ნატოს სამხედრო სწავლებები ლატვიაში

მოსაზრება: რატომ ახდენს ნატო მდინარეების ფორსირებას რუსეთის საზღვრებთან

156
(განახლებულია 18:36 15.06.2020)
ათასობით სამხედრო მოსამსახურე, ასობით ტანკი, საბრძოლო თვითმფრინავი და აღმოსავლეთიდან თავდასხმის „საფრთხე“ — Defender Europe 2020-ის სამხედრო სწავლებები კულმინაციაშია.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამტკიცოს ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად მზადყოფნა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატოს ყველაზე მასშტაბური სწავლებები გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ივლისისთვის გადაიდო. ოფიციალური განცხადებების თანახმად, სწავლების სტრატეგიული მიზანი — აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის და ასევე მათი „ურყევი ნების წარმოჩენაა ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხში“. 

ივარაუდებოდა, რომ აშშ ევროპაში გერმანიის გავლით დაახლოებით 20 ათას სამხედრო მოსამსახურეს გადაისვრიდა იქ უკვე დისლოცირებული კონტინგენტის გასაძლიერებლად, ხოლო სწავლებისთვის პენტაგონი 37 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს გამოყოფდა. მაგრამ გეგმები რამდენადმე ჩასწორდა. მანევრების მთავარ მონაწილედ ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე — პოლონეთი იქცა.

სწორედ პოლონეთში დაფრინდა რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავები ამერიკელი ჯარისკაცებითა და ტექნიკით. დრავსკის პოლიგონზე „ურთიერთქმედებასა და სტრატეგიულ მზადყოფნას ევროპაში აშშ-ის ჯარების სწრაფი განთავსების ხარჯზე“ ექვსი ათასი სამხედრო აიმაღლებს, რომელთაგან ორი ათასი პოლონელია.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიამ შეცვალა ჩვენი გეგმები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ელვისებურად მოვერგეთ მდგომარეობას. პოლონეთის არმიას ერთი წუთითაც არ დაუკარგავს საბრძოლო მზადყოფნა“, — განაცხადა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.

სწავლებაში ჩართულია ასზე მეტი ტანკი და ორასზე მეტი ჯავშანმანქანა, არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები — დაახლოებით 2 ათასამდე ერთეული ტექნიკა. პოლონური და ამერიკული ჯარები რამდენიმე ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ჩაატარებენ.

ძირითადი ტაქტიკური ეპიზოდი — სატანკო და საჰაერო–სადესანტო ჯარების მონაწილეობით წყლის ზღუდეების ფორსირება და კონტრშეტევაზე გადასვლაა.

ანალიტიკური კლუბი „ვალდაის“ სამხედრო ექსპერტი არტიომ კურეევი მიიჩნევს, რომ სწორედ ესაა მთავარი Defender Europe 2020-ის სწავლებაში.

„სამხედრო თვალსაზრისით ჩეხ, პოლონელ და ლიტველ სამხედროებს კიდევ ერთხელ  ჩაუტარებენ მასტერ-კლასს ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოყენებაში, რომელიც უნდა შეიძინონ. ხოლო პოლიტიკურად ეს არის ნატოს მზადყოფნის დემონსტრირება – განდევნოს მოწინააღმდეგის ჯარები ალიანსის ტერიტორიიდან იქ შეჭრის შემთხვევაში“, — აღნიშნა ექსპერტმა. 

მოუსვენარი ბალტიისპირეთი

პრაქტიკულად იმავდროულად ბალტიის ზღვაზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო–საზღვაო სწავლებები Baltops 2020. მასში მონაწილეობს 18 ქვეყანა, სამი ათეული სამხედრო ხომალდი და დაახლოებით ამდენივე თვითმფრინავი. ასეთი მანევრები იქ ყოველწლიურად ტარდება უკვე 49 წელია. 

