ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადში

მოსაზრება: რა მოუტანა ერაყის ომმა აშშ-სა და მსოფლიოს?

144
(განახლებულია 18:45 13.08.2020)
აშშ-ის ამჟამინდელი ნაციონალური კატასტროფა გამოწვეულია (ან პროვოცირებულია) უპირველესად ერაყის წარუმატებელი ავანტიურით.

დმიტრი კოსირევი

და წიგნი, რომელიც ეს-ესაა გამოიცა ამერიკაში, კარგია არა მარტო იმით, რომ დაწვრილებით ააანალიზებს, ვინ და როგორ იღებდა გადაწყვეტილებას ერაყის ინტერვენციის თაობაზე 2003 წელს. ის ასევე პროვოცირებს დისკუსიას თემაზე, რომ საქმე მარტო მაშინდელი მმართველის ჯორჯ ბუშისა და მისი გუნდის არაადეკვატურობაშია.  

საუბარია რობერტ დრეიპერის ნაშრომზე „ომის დაწყება. როგორ ჩაითრია ბუშის ადმინისტრაციამ ამერიკა ერაყში“ (To Start a War, by Robert Draper). ავტორს ბუშის ოჯახთან მეგობრული კავშირი ჰქონდა წიგნის წერის დაწყებამდე, მერე კი ექს-პრეზიდენტმა მასთან საუბარზე უარი თქვა. თუმცა არა სხვებმა. დრეიპერმა იმ დროის ასობით ჩინოვნიკის ინტერვიუებს მოუყარა თავი. მოდით, ახლა ჩვენი დროის ადამიანის თვალით შევხედოთ საკითხს: რა მოუტანა ამერიკასა და მსოფლიოს ერაყში ომმა?

ყველაზე აშკარა: 90-იანი წლების ილუზიას, რომ ახლა მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო არსებობს, რომელიც მართავს მას, ბოლო მოეღო. ეს იმიტომ, რომ ყველამ დაინახა, რომ ზესახელმწიფოს აშკარად სუსტი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ასეთი გამარჯვება მოგებულსაც ანადგურებს.

აღმოჩნდა, რომ უახლოეს მოკავშირეებს (გერმანია და საფრანგეთი) და მაშინ ძალიანაც კეთილგანწყობილ პარტნიორებს (რუსეთი) ამგვარ ვითარებაში საკუთარი აზრი შეიძლება ჰქონდეთ და, საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის იგნორირებაც შეუძლიათ.

ისე გამოვიდა, რომ ერაყის ოკუპირების შემდეგ ამერიკამ, თავისი ფინანსური და სხვა სიმძლავრეებით, ეს ქვეყანა ბედნიერი და აყვავებული ვერ გახადა. ე.ი. აშშ-ის პოლიტიკური თუ ღირებულებათა სისტემები საექსპორტოდ არ გამოდგება, რაც სწორ აზრზე აყენებს მსოფლიოს ათობით სახელმწიფოს. ანუ აღმოჩნდა, რომ ამერიკის გარეშე არა თუ შეიძლება ცხოვრება, არამედ საჭიროცაა.

არსებობს ჯერ კიდევ არც ისე კარგად გამოკვლეული საკითხი ამერიკული საზოგადოების განხეთქილებისა და იდეური რღვევისა, მართვის მთელი სისტემისა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსებზე. და განა დაემართებოდა ქვეყანას მსგავსი კატასტროფა, რომ არა ერაყის ავანტიურა? ნებისმიერ შემთხვევაში, ამაში ერაყმა თავისი წვლილი შეიტანა.  

დრეიპერის წიგნი უპირველესად თითქოს სრულიად შემთხვევით სიუჟეტს წარმოგვიჩენს: ამერიკის დაზვერვის დეგრადაციას. ირკვევა, რომ 90-იანების ბოლოს დაზვერვის ცენტრალურ ბიუროს პრობლემები ჰქონია ბილ კლინტონის ადმინისტრაციასთან. მაგრამ ამ დროს 2001 წლის 11 სექტემბერი მოხდა და უწყების მაშინდელ ხელმძღვანელს ჯორჯ ტენეტს გავლენის აღდგენის იმედი გაუჩნდა.

სხვათა შორის, დაზვერვის ცენტრალური ბიუროს ჩავარდნებს 90-იანებში თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ მერე სასაცილო ვითარება შეიქმნა ― სწორედ ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა ჭკვიანი და უნარიანი სპეციალისტების დეფიციტი. და ტენეტს დაუმტკიცებლის დამტკიცება მოუხდა ― რომ ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი ფარულ ალიანსში იყო „ალ-ქაიდასთან“ და აშშ-ის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებდა.  

და როგორ იქცევა ასეთ დროს ცუდი დაზვერვა? ამზადებს სიყალბეებს და ითხოვს ირმუნონ ის. სხვათა შორის, სიტუაცია 2003 წელთან შედარებით ძალიან არ შეცვლილა ― „არჩევნებში რუსეთის ჩარევის“ ისტორიაც ღიად უვარგის მასალაზე იგებოდა. მოკლედ, ჭკვიანი დაზვერვა სახელმწიფოს დიდ ფულს უზოგავს, სულელი კი უზარმაზარ პრობლემებს ქმნის.

მაგრამ ერთი უწყების ჩავარდნა მაინც კერძო ამბავია. არანაირი ერაყული კატასტროფა არ იქნებოდა, პირადად ჯორჯ ბუშსა და იმ ადამიანებს, რომლებიც საკვანძო თანამდებობზე დანიშნა პრეზიდენტმა, დაზვერვის ცენტრალური ბიუროსგან ყალბი ინფორმაცია რომ არ მოეთხოვა. დიახ, ტენეტმა თავისი კანტორა იმგვარ სააგენტოდ გადააქცია, რომელიც პუბლიკაზე ჰყიდდა იდეას, რომ სადამი ამერიკის საფრთხე იყო. მაგრამ იმ ეპოქის ყველა საკვანძო პერსონაჟმა აიძულა ის, ასე მოქცეულიყო ― თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლ ვულფოვიცმა და მისმა ხელმძღვანელმა ზდონალდ რამსფელდმა, ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ და, უპირველესად, თავად პრეზიდენტმა ბუშმა.

რატომ აკეთებდნენ ისინი ამას? იმიტომ რომ გლობალიზმის იდეოლოგები იყვნენ. მათ ჯერ კიდევ თავიანთ წინა თანამდებობებზე ყოფნისას მიაღებინეს კონგრესს „ერაყის გათავისუფლების აქტი“, შექმნეს კომისიები, რომლებიც ადანაშაულებდნენ დაზვერვის ცენტრალურ ბიუროს, რომ ისინი ერაყიდან მომდინარე „საფრთხეებს“ ვერ ხედავდნენ (კიდევ ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან). ხოლო როცა ტერორისტებმა ნიუ-იორკს შეუტიეს, ქვეყანა უკონტროლო ისტერიკაში ჩავარდა, რითიც ამ ადამიანებმა ისარგებლეს.

რაც შეეხება ბუშს, მისთვის, წიგნის თანახმად, სადამი ისეთი ურჩხული იყო, რომლის ქვეყნის სათავეში დატოვება არ შეიძლებოდა. ასევე სხვა უცხოელი ლიდერებისაც. ბოლოს და ბოლოს, დადგა მომენტი, როდესაც ამერიკას უნდა ეჩვენებინა, რომ სწორედ ის იყო ის ერთადერთი ზესახელმწიფო.

შედეგი: დრეიპერის თქმით, ადმინისტრაციაში არ გამართულა არც ერთი დისკუსია იმაზე, დაეწყოთ თუ არა ომი ერაყში. საუბარი მხოლოდ დაწყების დროზე მიდიოდა.

და რა ვითარებაა ის, როდესაც ხელისუფლებაში არიან მზა იდეების მქონე ადამიანები, ხოლო მათ ხელქვეითებს მხოლოდ იმ ფაქტების შერჩევა ევალებათ, რომლებიც ამ იდეებს შეესაბამება?

როდესაც იდეები წინასწარაა მომზადებული, ხოლო ფაქტები მათ უნდა შეესაბამებოდეს, ამას „დერჟავის“ მმართველი კლასის უმეცრება და დეგრადაცია ჰქვია. და ზოგადად მისი განათლებული კლასის დეგრადაცია მთლიანობაში.

პრეზიდენტების, პრემიერებისა თუ მეფეების შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ მთელი ნაციისა ― რთულია. ეს აზრი გამოსჭვივის დრეიპერის წიგნზე გამოხმაურებებში: „ჩვენი საზოგადოება ანტიინტელექტუალურია“, „სკოლები, რომლებიც ვითომ ისტორიას, სოციოლოგიასა და კულტურას ასწავლიან“, ხშირად აგროვებენ ფულს და განათლების ილუზიას ქმნიან...  

აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში განათლების დეგრადაციაზე საუბარი 90-იან წლებში დაიწყეს სერიოზულად, საიდანაც, როგორც ვხედავთ, იზრდება კიდეც „ერაყული“ და სხვა პრობლემების ფესვები. და ეს საუბრები მალე არ დასრულდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

144
გაეროს შტაბბინა

მოსაზრება: აშშ მზადაა დაშალოს გაერო

38
(განახლებულია 20:13 23.09.2020)
გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ყველაზე მეტი ინტერესი კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა.

ირინა ალქსნინი

დისტანციური ვიდეოფორმატი, რომლის მეშვეობითაც იღებენ მსოფლიო ლიდერები მონაწილეობას გაეროს გენასამბლეის საიუბილეო, 75-ე სესიაში, უნებურად უფრო მეტ ინფორმაციასა და საფიქრალს იძლევა, ვიდრე მათი ტრადიციული გამოსვლები ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში. ანტურაჟიც კი, რომელშიც იმყოფებიან სახელმწიფოთა ლიდერები, მეტად სიმბოლურია.

ყველაზე მეტი ინტერესი დღეს კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა. დონალდ ტრამპის სიტყვა კიდევ ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებად იქცა, რომელშიც ხაზგასმული იყო არა მარტო მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი —  ანტიჩინური მიმართულება, არამედ ამერიკის ლიდერის გაეროსადმი ქედმაღლურ–დამამცირებელი დამოკიდებულებაც.  

ტრამპმა სიტყვა თეთრი სახლის ჩვეულ პრეს-ვითარებაში წარმოთქვა, სახელმწიფო დროშისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დროშის ფონზე — ყოველგვარი იმაზე მინიშნების გარეშე, რომ მისი სიტყვის ადრესატი არათუ გაერო, არამედ თუნდაც საერთაშორისო აუდიტორია იყო.

ამერიკის ლიდერმა მანამდე არაერთგზის განაცხადა, რომ ვინაიდან მისი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფინანსებელი ყველაზე მსხვილი წყაროა, ამიტომ ის ვაშინგტონის ქვეშევრდომია და ვალდებულია შეასრულოს მისი განკარგულებები.

ეჭვგარეშეა, მისი წინამორბედებიც ანალოგიურად ფიქრობდნენ, მაგრამ ტრამპი პირველი აღმოჩნდა, ვინც თავს უფლება მისცა, ამგვარი პოზიცია ღიად დაეფიქსირებინა და თანაც დასჯით დამუქრებოდა ურჩობის შემთხვევაში. ასე რომ, მის მიერ დღევანდელი გამოსვლის გამოყენება საარჩევნო კამპანიის ამოცანების გადასაჭრელად სრულად ჯდება ამგვარი მიდგომის ჩარჩოში.

რუსულმა მედიასაშუალებებმა შენიშნეს, რომ ამერიკის პრეზიდენტს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი. სამაგიეროდ ჩინეთი დასახელდა თორმეტჯერ (სხვათა შორის, „შეერთებულმა შტატებმა“ მხოლოდ ათჯერ გაიჟღერა). სწორედ ეს გამომწვევი, პირდაპირ სკანდალური ანტიჩინური სული იყო ტრამპის სიტყვის არსი. მარტო პეკინის დასჯის მოწოდება რად ღირდა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ან სიტყვაში „ჩინური ვირუსის“ გამოყენება.  

ამერიკული მოხსენების ხაზგასმით კონფრონტაციული ხასიათი ეწინააღმდეგება გაეროს ტრადიციებსა და დაუწერელ კანონებს. მაგრამ პეკინი აშკარად ელოდებოდა მსგავს დემარშს. და საქმე მარტო ის არაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამოხდომებს ელვისებურად მოჰყვა ჩინეთის წარმომადგენლის პასუხი.

სი ძინპინის სიტყვა მიმდინარე მომენტის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეძღვნებოდა (უპირველესად, რაღა თქმა უნდა, COVID-19-თან მსოფლიო ბრძოლას) და ჩვეულ აწონილ ტონში იყო „გამოყვანილი“.

თუმცა ეს კია, ქვეყნის ლიდერი ჩინეთის დიდი კედლისა და ჩინური მკაცრი ბუნების მასშტაბური გამოსახულების ფონზე იჯდა. ძნელი იყო არ გაგეგოთ კომპოზიციაში ჩადებული გამჭვირვალე სიმბოლური ქვეტექსტი: სი ძინპინის ზურგს უკან დგას უზარმაზარი უძველესი ქვეყანა, რომელიც მზადაა გაუძლოს ნებისმიერ გარე საფრთხეს.

ამერიკული და ჩინელი კოლეგების კონტრასტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა ყველაზე ტრადიციული ჩანდა: დაწყებული პუტინის მიერ წამოწეული, თანამედროვეობის ფუნდამენტური პრობლემების ფართო სპექტრიდან, დასრულებული ხაზგასმული „გაეროული“ ანტურაჟით, რომლის ფონზეც ის საუბრობდა. დაცული იყო რუსეთის ლიდერის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ისეთი თავისებურებაც, როგორიცაა ტექსტის ფურცლიდან კითხვა და არა ტელესუფლიორის გამოყენება.

პუტინი საუბრობდა გაეროს როლის მნიშვნელობაზე პლანეტაზე სტრატეგიული სტაბილურიბის მხარდაჭერაში, ისტორიის დამახინჯების დაუშვებლობაზე, შეიარაღებაზე კონტროლის შენარჩუნების აუცილებლობასა და, რაღა თქმა უნდა, კოლექტიური საერთაშორისო ძალისხმევების მნიშვნელობაზე კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში და მის სოციალურ–ეკონომიკურ შედეგებზე.

არსობრივადაც და ფორმითაც ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა, რომლის ქვეყანაც უბრალოდ თვალს ადევნებს მსოფლიოს მორიგ ქაოსის ეპოქაში ჩაძირვას და, ამასთან, ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ არ დაუშვას ყველაზე საშინელი შედეგი.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 75 წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის, დიალოგისა და ურთიერთგაგების სისტემას გასულ ჯერზე საშინელი ფასი გადაეხადა. და რუსეთი, რომელმაც მაშინ მასში დიდი წვლილი შეიტანა, ბოლომდე იქნება ნორმალურობისა და ჯანსაღი აზრის პატარა კუნძული, რომლის იმედიც პლანეტას ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

38
თეთრი სახლი

მოსაზრება: რატომ განუახლა შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები

31
(განახლებულია 19:32 22.09.2020)
შეერთებულმა შტატებმა ანტიირანული სანქციები სრული მოცულობით აღადგინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს იმით ახსნა, რომ თეირანი არ ასრულებს „ბირთვული შეთანხმების“ პირობებს.

გალია იბრაგიმოვა

გაეროსა და ევროკავშირში ამერიკელთა არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალეს და უარი თქვეს, შეერთებოდნენ ვაშინგტონს. რისკენ ისწრაფვის თეთრი სახლი და რა პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას?

ცალმხრივი ზეწოლა

„გაეროს უშიშროების საბჭომ არ გაუხანგრძლივა ირანს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო. მაგრამ აშშ უმოქმედოდ არ რჩება და სანქციები დააბრუნა. თუმცა ამჯერად არა მარტო თეირანის, არამედ ემბარგოს ყველა დამრღვევის მიმართ“, — განაცხადა მაიკ პომპეომ და მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონს.

მაგრამ რეაქცია საპირისპირო გამოდგა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა („ევროსამეული“) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც თეთრი სახლის ნაბიჯებს გმობდნენ.

„აშშ ირანულ პროგრამაზე მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმიდან 2018 წლის 8 მაისს გავიდა და აღარ მიიჩნევა „გარიგების“ მონაწილედ. ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონის არანაირ გადაწყვეტილებას არ აქვს იურიდიული ძალა“, — აღნიშნეს „ევროსამეულის“ მინისტრებმა.

პარიზი, ბერლინი და ლონდონი, პირიქით, სანქციების შესუსტებას განაგრძობენ. მინისტრების თქმით, ირანისთვის შეზღუდვების მოხსნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციითა გათვალისწინებული. ამ დოკუმენტმა ოფიციალურად დაამტკიცა 2015 წელს შეთანხმებული „ბირთვული გარიგება“.

„ჩვენ გამუდმებით ვუჭერდით მხარს მის შენარჩუნებას და განვაგრძობთ ამის კეთებას“, — ხაზი გაუსვეს ევროპელებმა.

ევროპული დაპირებები

დონალდ ტრამპი „გარიგებიდან“ ორი წლის წინ გავიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ თეირანი ფარულად ავითარებს ბირთვულ პროგრამას. მას არანაირი მტკიცებულებები არ მოუყვანია, თუმცა სანქციების დაბრუნება კი მოითხოვა.

რუსეთმა, ჩინეთმა და ევროპელებმა ეს დაგმეს და ხაზი გაუსვეს, რომ დოკუმენტი აშშ-ის გარეშეც განაგრძობს მოქმედებას. გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური კანონიც კი მიიღეს, რომელიც კომპანიებს ირანთან თანამშრომლობის უფლებას ანიჭებს. იმისათვის, რომ ბიზნესს აშშ-ის ზეწოლისა არ შეშინებოდა, განსაკუთრებული საფინანსო მექანიზმი INSTEX-იც კი შეიმუშავეს.

თუმცა, ეფექტი შეზღუდული აღმოჩნდა. კომპანიები მაინც ტოვებდნენ ირანის ბაზარს და ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა მკვეთრად დაეცა. თეირანთან თანამშრომლობა ჩინელებმაც კი გაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა დაგმო ამერიკული სანქციები.

ირანის ხელისუფლებამ მოლოდინის რეჟიმი აირჩია იმის იმედით, რომ ევროპელები მოახერხებდნენ ვაშინგტონის დარწმუნებას – არ დაეთრგუნა ბიზნესი. მაგრამ იმის კვალდაკვალ, თუ როგორ გადიოდნენ უცხოური კომპანიები ქვეყნიდან, ხოლო ვაშინგტონის შერბილების იმედი ქრებოდა, თეირანმა ბირთვულ პროგარამაზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

ფორმალურად მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA) მუშაობს, მაგრამ „გარიგების“ მონაწილეთა ურთიერთბრალდებები მისდამი ნდობას ანგრევს. თეირანის უარს, დაიცვას დოკუმენტის პირობები, ვაშინგტონი „აიათოლების რეჟიმზე“ ახალი შეტევის ახალ არგუმენტად იყენებს.

„ემბარგოს გაუქმება არ უნდა დაიშვას“

ყველაზე მეტად ამერიკელები იმას უფრთხიან, რომ 18 ოქტომბერს თეირანს იარაღზე ემბარგო მოეხსნება. ამ შიშებს ირანის მეზობლები კიდევ მეტად ამწვავებენ.

მაგალითად, ისრაელი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და კუვეიტი მიუთითებენ, რომ აკრძალვების გაუქმების შემდეგ ისლამური რესპუბლიკა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და თანამედროვე გამანადგურებლებს შეიძენს რუსეთისა და ჩინეთისგან. ეს გააძლიერებს ირანს და რეგიონში ვითარებას გაართულებს. იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ დაუშვან, თეირანის მოწინააღმდეგეები აშშ-ის გავლით მოქმედებენ.

აგვისტოში ამერიკელებმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს რეზოლუცია იარაღის ემბარგოს გახანგრძლივების თაობაზე და ეს იმით გაამყარეს, რომ თეირანი „ჰესბოლას“ აიარაღებს ლიბანსა და სირიაში, ასევე შიიტ ბოევიკებსაც აწვდის იარაღს ერაყში, რომლებმაც არაერთხელ მოაწყვეს შეჯახება ადგილობრივ სამხედროებთან.

„ევროსამეული“ ამერიკელების შიშებს იზიარებს, მაგრამ მათ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთმა და ჩინეთმა კი მიანიშნეს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ყველა ძალისხმევას დაბლოკავენ. ირანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ასეთი რეზოლუცია საბოლოოდ დაუსვამს ჯვარს „ბირთვულ გარიგებას“.

გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო ამერიკული პროექტი. მაგრამ უკვე ერთი კვირის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც თითქოს ადასტურებდა, რომ თეირანი „გარიგებით“ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი დადგენილ ნორმაზე 300 კგ-ით მეტი დააგროვა.

მაიკ პომპეო არ მალავდა, რომ ვაშინგტონს სანქციების სრული მოცულობით აღდგენა სურდა. უშიშროების საბჭოში მათ შეახსენეს: აშშ-ს არ შეუძლია იმსჯელოს „გარიგების“ პირობების დაცვაზე, ვინაიდან ის იქიდან გავიდა. ამერიკელებმა კი უპასუხეს, რომ ისინი კვლავინდებურად რჩებიან მათ შორის, ვინც რეზოლუცია 2231 დაამტკიცა და, შესაბამისად, ინარჩუნებენ სანქციების უფლებას.

ამასთან მიუთითეს, რომ, „გარიგების“ თანახმად, თუ ირანის მიმართ საჩივრის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში ზომებს არ მიიღებდნენ, სანქციები აღდგებოდა. ვადა 20 სექტემბერს ამოიწურა.

მოლოდინის დიპლომატია

„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში უშიშროების საბჭოში კონსენსუსის არარსებობას დაეყრდნო და ამერიკული სანქციების აღდგენას წინააღმდეგობა გაუწია. ამერიკულ გადაწყვეტილებას იგნორირებით უპასუხეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოშიც, ევროპაში კი მკვეთრად გააკრიტიკეს. ვაშინგტონი საკმაოდ დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, — მიაჩნია ექსპერტ ანდრეი ბაკლიცკის.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა სანქციებმა მაინც დააფრთხოს უცხოური ბიზნესი. თუ ოქტომბერში იარაღის ემბარგო გაუქმდება, კომპანიებიდან ბევრი მაინც არ მოისურვებს ირანთან ვაჭრობას. აშშ-ის ზეწოლის ქვეშ აღმოჩენის საფრთხე გადაწონის. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ვაშინგტონის ქმედებები მეტისმეტი ჩანს.  

„ევროპული კანონმდებლობა იარაღის ემბარგოს 2023 წლამდე მოიაზრებს. ამიტომ საერთაშორისო აკრძალვების მოხსნის შემთხვევაშიც კი ევროკავშირი ვერ შეძლებს თეირანთან თანამშრომლობას ამ სფეროში. რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო საინტერესოა. ამ ქვეყნების ის კომპანიები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ირანისთვის იარაღის მიყიდვა, უკვე სანქცირებული არიან. მათ არავინ უშლის ხელს, დადონ პომპეზური გარიგებები თერანთან ემბარგოს მოხსნის შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაირანი იარაღს მაშინვე მიიღებს, მაგრამ აშშ-ის მორალური მარცხი აშკარა იქნება“, — მიაჩნია ბაკლიცკის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რაფაელ სატაროვი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეირანმა აშშ-ის ცალმხრივ სანქციებზე თავშეკავებული რეაქცია გამოავლინა. მისი თქმით, ირანის ხელისუფლებას არ სურს ვითარების გამწვავება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

„ისლამურ რესპუბლიკას ესმის, რომ აშშ-ის მიმართ ნებისმიერი მკვეთრი გამონათქვამი მხოლოდ ზიანს მიაყენებს. ტრამპი მაშინვე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ირანთან მორიგ კრიზისს და რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს. გარდა ამისა, ახლა ევროპა, რუსეთი, ჩინეთი და გაერო ირანის მხარეს არიან. სიტყვიერ კონფრონტაციას აზრი არ აქვს. ხოლო ცალმხრივ სანქციებს საერთაშორისოდ აღიარებული კანონიერი ძალა არ აქვს“, — ამბობს სატაროვი.

გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ აშშ-ის შემდგომი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ამერიკელები შეძლებენ დაუბრუნდნენ „გარიგებას“. მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ირანის ირგვლივ ვითარება შეიცვალა და ამიტომ „გარიგებაში“ დაბრუნება არც ისე მარტივი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

31
ვალუტის გადამცვლელი კურსი

ლარის კურსი 24 სექტემბერს

0
(განახლებულია 23:45 23.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2641 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 24 სექტემბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს