ნატოს სამხედრო ხომალდი

მოსაზრება: რას აკეთებენ ბარენცის ზღვაში აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები

188
(განახლებულია 16:49 07.05.2020)
აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთის ზღვის გზის ათვისება სცადეს. რუსეთმა გადაჭრით ჩაკეტა ბარენცის ზღვა დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის ჩრდილოეთის ფლოტის გეგმიური სწავლებებით.

ალექსანდრ ხროლენკო, სამხედრო მიმომხილველი

ცივ მიღებას, მართალია, სასწავლო, მაგრამ მაინც საბრძოლო სროლებით, სარაკეტო კრეისერი „მარშალი უსტინოვი“ უზრუნველყოფს.

ბარენცის ზღვაში 4 მაისს ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდები — Donald Cook, Porter, Roosevelt, ბრიტანული ფრეგატი Kent და უზრუნველყოფის სწრაფმავალი ხომალდი შევიდნენ. აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის დეკლარირებული მიზნები იყო ზღვაზე უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა და „პოლარული წრის მიღმა ნაოსნობის თავისუფლების დამტკიცება“.

აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ლიზა ფრანჩეტიმ აღნიშნა: „ევროპის თეატრში მოქმედების მუდმივი რიტმის შენარჩუნება ამ რთულ დროში ისეა საჭირო, როგორც არასდროს“. და დაამატა, რომ ამ ოპერაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არქტიკაში საბრძოლო მზადყოფნის საფუძვლების განმტკიცებაში.

ამასობაში კი ამერიკული წყალქვეშა ხომალდები ბარენცის ზღვაში აღმოჩნდნენ — პირველად სამი ათეული წლის განმავლობაში. ესკადრონული ნაღმმზიდების Donald Cook-ის, Porter-ისა და Roosevelt-ის გამოჩენა რუსეთის სანაპიროებთან, პოლარული წრის მიღმა მით უფრო პარადოქსულია, რომ მე-6 ფლოტის პასუხისმგებლობის ზონა უპირატესად ხმელთაშუა ზღვა, ატლანტიკის მოსაზღვრე წყლები, აფრიკის დასავლეთ სანაპიროა. შესაძლოა ჩვენ თვალწინ ყალიბდება აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების ახალი, არქტიკული ფლოტი (ნომერს მას მოგვიანებით მიანიჭებენ).

მანამდე ნატოს მთავარსარდალმა ევროპაში და აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა შეირაღებული ძლების სენატის კომიტეტს განუცხადა, რომ არქტიკა სერიოზულ პრობლემად რჩება ალიანსისთვის და აშშ ისევე უნდა იყო კონცენტრირებული არქტიკაში, როგორც ბალტიისპირეთსა თუ სხვა ადგილებში. ახლა გასაგები ხდება, რომ განიხილებოდა არა ამერიკულ–კანადური არქტიკის პრობლემა, არამედ რუსულ–ნორვეგიულისა.

ბარენცის ზღვაში აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მოიერიშე ხომალდების ჯგუფის შესვლის თაობაზე რუსეთს 1 მაისს აცნობეს, „გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად, რისკის დასაწევად და უნებლიე ესკალაციის აღსაკვეთად“. და, მაინც, მსგავსი შეტყობინება დაუპატიჟებელი სტუმრების ზარს ჰგავს სადარბაზოს კარზე. რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი უშუალოდ აკვირდება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხომალდებს ბარენცის ზღვაში.

ვითარება რეგიონში

„ხმელთაშუაზღველი“ სტუმრების ცივ მიღებას ბარენცის ზღვაში სარაკეტო კრეისერი „მარშალი უსტინოვი“ უზრუნველყოფს, რომელიც ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი ბაზიდან 5 მაისს გავიდა ამოცანის შესასრულებლად. ეკიპაჟი საარტილერიო სროლებს ახორციელებს საზღვაო და საჰაერო სამიზნეებზე სწავლებების დროს. სროლების ზონა დიდი ხნითაა ჩაკეტილი ნაოსნობისა და ავიაციის ფრენებისთვის. ჩრდილოეთის ფლოტის პრეს-სამსახურის ცნობით, „მარშალი უსტინოვი“ ზღვაში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში დარჩება.

ეკიპაჟი საარტილერიო სროლებს ამუშავებს, მაგრამ თუ რუსეთის ზაპოლიარიეს სერიოზული საფრთხე დაემუქრება, მძლავრი სარაკეტო კრეისერის, პროექტ 1165 „ატლანტის“ ყველა შესაძლებლობა ამოქმედდება. „მარშალ უსტინოვის“ ძირითადი შეიარაღება – 16 ხომალდსაწინააღმდეგო ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა П-500 „ბაზალტი“ —  ქობინებით. ფრთოსანი რაკეტა П-500 „ბაზალტი“ (მასა 6 ტონა, ფრენის სიჩქარე 3000 კმ/სთ) აღჭურვილია მძლავრი (9500 კგ) ჩვეულებრივი ფუგასურ-კუმულატური ან ბირთვული საბრძოლო ნაწილით, აქვს უნარი დააზიანოს სამიზნე 1000 კმ მანძილზე. ტყუილად არ დაურქმევიათ ამ პროექტის ხომალდებისთვის „ავიამზიდების მკვლელი“. 

რა თქმა უნდა, საოპერაციო ზონაში უხილავად არიან რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მრავალსამიზნიანი სუბმარინებიც — წყალქვეშ სპეციალისტებს შესანიშნავი შანსი მიეცათ, ჩაიწერონ უცხოური ნაღმმზიდების სახასიათო ხმები არქტიკული ჰიდროლოგიის ფონზე, და დაამუშავონ პირობითი ტორპედული შეტევები. სხვაგვარად შეუძლებელია. ამერიკულ ფრთოსან რაკეტა Tomahawk-ებს ბარენცის ზღვაში საიმედო დაკვირვება სჭირდება სხვადასხვა პოზიციიდან.

Arleigh Burke-ის ტიპის ესკადრონული ნაღმმზიდები აღჭურვილია უნივერსალური გამშვები მოწყობილობა MK–41-ის მქონე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით, რომელთა გამოყენებაც საზენიტო და ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად შეიძლება. თითოეულ ზემოთ ნახსენებ ნაღმმზიდს 96 „ტომაჰავკის“ ტარება შეუძლია, ბრიტანული ფრეგატი კი დაახლოებით რვა ხომალდასაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ს იტევს. აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მოიერიშე ჯგუფის საერთო არსენალი ბარენცის ზღვაში დაახლოებით 300 ფრთოსანი რაკეტაა. უნდა ხედავდეს თუ არა მოსკოვი ამაში საფრთხეს? კითხვა რიტორიკულია. 

დესტაბილიზაციის გზა

პენტაგონში აცხადებენ, რომ მე-6 ფლოტის არქტიკული ოპერაცია საერთაშორისო სამართალს შეესაბამება. თითქოს ამერიკულ–ბრიტანული მოიერიშე ჯგუფი მართვადი სარაკეტო იარაღით ბარენცის ზღვის აკვატორიას უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნაოსნობის თავისუფლების განმტკიცების მიზნით აკონტროლებს. მაგრამ Arleigh Burke-ის ტიპის ნაღმმზიდები ბევრ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდნენ, სარაკეტო დარტყმები მიჰქონდათ ერაყზე 1996, 1998 და 2003 წლებში, იუგოსლავიაზე 1999-ში, სირიაზე 2017–2018 წლებში. Donald Cook-ი კი არაერთხელ მონაწილეობდა ანტირუსული ხასიათის სამხედრო მანევრებში, ახორციელებდა პროვოკაციულ ქმედებებს ყირიმის სანაპიროებთან 2014 წლის გაზაფხულზე. 

ამასობაში კი რუსეთი და ნორვეგია მშვიდობიანად მეზობლობენ ზაპოლიარიეში და ჯერ კიდევ ათი წლის წინ წარმატებით „გაიყვეს“ ბარენცის ზღვა. ორი სახელმწიფოს ეკონომიკური ზონების მკაფიო საზღვრები პერსპექტივაში არ იძლევა კონფლიქტებისა და კამათის საფუძველს. რეგიონში ნაოსნობისთვის საფრთხეს მხოლოდ ყინულის ველები და აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების შემტევი ჯგუფები წარმოადგენს.