„ამ სწავლებების ნახვა საინტერესოა. აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მანევრების ლოგიკის თანახმად ხომ ფლოტის დესანტსაწინააღმდეგო ოპერაციები უნდა დამუშავდეს და აჩვენოს ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ელექტორატს, რომ ალიანსი არ დაუშვებს რუსი საზღვაო ქვეითების გადასხმას საარემაას, იურმალისა და პალანგის პლაჟებზე“, — აცხადებს არტიომ კურეევი. 

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში სამხედრო სწავლებების ჩატარების უფლება ყველა მოსაზღვრე ქვეყანას აქვს. ბოლო წლებში აშშ-სა და ნატოს მანევრები სულ უფრო ახლოს იწევს რუსეთის საზღვრებთან, დასავლელი პოლიტიკოსები კი ამას მოსკოვთან ურთიერთობების გასამწვავებლად იყენებენ.

„თქმა არ უნდა, მსხვილმა საერთაშორისო სამხედრო ბლოკმა უნდა დახვეწოს ურთიერთქმედება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს შორის. მაგრამ სწავლებების უმეტესობის ლეგენდა — რომელიღაც აღმოსავლელ ევროპელი მეზობლის თავდასხმაა, რომელიც სამხედრო პოტენციალით რუსეთის ტოლფარდია. ეს, რა თქმა უნდა, არ მეტყველებს კონსტრუქციულ ურთიერთობებზე ნატოსა და რუსეთს შორის. ლეგენდა გათვლილია არა სამხედროებზე, არამედ მოქალაქეებზე. ბალტიისპირეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის კონსერვატიული, ნაციონალისტურად განწყობილი ელექტორატი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოკავშირეები მას რუსული დათვისგან დაიცავენ — პოტენციური მოწინააღმდეგისგან, რომელსაც მოხერხებულად შეიძლება მიეწეროს უამრავი შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა“, — მიაჩნია ექსპერტს.

დასავლელი კოლეგების მოქმედებებზე რეაგირებენ რუსეთის როგორც საგარეო საქმეთა, ისე თავდაცვის სამინისტროები, მოუწოდებენ რა დაძაბულობის გრადუსის დაწევისა და ჯარების საზღვრიდან გაწევის შესახებ — თუნდაც ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავის ზეიმის დროს.

„არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ნატოს სწავლებები, მაგალითად, „ევროპის დამცველი“ — უდიდესი ბოლო წლებში, აგებული იყო ცივი ომის პერიოდის თარგზე და დაგეგმილი იყო იმგვარად, რომ აქტივობის პიკი 9 მაისს ემთხვეოდა. ეს ფაქტია“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

დიპლომატის თქმით, ნატოს სწავლებები ერთმანეთის მიყოლებით ტარდება და მზვერავი თვითმფრინავებიც სულ უფრო ხშირად დაფრინავენ უშუალოდ რუსეთის საზღვართან, განსაკუთრებით კი ბალტიისა და შავ ზღვებზე. 

შეთანხმებების გვერდის ავლით 

რუსი დიპლომატები და სამხედროები საზღვრების სიახლოვეს მსხვილი სწავლებების ჩატარებაზე უარის თქმასა და თვითმფრინავებისა თუ ხომალდების მიახლოების დისტანციაზე შეთანხმებას მოითხოვენ. ამასთან აყენებენ წინადადებას ტრანსპონდერების გამოყენების თაობაზე ბალტიის ზღვაზე სამხედრო ავიაციის ფრენისას. მაგრამ მათი არ ესმით.

უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ნატოს სამხედრო აქტიურობა პანდემიიდან გამოსვლის კვლადაკვალ სულ უფრო გაძლიერდება. კურეევის თქმით, სერიოზულ როლს ალიანსის სახმელეთო ძალების მხარდჭერაში ფლოტიც შეასრულებს.

და, მაინც, Baltops 2020 და Defender Europe 2020 მასშტაბების მიხედვით ვერ შეედრება ცივი ომის დროინდელ სწავლებებს, როდესაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სწავლებებზე ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოჰყავდათ. მაგალითად, 1967 წელს სწავლებაში სახელწოდებით „დნეპრი“ მილიონ-ნახევარზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, „დასავლეთი-1981“-ში — 100 ათასზე მეტი, ხოლო 1982 წელს გაიმართა საბჭოთა სწავლება „ფარი-82“, რომლის ლეგენდითაც საბჭოთა კავშირს პრევენციული ბირთვული იერიში მიჰქონდა ნატოზე.

„მაშინ აუცილებელი იყო მოწინააღმდეგისთვის საკუთარი სამხედრო პოტენციალისა და თავდასხმის ეფექტურად აღკვეთის უნარის დემონსტრირება. ამერიკის საპასუხო სწავლებამ სახელწოდებით „გამოცდილი მშვილდოსანი 1983“ ვარშავის ხელშეკრულებისა და ნატოს ქვეყნები ომის ზღვარზე დააყენა. მოსკოვმა სწავლებებისთვის სამზადისი და ინტენსიური მოლაპარაკებები ლონდონს, ბონსა და ვაშინგტონს შორის საბჭოთა კავშირზე შეტევის განხილვად აღიქვა“, — განმარტა კურეევმა.

სწავლებების დაგეგმვისას ნატო ხშირად არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, კერძოდ, ვენის დოკუმენტის მე-8 მუხლს „ნდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებელი ზომების შესახებ“, რომელსაც ხელი 2011 წელს მოეწერა და არაერთ შეზღუდვას ითვალისწინებს მსხვილმასშტაბიანი მანევრების დაწყებაზე შეტყობინებების დაგზავნის შესახებ. დასავლეთი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს შეთანხმებებს იმ დროს, როდესაც რუსეთი ან იტყობინება სწავლებების თაობაზე, ან საზღვრებიდან მოშორებით ატარებს მათ. მაგალითად, მიმდინარე წელს დაგეგმილი მანევრები „კავკასია 2020“  პოვოლჟიესა და ჩრდილოეთ კავკასიაში გაიმართება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

156
აშშ-სა და ევროკავშირის დროშები

მოსაზრება: ბაიდენი აშშ-ს ევროპის მარიონეტად გადააქცევს

19
(განახლებულია 19:13 25.11.2020)
ევროკავშირმა, ევროსაბჭოს მეთაურ შარლ მიშელის სახით, ჯო ბაიდენს „მტკიცე ტრანსატლანტიკური ალიანსის“ აღდგენა შესთავაზა.

ირინა ალქსნის

თუ ბაიდენი თეთრ სახლში შევა, მაშინ ამ სურვილს სრული საფუძველი აქვს, რომ ახდეს. მეტად სიმბოლურია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა, რომელიც „ვაშინგტონური ჭაობის“ რაფინირებული პროდუქტია და „გლობალური ალიანსების მცველსაც“ წარმოადგენს.

ის, რომ დასავლეთ ევროპა ბედნიერი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის როლში ჯო ბაიდენის ხილვით, მაშინ გახდა გასაგები, როგორც კი მისმა ლიდერებმა ერთმანეთის გადასწრებით დაიწყეს არჩევნებში გამარჯვების მილოცვების დაგზავნა ბაიდენისთვის, ხოლო გერმანია გამოტყდა კიდეც, რომ „ტრამპთან კიდევ ოთხი წელი მუშაობის“ განწყობა არ აქვს.

ამაზე უფრო გაუგებარი ისაა, რატომ ანიჭებს ევროპა უპირატესობას შტატების სათავეში გლობალისტების ხილვას — იმ გლობალისტებისა, რომლებიც შეპყრობილი არიან ერთპოლარული სამყაროს სტატუს-კვოს შენარჩუნებით, რომელშიც უპირობო ლიდერი ვაშინგტონი იქნება.

ძველ სამყაროში განუხრელად მზარდი პროცესი, რომელიც ოკეანისგაღმელი სუზერენისგან სუვერენიზაციასა და ნახევრად ვასალური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას მოიაზრებს, ხომ თითქოს ეწინააღმდეგება ამ მისწრაფებებს?

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ევროპაში პროამერიკული ძალები მძლავრობენ, რომლებიც მზად არიან შტატებს მსხვერპლად შესწირონ საკუთარი ქვეყნები, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. მაგალითად, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია ექსტერიტორიული სანქციების მიმართ, რომლებიც აშშ-ში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ მუშავდება.

ამგვარად, ევროპა განაგრძობს თავისი ინტერესების დაცვისა და საკუთარი გეოპოლიტიკური როლის გაძლიერების ხაზს, მაგრამ ამასთან მხურვალედ უჭერს მხარს ვაშინგტონში ხელისუფლებაში იმ ძალების დაბრუნებას, რომლებისთვისაც მსგავსი რამ, თეორიულად, კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. ამ უცნაურ უთანხმოებაზე პასუხი ოთხი წლის წინანდელ მოვლენებში უნდა ვეძებოთ.

თეთრ სახლში შესულმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა აშშ-ის მონაწილეობით უამრავ უკვე ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებაზე. ასეთი ბედი ეწია ცნობილ ტრანსატლანტიკურ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობას, რომელსაც იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ავის მომასწავებელი რეპუტაცია. ალარმისტები გვაფრთხილებდნენ, რომ მისი მეშვეობით ამერიკა უბრალოდ გამოწოვდა რესურსებს ევროპას თავის სასარგებლოდ.

მაგრამ ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტობის პერიოდში ყველა შესაძლებლობას იყენებდა თავისი ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, უყოყმანოდ თქვა უარი „დედალზე“, რომელსაც თითქოს მრავალი წლის განმავლობაში უნდა დაედო ოქროს კვერცხები ამერიკისთვის. თანაც არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა ეს შეთანხმება რეალურად ღრმად არახელსაყრელი იყო შეერთებული შტატებისთვის. საფიქრალია, რომ ბიზნესში დიდი გამოცდილების მქონე ამერიკის შმაგ პატრიოტს შეიძლება ვერწმუნოთ.

მთავარი შეცდომა — არის ვარაუდი იმისა, რომ გლობალისტებს (მათ შორის, ამერიკელებს) ეროვნულად ორიენტირებული ინტერესები აქვთ. მათთვის შეერთებული შტატები უკიდურესად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს როგორც მთავარი ემისიური ცენტრი და პლანეტის ყველაზე ძლიერი არმია. მაგრამ უზარმაზარი ქვეყანა, თითქმის 330 მილიონიანი მოსახლეობით, უფრო ის ტვირთია, რომლის ჩამოწერაც ბევრად მარტივია, ვიდრე მისი პრობლემების გადაჭრაში ფულის ჩადება.

სამაგიეროდ გლობალისტების, როგორც მსოფლიო მოქალაქეების ჭეშმარიტი ინტერესები და სენტიმენტალური გრძნობები შეიძლება სულ სხვა ადგილებს უკავშირდებოდეს. იმავე ენტონი ბლინკენმა ბავშვობის უმეტესი წლები პარიზში გაატარა და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ძლიერი ზეგავლენა ევროპელმა მამინაცვალმა მოახდინა. ასე რომ, ეჭვები, იხელმძღვანელებს თუ არა ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მხოლოდ აშშ-ის ეროვნული ინტერესებით, სრულიად კანონზომიერია.

ამგვარ პეიზაჟში ევროპის პოზიცია აზრს იძენს. მან ბოლო ათწლეულებში ისწავლა, რომ თავისას ამერიკის ფესვებს მოწყვეტილებთან ურთიერთქმედებით შეიძლება მიაღწიოს — ამასთან, „თავისუფალი სამყაროს ლიდერთან“ და ერთადერთ ზესახელმწიფოსთან ფორმალური რევერანსების შესრულებაც არ უნდა დაივიწყოს.

ჯერ მარტო ირანის ბირთვული გარიგება რად ღირს, რომელსაც ხშირად ობამას პრეზიდენტობის ერთ-ერთ ტრიუმფადაც იხსენიებენ, მაგრამ რომლითაც ევროპა უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე თავად აშშ. უფრო მეტიც: ევროკავშირს ძველებურად ბევრ რამეში სჭირდება შეერთებული შტატები. კერძოდ, ევროპის ძალისხმევა, შექმნას თავისი არმია — არა ის იმიტაცია, რომელიც ახლა არსებობს, არამედ რეალური სამხედრო ძალა — არასერიოზულად გამოიყურება. ამერიკელებს ამ აზრით ალტერნატივა არ ჰყავთ და არც ეყოლებათ ხილულ მომავალში. მაგრამ ტრამპს მტკიცედ ჰქონდა განზრახული, ეიძულებინა ბებერი ევროპა, ყველაზე მაღალი ნიხრით გადაეხადა სამხედრო „ქოლგის“ საფასური. აი, „ვაშინგტონურ ჭაობთან“ კი ბრიუსელსა თუ ბერლინს მოლაპარაკების შანსი აქვთ.

ევროკავშირს რუსეთის საპირწონედ გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ იგივე სამხედრო დამბალანსებელი ესაჭიროება ძველებურად. თორემ მოსკოვს უკვე ფრიად ხელსაყრელი პირობები ექმნება დასავლეთის მიმართულებით, რაც ნამდვილად არ ახარებს დასავლეთ ევროპულ დედაქალაქებს.

შედეგად ყალიბდება პარადოქსული ვითარება: იმ დროს, როცა ევროპა ბევრის თვალში აშშ-თვის სახარჯ მასალად გამოიყურება, რეალურად ამერიკელების შეცოდებაა საჭირო, ვინაიდან თანდათან იზრდება შანსი იმისა, რომ შტატები ევროპული მზაკვრობისა და საკუთარი ელიტების ღალატის მსხვერპლად იქცეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

19
თვითმფრინავი ცაში

მოსაზრება: დაუბრუნდება თუ არა ბაიდენი რუსეთთან „ღია ცის“ ხელშეკრულებას

25
(განახლებულია 20:52 24.11.2020)
შეერთებული შტატების მიერ „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან ექვსთვიანი ვადა ამოიწურა.

სოფია მელნიჩუკი

ვაშინგტონი აღარ მონაწილეობს ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსეთი „უხეშად არღვევდა წლების განმავლობაში“. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ქვეყანა იმ მოძველებული შეთანხმებებიდან გაჰყავს, რომლებიც „მოწინააღმდეგეს უპირატესობას ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოების ფასად“. ახლა მოსკოვი აპირებს მიაღწიოს შეთანხმებაში დარჩენილი გარანტიების შესრულებას. არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ ბაიდენის გუნდმა ისევ გახსნას ამერიკული ცა?

არ არსებობს შეთანხმება ნდობის გარეშე

თეთრის სახლის მოსკოვისადმი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია — საინსპექციო ფრენების შეზღუდვაა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ჩეჩნეთისა და კალინინგრადის თავზე. ამაზე პასუხად ამერიკელებმა ცა ალასკისა და წყნარი ოკეანის კუნძულების თავზე დახურეს.

ხელშეკრულების თანახმად, 2002 წლიდან 35 წევრ ქვეყანას სადაზვერვო ფრენების ჩატარება შეუძლია ერთმანეთის ტერიტორიებზე. მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამასთან, თვითმფრინავები არ არის შეიარაღებული, ვიდეოაპარატურა წინასწარ მოწმდება, ხოლო ბორტზე გასაინსპექტირებელი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება.

2019 წელს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში 1500-ზე მეტი ასეთი გაფრენა განხორციელდა. მაგრამ ქვეყნებს შორის კონტროლი და ნდობის განმტკიცება ერთადერთი მიზანი არ არის. აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალებიც არის ხოლმე. მაგალითად, დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ფრენებს კიევის მხარდაჭერის ნიშნად ახორციელებდა.

ბინძური თამაშები

„კრემლში ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნიათ ურთიერთნდობისა და შეიარაღების კონტროლის მხრივ. აშშ-ის გასვლა შეთანხმებიდან მას სიცოცხლისუუნაროს ხდის“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მაგრამ მოსკოვი მაინც განაგრძობს დოკუმენტის ნორმების დაცვას — რამდენიმე პირობის საფუძველზე, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პირველი: ევროპული ქვეყნები იძლევიან გარანტიას, რომ არ გადასცემენ თავიანთი ფრენების მონაცემებს აშშ-ს; მეორე: რუსული თვითმფრინავები შეძლებენ ინსპექტირება გაუწიონ ამერიკულ ობიექტებს ევროპაში. ჯერჯერობით არანაირი გარანტია მიღებული არ არის, რაც მოსკოვს კატეგორიულად არ აწყობს.

„საიდუმლო არ არის, რომ აშშ მოკავშირეებისგან მოითხოვს, ხელი მოაწერონ დოკუმენტებს, რომელთა თანახმადაც, ვაშინგტონის [„ღია ცის“ ხელშეკრულებიდან] გასვლის შემდეგ ისინი ამერიკულ მხარეს გადასცემენ მონაცემებს, რომლებსაც რუსეთის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შედეგად მიიღებენ, — ამბობდა კონსტანტინ გავრილოვი, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვენაში. — ეს მარტო ხელშეკრულების დარღვევა კი არა, ბინძური თამაშებია ხელშეკრულების სფეროში, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიის მსხვერპლად იქცა“.

„ეს სიგიჟეა“

აშშ-ის გასვლა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან, პირველ რიგში, ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს ურტყამს. მათთვის მნიშვნელოვანია ამერიკული თვითმფრინავების მიერ მოგროვებულ მონაცემებზე წვდომა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო. „ჩვენ გვესმის, რომ იყო სირთულეები რუსეთის მხრიდან ნორმების დაუცველობის კუთხით, მაგრამ ეს, ჩვენი აზრით, არ არის შეთანხმებიდან გასვლის საბაბი“, — აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკო მაასმა.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში მიუთითეს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინა მოსკოვის მიერ შეთანხმების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ერთობლივ განცხადებაში ესპანეთმა, ბელგიამ, ფინეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა და შვედეთმა ხაზი გაუსვეს, რომ „ღია ცის“ ხელშეკრულება კვლავაც რჩება „ფუნქციონირებადად და სასარგებლოდ“.

თავად შტატებში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის. მაგალითად, სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი რობერტ მენენდესი თეთრი სახლის ნაბიჯებს ასე აფასებს:

„პრეზიდენტმა ტრამპმა თავხედურად უარყო კანონი და ცალმხრივად გადადგა პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი მას შემდეგაც კი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა“.

„ეს სიგიჟეა“, — ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სამხედრო–საჰაერო ძალების გენერალმა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, CIA-ს დირექტორმა მაიკლ ჰაიდენმა. ხოლო რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა, ჯორჯ ბუშის თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ და ბარაკ ობამას არაოფიციალურმა მრჩეველმა სემუელ ნანმა წერილი გაგზავნეს თეთრ სახლში მოწოდებით, შენარჩუნდეს „ღია ცის“ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების დასასრული

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ ის შეიარაღებაზე კონტროლით დაინტერესებული არ არის. 2018 წელს ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული გარიგებიდან გადის იმ მიზეზით, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს არ იცავს.

ერთი წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი.

2020 წელს ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ბირთვული გამოცდების შესახებ მსჯელობდნენ — პირველად 1992 წლის შემდეგ. ეს იქნებოდა იმ მორატორიუმის დარღვევა, რომელიც აშშ-ზე, რუსეთზე, ჩინეთზე, ბრიტანეთსა და საფრანგეთზე ვრცელდება.

გაურკვეველია სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების (СНВ-3) ბედიც, რომელსაც 2010 წელს მოეწერა ხელი. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სექტემბერში დასრულდა, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მთელი რიგი დამატებითი პირობები შესთავაზა, რომელთა შორის არის შეუსრულებელი — შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვა. СНВ-3-ს ვადა თებერვალში ეწურება და РИА Новости-ს მიერ გამოკითხულ ექსპერტებს დიდი ეჭვი აქვთ, რომ მისი გახანგრძლივება მოხერხდება.

ასეა თუ ისე, „ღია ცის“ ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო მსხვერპლი გახდება. ჯო ბაიდენისთვის ოფიციალური გამარჯვების მილოცვა ჯერ ადრეა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ოვალურ კაბინეტს სწორედ ის დაიკავებს, დღითი დღე იზრდება.

ახლებურად შესვლა

ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ ბაიდენი უნდა დაფიქრდეს „ღია ცის“ ხელშეკრულებაში დაბრუნებაზე, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება, მიაჩნია დმიტრი სუსლოვს — კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილეს.

„აშშ-ში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა მკაფიო პოზიცია: თუ ისინი შეიიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებიდან გადიან, უკან აღარ ბრუნდებიან. უფრო მეტიც, რუსეთისადმი პრეტენზიებს „ღია ცის“ ხელშეკრულებაზე შტატები ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს აცხადებდა. არსებობს კონსენსუსი თეთრ სახლს, პენტაგონსა და სადაზვერვო სამსახურებს შორის იმის შესახებ, რომ მოსკოვი სრულად არ იცავს და არღვევს დოკუმენტის ნორმებს“, — განაცხადა მან.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ხელშეკრულებაში დაბრუნება კონგრესის ზედა პალატის რატიფიკაციას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით კი, რომ პალატა შეიძლება კვლავ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ აღმოჩნდეს, ეს ახალ პრობლემებს შექმნის. ხოლო თუ ბაიდენი მაინც გადაწყვეტს წინამორბედის გადაწყვეტილების გაუქმებას, ამას დრო დასჭირდება.

„ამასთან, ახლა ტრამპი კიდევ დამატებით წინაღობებს ქმნის“, — აცხადებს ექსპერტი ოლეგ შკიროვი.

თეთრი სახლის გადაწყვეტილება ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალებს აიძულებს, თავიდან მოიშოროს თვითმფრინავები, რომლებიც სადამკვირვებლო ფრენებისთვის გამოიყენება.

„კონგრესი, რესპუბლიკელების მოქმედებების გამო, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოყოფდა სახსრებს მათი მოდერნიზაციისთვის. და ეს ბრძოლა „ღია ცის“ ხელშეკრულების ჩამოშლისკენ იყო მიმართული. სადამკვირვებლო თვითმფრინავების გარეშე ხელშეკრულებაში დაბრუნება კი უფრო რთული იქნება“, — მიაჩნია ექსპერტს.

გარდა ამისა, შაკიროვის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინ დაიკავებს სავარძლებს ბაიდენის ადმინისტრაციაში. მაგალითად, მაიკლ კარპენტერი — საგარეო პოლიტიკის ყოფილი მრჩეველი ასევე ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მონაწილეობას „ღია ცის“ ხელშეკრულებაში, ვინაიდან რუსეთი თითქოს ინფორმაციას აგროვებს ამერიკული ინფრასტრუქტურის შესახებ — ავი ზრახვებით.  

თუ უფრო მასშტაბურად ვიტყვით, ბაიდენის მთავარი იდეა — ევროპასთან ნდობის აღდგენაა, ხაზს უსვამს შაკიროვი. და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპისთვის ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, შეიძლება აშშ მაინც დაუბრუნდეს ხელშეკრულებას მოკავშირეთა ხათრით — თუნდაც არა მაშინვე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

25
თემები:
რუსეთი დღეს
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში