აშშ-ს დროშა

მოსაზრება: მოუქნელი ამერიკული ხელი „კისინჯერის სამკუთხედს“ ბოლომდე ამსხვრევს

107
(განახლებულია 21:19 12.05.2020)
ამერიკელები აძლიერებენ გეოპოლიტიკური საკვანძო სამკუთხედის დეფორმაციის მცდელობას იმ იმედით, რომ აშშ-რუსეთი-ჩინეთის კონფიგურაციაში ძალთა ბალანსს შეცვლიან.

პიოტრ აკოპოვი

საუბარი არ არის კორონავირუსით პროვოცირებულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გამწვავებაზე. საქმე ეხება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ III შეთანხმების გაგრძელების ირგვლივ დაწყებულ თამაშებს. ეს თამაში მხოლოდ ბირთვულ იარაღს არ უკავშირდება. აშშ-ის რეალური სამიზნე რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებია.

სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ რუსეთსა და აშშ-ს შორის დადებული შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვამდე რვა თვეზე ოდნავ მეტი რჩება. და თუ ის არ გაგრძელდება, მსოფლიო ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად დარჩება ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის სტრატეგიული ბირთვული ძალების შეზღუდვის შესახებ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ანუ აღარ იარსებებს არანაირი შეზღუდვა შეიარაღების შესაკავებლად. 

რუსეთი დიდი ხანია ხელშეკრულების გაგრძელების (ან ახალი შეთანხმების გაფორმების) წინადადებით გამოდის, მაგრამ მოლაპარაკება ჯერაც არ დაწყებულა, დრო კი იწურება. წინა კვირაში დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ტელეფონით საუბრისას მოუწოდა მოლაპარაკების განახლებისკენ და აღნიშნა, რომ „მოუთმენლად ელის მომავალ განხილვას“, რადგან საჭიროა „შეიარაღების ძვირადღირებული შეჯიბრებისთვის“ თავის არიდება. ყინული დაიძრა? სულაც არა - რადგან შეერთებული შტატები ისწრაფვის შეიარაღებაზე ეფექტური კონტროლის დაწესებისკენ, რაც არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც მოიცავს.

სწორედ ამ ფრაზის უკან იმალება მთავარი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმების გასაგრძელებლად მოლაპარაკებების დაწყებას — ამერიკელებს უნდათ ახალი, არა ორმხრივი, არამედ უკვე სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ჩინეთის მონაწილეობით, რომელიც ამის კატეგორიული წინააღმდეგია. პეკინი აბსოლუტურად მართალია — ჩინეთი ატომური იარაღის მფლობელი მხოლოდ 1964 წელს გახდა, გაცილებით გვიან, ვიდრე აშშ და სსრკ. სანამ აშშ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს შეიარაღებით ეჯიბრებოდნენ და შემცირებასა და კონტროლზე ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, ჩინეთი „კულტურული რევოლუციით“ გამოწვეული არეულობით იყო დაკავებული. სარაკეტო-ბირთვულ პროგრამას ჩინეთმა სერიოზულად მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს მოჰკიდა ხელი. ამიტომ გასაგებია, რატომ არ სურს ჩინეთს აშშ-ისა და რუსეთის მსგავსი შეზღუდვების დაწესება.  

ამასთან, ჩინეთი აშკარად მტრულ ამერიკულ გარემოცვაში იმყოფება — აშშ-ის სამხედრო ბაზები, მათ შორის ბირთვული იარაღით, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ჩინეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზეა განლაგებული. შტატები ეხმარება ჩინეთისგან განდგომილ ტაივანს, ამერიკული ფლოტი კი ჩინეთის ნაპირების გასწვრივ დაცურავს. ამ პირობებში ჩინეთის შეიარაღების გაძლიერების პროგრამის აგრესიულად მიჩნევა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც დაინტერესებულია თავისი უპირატესობის შენარჩუნებით და ჩინეთის შეკავების პოლიტიკით ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. აშშ არც მალავს თავის სურვილს, შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა ჩინეთზე, მათ შორის, სარაკეტო-ბირთვულ სფეროში. 

ყველაფერი მარტივადაა? თუმცა სწორედ აქ იწყება აშშ-ის თამაში რუსეთთან. რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული დაახლოების შედეგად ვლადიმირ პუტინმა შარშან განაცხადა, რომ ჩინეთს დაეხმარებოდა სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნაში — ანუ გაუზიარებდა იმას, რაც მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ს გააჩნიათ. ეს არ არის სამხედრო კავშირი, თუმცა ძალიან მსგავსი ურთიერთობაა. გასაგებია, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს არ განიხილავენ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი. აშშ-ის მიმართ დამოკიდებულება კი საპირისპიროა. პირველ რიგში იმის გამო, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთს ოფიციალურად განიხილავს საფრთხედ თავისი ნაციონალური უშიშროებისთვის.

მაგრამ არც რუსეთი და არც ჩინეთი არ ფიქრობენ სამხედრო მეთოდებით „ამერიკული სამყაროს“ მზის ჩასვენების პროცესის დაჩქარებას, ის უამისოდაც იშლება როგორც თავად აშშ-ის ქმედებების წყალობით, ისე მის მოწინააღმდეგეთა, პირველ რიგში, რუსეთ-ჩინეთის შეთანხმებული ძალისხმევით. რასაკვირველია, შეიარაღების შეჯიბრება, ერთი მხრივ, აშშ-სა და, მეორე მხრივ, რუსეთსა და ჩინეთს შორის — მაინც არსებობს ყოველგვარი ხელშეკრულებების მიუხედავად, მაგრამ მათი არსებობა, ასე თუ ისე, გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული.

ყოველ შემთხვევაში, რუსეთისთვისაც და აშშ-ისთვისაც ხელსაყრელია ის გარემოება, რომ ორივე ქვეყანა შთამბეჭდავი ბირთვული ტრიადების მფლობელია და საქმე მხოლოდ ახალი, ზებგერითი საშუალებების შექმნას ეხება. ორმხრივ შეთანხმებებთან ჩინეთის მიბმა კი აზრს მოკლებულია: ჯერ ერთი, ის ჩამორჩება რაოდენობრივად და ხარისხობრივად, მეორეც, მას თავად არ სურს ხელშეკრულების დადება. მაგრამ ამერიკელები დაჟინებით ითხოვენ, თან სულ უფრო უხეშად. რატომ? 

The Washington Times-მა ამ დღეებში დაბეჭდა მარშალ ბილინგსლის, პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლისა და შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მომავალი მოადგილის ვრცელი ინტერვიუ სახელწოდებით „ჩინეთის მონაწილეობა — საკვანძო ფაქტორი რუსეთთან სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ ახალი შეთანხმების გასაფორმებლად“: 

„სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ ახალი შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი, მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გარდა, არის ის, რომ ხელშეკრულების მონაწილე არ არის ჩინეთი... სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ ახალი შეთანხმება — ეს არის საკითხი, რომელსაც რუსები მოეჭიდნენ. ის არაფრის მომცემია აშშ-სთვის ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის თვალსაზრისით, ასევე არაფრის მომცემია რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის თვალსაზრისით, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა მადესტაბილიზებელი ქმედებების მთელ სერიას აწარმოებს“.

ბილინგსლი პირდაპირ ამბობს: ვიდრე მოსკოვი ხელშეკრულების რამენაირად გაგრძელებას მოიფიქრებს, მან უნდა „მოიწვიოს ჩინეთი მოლაპარაკების მაგიდასთან“.

ანუ არავითარი შეთანხმება რუსეთთან ჩინეთის გარეშე არ იქნება — რაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასია. მაგრამ რატომ ითხოვს დაჟინებით აშშ სრულიად არარეალური სცენარის განხორციელებას? უმიზეზოდ? რუსეთზე ზეწოლის მიზნით? ჩინეთის კიდევ ერთხელ დასადანაშაულებლად? თუ იმისთვის, რომ რუსეთი ჩინეთს ჩამოაშოროს?

როგორც ტრამპის სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, ჩინეთის ახალი ბირთვული სისტემები, მათ შორის მცირე სიშორის რაკეტები, რუსეთს უნდა აღელვებდეს:

„ნათელია — ის, რასაც ჩინეთი აკეთებს, ალბათ ორიენტირებულია მათზე იმავე დოზით, რა დოზითაც ჩვენზე, და რუსებმა ეს უნდა აღიარონ“.

ყველაფერი მარტივია: მოსკოვს სთავაზობენ საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის შეცვლას — ჩინეთის აღიარებას რუსეთის საფრთხედ და მის ჩათრევას ამერიკელებთან სამმხრივ მოლაპარაკებაში. და ამას აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მთელი სერიოზულობით აცხადებს. თუმცა რა არის გასაკვირი — შტატებში ხომ კვლავ ძალიან პოპულარულია ამერიკული გეოპოლიტიკისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი თეორია იმის შესახებ, რომ რუსეთ-ჩინეთის გრძელვადიანი დაახლოება შეუძლებელია, ვინაიდან ორ ქვეყანას შორის თითქოს არსებობს უზარმაზარი და მოუგვარებელი წინააღმდეგობები. ამასთან, ბილინგსლი ხომ ესაუბრება „დაფლეთილი ეკონომიკის მქონე“ „მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულ“ „რეგიონულ სახელმწიფოს“. რუსეთის ასე აღქმა არა მარტო ბარაკ ობამას და არა მარტო ხუთი წლის წინ ახასიათებდა — ეს ამერიკული ელიტის დიდი ნაწილის ბრმა თავდაჯერებაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

107
საქართველოს პარლამენტი

როგორ გაიყოფს ოპოზიცია ცოცხალი დათვის ტყავს?

132
(განახლებულია 21:25 23.05.2020)
გახსოვთ, ერთი ქართული ანდაზაა, ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფის თაობაზე? თუ გასულ კვირას ოპოზიციის სიხარულსა და იწილო-ბიწილოს დააკვირდებოდით, შეუძლებელია, ეს ამბავი არ გაგხსენებოდათ.

აქაოდა, ელჩების ძალისხმევით ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მივაღწიეთო, კორონობიის გამო ლეიბორისტების ბაღშიც შეიკრიბნენ და ხელებიც გამარჯვების ნიშნად აღმართეს. ამავე დროს ოპოზიციამ დაანონსა, 20 ივნისს დიდ პირბადეებიან აქციას გავმართავთო. მანამდე კი საკონსულტაციოდ მუშა რეჟიმში გადაინაცვლეს. ერთადერთი ძალა, რომელიც არ კეკლუცობს და აცხადებს, ჩემს თამაშს ვთამაშობო, „ლელოა“. მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა წესით, საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა ჰქონდეთ. ასევე მაჟორიტარების ნაწილში „ლელო“ ფიქრობს, რომ გაცილებით მეტი რესურსი აქვს და 30 იქნება თუ 72 ოლქი, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება. საერთოდ, ეს არჩევნები რომ არნახულად რთული იქნება და განსაკუთრებული დატვირთვა მაჟორიტარებსა და ფინანსურ რესურსზე მოვა, ამას არავინ უარყოფს. შესაბამისად, ყველა პარტია ეცდება, საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.

სასიამოვნო, მაგრამ ცოტა სასაცილოა პრემიერობის კანდიდატების დასახელება. ზოგადად, ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ პარტიას ხმას მისცემს, რა პროგრამას და ვის სთავაზობს ის თანამდებობებზე, მაგრამ ქართული რეალობისათვის ჯერ ეს ცოტა ნაადრევიც აღმოჩნდა და - უცნაურიც. კაბინეტი ჯერ არ ვიცით, მაგრამ პრემიერად კი გიორგი ვაშაძე უმცროსი შემოთავაზებული გვყავს. არავინ უარყოფს, რომ ის უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი და რეალისტურია მისი გეგმები და რამდენად არ „გადაირევა“ არჩევის შემთხვევაში წინა პრეზიდენტივით, ჯერ არავინ იცის. ოპოზიცია ასევე გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძისა და სხვათა კანდიდატურებსაც განიხილავს.

როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ძალთა ისეთი გადანაწილება, როგორიცაა ყველა მინუს ერთი, არ გვექნება და არც ოპოზიციაში იქნება დიდი ერთსულოვნება, რასაც ძალიანაც წარმატებით წაახალისებს მმართველი პარტია.

ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსიც კი, როგორიც ზვიად ძიძიგურია, ამბობს, რომ 2020-ის არჩევნები იქნება ყველაზე რთული, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჰქონია.

როგორც ჩანს, დიდი იქნება საერთაშორისო ინტერესიც და თუ კორონამ არ შეგვიშალა ხელი, დამკვირვებლებიც ბლომად ჩამოვლენ.

დღევანდელი მდგომარებით ისე ჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. გიორგი რურუას პოლიტპატიმრობა ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ მაჰათმა განდიც რომ იყოს, ნამდვილად არაა ეს ის თემა, რის გამოც წვალებით მიღწეული და თითქმის პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო კოდექსი უნდა გაიცვალოს. სავარაუდოა, რომ ამ თემაზე დიპლომატები „ნაცებსა” და „ევრონაცებსაც“ „ტკბილად” დაელაპარაკებიან, რადგან ეს სისტემა, რომელიც 1 პროცენტიან პარტიებსაც კი აძლევს პარლამენტში მოხვედრის შანსს, ყველაზე მეტად, მმართველი პარტიის შემდეგ, მათ არ აძლევთ ხელს, რადგან ამ შემთხვევაში მრავალფეროვნება ჩნდება და მათი ხმებიც შესაბამისად, იქსაქსება.

როგორც ჩანს, ოპოზიცია 20 ივნისის აქციის ორგანიზებასა და კონსულტაციებში „მოკლავს” დროს უკეთეს მომავლამდე. და თუ საერთო პრემიერზე ვერა, იმედია, მაჟორიტარობის კანდიდატებზე მაინც შეთანხმდებიან. ყველაზე რთული და საინტერესოსი რა მოგახსენოთ და ოქტომბრის არჩევნები რომ პირბადეების ფონზე ჩაივლის, დღესაც აშკარაა. წამზომი კი უკვე ჩართულია და თუ პარტიას და მის ლიდერს მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა და ტრიბუნის შოვნა არ დაუსახავს მიზნად, უახლოეს მომავალში თავდადებულ შრომას უნდა შეუდგნენ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

132
რატი აბულაძე

რა კავშირშია საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი მოსახლეობის ჯიბესთან

113
(განახლებულია 19:08 21.05.2020)
ახალი კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დააზარალა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საგარეო ვაჭრობა აღმოჩნდა.

2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 11,8%-ით შემცირდა  და დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. რატომ არის  საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი ასე მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის და როგორ აისახება ის  თითოეული მოქალაქის  ჯიბეზე, Sputnik საქართველოსთან ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ ისაუბრა.

- თქვენი აზრით რამ განაპირობა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლის შემცირება?

- ვფიქრობ, ამის მიზეზი გახდა ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული საყოველთაო კარანტინი, თითოეულ ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, შეფერხებები გადაზიდვებში, მსყიდველობითუნარიანობის დაცემა.

covid-19 მიერ გამოწვეული კრიზისის გამო მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა, შეფერხდა ლოგისტიკა, შემცირდა წარმოება,  გაჩერდა საინვესტიციო აქტივობა, დაეცა საერთაშორისო ვაჭრობის ტემპი, შეფერხდა მოქალაქეების გადაადგილება და სამომხმარებლო აქტივობა.

ყოველთვის, როდესაც კრიზისი იწყება (სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე), მოსახლეობა ძირითადად იძენს მხოლოდ აუცილებელ პროდუქტს : საკვებს, სასმელსა და სამედიცინო პროდუქტებს.  დანარჩენი სახის პროდუქტის მოხმარება მკვეთრად იკლებს. მცირდება მაგალითად,  ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ელექტროტექნიკით, ავეჯით და  მანქანებით ვაჭრობა.

საქართველოში, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავლები  ისედაც მხოლოდ საკვებს, კომუნალურებისა და ბანკის გადასახდებს სწვდება. ამიტომ  შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდას და ეკონომიკურად წელში გამართვას მთავრობის ხელშეწყობა სჭირდება.

- როგორ  აისახება საგარეო ვაჭრობის კლება მოსახლეობის იმ ნაწილზეც, რომელთა საქმიანობაც  ვაჭრობის სფეროსთან არ არის დაკავშირებული? 

- საგარეო ვაჭრობის შემცირება პრაქტიკულად ყველა სეგმენტს შეეხება. საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების შემცირება გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის დაცემას. თუ საერთაშორისო ვაჭრობა არ იქნა, გამოწვევების წინაშე დადგება, როგორც  ბიზნეს სექტორი, ისე მოქალაქეები  და მთავრობა.

ბიზნეს სექტორი თუ პროდუქტს ვერ გაყიდის, იძულებული გახდება შეამციროს წარმოება და  გაანთავისუფლოს თანამშრომლები. ვაჭრობის დაცემის გამო, კომპანია გადასახადებს ვეღარ გადაიხდის და არც თანხა შევა ბიუჯეტში. ექსპორტის შემცირების გამო, ქვეყანაში არც უცხოური ვალუტა შემოვა და სავალუტო სექტორიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რაც თავის თავად იმოქმედებს ლარის კურსზეც, ბიზნეს სექტორი აღარ ისარგებლებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებით, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ფინანსურ სექტორზეც.

აქვე ისიც ხაზგასასმელია, რომ სავაჭრო და საწარმოო აქტივობის დაცემა იწვევს, როგორც ბიზნეს სექტორის ისე მოქალაქეების უკმაყოფილების ზრდას. ეს კი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

აღსანიშნავია, რომ კრიზისის პერიოდში იზრდება მოქალაქეების ლეგიტიმური მოთხოვნები  პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს, ეკონომიკური პროგრამების, ანტიკრიზისული გეგმების, განვითარების სტრატეგიების, პრევენციის ღონისძიებების, მმართველობითი უნარების, პოლიტიკის როლისა და ეფექტიანობის მიმართულებით.

- როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი, რას უნდა ველოდოთ?

- საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად 2020 წელს ვაჭრობის შემცირება იქნება 9%-32%-ის დიაპაზონში, კრიზისის სიღრმიდან გამომდინარე. აღსანიშნია ვაჭრობის დაცემის დიდი მასშტაბები  რეგიონულ დონეზე. კვლევის შედეგებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება გადააჭარბებს 285 მლრდ ევროს, ხოლო იმპორტის დაცემის მასშტაბი აღემატება 245 მლრდ ევროს.

შემცირების ტენდენციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს საგარეო სავაჭრო გარემოც. მიმდინარე წლის 4 თვეში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წელთან შედარებით უკვე შემცირდა 11.8%-ით. სადაც ექსპორტი შემცირდა 11.9%-ით, ხოლო იმპორტი - 11.8%-ით.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ჩაცხრობის მიუხედავად, საერთაშორისო ვაჭრობის დაცემა და შეფერხებები მხოლოდ დასაწყისია. მართალია ნელ-ნელა ცოცხლდება გლობალური ბაზარი,  მაგრამ  ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობის გამოცოცხლება ოჯახისა და ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზეა დამოკიდებული. კრიზისის გავლენის შედეგად, ქართული ოჯახების ეკონომიკური პროფილი კი აჩვენებს:  დაცარიელებულ საფულეს, გამოცარიელებულ რეზერვებს,  მთავრობის შერჩევითი დახმარების მოლოდინს,  პოლიტიკურ ცვლილებებზე დამოკიდებულებას და მღელვარებას.

- რა უნდა გააკეთოს მთავრობამ შექმნილ ვითარებაში?

მთავრობა პასუხისმგებელია თითოეული კომპანიის და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ბედზე. ამიტომ, ვალდებულია იცოდეს თითოეული კომპანიის პრობლემები, მათთან ერთად შემუშავებული ჰქონდეს პრობლემების გადაჭრის გეგმა და თითოეულ კომპანიას დახმარება გაუწიოს გლობალური ბაზრების შესაძლებლობების მორგებაში. რადგან  სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის შესაძლებლობებია. 

საკმარისი არ არის მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობის სურვილი ან მარკეტინგული კამპანიები. სავაჭრო  და სამომხმარებლო აქტივობის აღდგენას სჭირდება არ მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ  პოლიტიკური ნება და მუშა ეკონომიკური პროგრამები. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში, პოლიტიკა უნდა გახდეს გლობალური ბიზნეს აქტივობის ძირითადი ლოკომოტივი. პრაქტიკულად, საგარეო ვაჭრობის ზრდას გლობალური პოლიტიკის წარმოება სჭირდება.  გლობალური პოლიტიკის შექმნაზე კი  დამოკიდებულია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

 

ნატა პატარაია

 

113
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული დროშის დარბაზი გაიხსნება

0
(განახლებულია 09:25 26.05.2020)
ხუთჯვრიანი ქართული სახელმწიფო დროშა XIII საუკუნით თარიღდება. ის მსოფლიოში მეორეა სიძველის მხრივ დანიის დროშის შემდეგ

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქვეყნის ეროვნული დროშის დარბაზს გახსნიან – ახალ სივრცეში უკვე განათავსეს შუა საუკუნეების ევროპული რუკების ბეჭდვითი ვერსიები. ექსპოზიცია მუდმივი იქნება.

როგორც ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებში საქართველოს ტერიტორიის აღნიშვნისთვის ხუთჯვრიან დროშებს იყენებდნენ. ეს მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა.

IFLA: თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკა სხვა ქვეყნებს სანიმუშო მაგალითს აძლევს>>

იქვეა წარმოდგენილი ხუთჯვრანი დროშის ორიგინალური ვერსია, რომელიც ბიბლიოთეკას ყოფილმა დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა გადასცა.

„2003 წელს პირველად ამ დარბაზში გაიმართა სხდომა, სადაც ახალი დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის მიღებაზე იმსჯელეს. 2004 წელს პარლამენტმა სწორედ ამ სხდომის საფუძველზე დაამტკიცა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად. განახლებული დარბაზი, რომელიც სულ მალე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც აღიჭურვება, სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაიხსნება“, – ნათქვამია ბიბლიოთეკის განცხადებაში.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

0
თემები:
საქართველო და კულტურა