შესაძლოა ვინმეს არ მოსწონს რუსეთის თავდაცვის მნიშვნელოვანი განმტკიცება ზაპოლიარიეში, ცალკეულ ქვეყნებს არქტიკის ბუნებრივი სიმდიდრეების გაყოფაში სურთ მონაწილეობა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ან პენტაგონში ვიღაცას ისევ აქვს ილუზიები, თითქოს ჩრდილოეთის ზღვის გზით სარგებლობა ისევე შეიძლება, როგორც მექსიკის ყურით.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთის საზღვაო გზა უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან გადის. საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, ეს გზა ტერიტორიულ შიდა ზღვებში რუსეთის ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება. ამასთან რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს მხარდაჭერა ყველა ხომალდისთვის, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვის გზით იმოძრავებენ. სხვათა შორის, ეს წესები მრავალი წლის განმავლობაში არ დაურღვევია ათობით ქვეყანას.

ვაშინგტონში დიდი ხანია ამუშავებენ გეგმას არქტიკული ზღვების საერთაშორისო სარგებლობის შესახებ, აკრიტიკებენ რუსეთს ზაპოლიარიეს „მილიტარიზაციისთვის“. პენტაგონმა 2019 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა არქტიკული დოქტრინა, რომლის მიზანიცაა რუსეთის ჩრდილოეთის ზღვის გზის ბლოკადა. აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების მოიერიშე ჯგუფების სავარაუდო მუდმივი განთავსება არქტიკის ევროპულ სექტორში, რის შესახებაც მანამდე აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ინსტიტუტის საინფორმაციო რესურსი (U.S. Naval Institute) იუწყებოდა, გარდაუვლად გამოიწვევს რეგიონულ დესტაბილიზაციას. თავის ზაპოლიარიეს კი რუსეთი არასდროს არავის არ დაუთმობს.

არქტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ბირთვული შეკავებისთვის — რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა კრეისერები უხილავია მოწინააღმდეგისთვის და მედეგია პოლარული ყინულების მიმართ. რუსეთის ზაპოლიარიესა და საზღვაო შელფის (26 მლნ კვ. კმ) უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი კოლოსალურია. ყველაფერ ამას საიმედოდ იცავს გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობა არქტიკულ ზონაში — ჩრდილოეთის ფლოტი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

188
ამერიკელი სამხედროები

მოსაზრება: „იანკი, Go home!“ - რა დაიწყო სირიაში

349
(განახლებულია 20:14 11.08.2020)
სამხედრო ბაზებსა და პატრულებზე თავდასხმა, სარაკეტო დარტყმები და ფუგასების აფეთქებები ― აშშ-ის არმიის ჯარისკაცებს სირიაში მყუდროებას მარტო ტერორისტული დაჯგუფებები არ ურღვევენ.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

კიდევ ვინაა უკმაყოფილო ამერიკელების ყოფნით არაბულ რესპუბლიკაში?

ამ დღეებში სარაკეტო დარტყმების სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზა გახდა ჰასეკეს პროვინციაში, სადაც ამერიკელებმა აეროდრომი მოაწყვეს მოიერიშე და სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისთვის. სირიული მედიის მონაცემებით, ბაზას უცნობი შეიარაღებული ფორმირებები დაესხნენ. ბოლო თვეებში ამერიკელებს სირიაში გამუდმებით ესვრიან და მათ დანაკარგები ჰყავთ. „უცნობების“ შეტევების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები მობილური პატრულები არიან.  ასე მაგალითად, მაისის ბოლოს აშშ-ის არმიის სამხედროებითა და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლებით სავსე ავტომობილებს პროვინცია დეირ-ეზ-ზორში ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარებით შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. დაიჭრა სამი ამერიკელი და ხუთი „დემოკრატიული ძალების“ მებრძოლი.

