ნავთობსაქაჩები

„ათასი დოლარი ერთ ბარელში“ - ამერიკული გეგმა ნავთობის ბაზარს შოკში აგდებს

148
(განახლებულია 19:24 01.05.2020)
კრიზისი დასრულდება, მაგრამ შეიძლება ძალაში დარჩეს მსოფლიოს ნავთობის ბაზრების ბედ-იღბალზე შეთანხმება აშშ-ის გარეშე. თუმცა უმცირესობასა თუ შედარებით მარტოობაში დარჩენის შემთხვევაშიც აშშ-ს შეუძლია თავი იმით ინუგეშოს, რომ „თავისუფალი ბაზრის“ პრინციპები ხელუხლებელი დარჩა.

ივან დანილოვი

აშშ არ შეუერთდა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დონეზე, OPEC+-ის წევრების გარიგებას, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი და ნავთობის ექსპორტიორი სხვა ქვეყნები, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე ამ შეთანხმებას შეიძლება შეუერთდეს ტეხასის შტატი, სადაც ამერიკული ფიქალური ნავთობის დიდი ნაწილი მოიპოვება.

საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელიც „ფიქალური რევოლუციის“ ეპიცენტრის ნავთობკომპანიებს აიძულებს, შეამცირონ მოპოვება, შეიძლება 5 მაისს მიიღონ, თანაც ტეხასის ნავთობის სექტორის მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს პროექტი არ ითვალისწინებს „თაფლაკვერს“.

მოხელეების განკარგულებაშია მხოლოდ "მათრახი" ყოველი „ზედმეტი“ ბარელისთვის 1000-დოლარიანი ჯარიმის სახით. 

ტეხასის მთავარი მედიასაშუალება Houston Chronicle საუბრობს შემცირების გეგმის დეტალებზე და იმ შესაძლო ბატალიებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება მოჰყვეს.

„ტეხასის ნავთობისა და გაზის დარგის მარეგულირებელმა სარკინიგზო კომისიამ წამოიწყო იმ წინადადების საყოველთაო განხილვა, რომელიც შტატში ნავთობის მოპოვების თვეში 20 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. შემოთავაზებული ბრძანების ტექსტი გამოქვეყნდა სხდომამდე, რომელზეც კომისიამ ამ გეგმას უნდა დაუჭიროს მხარი. კომისიას არ გამოუცია განკარგულება მოპოვების შემცირების თაობაზე 1970-იანი წლების შემდეგ, მაგრამ ნედლი ნავთობის გლობალურმა სიჭარბემ, გამოწვეულმა კორონავირუსის პანდემიით, ფიქალური ნავთობის მომპოვებელ კომპანიებს - Pioneer Natural Resources და Parsley Energy - უბიძგა სააგენტოსთვის ეს პრეროგატივა ეთხოვათ. ამ თხოვნამ განხეთქილება გამოიწვია ნავთობისა და გაზის სფეროში: მცირე მეწარმეთა და გარემოს დამცველთა კოალიცია მხარს უჭერს მოპოვების შემცირებას, მაშინ, როცა დარგობრივი სავაჭრო ასოციაციები, მსხვილი კომპანიები და მილსადენების ოპერატორები კატეგორიული წინააღმდეგი არიან“.

20 პროცენტით შემცირება - დაახლოებით იმდენივეა, რამდენით შემცირებაც ტეხასს მოუწევდა, თუ შტატი ან აშშ მთლიანად ხელს მოაწერდნენ OPEC+-ის შეთანხმებას. ნაკლებ სავარაუდოა, ეს რიცხვი შემთხვევითი იყოს. შეიძლება არსებობს გარკვეული პოლიტიკური განაცხადი სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებაზე, თუმცა ეს გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მას მიიღებენ.

ამჟამად აშშ-ში მუშაობს მოდელი - „ბაზარი წყვეტს“, რაც იწვევს კიდეც მსგავს ინციდენტებს, როგორიცაა ამასწინანდელი ფასების ვარდნა ამერიკულ ნავთობზე West Texas Intermediate უარყოფით ნიშნულამდე, მაგრამ ეს მოდელი ყველასთვის ხელსაყრელი არ არის.

ტეხასელი მარეგულირებლების პროექტის თანახმად, „მცირე ნავთობის ბიზნესი“ გათავისუფლდება კვოტირებისგან, ხოლო ყველა შემცირება მსხვილ და საშუალო კომპანიებს შეეხება. მოხელეთა მონაწილეობით მოპოვების იძულებითი შემცირების იდეის ინიციატორები - Pioneer Natural Resources და Parsley Energy - არიან ფიქალური ნავთობის მსხვილი მომპოვებლები, მაგრამ ამასთან ისინი ბევრად ჩამოუვარდებიან ტრადიციულ კონვენციონალურ ნავთობის ინდუსტრიას, მაგალითად, Exxon-ს ან Chevron-ს. 

შემცირების ინიციატორი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მოპოვების შემცირება მათ შესაძლებლობას მისცემს, მიაღწიონ იმ მომენტამდე, როდესაც ფასები კვლავ აიწევს, ამასთან, ფინანსური თვალსაზრისით მათი უფრო სუსტი კონკურენტები ფიქალური სექტორიდან ნებისმიერ შემთხვევაში გაკოტრდებიან.

კონვენციონური ნავთობმოპოვების გიგანტები, ამერიკელი ჟურნალისტების სამართლიანი განცხადებით, ეწინააღმდეგებიან შემცირებას, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლიათ სერიოზული ფინანსური მოგების მიღება. 

ამ პოზიციას ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება მოეძებნოს: მათ სურთ ყველა ფიქალური კომპანიის განადგურება და ამისთვის მზად არიან, აიტანონ ყველაზე დაბალი ფასები რამდენიმე თვის განმავლობაში. რასაკვირველია, ოფიციალურ დონეზე ისინი აცხადებენ, რომ თავისუფალ ბაზარზე ზრუნავენ, მაგრამ ამის დაჯერება მხოლოდ გულუბრყვილოებს თუ შეუძლიათ.

სააგენტო Bloomberg უთითებს, რომ ამ ისტორიის დასასრული ნებისმიერ შემთხვევაში სამწუხარო იქნება: „ნავთობის უარყოფითი ფასები, ზღვებში მოხეტიალე ტანკერები ტვირთით, რომლის მიღებაც არავის სურს, და ტრეიდერები, რომლებიც შემოქმედებითად უდგებიან საკითხს. მომდევნო თავი ნავთობის კრიზისში გარდაუვალია: ნავთობის მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურვას წუთი-წუთზე დაიწყებს.

უფრო ლოგიკური გამოსავალი ამერიკის მხრიდან იქნებოდა ფაქტობრივი მიერთება რუსეთთან, საუდის არაბეთთან და სხვა პასუხისმგებლიან ნავთობმომპოვებლებთან. მაგრამ თვით ტეხასის კომისიის წევრთა შორისაც არიან „საბაზრო ფუნდამენტალისტები“, რომელთაგან ერთმა, თავმჯდომარე უეინ კრისტიანმა გადაწყვიტა პრესაში გამოსვლა მოწოდებით, დაიცვან თავისუფალი ბაზარი ყველაფრის მიუხედავად:

„როგორც კი COVID-19-ს უკან ჩამოვიტოვებთ, მოთხოვნილება ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ, ბენზინზე უდავოდ გაიზრდება, ვინაიდან ამერიკელები კვლავ დაიწყებენ სამსახურში სიარულს. ვითარება დარეგულირდება. საკითხავი ის კი არ არის, „მოხდება თუ არა“ ეს, არამედ საკითხავია - „როდის მოხდება“. ეს არ არის არც პირველი კრიზისი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწყდება, და არც უკანასკნელი. შემთხვევათა 100 პროცენტში, როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, ამერიკა სულ უფრო ძლიერდება, ისევე, როგორც ტეხასი. სწორედ ამ მიზეზით ვგეგმავ თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდაჭერას და ტეხასში კვოტირებების წინააღმდეგ გამოსვლას“. 

აშშ-ს შეუძლია უარის თქმა შემცირებაზე. ეს ალბათ მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს ქვეყნის ნავთობის ბაზრის ბედ-იღბალზე, სამაგიეროდ ტეხასის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

ჯერ კიდევ 2019 წელს ამერიკელი ექსპერტები სერიოზულად განიცდიდნენ იმას, რომ საუდის არაბეთმა და რუსეთმა შექმნეს ახალი ნავთობის ალიანსი, რომელსაც შეეძლო შავი ოქროს ფასების აწევა და დაწევა, თანაც ალიანსში მონაწილეობდნენ როგორც OPEC-ის ქვეყნები, ისე სახელმწიფოები, რომლებიც მასში არ შედიოდნენ. როდესაც 2020 წელს OPEC+-ის გარიგება ჩაიშალა, ამერიკელი გეოპოლიტიკის საკითხთა ექსპერტები, რასაკვირველია, წუხდნენ ნავთობის ფასების ვარდნის გამო, მაგრამ უზარმაზარ სიხარულს განიცდიდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსი აღარ ემუქრებოდა აშშ-ის გლობალურ ენერგეტიკულ პოლიტიკას და აშშ-ის დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთში.

OPEC+-ის ახალი უპრეცედენტო გარიგება ერთგვარად აღადგენს ამ ამერიკულ კოშმარს, და აძლიერებს კიდეც მას იმ გაგებით, რომ ახლა ნავთობის ბაზარზე მოქმედების კოორდინაცია კიდევ უფრო გაფართოვდა და ნატოს წევრ ქვეყანასაც მოიცავს.

როგორც Financial Times აღნიშნავს, „ნორვეგია ნავთობის მოპოვებას 13 პროცენტით შეამცირებს, ეს კი ნიშნავს, რომ ნორვეგიის მთავრობამ შეასრულა თავისი არაფორმალური დაპირება, მიცემული OPEC+ ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ „დიდი გარიგების“ დასრულებამდე.

კრიზისი დასრულდება, ნავთობის მსოფლიო ბაზრების ბედ-იღბალზე აშშ-ის გარეშე მოლაპარაკების ჩვევა კი შეიძლება დარჩეს. თუმცა შედარებით მარტოობაში ან უმცირესობაში დარჩენის შემთხვევაშიც კი შეერთებულ შტატებს მთლიანად და ტეხასს, კერძოდ, შეუძლიათ თავი ინუგეშონ იმ ფაქტით, რომ „თავისუფალი ბაზრის“ პრინციპები ხელუხლებელი დარჩა.

ფიქალურ სექტორს კი ეს პრინციპები მაინც ვერ გამოკვებავს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

148
არეულობა აშშ-ში

„როგორც ჩანს, რუსები იყვნენ“ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი

38
(განახლებულია 20:30 01.06.2020)
როგორც CNN იუწყება, რუსეთის აგენტების მონაწილეობა სრულიად ამერიკის რბევაში „სავსებით დასაშვებია“. გუშინ, როდესაც არხმა გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც ერთ-ერთი ექსპერტი არეულობაში „რუსი აგენტების“ მონაწილეობას ვარაუდობდა, მას დონალდ ტრამპმა პირადად დასცინა „ტვიტერში“.

ვიქტორ მარახოვსკი

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ტელეარხთან იმაზე ცუდი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ირანს ისრაელთან. და კიდევ: 2016 წელს CNN-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტი არ გამხდარიყო, შემდეგ კი ძალ-ღონე არ დაიშურა „რაშაგეიტის“ ვერსიის გასამყარებლად. ტრამპი, თავის მხრივ, CNN-ს მოიხსენიებს, როგორც Fake news CNN-ს, არ მალავს თავის სიძულვილს არხის მიმართ და სიხარულს მისი რეიტინგის ვარდნის გამო.

სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტს სიამოვნება მიანიჭა სიახლემ იმის შესახებ, რომ დარბევის მონაწილეები ქალაქ ატლანტაში თავს დაესხნენ CNN-ის შტაბ-ბინას, ჩაუმსხვრიეს შუშები და შეძლებისდაგვარად დაამახინჯეს შენობა. ტრამპმა ეს ამბავი „ტვიტერზე“ კვლავ ირონიულად შეაფასა: მომიტინგეებმა დაარბიეს არხი, რომელიც მხარს უჭერს და ამართლებს მათ ქმედებებს.   

ახლა კი ყველაზე საინტერესო: საქმე ისაა, რომ დღეს CNN-ს დაბადების დღე აქვს – მას ორმოცი წელი შეუსრულდა.

არხის განვლილი გზა და მისი დღევანდელი სახე თვალნათლივ გვიამბობს აშშ-ის მსოფლიო ლიდერობის ისტორიას.

ორმოცი წლის წინ ახალგაზრდა და თავხედმა ტედ ტერნერმა დააფუძნა ისტორიაში პირველი ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების მომწოდებელი ქსელი. ეს საინფორმაციო ბიზნესში დიდი გარღვევა და რევოლუცია იყო. თუ გნებავთ, პირველი გაელვება იმ ონლაინისა, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება.

მაშინ, 1980-ში ეს გარღვევა შესამჩნევი იყო, მაგრამ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ – უბრალოდ იმიტომ, რომ დასავლური, კერძოდ კი, ამერიკული რევოლუციები მეცნიერებასა თუ ბიზნესში, პოლიტიკასა თუ სოციალურ ტექნოლოგიებში მაშინ შესაშური სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ტერნერმა დააფუძნა ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების არხი, მომდევნო წელს კი NASA-მ კოსმოსში გაუშვა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი რვაკაციანი ეკიპაჟით, მაშინვე IBM-მა წამოიწყო პირველი სერიული პერსონალური კომპიუტერის გაყიდვა, რიგში კი იდგა უკვე მასობრივი მობილური, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვა მომავლის ხელისუფალი – ინტერნეტი.

თავად აშშ მაშინ XX საუკუნის სულის უდავო გამომხატველი იყო – ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მოწიფული (ამერიკელის საშუალო ასაკი 1980-იანებში 30 წელი იყო), რომელსაც მრავლად ჰყავდა არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საკუთარი გენიოსები, ჯერ კიდევ უმეტესწილად კლასიკური განათლებით, ლიბერალური, ტექნოკრატიული და ამასთან ღრმად მორწმუნე, გამომგონებელი და მტაცებელი. 

CNN რეალობაზე ამ მტაცებელი ამერიკის ზეგავლენის უმძლავრეს ინსტრუმენტად იქცა – და თავისი ძალა მან დაარსებიდან მეთერთმეტე წელს გამოავლინა, როდესაც მთელი პლანეტა მონუსხული უყურებდა უდიდეს შოუს სახელწოდებით „ომი ყურეში“. დედამიწის მოსახლეობის თვალწინ ზეტექნოლოგიურმა ამერიკულმა თვითმფრინავებმა ქაღალდის ფიგურასავით „დაჭმუჭნეს“ ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი არმიის წინააღმდეგობა. შოუმ, რომელიც მაშინ მსოფლიომ იხილა, დედამიწის მოსახლეობის მთელ თაობას ჩაუნერგა რწმენა იმისა, რომ აშშ არის დაუმარცხებელი და შეუჩერებელი ძალა, რომელმაც დანარჩენი კაცობრიობისგან ერთგვარი ხარისხობრივი ნახტომი შეასრულა; რომ დანარჩენი მსოფლიო განწირულია აშშ-ის კუდში დევნისთვის; რომ არავინ უნდა გააღიზიანოს აშშ; რომ ყველამ უნდა დაუჯეროს და მისი მოწყალების იმედი იქონიოს.

როდესაც ერაყის სამხედრო სიძლიერის კვალდაკვალ დედამიწის რუკიდან გაქრა საბჭოთა კავშირი, მისმა ნამსხვრევებმა კი აშშ-ის ერთგულება შეჰფიცეს – ეს გარკვეულწილად ამერიკული XX საუკუნის „ჰეფი ენდი“ იყო. ამ გამარჯვების ერთ-ერთ უდავო გმირს, ტედ ტერნერს სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ცოლად მოეყვანა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეინ ფონდა და მზის ჩასვლას მასთან ერთად შეხვედროდა. რაც ტერნერმა გააკეთა კიდეც.

...მაგრამ მთელი ირონია ისაა, რომ რეალობაში არანაირი „ჰეფი ენდები“ არ არსებობს. რეალობაში არ იწერება ფინალური ტიტრები, ნებისმიერი გამარჯვება და ტრიუმფი დროებითია, რის შემდეგაც ყოველთვის ახალი თავი იწყება.

აშშ-ს კი, რომელმაც XX საუკუნეში მსოფლიოზე გაიმარჯვა, შეიძლება ითქვას, სწორედ „ჰეფი ენდის“ სინდრომი შეეყარა. ანუ მან რეალურად დაიჯერა, რომ კაცობრიობის ისტორიაში დაიწერა ტიტრები და „სიკველი“ არ არის მოსალოდნელი. 

საჩვენებელი ფაქტია: სსრკ-ის დაშლისთანავე ამერიკულმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა მკვეთრად შეუცვალეს პროფილი „რუსეთის საკითხთა სპეციალისტებს“ – რა საჭიროა იმის სპეციალისტი, რაც უკვე აღარ არსებობს და არც არასდროს იარსებებს?

თუმცა, თავად ამერიკული დიპლომატიაც, ვეტერანების შეფასებებით, რაღაც უცნაურ გამარჯვების პიკში მოექცა: კომპრომისებისა და მანიპულაციების მაძიებლების ნაცვლად აშშ-ის დიპლომატიურმა სკოლებმა დაიწყეს „მაღალანაზღაურებადი ფელდეგერების მომზადება, რომლებიც არიგებდნენ ბრძანებებს“ და მიაჩნდათ, რომ თუ ვინმე არ ემორჩილებოდა ამერიკულ ზეწოლას, ეს ზეწოლა უნდა გაეძლიერებინათ.

ამერიკული „რეალობის პულტი“, რომლის დეტალებიც იყვნენ CNN-იც, ჰოლივუდიც, „ფერადი ტექნოლოგიებიც“ და უკვე ახალ საუკუნეში Facebook და Twitter, ასევე ხსენებულ სინდრომს ემსხვერპლა. წინასწარ ცრუ ბრალდებებითა და წარმატებული „ტვიტერ-რევოლუციების“ სერიით რამდენიმე ქვეყნის დასჯის შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრი საბოლოოდ დარწმუნდა: არ არსებობს სხვა რეალობა, გარდა იმისა, რომელსაც აუდიტორიის ტვინში მასობრივად ნერგავენ სპეციალურად გაწვრთნილი ტექნოლოგიური ადამიანები – ფეისბუქის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული გამანადგურებლების მხარდაჭერით.

თუმცა რეალობამ ცხადყო, რომ ის კვლავაც არსებობს და, ზეწოლის მიუხედავად, იპოვის შურისძიების მეთოდს.

„CNN-ის სამყაროსთვის“ აპოკალიფსი მოხდა ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ამერიკულ მედიასფეროში ტოტალური დომინირების მიუხედავად (დაახლოებით 15% 85%-ის წინააღმდეგ, კლინტონის სასარგებლოდ), არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა.

იმისათვის, რასაც ტრადიციულად უწოდებენ ამერიკულ „სიღრმულ სახელმწიფოს“, ეს იყო არასასურველი კანდიდატის გამარჯვებაზე მეტი. ეს იყო დარტყმა „ჰეფი ენდის ეპოქის“ იდეურ საძირკველზე, მართული რეალობის იდეაზე, CNN-ის და The New York Times-ის დაუმარცხებელი კავშირის დოგმაზე. 

შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ „სიღრმული სახელმწიფო“, პრინციპში, არ აღმოჩნდა მზად, უარი ეთქვა პულტით რეალობის მართვაზე და ჩაებღაუჭა ვერსიას რუსების მიერ ამერიკელების მისტიკური გათვალვის შესახებ – „ამ რუსებმა მოგვპარეს ამერიკული პულტი და ამიტომ წავაგეთ“.

ამ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი სწორედ CNN გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმაში, რასაც ბოლო დრომდე „აშშ-ში ცივ სამოქალაქო ომად“ მოვიხსენიებდით, ახლა კი აღარ ვიცით, შეიძლება თუ არა, ცივი ვუწოდოთ.

...ახლა, ვიდრე აშშ-ის ოცდაათი დიდი ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, დედამიწაზე კი გმირულად გაისმის პირველი კერძო კოსმოსური ხომალდის გაშვების მოწოდებები, შეგვიძლია ვცადოთ იმის წარმოდგენა, როგორ განვითარდება „მედიური“ და ნამდვილი რეალობის ურთიერთობა მსოფლიო ექს-ჰეგემონის ტერიტორიაზე.

ფოკუსი ის გახლავთ, რომ ნამდვილი „სამყაროს დასასრული“ არ არსებობს, ისევე, როგორც ნამდვილი „ჰეფი ენდი“. არ არის აუცილებელი აპოკალიფსი სასიკვდილო იყოს. იქნებ ეს უბრალოდ მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური და, ალბათ, ძალისმიერი ლიდერობის დაკარგვა იყოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის წარუმატებელი ნაწილების ჩაფლობაა ერთგვარ „მესამე სამყაროში“ (აშშ-ში ამჟამად 40 მლნ უმუშევარია და, როგორც ამბობენ, ეს ზედა ზღვარი არ არის) – მთელი თავისი სოციალური შედეგებით. ესაა საზოგადოების განხეთქილება და ქვეყნის დაყოფა ღარიბ პოსტაპოკალიფსურ ტერიტორიებად და მდიდარ იზოლირებულ კუნძულებად, საიდანაც, შესაძლოა, კიდევ უფრო დიზაინერული რაკეტები გაუშვან. სადღაც მთელი ქალაქები გადავლენ სოიოს ალაფზე, სადღაც კი უზარმაზარი ბიუჯეტის მქონე თავბრუდამხვევ სრულყოფილ ბლოკბასტერებს გადაიღებენ.

უბრალოდ აღარ იარსებებს ის ამერიკა, რომელმაც ოდესღაც „სფეის შატლი“ გაუშვა და რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ ახსოვს CNN-ის დამფუძნებელს, 81 წლის ტერნერს.

თუმცა ფაქტი არ არის, რომ ახსოვს: ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მან აღიარა, რომ დემენცია აწუხებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

38
წინასაარჩევნო პლაკატები

საარჩევნო ბატალიების მოლოდინში: ბრძოლა სუპერ-მაჟორიტარობისათვის „ინ ექშენ"

74
(განახლებულია 07:24 30.05.2020)
უკვე გაირკვა, რომ ძალიან მალე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს და სავარაუდოდ, 29 ივნისისათვის ახალი საარჩევნო კოდექსი გვექნება.

ცვლილებების მიხედვით, 31 ოქტომბერს საქართველო ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი გვეყოლება. ეს სისტემა აჩენს შანსს პატარა პარტიებისათვის, ვისაც 14-15 ათასი მომხრე მაინც ჰყავს, მოხვდეს საქართველოს პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტოს, ვის და რას შეუერთდეს.

ვინაიდან არჩევნების ტონს, როგორც წესი, თბილისი განსაზღვრავს, დავიწყოთ თბილისით:

დღეს თუ თბილისს 22 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რითაც 2016 წელს შესანიშნავად ისარგებლა კახი კალაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თბილისს 8 რჩეული ეყოლება პარლამენტში. ნუ, თუ მთლად დიმიტრი გელოვანები ვერა, ნაკლები მაინც არ უნდა იყვნენ.

ქართული ოცნებიდან გამოსული და მედიაში გავრცელებული ხმებით, 8 ადგილიდან 6-ს კახი კალაძე ითხოვს და არჩევნების მოგებაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ამჯერადაც სრული კარტ-ბლანში მისცენ.

თბილისში ნამდვილად არაა მარტივი სიტუაცია და კალაძის გარდა საკუთარი გუნდი გახარიასაც ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ პარტიის თავმჯდომარეზე.

რაც შეეხება რეგიონებს. გამოკვეთილია, რომ რაჭა-ლეჩხუმში ფსონს პარტია ისევ გოჩა ენუქიძეზე დადებს.

მართალია, ენუქიძე „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ იყო და „ქართული ოცნებიდანაც“ მაჟორიტარი, მაგრამ

მთავარი აქ მაინც მისი კარგი ურთიერთობაა ხალხთან და დიდი ფინანსები. თავად ენუქიძე, ოქრიაშვილის მსგავსად, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. პირიქით, ყველა პარტია მას ეკუთვნის.

ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ახლაც სამეგრელოში იქნება. ზუგდიდში შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ სანდრა რულოვსის ან ნიკა მელიას კანდიდატურები დააყენოს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას და პრემიერის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურები განიხილება.

რთული იქნება პარლამენტის გადმოტანით გულნატკენი ქუთათურების გულის მოგება. ამიტომ აქ ხელისუფლებამ განსაკუთრებით კარგი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. თანაც, ქუთაისში გავლენები ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძესაც აქვთ.

საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტად შესაძლოა ეკატერინე ტიკარაძე დასახელდეს.

დიდი კონკურენციაა თერჯოლა-ტყიბული-ბაღდათი-ზესტაფონის მიმართულებით. ამბობენ, რომ აქ თავად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც თერჯოლელია. თუმცა, არც თერჯოლა-ტყიბულის მოქმედი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დავიწყება შეიძლება, რომელიც მსხვილი შემოწირულობებით ებრძვის კორონას და იმერლების სიღარიბეს.

შედარებით დიდი და ღირსეული არჩევანი აქვთ სვანებს: ვიქტორ ჯაფარიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი „ოცნების“ მკაფიო სახეები არიან თუ ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია, სულ მალე გაირკვევა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნება კახეთის ირმა ინაშვილისთვის დათმობას აპირებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენების ფონზე ეს საეჭვოა.

დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი მცხეთა-თიანეთში, სადაც „ლელოს“ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დაყენება სურს, „ქართულ ოცნებას“ - ზაქარია ქუცნაშვილის და დამოუკიდებლად კიდევ თამაზ მეჭიაური ემზადება.

ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია საარჩევნო ბატალიებისა. 2-3 კვირაში კონსულტაციები დასრულდება და კანდიდატებიც აქტიურ მუშაობას უნდა შეუდგნენ.

 

74
პრეზიდენტი კატერს მართავს

იცოდით რომ სალომე ზურაბიშვილი კატერს შესანიშნავად მართავს? - ვიდეო

0
(განახლებულია 00:45 02.06.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ზღვაზე მდებარე იახტკლუბში კატერს მართავს

„ცხოვრება მშვენიერია“ - უწერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალბატონია, რომელმაც საქართველოს სადავეები ხელში აიღო. გარდა ამისა, ის არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი წარმოშობა აქვს - ქართული, და ფრანგული, გამოცდილი დიპლომატია,

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთა 59,52%-მა, 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩია.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა 1952 წელს. მისი ქართველი მშობლები 1921 წელს ემიგრირდნენ კავკასიის ამ პატარა ქვეყნიდან, სტალინის, იგივე იოსებ ჯუღაშვილის სამშობლოდან. მისი დიდი ბაბუა, ნიკო ნიკოლაძე, ცნობილი ლიბერალი მწერალი (1843-1928) იყო.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები