თეთრი სახლი

მოსაზრება: რატომ განუახლა შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები

51
(განახლებულია 19:32 22.09.2020)
შეერთებულმა შტატებმა ანტიირანული სანქციები სრული მოცულობით აღადგინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს იმით ახსნა, რომ თეირანი არ ასრულებს „ბირთვული შეთანხმების“ პირობებს.

გალია იბრაგიმოვა

გაეროსა და ევროკავშირში ამერიკელთა არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალეს და უარი თქვეს, შეერთებოდნენ ვაშინგტონს. რისკენ ისწრაფვის თეთრი სახლი და რა პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას?

ცალმხრივი ზეწოლა

„გაეროს უშიშროების საბჭომ არ გაუხანგრძლივა ირანს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო. მაგრამ აშშ უმოქმედოდ არ რჩება და სანქციები დააბრუნა. თუმცა ამჯერად არა მარტო თეირანის, არამედ ემბარგოს ყველა დამრღვევის მიმართ“, — განაცხადა მაიკ პომპეომ და მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონს.

მაგრამ რეაქცია საპირისპირო გამოდგა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა („ევროსამეული“) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც თეთრი სახლის ნაბიჯებს გმობდნენ.

„აშშ ირანულ პროგრამაზე მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმიდან 2018 წლის 8 მაისს გავიდა და აღარ მიიჩნევა „გარიგების“ მონაწილედ. ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონის არანაირ გადაწყვეტილებას არ აქვს იურიდიული ძალა“, — აღნიშნეს „ევროსამეულის“ მინისტრებმა.

პარიზი, ბერლინი და ლონდონი, პირიქით, სანქციების შესუსტებას განაგრძობენ. მინისტრების თქმით, ირანისთვის შეზღუდვების მოხსნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციითა გათვალისწინებული. ამ დოკუმენტმა ოფიციალურად დაამტკიცა 2015 წელს შეთანხმებული „ბირთვული გარიგება“.

„ჩვენ გამუდმებით ვუჭერდით მხარს მის შენარჩუნებას და განვაგრძობთ ამის კეთებას“, — ხაზი გაუსვეს ევროპელებმა.

ევროპული დაპირებები

დონალდ ტრამპი „გარიგებიდან“ ორი წლის წინ გავიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ თეირანი ფარულად ავითარებს ბირთვულ პროგრამას. მას არანაირი მტკიცებულებები არ მოუყვანია, თუმცა სანქციების დაბრუნება კი მოითხოვა.

რუსეთმა, ჩინეთმა და ევროპელებმა ეს დაგმეს და ხაზი გაუსვეს, რომ დოკუმენტი აშშ-ის გარეშეც განაგრძობს მოქმედებას. გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური კანონიც კი მიიღეს, რომელიც კომპანიებს ირანთან თანამშრომლობის უფლებას ანიჭებს. იმისათვის, რომ ბიზნესს აშშ-ის ზეწოლისა არ შეშინებოდა, განსაკუთრებული საფინანსო მექანიზმი INSTEX-იც კი შეიმუშავეს.

თუმცა, ეფექტი შეზღუდული აღმოჩნდა. კომპანიები მაინც ტოვებდნენ ირანის ბაზარს და ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა მკვეთრად დაეცა. თეირანთან თანამშრომლობა ჩინელებმაც კი გაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა დაგმო ამერიკული სანქციები.

ირანის ხელისუფლებამ მოლოდინის რეჟიმი აირჩია იმის იმედით, რომ ევროპელები მოახერხებდნენ ვაშინგტონის დარწმუნებას – არ დაეთრგუნა ბიზნესი. მაგრამ იმის კვალდაკვალ, თუ როგორ გადიოდნენ უცხოური კომპანიები ქვეყნიდან, ხოლო ვაშინგტონის შერბილების იმედი ქრებოდა, თეირანმა ბირთვულ პროგარამაზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

ფორმალურად მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA) მუშაობს, მაგრამ „გარიგების“ მონაწილეთა ურთიერთბრალდებები მისდამი ნდობას ანგრევს. თეირანის უარს, დაიცვას დოკუმენტის პირობები, ვაშინგტონი „აიათოლების რეჟიმზე“ ახალი შეტევის ახალ არგუმენტად იყენებს.

„ემბარგოს გაუქმება არ უნდა დაიშვას“

ყველაზე მეტად ამერიკელები იმას უფრთხიან, რომ 18 ოქტომბერს თეირანს იარაღზე ემბარგო მოეხსნება. ამ შიშებს ირანის მეზობლები კიდევ მეტად ამწვავებენ.

მაგალითად, ისრაელი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და კუვეიტი მიუთითებენ, რომ აკრძალვების გაუქმების შემდეგ ისლამური რესპუბლიკა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და თანამედროვე გამანადგურებლებს შეიძენს რუსეთისა და ჩინეთისგან. ეს გააძლიერებს ირანს და რეგიონში ვითარებას გაართულებს. იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ დაუშვან, თეირანის მოწინააღმდეგეები აშშ-ის გავლით მოქმედებენ.

აგვისტოში ამერიკელებმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს რეზოლუცია იარაღის ემბარგოს გახანგრძლივების თაობაზე და ეს იმით გაამყარეს, რომ თეირანი „ჰესბოლას“ აიარაღებს ლიბანსა და სირიაში, ასევე შიიტ ბოევიკებსაც აწვდის იარაღს ერაყში, რომლებმაც არაერთხელ მოაწყვეს შეჯახება ადგილობრივ სამხედროებთან.

„ევროსამეული“ ამერიკელების შიშებს იზიარებს, მაგრამ მათ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთმა და ჩინეთმა კი მიანიშნეს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ყველა ძალისხმევას დაბლოკავენ. ირანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ასეთი რეზოლუცია საბოლოოდ დაუსვამს ჯვარს „ბირთვულ გარიგებას“.

გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო ამერიკული პროექტი. მაგრამ უკვე ერთი კვირის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც თითქოს ადასტურებდა, რომ თეირანი „გარიგებით“ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი დადგენილ ნორმაზე 300 კგ-ით მეტი დააგროვა.

მაიკ პომპეო არ მალავდა, რომ ვაშინგტონს სანქციების სრული მოცულობით აღდგენა სურდა. უშიშროების საბჭოში მათ შეახსენეს: აშშ-ს არ შეუძლია იმსჯელოს „გარიგების“ პირობების დაცვაზე, ვინაიდან ის იქიდან გავიდა. ამერიკელებმა კი უპასუხეს, რომ ისინი კვლავინდებურად რჩებიან მათ შორის, ვინც რეზოლუცია 2231 დაამტკიცა და, შესაბამისად, ინარჩუნებენ სანქციების უფლებას.

ამასთან მიუთითეს, რომ, „გარიგების“ თანახმად, თუ ირანის მიმართ საჩივრის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში ზომებს არ მიიღებდნენ, სანქციები აღდგებოდა. ვადა 20 სექტემბერს ამოიწურა.

მოლოდინის დიპლომატია

„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში უშიშროების საბჭოში კონსენსუსის არარსებობას დაეყრდნო და ამერიკული სანქციების აღდგენას წინააღმდეგობა გაუწია. ამერიკულ გადაწყვეტილებას იგნორირებით უპასუხეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოშიც, ევროპაში კი მკვეთრად გააკრიტიკეს. ვაშინგტონი საკმაოდ დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, — მიაჩნია ექსპერტ ანდრეი ბაკლიცკის.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა სანქციებმა მაინც დააფრთხოს უცხოური ბიზნესი. თუ ოქტომბერში იარაღის ემბარგო გაუქმდება, კომპანიებიდან ბევრი მაინც არ მოისურვებს ირანთან ვაჭრობას. აშშ-ის ზეწოლის ქვეშ აღმოჩენის საფრთხე გადაწონის. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ვაშინგტონის ქმედებები მეტისმეტი ჩანს.  

„ევროპული კანონმდებლობა იარაღის ემბარგოს 2023 წლამდე მოიაზრებს. ამიტომ საერთაშორისო აკრძალვების მოხსნის შემთხვევაშიც კი ევროკავშირი ვერ შეძლებს თეირანთან თანამშრომლობას ამ სფეროში. რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო საინტერესოა. ამ ქვეყნების ის კომპანიები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ირანისთვის იარაღის მიყიდვა, უკვე სანქცირებული არიან. მათ არავინ უშლის ხელს, დადონ პომპეზური გარიგებები თერანთან ემბარგოს მოხსნის შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაირანი იარაღს მაშინვე მიიღებს, მაგრამ აშშ-ის მორალური მარცხი აშკარა იქნება“, — მიაჩნია ბაკლიცკის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რაფაელ სატაროვი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეირანმა აშშ-ის ცალმხრივ სანქციებზე თავშეკავებული რეაქცია გამოავლინა. მისი თქმით, ირანის ხელისუფლებას არ სურს ვითარების გამწვავება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

„ისლამურ რესპუბლიკას ესმის, რომ აშშ-ის მიმართ ნებისმიერი მკვეთრი გამონათქვამი მხოლოდ ზიანს მიაყენებს. ტრამპი მაშინვე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ირანთან მორიგ კრიზისს და რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს. გარდა ამისა, ახლა ევროპა, რუსეთი, ჩინეთი და გაერო ირანის მხარეს არიან. სიტყვიერ კონფრონტაციას აზრი არ აქვს. ხოლო ცალმხრივ სანქციებს საერთაშორისოდ აღიარებული კანონიერი ძალა არ აქვს“, — ამბობს სატაროვი.

გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ აშშ-ის შემდგომი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ამერიკელები შეძლებენ დაუბრუნდნენ „გარიგებას“. მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ირანის ირგვლივ ვითარება შეიცვალა და ამიტომ „გარიგებაში“ დაბრუნება არც ისე მარტივი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

51
ალექსეი ნავალნის სასამართლო

მოსაზრება: დასავლეთი ახალი სანქციებით რკინის ფარდას აფარებს

4
(განახლებულია 15:04 04.03.2021)
ახალი სანქციების ირონიზირება, რომლებიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს, მარტივია — ნავალნის გამო მიღებულ გადაწყვეტილებებში ბევრი წინააღმდეგობა და არათანმიმდევრულობა შეინიშნება

ირინა ალქსნისი

უფრო ძნელია იმ ლოგიკისა და მიზნების გაგება, რომლითაც აშშ და ევროპა ხელმძღვანელობენ. მათი ქმედებების გეგმაზომიერება და შეთანხმებულობა, მიუხედავად ყველა პარადოქსისა და ადგილ–ადგილ აბსურსულობისა, ეჭვს არ ტოვებს, რომ ყველაფერ ამას საფუძვლად სრულიად რაციონალური მოსაზრებები უდევს.

დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია (2010–იანების შუა წლებიდან), რაც ევროპელებსა და ამერიკელებს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში ესოდენი სოლიდარობა და ენთუზიაზმი არ გამოუვლენიათ. სანქციები ატლანტიკის ორივე მხარეს უბრალოდ ერთ დღეს კი არა, არამედ თითქმის ერთ მომენტში გამოცხადდა. ანუ ეს ნამდვილად სცენარით გათვალისწინებული სვლა იყო.

სანქციები უპირატესად რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაუწესდათ, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა და იქ ჰიპოთეტური აქტივების გაყინვა დიდად არ ანაღვლებთ. მსგავსი ვითარებაა სამეცნიერო ორგანიზაციების შემთხვევაშიც, რომლებსაც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებაში ედებათ ბრალი. მთლად ანეგდოტურად კი შეიძლება მივიჩნიოთ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, შეუწყვიტოს რუსეთს დახმარება — იქმენა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი პარტნიორები ისევ 1999 წელში ცხოვრობენ.

ამასთან თავად ალექსეი ნავალნი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პირდაპირ აცხადებდა, რომ „რომელიღაც გენერლებისა და პოლკოვნიკებისთვის, რომლებიც ბევრს არ მოგზაურობენ მსოფლიოში, არ აქვთ ბევრი ქონება ან საბანკო ანგარიშები ევროპაში, სანქციების დაწესება უაზრობაა“. მაშინ მან ევროკავშირს რუსლი ოლიგარქების ფულისკენ დამიზნება ურჩია.

უნდა ვაღიაროთ, რომ მსხვილ ბიზნესმენებზე დარტყმა დანმდვილად ბევრად საგრძნობი იქნებოდა როგორც პირადად მათთვის, ისე ეროვნული ეკონომიკისთვის. ერთობლივი სტრატეგიული პროექტების (როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი–2“) დახურვის ნეგატიურ ეფექტზე კი საუბარიც არაა საჭირო. მაგრამ დასავლეთმა,  მიუხედავად გაძლიერებული რუსოფობიული რიტორიკისა, კვლავ გარეგნულად ეფექტური და კონფრონტაციული, არსებითად კი სრულიად უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა არჩია.

არანაკლები უცნაურობა შეინიშნება ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციაში რუსი ოპოზიციონერის მიმართ, რომელსაც ესოდენ მძვინვარედ იცავენ.

ერთი მხრივ, დასავლეთმა ნავალნი კრემლის მთავარი მტრისა და იმავდროულად მთავარი მსხვერპლის რანგში აიყვანა და არაერთი პატივი მიაგო. ევროკავშირმა სანქციების ახალი  გლობალური რეჟიმიც კი შექმნა ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის და დაწესებული რესტრიქციები იქცა კიდეც მისი გამოყენების პირველ შემთხვევად. ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასაოცარი გადაწყვეტილება გამოიტანა, მოითხოვა რა ბლოგერის გათავისუფლება გარანტიის სახით.

მეორე მხრივ კი აშკარაა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა უმცირეს ილუზიებსაც კი არ განიცდიან ბლოგერის პიროვნების მიმართ. ეგივე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერაფერ პოლიტიკური ვერ დაინახა „ივ როშეს“ საქმეში, რომლის გულისთვისაც აღმოჩნდა კიდეც ალექსეი ნავალნი ვლადიმირის ოლქის კოლონიაში.

ხოლო Amnesty International–ს ვერაფერი უშველა ვერც მორალურმა მოქნილობამ და ვერც პოლიტიკურმა კონიუნქტურულობამ. ორგანიზაციამ უარი თქვა, ეღიარებინა ნავალნი „სინდისის პატიმრად“ — და მისი გაგება შეიძლება: რუსი ოპოზიციონერი ძალიან ბევრ რასიტულ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს ავრცელებდა წარსულში.

სხვათა შორის, თავიდან ევროკავშირი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ახალი სასანქციო რეჟიმისთვის პირდაპირ ალექსეი ნავალნის სახელი ეწოდებინა. მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ დროულად გააცნობიერა, რომ ამის გაკეთება „გმირის“ ბექგრაუნდის გამო არ ღირდა და იდეაზე უარი თქვეს.

საბოლოოდ დასავლეთის, განსაკუთრებით ევროპის საქციელი აქეთ–იქით ბორგვას ჰგავს, მოსკოვთან კონფლიქტისთვის არც ისე შესაფერისი საბაბების გამოყენებით.

თუმცა ეს ყველაფერი მშვენივრად აიხსნება, თუ მომხდარში საგანგებო რეჟიმში (და ცოტა პანიკურშიც კი) ღრმა თავდაცვაზე გადასვლას დავინახავთ.

რუსეთის ავროპასთან და აშშ–სთან ურთიერთობები პირდაპირ ახლა მორიგ ტრანსფორმაციას განიცდის. გასული ათწლეულის შუა წლების მღელვარე მოვლენები დასავლეთისთვის იყო მცდელობა, საბოლოოდ გაეჭყლიტა რუსეთი და იძულებული გაეხადა ის, გამოეცხადებინა სრული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კაპიტულაცია. ამასთან მას იოტისოდენი ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ ეს წამოწყება მისი წარმატებით დასრულდებოდა. უფრო მეტიც, დასავლეთში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ ყველაფერს „მცირე სისხლის დათხევით“ მიაღწევდნენ საკუთარი თავისთვის არც ისე მტკივნეული ზომების სახით, ვინაიდან, მაგალითად, მოსკოვის გათიშვა SWIFT–იდან უკიდურესად უსიამოვნო იქნებოდა დასავლური ბიზნესისთვის.

რუსეთმა კი კიდევ ერთხელ მოაწყო სიურპრიზი, გაუძლო რა კოლექტიურ ზეწოლას, და რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარება მერყევ წონასწორობას ინარჩუნებდა. დაპირისპირება ნომინალურად ნარჩუნდებოდა, მაგრამ სანქციები პროფანაციად და ცარიელ ფორმალობად გადაიქცა. სამაგიეროდ მხარეებს შორის, განსაკითრებით, ევროპასთან, თანამშრომლობამ სწრაფად აღდგენა დაიწყო.

მაგრამ ბოლო ორიოდე წლის, განსაკუთრებით, შარშან მომხდარმა მოვლენებმა დასავლეთი აიძულა, ფხიზლად შეეხედა რუსეთისთვის და თავიდან გაეაზრებინა მასზე შექმნილი წარმოდგენები. დასავლეთმა გააცნობიერა, რომ საქმე მომაკვდავი „ბოროტების იმპერიის“ შემთხვევით წარმატებასთან კი არ ჰქონდა საქმე, არამედ ძლიერ „დერჟავასთან“, რომელსაც კოლოსალური პოტენციალი, სერიოზული ამ ბიციები და სახელშო დამალული უამრავი ტუზი აქვს.

ევროპას კი გარანტირებულად აშინებს ნამძვილად მძლავრი რუსეთი. ყველაფრიდან ჩანს, რომ იქ მართლაც სერიოზულად დაფრთხნენ, შენიშნეს რა, რომ მოსკოვი შეტევაზე გადადიოდა რამდენიმე მიმართულებით — ეკონომიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიური და მედიამიმართულებებით. აი საკუთარი ძალებისა კი  ბოლომდე არ სჯერათ და ამიტომაც ახლა დაჩქარებული წე სით აფარებენ რკინის ფარდას.

დასავლეთი ფაქტობრივად ცდილობს შექმნას ცივი ომის კონფიგურაცია, როდესაც დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის (განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირსა და დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს შორის) უერთიერთხელსაყრელი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა არხი ყრუდ იყო გადაკეტილი — ზოგის გამოკლებით. თუმცა მაშინ უცხოეთის „გამხრწნელი გავლენის“ არდაშვებას ძირითადად საბჭოთა მხარე ცდილობდა.

დასავლეთის მიერ ალექსეი ნავალნის გამოყენება მოცემული ამოცანის შესასრულებლად შეიძლება სრულიად წარმატებულად ჩაითვალოს. თუმცა თავად ევროპისა და შტატების სწრაფვა, გაიმეორონ საბჭოური შეცდომა, დიდ გაოგნებას იწვევს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

4
თემები:
რუსეთი დღეს
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

26
(განახლებულია 13:54 04.03.2021)
ორიოდე დღის წინ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს მომლაპარაკებლად ცნობილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია და ფაქტობრივად 31 ოქტომბრის შემდეგ გაბუტული ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასვა.

ამ შეხვედრას შეიძლება თამამად ეწოდოს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, რადგან ეს სწორედ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მიერ დაწყებული დიალოგის გაგრძელებას ჰგავდა. თუმცა უცნაური ის აღმოჩნდა, რომ მხარეებმა ევროპელ სტუმართან მოლაპარაკებებზე თანხმობა დააფიქსირეს, ორკვირიანი ვადაც დათქვეს კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად და შეთანხმების გასაფორმებლად. მაგრამ მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირება დაიწყო. ცნობილია, რომ პიკეტირება და შემდეგ მომიტინგეების დაკავება მაინცადამაინც სასიკეთოდ ვერ მოქმედებს შეთანხმების პროცესზე.

და, მაინც, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება? ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გამოშვებაა, რისი რამდენიმე სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არსებობს და ეს ხელისუფლებას ნამდვილად არ გაუჭირდება, თუ სურვილი იარსებებს. მაგალითად, კახა კუკავა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, მელიას ორ-სამ დღეში გაათავისუფლებენო. ვნახოთ, შესრულდება თუ არა ეს პროგნოზი. აქ ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტის სამედიაციო ფუნქციის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:

ვადამდელი არჩევნები – ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დანიშვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შექმნა კომისია, რომელიც პარლამენტში საარჩევნო დარღვევებს გამოიძიებს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თუ 1 პროცენტის გაყალბებას მაინც დაამტკიცებს ოპოზიცია, ის მზადაა გადადგეს და ვადამდელ არჩევნებზეც თანახმაა. თუმცა ოპოზიციამ შესანიშნავად იცის, რომ ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებს, რადგან თუ რაიმეს დამტკიცება შეეძლოთ, ეს „ცხელ კვალზე“, არჩევნების დროს იყო ყველაზე უკეთ შესაძლებელი. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მმართველ გუნდს მხარს არჩევნებზე მოსული მოსახლეობის 48 პროცენტი უჭერს, უმრავლესობის გული კი ან ინდიფერენტულია, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტო მოსწონს. ამ ფონზე ყველაზე გონივრული სწორედ საარჩევნო ცვლილებებია.

საკონსტიტუციო ცვლილებები – ცნობილია, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის კონსტიტუციაში 5-პროცენტიანი ბარიერია ჩაწერილი, რაც მოლაპარაკების ერთ-ერთი თემაა. საუბარია როგორც ამ ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევაზე, ასევე საერთოდ ბუნებრივი ბარიერის შემოღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, ვინც 1 პროცენტს მაინც აიღებს, პარლამენტში მოხვდება. 5-პროცენტიან ბარიერს კი, დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავენ. ახლა ექსპერტები გახარიას პოპულარობის გამო საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა გახარიამ ე.წ. მესამე ძალა შექმნას, რომელიც სრულიად შეცვლის ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. მაგრამ ჯერ არც არავინ იცის, ბრუნდება კი გიორგი გახარია პოლიტიკაში, თუ მას მხოლოდ ასეთი დემარშით წასვლა სურდა და ამით მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მიმართ არსებული პრეტენზიების გადამისამართება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. ეს მაშინ, როცა პარლამენტში დღეს 100 დეპუტატიც კი არ არის. რამდენჯერმე გაიჟღერა ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას მხრიდან, რომ ისინი მზად არიან, ერთჯერადად შევიდნენ პარლამენტში და ხმა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცენ. თუმცა პარლამენტში ერთჯერადი მხოლოდ საშვია და ისიც არაა სრულფასოვანი. საქმიან ადამიანებს იქ მუდმივი საშვი აქვთ. ასე რომ, იქ შესვლა, დისკუსიებში მონაწილეობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სწორედ იმ საკანონმდებლო პროცესის ნაწილია, რის გამოც ხალხმა აირჩია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

პლებისციტი – აი, ეს კი გაცილებით მარტივია. „ლელო“ და ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ჩანს, მუდმივად ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით დაიღალნენ. თანაც, ხელისუფლება ამტკიცებს, ეს წითელი ხაზია, ვადამდელს არ დავნიშნავთ და სხვა რაც გინდათ, მოითხოვეთო. პლებისციტი თემაზე, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ამაზე ევროპელი დიპლომატებიც საუბრობენ. თუმცა ძალიან მარტივი ლოგიკით, პლებისციტი და შემდეგ ისედაც გეგმური ადგილობრივი არჩევნები ამ კორონაპანდემიის ხანაში შეიცავს როგორც ჯანმრთელობის რისკებს, ასევე ეკონომიურად საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიუჯეტს.

საარჩევნო ცვლილებები – ყველა ის ცვლილება, რაზეც საუბარი იყო ხელისუფლებასა და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ შორის მოლაპარაკებისას, უკვე ინიცირებულია პარლამენტში. სავარაუდოდ, ორ კვირაში მათი პირველი მოსმენით მიღებაც შეიძლება. ცვლილებები ნამდვილად სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიის წარმომადგენლობას და ხმების ელექტრონულად დათვლას ითვალისწინებს. წესით, ამ ცვლილებების შემდეგ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარს ან თავი უნდა დაანებოს, ან საკუთარ თავს დააბრალოს.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია დამატებით ამ ორი კვირის ვადაში, სულ მალე გახდება ცნობილი. მანამდე კი იმ ნაბიჯებზე მოგახსენეთ, რაც უკვე გადაიდგა და მომავალშიც, სავარაუდოდ, გადაიდგმება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

 

26
Wizz Air

Wizz Air–ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 20 მიმართულებით განახორციელებს

0
(განახლებულია 16:03 04.03.2021)
ნათია თურნავას განცხადებით, საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენის სიხშირე გაზარდა.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლის ყველა მიმართულებით განახლების გადაწყვეტილება მიიღო. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თურნავას განმარტებით,  საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანიამ ავიარეისები  უკვე განაახლა, გარდა ამისა,  ქვეყნის ავიაბაზარზე რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის.

„თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა" კვირაში ორი სიხშირით, Fly Dubai–მ კვირაში ოთხი სიხშირით, Air Arabia–მ კვირაში ორი სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან ამ ჩამონათვალს დაემატება  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways–ი, რომელიც  ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. გარდა ამისა, ავიარეისებს შეასრულებს  ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Fly Aristan–ი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეხება ავიაკომპანია Wizz Air–ს,  რომელიც ოპერირებას მარტის ბოლოდან  განაახლებს, ავიარეისებს 20 მიმართულებით შეასრულებს – კვირაში 45 ფრენა. ასევე, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi, რომელიც კვირაში ორი სიხშირით ავიარეისებს  აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით შეასრულებს. 

​როგორც მინისტრმა განაცხადა, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ზოგიერთმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების სიხშირე გაზარდა. აღნიშნული ტენცენცია გაგრძელდება ზაფხულის პერიოდშიც.

„მარტში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში დაახლოებით 70–მდე რეგულარული რეისი განხორციელდება, ხოლო ზაფხულში კი ფრენების რაოდენობა 200–ს მიაღწევს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

0
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში