მოსაზრება: დასავლეთმა პირველად აღიარა რუსეთის წარმატება სირიაში

168
(განახლებულია 20:05 07.08.2020)
აშშ-ის კონგრესის კვლევების სამსახურმა 49-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა სათაურით „სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმოხილვა და აშშ-ის რეაქცია“.

ანდრეი კოცი

რომ არა რუსების დახმარება, ბაშარ ასადი ომს წააგებდა — ამერიკელებმა აღიარეს, რომ სწორედ მოსკოვის, ასევე ირანისა და „ჰესბოლას“ ჩარევამ მისცა საშუალება სირიის არმიას, განედევნა ქვეყნის დიდი ნაწილიდან უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. ასეთია კონგრესის კვლევების სამსახურის 49-გვერდიანი მოხსენების დასკვნა, სათაურით „სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმოხილვა და აშშ-ის რეაქცია“.

ძალთა განაწილება

დოკუმენტში ილუსტრირებულია სირიის რუკა. ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს ბაშარ ასადის მთავრობა აკონტროლებს — იორდანიასთან საზღვარზე მცირე ანკლავის გამოკლებით, სადაც აშშ-ის ბაზა ატ-ტანფი მდებარეობს. იდლიბში ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და თურქეთის ხელისუფლებაა, ხოლო ჩრდილოეთი ტერიტორიები და ევფრატის აღმოსავლეთით — ქურთებისაა.

აქ ანალიტიკოსები ეშმაკობენ. საქმე ისაა, რომ ამ მიწებს სწორედ რომ ვაშინგტონი აკონტროლებს. ისინი იქ ცოტანი არიან — მოხსენების თანახმად, დაახლოებით 600, მაგრამ მათი პოზიციები ძირითადი ნავთობსაბადოების ირგვლივაა განლაგებული ნახშირწყალბადებით მდიდარ ამ რეგიონში. გარდა ამისა, სირიის აღმოსავლეთში კერძო სამხედრო კომპანიების რამდენიმე ასეული მებრძოლიც მოქმედებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ მთავრობას აშშ-ის ამ რეგიონში ყოფნა უკანონოდ მიაჩნია, მაგრამ ვაშინგტონში ამბობენ, რომ ნავთობის ტერორისტებისგან დაცვაა აუცილებელი.

მოხსენების ავტორები არ მალავენ, რომ ზოგჯერ ასადის არმიასთან შეტაკებები ხდება. მათი მტკიცებით, მიმდინარე წლის თებერვალში კამიშლის დასახლებული პუნქტის ბლოკ-პოსტზე სირიელმა სამხედროებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების პატრული დაცხრილეს. არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში გახშირდა რუს და ამერიკელ სამხედროთა შორის უშუალო დაპირისპირების შემთხვევები.

ინტერნეტში უკვე ათამდე ვიდეორგოლია გავრცელებული, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორ ცდილობენ აშშ-ის ჯავშანმანაქანები რუსეთის სამხედრო პოლიციის ავტომობილების ბლოკირებას. საბედნიეროდ, საქმე სროლამდე არ მისულა.

რუსეთი არ წავა

მთლიანობაში ამერიკელები აღიარებენ, რომ ისრაელის ავიაიერიშებმა ირანის ობიექტებზე და ასევე ანტირუსულმა სანქციებმა ვერ აიძულეს თეირანი და მოსკოვი, უარი ეთქვათ ბაშარ ასადის მხარდაჭერაზე, ან რაღაც დონით მაინც შეეზღუდათ მისთვის დახმარება.

„შეერთებულმა შტატებმა ბოლომდე ვერ შეაფასა მოსკოვის სურვილი, გამოიყენოს სირია თავისი გავლენის გავრცელების პლაცდარმად ახლო აღმოსავლეთში, — წერენ ანალიტიკოსები. — არ შეიძლება გამოირიცხოს რუსეთთან, ირანთან ან მათ „პროქსებთან“ პირდაპირი სამხედრო შეტაკება. გარდა ამისა, აუცილებელია გავიგოთ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მოსკოვი თავისი სირიელი მოკავშირის მხარდაჭერის საქმეში“.

