ნავთობსაქაჩები

მოსაზრება: ფიქალური ინდუსტრია მუხლებზეა დაჩოქილი და მას სახეში ულაწუნებენ

228
(განახლებულია 18:09 27.04.2020)
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Financial Times, რომელიც გლობალური ფინანსური ელიტის ინტერესების ლობირებითაა დაკავებული, იძულებულია ნავთობის ბაზარზე შექმნილ ვითარებაში თუნდაც რაიმე პოზიტივი იპოვოს.

ივან დანილოვი

ან უბრალოდ აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, განაცხადოს, როგორ აზარალებს რუსეთის ეკონომიკას ნავთობის დაბალი ფასები, - ეს ცუდია და არასაკმარისი, ვინაიდან შეძლებულ მკითხველს ატლანტიკის ორივე მხარეს გეოპოლიტიკური ასპექტები აღელვებს და იზიდავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი საკუთარი ქისა არ ზიანდება.

შედეგად, „ჰუმანიტარული ჯინგოიზმის“ მოყვარულებსაც კი, წამყვანი ლონდონური მასმედიის რედაქციიდან, უწევთ იმის აღიარება, რომ ჯერ ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ აშშ და მისი ფიქალური სექტორი ოდესმე გადაუხდიან სამაგიეროს რუსეთსა და საუდის არაბეთს. ჯერჯერობით კი Financial Times-ის თვალით დანახული სიტუაცია ასეთია: აშშ-ის ფიქალური სექტორი კოლოსალურ დანაკარგს და დიდ დამცირებას განიცდის, მაგრამ მომავალ დიდებაზე ოცნებობს. 

 „ნავთობმრეწველობის ფიქალური სექტორი, რომლის ზრდამაც ტრამპს მისცა შესაძლებლობა, დაეტრაბახა ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე აშშ-ის დამოკიდებულების შემცირებით და სანქციები დაეწესებინა ირანიდან და რუსეთიდან ენერგიის ექსპორტიორების წინააღმდეგ, ახლა მუხლებზეა დაჩოქილი“, - აღნიშნავენ ბრიტანული გამოცემის ანალიტიკოსები და აქვე დასძენენ, რომ სექტორისთვის ვაშინგტონის დახმარება გარდაუვალია, თუმცა ის სურათს კარდინალურად ვერ შეცვლის.

სააგენტო Bloomberg წერს: „ორშაბათმა (დღე, როდესაც ნავთობის ფასები აშშ-ის ბირჟებზე უარყოფით ნიშნულს ჩამოსცდა, - რედ.) ადამიანები დააფიქრა იმაზე, რომ მოპოვება უნდა შემცირდეს“, - განაცხადა ბენ ლაკოკმა, Trafigura Group-ში ნავთობის ვაჭრობის განყოფილების თანათავმჯდომარემ, და დასძინა, რომ „ეს იყო ბაზრისთვის გაწნული სილა, რომელიც საჭირო იყო იმის გასაგებად, რომ საქმე სერიოზულადაა“.

საერთო ჯამში, ისახება საკმაოდ შეკრული ბრიტანულ-ამერიკული სურათი: ფიქალური ინდუსტრია მუხლებზეა დაჩოქილი და მას სახეში ულაწუნებენ. როგორ შეიძლება მოიძებნოს ოპტიმიზმი ამ ვითარებაში? ოპტიმიზმისთვის არსებობენ სპეციალური ექსპერტები აშშ-ის მთავარი ანალიტიკური ცენტრიდან - Council on Foreign Relations (საგარეო ურთიერთობათა საკონსულო). გამოცემა Financial Times იშველიებს საკონსულოს ექსპერტის პოზიციას ნავთობის ბაზართან დაკავშირებით:

 „თუ რუსეთი და საუდის არაბეთი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ მთელი ფიქლიანი სექტორის დახურვა, ისინი ცდებიან“, - აცხადებს ემი მაიერს ჯაფე. - ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, მფლობელების (ფიქალური კომპანიების, - რედ.) შეცვლაა“.

ეს მეტად პოპულარული პოზიციაა, რომლის თანახმადაც, ფიქალური კომპანიების გაკოტრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, შეიცვლებიან მხოლოდ მათი მფლობელები და ახალი მფლობელები, რომლებსაც ძველი ვალები კისერზე აღარ დააწვებათ, სიამოვნებით გააგრძელებენ იაფი ნავთობით ბაზრის ავსებას აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ამ თეორიის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ახალი მფლობელები სწორედ ის კრედიტორები იქნებიან, რომელთა ხარჯზეც მიმდინარეობდა „ფიქალური რევოლუცია“. სწორედ ამ კრედიტორების ფული იხარჯებოდა ფინანსური თვალსაზრისით სრულიად არაეფექტური ფიქლიანი ნავთობის მოპოვებაზე. ახლა ამ კრედიტორებს დარჩებათ წამგებიანი საბადოები და კიდევ უფრო მეტი ფულის დაკარგვის პერსპექტივა. 

 კიდევ ერთი გამოსავალი კაპიტალის ბაზარზე არც ისე ჭკვიანი ინვესტორების მორიგი ტრანშის მოძიებაა, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება: ყველა საშუალო ჭკუის ინვესტორმა, რომელსაც ფიქლიანი ნავთობის პერსპექტივის სჯეროდა, უკვე დააბანდა თანხა ამ სექტორში და სწორედ მათ დარჩებათ გაკოტრებული ნავთობკომპანიების აქტივები. ხოლო თუ „ფიქლიანი იმპერიების“ ნარჩენებს უფრო მსხვილი ნავთობკომპანიები დაეუფლებიან - არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკული თუ საერთაშორისო - ნაკლებ სავარაუდოა, მათ გაზარდონ იმ იაფი ნავთობის მოპოვება, რომლის გამოც მათი საკუთარი აქციები გაუფასურდა.

ენერგეტიკის სამინისტროს (EIA) ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს შეფასებით, აშშ ნავთობის ნეტო-იმპორტიორის სტატუსს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება.

FT-ის ჟურნალისტების ოპტიმისტური სცენარით, აშშ-ის ფიქლიანი ნავთობის სექტორი აღორძინდება და ერთი ბარელის ფასი 80 დოლარს მიაღწევს. უნდა ითქვას, რომ ეს მართლაც სავსებით დასაშვები სცენარია, მაგრამ არ ღირს მისი ინტერპრეტირება, როგორც ერ-რიადისა ან მოსკოვის მარცხისა, რადგან 80 დოლარი ერთ ბარელში - საკმაოდ საინტერესო და ხელსაყრელი ფასია როგორც რუსეთისთვის, ისე საუდის არაბეთისა და ოპეკის სხვა ქვეყნებისთვის. ოპეკი+ გარიგების მონაწილეების ამოცანა არასოდეს ყოფილა ამერიკული ნავთობმრეწველობის ამ სექტორის განადგურება. მათი მიზანი იყო უბრალოდ  ამერიკული კომპანიების გადაჩვევა (ან ბაზრიდან გაძევება), რომლებიც სხვისი ფულის ხარჯზე დემპინგით იყვნენ დაკავებული და ზიანს აყენებდნენ ყველა დანარჩენ მომპოვებელს, მათ შორის, მსხვილ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ფიქალურ სექტორში არ მონაწილეობდნენ. „გადაჩვევა“ არ გამოვიდა, მაგრამ „გაძევება“ ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ტეხასური გამოცემა Houston Chronicle წერს „ტეხასში ნავთობის ჭაბურღილების გათიშვა დაიწყო“.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თუ მიმდინარე კრიზისი არასაკმარისი აღმოჩნდება, ბაზარმა შეიძლება კვლავაც გაულაწუნოს სილა ფიქალურ კომპანიებს.

აშშ-ის ფიქალურ სექტორს, როგორც ჩანს, მოუწევს მცირე ხნით შესვენება რევოლუციებისგან და ბაზარზე დაბრუნება მაშინ, როცა მისი ფასები სულ სხვა, ყველა დანარჩენი მომპოვებლისთვის მისაღებ ნიშნულზე დაფიქსირდება.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

228
არეულობა აშშ-ში

„როგორც ჩანს, რუსები იყვნენ“ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი

33
(განახლებულია 20:30 01.06.2020)
როგორც CNN იუწყება, რუსეთის აგენტების მონაწილეობა სრულიად ამერიკის რბევაში „სავსებით დასაშვებია“. გუშინ, როდესაც არხმა გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც ერთ-ერთი ექსპერტი არეულობაში „რუსი აგენტების“ მონაწილეობას ვარაუდობდა, მას დონალდ ტრამპმა პირადად დასცინა „ტვიტერში“.

ვიქტორ მარახოვსკი

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ტელეარხთან იმაზე ცუდი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ირანს ისრაელთან. და კიდევ: 2016 წელს CNN-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტი არ გამხდარიყო, შემდეგ კი ძალ-ღონე არ დაიშურა „რაშაგეიტის“ ვერსიის გასამყარებლად. ტრამპი, თავის მხრივ, CNN-ს მოიხსენიებს, როგორც Fake news CNN-ს, არ მალავს თავის სიძულვილს არხის მიმართ და სიხარულს მისი რეიტინგის ვარდნის გამო.

სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტს სიამოვნება მიანიჭა სიახლემ იმის შესახებ, რომ დარბევის მონაწილეები ქალაქ ატლანტაში თავს დაესხნენ CNN-ის შტაბ-ბინას, ჩაუმსხვრიეს შუშები და შეძლებისდაგვარად დაამახინჯეს შენობა. ტრამპმა ეს ამბავი „ტვიტერზე“ კვლავ ირონიულად შეაფასა: მომიტინგეებმა დაარბიეს არხი, რომელიც მხარს უჭერს და ამართლებს მათ ქმედებებს.   

ახლა კი ყველაზე საინტერესო: საქმე ისაა, რომ დღეს CNN-ს დაბადების დღე აქვს – მას ორმოცი წელი შეუსრულდა.

არხის განვლილი გზა და მისი დღევანდელი სახე თვალნათლივ გვიამბობს აშშ-ის მსოფლიო ლიდერობის ისტორიას.

ორმოცი წლის წინ ახალგაზრდა და თავხედმა ტედ ტერნერმა დააფუძნა ისტორიაში პირველი ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების მომწოდებელი ქსელი. ეს საინფორმაციო ბიზნესში დიდი გარღვევა და რევოლუცია იყო. თუ გნებავთ, პირველი გაელვება იმ ონლაინისა, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება.

მაშინ, 1980-ში ეს გარღვევა შესამჩნევი იყო, მაგრამ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ – უბრალოდ იმიტომ, რომ დასავლური, კერძოდ კი, ამერიკული რევოლუციები მეცნიერებასა თუ ბიზნესში, პოლიტიკასა თუ სოციალურ ტექნოლოგიებში მაშინ შესაშური სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ტერნერმა დააფუძნა ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების არხი, მომდევნო წელს კი NASA-მ კოსმოსში გაუშვა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი რვაკაციანი ეკიპაჟით, მაშინვე IBM-მა წამოიწყო პირველი სერიული პერსონალური კომპიუტერის გაყიდვა, რიგში კი იდგა უკვე მასობრივი მობილური, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვა მომავლის ხელისუფალი – ინტერნეტი.

თავად აშშ მაშინ XX საუკუნის სულის უდავო გამომხატველი იყო – ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მოწიფული (ამერიკელის საშუალო ასაკი 1980-იანებში 30 წელი იყო), რომელსაც მრავლად ჰყავდა არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საკუთარი გენიოსები, ჯერ კიდევ უმეტესწილად კლასიკური განათლებით, ლიბერალური, ტექნოკრატიული და ამასთან ღრმად მორწმუნე, გამომგონებელი და მტაცებელი. 

CNN რეალობაზე ამ მტაცებელი ამერიკის ზეგავლენის უმძლავრეს ინსტრუმენტად იქცა – და თავისი ძალა მან დაარსებიდან მეთერთმეტე წელს გამოავლინა, როდესაც მთელი პლანეტა მონუსხული უყურებდა უდიდეს შოუს სახელწოდებით „ომი ყურეში“. დედამიწის მოსახლეობის თვალწინ ზეტექნოლოგიურმა ამერიკულმა თვითმფრინავებმა ქაღალდის ფიგურასავით „დაჭმუჭნეს“ ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი არმიის წინააღმდეგობა. შოუმ, რომელიც მაშინ მსოფლიომ იხილა, დედამიწის მოსახლეობის მთელ თაობას ჩაუნერგა რწმენა იმისა, რომ აშშ არის დაუმარცხებელი და შეუჩერებელი ძალა, რომელმაც დანარჩენი კაცობრიობისგან ერთგვარი ხარისხობრივი ნახტომი შეასრულა; რომ დანარჩენი მსოფლიო განწირულია აშშ-ის კუდში დევნისთვის; რომ არავინ უნდა გააღიზიანოს აშშ; რომ ყველამ უნდა დაუჯეროს და მისი მოწყალების იმედი იქონიოს.

როდესაც ერაყის სამხედრო სიძლიერის კვალდაკვალ დედამიწის რუკიდან გაქრა საბჭოთა კავშირი, მისმა ნამსხვრევებმა კი აშშ-ის ერთგულება შეჰფიცეს – ეს გარკვეულწილად ამერიკული XX საუკუნის „ჰეფი ენდი“ იყო. ამ გამარჯვების ერთ-ერთ უდავო გმირს, ტედ ტერნერს სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ცოლად მოეყვანა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეინ ფონდა და მზის ჩასვლას მასთან ერთად შეხვედროდა. რაც ტერნერმა გააკეთა კიდეც.

...მაგრამ მთელი ირონია ისაა, რომ რეალობაში არანაირი „ჰეფი ენდები“ არ არსებობს. რეალობაში არ იწერება ფინალური ტიტრები, ნებისმიერი გამარჯვება და ტრიუმფი დროებითია, რის შემდეგაც ყოველთვის ახალი თავი იწყება.

აშშ-ს კი, რომელმაც XX საუკუნეში მსოფლიოზე გაიმარჯვა, შეიძლება ითქვას, სწორედ „ჰეფი ენდის“ სინდრომი შეეყარა. ანუ მან რეალურად დაიჯერა, რომ კაცობრიობის ისტორიაში დაიწერა ტიტრები და „სიკველი“ არ არის მოსალოდნელი. 

საჩვენებელი ფაქტია: სსრკ-ის დაშლისთანავე ამერიკულმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა მკვეთრად შეუცვალეს პროფილი „რუსეთის საკითხთა სპეციალისტებს“ – რა საჭიროა იმის სპეციალისტი, რაც უკვე აღარ არსებობს და არც არასდროს იარსებებს?

თუმცა, თავად ამერიკული დიპლომატიაც, ვეტერანების შეფასებებით, რაღაც უცნაურ გამარჯვების პიკში მოექცა: კომპრომისებისა და მანიპულაციების მაძიებლების ნაცვლად აშშ-ის დიპლომატიურმა სკოლებმა დაიწყეს „მაღალანაზღაურებადი ფელდეგერების მომზადება, რომლებიც არიგებდნენ ბრძანებებს“ და მიაჩნდათ, რომ თუ ვინმე არ ემორჩილებოდა ამერიკულ ზეწოლას, ეს ზეწოლა უნდა გაეძლიერებინათ.

ამერიკული „რეალობის პულტი“, რომლის დეტალებიც იყვნენ CNN-იც, ჰოლივუდიც, „ფერადი ტექნოლოგიებიც“ და უკვე ახალ საუკუნეში Facebook და Twitter, ასევე ხსენებულ სინდრომს ემსხვერპლა. წინასწარ ცრუ ბრალდებებითა და წარმატებული „ტვიტერ-რევოლუციების“ სერიით რამდენიმე ქვეყნის დასჯის შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრი საბოლოოდ დარწმუნდა: არ არსებობს სხვა რეალობა, გარდა იმისა, რომელსაც აუდიტორიის ტვინში მასობრივად ნერგავენ სპეციალურად გაწვრთნილი ტექნოლოგიური ადამიანები – ფეისბუქის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული გამანადგურებლების მხარდაჭერით.

თუმცა რეალობამ ცხადყო, რომ ის კვლავაც არსებობს და, ზეწოლის მიუხედავად, იპოვის შურისძიების მეთოდს.

„CNN-ის სამყაროსთვის“ აპოკალიფსი მოხდა ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ამერიკულ მედიასფეროში ტოტალური დომინირების მიუხედავად (დაახლოებით 15% 85%-ის წინააღმდეგ, კლინტონის სასარგებლოდ), არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა.

