“ჩრდილოეთის ნაკადი-2“

მოსაზრება: ჩაანაცვლებს თუ არა ამერიკული გაზი რუსულს

21
(განახლებულია 21:38 28.09.2020)
ბოლო დროს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულების პრობლემების ფონზე, მედიასაშუალებებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება: „რუსული მიწოდებების გარეშე ევროპა ძალიან ზედმეტს გადაიხდის ძვირადღირებულ ამერიკულ გათხევადებულ ბუნებრივ აირში“.

ალექსანდრ სობკო

ამ თეზისის კრიტიკოსები იცინიან და აცხადებენ, რომ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირი (LNG) ევროპის გაზის ბირჟაზე იმდენივე (ახლა კი სულაც ზედაბალი ფასი) ღირს, რამდენიც დანარჩენი გაზი.

ვინ არის მართალი? მოდით, გავერკვეთ.

თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უკრაინული ტრანზიტის უდიდესი ნაწილის ჩასანაცვლებლად იგება, ვინაიდან მომავალში რუსული გაზის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. თანაც არც უკრაინული ტრანზიტი იძლევა არსებულზე ბევრად მეტი მოცულობის (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) ტრანსპორტირების საშუალებას. ამიტომ თითქოს მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის ბალანსის კუთხით არაფერი შეიცვლება.

უფრო მეტიც: უკრაინული ტრანზიტი ოთხი წლითაა გადახდილი (წელიწადში 40 მლრდ კუბური მეტრი), ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს 55 მლრდ სიმძლავრე ექნება. ანუ ამ ეტაპზე გაზსადენის მშენებლობის დასრულებაზე სამუდამოდ ან გაურკვეველი ვადით ჰიპოთეტური უარის თქმა „გაზპრომს“ მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებს მოუტანს, მაგრამ ვერ აიძულებს ევროპას, შეიძინოს ამერიკული გათხევადებული აირი რუსული გაზის ნაცვლად.

ამიტომ თუ იმ თეზისიდან ამოვალთ, რომ ამერიკული მხარე „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ პრობლემების შექმნით ახალი ნიშის მიღებას გეგმავს საკუთარი თხევადი აირისთვის, ეს ნიშნავს ერთს: დაბლოკილი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის კვალდაკვალ უნდა შეწყდეს (მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით: მილების სიძველე, სატრანზიტო ტარიფის ამკრძალავი სიდიდე თუ სხვა გარემოებები) უკრაინული ტრანზიტიც.

რაში დაეხმარება ეს ამერიკულ გათხევადებულ ბუნებრივ აირს?

ჯერ პირველი: ნებისმიერ შემთხვევაში გაზი (და LNG-ც) გაძვირდება, ბაზრიდან 50 მლრდ კუბომეტრის განდევნა — ეს საკმაოდ არსებითი მოცულობაა მსოფლიო ვაჭრობისთვის. ხოლო უფრო მაღალი საბირჟო ფასები გარდაუვლად მოიტანს რენტაბელობის ზრდას ამერიკული LNG-ს გაყიდვებშიც.

მეორე და მთავარი: აქ უნდა შეგახსენოთ, რომ აშშ, თავისი გათხევადებული აირის მიმდინარე ექსპორტის ფარგლებში, ნებისმიერ შემთხვევაში იღებს გარანტირებულ თანხას გათხევადებისთვის. დაბალი გლობალური კოტირებები ზიანს აყენებს ტრეიდერებს. ანუ შტატებს დიდად არც ესაჭიროება თავისი LNG-ს გაყიდვების სტიმულირება უკვე აგებული ქარხნებიდან.

უფრო მნიშვნელოვანია LNG ახალი პროექტებიდან დაკონტრაქტდეს. მას შემდეგ, რაც ახლა ამერიკიდან LNG-ს იმპორტიორები იმგვარ ვითარებაში აღმოჩნდნენ, როცა ისინი საწვავს არ ყიდულობენ, მაგრამ აუცილებელ მოსაკრებელს იხდიან გაზის გათხევადებისთვის (რაც LNG-ს საბოლოო ფასის ნახევარია), ვინმეს დათანხმება ამ პირობებში ახალი პარტიების დაკონტრაქტებაზე ძალიან რთული იქნება. განუხორციელებელი პროექტები კი ძალიან ბევრია. აქ ნამდვილად გამოდგებოდა ევროპული ბაზარი.

აქედან გამომდინარეობს კიდეც ის მოჩვენებითი წინააღმდეგობა, რომელიც თავში ვახსენეთ. დიახ, ახლა ამერიკული LNG, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, ნამდვილად იყიდება (მათ შორის, ევროპაშიც) დაბალ ფასად. ბაზარზე კრიზისია, პროდუქცია კი სადღაც უნდა გაიყიდოს, ქარხნები უკვე აშენებულია, ხოლო ტრეიდერებს კონტრაქტები აქვთ გაფორმებული პირობებზე „გაათხევადე–ან–გადაიხადე“.

მეორე მხრივ, ევროპასაც უნდა ესმოდეს, რომ იაფი ამერიკული გაზი — ის ნამატია, რომელიც სხვა ვითარებაში სწრაფად წავა აზიურ (ხშირ შემთხვევაში, უფრო მოგებიან) ბაზრებზე. გინდათ გარანტირებული მოწოდებები? – გააფორმეთ კონტრაქტი ან გადაიხადეთ მეტი.

რამდენად ძვირი იქნება ამერიკული LNG სხვა მოწოდებებთან შედარებით?

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის არსებობს გაზზე (და LNG-ზე) ფასწარმოქმნის სამი ძირითადი ვარიანტი: სპოტური, ნავთობ–ბმით და ამერიკული LNG-სთვის, რომელიც აშშ-ის შიგნით გაზის ფასის და ამას პლუს გათხევადების საფასურზე დაყრდნობით წარმოიქმნება.

მიიჩნევა, რომ ბაზრის ნორმაში დაბრუნების შემთხვევაში გაზის საბირჟო ფასი დაახლოებით 200 დოლარი იქნება ათას კუბურ მეტრზე. ასეთივე იქნება გაზის ფასი ნავთობ–ბმით, თუ ნავთობის ერთი ბარელი 50 დოლარი ეღირება. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა „გაზპრომი“ უკვე ყიდის გაზის უდიდეს ნაწილს ევროკავშირში ბირჟაზე ფასბმით, ამიტომ სწორედ ამ კოტირებებზე სჯობს ორიენტირება და არა ნავთობ-ბმაზე.

და რა ფასად გადმოიტვირთება ამერიკული LNG? მისი ფასი დამოკიდებულია თავად აშშ-ის შიგნით გაზის, გათხევადებისა და ასევე ევროპაში მიწოდების ღირებულებაზე. ანგარიშს რომ არ ჩავუღრმავდეთ, ათას კუბურ მეტრზე 220–270 დოლარის დიაპაზონზე შეიძლება იყოს.  

სხვა სიტყვებით, თუ თავდაპირველად, 2013 წელს ამერიკული LNG სხვა მიწოდებებზე იაფად გამოიყურებოდა, ახლა არსებულ პირობებში ის უფრო ძვირია.

კიდევ ერთი საკითხი. რატომ უნდა შეიძინოს ევროპამ მაინცდამაინც ამერიკული LNG? რატომ არა კატარული ან რუსული? მით უმეტეს, თუ უახლოეს ხანებში აღმოჩნდება, რომ კატარის გაზის ნაწილი საბირჟო ფასებთან ბმით გაიყიდება?

თუ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს გვერდზე გავწევთ, მაშინ საამისო მიზეზები არ არსებობს. მოკლედ, ევროკავშირს დეფიციტის ჩანაცვლება ნებისმიერი გაზით შეუძლია. შესაძლოა ახლა სწორედ ამიტომაც მიდის საუბრები გაცვლაზე: ამერიკულ გათხევადებულ აირზე გათვლილი რამდენიმე ახალი LNG–ტერმინალი გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულების ნებართვის სანაცვლოდ. 

შევაჯამოთ. პირველი – რუსული გაზის ჩანაცვლება ამერიკული LNG-ით შესაძლოა მხოლოდ ორი პირობის ერთდროულად შესრულებით: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დახურვა და უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში რუსული ექსპორტის შეზღუდვა ფასებს შეინარჩუნებს მთელ გაზის ბაზარზე.