მოხსენების ავტორები სინანულით აღნიშნავენ, რომ დამასკზე ზეწოლა სულ უფრო რთულდება. სირიის დედაქალაქიდან ფრონტის ხაზის გადაწევა, პირველ რიგში, რუსული ავიაციისა და სპეცრაზმის წყალობით გახდა შესაძლებელი. ქვეყნის უმეტეს ნაწილს „რეჟიმი“ აკონტროლებს. ბაშარ ასადის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს პრაქტიკულად არ შერჩათ კოზირები. იმავდროულად ქურთები თანდათან უახლოვდებიან დამასკს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია დაიბრუნოს კონტროლი აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთზე.

„ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საშიშია

2018 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება გამოაცხადა. მაგრამ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს დაჯგუფება ჯერ კიდევ არ არის განადგურებული. აშშ-ის მოკავშირეებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი პუნქტები 2019 წლის მარტში იგდეს ხელთ. მაგრამ ისლამისტებმა შეინარჩუნეს სარდლობის სტრუქტურა და ამბოხებულთა მართვა როგორც სირიაში, ისე ერაყში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ძალუძთ საგრძნობი დარტყმის მიყენება.

კიდევ ერთი საფრთხე — სამხედრო ტყვეთა ბანაკებია, რომლებშიც ამ დროისათვის „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ათასამდე ბოევიკი იმყოფება. ისინი ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთით ჰყავთ მოთავსებული და მათ ქურთული ქვედანაყოფები დარაჯობენ. გარდა ამისა, არსებობს ბანაკები ექსტრემისტთა ოჯახების წევრებისთვის. მათგან ყველაზე დიდში — ალ-ჰოლეში ტერორისტების 66 ათასამდე ცოლი და შვილი იმყოფება. ანალიტიკოსების აზრით, ბოევიკები განაგრძობენ ბანაკებში პროპაგანდას და ამხნევებენ ტყვეებს, ხოლო „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმებს გეგმავს მომხრეთა გასათავისუფლებლად.

ქურთულმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტყვეების დასაცავად ძალები არ ჰყოფნით. ამერიკელები კი დახმარებას არ ჩქარობენ — ვაშინგტონი მოითხოვს, რომ ბოევიკების მშობლიურმა ქვეყნებმა „თავიანთი“ ტერორისტები შინ დააბრუნონ სასჯელის მოსახდელად. მაგრამ „თავისი“ ტერორისტების დაბრუნების სურვილით არავინ იწვის და სხვადასხვა საბაბებს იგონებენ ამის თავიდან ასარიდებლად.

პრობლემური პროვინცია

ყველაზე ცხელი წერტილი — იდლიბია. იქ ახლა სირია, რუსეთი, ირანი და თურქეთი მოქმედებენ. აშშ-ის არმია იდლიბში არ არის, მაგრამ ამერიკელებმა არაერთხელ მიაყენეს დარტყმა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულ რაზმებს. არასახელმწიფოებრივი ფორმირებები წარმოდგენილია შემდეგი დაჯგუფებებით: „ჰაიატ ტაჰრირ აშ-შამი“, „ჰურას ად-დინი“, „სირიის ნაციონალური არმია“, „ჰესბოლა“ და სხვები, არიან „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებიც.

„იდლიბის ჩრდილოეთი რაიონები — ერთადერთი რეგიონია, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ, — ხაზს უსვამენ ანალიტიკოსები. — ადგილობრივი დაჯგუფებები — ეს ისაა, რაც იმათგან დარჩა, ვინც დამასკი 2011 წელს გამოიწვია. 5 მარტიდან იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რაზეც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ. მათი არმიები ერთობლივად პატრულირებენ სტრატეგიულ ტრასა М4-ზე“.

მოხსენების ავტორები აზუსტებენ, რომ ჯერჯერობით ზავის შენარჩუნება ხერხდება, მიუხედავად ბოევიკების მხრიდან დაცხრილვებისა. მაგრამ თურქეთს არ შეუწყვეტია იდლიბში ჯარების გადასროლა და ცოტა ხნის წინ საბრძოო მოქმედებების განახლებისთვის მზადყოფნაც კი გამოთქვა აუცილებლობის შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სირიაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

168
ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია

მოსაზრება: პოლონეთმა თვითონ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა ბელარუსთან

43
(განახლებულია 19:32 25.09.2020)
დასავლეთის რეაქცია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე პროგნოზირებულად ნეგატიური აღმოჩნდა.

ირინა ალქსნისი

ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს ალექსანდრ ლუკაშენკო არ მიაჩნია ქვეყნის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად, ვინაიდან „გამოცხადებული შედეგები ცრუ იყო და არ ასახავდა ლეგიტიმურობას“.

მერე კი ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურის ჟოზეფ ბორელის სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკოს მანდატი „ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებულად“ იყო მოხსენიებული. ასევე აღინიშებოდა, რომ ინაუგურაცია (დოკუმენტში ეს სიტყვა ყველგან ბრჭყალებში იყო ჩასმული) რესპუბლიკის „მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნებას ეწინააღმდეგება“, რაც „მრავალრიცხოვან, უპრეცედენტო და მშვიდობიან პროტესტებში“ გამოიხატება.

ბორელის განცხადებამ ღვარძლის ფრქვევის ფართო შესაძლებლობები გააჩინა. მაგალითად, წინასწარ თავდაჯერებით შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები — რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ის — წინააღმდეგობაში იქნება ამერიკელების ნახევრის ნებასთან, ვინაიდან ქვეყანა პრაქტიკულად შუაზეა გახლეჩილი. თანაც არც პროტესტების დეფიციტი შეინიშნება იქ უკვე რამდენიმე თვეა. ასე რომ, წარმოდგენილი დოკუმენტი უკვე ახლავე შეიძლება შევუტრიალოთ ოკეანისგაღმა რეალობებს.

თავის მხრივ, ფორმულირება „დემოკრატიული ლეგიტიმურობა“ მიანიშნებს, რომ, ბრიუსელის აზრით, არსებობს მისი სხვა სახეობებიც — და მათ თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო ძალიანაც ლეგიტიმურია.

ამ უკანასკნელით აიხსნება კიდეც დასავლეთის ორ სკამზე ჯიუტად ჯდომა, ვინაიდან მთელი ეს ხისტი რიტორიკა პრაქტიკაში მინსკისადმი ღიად სუსტ, შეთანხმებით პოზიციას შეესაბამება.

სანქციები — ნამდვილად მგრძნობიარე სანქციები — ბელარუსის წინააღმდეგ არ დაწესებულა. უფრო უარესიც: ამ საკითხის ირგვლივ თავად ევროკავშირს შორის წამოიჭრა ახალი გარჩევები, ვინაიდან კვრიპროსი იმავდროულად თურქეთის წინააღმდეგ რესტრიქციების უზრუნველყოფას მოითხოვს და ამ საფუძველზე პროცესს ბლოკავს.

დასავლელი ელჩები ქვეყნიდან არ გაუწვევიათ. ის კი არა, ამერიკელები სრული სვლით აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ქვეყანასთან მრავალწლიანი გაცივების შემდეგ. ორიოდე დღის წინ აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა ახალი ელჩის კანდიდატურა დაამტკიცა. არადა, უკვე 12 წელია, რაც ორივე სახელმწიფოში საელჩოებს დროებითი რწმუნებულები განაგებენ — მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 2008 წელს სანქციები დაუწესა ბელარუსულ კომპანიებს, ორივე ქვეყანამ გაიწვია ელჩები.

ამ ფონზე ყველაზე ხისტი რიტორიკული გამონათქვამიც კი სისუსტის გამოვლინებასა და მომხდარზე გავლენის მოხდენის უუნარობას ჰგავს, რაც, სხვათა შორის, რეალობას შეესაბამება. აქ კი მართლაც უნდა მივაგოთ დასავლეთს სათანადოდ, რომელმაც მთავარის გაცნობიერება დაიწყო — აღიაროს შესაძლებლობების ზღვარი.

ეჭვგარეშეა, რომ ბელარუსის არჩევნებზე მსგავსი რეაქცია ვენესუელის ძალიან მტკივნეული გაკვეთილის შედეგიცაა. უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც 50-ზე მეტმა (ძირითადად დასავლურმა) ქვეყანამ ხუან გუაიდო ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად აღიარა. ეს კია, რომ ამ გადაწყვეტილებას რეალობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია — ქვეყნის ხელმძღვანელი დღემდე ნიკოლას მადუროა.

და თუ აშშ-სა და ევროპას შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, იგნორირება გაუკეთონ პატარა ლათინურამერიკულ ქვეყანას, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და იქ არანაირი მარცხი არ განუცდიათ, ანალოგიური ფოკუსის ჩატარება ევროპის ცენტრში მდებარე სახელმწიფოში ბევრად რთულია. აღარაფერს ვიტვით იმაზე, რომ ბელარუსი მნიშვნელოვან საერთაშორისო პროცესებშია ჩართული, დონბასის დარეგულირების ჩათვლით. ასე რომ, მოქმედება ბევრად აწონილ-დაწონილადაა საჭირო — გადაწყვეტილებებისა და მათი შედეგების გათვლით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დასავლეთის ენთუზიაზმს ანელებს მინსკის საწინააღმდეგო ნაბიჯების საკითხში, ისაა, რომ იქ მომხდარი უპირველესად პოლონური პროექტია. სწორედ ვარშავა დგას მეზობლად მიმდინარე პროტესტების უკან, ის უზრუნველყოფს ბელარუსი ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურ და მედიურ თანხლებას. თუმცა შედეგი მხოლოდ ნეგატიური კუთხითაა შთამბეჭდავი: მარტო „პრეზიდენტ სვეტას“ (სწორედ ასე prezident.sveta ჰქვია სვეტლანა ტიხანოვსკაიას „ინსტაგრამს“) ფენომენი შეიძლება იყო იმის ნიმუში, როგორ არ უნდა მოიქცე წმინდად პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით.

პოლონეთი ჩხუბში ჩაერია, მაგრამ ვითარების გარდასატეხად ძალა აშკარად არ ჰყოფნის. იქით კიდევ მინსკმა დაიწყო „ხურდის დაბრუნება“ — კერძოდ, მასმედია ბელარუსში პოლონური საქონლის შეტანასთან დაკავშირებით პრობლემებზე წერს. მოკლედ, ჩვეულებრივი პოლონური „ფოცხზე ფეხის დადგმაა“.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ახლა პოლონელებს ძალიან სურდეთ სამოთხეში სხვის ზურგზე შესვლა: რომ დასავლეთ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა საქმეში მძიმე პოლიტიკური არტილერია ჩართონ, როგორღაც ლუკაშენკოს ჩამოგდება მოახერხონ, ხოლო ვარშავა გეოპოლიტიკურ ნაღებს მოხდიდა მის მიერვე წამოწყებულ „დვიჟუხას“.

მაგრამ შეუძლებელია, რომ ასეთი მოტივაცია აშკარა არ იყოს ბერლინის, პარიზის, ბრიუსელისა თუ ვაშინგტონისთვის. და კიდევ, ნაკლებსავარაუდოა, რომ იქ ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ პოლონური სურვილების ასრულებისთვის ხელშეწყობას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი შემდეგშიც ხისტი რიტორიკის მონიშნული გზით წავა მინსკის წინააღმდეგ, აარიდებს რა თავს რეალურ კონფრონტაციას, ვინაიდან მას იოტისოდენი სურვილიც არ აქვს, ჩაერიოს კიდევ ერთ მარცხისთვის განწირულ გეოპოლიტიკურ თამაშში. ისედაც ბევრია ასეთი ბოლო წლებში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

43
დონალდ ტრამპი

პოლიტოლოგი: ტრამპს ნავალნის საქმეში ჩარევა არ სურს

69
(განახლებულია 16:59 25.09.2020)
ახალი კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ამერიკელი სენატორების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის მარკო რუბიოს საიტზე.

დოკუმენტი იმ რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც, მისი ავტორების აზრით, „ღიად არღვევენ საერთაშორისო სამართლს“ და ჩართული არიან ნავალნის „მოწამვლის“ საქმეში.

კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე. გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს თეთრ სახლს, პასუხი გასცეს კითხვას, დაარღვია თუ არა მათი აზრით რუსეთმა აშშ-ის კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

გარდა მარკო რუბიოსი, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ და ასევე დემოკრატებმა კრის კუნსმა, ბემ კარდინმა და კრის ვან ჰოლენმა.

იმისათვის, რომ კანონპროექტი მიიღონ, ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტოლოგმა ვლადიმირ მოჟეგოვმა სენატორების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს წმინდად საჯარო საქმეა. რა ანგარიშები შეიძლება იყოს? ეს სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ეს არის წინასაარჩევნო ისტერიის გამწვავების რიტორიკა. და კიდევ: ნავალნის საქმე — ეს უფრო დემოკრატების დღის წესრიგია. რესპუბლიკელები უხალისოდ ეწერებოდნენ ამაში და, მგონია, ამას მხარს არც მომავალში დაუჭერენ. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ძალიან ფრთხილობს და დისტანცირდება ამ ყველაფრისგან. და პომპეოც ამბობდა, რომ რეაგირება საჭიროა მაშინ, როგორც კი მომხდარზე ყველა ფაქტი ცნობილი იქნება, რომ ჯერჯერობით მაინცდამაინც გასაგები არ არის, რა ხდება“, — აღნიშნა ვლადიმირ მოჟეგოვმა.

მისი აზრით, ამერიკელები გერმანელებისგან ნავალნის თაობაზე ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ, მაგრამ ასეთი მოთხოვნა მათგან არ ყოფილა.

„ეს იქნებოდა რაღაც საფუძველი სანქციებისთვის, მაგრამ ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. ამიტომ მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ ჰაერის შერხევაა... ეს რაღაც ბნელი ისტორიაა, ამიტომ ტრამპს არ სურს მასში ჩარევა — დემოკრატების აფიორაა, რომელშიც უბრალოდ არ სურს ჩაძირვა. ვფიქრობ, დემოკრატები ამ დღის წესრიგს გაძლიერებულად გააპიარებენ, ხოლო ტრამპი რამდენადმე გვერდზე იდგება ამისგან“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.

ალექსეი ნავალნი ომსკში 20 აგვისტოს გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. ექიმებმა მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაუდგინეს, რაც, მათი აზრით, სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. ნავალნის სისხლსა და შარდში შხამის კვალი ომსკში არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ბლოგერი საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფის სუბსტანცია „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მოსკოვმა ბერლინის ლაბორატორიიდან ანალიზების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ამასთან, რუსეთის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვა BND-ს 1990-იანი წლებიდან ჰქონდა წვდომა „ნოვიჩოკზე“. გარდა ამისა, ნივთიერებას ოცამდე ქვეყანაც სწავლობდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ჩეხეთი. ხოლო რუსეთმა, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების თანახმად, შეაჩერა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოები და 2017 წელს მსგავსი ნივთიერებების მთელი მარაგი გაანადგურა — რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა.

69
თემები:
რუსეთი დღეს
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა