასევე დუმილი არჩია.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები და სპეცსამსახურები არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული ამერიკულ–ბრიტანული ოპერაციის თაობაზე და ახლა იძულებული არიან, სასწრაფოდ გაერკვნენ ვითარებაში და საბოლოოდ მაქსიმალურად ფრთხილი პოზიცია დაიკავონ, როგორც ეს იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა, განაცხადა რა, რომ კიბერშეტევა არ უგრძვნია.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ახალი ანტირუსული კამპანიის მთავარი მიზანი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რუსეთი კი არა, დანარჩენი მსოფლიოა — პირველ რიგში კი თავად დასავლეთი. რუსოფობიული დღის წესრიგი კი აქ უბრალოდ მოხერხებული ჩვეული ინსტრუმენტის სახით გამოიყენება.

ინფორმაციულ–პროპაგანდისტული დომინირება აშშ-ის ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დიდი ბრიტანეთი კი ტრადიციულად მისი მეწყვილეა ამ საკითხში, ვინაიდან, როგორც მიღებულია, სწორედ ატლანტიკის ორივე მხარეს ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი მედიასაშუალებების ერთობლიობას ეწოდება გლობალური მედიამეინსტრიმი. ორი ქვეყნის განსაკუთრებული სიახლოვე კი პოლიტიკურ–სპეცსამსახურულ სფეროში კარგა ხანია ცნობილია.

შეერთებული შტატების ზედერჟავული ძლიერების ეტაპობრივი დეგრადაცია და გაერთიანებული სამეფოს კულისებსმიღმა გავლენის მკაფიო შესუსტება საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ყოველდღიურ რეალობად იქცა. მაგრამ ეს პროცესები უმთავრესად ეკონომიკურ, ბიუროკრატიულ და ზოგ პოლიტიკურ მექანიზმს შეეხება.

იმავდროულად არსებობს სფეროები, რომლებშიც ორი „დერჟავის“ ბატონობა აქამდე უდავოა. როგორც ნატოში ამერიკული არმიის პირველობაა ეჭვმიუტანელი, ისე კონტინენტური ევროპის არც ერთ მედიასაშუალებას არ შეუძლია გაეჯიბროს გავლენაში ბრიტანულ Times-სა თუ ამერიკულ CNN-ს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სწორედ ოკეანის გაღმა მდებარეობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტების ისეთი მძლავრი ცენტრები, როგორებიცაა Twitter-ი და Facebook-ი.

ვაშინგტონის ხისტი პოლიტიკა RT-სა თუ წარმოშობით ჩინური TikTok-ის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ იქ შესანიშნავად აცნობიერებენ ამგვარი სტურქტურების მნიშვნელობას. თუმცა იმას, რომ გეოპოლიტიკურ ოპონენტებს მედიაგავლენის საკუთარი ძალიან სერიოზული რესურსები აქვთ, შტატები მაინც შეეგუა და უბრალოდ ზომებს იღებს მათი მუშაობის შესაკავებლად თავის ტერიტორიაზე.

ამერიკულ–ბრიტანული სპეცსამსახურული და პროპაგანდისტული ტანდემისთვის უფრო მგრძნობიარე თავად დასავლეთის შიგნით კონკურენტის გამოჩენა იქნებოდა. არადა, სწორედ ეს ხდება — და ნავალნის საქმე მათთვის უკიდურესად უსიამოვნო და არასასურველი პროცესების დასტურია.

ბლოგერის გარშემო ატეხილი სკანდალი რუსეთიდან შეიძლება მოყირჭებულ თემად ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის თავისებურად უნიკალურია, ვინაიდან მთლიანად ბერლინის შემოქმედებაა.

გერმანიამ ისარგებლა სტანდარტული რუსოფობიული დღის წესრიგით, რომელიც მან „უფროს პარტნიორებს“ აართვა და დამოუკიდებელ თამაშში გამოიყენა. გერმანელები აკონტროლებენ ნავალნის. ის ამბობს იმას, რაც მათ სჭირდებათ: დაწყებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაცვით და დასრულებული ამერიკელების „ჩხვლეტით“, რომლებმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. მსოფლიოსთვის ახალი ამბების მთავარი წყარო რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანული გამოცემები იყო, ხოლო ინგლისურენოვანი მედია იძულებული იყო ციტირება მოეხდინა იქიდან.

ამ კონტექსტში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ჰაკერების ისტორია, რომლებიც ოლიმპიადებს უტევდნენ, სრულიად განსაკუთრებულ აზრს იძენს. ამერიკელები და ბრიტანელები ფაქტობრივად ამის დახმარებით ცდილობენ საბოლოოდ გადარეცხონ ახალი ამბებიდან ნავალნის თემა, ვინაიდან ეს არსებითად მათი კონკურენტების პროექტია. გარდა ამისა, ვაშინგტონისა და ლონდონისთვის მნიშვნელოვანია კონტროლის დაბრუნება გლობალურ მედიაპოლიტიკურ სივრცეზე, რომელიც გარკვეული დროით ევროპამ დაიქვემდებარა გერმანიის მეთაურობით. საამისოდ კი იმაზე უკეთესი მეთოდის მოფიქრება, ვიდრე ერთი რუსული თემის მეორით ჩანაცვლებაა, უბრალოდ ვერ მოიფიქრეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

21
თემები:
რუსეთი დღეს
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

0
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

0