აპრილში ელ-ჰასაკის პროვინციაში თავდასხმების მთელი სერია მოხდა. კერძოდ, ჯავშანავტონობილი „ჰამერს“, რომელსაც ამერიკელი სამხედროები და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლები გადაჰყავდა, „უცნობებმა“ შეუტიეს. დაიწრა რამდენიმე ადამიანი. მსგავსი ინციდენტის შედეგად დეირ-ეზ-ზორში დაიღუპნენ ამერიკელი ოფიცერი და ასევე „დემოკრატიული ძალების“ მებრძოლები. ხოლო კიდევ ერთი შეტევის შედეგად, ორი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ხშირად პატრულების მარშრუტზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ფეთქდება. მაგალითად, ივლისში დასახლება საბჰაში საავტომობილო კოლონა აფეთქდა. ყველაზე მეტი დანაკარგები ამერიკელებს გასული წლის იანვარში ჰქონდათ, თუმცა პენტაგონში ჯიუტად უარყოფენ სირიაში მომხდარ თავდასხმებს და ასეთ ინფორმაციებს ფეიკურს უწოდებენ.

ბრძოლა რესურსებისთვის

სამხედრო ექსპერტი იური ლიამინი РИА Новости-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და პატრულებს შესაძლოა ადგილობრივი ტომები ესხმოდნენ თავს, რომლებიც აშშ-სა და მისი მოკავშირეების ოკუპაციაში აღმოჩნდნენ.

„ეს სირიის აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები არაბები არიან. ახლა ისინი ფაქტობრივად ქურთების ხელში არიან, რომლებსაც ამერიკელები უჭერენ მხარს. ბუნებრივია, ხალხი უკმაყოფილოა, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამჟამინდელ მდგომარეობას, მიაჩნიათ რა, რომ რეგიონს დამასკი უნდა აკონტროლებდეს“, ― განმარტა ლიამინმა.  

„ქვეყანაში უკვე მრავალი წელია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, მოსახლეობას უამრავი იარაღი აქვს, თანაც არა მარტო ცეცხლსასროლი, არამედ ნაღმმტყორცნებიცა და მძიმე ტყვიამფრქვევებიც, ასევე ჩინური თუ არაბული წარმოების ზალპური ცეცხლის 107 მმ-ანი სისტემები აქვთ, რომლებიც ძალიან გავრცელებულია სირიასა და ერაყში“, ― ამბობს ლიამინი.

ექსპერტ ალექსანდრ პერენჯიევს მიაჩნია, რომ ამერიკულ სამხედროებზე თავდასხმები შესაძლოა სირიის რესურსებისთვის კოალიციისშიდა ბრძოლების ნაწილი იყოს.

„ეს, ფაქტობრივად, არის შეჯახება თავად მძარცველებს შორის. ერთი მხრივ, არის პენტაგონი, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფები, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანიების ინტერესებს ლობირებენ“, ― ამბობს პერენჯიევი.

მისი თქმით, სირიის თამაშში არც პენტაგონია დამოუკიდებელი ძალა, ის აშშ-ის გარკვეულ ჯგუფებს წარმოადგენს. ასეთი ფარული დარტყმები იმაზე მოწმობს, რომ სირიის წიაღისეულისთვის ბრძოლა ძლიერდება.  

„სირიის არმიას რომ შეეტია, პენტაგონი მაშინვე აღიარებდა ამას, ― ამატებს პერენჯიევი. ― მაგრამ როდესაც ამბობენ „უცნობი ჯაგუფებიო“, ესე იგი, უბრალოდ არ სურთ გაამჟღავნონ საიდუმლო, შიდა ომი. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ამერიკელებმა კარგად იციან, ვისგანაც ხვდებათ“.

ხალხის მრისხანება

კიდევ ერთი საშიშროება ამერიკელებისთვის ― ეს სახალხო წინააღმდეგობაა, რომლის მთავარი მიზანიც, როგორც პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამბობდა, ეს სირიის ტერიტორიების გათავისუფლებაა უცხოური ოკუპაციისგან.

ივნისში ქალაქ თელ-აბიადის მცხოვრებლებმა პიკეტი მოაწყვეს სასაზღვრო გადასასვლელზე, ცდილობდნენ რა, არ დაეშვათ თავიანთი ხორბლის უკანონო გატანა. ინციდენტის წინ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პროთურქმა ბოევიკებმა და აშშ-ის მოკავშირე ბანდფორმირებებმა არაერთხელ გადაწვეს ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების ყანები სახელმწიფოში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. აშშ-ის სამხედრო სარდლობა და მათი მოკავშირეები მიზანმიმართულად ართულებენ ჰუმანიტარულ ვითარებას სირიისჩრდილოეთში, რათა მოსახლეობა ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ.

ამერიკელების გამო ხშირად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. მაისში ამერიკელმა სამხედროებმა მძღოლი დაცხრილეს დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, რომლის მანქანამაც თითქოს მთავარი ავტომაგისტრალიდან გადაუხვია „კონიკოს“ ნავთობსაბადოს მახლობლად. სამხედროებმა ეს საფრთხედ მიიჩნიეს და ცეცხლი გახსნეს. ხოლო თებერვალში ქალაქ კამიშლიდან ახლოს მდებარე ბლოკპოსტზე სირიელმა სამხედროებმა აშშ-ის არმიის კოლონა გააჩერე, რომელიც შეუთანხმებელი მარშრუტით მოძრაობდა. ამერიკელებმა ადგილობრივებთან კონფლიქტის პროვოკაცია მოახერხეს და უწესრიგო სროლა აუტეხეს მათ. მაშინ 14 წლის ფეისალ ხალიდ მუჰამადი დაიღუპა და კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტის დარეგულირება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში რუსი სამხედროები ჩაერივნენ, რომლებმაც ავტოკოლონა ბაზირების პუნქტისკენ გაიყვანეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

349
ჟურნალისტები მცხეთის სასამართლოსთან

სიკვდილის ჟურნალისტიკა

106
(განახლებულია 22:05 11.08.2020)
გაბრიელ გარსია მარკესს აქვს ერთი არაჩვეულებრივი ნაწარმოები – „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, სადაც მოვლენები ისე ხატოვნადაა აღწერილი, მკვლელობის დროს დანაზე ადენილი სისხლის სუნის ოხშივარიც კი გცემს...

ვერ გეტყვით მარკესის გავლენაა თუ ზოგადად ე.წ. სისხლიანი ჟურნალისტიკის ხიბლი საზოგადოების ინტერესიდან მოდის, თუმცა ქართული მედია რომ ბოლო ხანებში ნეკროფილს დაემსგავსა, ფაქტია და თვით ყველაზე მეტად სიტყვის თავისუფლების მომხრე ლიბერალი არასამთავრობოების რისხვაც კი დაიმსახურეს.

თავად წარმოიდგინეთ, ამ რთულ რეალობაში საქართველოს არცთუ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოველ საღამოს იზაფრება მორიგი გაუხსნელი მკვლელობით, ხოლო მედია სისხლის სუნს იკრავს თუ არა, სასწრაფოდ აჩაღებს ნადირობას მის ახლობლებზე, ოჯახის წევრებზე, ადვოკატებზე და ა.შ. პოლიტიკური შეფასებები ხომ საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია ამ ბაკქანალიაში.

ასე და ამგვარად მთელი საქართველო იცნობს და მსჯელობს, ვინ იყო გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და შეყვარებული, ეს ბაჩანა უყვარდა, სხვა ბაჩანა თუ საერთოდ თავისი უფროსი; რა წერილი მისწერა დედას 12 წლის წინ; რა წამალი დალია და დადიოდა თუ არა ფსიქოლოგთან... არანაკლებ შეაწუხეს ცნობისმოყვარეებმა გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სული, თუმცა როგორც კი დედამ ამოიგმინა, შვილის გლოვა მაცალეთო, მედია ცოტათი დაცხრა და სხვა, არანაკლებ სენსაციურ თემებზე გადაერთო.

ნეკროფილიასთან შეზავებული ყვითელი ჟურნალისტიკა დანაშაული არაა, მაგრამ არც ეთიკურია. საქართველოში არსებობს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც 48-49 მუხლებში შეიცავს დანაშაულისა და კრიმინალის გაშუქების ეთიკის წესებს და თანაც კანონით სავალდებულო ძალა აქვს, თუმცა ბუნებრივია და გასაგებია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამ მუხლებით შენიშვნასაც კი ვერავის მისცემს – მყისვე პოლიტიკური ანგაჟირებულობა დაბრალდება. ამ მხრივ „თავისუფალ მედიას“ ისევე აძლევს ხელს დისკრედიტებული კომისია, როგორც „ოცნებას“ – „ნაციონალური მოძრაობა“.

აღსანიშნავი და გასაკვირია ის ფაქტი, რომ რამდენიმე საქმეზე პერსონალური მონაცემები არა მხოლოდ მედიამ, არამედ სამართალდამცველებმაც გაასაჯაროვეს. ამ საქმეს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი შეისწავლის და ძალიან სასარგებლო იქნება, თუ პერსონალური მონაცემების დაუცველობისთვის მასზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. ამით კარგი პრეცედენტი შეიქმნება, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ გარდაცვლილს ისევე გააჩნია პატივი, ღირსება და საკუთარი გრძნობების დამალვის უფლება, როგორც ცოცხალ ადამიანებს, უფრო სწორად, მათ ეს უფრო სჭირდებათ.

მანამდე კი, სანამ ქართული ტელეეთერიდან ცოცხალ-მკვდარს თანაბარი დაუნდობლობით განიხილავენ. „ფეისბუქში“ სულ უფრო ხშირად წააწყდებით სტატუსებს, სადაც ადამიანები ახლობლებს უბარებენ, რომ თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, რაიმე დაემართათ, არც ერთ ტელეკომპანიაში არ მივიდნენ და არ მოყვნენ მათ შესახებ ათასი ტყუილ-მართალი. ყველა გახმაურებულ საქმეს ახლა კარგი, დაფიქრებული და ექსპერტიზაზე დამყარებული გამოძიება სჭირდება. ზოგადად, ხმაური და მძვინვარება კი აიძულებს ძალოვნებს, მეტი იმუშაონ და საქმეები გახსნან, ამას ვერ უარყოფ, თუმცა მიცვალებულთა სულებში ასეთი ხელების ფათურიც არ შეეფერება 21-ე საუკუნის ცივილიზებულ საზოგადოებას. და კიდევ - ჟურნალისტიკის არსი სწორედ სკანდალი და უცნაურობაა. ამის გამო მედიას ვერ გავაკრიტიკებთ. ცნობილია გამოთქმა, რომ ახალი ამბავი არაა, თუ ძაღლმა ადამიანს უკბინა, მაგრამ თუ ადამიანმა უკბინა ძაღლს, ამას ერთი-ორი თოქ-შოუ ნამდვილად მიეძღვნება. მთავარია, მედია საზოგადოების ინტერესების მოდარაჯე ძაღლის როლიდან არ შევიდეს დაუპატიჟებელი ჭირისუფლის როლში, რომელიც მიკროფონს თხრის პირში შვილის დაღუპვით აქვითინებულ და განადგურებულ დედას, მერე კი წერს, რომ ამ კადრებმა „ბი-ბი-სის“ რეიტინგიც კი მოხსნა. მოხსნიდა, აბა რა, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხომ ასეთი კადრების ნახვა წარმოუდგენელია. ისინი საკუთარ სახელმწიფოს და მოქალაქეებს პატივს სცემენ. ჩვენ კი, სისხლიან რეალობას შეჩვეულები, სულ უფრო მეტად გვიყალიბდება ასეთი ესთეტიკა. მერე გვიკვირს, რატომაა ახლა თაობა ასეთი სასტიკი და დაუნდობელი, რადგან ის, რაც ეკრანიდან მოდის, ადამიანთა სულებში ინაცვლებს. ასე რომ, ნუ მოვკლავთ ჯაფარას, ნუ მოვკლავთ შაქარას და სიკვდილის შემდეგ ნუ მოვკლავთ კიდევ ერთხელ ამ ულამაზეს თამარ გოგოს... დარჩეს რაღაც ლამაზი და იდუმალი მის გაუჩინარებაში, გამომძიებლებმა კი იტეხონ თავი სისხლიან ფოლიანტებზე და გახსნან დანაშაული – მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ეს პეპელასავით ლამაზი და ფრთაფარფატა გოგო...

- და, ზოგადად, მგონი, მაქვს უფლება, ვინატრო, უფრო ნაკლები სიკვდილი და გარდაცვალება გაგვეგოს და უფრო მეტი - კარგი, ოპტიმისტური ახალი ამბები არა ჩრდილოეთ კორეის სტილში, არამედ რეალურად. რეალურად რომ ხდებოდეს, ისე...

 

106
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 15 აგვისტოს

0
(განახლებულია 11:26 13.08.2020)
შაბათს დედაქალაქში ზაფხულის მშვენიერი უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელია 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათს, 15 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი.

ტემპერატურა ღამით იქნება +19, ხოლო დღისით +30 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:09 საათზე ამოვა და 20:00 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში