ლელო

ვინ არიან „ლელოს“ მაჟორიტარები და შექმნის თუ არა „ქართული ოცნება" კოალიციას ხაზარაძესთან?

517
(განახლებულია 14:47 17.08.2020)
გასულ კვირაში პოლიტიკურმა მოძრაობამ „ლელო საქართველოსათვის" მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატები საკმაოდ პომპეზურად წარადგინა.

ვინაიდან ბადრი ჯაფარიძისა და ანა ნაცვლიშვილის გარდა ამ სიაში არც ერთი მაინცდამაინც ცნობილი პოლიტიკოსი არაა, თუნდაც დავით უსუფაშვილი, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ „ლელო“ მთელ აქცენტს პროპორციულ სიაზე გააკეთებს და მაჟორიტარულ არჩევნებს გამოიყენებს, როგორც ადგილებიდან მეტი ხმის მობილიზების საშუალებას.

ამ გადაწყვეტილებათა რიგში უნდა მივიჩნიოთ ჭიათურა-საჩხერეში ყოფილი დეპუტატის ანი მიროტაძის კანდიდატურის დაყენება, რაც ერთობ გაბედული ნაბიჯია თავად მისი მხრიდან, რადგან, განსაკუთრებით საჩხერეში, მოსახლეობის 80-90% ხმას ბიძინა ივანიშვილს და მის კანდიდატს მისცემს, მაგრამ რადგან მიროტაძე გულისხმიერი დეპუტატი იყო და პლუს იქაურია მთელი ოჯახით, ხმების 10-15%-ს უპრობლემოდ აიღებს, რაც დიდად აღემატება თავად „ლელოს“ რეიტინგს.

ასეთივე გადაწყვეტილების რიგში შეგვიძლია განვიხილოთ სოსო ვახტანგიშვილის მცხეთა-მთიანეთის ოლქში წარდგენა. ვახტანგიშვილი გორიდანაა, ნაომარი, განათლებული და სიტყვიანი კაცი, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას დაამშვენებდა. მცხეთა-მთიანეთში მას უკვე ყოფილი გუბერნატორი კერესელიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური დაეჭიდებიან, ასე რომ, მოგების არა, მაგრამ მეორე ტურის შანსები დიდია.

ქუთაისში რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტი ალბათობა აქვს აიღოს ხმების უმეტესობა ვიდრე ანა ნაცვლიშვილს, ფაქტია. სავარაუდოდ, ქუთაისის პირველივე ტურში მოგება ექიმ ზაზა ლომინაძესაც გაუჭირდება და აქ მეორე ტური იქნება. თუმცა ნაცვლიშვილის ოჯახი და მათი ახლობლები ახალ პარტიას სერიოზულ ხმებს შემატებენ.

ყველაზე უცნაური მაინც „ლელოს“ გადაწყვეტილება იყო – მაჟორიტარობის კანდიდატად ვაკეში წარედგინათ მოქმედი დეპუტატი ლევან კობერიძე, ეს მაშინ, როცა მამუკა ხაზარაძე ყველა ეთერში ელენე ხოშტარიას აქებდა და ადიდებდა. ამ გადაწყვეტილებამ ირაკლი ოქრუაშვილიც კი გააკვირვა. მისი ფეისბუქ-პოსტიდან ირკვევა, რომ ხაზარაძის სიტყვას ახლა მისთვის ფასი აღარ აქვს.

„ლელო“ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. მართალია, მან მაჟორიტარობა ვერ გარისკა და კარგიც ქნა, რადგან უხერხული იქნებოდა, 61%-ით არჩეულ ყოფილ პრეზიდენტს ერთი უბანი ვერ მოეგო. თუმცა, მან, შესაძლოა, სიით იყაროს კენჭი ან სულაც „ლელოს“ საარჩევნო კონსულტანტი გახდეს, რომელიც მესამე ძალად ჩამოყალიბებას შეეცდება. მაგრამ მანამდე ამ ახალ პოლიტიკურ ძალას „პატრიოტებისა" და ბოკერიას ჩაჩოჩება მოუწევს, რომლებიც ასევე იბრძვიან მესამე ძალად დამკვიდრებისთვის.

ამ არჩევნებზე ახალი იდეა და ქარიზმატული ლიდერი ნაკლებად ჩანს. შესაბამისად, ძალა ფულსა და ადმინისტრაციულ რესურსს ექნება.

გასაკვირი კია, რომ ამხელა ბანკისა და ფულის პატრონ ხაზარაძეს ჯერ 2-3% პროცენტზე მეტი ვერ დაუდგინეს IRI-ს კვლევებით. ამდენი ხომ მხოლოდ მისი ბანკის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები უნდა იყოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასიამოვნოა „ლელოს" მხრიდან მაჟორიტარებად ახალი სახეებისა და ქალების ჭარბად წარდგენა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე აშკარად იდეური ადამიანია და ბევრს იბრძვის დასაქმებულთა უფლებებისათვის, რაც პატივსაცემია და განსხვავებულიც სახელისუფლო პარტიისაგან, რომელიც ბოლო ორ არჩევნებზე აქცენტს ფულიან ადამიანებზე აკეთებდა.

ასეა თუ ისე, არჩევნებამდე ჯერ კიდევ 2,5 თვეა დარჩენილი და მრავალი სიურპრიზი გველოდება, მათ შორის რეიტინგების მიმართულებით. ბევრი რამ კანდიდატების ენერგიასა და სწორ მესიჯებზეცაა დამოკიდებული.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება და სწორედ „ლელოსთან“ შექმნის კოალიციას, თუ ეს საერთოდ დასჭირდა. თუმცა „ლელოს“ ლიდერებზე არანაკლები შავი პიარია აგორებული, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

ვნახოთ, რა სიახლეებს მოგვიტანს არჩევნები 2020, თუ ის საერთოდ ჩატარდა კორონას ჭირვეულობის გამო. საქართველოს ხელისუფლება კი მზადაა, მაგრამ, აგერ, ტრამპი არჩევნების გადადებას აპირებს და ბელარუსის მოვლენებიც ბევრ საინტერესო მესიჯს შეიცავს პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებისთვის.

517
გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერები

მოსაზრება: გაზის მსოფლიო ფასებს ქარიშხალი და ბანდები ადგენენ

20
(განახლებულია 20:58 21.09.2020)
გაზის ბაზარი თანდათან უბრუნდება ძველ მდგომარეობას: საბირჟო ფასები ევროპასა აზია–წყანარი ოკეანის რეგიონში (გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზრისთვის), შესაბამისად, 130 და 150 დოლარს შეადგენს 1000 კუბურ მეტრზე.

ალექსანდრ სობკო

ფასების ზრდის მიზეზები არსებობს როგორც მოთხოვნის, ისე შეთავაზების მხრიდანაც. მიმდინარე წლის რვა თვეში გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ჯამური იმპორტი, მართალია, მხოლოდ 1,3 პროცენტით, მაგრამ მაინც უფრო მეტი გამოდგა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. LNG-ს იმპორტის მკვეთრი ზრდა ივლისსა და აგვისტოში აჩვენეს ინდოეთმა და ჩინეთმა.

ანუ, თუ მარტივ შეფასებას გავაკეთებთ, LNG-ზე გლობალური მოთხოვნა ახლა გასული წლის დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის აირზე მოთხოვნა უფრო დაბალია (ეს რუსეთის ექსპორტიდანაც ჩანს ევროპაში, ხოლო ჩინეთი შუა აზიიდან ამცირებს გაზის იმპორტს). მაგრამ LNG–ბაზარზე ასევე არის სიმძლავრეების სიჭარბე, ვინაიდან მიმდინარე ფონზეც ამუშავდა წინასაინვესტიციო ტალღის ქარხნები (ძირითადად ეს აშშ-ია).

ამიტომ ფასების სტაბილიზებას ხელს ასევე უწყობს შემოთავაზებების ჩავარდნაც: კვლავინდებურად არ მუშაობს მცურავი ქარხანა Prelude ავსტრალიაში (ტექნიკური პრობლემების გამო), იქვეა გაჩერებული Gorgon LNG-ს კიდევ ერთი ტოტი. აშშ-ზე უკვე ბევრი რამ ითქვა.

ცოტა ხნის წინანდელი ზედაბალი ფასების გამო LNG-ს გადმოტვირთვები ზაფხულში ქარხნების გეგმური სიმძლავრეების ნახევრამდე და კიდევ უფრო ქვემოთაც ეცემოდა. ახლა ექსპორტი თანდათანობით აღდგება გლობალური ფასების ზრდასთან ერთად, მაგრამ ქარიშხლების სეზონი ნორმასთან სწრაფ დაბრუნებას ხელს უშლის. უახლოეს თვეებში ამერიკული ექსპორტის ზრდა კვლავ მოახდენს გავლენას ფასებზე.

ანუ კოტირებების აღდგენა ჯერჯერობით არ გამოიყურება სტაბილურად (ამას საცავების გადავსებაც დავუმატოთ), თუმცა ზოგი პროგნოზით, გათბობის სეზონზე სპოტურმა ფასებმა აზიაში შესაძლოა 200 დოლარსაც გადააჭარბოს 1000 კუბურ მეტრზე. ასეთი ფასები კი უკვე შეესაბამება მისაღებ გძელვადიან ფასს ყველა მწარმოებლისთვის. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“. ფასების ასეთი დონე საშუალოწლიური უნდა იყოს და არა მარტო „ზამთრისა“.

მაგრამ წელიწადი რთულია, არატოპური, მისი მიხედვით გრძელვადიანი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. და ყველაზე საინტერესო: მიმდინარე წელს, პირველად ოცი წლის განმავლობაში, ჯერჯერობით არ მიღებულა არც ერთი ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილება ახალი გამთხევადებელი ქარხნების აგებაზე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საინესტიციო გადაწყვეტილებების რეკორდული რაოდენობაა მიღებული. ეს კი სამწლიანი პაუზის (2016–2018 წლები) შემდეგ მოხდა წინა ციკლში (2011–2015 წწ) გადაინვესტირების გამო.

რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია და გასაგები: ნავთობ–გაზის ყველა კომპანიამ ძალიან დაკარგა შემოსავლები, რის გამოც საინვესტიციო პროგრამებს ამცირებს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინვესტიციები მხოლოდ მესამედით შემცირდა, რაც თითქოს გათხევადებულ ბუნებრივ აირსაც უნდა შეეხოს.

პასუხის ნაწილი ისაა, რომ LNG-ს ბაზარი ბოლო წლებში პარადოქსულად ვითარდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ გაზის მიმდინარე სიჭარბეს და ასევე მწვავე კონკურენციას მომავალში (კატარი, აშშ, რუსეთი, აღმოსავლეთ აფრიკა), ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს მაღალ ფასებს და არ გზავნის საკმარის საბაზრო სიგნალებს ახალ პროექტებში ინვესტიციებისთვის. ერთდროულად ბაზარი მიიჩნევა პერსპექტიულადაც (გაზზე მოთხოვნა ყველა, თვით ყველაზე მწვანე სცენარითაც კი გაიზრდება). ბაზრის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი გახდა ნავთობისა და გაზის ტრანსნაციონალური კომპანიების მონაწილეობა, რომლებმაც ეტაპობრივად დაიწყეს ნავთობიდან გათხევადებულ ბუნებრივ აირზე გადასვლა.

როგორც შედეგი — ძვირი ნავთობის პირობებში (როგორც მაშინ ჩანდა, დიდი ხნის განმავლობაში) ნავთობ–გაზის კომპანიებს პერსპექტიულ გათხევადებულ გაზში შეეძლოთ თანხების ჩადება შემოსავლების საერთო კალათიდან. ან ქარხნებში უშუალო ინვესტიციების გზით, ან ირიბად — LNG-ს გრძელვადიანი კონტრაქტებით შეძენის გზით. რაც გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზრის შედარებით პატარა მონაწილეებს ქარხნების ასაშენებლად კრედიტების მიღების საშუალებას აძლევდა.

ახლა კი, ნავთობის კოტირებების ვარდნასთან ერთად, ნავთობის ტრანსნაციონალურ კომპანიებს ამისთვის არ სცალიათ. ამას ემატება ისიც, რომ ზოგი მათგანი ნერვიულობს და საკუთარი საინვესტიციო გეგმების „გამწვანებაზე“ საუბრობს.

თავის მხრივ, ნავთობგიგანტებს, რომლებსაც სურთ წიაღისეული საწვავის ერთგულები დარჩნენ, ასევე მძიმე ვითარება აქვთ. ეს ჩანს კომპანია ExxonMobil-ის მაგალითზე, რომლის  ფინანსური მდგომარეობა ახლა არასახარბიელოა.

ამ კომპანიას გეგმებში ორი მთავარი და მსხვილი LNG–პროექტი ჰქონდა: Golden Pass LNG აშშ-ში და Rovuma LNG მოზამბიკში. ახლა ორივე გადადებულია — ამერიკულ ქარხანაზე გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ ერთი წლით ყოვნდება, ხოლო მოზამბიკურისა — 2023 წლამდე. პაპუა–ახალ გვინეაში მოქმედი LNG–ქარხნის გაფართოების გეგმებიც ასევე უკეთესი დროისთვის გადაიდო.

დანარჩენი ამერიკული ქარხნები, რაღა თქმა უნდა, ასევე არ ჩქარობენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ადგილზეა გაჭედილი სიტუაცია აღმოსავლეთ აფრიკაშიც. შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონის შელფი (მოზამბიკი, ტანზანია) მოპოვებების ერთ-ერთ ახალ პერსპექტიულ ცენტრად განიხილებოდა. პროექტ Exxon-ის გადავადებაზე უკვე მოგახსენეთ, აი Mozambique LNG-ს კი რეგულარულად უშლიან ხელს რეგიონში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი მშენებლობის ვადაში დასრულების საკითხს. ტანზანიაში ქარხნების გეგმების შესახებ ბოლო დროს თითქმის აღარც იხსენებენ.

ამ ყველაფრიდან შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეთავაზებების დეფიციტის მოწმენი გავხდებოდით. ასეც იქნებოდა, რომ არა კატარის გეგმები ერთბაშად რამდენიმე ახალი ქარხნის თაობაზე. ოფიციალური საინვესტიციო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, მაგრამ წინასწარი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხოლო LNG-ს დაბალი თვითღირებულება კატარს იაფად აშენების საშუალებას მისცემს.

დაბოლოს, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გაურკვევლობას ბადებს: ფასწარმოქმნის მექანიზმები. სპოტური ბაზრის განვითარების მიუხედავად, ბოლო დრომდე ნავთობზე ფასების ბმა გათხევადებული აირის მწარმოებლებს რენტაბელობის გარანტიას აძლევდა. ამასთან, ძვირი ნავთობისა და LNG-ში მზარდი კონკურენციის ფონზე ამ ბმის კოეფიციენტი ბოლო წლებში ახალ კონტრაქტებში სულ უფრო და უფრო ეცემოდა. ახლა ნავთობი გაიაფებულია, მაგრამ ნაკლებსარწმუნოა, რომ მყიდველები ძველ, მაღალ კოეფიციენტებზე დაბრუნებას მოისურვებენ. ხოლო 45-დოლარიანი ნავთობისა და გაზის ბმის ბოლოდროინდელ 0,11 კოეფიციენტის პირობებში გათხევადებული ბუნებრივი აირი სულ დაახლოებით ხუთი დოლარი ეღირება მილიონ BTU-ზე, ანუ დაახლოებით 180 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. ხოლო მყიდველებს სულ უფრო აინტერესებთ სპოტური ფასების გაზი, მით უმეტეს, რომ კატარიდან, გრძელვადიანი კონტრაქტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ, სულ უფრო მეტი LNG გამოვა საბირჟო ბაზარზე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებად ქვეყნებს გაზის დიდი მოცულობების „გადახარშვის“ უნარი აქვთ, მაგრამ მხოლოდ დაბალი ფასებით, მაქსიმუმ 200 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე ან კიდევ უფრო ნაკლები.

ყველა ეს ფაქტორი გაურკვევლობასა და ბაზრის განვითარების ერთგვარ პარადოქსულობას იწვევს. ბუნებრივი აირი და LNG კვლავაც ძალიან პესპექტიულ საწვავად რჩება, მაგრამ მაღალკონკურენტულ ბაზარზე, რომელზეც მოთხოვნა დამაჯერებლად გაიზრდება მხოლოდ საკმარისად დაბალი ფასებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

20
საქართველოს ბანკის ფილიალი

რატომ არ შეუმცირდება 120 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირებაზე მიბმულ სესხებზე პროცენტი

339
(განახლებულია 14:47 21.09.2020)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – ის ისევ 8,0%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რიმ 120 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში. მაგრამ მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

გიორგი კეპულაძის თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ლარში სესხებს უფრო მეტად გააიაფებდა, რასაც ბიზნესის და მომხმარებლების უფრო მეტი დაკრედიტება მოჰყვებიოდა.

„განაკვეთის შემცირება გამართლებული იქნებოდა იმ პირობებშიც, როდესაც ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, მით უმეტეს  წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. მოსალოდნელია, რომ მაღალ ნიშნულზე ინფლაცია წლის ბოლომდე დარჩება, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება და კლებასაც დაიწყებს.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას, გიორგი კეპულაძის აზრით, ეს COVID-19-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება მივაწეროთ.

„...რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

„საზოგადოება და ბანკებმის“ ხელმძღვანელის ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 120 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185,408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 6058,88 მილიონიდან 6466,80 მილიონ ლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, 120 300 ხელშეკრულებიდან 34 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865,9 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 13,24% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, 1 აგვისტოს მონაცემებით, 46 600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,35%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2060,9 მილიონი ლარია.

35 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც, წინა პერიოდთან შედარებით, 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3302,1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1129,7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,61%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი, 1 აგვისტოს მონაცემებით, 2172,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,96%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხები. 1 აგვისტოს მონაცემებით, სულ 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,18%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87,15 მილიონი ლარია.

1 აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14,23%-დან 14,12%-მდე.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ნატა პატარაია

 

339
წინასაარჩევნო შეხვედრა პანდემიის დროს

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020