„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა

მოსაზრება: რუსეთი ვერაფრით დაეხმარება გერმანიას

58
(განახლებულია 21:04 14.09.2020)
როცა თავად არ შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობას სხვას აკისრებ. ბერლინში აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე გერმანიის რეაქცია, რომლის ნაწილიც შეიძლება იყოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაჩერება, ბევრადაა დამოკიდებული რუსეთზე.

პიოტრ აკოპოვი

„ჩვენ დღის წესრიგში ყველა ვარიანტს დავაყენებთ და შესაფერის დროს მივიღებთ გადაწყვეტილებას. რუსეთს, გამოძიებაში ჩართვით, შეუძლია წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ იყოს“, — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა. ანუ რუსულ–გერმანული ურთიერთობების მომავალი კრემლზეა დამოკიდებული?

მაგრამ რეალურად ეს გერმანიის ხელმძღვანელობა დგას ისტორიული არჩევანის წინაშე — მის უახლოეს ნაბიჯებს განმსაზღვრელი, მართლაც ისტორიული შედეგები ექნება მომავლისთვის. არა რუსეთ–გერმანიის ურთერთობების მომავლისთვის, არამედ თავად გერმანიისა და ე.ი. მთელი ევროპისთვის.

ეს იმიტომ, რომ ნავალნისთან დაკავშირებული მთელი ისტორია ახლა უკვე არის გამოცდა არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისა და მისი ევროპული პროექტისთვის. ნავალნის უცნაური მოწამვლის ისტორია (თუ ეს მართლაც ასეა) ჯერჯერობით ისევ ძალიან მღვრიეა, მაგრამ მისი სრულიად კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა აშკარაა. გერმანიას აიძულებენ, შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, თუმცა კარგად იციან, რომ თითქმის დასრულებულ პროექტზე უარის თქმა ძალიან სერიოზულ შედეგებს მოიტანს. არა გერმანული ეკონომიკისთვის (მშენებლობაზე დახარჯული 10 მლრდ ევრო კაპიკებია გერმანიისთვის), არამედ გერმანიის რეპუტაციისთვის.

რუსები საბოლოოდ დაკარგავენ რწმენას, რომ გერმანია დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, ხოლო ანგლოსაქსები დარწუნდებიან, რომ, გასული საუკუნის მსგავსად, გერმანელებით მანიპულირება შესაძლებელია — უგუნური ნაბიჯებისა და მათი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ბიძგებით. ევროპელების უდიდესი ნაწილი (მათ შორის იტალიელები და ავსტრიელები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რუსთთან გაზის პროექტებში) დარწმუნდება იმაში, რომ ბერლინი მზადა არაა, ანგარიში გაუწიოს საერთო ევროპულ ინტერესებს. და, რაც ყველაზე მთავარია, თავად გერმანელები დაინახავენ, რომ სუვერენიტეტი მაინც ვერ დაიბრუნეს. ასე რომ, გერმანული პასუხის ფასი ნავალნის მოწამვლაზე ძალიან დიდია, პირველ რიგში, თავად გერმანიისთვის.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ — ეს უბრალოდ მარკერია, სიმბოლო. მაასის მტკიცების მიუხედავად, რუსეთს არაფრით შეუძლია დაეხმაროს ბერლინს: არანაირი ჩართვა ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში არ მოხსნის გერმანიის ხელისუფლებას იმ ვალდებულებას, რომ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს. გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე სანქციების ომის დაწყება რუსეთთან ყირიმის შემდეგ.

ბოლო წლებში ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ანგლოსაქსებისა და მათი აღმოსავლეთ ევროპელი სატელიტების მცდელობას, გაეჩერებინათ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ იმ მიზეზით, რომ მისი ამოქმედება უკრაინას ტრანზიტიდან მიღებულ ფულს დააკარგინებდა. ხოლო როდესაც მოსკოვთან მოილაპარაკეს, რომ უკრაინის გავლით ტრანზიტის ნაწილი შენარჩუნდებოდა, იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტირანისგან გაზის ყიდვა ამორალურია, რომელიც აწამებს საკუთარ ხალხს და იყენებს ქიმიურ იარაღს ევროპაში („სკრიპალების საქმე“). მერე იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ გერმანია საკუთარ უსაფრთხოებაში ამერიკელებს ფულს აკლებს, რომლებიც მას რუსებისგან იცავენ, სამაგიეროდ ყიდულობენ რუსულ გაზს.

ბერლინში ყველაფერ ამას ისმენდნენ და გაზსადენის მშენებლობას განაგრძობდნენ. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ამერიკასთან ურთიერთობებში სულ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა — ამ ვითარებაში გერმანიის ხელმძღვანელობა უბრალოდ იძულებული გახდა, დაეცვა საკუთარი ნაციონალური ინტერესები და უფლება, ეხელმძღვანელა ერთიანი ევროპისთვის. თანაც ყველა გერმანელმა პოლიტიკოსმა შესანიშნავად იცის, რომ გერმანელების უმეტესობა გერმანიის უმთავრეს პრობლემად აშშ-ს მიიჩნევს და არა რუსეთს. ასე რომ, შეიძლებოდა ზეწოლას არ დამორჩილებოდნენ.

ნავალნის მოწამვლის ისტორიის „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირების მცდელობა თავიდან მორიგ პროვოკაციას ჰგავდა, რომელსაც ბერლინი აირიდებდა. მაგრამ გასული სამი კვირის განმავლობაში გერმანულ პრესასა და პოლიტიკურ წრეებში საგანგებო ხმაურია ატეხილი — ისეთი შეგრძნებაა, რომ ატლანტისტებმა მთელი ძალების მობილიზება მოახდინეს.

მაგალითად, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იოშკა ფიშერი მსჯელობს, „რა მორალური ფასი შეიძლება იყოს გადახდილი დიქტატურებთან ბიზნესისთვის“, ანუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერებისთვის.

„ფედერალურმა მთავრობამ დაუშვა დიდი სტრატეგიული შეცდომა, გადაწყვიტა რა, დახმარებოდა რუსეთს ამ გერმანულ–რუსული გაზსადენის მშენებლობაში, მიუხედავად ევროკავშირის შიგნით აქტიური წინააღმდეგობისა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რა დღეში ჩავცვივდით ამის გამო: პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი უზარმაზარია“.

ფიშერი სვამს კითხვას:

„რამდენად გონივრულია რუსეთისთანა არასაიმედო პარტნიორთან თანამშრომლობის მუდმივი გაფართოება გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით? მიმაჩნია, რომ ეს უკიდურესად არაგონივრულია. ჩვენ ხომ უკვე ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე“.

და ვისთან? იწყება ჩამოთვლა „ნავალნის ანალოგიური მოწამვლებისა და თავდასხმებისა“ — სკრიპალების მოწამვლა, გერმანიაში თავშეფარებული ჩეჩნის მკვლელობა და, რაღა თქმა უნდა, „ოპოზიციონერების მკვლელობა მოსკოვში“.

„ყველა ამ დანაშაულის გათვალისწინებით, აუცილებელია დაფიქრება, რამდენად შეგვიძლია ვენდოთ პარტნიორს, რომლისთვისაც პოლიტიკური მკვლელობები, აშკარაა, რომ არის არა დასანანი გამონაკლისი შემთხვევები, არამედ კანონზომიერება. მიმაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბრჭყალებს გარეთ გატანა დაუშვებელია“.

ხოლო გერჰარდ შრედერს პირდაპირ სთხოვენ განსაზღვროს, ვის მხარესაა. ბუნდესტაგში ფრაქციის თავმჯდომარემ იოჰან  ვადეფულმა მოუწოდა ყოფილ კანცლერს, „დაუყოვნებლივ თქვას უარი ყველა თანამდებობასა და პოსტზე რუსეთში“ (კომპანია „ნორდ სტრიმსა“ და „როსნეფტში“).

შრედერს „მწვანეთა“ ფრაქციის ლიდერისგანაც მოხვდა: ექს-კანცლერმა ახლავე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მხარს უჭერს თუ არა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებსო, თქვა გერინგ–ეკარდტმა.

ანუ შრედერს „ამორალკისთვის“ გმობენ: როგორ შეგიძლია იმუშაო ამ მკვლელებთანო? „მკვლელობის“ ამბავზე აღარც მსჯელობენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელ პოლიტიკოსთა შორის არიან ისეთებიც, ვინც კრემლის ხელაღებით დადანაშაულებას ეწინააღმდეგება და იმავდროულად იმათ ფარისევლობასაც ამხელს, ვინც მაღალ მორალზე მსჯელობს. „მემარცხენეების“ ყოფილმა ლიდერმა სარა ვაგენკნეხტმა განაცხადა, რომ მათ, ვინც ნავალნის საქმის გამო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე უარის თქმას მოითხოვენ, ნედლეულის სხვა მიმწოდებლებიც ანალოგიური კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ და თანმიმდევრულობა მოითხოვონ მათთვის.

გერმანიის ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნაზე, აიძულებს რა სერგეი ლავროვს, განცხადება გააკეთოს არა მარტო „ბერლინისთვის გაგზავნილი ოფიციალური მოთხოვნებისადმი აბსოლუტურად შეუფერებელ დამოკიდებულებაზე“, არამედ „აბსოლუტურად მიუღებელ ტონზეც“, რომლითაც ბერლინი მსოფლიო საზოგადოებას ამცნობს „რუსეთის კავშირის“ თაობაზე.

რუსეთის საგარეო უწყების პასუხი კი კიდევ უფრო ხისტია. ელჩ გეზე ფონ გაირს, გარდა მტკიცე პროტესტის გაცხადებისა გერმანიის მთავრობის მოქმედებების გამო, გაფრთხილებაც მისცეს: თუ ბერლინი „ბუნდესვერის ექიმების“ სამედიცინო დასკვნებს არ წარმოადგენს, მოსკოვი ამას შეაფასებს როგორც გერმანიის ხელისუფლების უარს ჭეშმარიტების დადგენასა და ობიექტურ გამოძიებაზე.

მსგავსი მკაცრი გაფრთხილებები — ეს არის ყველაფერი, რითიც რუსეთს შეუძლია დაეხმაროს გერმანიის ხელმძღვანელობას. ამასთან ნავალნის გამო „რუსეთის დასჯის“ ზომების მიღებისას ბერლინში უნდა დაფიქრდნენ არა მარტო რუსეთ–გერმანიის ურთიერთობებზე, არამედ თავად გერმანიის მომავალზეც, მის დამოუკიდებლობასა და მთელი ევროპის პასუხისმგებლობაზე. შეცდომის ფასი უზარმაზარი იქნება — არა რუსეთისთვის, არამედ თავად მისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

58
ნატოს სწავლებები შავ ზღვაზე

მოსაზრება: ნატო შავ ზღვაზე გადის შეავიწროებს თუ არა ალიანსი რუსეთს ყირიმში

8
(განახლებულია 20:20 03.12.2020)
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რეფორმები წამოიწყო, სანამ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შევა. სამიტზე, რომელიც გუშინ დამთავრდა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს გადახედეს და გადააკეთეს მისი მუშაობა.

გალია იბრაგიმოვა

უწინდებური მხოლოდ მთავარი პრობლემები დარჩა — რუსეთი და ჩინეთი. როგორ აპირებს ნატო „რუსული საფრთხის“ შეკავებას?

კრიზისებზე ნატოს ადაპტირება

იენს სტოლტენბერგი საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ვიდეოშეხვედრისთვის განსაკუთრებით გულმოდგინედ ემზადებოდა. ეს მინისტრების დონეზე ბოლო შეხვედრაა ყოველწლიური სამიტის წინ, რომელიც წლის დასაწყისისთვის იგეგმება. დღის წესრიგის წინასწარ შემუშავება და დაგროვილ საკითხებზე მსჯელობა ორგანიზაციის წევრების მოულოდნელი ნაბიჯებისგან თავის დაზღვევას ნიშნავს. მით უმეტეს, რომ ამის პრეცედენტები ყოფილა.

მაგალითად, გასული წლის შეხვედრის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ნატოს ტვინი მოკვდა“. ამან მისცა კიდეც ტონი დისკუსიებს და მთელი გეგმები არია. ალიანსის წევრები გაცხარებით უმტკიცებდნენ საფრანგეთის ლიდერსა თუ ერთმანეთს, რომ ბლოკში ყველაფერი წესრიგში იყო.

ტრანსატლანტიკური სოლიდარობის მთავარ სკეპტიკოსად დონალდ ტრამპი რჩებოდა. ალიანსის დასკვნის საპასუხოდ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შეკავება, აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვაზე შენატანების გაზრდა მოითხოვა. საგარეო გამოწვევებთან ძირითადად ამერიკის სამხედრო პოტენციალის ხარჯზე ბრძოლა მას არარაციონალურად მიაჩნდა.

მომავალ სამიტზე აშშ ჯო ბაიდენმა უნდა წარმოადგინოს და ალიანსის გენმდივანს იმედი აქვს, რომ „ნორმალურობას“ დაუბრუნდებიან. ამაში სტოლტენბერგი იმას გულისხმობს, რომ ამერიკელები ბლოკის წევრებთან სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეობის მნიშვნელობას დაადასტურებენ.

მეტი დამაჯერებლობისთვის გენერალურმა მდივანმა ანალიტიკოსებს მიმართა, რათა მათ ორგანიზაციის შიგნით არსებული პრობლემები განეხილათ, მათი გადაჭრის გზები წარმოედგინათ და უახლოესი 10 წლის ამოცანები მოენიშნათ. ეს შრომა გაფორმდა მოხსენებაში მეტყველი სათაურით „ნატო 2030“.

ექსპერტთა პროექტების შესწავლითა და მათი კორექტირებით საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაკავდნენ. შეხვედრის ყველა მონაწილემ, საფრანგეთის ჩათვლით, აღიარა, რომ „ტვინის სიკვდილი“ ალიანსს არ ემუქრება, მაგრამ რეფორმები არ აწყენდა.

„მნიშვნელოვანია თავდაცვითი კავშირის ადაპტირება საერთაშორისო მდგომარეობასთან. კრიზისულ სიტუაციებში ნატო უნდა მოქმედებდეს ოპერატიულად და შეკრულად, მაშინაც კი, თუ ამას ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა მოჰყვება“, — ნათქვამია დოკუმენტში.

მთავარი, რის გადახედვასაც სთავაზობენ ექსპერტები, ეს ვეტოს უფლებაა: ამით ახლა თანაბრად სარგებლობს ნატოს ყველა წევრი. „თუ ერთხმიანი კენჭისყრა შეიზღუდება, მაშინ დაძაბულობა ალიანსის შიგნით შემცირდება“, — ვარაუდობენ მკვლევარები.

მაგრამ მათ დასკვნებს ყველა მინისტრი არ დაეთანხმა — თუმცა იდეები ნოვატორულად მიიჩნიეს.

და კვლავ „მოსკოვის ხელი“

სამაგიეროდ საგარეო საფრთხეებზე ყველა წევრი ერთი აზრისაა: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსეთი და ჩინეთი რჩებიან.

„მოსკოვი ბირთვული იარაღის მოდერნიზებას ახდენს და ახალ რაკეტებს განალაგებს უკიდურესი ჩრდილოეთიდან სირიასა და ლიბიამდე. რუსეთის ყოფნა ბელორუსიაში და მთიან ყარაბაღში კრიზისების შედეგადაც გაძლიერდა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

„კრემლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ჰეგემონიისკენ მიისწრაფვის და არღვევს მათ სუვერენიტეტს. ნატოსთვის მნიშვნელოვანია, ადაპტირდეს ახალ გარემოებასთან, რომელშიც კვლავ დაბრუნდა მუდმივად აგრესიულ რუსეთთან მეტოქეობა“, — იმეორებენ გენმდივნის კვალდაკვალ მოხსენების ავტორები.

მუშაობა „რუსული საფრთხის გასანეიტრალებლად“ უკვე მიმდინარეობს. ამის მაგალითად სტოლტენბერგმა ნატოს საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა დაასახელა. ახლა ორივე სახელმწიფო ალიანსის პარტნიორები არიან ფართო შესაძლებლობებით. ეს დასავლურ ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას მოიაზრებს, თუმცა ბლოკის სრულფასოვან წევრობას არ ნიშნავს.

რუსეთის შესაკავებლად ალიანსი აპირებს გააფართოოს თავისი სამხედრო ყოფნა შავ ზღვაზე — რუსეთის „ყირიმში გაძლიერებული ყოფნის“ პასუხად. დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

შავი ზღვის პრიორიტეტები

„ნატოს მთავარი ამოცანაა, მოემზადოს აშშ-ის პრეზიდენტის შეცვლისთვის. ბლოკში იმედი აქვთ, რომ ბაიდენი ხელს შეუწყობს კონსოლიდაციას და ტრამპის დროს გაჩენილი პრობლემები გაქრება. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახალმა ლიდერმა წინამორბედის ყველა მემკვიდრეობაზე უარი თქვას. ის ნამდვილად მოითხოვს, რომ ყველა წევრმა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% შეიტანოს ბლოკის თავდაცვის ყულაბაში“, — მიაჩნია რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალურ დირექტორს ანდრეი კორტუნოვს.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ბაიდენის მოსვლა არ შეცვლის დაძაბულობას ნატო–რუსეთის ურთიერთობებში. თუმცა, მოსკოვის საერთაშორისო პრობლემების ფართო წრეში გარევის გათვალისწინებით, ალიანსი ვერ შეძლებს დიალოგის იგნორირებას — თუნდაც სამხედროების დონეზე.

შავი ზღვის პრობლემატიკას ნატოს დღის წესრიგში კორტუნოვი იმით ხსნის, რომ რუსეთის გავლენა კავკასიაზე ძლიერდება: „ომი მთიან ყარაბაღში და რუსი სამშვიდობოების შესვლა ალიანსის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ეს ტერიტორიები შავი ზღიდან შორს არაა, რომელსაც ნატოელები თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევენ. იქ მოსკოვის გაძლიერება პოტენციურ გამოწვევად ფასდება. აქედანაა განცხადებები შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტულობაზე“.

თუმცა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ნატოსთვის რისკის ერთადერთი ფაქტორი არ არის შავი ზღვის აკვატორიაში. „მათი გეგმები, განმტკიცდნენ შავი ზღვის რეგიონში, იმდენად მოსკოვის წინააღმდეგ არ არის მიმართული, რამდენადაც ანკარისა, — ფიქრობს ის. — მიუხედავად ბლოკის წევრობისა, თურქეთის პოზიცია მთელ რიგ საკითხებში განსხვავდება საერთო აზრისგან. ერდოღანს უთანხმოება აქვს საბერძნეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და აშშ-თანაც კი. მაგრამ ნატოს თურქეთის ალიანსში დაბრუნება სურს. კიდევ ერთი მიზანი — ეს თურქეთის რუსეთთან შემდგომი დაახლოების შეკვეცაა“.

ნატოს შავი ზღვის დღის წესრიგით უკრაინაც პედალირებს. ამასთან ალიანსთან ურთიერთობის მთავარ თემად რუსეთის ყირიმში სამხედრო ყოფნის გაძლიერება იქნება, მიაჩნია ექსპერტს.

„ნახევარკუნძულზე ახალი ობიექტების მშენებლობას კიევი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მორიგ საფრთხეებად წარმოაჩენს. უკრაინის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ყირიმში რუსული საბრძოლო სისტემების განთავსება ის პრობლემაა, რომელიც გაძლიერებულ ყურადღებას მოითხოვს“, — არ გამორიცხავს კორტუნოვი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

8
სომხური მხარის მიერ მიტოვებული ტანკი

მოსაზრება: რატომ დაკარგა სომხეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა?

53
(განახლებულია 19:26 03.12.2020)
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ექსპერტულ და მედიასივრცეში დისკუსია დაიწყო იმ რუსული წარმოების იარაღის ეფექტურობის შესახებ, რომელიც სომხურ მხარეს ჰქონდა.

მაგრამ იარაღშია საქმე თუ პირადი შემადგენლობის მომზადებასა და თავდაცვის ორგანიზებაში?

დღეისათვის შეინიშნება ცალკეული მცდელობები იმისა, რომ სომხური მხარის მარცხი რუსული წარმოების „უსარგებლო“ გამანადგურებელ Су-30-СМ-ს, „ბრმა“ საზენიტო კომპლექს С-300-ებს, რადიოელექტრონული ბრძოლის „არაეფექტურ“ კომპლექსებსა და „მდარე სისტემის“ ტანკებს დაბრალდეს. თითქოს სომხეთს არასდროს შეეძინოს მესამე ქვეყნების იარაღი (მაგალითად, ინდოეთისგან Swathi-ს რადარები), ხოლო აზერბაიჯანული არმია მხოლოდ ისრაელის ან თურქული წარმოების იარაღით სარგებლობდა, რამაც განაპირობა კიდეც „დიდი გარდატეხა“.  

საერთო დისკურსი: ყარაბაღი კორექტივებს შეიტანს რუსული იარაღის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მიწოდებებში. მსგავსი მსჯელობების ოჩოფეხა სქემები სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგიულ შეცდომებსა და მსოფლიო იარაღის ბაზარზე დაუნდობელ კონკურენციას ნიღბავს. მიზანშეწონილია რეალობას დავუბრუნდეთ.

მოსკოვმა სომხეთს რამდენიმე სამხედრო კრედიტი გამოუყო. შემდგომი სამხედრო აღმშენებლობა — სომხური მხარის საქმეა. თუ რუსული წარმოების საზენიტო–სარაკეტო სისტემა С-300-ები ყარაბაღში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საიმედო სისტემების არქონის გამო დაზიანდა, მაშინ ზემოთ ნახსენებ 40 მილიონ დოლარიან ინდურ Swathi-ს აქტივობის არანაირი კვალი არც კი დაუტოვებია. არადა, შეეძლო კი სარეკლამო ანოტაციაში ჩამოთვლილი მახასიათებლების თანახმად. შესაძლოა ჯარმა ახალი რადარების ათვისება ვერ მოასწრო. სომეხი სპეციალისტების სწავლება შეიძლება გადამწყვეტ (სუსტ) რგოლად წარმოჩინდეს რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციაშიც (იარაღი თავისით არ ისვრის). და, რაღა თქმა უნდა, სამხედრო საქმეში სრულიად მიუღებელია არაორგანიზებულობა და თვითკმაყოფილება.

დანაკარგები და ნადავლი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 დეკემბერს დაწვრილებით ისაუბრა სომხური მხარის სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე მთიან ყარაბაღში. გრძელ ჩამონათვალში ასობით ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი მოხვდა — განადგურებული თუ ნადავლის სახით ხელში ჩაგდებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სარაკეტო კომპლექსებიც ახსენა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც, ტანკებიცა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც.

ამ ციფრებისა თუ აზერბაიჯანის მხარის დანაკარგების განზრახ „მიჩქმალვის“ მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შექმნილ ვითარებაში (შვიდი რაიონის დაბრუნება) პრეზიდენტს არ ჰქონდა მიზეზი, რადიკალურად გაეზვიადებინა მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები. კანოზომიერად ჩნდება კითხვა სომხური დაჯგუფებების სამხედრო ორგანიზაციის თაბაზე მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ბრძოლებისას.

განადგურებული სომხური ტექნიკის დიდი რაოდენობა შეიძლება სასტიკი ბრძოლებით აიხსნას, მაგრამ ამასთან განცვიფრებას იწვევს მიტოვებული 79 ტანკი 47 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 104 საარტილერიო დანადგარი (ზარბაზნები და ნაღმმტყორცნები), 5 საზენიტო დანადგარი „შილკა“, 93 სპეცავტომობილი, 270 სატვირთო ავტომობილი (შესალოა ეს ნადავლი კიდეც გამოფინონ პრეზიდენტის სიტყვების დასტურად).

სომხური მხარის ესოდენ წარმოუდგენელ „გულუხვობას“ მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: საბრძოლო ტექნიკა არაორგანიზებული (სტიქიური) უკანდახევის დროს მიატოვეს, ან საწვავი დროულად არ მიაწოდეს (ზურგის უზრუნველყოფის პრობლემები) და მანქანები უბრალოდ ვერ წაიყვანეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, აქ საორგანიზაციო დასკვნებია გამოსატანი, მაგრამ ეს სომხეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გენერალური შტაბის გასაკეთებელია.

53
კორონავირუსზე ტესტირება

ლევან რატიანი: ადამიანს, რომელიც ვირუსს გადაიტანს, სავარაუდოდ, ვაქცინა არ დასჭირდება

0
კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მომავალი წლის მარტი-აპრილში შემოვა და ის ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ადამიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, მას ვაქცინა, დიდი ალბათობით, არ დასჭირდება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას.

როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი>>

როგორც რატიანმა აღნიშნა, კოვიდინფექცია მყარ იმუნიტეტს ტოვებს როგორც წითელა, წითურა და სხვა ვერაგი დაავადებები, რემლებსაც კაცობრიობა მოერია.

„ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს გააჩნია. ვიცი, ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსზე, თუმცა დღეს მედიცინაში მის შესახებ ბევრი ვისწავლეთ. თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსზე გადაერთო. ახლა ყველას ამოცანაა, რომ ეს ვირუსი დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, ის საქართველოში, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი მას შემდეგ, რაც ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა უწყებათაშორისო კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე იმუშავებს.

საქართველოში ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ამასთან, საქართველომ ვაქცინის მისაღებად 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 152 704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 690-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში