ამერიკელი სამხედროები

მოსაზრება: აშშ-ს აღელვებს რუსეთის ყოფნა ახლო აღმოსავლეთში

129
(განახლებულია 18:42 09.06.2020)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი „უნდა მიბრძანდეს ახლო აღმოსავლეთიდან“, ვინაიდან რეგიონის საყრდენი ისტორიულად ამერიკელები არიან.

გალია იბრაგიმოვა

ვაშინგტონის აზრით, მოსკოვი მხოლოდ ხელს უშლის ერაყის, სირიისა და ლიბიის აღდგენას. 

ტრადიციული მოკავშირეები

„არ დავუშვათ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში — ეს ამერიკული პოლიტიკის ქვაკუთხედია. ჩვენ ამ პრინციპს ბოლო 45 წლის განმავლობაში მივდევთ. ახლა რუსეთი დესტრუქციურ როლს ასრულებს რეგიონში. ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ის იქიდან უნდა მიბრძანდეს“, — განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დევიდ შენკერმა. 

რეგიონში აშშ-ის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ მსჯელობისას ჩინოვნიკმა ჩამოთვალა ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის ორიენტირებული იყვნენ ამერიკელების მხარდაჭერაზე და არა რუსების. მან მოიხსენია საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი და პალესტინა.

შენკერის თქმით, ვაშინგტონი ყველაზე მეტად ისრაელ–არაბულ შერიგებაზე ზრუნავს. თეთრ სახლს იმედი აქვს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში წავლენ „საუკუნის გარიგებაზე“. მან გაიხსენა, რომ ისრაელმა და სპარსეთის ყურის ზოგმა მონარქიამ ამერიკული ინიციატივა შეაყოვნეს. მაგრამ არ უხსენებია, რომ პალესტინის ხელისუფლებამ გარიგების დეტალებზე მხოლოდ პოსტფაქტუმ შეიტყო.

შენკერმა ერაყისთვის, იემენისთვის, კატარისთვის, საუდის არაბეთისთვის გაწეულ დახმარებებზეც ისაუბრა კორონავირუსთან ბრძოლაში — ამ ქვეყნებს ტესტები და მედიკამენტები გაუგზავნეს.

„ობამას უხეში შეცდომა“

ამერიკელებს ახლო აღმოსავლეთში ხელს რუსეთი და ჩინეთი უშლიან. „ზესახელმწიფოების მეტოქეობა რეგიონის ქვეყნებს არჩევანის გაკეთებას აიძულებს. აშშ არავის დააძალებს ამაში მონაწილეობას“, — ირწმუნება შენკერი.

სახელმწიფო დეპარტამენტი ძირითად ძალისხმევას ახლოაღმოსავლელი მოკავშირეებისთვის იმის განმარტებაზე მიმართავს, თუ რა ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოსკოვთან და პეკინთან თანამშრომლობას: დაე, გაიაზრონ შედეგები.

ამერიკული სტრატეგიის მთავარ წარმატებად ჩინოვნიკმა „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება დაასახელა სირიასა და ერაყში. მაგრამ „ალ ქაიდასა“ და იმავე „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა დანაყოფების ლიკვიდაცია ჯერ არ დასრულებულა და აშშ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს ტერორიზმთან ბრძოლას.

შენკერის თქმით, ამერიკელების დახმარებით ერაყის აღდგენა მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, ვაშინგტონმა სწრაფად დაამყარა კონტაქტები ერაყის ახალ პრემიერ მუსტაფა ალ–ქაზემისთან.

რაც შეეხება სირიას, ამერიკელები, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, არ იშორებენ პასუხისმგებლობას და მზად არიან მხარდაჭერის აღმოსაჩენად. მაგრამ ბაშარ ასადი უშლის ხელს. და კიდევ რუსეთი.

ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის პოზიციების განმტკიცება ჩინოვნიკმა ბარაკ ობამას დააბრალა. „ის მიესალმა რუსების მისვლას სირიაში. აშკარაა, ვარაუდობდა, რომ ეს მათ ჭაობში ჩაითრევდა. მაგრამ რუსეთმა ომის მსვლელობა შეცვალა და ასადი იქ ამ დრომდე რჩება. ეს იყო წინა ადმინისტრაციის უხეში შეცდომა“, — აღნიშნა შენკერმა.

„ეს სისულელეა“

რუსეთის მიმართ ბრალდებების შემდეგი პუნქტი — ლიბიის ვითარებაა.

„წარმატებებმა სირიაში რუსეთის ხელისუფლებას ფრთები შეასხა და მოსკოვი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა ყოფილ ჯამაჰირიაში“, — აღნიშნა შენკერმა.

მაგრამ „რუსეთი არ თამაშობს პროდუქტიულ ან მასტაბილურებელ როლს ლიბიის კონფლიქტის დარეგულირებაში“, ვარაუდობს შენკერი.

თეთრ სახლს არც მოსკოვისა და ირანის თანამშრომლობა მოსწონს. შფოთვის კიდევ ერთი საბაბი — რუსეთისა და საუდის არაბეთის კონტაქტებია, მიუხედავად იმისა, რომ მარტში მხარეებმა ნავთობის ფასებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის მოწოდება ახლო აღმოსავლეთიდან მიბრძანების შესახებ სისულელედ შეაფასეს. „როგორც ჩანს, შენკერს საერთოდ არ ესმის, რას ლაპარაკობს. ეს სიკეთისა და ბოროტების ზღვარს სცდება. პროფესიული მომზადების დონემ ძალიან დაბლა დაიწია“, — განაცხადეს უწყებაში. 

ჭაობისთვის თავის დაღწევა

„როდესაც რუსეთი 2015 წელს სირიაში შევიდა, ამერიკელები ნამდვილად არ იყვნენ ძალიან წინააღმდეგი. მათ აინტერესებდათ ენახათ, რა გამოუვიდოდათ რუსებს, თუმცა დარწმუნებული იყვნენ „ახლოაღმოსავლური ჭაობის“ გარდაუვალობაში. მაგრამ მოსკოვმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სირიის მიმართულებით. ასადი კვლავ ხელისუფლებაშია, რასაც ვაშინგტონი ნამდვილად არ ელოდებოდა“, — აღნიშნა ახლო აღმოსავლეთის საკითხების კოორდინატორმა რუსლან მამედოვმა.

ექსპერტის თქმით, აშშ-ის კონგრესი აქტიურად მუშაობს „სირიის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ კანონზე, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ცეზარი“. ეს დოკუმენტი დამასკის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისინებს. არც ერთი კომპანია, რუსულის ჩათვლით, არ მოისურვებს სირიის ეკონომიკაში ინვესტირებას.  

მოსკოვში აცნობიერებენ ვითარების სერიზულობას და ფიქრობენ, როგორ იმოქმედონ შემდგომში.

„სირიის უპირველესი ამოცანა — გარე ინვესტორების მოძებნაა ეკონომიკის აღსადგენად. პანდემიამდე არაბთა გაერთიანებული საამიროები მზად იყო დასახმარებლად. მაგრამ კორონავირუსმა და ნავთობზე ფასების დაცემამ კრიზისი გამოიწვია მდიდარ არაბულ მონარქიებში. სწრაფი მხარდაჭერის მოლოდინი ამაოა, მაგრამ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს“, — მიაჩნია მამედოვს.

„გასაგები სტრატეგია არავის აქვს“

„ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთი ერთ-ერთი იყო იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომლებსაც ლიბიაში ნორმალური ცხოვრების აღდგენა სურდა“, — აღნიშნავს ლიბიელი პოლიტოლოგი მუსტაფა ფეტოური.

ის არ ეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს „მოსკოვის დესტრუქციული როლის“ შესახებ.

„როდესაც ჯამაჰირიაში განხეთქილება მოხდა, რუსეთი სირიით იყო დაკავებული. მაგრამ ლიბიელებმა იცოდნენ, რომ, ადრე თუ გვიან, რუსეთი დაბრუნდებოდა და შეეცდებოდა რამენაირი წესრიგის დამყარებას. პროცესი გაიწელა. ეს დაკავშირებულია არა იმდენად გარე მოთამაშეების გავლენასთან, რამდენადაც შიდა პროცესებთან. ახლა რუსეთი თურქეთთან, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად ცდილობს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასვას ფაიზ სარაჯის მთავრობა და გენერალი ხალიფ ჰაფთარი. ამოცანა მარტივი არ არის“, — განმარტავს ფეტოური.

ლიბიელი პოლიტოლოგის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი კონფლიქტის ყველა მხარესთან ურთიერთქმედებს, მას შეუძლია ნეიტრალური არბიტრის როლში გამოვიდეს.

„აშშ-ს არ აქვს გასაგები სტრატეგია ჩრდილოეთ აფრიკაში. მაგრამ ამერიკელები ხშირად ახდენენ მოკავშირეების კონფლიქტზე პროვოცირებას რეგიონში. აშკარაა, რომ ანკარასა და მოსკოვში ეს ესმით და არ დაუშვებენ ამგვარ სცენარს“, — მიაჩნია ფეტოურის.

რუსეთი დაინტერესებულია ლიბიაში ძირითადი პოლიტიკური ინსტიტუტების აღდგენით და ლიბიელები ამას ხედავენ. რაც შეეხება სხვა გარე მოთამაშეებს, მათი საბოლოო მიზნები ჯერჯერობით გაურკვეველია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

129
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება

27
(განახლებულია 13:55 15.07.2020)
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტიც ქალბატონი გვყავს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, მსოფლიო სტატისტიკის ფონზე ითვლება, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დონე საკმაოდ დაბალია.

ჰოდა, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონი, მეცხრე მოწვევისამ მიიღო და მეათე მოწვევის ქალებს გაუმართლათ.

თუ პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე სავალდებულოდ ქალი უნდა იყოს, პარტია, რომელიც ყოველ მესამედ ქალს ჩაწერს სიაში, დამატებით დაფინანსებას მიიღებს. საქართველოში კი ჭკვიანი და განათლებული ქალების დეფიციტი ნამდვილად არაა. რამდენიმე პარტიის ლიდერი საერთოდ ქალია და მომავალი მოწვევის პარლამენტში 37-40 ქალბატონი იქნება.

დავიწყოთ მმართველი პარტიით:

ქვოტირება ნამდვილად არ სჭირდება და დიდი ხანია, გადაწყვეტილია თეა წულუკიანის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. სხვადასხვა ვერსიებით ის საბურთალოს ან ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ყველა შემთხვევაში მომავალ პარლამენტში თეა წულუკიანს ყველა ხედავს... მაღალი ალბათობით, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე. ასევე მყარად დგას კობახიძის გუნდის წევრი სოფო კილაძე, რომელსაც ცოტა ქმრის აქტიურობამ კი შეუშალა ხელი, მაგრამ იმ გუნდის წევრია, ვისაც ახლა პარლამენტის მართვის სადავეები აქვს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ ბევრს მოატეხა ფრთები, განსაკუთრებით კი კახი კალაძეს, რომლის მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება 2020-ის პარლამენტში სათუოა.

მოქმედი ქალი დეპუტატებიდან, მომავალ პარლამენტში ყოფნა თითქმის ყველას სურს, რეალური შანსი კი ფატი ხალვაშსა და გუგული მაღრაძეს აქვს. ასევე საუბარია მაღრაძის ქალიშვილზე, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის დიდ პროგრამას მართავს. თუ მაგდა მაღრაძე პარლამენტში წავა, ის, სავარაუდოდ, განათლების კომიტეტს ჩაიბარებს.

სხვადასხვა დროს გავრცელდა ხმები ჟურნალისტ ეკა ბერიძისა და სადაზღვევო საქმის სპეციალისტ ნინო კობახიძის სიაში ყოფნის შესახებ, თუმცა ჯერ რაიმის დაზუსტებით თქმა ძნელია. ასევე პარლამენტისკენ ეპატიჟებიან ფერმერ ნინო ზამბახიძეს, მაგრამ რამდენად გადაწყვეტს თავად საკანონმდებლო საქმიანობას, მეორე საკითხია. ყველა შემთხვევაში ქართული ოცნებიდან მინიმუმ 10-12 ქალი გამსვლელ სიაში მოხვდება, 37-დან 40-მდე კი 150 კაციან შემადგენლობაში.

მთლად ქალებს მიჰყავთ პოლიტიკა „პატრიოტთა ალიანსში“, რომელიც, ექსპერტების თქმითა და ხელისუფლების ხელშეწყობით მომავალ პარლამენტში უკეთ იქნება წარმოდგენილი.

საკმაოდ ბევრი ქალი ჰყავთ „ლელოშიც“, რომელთაგან ანი ნაცვლიშვილი უეჭველად გახდება მომავალი პარლამენტის წევრი.

დეპუტატობისათვის ლამის მარტოხელა მგლის სტატუსით იბრძოლებენ: ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩარკვიანი, ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე.

მოკლედ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება და ცნობილ ქალებს კიდევ ორი თვე რჩებათ სააქტიუროდ... ასე რომ, საქართველოს ქალებო, ახლა თქვენი დროა.

27
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსაზრება: ეს არის ნაბიჯი სამყაროს აღსასრულისკენ

117
(განახლებულია 18:58 14.07.2020)
თეთრ სახლში, როგორც ყველაფრიდან ჩანს, საბოლოოდ გადაწყვიტეს აღარ განაგრძონ შეთანხმება მცირე და საშუალო სიშორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ (СНВ-3), განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ანდრეი კოცი

ეს ბოლო დოკუმენტია, რომელიც ორი ბირთვული ზესახელმწიფოს სამხედრო ძლიერებას ზღუდავს. რით ემუქრება საერთაშორისო უშიშროების სისტემის რღვევა მსოფლიოს?

ჩინეთის ჩართვა

სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ პანიკის აყოლა СНВ-3-ის შეწყვეტასთან დაკავშირებით საჭირო არ არის — რუსეთს აქვს უნარი, გარანტირებულად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ამ შეთანხმების გარეშეც. და მაინც, ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. СНВ-3-ს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი 2010 წლის 8 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტის მოქმედების ვადა, რომელიც ძალაში 2011 წლის თებერვალში შევიდა, 2021 წელს იწურება.  

შეთანხმება ითვალისწინებდა რუსეთისა და აშშ-ის არსენალებში ბირთვული მუხტების შემცირებას 1550 ერთეულამდე და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებისა და მძიმე ბომბდამშენების ბალისტიკური რაკეტების შემცირებას 700 ერთეულამდე. СНВ-3 შეთანხმების გაგრძელებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა მანამ, სანამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი არ მოვიდა — ამის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

ამერიკის ლიდერმა СНВ-3-ის შემდგომი არსებობის ერთ-ერთ ძირითად პირობად მასში ჩინეთის მონაწილეობა დაასახელა. ჩინეთის შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ფუ ცუნმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: თუ ჩინეთი აშშ-ის დონემდე გაზრდის ბირთვულ არსენალს, ან თუ ვაშინგტონი შეამცირებს თავის არსენალს. პეკინისთვის სხვა ვარიანტები მიუღებელია, ვინაიდან არ ითვალისწინებენ კოლოსალურ სხვაობას სტრატეგიულ პოტენციალებში.  

კიდევ ერთი პირობა, რომელიც ვაშინგტონმა წამოაყენა, არ აწყობს მოსკოვს. ივლისის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებში, მარშალმა ბილინგსლიმ „საშინელი“ უწოდა რაკეტა „ბურევესტნიკებისა“ და დრონ „პოსეიდონების“ პროექტს, და მათი შეჩერება მოითხოვა, ვინაიდან СНВ-3-ის შეზღუდვები ამ იარაღზე არ ვრცელდებოდა. ამერიკელები მანამდეც მოითხოვდნენ უახლესი რუსული შეიარაღების შეზღუდვას, მათ შორის, არაბირთვული ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონებისა“.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ს აღარ რჩება ბერკეტები მსოფლიო ლიდერობის შესანარჩუნებლად, გარდა ბირთვული შანტაჟისა. ეკონომიკურად ისინი უკვე ჩამორჩებიან ჩინეთს გარკვეული მიმართულებებით, ხოლო სამხედრო ტექნოლოგიების მხრივ — რუსეთს. ამიტომაც ცდილობენ უარი გვათქმევინონ მოწინავე პროექტებზე. ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამ ანკესს“, — განაცხადა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა კონსტანტინ სივკოვმა.

უკომპრომისო პოზიცია

სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ დაუწყებს ხვეწნას აშშ-ს, რომ СНВ-3 განაგრძოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ყოველთვის მზად იყო გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელებთან ერთად იმსჯელეს ორი უახლესი რუსული სტრატეგიული სისტემის რაოდენობის შემცირებაზე СНВ-3-ის ფარგლებში, როდესაც ისინი სრულად იქნება განთავსებული. საუბარია ჰიპერბგერით საბრძოლო ბლოკებზე „ავანგარდი“ და მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტა „სარმატებზე“.

„რაც შეეხება სამ სხვა სისტემას, ისინი ახლებია და არ შედის იმ კატეგორიაში, რომლებზეც СНВ-3 ვრცელდება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ის შეიარაღებაც გახდეს დისკუსიის საგანი, რომლებიც არ არის კლასიკური მოქმედი შეთანხმების თვალსაზრისით“, — აღნიშნა ლავროვმა.

მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შტატები საპასუხო დათმობაზე წავიდეს. ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა უკომპრომისოდ – ან უსიტყვოდ დაეთანხმეთ ჩვენს პირობებს, ან შეთანხმებიდან გავალთო. აშკარაა, არც რუსეთი და არც ჩინეთი არ აპირებენ დაეთანხმონ ამერიკელების პრეტენზიებს საკუთარი ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად. სპეციალისტების აზრით, СНВ-3-ს გაგრძელების მცირე შანსები აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უშიშროების საერთაშორისო სისტემა სრულად შეიცვლება.

ხარისხი რაოდენობის ნაცვლად

„თუ კონკრეტულად საერთაშორისო უშიშროების სისტემაზე ვისაუბრებთ სამხედრო სფეროში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ფაქტობრივად აღარ არსებობს. ეს სისტემა ჯერ აშშ-სა და სსრკ-ს შორის, ხოლო შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებას ეყრდნობოდა... მთელი სისტემა, რომელიც საგულდაგულოდ იგებოდა ცივი ომის მწვავე კონფლიქტურ სიტუაციებში, ვაშინგტონის ინიციატივითაა დარღვეული“, — ამბობს ექსპერტი ვიქტორ მურახოვსკი.

ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ ისევ მოქმედი СНВ-3-ის გარდა დარჩა მხოლოდ სარაკეტო ტექნოლოგიებზე კონტროლის რეჟიმის შეთანხმება, მაგრამ ამერიკელები ამ დოკუმენტის საკუთარ თავზე მორგებასაც ცდილობენ. სააგენტო „როიტერმა“ ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი შეთანხმების ნორმების გადახედვას აპირებს, რათა მეტი დრონი მიჰყიდოს სხვადასხვა ქვეყნებს. დიდი ალბათობით, ეს შეთანხმების სხვა მონაწილეებს ხელს არ მისცემს.

ექსპერტის აზრით, ახალი „რაოდენობრივი“ გამალებული შეიარაღება შუძლებელია, თუმცა ტექნოლოგიური უპირატესობისთვის ბრძოლა სტრატეგიული შეიარაღების სფეროში, სავარაუდოდ, მწვავე იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

117
პარკინგი

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

0
(განახლებულია 14:27 15.07.2020)
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის ახალ ეტაპზე გადადის და პროექტში დედაქალაქის ახალი რაიონების ჩართვას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტე ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი პროექტს მოსახლეობასგააცნობენ.

„10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, პირველ ყოვლისა მათ, ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. ამ ქუჩების მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

ქალაქის მერმა მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს პროექტის საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა დაავალა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

0
თემები:
თბილისის მერია