იმისათვის, რასაც ტრადიციულად უწოდებენ ამერიკულ „სიღრმულ სახელმწიფოს“, ეს იყო არასასურველი კანდიდატის გამარჯვებაზე მეტი. ეს იყო დარტყმა „ჰეფი ენდის ეპოქის“ იდეურ საძირკველზე, მართული რეალობის იდეაზე, CNN-ის და The New York Times-ის დაუმარცხებელი კავშირის დოგმაზე. 

შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ „სიღრმული სახელმწიფო“, პრინციპში, არ აღმოჩნდა მზად, უარი ეთქვა პულტით რეალობის მართვაზე და ჩაებღაუჭა ვერსიას რუსების მიერ ამერიკელების მისტიკური გათვალვის შესახებ – „ამ რუსებმა მოგვპარეს ამერიკული პულტი და ამიტომ წავაგეთ“.

ამ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი სწორედ CNN გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმაში, რასაც ბოლო დრომდე „აშშ-ში ცივ სამოქალაქო ომად“ მოვიხსენიებდით, ახლა კი აღარ ვიცით, შეიძლება თუ არა, ცივი ვუწოდოთ.

...ახლა, ვიდრე აშშ-ის ოცდაათი დიდი ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, დედამიწაზე კი გმირულად გაისმის პირველი კერძო კოსმოსური ხომალდის გაშვების მოწოდებები, შეგვიძლია ვცადოთ იმის წარმოდგენა, როგორ განვითარდება „მედიური“ და ნამდვილი რეალობის ურთიერთობა მსოფლიო ექს-ჰეგემონის ტერიტორიაზე.

ფოკუსი ის გახლავთ, რომ ნამდვილი „სამყაროს დასასრული“ არ არსებობს, ისევე, როგორც ნამდვილი „ჰეფი ენდი“. არ არის აუცილებელი აპოკალიფსი სასიკვდილო იყოს. იქნებ ეს უბრალოდ მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური და, ალბათ, ძალისმიერი ლიდერობის დაკარგვა იყოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის წარუმატებელი ნაწილების ჩაფლობაა ერთგვარ „მესამე სამყაროში“ (აშშ-ში ამჟამად 40 მლნ უმუშევარია და, როგორც ამბობენ, ეს ზედა ზღვარი არ არის) – მთელი თავისი სოციალური შედეგებით. ესაა საზოგადოების განხეთქილება და ქვეყნის დაყოფა ღარიბ პოსტაპოკალიფსურ ტერიტორიებად და მდიდარ იზოლირებულ კუნძულებად, საიდანაც, შესაძლოა, კიდევ უფრო დიზაინერული რაკეტები გაუშვან. სადღაც მთელი ქალაქები გადავლენ სოიოს ალაფზე, სადღაც კი უზარმაზარი ბიუჯეტის მქონე თავბრუდამხვევ სრულყოფილ ბლოკბასტერებს გადაიღებენ.

უბრალოდ აღარ იარსებებს ის ამერიკა, რომელმაც ოდესღაც „სფეის შატლი“ გაუშვა და რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ ახსოვს CNN-ის დამფუძნებელს, 81 წლის ტერნერს.

თუმცა ფაქტი არ არის, რომ ახსოვს: ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მან აღიარა, რომ დემენცია აწუხებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

33
წინასაარჩევნო პლაკატები

საარჩევნო ბატალიების მოლოდინში: ბრძოლა სუპერ-მაჟორიტარობისათვის „ინ ექშენ"

74
(განახლებულია 07:24 30.05.2020)
უკვე გაირკვა, რომ ძალიან მალე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს და სავარაუდოდ, 29 ივნისისათვის ახალი საარჩევნო კოდექსი გვექნება.

ცვლილებების მიხედვით, 31 ოქტომბერს საქართველო ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი გვეყოლება. ეს სისტემა აჩენს შანსს პატარა პარტიებისათვის, ვისაც 14-15 ათასი მომხრე მაინც ჰყავს, მოხვდეს საქართველოს პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტოს, ვის და რას შეუერთდეს.

ვინაიდან არჩევნების ტონს, როგორც წესი, თბილისი განსაზღვრავს, დავიწყოთ თბილისით:

დღეს თუ თბილისს 22 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რითაც 2016 წელს შესანიშნავად ისარგებლა კახი კალაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თბილისს 8 რჩეული ეყოლება პარლამენტში. ნუ, თუ მთლად დიმიტრი გელოვანები ვერა, ნაკლები მაინც არ უნდა იყვნენ.

ქართული ოცნებიდან გამოსული და მედიაში გავრცელებული ხმებით, 8 ადგილიდან 6-ს კახი კალაძე ითხოვს და არჩევნების მოგებაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ამჯერადაც სრული კარტ-ბლანში მისცენ.

თბილისში ნამდვილად არაა მარტივი სიტუაცია და კალაძის გარდა საკუთარი გუნდი გახარიასაც ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ პარტიის თავმჯდომარეზე.

რაც შეეხება რეგიონებს. გამოკვეთილია, რომ რაჭა-ლეჩხუმში ფსონს პარტია ისევ გოჩა ენუქიძეზე დადებს.

მართალია, ენუქიძე „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ იყო და „ქართული ოცნებიდანაც“ მაჟორიტარი, მაგრამ

მთავარი აქ მაინც მისი კარგი ურთიერთობაა ხალხთან და დიდი ფინანსები. თავად ენუქიძე, ოქრიაშვილის მსგავსად, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. პირიქით, ყველა პარტია მას ეკუთვნის.

ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ახლაც სამეგრელოში იქნება. ზუგდიდში შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ სანდრა რულოვსის ან ნიკა მელიას კანდიდატურები დააყენოს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას და პრემიერის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურები განიხილება.

რთული იქნება პარლამენტის გადმოტანით გულნატკენი ქუთათურების გულის მოგება. ამიტომ აქ ხელისუფლებამ განსაკუთრებით კარგი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. თანაც, ქუთაისში გავლენები ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძესაც აქვთ.

საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტად შესაძლოა ეკატერინე ტიკარაძე დასახელდეს.

დიდი კონკურენციაა თერჯოლა-ტყიბული-ბაღდათი-ზესტაფონის მიმართულებით. ამბობენ, რომ აქ თავად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც თერჯოლელია. თუმცა, არც თერჯოლა-ტყიბულის მოქმედი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დავიწყება შეიძლება, რომელიც მსხვილი შემოწირულობებით ებრძვის კორონას და იმერლების სიღარიბეს.

შედარებით დიდი და ღირსეული არჩევანი აქვთ სვანებს: ვიქტორ ჯაფარიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი „ოცნების“ მკაფიო სახეები არიან თუ ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია, სულ მალე გაირკვევა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნება კახეთის ირმა ინაშვილისთვის დათმობას აპირებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენების ფონზე ეს საეჭვოა.

დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი მცხეთა-თიანეთში, სადაც „ლელოს“ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დაყენება სურს, „ქართულ ოცნებას“ - ზაქარია ქუცნაშვილის და დამოუკიდებლად კიდევ თამაზ მეჭიაური ემზადება.

ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია საარჩევნო ბატალიებისა. 2-3 კვირაში კონსულტაციები დასრულდება და კანდიდატებიც აქტიურ მუშაობას უნდა შეუდგნენ.

 

74
ნოდიკო ტატიშვილი

„თითქოს კორპუსი გა­და­ყი­რავ­და, დღეს გადავრჩით, მაგრამ...“ - ნოდიკო ტატიშვილი შემთხვევაზე

0
(განახლებულია 10:43 02.06.2020)
პოპულარული ქართველი მომღერალი გაზგასამართი სადგურის აფეთქებას შეესწრო. ნახეთ რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი იმ გაზგასამართ სადგურთან ცხოვრობს, სადაც 1 ივნისს, საღამოს საათებში ძლიერი აფეთქება მოხდა. „რუსთავი 2“-თან საუბარში მომღერალმა აღნიშნა, რომ ისეთ ადგილას, სადაც ამდენი საცხოვრებელი შენობა დგას, გაზგასამართი სადგურის არსებობა დაუშვებელია.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აფეთქების შემდეგ ჩემი კორპუსი გადაყირავდა. სასწაული აფეთქების ხმა იყო. მე მგონია, რომ დღეს გადავრჩით, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი, ეს თუ ასე დარჩება", - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.

ნუცუბიძის პლატოზე, ელგუაჯა ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური 1 ივნისს აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართ სადგურზე მუშაობდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაიყვანილი.

ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გაზგასამართი სადგურის გვერდით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაიმსხვრა, ასევე, დაზიანდა ავტომობილი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება