აშშ დოლარი

მოსაზრება: „კალმარი-ვამპირი“ დოლარის გამო განგაშს ტეხს

73
(განახლებულია 18:23 31.07.2020)
მსხვილმა ამერიკულმა ბანკმა, რომელიც ცნობილია თავისი პოლიტიკური გავლენითა და იმით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათობით მაღალი რანგის ჩინოვნიკი მათი ყოფილი თანამშრომელია, შოკისმომგვრელი განცხადება გაავრცელა: დოლარის მთავარი მსოფლიო ვალუტის სტატუსს შესაძლოა ბოლო მოეღოს.

ივან დანილოვი

Goldman Sachs-ი ფინანსურ წრეებში ფართოდ ცნობილი სტრუქტურაა, რომელიც ერთი ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავს, უოლ-სტრიტის დიდი პატივისცემით სარგებლობს, კონვეიერული მეთოდით ამარაგებს თავისი ექს-თანამშრომლებით აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე და ასევე ფლობს კორპორატიულ მეტსახელს Vampire squid („ვამპირი კალმარი“). ეს მეტსახელი ბანკს ჟურნალისტმა მეტ ტაიბიმ შეარქვა 2008 წლის კრიზისის შემდეგ და შერჩა კიდეც.

„პირველი, რაც უნდა იცოდეთ Goldman Sachs-ის შესახებ, ეს ისაა, რომ ის ყველგანაა. მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საინვესტიციო ბანკი — ეს კალმარი–ვამპირია, რომელიც კაცობრიობის სახეს შემოხვევია და უმოწყალოდ არჭობს თავის სისხლიან ძაბრს ყველაფერში, რასაც ფულის სუნი უდის“, — წერდა ტაიბი თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში The Rolling Stone.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, როდესაც „კალმარი–ვამპირი“ რაიმე საჯარო პოზიციას აფიქსირებს (მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შეფასება მკვეთრად განსხვავდება მეინსტრიმული მედიაკლასის წარმოდგენებისგან მოსალოდნელის შესახებ), მას აუცილებლად უნდა დაეთმოს ყურადღება.

დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის პერსპექტივების კრიტიკა სწორედ ამერიკული ბანკისგან ორმაგად საკვირველია. ხომ ცნობილია, რომ აშშ-ში „ჩაწერილი“ გლობალური ფინანსური სტრუქტურები სპეციფიკური, არც ისე შესამჩნევი პატრიოტიზმით ხასიათდებიან, რასაც ისინი პერიოდულად ამყარებენ მომავალი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის უხვი შეწირულობების გადარიცხვით. რაღაც აზრით, Goldman Sachs-ი — ეს ამერიკაა, უფრო ზუსტად კი — თანამედროვე, დაზგისგან განდგომილი და ფინანსურ მანიპულაციებში ღრმად ჩაფლული ამერიკა. ოდესღაც შეერთებული შტატების სიმბოლო იყო არა ბანკი, არამედ სამრეწველო კორპორაცია General Motors, რომლის შესახებაც თავდაცვის მინისტრი ვილსონი ამბობდა, რაც კარგია General Motors-სთვის, ის კარგია ამერიკისთვისო.

ახლა აშშ-ის სიმბოლოდ ისეთი საინვესტიციო ბანკი მიიჩნევა, რომელიც პერიოდულად ღებავს თავის ლოგოტიპს უმცირესობების ფერებში, აქვს ღრმად ამორალური, მაგრამ გავლენიანი სტრუქტურის რეპუტაცია და ახლა ძალიან ღელავს ამერიკული ვალუტის ბედზე, რომლის პრობლემებიც სერიოზულ გავლენას მოახდენს ამერიკის პერსპექტივებზე მთლიანობაში.

ამერიკული ფინანსური ინფორმაციის სააგენტო Bloomberg ავტორიტეტული ბანკის ანალიტიკოსების შიშებზე წერს:

„Goldman Sachs Group Inc.-მა ყურადღება მიაქცია აშშ-ში ინფლაციასთან დაკავშირებით მოულოდნელად გაძლიერებულ შფოთვებს, გაავრცელა რა სამშაბათს თამამი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ დოლარს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსის დაკარგვის რისკები ემუქრება.

გამომდინარე იქიდან, თუ როგორ უახლოვდება კონგრესი ფისკალური სტიმულირების მორიგ რაუნდს, რათა პანდემიით გაღარიბებულ ეკონომიკას მხარი დაუჭიროს, ხოლო ფედერალურმა რეზერვმა უკვე გაზარდა თავისი ბალანსი დაახლოებით 2,8 ტრილიონი დოლარით ამ წელს, Goldman-ის სტრატეგები გვაფრთხილებენ, რომ აშშ-ის პოლიტიკა „ვალუტის გაუფასურების შიშებს“ იწვევს, რამაც შეიძლება ბოლო მოუღოს დოლარს, როგორც დომინანტ ძალას მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე“.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებს სათანადოდ უნდა მივუზღათ: ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საბეჭდი დაზგა, ის-ის იყო, მუშაობას იწყებდა აშშ-ის ბიუჯეტისა და ფინანსური ბაზრების მხარდასაჭერად ეპიდემიის პირობებში, ხოლო კონგრესი და სენატი ეკონომიკაში საბიუჯეტო გადასხმების ზომებსა და თანამდევ დეფიციტის ზრდაზე მსჯელობდნენ, ბანკი კლიენტებთან სპეციალურ თათბირებს ატარებდა და არწმუნებდა მათ, გადაეცვალათ დოლარი ოქროზე (ან ბიტკოინებზეც კი), გამომდინარე მოსალოდნელი ინფლაციის საფრთხეებიდან. ახლა ბანკმა გადაწყვიტა, იგივე პრობლემა მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანოს,  და ეს მას მშვენივრად გამოუვიდა — დოლარის, როგორც პლანეტის უმთავრესი ვალუტის სტატუსის დაკარგვის საფრთხეებზე ლამის მსოფლიოს ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ დაწერა.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ „ფინანსური წრეების უმეტესობაში ეს მოსაზრება ჯერ ისევ უმცირესობაში რჩება (როგორც ამას სამართლიანად შენიშნავენ Bloomberg-იც და სხვა მედიაკომენტატორებიც), ხოლო Goldman-ის ანალიტიკოსებს არ მიაჩნიათ, რომ სტატუსის დაკარგვა აუცილებლად მოხდება“.

ამ სახის ტიპური პოზიციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის დოლარი „ახლოსაც კი არ არის იმასთან, რომ სარეზერვო ვალუტის სტატუსი დაკარგოს — კაპიტალის ბაზრების სიღრმისა და გლობალური ტრანზაქციების გათვალისწინებით, რომლებიც დოლარში ხორციელდება“, — განუცხადა Bloomberg-ს მაიკლ კრუპკინმა, ბრიტანული ბანკი Barclays-ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში სავალუტო ვაჭრობის ხელმძღვანელმა.

პრობლემა ისაა, რომ როცა ამ პოზიციას ამერიკული ანალიტიკური საზოგადოების დიდი ნაწილი გაითავისებს, უკვე გვიანი იქნება – იმ აზრით, რომ ამერიკული ვალუტის დომინირებაზე აგებული მსოფლიო სისტემის დემონტაჟი ან უკვე დასრულებული იქნება, ან უკვე გადალახული ექნება უკან დაბრუნების წერტილი.

კიდევ ერთ არგუმენტად იმის სასარგებლოდ, რომ დოლარის სისტემა ყველა კრიტიკოსს მოინელებს, შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მან წინა „შეტევა“ გადაიტანა 2008–2009 წლებში. მაგრამ ამ არგუმენტის პრობლემა ისაა, რომ საბეჭდი დაზგის მუშაობის ინტენსივობა ვერანაირად ვერ შეედრება იმას, რაც გასული კრიზისის დროს ხდებოდა, როცა აშშ ერთპოლარული სამყაროს უდავო ლიდერი იყო.

ახლა ვითარება სულ სხვაგვარად გამოიყურება: ამერიკული ქალაქები იწვის, ორივე წამყვანი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებასა და შესაძლო სამოქალაქო ომზე მსჯელობს, ხოლო ერთპოლარული სამყარო უკვე აღარ არსებობს — და მთელი საქმე მხოლოდ ისაა, რა ფორმას მიიღებს აშშ-სა და ჩინეთს შორის უკვე დაწყებული ცივი ომი.

ბრძენმა და კარგად ინფორმირებულმა „კალმარმა–ვამპირმა“ ტყულად არ ატეხა განგაში. გავლენიანი ბანკის გაფრთხილება აუცილებლად იქნება გაგონილი, მაგრამ უკვე არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები გამოავლენენ იმ არაპოპულარულ ნაბიჯებზე წასვლის უნარს, რომლებიც დოლარის მთავარ მსოფლიო ვალუტად შენარჩუნებას დასჭირდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

73

მოსაზრება: დასავლეთმა პირველად აღიარა რუსეთის წარმატება სირიაში

8
(განახლებულია 14:37 07.08.2020)
აშშ-ის კონგრესის კვლევების სამსახურმა 49 გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა სათაურით  „სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმოხილვა და აშშ–ის რეაქცია“

ანდრეი კოცი

რომ არა რუსების დახმარება, ბაშარ ასადი ომს წააგებდა — ამერიკელებმა აღიარეს, რომ სწორედ მოსკოვის, ასევე ირანისა და „ჰესბოლას“ ჩარევამ მისცა საშუალება სირიის არმიას, განედევნა ქვეყნის დიდი ნაწილიდან უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. ასეთია კონგრესის კვლევების სამსახურის 49 გვერდიანი მოხსენების დასკვნა, სათაურით  „სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმოხილვა და აშშ–ის რეაქცია“.

ძალთა განაწილება

დოკუმენტში ილუსტრირებულია სირიის რუკა. ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს ბაშარ ასადის მთავრობა აკონტროლებს — იორდანიასთან საზღვარზე მცირე ანკლავის გამოკლებით, სადაც აშშ–ის ბაზა ატ–ტანფი მდებარეობს. იდლიბში ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და თურქეთის ხელისუფლებაა, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიებსა და ევფრატის აღმოსავლეთით  — ქურთებისა.

აქ ანალიტიკოსები ეშმაკობენ. საქმე ისაა, რომ ამ მიწებვს სწორედ რომ ვაშინგტონი აკონტროლებს. ისინი იქ ცოტანი არიან — მოხსენების თანახმად, დაახლოებით 600–ნი. მაგრამ მათ პოზიციები ძირითადი ნავთობსაბადოების ირგვლივაა განლაგებული ნახშირწყალბადებით მდიდარ ამ რეგიონში.  გარდა ამისა, სირიის აღმოსავლეთში კერძო სამხედრო კომპანიების რამდენიმე ასეული მებრძოლიც მოქმედებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ მთავრობას აშშ–ის ამ რეგიონში ყოფნა უკანონოდ მიაჩნია, მაგრამ ვაშინგტონში ამბობენ, ნავთობის ტერორისტებისგან დაცვაა აუცილებელი.

მოხსენების ავტორები არ მალავენ, რომ ზოგჯერ ასადის არმიასთან შეტაკებები ხდება. მათი მტკიცებით, მიმდინარე წლის ტებერვალში კამიშლის დასახლებული პუნქტის ბლოკ–პოსტზე სირიელმა სამხედროებმა აშშ–ის შეიარაღებული ძალების პატრული დაცხრილეს. არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთში გახშირდა რუს და ამერიკელ სამხედროთა შორის უშუალო დაპირისპირების შემთხვევები.

ინტერნეტში უკვე ათამდე ვიდეორგოლია გავრცელებული, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორ ცდილობენ აშშ–ის ჯავშანმანაქანები  რუსეთის სამხედრო პოლიციის ავტომობილების ბლოკირებას. საბედნიეროდ, საქმე სროლამდე არ მისულა.

რუსეთი არ წავა

მთლიანობაში ამერიკელები ღიარებენ, რომ ისრაელის ავიაიერიშებმა ირანის ობიექტებზე და ასევე ანტირუსულმა სანქციებმა ვერ აიძულეს თეირანი და მოსკოვი, უარ ეთქვათ ბაშარ ასადის მხარდაჭერაზე, ან რაღაც დონით მაინც შეეზღუდათ მისთვის დახმარება.

„აშშ–მა ბოლომდე ვერ შეაფასა მოსკოვის სურვილი, გამოიყენოს სირია თავისი გავლენის გავრცელებისპლაცდარმად ახლო აღმოსავლეთში, — წერენ ანალიტიკოსები. —  არ შეიძლება გამოირიცხოს რუსეთთან, ირანთან ან მათ „პროქსებთან“ პირდაპირი სამხედრო შეტაკება. გარდა ამისა, აუცილებელია გავიგოთ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მოსკოვი თავისი სირიელი მოკავშირის მახარდაჭერის საქმეში“.

მოხსენების ავტორები სინანულით აღნიშნავენ, რომ დამასკზე ზეწოლა სულ უფრო რთულდება. სირიის დედაქალაქიდან ფრონტის ხაზის გადაწევა, პირველ რიგში, რუსული ავიაციისა და სპეცრაზმის წყალობით გახდა შესაძლებელი. ქვეყნის უმეტეს ნაწილს „რეჟიმი“ აკონტროლებს. ბაშარ ასადის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს პრაქტიკულად არ შერჩათ კოზირები. იმავდროულად ქურთები თანდათან უახლოვდებიან დამასკს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია დაიბრუნოს კონტროლი აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთზე.

„ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საშიშია

2018 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა „ისლამურ სახლემწიფოზე“ გამარჯვება გამოაცხადა. მაგრამ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს დაჯგუფება ჯერ კიდე არ არის განადგურებული. აშშ–ის მოკავშირეებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი პუნქტები 2019 წლის მარტში იგდეს ხელთ. მაგრამ ისლამისტებმა შეინარჩუნეს სარდლობის სტრუქტურა და ამბოხებულთა მართვა როგორც სირიაში, ისე ერაყში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ძალუძთ საგრძნობი დარტყმის მიყენება.

კიდევ ერთი საფრთხე — სამხედრო ტყვეთა ბანაკებია, რომლებშიც ამ დროისათვის „ისლამური სახელმწიფოს“ ათი ათასამდე  ბოევიკი იმყოფება. ისინი ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთით ჰყავთ მოთავსებული და მათ ქურთული ქვედანაყოფები ყარაულობენ. გარდა ამისა, არსებობს ბანაკები ექსტრემისტთა ოჯახების წევრებისთვის. მათგან ყველაზე დიდში — ალ–ჰოლეში ტერორისტების 66 ათასამდე   ცოლი და შვილი იმყოფება. ანალიტიკოსების აზრით, ბოევიკები განაგრძობენ ბანაკებში პროპაგანდას და ამხნევებენ ტყვეებს, ხოლო „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმებს გეგმავს მომხრეთა გასათავისუფლებლად.

ქურთული ხელმძღვანელობა არაერთხელ აცხადებდა, რომ ტყვეების დასაცავად ძალები არ ჰყოფნით. ამერიკელები კი დახმარებას არ ჩქაობენ — ვაშინგტონი მოითხოვს, რომ ბოევიკების მშობლიურმა ქვეყნებმა „თავიანთი“ ტერორისტები შინ დააბრუნონ სასჯელის მოსახდელად. მაგრამ „თავისი“ ტერორისტების დაბრუნების სურვილით არავინ იწვის და სხვადასხვა საბაბებს იგონებენ ამის თავიდან ასარიდებლად.

პრობლემური პროვინცია

ყველაზე ცხელი წერტილი — ეს იდლიბია. იქ ახლა სირია, რუსეთი, ირანი და თურქეთი მოქმედებებნ. აშშ–ის არმია იდლიბში არ არის, მაგრამ ამერიკელებმა არაერთხელ მიაყენეს დარტყმა „ალ–ქაიდასთან“ დაკავშირებულ რაზმებს. არასახელმწიფოებრივი ფორმირებები წარმოდგენილია შემდეგი დაჯგუფებებით: „ჰაიატ ტაჰრირ აშ–შამი“, „ჰურას ად–დინი“, „სირიის ნაციონალური არმია“, „ჰესბოლა“ და სხვები, არიან „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებიც.

„იდლიბის ჩრდილოეთ რაიონები — ერთადერთი რეგიონია, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ, — ხაზს უსვამენ ანალიტიკოსები. — ადგილობრივი დაჯგუფებები — ეს ისაა, რაც იმათგან დარჩა, ვინც დამასკი 2011 წელს გამოიწვია. 5 მარტიდან იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რაზეც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ. მათი არმიები ერთობლივად პატრულირებენ სტრატეგიულ ტრასა М4–ზე“.

მოხსენების ავტორები აზუსტებენ, რომ ჯერჯერობით ზავის შენარჩუნება ხერხდება, მიუხედავად ბოევიკების მხრიდან დაცხრილვებისა. მაგრამ თურქეთს არ შეუწყვეტია იდლიბში ჯარების გადასროლა და ცოტა ხნის წინ საბრძოო მოქმედებების განახლებისთვის მზადყოფნაც კი გამოთქვა აუცილებლობის შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სირიაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

8
აშშ-სა და ჩინეთის  დროშები

გადაწყდა: ჩინეთს ათნი მოახრჩობენ დაუძახებენ თუ არა რუსეთს?

160
(განახლებულია 18:35 05.08.2020)
ჩინეთთან ცივი ომის გარდაუვალობის ფონზე, რომელიც, დიდი ალბათობით, სანქციებსაც გაითვალისწინებს, ეკონომიკური კავშირების შეზღუდვასაც, ორმხრივ შპიონაჟსაც და, შესაძლოა, კონფრონტაციის ძალისმიერ ფორმასაც, დასავლელი ექსპერტები პეკინზე გამარჯვების ჯადოსნური მეთოდის ძებნას იწყებენ

ივან დანილოვი

„ჩინური დრაკონის მოხრჩობის“ ყველა ვარიანტი, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით განიხილავენ ვაშინგტონში, ლონდონსა თუ ბრიუსელში, რაღაც ფართო ანტიჩინური კოალიციის შექმნას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ კოლექტიური ძალისხმევით მოხდეს ჩინეთის იზოლირება, გაუვნებელყოფა და დაჩოქება დაახლოებით ისეთივე სქემით, როგორიც სსრკ-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის გამოიყენებოდა.

მაგრამ თუ რაღაც მიმართულების მიმცემი პრინციპების დონეზე არანაირი მრავალფეროვნება არ შეინიშნება, ამ პრინციპების განხორციელების დონეზე სერიოზული პრობლემა ჩნდება, რომლის გადაჭრის დროსაც პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიპლომატებსა თუ ანალიტიკოსებს „შუბები ემსხვრევათ“.

საქმე ისაა, რომ ზოგ ევროპულ დედაქალაქში და აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებში უკვე იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირისა და (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ასევე აზიის ზოგი ქვეყანა რატომღაც არ იწვიან სურვილით, მონაწილეობა მიიღონ ახალ ცივ ომში ჩინეთის წინააღმდეგ — აშშ-ის პაიკების რანგში. უფრო მეტიც, მათ არ სურთ ფული იხადონ ამერიკის გამარჯვებისთვის ამ ომში (რაც იმ მუდმივ სკანდალებში გამოიხატება, რომ გერმანია და საფრანგეთი უარს ამბობენ თავიანთი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის ორი პროცენტის გადახდაზე „ამერიკულ სამხედრო საფარველში“) და ისინი მზად არც კი არიან, მაშინვე დაეთანხმონ, მაგალითად, ევროკავშირში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ აღჭურვილობის სრულ აკრძალვას, რაც 5G ქსელებისთვისაა საჭირო. ეს კი წარმოუდგენლად აბრაზებს „ანტიჩინურ ქორებს“ ვაშინგტონსა და ლონდონში.

საკუთარი არმიის ფაქტობრივი შექმნის შესახებ ევროპული განცხადებებისა და მაკრონის დეკლარაციის ფონზე, რომელიც დამოუკიდებელი (ანუ, არც პროჩინური და არც პროამერიკული) საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილს შეეხება, ჩნდება ეჭვები, რომ ფართო ანტიჩინური ალიანსის „შეკოწიწება“ ძალიან რთული და ძვირი იქნება. და ეს ეჭვები მხოლოდ ძლიერდება, მასთან ერთად კი ძლიერდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

ავტორიტეტული ჟურნალი Foreign Affairs, რომელიც გავლენიანი „გონებრივი ცენტრის“ Council on Foreign Relations-ის ეგიდით გამოიცემა, ამ პრობლემისადმი მიდგომის ორ ვარიანტს განიხილავს. მათგან ერთს შეიძლება პირობითად „დონალდ ტრამპის მიდგომა“ ეწოდოს, ხოლო მეორეს — „ბორის ჯონსონის მიდგომა“. იმ კოლოსალური გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც Council on Foreign Relations-ი ახდენს ამერიკული და ასევე ევროპის პროამერიკული ელიტების აზროვნებაზე (თავად „გონებრივი ცენტრი“ რამდენიმე პოპულარული შეთქმულების თეორიის გმირია, რომელთა თანახმადაც, ის ლამის „აშშ-ის ჩრდილოვან მმართველად“ მიიჩნევა), ღირს განვიხილოთ ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკოცენტრული სამყაროს მოწყობის კრიზისისა და „ჩინური პრობლემის“ წარმატებით გადაჭრისთვის გვთავაზობენ — მით უმეტეს, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ Foreign Affairs-ის ახალი სტატია დაიბეჭდა სათაურით „დემოკრატიის საბჭოს მრავალმხრივობის გადარჩენა შეუძლია“, შემოთავაზებული მეთოდები მაინც ვაშინგტონის ფაქტობრივ დომინირებაზეა (მინიმუმ, დასავლურ სამყაროში მაინც) ორიენტირებული, განსხვავება მხოლოდ ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნების მეთოდებშია.

ავტორიტეტული გამოცემის ავტორები სტატიას იმის კონსტატაციით იწყებენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი აშკარად სულს ღაფავს, ხოლო მთავარი საფრთე ამ დროისათვის არის არა კორონავირუსი, არამედ ჩინეთი და რუსეთი.

„მაგრამ კორონავირუსის პანდემიამდეც კი მრავალმხრივი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძლივს უმკლავდებოდა ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებს მსოფლიოში. COVID-19-მა აჩვენა, რომ მეფე შიშველია, მაგრამ რეალურად მეფე მანამდე ძუნწად იყო ჩაცმული რაღაც დროის განმავლობაში.

რამდენადაც მსოფლიო ეკონომიკის სიმძიმის ცენტრმა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა, გლობალური ამბიციების მქონე სტრუქტურებს აღარ შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ამ რეგიონში დამაჯერებელ ლიდერობაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის გარეშე. მაგრამ G7-ში, რომელიც 1973 წლის სანავთობე შოკის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ შედის ევრო-ატლანტიკური რეგიონისმიღმა ერთი წევრი — იაპონია. ხოლო „დიდი ოცეული“, რომელიც აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიქმნა 1997 წელს და თავისი ღირებულება წარმოაჩინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ძალიან შეუთავსებელი აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე საერთაშორისო პრობლემების საიმედოდ გადაჭრის უნარის თვალსაზრისითაც. ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ზიანი მიადგა ჩინეთსა და რუსეთში აგრესიული ავტორიტარიზმის აღორძინებით“.

ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ თეზისამდე: „ყველაფერი დაიღუპა და არაფერი მუშაობს!“

შესაბამისად, შემოთავაზებულია გადაჭრის ორი გზა — ერთი ტრამპის, მეორე — ჯონსონისა.

„ჯონსონი პირველი იყო, ვინც ახალი სტრუქტურის იდეა წამოაყენა. მაისში მან ათი წამყვანი დემოკრატიის ალიანსის შექმნის წინადადება დააყენა, რომელშიც G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა შევიდოდნენ, ხოლო გაერთიანებას D10 დაერქმეოდა — იმისათვის, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში პოლიტიკის კოორდინაცია მომხდარიყო და ჩინური ბაზრის ლიდერის „ჰუავეის“ ალტერნატივა დამუშავებულიყო, რომლის დომინანტმა მდგომარეობამ 5G-ს ტექნოლოგიაში უსაფრთხოებას ყველგან შეუქმნა საშიშროება. ამის შემდეგ მალევე ტრამპმა გადადო G7-ის შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, და მის ნაცვლად G11-ის ფორმატი შემოგვთავაზა შემოდგომის სამიტზე. ჯონსონის წინადადებისგან განსხვავებით, ტრამპის ახალ ჯგუფში, D10-ის ქვეყნებთან ერთად, რუსეთიც უნდა შედიოდეს“.

Foreign Affairs-ის ექსპერტების რეკომენდაციით, ამ კლუბში რუსეთის შეყვანა არ ღირს და ისინი D10-ის ვარიანტს, ანუ ჯონსონის სქემას არჩევენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფრო საინტერესოა თავად ამ რეკომენდაციის მოტივაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს რამენაირად დაარწმუნებენ, რომ ანტიჩინურ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს, ტრამპის სქემა მაინც ცუდი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში — უპერსპექტივოც, იმის გამო, რომ ის უპირველესად ანტიჩინურ დღის წესრიგზე იქნება აგებული. აი ჯონსონის სქემიდან კი თითქოს რაღაც პოზიტიური დღის წესრიგის ამოღება შეიძლება, ანუ რაღაც გამაერთიანებელი იდეისა, რომელიც „ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსის“ შექმნას კი არა, არამედ „ყველაფერი კარგისთვის ალიანსის“ შექმნის საშუალებას გააჩენს.

პოზიტიურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ცარიელი ლოზუნგების ნაკრები მოიაზრება — „დემოკრატია“, „თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებები“. განსაკუთრებით სახალისოა ის, რომ ასეთი პოზიტიური დღის წესრიგის გაჩენა ვაშინგტონის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას საპირწონედ უდგება: „შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოვიდეს აზიური ბანკის (რომელსაც ჩინეთი მეთაურობს) ინფრასტრუქტურული ინვესტიციების წინააღმდეგ, ინიციატივებისა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ და რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. მაგრამ თუ დამაჯერებელ ალტერნატივას არ შესთავაზებენ სხვა ქვეყნებს, მათი დარწმუნება, რომ ისინიც იგივენაირად მოიქცნენ, ძალიან რთული იქნება. ვაშინგტონი ვერ დაამარცხებს რამეს, თუ არაფერს გამოიყენებს“.

ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ იარლიყით „დამზადებულია აშშ-ში“ ვერ შეუცვლის გერმანიას რუსულ გაზს, ხოლო იტალიას — ჩინურ ინვესტიციებს. აქ შეიძლებოდა ამერიკულ ფულს ემუშავა, მაგრამ ვაშინგტონს ასეთი ურთიერთობები არ სჭირდება, თანაც, კონკრეტული მომავალი პრეზიდენტის გვარის მიუხედავად — ბაიდენსაც და ტრამპსაც სჭირდებათ კოლონიები, მაგრამ ევროკავშირის დაბრუნება ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, აღარ გამოვა, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, D10-ის თუ G11-ის ფორმატში. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც აღარაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

160
სახელმწიფო დეპარტამენტი

მიმოხილვა: რა წერია აშშ-ის გლობალური ურთიერთქმდების ცენტრის მოხსენებაში

0
(განახლებულია 15:55 07.08.2020)
ამერიკელებმა ფარდა ახადეს მსოფლიო სადეზინფორმაციო კამპანიის რუსულ ტაქტიკას. მაგრამ ეს „ფარდის ახდა“ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ამერიკელების დეზინფორმირებისა და ამასთან, მთავრობისთვის უფრო მეტი ფულის „გამოძალვის“ მცდელობაა.

გევორქ მირზაიანი

ამ დღეებში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულმა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრმა გამოაქვეყნა მოხსენება „რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ეკოსისტემის საფუძვლები“. ავტორების მიზანი „რუსეთის მოქმედების ტაქტიკის მხილება იყო, რათა ჩვენმა პარტნიორებმა, მოკავშირე მთავრობებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მეცნიერებმა, პრესამ და საზოგადოებამ მთელ მსოფლიოში შეძლონ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე შემდგომი ანალიზის ჩატარება და კოლექტიური პასუხის გაძლიერება“.

სიურპრიზი სიურპრიზზე 

ერთი შეხედვით ყველაფერი სოლიდურად გამოიყურება — ტექსტის 75 გვერდი, 313 ბმული, გრაფიკები და ცხრილები. მისი მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს მედიასაშუალებები თავისი თვალსაზრისით გასატარებლად (!) — და, რა თქმა უნდა, ეს კრემლის გენიალური გამოგონებაა, სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ, როგორ მოიქცნენ. 

კიდევ ერთი „აღმოჩენა“ ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს სხვა გამოცემები იტაცებემ და შემდეგ მთელ ინტერნეტში ვრცელდება. ავტორებმა, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს ინტერნეტის თავისეურებები და ინფორმაციის გადაცემის ამჟამინდელი გარემო.

მოხსენებაში რუსეთის ძირითადი მედიასაშუალებებისა და მათი მფლობელების აღწერა ასევე წარმოადგენს კოლოსალურ ფასეულობას ნებისმიერი ანალიტიკოსისთვის — რატომღაც ხომ ისე გამოდის, რომ პროსახელმწიფოებრივ არხებს, გამოცემებსა და ინტერნეტსაიტებს ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებიც პროსახელმწიფოებრივ იდეოლოგიას იზიარებენ?!

გარდა ამისა, მკვლევარებისთვის ასევე დიდი ფასეულობაა მოხსენების ცენტრალური აზრი: მოსკოვის ნებისმიერი თვალსაზრისი მსოფლიო პრობლემებზე, მის შესახებ ნებისმიერი პუბლიკაცია არის არა სიტყვის თავისუფლების გამოვლენა, არამედ რუსული პროპაგანდისა და სიცრუის ბოროტი მაგალითი, რომელიც გონებას უბინდავს დასავლეთის უცოდველ მოსახლეობას.

რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ  მოხსენების მეცნიერულ ღირებულებას მარტო ეს აზრიც კი აუფასურებს, მაგრამ მას ღირებულება უბრალოდ არ გააჩნია. არსებითად ეს 75 გვერდი არის ბანალური აზრების ჩამონათვალი, რომლის მიზანიც არა საფარველის ჩამოგლეჯაა, არამედ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თხოვნის მატერიალური გამყარებაა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის დაფინანსების ორჯერ გაზრდის თაობაზე. სწორედ რუსეთისა და სხვა ქვეყნების დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით.

ბედნიერება ფულშია  

გასაკვირი არ არის, რომ რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების რეაქცია ამ მოხსენებაზე იყო რაღაც საშუალო დაცინვასა და ზიზღს შორის. მასში მოყვანილი არგუმენტები მათ სერიოზულად არ აღიქვეს და მორიგ რუსოფობიულ თითხვნად შეაფასეს. თუმცა იმავდროულად არიარეს, რომ მოხსენების ავტორებს მის გამოსაქვეყნებლად სრულიად მართებული საფუძველი ჰქონდათ.

„სახელმწიფო დეპარტამენტის რუსოფობების ანტირუსული ბოდვის მორიგი ულუფა მოხსენების ფორმით, ხილულად წარმოაჩენს ამერიკელი პოლიტიკოსების პანიკურ შიშს ქვეყნის შიგნით და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ალტერნატიული თვალსაზრისის წინაშე“, — ამბობს რუსი დეპუტატი სერგეი ჟელეზნიაკი.

RT–სა და Spputnik–ს იმაზე ნაკლები ფული აქვთ, ვიდრე მსხვილ დასავლურ მედიას, მაგრამ მათ სწორედ ის ალტერნატიული თვალსაზრისი გააჩნიათ.

ვირაცას შესაძლოა აქამდე ეჩვენებოდეს, რომ დასავლეთში სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს ასე არაა. მთელ რიგ საკითხებზე ამერიკული მედია საბჭოთა გაზეთებს ჩამოჰგავს — ისინი ერთიან, პოლიტიკურად კორექტულ თვალსაზრისს ტრანსლირებენ.

და ეს თვალსაზრისი — შავკანიანებისა და მემარცხენეების მიერ ამერიკაში მოწყობილი არეულობა, ამერიკული ისტორიული მემკვიდრეობის რღვევის სისწორე, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ ზიზღი და ასევე რუსეთის დემონიზაცია — დასავლელ მკითხველს ბეზრდება და ალტერნა ტიულ თვალსაზრისს ისინი რუსეთის ინგლისურენოვან მედიაში ნახულობენ.

ეს კი უკვე სერიოზული პრობლემაა აშშ–სთვის, ვინაიდან მსოფლიო საინფორმაციო სფეროზე კონტროლი არის კიდევ ამერიკული დომინირების საფუძველი. სწორედ ამიტომაც, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, „ვაშინგტონი აკრიტიკებს ნებისმიერ საინფორმაციო წყაროს, რომლებიც ალტერნატიულ თვალსაზრისს ავრცელებენ, და ცდილობს ჩაახშოს ნებისმიერი ხმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკულ მიდგომებს“. ხოლო როცა კრიტიკა არ შველის, სანქციებს აწესებენ.

ამგვარი დევნა რეალურად ასუსტებს აშშ–ის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს. მაგალითად, რუსეთის გამოყენების მხრივ ჩინეთის შესაკავებლად, და ასევე სხვა გლობალური საკითხების გადასაჭრელად. სულ უფრო მეტი ამერიკელი ექსპერტი მოუწოდებს ვაშინგტონს, უფრო პრაგმატულად მიუდგეს მოსკოვთან დიალოგს. ამის მაგალითია 103 გამოჩენილი ამერიკელი ექსპერტის ღია წერილი Politiko–ში, რომელთა შორის არიან ყოფილი დიპლომატები და პოლიტიკოსები.

„მაგრამ ოკეანისგაღმელი ოპონენტების ისეთი დოკუმენტებს, როგორიცაა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის მოხსენება, შეუძლია მხოლოს ერთ მიზანს მიაღწიოს — ბოლო მახვილი ჩასცეს რუსულ–ამერიკულ დიალოგს გლობალურ საკითხებზე და წლების განმავლობაში გამორიცხოს უნდობლობის კრიზისის გადალახვა ჩვენს ქვეყნებს შორის“, — აღნიშნავს ჟელეზნიაკი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0