პროტესტი მინეაპოლისში

მოსაზრება: დემოკრატების სუპერიარაღი საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ

74
(განახლებულია 19:31 31.08.2020)
აშშ-ში ახლა უნიკალური ექსპერიმენტი ტარდება, რომელშიც საცდელი ბოცვრების როლს ამერიკელი ამომრჩევლები ასრულებენ.

ივან დანილოვი

ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩევლებს პოლიტიკური რეალობის ორ ვერსიას სთავაზობენ. ოფიციალური ვერსიის თანახმად, რომელსაც ამერიკელებს მეინსტრიმული მედიის ჟურნალისტები, დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსები, ჰოლივუდელი ვარსკვლავები და ასევე NBA-ს სპორტული კერპები სთავაზობენ, აშშ-ში მშვიდობიანი პროტესტები იმართება პოლიციური ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ და ასევე სოციალური სამართლიანობისთვის. რეალური ვერსიის თანახმად კი, ამერიკაში ახლა მასობრივი არეულობა ხდება, რა დროსაც „სოციალური სამართლიანობისთვის“ მებრძოლები წვავენ მაღაზიებს, სცემენ გამვლელებს, ხოლო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მერები და გუბერნატორები პოლიციას მოუწოდებენ, არ ჩაერიონ მოვლენებში. ამ ვერსიას ის ამერიკელები იზიარებენ, რომლებიც მასმედიიდან კი არ იღებენ ინფორმაციას, არამედ თავად ადევნებენ თვალს მომხდარს და არც მთლად ენდობიან მსახიობებსა და მილიონერ კალათბურთელებს.

ამ ორ ვერიას შორის განსხვავების აპოთეოზად იქცა CNN-ის სიუჟეტი, რომელშიც კორესპონდენტი ცეცხლის ალში გახვეული შენობის ფონზე იდგა, ხოლო ეკრანზე თავს იწონებდა წარწერა: „ცეცხლოვანი, მაგრამ ძირითადად მშვიდობიანი პროტესტი“.

დემოკრატიული პარტიის ლოგიკა ამ შემთხვევაში ასე გამოიყურება: არ შეიძლება მოსთხოვო პოლიციას ჩაერიოს და აღკვეთოს მასობრივი აქციის მონაწილეების ვანდალიზმი და მაღაზიების ძარცვა, ვინაიდან „მშვიდობიანი დემონსტრანტები“ — ეს დემოკრატების ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური აქტივია. მეორეც, თავად საპროტესტო აქციები“ იმისთვისაა საჭირო, რომ ტრამპის ამომრჩევლებს, ფიზიკური ძალადობის საფრთხის გამო, ეშინოდეთ მისთვის ხმის მიცემა. უფრო მეტიც, დემოკრატიული პარტია და განსაკუთრებით მისი რადიკალური ფრთა სრულად ჩაეწერა სისტემურ რასიზმში ტრამპისა და ამერიკელი პოლიციელების დადანაშაულების სტრატეგიაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიციისთვის მხარის დაჭერა მათთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება: ბაიდენი სულელად გამოჩნდება, მერები და გუბერნატორები კი, რომლებმაც უკვე შეუმცირეს ბიუჯეტები და ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტები დაშალეს, კიდევ უფრო სულელებად წარმოჩინდებიან. ბოლოს და ბოლოს, ბაიდენის შტაბი აკონტროლებს უმძლავრეს მედიამანქანას პლანეტაზე.

სწორედ ამით აიხსნება, ერთი მხრივ, აბსოლუტურად ფორმალური მიდგომა მაღაზიების, პიცერიებისა თუ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებსა და თანამშრომლებზე ძალადობის დაგმობისადმი, რომელთა ქონებაც ადგილობრივი ხელისუფლების სრული წაყრუებით ნადგურდება, ხოლო მეორე მხრივ — თავად „მშვიდობიანი პროტესტის“ სრული და ღრმად ემოციური მხარდაჭერა ბაიდენის კამპანიის ოფიციალური პირების მხრიდან. მათი თვალსაზრისით, მას, ვინც აკონტროლებს ტელევიზორსა და სოციალურ ქსელებს, შეუძლია თავს რეალობისა და ჯანსაღი აზრის აბუჩად აგდების ნება მისცეს.

შეიძლება ეს ცინიკურ შეფასებად მოგეჩვენოთ (მით უმეტეს, რომ მას „რუსული პროპაგანდა“ გამოთქვამს), მაგრამ ტრამპის გულწრფელად მოძულე ზოგი ამერიკელი ჟურნალისტიც კი ანალოგიურად მსჯელობს.

„დემოკრატ ლიდერებს, დაწყებული კენოშის საძულველი მერიდან (ქალაქი, რომელიც ქუჩის ბრძოლების, მასობრივი არეულობებისა და ადამიანური მსხვერპლის ადგილად იქცა — ავტ.) და დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეებით, არ სურთ მართალი საქმისთვის ჩირქის მოცხება, რესპუბლიკელების თავდასხმების გაძლიერება თუ თავიანთი პროგრესული ელექტორალური ბაზის განრისხება. ამგვარად დემოკრატები განაგრძობენ ძალადობაზე რეაქციის გაშალაშინებას და დაშოშმინების იმედი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება. <...> ზოგი გამონაკლისით, მედია უხალისოდ აშუქებდა ზაფხულის არეულობებსა და ძალადობის აფეთქებას. The New York Times კვირების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა ან ამცირებდა ამ თემის მნიშვნელობას“.  

ახლა ამერიკულ ისტებლიშმენტს, რომელიც ფსონს იმაზე დებდა, რომ დემოკრატიული პარტიის ძალოვანი ფრთა ტრამპის ამომრჩევლებს დააშინებდა „მემარჯვენე სექტორისა“ და მისი მსგავსი ორგანიზაციების მიერ აპრობირებული მეთოდებით, ხოლო სრული მედიამხარდაჭერა თავად დემოკრატებს რესპექტაბელობას შეუნარჩუნებდა, პრობლემა აქვს. მედიური რეალობის შექმნის ექსპერიმენტი, რომელსაც სინამდვილის დამარცხების უნარი აქვს, ნეგატიურ შედეგს უახლოვდება მათთვის, ვისაც მედიაპროპაგანდისა და ქუჩის ძალადობის ყოვლისშემძლეობისა სჯერა.

როგორც ახალი ამბების პორტალი Axios წერს, „ჯო ბაიდენთან დაახლოებულ დემოკრატებს სულ უფრო ეშინიათ იმისა, რომ ძარცვა და ძალადობა ქალაქებში ტრამპს უფრო დაეხმარება, განსაკუთრებით, მერყევ ამერიკელთა შორის. ამ მასშტაბური ისტორით აიხსნება საარჩევნო რბოლის მდგომარეობა, როცა ზოგი დემოკრატი პანიკაშია იმის გამო, რომ შეიძლება ტრამპმა გაიმარჯვოს“.

იმ პირობებშიც კი, როცა ტრამპის ბევრი მხარდამჭერი უარს ამბობს სოციოლოგიურ სამსახურებთან ურთიერთობაზე, ანონიმურობის დარღვევის, სამსახურში შემდგომი პრობლემებისა თუ მუქარის შიშით სიმართლეს არ პასუხობს სოციოლოგების შეკითხვებს, საკვანძო შტატებში გამოკითხვები და ფოკუს-ჯგუფები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ სიმპათია იზრდება. სწორედ ეს იწვევს იმ „პანიკას“, რომელსაც მეინსტრიმული ჟურნალისტები უჩივიან.

მიუხედავად იმისა, რომ მეინსტრიმული პროგნოზები და სოციოლოგების მოდელები (რომლებიც 2016-ში ჰილარი კლინტონს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას) ერთსულოვნად პროგნოზირებენ ჯო ბაიდენის გამარჯვებას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ძალადობრივად დაშინება და მედიური მანიპულაციები დემოკრატებს მორიგ უსიამოვნო სიურპრიზად შეუბრუნდებათ.

შესაძლოა რეალობას მოწყვეტილ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს ძალიანაც უჭირდეთ იმის დაჯერება, რომ თითოეული გადამწვარი პატარა მაღაზია თუ კაფე — ეს ტრამპის მხარდასაჭერად მძლავრი სარეკლამო აქციაა. ხოლო როცა დამრბევები მიზანმიმართულად ანადგურებენ ეთნიკური უმცირესობის კუთვნილ ბიზნესებს, ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ ვანდალები მშვიდობიანად იბრძვიან სოციალური სამართლიანობისთვის და ასევე „თეთრი რასიზმის“ წინააღმდეგ, თვით CNN-საც კი გაუჭირდება NBA-ს ყველა ვარსკვლავის „კვერის დაკვრითაც“.   

მინეაპოლისში განადგურებული ვიეტნამური რესტორნის მფლობელმა იუმ ნგუენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

„იმის ცქერა, როგორ ანადგურებდნენ მაროდიორები ჩვენს ოჯახურ ბიზნესს, შემზარავი იყო. ისინი ამას ხარხარითა და დაცინვით აკეთებდნენ. არ მოგატყუებთ, დღეს ლამის ტყვია ვესროლე ერთს. ეს ქვა აიღო და ჩემი ოჯახის ფოტო ჩალეწა, თან თვალებში მიყურებდა. ვუთხარი *****…–მეთქი და ცრემლები წამომივიდა. მეტი აღარ შემიძლია“.

ამ კაცის თავშეკავება მართლაც რომ შესაშურია. ის აშკარად აცნობიერებდა, რომ მინეაპოლისში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დამრბევების მოკვლა სამუდამო ციხეს ნიშნავს სამართლიანი მართლმსაჯულების გარეშე. თუმცა ერთი რამ უეჭველია: ყოველ ჯერზე, როცა მსგავსი რამ ხდება, ამერიკული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში იზრდება ტრამპისთვის ხმის მიცემის მზადყოფნა.

მთელი ამ ისტორიიდან ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი: მასმედია ყოვლისშემძლე არ არის და მედიური რეალობის თავს მოხვევის განუწყვეტელი მცდელობები რეალობას კი არ ცვლის, არამედ მასმედია ნარატივს აქუცმამცებს. და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: თუ ამერიკული ელიტები ერთმანეთთან ურთიერთობას შეიარაღებული დამრბევებისა და მთელი კვარტლების გადამბუგავების დახმარებით არკვევენ, ე.ი. ჩვენ წინაშე მსოფლიო ჰეგემონი კი არა, არამედ ბანალური „ბანტუსტანი“ დგას, რომელსაც იმავდროულად ბირთვული იარაღიც აქვს და მსოფლიოს ფინანსური სისტემის საკვანძო ელემენტებსაც აკონტროლებს. ეს კი საკმაოდ შემაშფოთებელი კონფიგურაციაა, თუ მას იმ რისკების ჭრილში განვიხილავთ, რომელსაც აშშ წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

74
აშშ-ის დროშა

მოსაზრება: დემოკრატიას ასწავლიან შეერთებულმა შტატებმა ჩარევის მეთოდები განსაზღვრა

27
(განახლებულია 12:55 06.03.2021)
ამერიკელები აღარ აპირებენ ბრძოლას დემოკრატიისათვის. დრომ აჩვენა: ინტერვენციები და ავტორიტარული ლიდერების დამხობა ეფექტური არ არის.

სოფია მელნიჩუკი

 ვაშინგტონმა აქედან გაკვეთილი გამოიტანა და მსოფლიოს შეცვლას გეგმავს — საკუთარი თავიდან იწყებს.

ახალი დროება — ახალი მეთოდები

სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის პირველ ოფიციალურ გამოსვლას სახელმწიფო დეპარტამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელ დარბაზში ტარდებოდა, დიდი ხმაური მოჰყვა. ამერიკული დიპლომატიის შეფმა ნახევარ საათში ჩამოთვალა საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მალე შევა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.  

ბლინკენის ნათქვამიდან თითქმის არაფერია ახალი: მანაც  და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ბოლო თვეში ამაზე არაერთხელ ისაუბრეს. მაგრამ ერთმა რამემ მაინც მიიპყრო ყურადღება.

„ჩვენი მიდგომა შეიცვლება, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. — ჩვენ აღარ ვიბრძოლებთ დემოკრატიისთვის ძვირადღირებული სამხედრო ინტერვენციების მეშვეობითა თუ ავტორიტარული რეჟიმების ძალით ჩამოყრის გზით“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები კარგი სურვილებით გამოიყენებოდა, არაფერი კარგი არ მოიტანეს.

მსოფლიო სხვაგვარი გახდა და ახალ პირობებში ვაშინგტონმა ყურადღება ტერორიზმის საფრთხეებიდან მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან ბრძოლაზე გადაიტანა. დემოკრატიის დამყარება — რაც კვლავაც რჩება აშშ–ის საგარეო პოლიტიკის იმპერატივად — საწიროა საკუთარი მაგალითით. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აკომპანიმენტს ვუწევთ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი იდეალებისადმი სწრაფვა. საჭირო არ არის, ამოცანა გავუადვილოთ მათ“, — განაცხადა დიპლომატმა.

ისე რა მაგალითი

გასულმა წელმა ქვეყანა გამოცდის წინაშე დააყენა. კორონავირუსის პანდემიამ, რომელმაც იმაზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა, ვიდრე პირველმა და მეორე მსოფლიო და ვიეტნამის ომებმა, ერთად აღებული აჩვენა, რომ ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობა არსებობს. რასობრივმა ჯანყებმა პოლიციის სისასტიკისა და შავკანიანების მკვლელობის გამო, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საზოგადოებაში სისტემური რასიზმი.

საპრეზიდენტო არცევნები კი სულაც ყველაზე სკანდალური იყო მრავალი ათეული წლის განმავლობაში.დონალს ტრამპის დღემდე ირწმუნება, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. ამას ნამდვილი შეტევა მოჰყვა ფუნდამენტურ ღირებულებებზე: 6 იანვარს ხალხი კაპიტოლიუმში შეიჭრა, როდესაც იქ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები მტკიცდებოდა.

ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინაშე მწვავედ დადგა ქვეყნის შიგნით ერთიანობის აღდგენის საკითხი. საჭიროა ამერიკელები დარწმუნდნენ, რომ აშშ ჯერ ისევ არის დემოკრატიის შუქურა.

„პირად მაგალითთან დაკავშირებით ახლა შტატებში დიდი პრობლემებია. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ რიტორიკული ინსტრუმენტი ელექტორატის მობილიზაციისთვის. მნიშვნელოვანია წარმოჩინდეს, რომ ქვეყანაში ვითარების დარეგულირება შესაძლებელია“, — აცხადებს ექსპერტი პაველ კოშკინი.  

ბაიდენის ადმინისტრაცია გამუდმებით უსვამს ხაზს: მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგე — ეს ჩინეთი და მისი განვითარების მოდელია. სწორედ მის შეცვლას გეგმავს  ვაშინგტონი.

თავად პეკინი კი არ აპირებს, სადმე მოახდინოს თავისი პოლიტიკური სისტემის ექსპორტი, რაზეც ჩინეთის ლიდერი სი ცზინპინი საუბრობდა კიდეც: ჩვენ განვითარების გზით გავზრდით შესაძლებლობებს მსოფლიოსთვისო.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის კონსულტანტ ტემურ უმაროვის თქმით, ზოგ ქვეყანაში ნამდვილად არსებობს ჩინეთის სახელმწიფო მართვის ცალკეული ელემენტების იმპორტზე მოთხოვნა.

„რეგიონის ყველა ავტოკრატიას სურს, გაიმეოროს ჩინეთის წარმატება: გახდეს განვითარებული ეკონომიკა დემოკრატიული რეფორმების გარეშე“, — ამბობს ექსპერტი.

იმავდროულად, ნებისმიერი ავტოკრატია თანამედროვე სამყაროში იძულებულია, დემოკრატიად წარმოაჩინოს თავი. ამის გარეშე გლობალურ სამყაროში ნორმალურად არსებობა შეუძლებელია.

ამიტომ ცენტრალურ აზიაში რიტორიკის დონეზე კი საუბრობენ რეფორმებსა და ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ფაქტობრივად დასავლეთს მისაბაძ მოდელად არ განიხილავენ. თუ მანამდე ყირგიზეთი მაინც იყო ასე თუ ისე პროამერიკულად განწყობილი, ახლა იქ სხვა გზას ადგანან.  

შეერთებულ შტატებს შეეძლო, გაეძლიერებინა პოზიციები რეგიონში, თუ უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა ცენტრალურ აზიაში ეკონომიკურად, როგორც ამას პეკინი აკეთებს. ამის გარეშე, უმაროვის აზრით, დიდი გავლენა იდეოლოგიური კუთხით მიუღწეველია.

დაუვიწყებელი ძველი

ახალი ადმინისტრაციის მიდგომები — ეს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას მიერ დაწყებულის გაგრძელებაა. ეგრეთ წოდებული ობამას დოქტრინა ამერიკის სამხედრო ყოფნის შემცირებასაც მოიაზრებდა საზღვარგარეთ. უკვე მაშინ დემოკრატები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამხედრო მეთოდები არ არის ეფექტური და დემოკრატია ინტერვენციითა და ოკუპაციით კი არ უნდა დამყარდეს, არამედ რბილი ძალით.

მაგრამ აშშ–ის 44–ე პრეზიდენტს ეს არც ისე გამოუვიდა: 2011 წელს აშშ–მა ავიაშეტევა მიიტანა ლიბიის სამთავრობო ჯარებზე. ობამამ მოგვიანებით აღიარა კიდეც, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ შედეგებისთვის ვაშინგტონი არ მომზადებულა. ლიბია ქაოსში ჩაეფლო — ობამამ ამას თავისი პრეზიდენტობის ყველაზე საშინელი შეცდომა უწოდა.

პოლიტოლოგ დმიტრი სუსლოვის აზრით, ამჟამინდელი ადმინისტრაცია განაგრძობს მის მცდელობებს და ყველა მეთოდს გამოიყენებს, გარდა უშუალო სამხედრო ინტერვენციისა.

„აქცენტი უცხოურ დახმარებასა და არაკომერციულ ორგანიზაციებზე გაკეთდება, უფრო აქტიურად დაუწერენ მხარს „ნარინჯისფერ რევოლუციებს““, — ამბობს ის და იხსენებს, რო სირიაში ბაშარ ასადი რეჟიმს პირდაპირ კი არ ებრძოდნენ, არამედ ოპოზიციურ ძალებს ეხმარებოდნენ.

ახლა ვაშინგტონი რუსეთის, ბელორუსიის, ვენესუელის ოპოზიციას უწერს მხარს. მანამდე შტატებმა სანქციები დაუწესა ზოგ რუს ჩინოვნიკს ალექსეი ნავალნის გამო. სვეტლანა ტიხანოვსკაია პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე ამერიკის ელჩთან მსჯელობდა.  ბლინკენმა კი ამას წინათ ხუან გაიდოს დაურეკა — ველესუელის ოპოზიციის ლიდერს. ჩინეთსა და ირანში აშშ პროდასავლელ დისიდენტებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხმარება.

კონკრეტული ქმედებები დამოკიდებულია ქვეყანაზე, მიაჩნია სუსლოვს. სადღც ეს არის ერთ–ერთი მხარის დახმარება სამოქალაქო ომში, სადღაც — პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება. საინფორმაციო პოლიტიკა, პროპაგანდა, საჯარო დიპლომატია. სანქციები ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დემოკრატიის გავრცელებისთვის: ამით ურტყამენ ელიტებს, რომლების თავიდან მოშორებაც სურთ. აი ახალი ერაყები და ლიბიები კი აღარ იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

27
თემები:
რუსეთი დღეს
ბათუმი

რა არის ახალი საბანკო სფეროში? კომერციული ბანკების ერთი თვის მონაგარი

885
(განახლებულია 12:49 06.03.2021)
შემცირებული საკრედიტო პორტფელი და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. როდიდან გაიაფდება სესხები? მზარდი დეპოზიტები და გაფრთხილება მომხმარებლებს ანაბრებზე სარგებლის შემცირების შესახებ. რა ტენდენცია იკვეთება საბანკო სექტორში?

სამსონ ხონელი

კობა გვენეტაძის უწყებამ საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ მიმდინარე წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო. კერძოდ, იანვრის თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 113,368 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 13 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3 მილიონი ლარით მეტია.

საბანკო სექტორში წლიდან წლამდე მზარდი შემოსავალი და მოგება მკითხველისთვის არახალია, თუმცა არ გამიკვირდება, ირონიული ტონით ბრძანოს − გაუჭირდებოდათ, თუ იცი?! მკითხველს საპასუხოდ შევახსენებ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო გასული წელი საბანკო სექტორისთვის საკმაოდ რთული იყო. მხოლოდ მარტის თვეში ბანკებმა 943,1 მილიონი ლარი იზარალეს. მართალია, მომდევნო თვეებში კომერციული ბანკები ზარალზე არ გასულან, მაგრამ საბოლოო ჯამში 2020 წელი საბანკო სექტორმა 99,262 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. შედარებისთვის: 2019 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 953,6 მილიონ ლარს შეადგენდა. სხვაობის დაანგარიშება თქვენთვის მომინდია...

დარწმუნებული ვარ, მკითხველს, პირველ რიგში, აინტერესებს, რა ცვლილებებია საკრედიტო პორტფელში, როგორია საპროცენტო განაკვეთების მერყეობის დინამიკა. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 48,2 მილიონი ლარით შემცირდა და თებერვლის თვეს საბანკო სექტორი 38,17 მილიარდი ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელით შეხვდა. საანგარიშო პერიოდში საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი 44,14 პროცენტს შეადგენდა. მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი თითქმის ყველა საკრედიტო პროდუქტზე გაიზარდა. კერძოდ, გაძვირდა როგორც ავტოსესხი, ისე სალომბარდო, სამომხმარებლო, უძრავი ქონების შესაძენად თუ რემონტისთვის გაცემული იპოთეკური სესხები. რატომ?

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგია და ცალსახად დაკავშირებულია ნეგატიური მოლოდინებისა და რისკების მატებასთან.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი მიგვანიშნებს, რომ ვადაგადაცილებული სესხების წილის ზრდას თავად ეროვნული ბანკი ელის. მისივე თქმით, უახლოეს ორ-სამ თვეში ვითარება უნდა შეიცვალოს.

„იმედია, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად მაქსიმალური აქტივობა იქნება. შარშან, ზაფხულის პერიოდშიც დასტაბილურდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და ბაზარზე ამ კუთხით შემცირების ტენდენცია იყო. წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ პირველი კვარტლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს“, − განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამართლდება თუ არა ეს ვარაუდი – დრო გვიჩვენებს, თუმცა უკვე დღეს საკამათო არ არის, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის დაკრედიტებას. საინტერესოა, საანგარიშო პერიოდში როგორი იყო ბიზნესის ცალკეულ მიმართულებებზე სესხების გაცემის დინამიკა.

მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ანუ სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, 36,1 მილიონი ლარით შემცირდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის მიმართულების დაკრედიტების მოცულობა და ის 13,57 მილიონ ლარს შეადგენს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი ამ მიმართულებით 7,68 მილიონი ლარით არის შემცირებული და 5,07 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე შემცირდა მრეწველობის დაკრედიტებაც – ლარში 105,36 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 75,01 მილიონი ლარით. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით გაცემული სესხების ჯამური მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 219,6 მილიონ ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 222,1 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობის დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში 58,7 მილიონი ლარით შემცირდა და 49,06 ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტაში გაცემული სესხები 78,7 მილიონი ლარით შემცირდა და 89,8 მილიონ ლარს შეადგენს.

ვაჭრობის მიმართულებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები 80,8 მილიონი ლარით 241,6 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება 241,6 მილიონი ლარით შემცირდა და 131,2 მილიონი ლარი შეადგინა. ციფრებით მკითხველს აღარ გადავღლი და ვიტყვი, რომ შემცირებულია სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ფინანსური შუამავლობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება. ჯამურად ბიზნეს-დაკრედიტების მოცულობა 2021 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში 520,7 მილიონი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 527,8 მილიონი ლარით შემცირდა.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, როგორც წესი, დაკრედიტებისა და ფინანსური აქტივობის მიმართულებით იანვრისა და თებერვლის თვეები ყველაზე ნაკლებად აქტიურია, შესაბამისად, ამ შედეგის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. დეკემბრისგან განსხვავებით, დაკრედიტების მოცულობებში დიდი სხვაობაც ამავე მიზეზითაა გამოწვეული. რეალურად გასული წლის ყველაზე შედეგიან თვეს ვადარებთ მიმდინარე წლის პასიურ თვეს.

აქვე მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ: მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-საქმიანობის უკლებლივ ყველა მიმართულებით დაკრედიტების მოცულობა შემცირდა, ცალკეული მიმართულებების მიხედვით განსხვავებული იყო საშუალო საპროცენტო განაკვეთის დინამიკა. კერძოდ, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, განათლების, სასტუმროებისა და რესტორნების, ვაჭრობის, ფინანსური შუამავლობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისა თუ უძრავი ქონებით ოპერაციების დასაფინანსებლად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, თევზჭერის მიმართულებით შემცირდა.

საინტერესოა, რა ტენდენცია გამოიკვეთა უცხოური ვალუტით დაკრედიტებისას. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციების და განათლების მიმართულებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ამავე ვალუტაში სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, თევზჭერის, მშენებლობის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის, ფინანსური შუამავლობის დაკრეტიტებისას საშუალო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. ასე რომ, ახლა თავად გადაწყვიტეთ, რა მიმართულებით აპირებთ ბიზნეს-საქმიანობის დაწყებას, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ არაფერია უფრო მარადიული, ვიდრე ცვალებადობა.

შესაბამისად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც ცვალებადია და თუ დღეს კომერციული ბანკები განათლებას უფრო იაფად აკრედიტებენ, ვიდრე ვაჭრობას, ხვალ შესაძლოა პირიქით იყოს. დავძენ, რომ ლარში ბიზნეს-სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11,54 პროცენტიდან 12,09 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 7,13 პროცენტიდან 6,97 პროცენტამდე შემცირდა.

საკრედიტო პორტფელისგან განსხვავებით, მართალია, მცირედით, 0.72 პროცენტით გაიზარდა საბანკო დეპოზიტების მოცულობა – საანგარიშო პერიოდში 34,88 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 38,55 პროცენტია. მართალია, ეს საანგარიშო პერიოდს არ ეხება, მაგრამ საბანკო სექტორის ნაწილმა მომხმარებლებს დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ აცნობა. ანაბრებზე დარიცხული სარგებელი მომხმარებლებს აპრილიდან შეუმცირდებათ. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მაქსიმუმ 1 პროცენტი შეიძლება იყოს.

„ანაბრებზე არის მიზერული 0.25-პროცენტიანი ან მაქსიმუმ 1-პროცენტიანი ცვლილება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ამ ეტაპზე არ არის სისტემური ხასიათის და ანაბარზე სარგებლის მოცულობა ყველა ბანკს არ შეუმცირებია. საქმე გვაქვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, რაც გამოწვეულია შედარებით მაღალი ლიკვიდობით უცხოურ ვალუტაში და შეზღუდვებით, რის გამოც თანხის უცხოურ ვალუტაში დაბანდება ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე ეროვნულ ვალუტაში“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

მისი თქმით, უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო მიმართულებით პროცენტების შემცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა კრიზისმა პროცესს კიდევ უფრო ხელი შეუწყო.

და, ბოლოს, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, საპროცენტო შემოსავლები 14 მილიონი ლარით შემცირდა და მისი მოცულობა 367,56 მილიონ ლარს შეადგენს, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდის მოცულობა ჯამურად 3 მილიონი ლარია. ამავე დროს საბანკო სექტორმა საკონვერსიო ოპერაციებიდან 13,4 მილიონი ლარი იზარალა.

სულ ეს არის. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, საბანკო სექტორმა წელი აქტიურად დაიწყო და ეკონომიკის შემდგომი ზრდისა თუ სტიმულირებისათვის ამ ტემპის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. დავძენ, ძნელია ანალიტიკოსების ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, თუმცა შეგვიძლია მივანიშნოთ, რომ თავად საბანკო სექტორის სტაბილურობის ხარისხს დიდწილად სწორედ ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს...

 

885
აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„...ჩვენი გოგოების გამო“: ორშაბათს „1000 მშობლის მარში“ გაიმართება

0
რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სქესობრივ დანაშაულთან  მიმართულებით გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ორშაბათს, 8 მარტს საქართველოს დიდ ქალაქებში კამპანია „1000 მშობლის მარში" გაიმართება, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო დაიგეგმა.

კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, რომელმაც თავი მიმდინარე წლის თებერვალში მას შემდეგ მოიკლა, რაც მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა.

„1000 მშობლის მარში“ საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, ლანჩხუთი, ხარაგაული) 17:00 საათზე დაიწყება. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგონებისა და ქალების მიმართ. 

თბილისში აქციის მომაწილეები შეიკრიბებიან ვარდების მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გაიმართებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ, სადაც მიტინგს გამართავენ.

„გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!" - ამ ლოზუნგით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ რვა მარტიდან ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც სისტემური რეფორმების გატარებას უჭერს მხარს.

მათი მთავარი მოთხოვნებია:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

კამპანია „პროტესტის 100 დღე“ ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო ორგანიზაციები „მშობლები განათლებისთვის“, „Safe You - საქართველო“ და კიდევ 15 ორგანიზაცია.

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დააკავა >>

ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.

 

0