მეორე – ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკული LNG 10-30 პროცენტით ძვირი იქნება ბაზარზე სხვა გაზთან შედარებით, ან იგივე ფასი ეღირება — ყველაფერი გაზის ამერიკისშიდა კოტირებებზეა დამოკიდებული. მაგრამ აშშ-დან LNG-ს მოწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებით ევროპა საკუთარ თავზე იღებს ამერიკულ გაზზე შიდა ფასებთან დაკავშირებულ მთელ რისკს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

21
საპროტესტო აქცია მინსკში

მოსაზრება: ბელარუსი ფერად რევოლუციას მარხავს

31
(განახლებულია 19:40 23.10.2020)
ბელარუსული ოპოზიცია იმდენად უიღბლოა, რომ „წლის უიღბლოს“ ნომინაციაში დამარცხების შანსებიც კი აქვს, მიაჩნია პოლიტიკურ მიმომხილველს.

ირინა ალქსნისი  

მის წინააღმდეგ თამაშობენ როგორც მისგან დამოუკიდებელი გარემოებები, ისე მისივე ლიდერები, რომლებიც ისეთ ფეერულ ინიციატივებს აყენებენ, რომ საერთოდ გაუგებარია, როგორ უნდა დაფარცხოს ისინი მძიმე რეპუტაციული და საიმიჯო დანაკარგების გარეშე.

კვირას ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის თითქმის ორი კვირის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ წაყენებელ ულტიმატუმს ვადა გასდის. გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან მისი მოთხოვნების შესასრულებლად იოტისოდენი მზადყოფნაც კი არ შეინიშნება, „პრეზიდენტ სვეტას“ დაპირების თანახმად, ბელარუსი საერთო ეროვნული ჯანყის ქაოსში უნდა ჩაიძიროს — გზების დაბლოკვითა და სახელმწიფო მაღაზიებში გაყიდვების ჩამოშლით.

მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარება ყოველდღიურად სულ უფრო ფანტასტიკურად გამოიყურება.

როგორც ჩანს, ამის ეჭვი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოშიც გაუჩნდათ, რომელიც ახლა იმითაა შეწუხებული, როგორ დაუძვრეს ვითარებას მცირე დანაკარგებით. მისი ერთ-ერთი წევრი პაველ ლატუშკო აცხადებს, რომ ულტიმატუმის ვადის გასვლის კვალდაკვალ (რომელიც ხელის ერთი აქნევით გარდაიქმნება „სახალხოდ“) ისინი აქტიურობას გააძლიერებენ. ძალიან მოხერხებული ფორმულირებაა — ინტერპრეტაციისთვის ფართო შესაძლებლობებით და ამასთან არანაირი ვალდებულების მიმცემი.

მაგრამ ბელარუსში პროტესტების ყველაზე აშკარა ჩავარდნის მხოლოდ შიდა ფაქტორებთან მიბმა მაინც არ იქნებოდა სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, უმთავრეს როლს ასრულებს.

ბელარუსის ოპოზიციას არ გაუმართლა ხელისუფლების დამხობაში ფერადი რევოლუციის ფენომენის მასშტაბური დისკრედიტაციის მომენტში.

თითქმის 15 წლის განმავლობაში ეს ფენომენი რეალური საფრთხე იყო ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისთვის და იმავდროულად ოპოზიციისთვის სულისჩამდგმელიც. ფერადი რევოლუციები სრულყოფილ და ყოვლისშემძლე იარაღად მიიჩნეოდა არასასურველი მთავრობების შესაცვლელად და რეჟიმების დასამხობად. ეს ცნება ადემორალიზებდა ერთს და სწრაფი გამარჯვების იმედს აძლევდა მეორეს.

მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ სახით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის რეალურ შესაძლებლობაში უამრავი ისეთი ადამიანი იყო დარწმუნებული, რომლებსაც პოლიტიკასთან უშუალო შეხება არ ჰქონდათ.

ფერადი რევოლუცია ხომ უბრალოდ სახელმწიფო გადატრიალება არ არის. ის შეუძლებელია ჩვეულ სიტუაციაში აპოლიტიკური ხალხით სავსე ქუჩების გარეშე, რომლებმაც მკვეთრად დაიჯერეს ხელისუფლების დაუყოვნებლად შეცვლის აუცილებლობა ნათელი მომავლისთვის. სწორედ ამან უბიძგა ასობით ათას ადამიანს კაიროში ტაჰრირის მოედანზე გასვლისკენ 2011-ში და კიევის ევრომაიდანზე 2013-ში.

სხვათა შორის, ბელარუსულ პროტესტებსაც ასევე შეიძლებოდა თავიდან დაეტრაბახათ ფართო მასშტაბებით, მაგრამ ახლა აქციების რაოდენობა განუხრელად ეცემა კვირიდან კვირამდე.

საქმე მარტო ის კი არაა, რომ ადამიანები ამ ღონისძიებებში თავიანთი მონაწილეობის უშედეგობით დაიღალნენ და რომ ლოზუნგს „ლუკაშენკო, წადი“ სულაც არ აღმოაჩნდა მაგიური ძალა „არასწორი“ ეროვნული ლიდერის ძალით განსადევნად. ბელარუსული მოვლენების პარალელურად მსოფლიოს სხვა კუთხეებში მეტად ღირსშესანიშნავი პროცესები ხდება, რომლებიც რესპუბლიკის მოქალაქეებს აიძულებს, უფრო ფხიზლად შეაფასონ საკუთარ სახლში მომხდარი.

არსებობს ყირგიზეთი, რომელიც პირდაპირ ახლა ბოლო 15 წლის განმავლობაში მესამე კრიზისშია ჩაფლული, რომელსაც „ფერად რევოლუციად“ მოიხსენიებენ. ცოტას თუ გაუკეთებია ამ მოვლენის დისკრედიტაციისთვის იმდენი, რამდენიც ამ შუააზიურმა ქვეყანამ გააკეთა, ვინაიდან არც ერთ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელსაც თან ახლდა არეულობა და ანარქია, ყირგიზეთის მოსახლეობისთვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

არსებობს სომხეთი. ნებისმიერი მაიდნისა და მათი სულ უფრო გახშირებული წარუმეტებლობისა, სწორედ 2018 წლის ერევნის მოვლენები გახდა ხავერდის რევოლუციების სანიმუშო მაგალითი. აჯანყებულმა ხალხმა დემოკრატიის, ევროპული მომავლისა და კორუფციასთან ბრძოლის სახელით წარმატებით განდევნა მობეზრებული ხელისუფლება და სახელმწიფოს სათავეში დააყენა ის, ვისიც დაიჯერა. და ახალ ლიდერს უკვე შეუძლია დაიტრაბახოს პირველ წლებში გაკეთებულით. ყოველ შემთხვევაში, უკრაინისა თუ ყირგიზეთის მსგავსი კატასტროფული შედეგების არარსებობა უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად ამ დროში.

ტერმინი „ფერადი რევოლუცია“ ქვეცნობიერად გვიჩენს აზრს, რომ მსოფლიო საოცარი, მზიანი, მეგობრული ადგილია, სადაც ადამიანები ძმები არიან და საკმარისია ცალკეული მავნე ძალები მოაშორო სახელმწიფოს სათავიდან, რომ ქვეყანაც ასეთივე აყვავებულ ბაღნარად იქცეს.

ყირგიზეთი და სომხეთი ბელარუსული საზოგადოებისთვის ხილული შეხსენებაა იმისა, რომ მსგავსი წარმოდგენა — ეს ილუზიაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის კუთხით.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბელარუსში პროტესტები თანმიმდევრულად მოძრაობს გარდაუვალი ჩავარდნისკენ. და ამით რესპუბლიკა თავის ლურსმნებს დააჭედებს ფერადი რევოლუციების შესახებ მსოფლიო მითის კუბოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

31
ტრამპისა და ბაიდენის ტელედებატები

მოსაზრება: ბაიდენის არჩევნებში დამარცხებას რუსეთს ვერ დააბრალებენ

26
(განახლებულია 19:50 22.10.2020)
წინასაარჩევნო კამპანია ამერიკაში ფინიშს უახლოვდება — დღეს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლოჯერ შეხვდებიან ტელედებატებში.

პიოტრ აკოპოვი

ამასთან, ეს შეხვედრა, პრინციპში, შეიძლება უკანასკნელიც იყოს მათ ცხოვრებაში. აშშ-ში ახლა ვნებათაღელვა იმდენად მძაფრია, რომ ამ ორი ადამიანის კიდევ ოდესმე ერთად წარმოდგენა ძალიან ძნელია. საოცრებაც რომ მოხდეს და ბაიდენმა არჩევნები მოიგოს, ტრამპმა შეიძლება არც კი აღიაროს შედეგები, ან უბრალოდ, სულ ცოტა, ინაუგურაციაზე არ მივიდეს — ყველა ტრადიციის დარღვევით. აი, ბაიდენი კი არაფრის ფასად არ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ასე რომ, ხუთშაბათს მათ ბოლო შესაძლებლობა ექნებათ, უთხრან ერთმანეთს ის, რაც სურთ. და ისინი ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ.

ტრამპი ბაიდენს მთავარი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს უწოდებს და ჯოს ჩასმას მოითხოვს ციხეში (ვაჟთან, ჰანტერთან ერთად). ჯო ციხეში არ ჩაჯდება, მაგრამ როცა არჩევნებს წააგებს, მედიასაშუალებები იტყვიან, რომ ის „ოქტომბრის სიურპრიზმა“ მოცელა — ჰანტერის კომპიუტერში ნაპოვნმა და ამ დღეებში გამოქვეყნებულმა კომპრომატმა, რომელიც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს სიცრუესა და კორუფციაში ამხელს. მაგრამ ბაიდენი ამ მასალების გარეშეც წააგებდა არჩევნებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ტრამპი გამარჯვებისთვისაა განწირული. მაგრამ ეს როგორ, როცა ყველა გამოკითხვა ბაიდენის უპირატესობაზე მეტყველებს? ხომ არ შეიძლება, რომ შედეგები გამოგონილი იყოს?

შეიძლება. იმიტომ რომ ფსონები ისე მაღალია, როგორც არასდროს. და არ არსებობს ისეთი ტყუილი, რომელზეც ტრამპის წინააღმდეგ მოთამაშეები არ წავლენ.

„მე კენჭს ვიყრი არა მარტო მემარცხენე მედიასაშუალებების, არამედ დიდი ტექნოლოგიური კომპანია–გიგანტებისა („ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „გუგლი“) და „ვაშინგტონური ჭაობის“ წინააღმდეგ“, — განაცხადა ტრამპმა ცოტა ხნის წინ. და ამის საუკეთესო დასტურად იქცა ამ სამთავიანი მონსტრის რეაქცია ბაიდენის ოჯახის შესახებ გამოჩენილ კომპრომატზე. „ნიუ-იორკ პოსტის“ პუბლიკაცია უბრალოდ დაბლოკეს — ის არ ჩანდა „გუგლის“ საძიებელში, ხოლო „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ მისი გაზიარების საშუალება მოსპეს. რაღა თქმა უნდა, მედიასაშუალებებიც ცდილობდნენ, უბრალოდ არ შეემჩნიათ სკანდალური პუბლიკაცია, ხოლო პოლიტიკოსების უმეტესობა ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა. ანუ სამივე ძალა სინქრონულად მოქმედებდა, რითიც ტრამპის სიმართლეს ამტკიცებდა. ამასთან მაშინვე გაჟღერდა ბრალდებებიც რუსეთის წინააღდეგ — ხომ გასაგებია, რომ მოსკოვი ისევ ჩაერია ამერიკულ არჩევნებში და ბაიდენზე კომპრომატი შემოაგდოო.

ამაზე საუბრობდნენ არა მარტო კომენტატორები და კონგრესმენები, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლებიც. ყოფილი თანამშრომლები — ვინაიდან აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ ბაიდენის ნოუთბუქში ნაპოვნი ინფორმაცია „რუსეთის რაიმე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი არ არის“. მაგრამ 50-მდე ყოფილმა მზვერავმა (რეტკლიფის წინამორბედ ჯიმ კლეპერის ჩათვლით, რომელიც სიცრუეში ამხილეს) ღია წერილი დაწერეს, გამოცდილება „გვაიძულებს, სერიოზულად დავეჭვდეთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი რუსეთის მთავრობამ ითამაშაო“:

„აშშ-ში პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილი ელექტრონული წერილები, რომლებიც სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ეკუთვნის და რომელთა დიდი ნაწილი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ის უკრაინულ გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობაში მუშაობდა, რუსეთის საინფორმაციო კამპანიის ყველა ნიშანს ატარებს“.

ანუ რუსეთს იმაში კი არ ადანაშუალებენ, რომ მან ბაიდენზე კომპრომატები გააყალბა, არამედ იმაში, რომ მან ისინი გაავრცელა. მაგრამ როგორ, როცა რუდი ჯულიანის (ტრამპის ყოფილი ადვოკატი) თქმით, ჰანტერ ბაიდენის კომპიუტერის მყარი დისკის შემადგენლობა უკვე შვიდი თვის წინ გადაეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს? ანუ მოსკოვს ეს მასალები „ოქტომბრის სიურპრიზის“ სამზადისში დამალული ჰქონდა? თუ თავად ტრამპის შტაბმა და მისმა მრჩევლებმა გააკეთეს, იმავე ჯულიანის ჩათვლით? უი, არა, ჯულიანი ხომ პუტინზე მუშაობს... და ეს ხუმრობა არ არის: როგორც სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, „ამჯერად რუსებმა ამერიკელების თავის აგენტებად დამუშავება გადაწყვიტეს. ისინი ცდილობენ განავრცონ თავიანთი პროპაგანდა მეინსტრიმულ მედიაში... და მათ წარმატებას მიაღწიეს. იცოდეთ, რუდი ჯულიანი ახლა არსებითად რუსეთის აგენტია“.

დიახ, რა თქმა უნდა. თუ თავად ტრამპი მუშაობს კრემლზე, მის თანამშრომლებსა და დაახლოებულ პირებზე რაღა ითქმის. სიცილი სიცილად, მაგრამ ვითარების სწორედ ასეთი არაადეკვატური შეფასება და ამერიკელებისთვის „რუსეთის ჩარევის“ მიყიდვის მცდელობა, ბაიდენების ოჯახზე კომპრომატების ისტორიაშიც კი, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ტრამპმა უკვე გაიმარჯვა. იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგეები სრულად გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელშიც რუსები გავლენას ახდენენ აშშ-ის არჩევნების შედეგებზე, ხოლო ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა ორნიშნა რიცხვებით განისაზღვრება. თანაც ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება და ერთმანეთს არანაირად არ ეწინააღმდეგება.

მაგრამ რეალურ სამყაროში ჩვენ სულ სხვა რამეს ვხედავთ: ტრამპის მომხრეთა უზარმაზარ რაოდენობას მის დაუსრულებელ მიტინგებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ენთუზიაზმის არარსებობას ბაიდენის იშვიათ შეხვედრებზე მცირე რაოდენობის მომხრეებით; ტრამპის მხარდაჭერის ზრდას უმცირესობის (მაგალითად, ფერადკანიანებისა და მუსლიმების) წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საერთოდაც არ შეადგენენ ელექტორატს, ტრამპის რუსეთთან კავშირის დაუსაბუთებლობასა და ბაიდენის ოჯახის სიცრუისა და კორუფციონერობის სულ ახალ მტკიცებულებებს. და რაც ყველაზე მთავარია: რეალურ სამყაროში ამერიკელები დიდი ხნის წინ განიხიბლნენ პოლიტიკური ელიტისა და ზეპარტიული „ვაშინგტონური ჭაობისგან“ და სწორედ ამიტომ ტრამპის ერთადერთ სერიოზულ ალტერნატივად არასისტემური სენატორი სანდერსი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ სწორედ თავისი არასისტემურობის გამო არ დაუშვა ის არჩევნებზე „კოლექტიურმა ბაიდენმა“.

რიგითი ამერიკელები რეალურ სამყაროში ცხოვრობენ და არა პროპაგანდისა, ამიტომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგი ბედისწერითაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭირო „მერყევ შტატებში“ ხმებს წაიმატებენ პასიური დემოკრატიული ელექტორატის ფოსტით ხმის მიცემაზე მობილიზაციის გზით, ეს იმიტომ, რომ იმ შტატებშიც შეინიშნება იმათი რაოდენობის ზრდა, ვინც რესპუბლიკელებს წინასწარ მისცა ხმა.

გამოგონილი სამყარო 3 ნოემბერს დამარცხდება, თუნდაც ქაოსი მოაწყოს და არ აღიაროს რეალობა. სამთავიან ჰიდრას რევანშის იმედი ექნება და ამაზე იმუშავებს როგორც ამერიკის, ისე გლობალური მასშტაბით. და, აი, იქ უკვე ექნება მას სრული უფლება, დაადანაშაულოს რუსები თავის წარუმატებლობაში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

26
თემები:
რუსეთი დღეს
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

0
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020