გაზსადენი

მოსაზრება: ნავთობის კრიზისს გაზის კრიზისიც მოჰყვება

101
(განახლებულია 20:57 23.04.2020)
გაზის ბაზარი, ისევე როგორც ნავთობისა, მოთხოვნის შემცირების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, გათბობისა და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო სექტორში მოთხოვნა სტაბილურია, მაგრამ მრეწველობასა და ელექტროენერგეტიკაში ვარდნაა.

ალექსანდრ სობკო

ნავთობის ინდუსტრიისგან განსხვავებით, გაზში არ არსებობს OPEC +-ის ტიპის ხელშეკრულებები, რაც ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ საბაზრე ძალები მუშაობენ. რომ არსებობდეს გაზის OPEC-ი, ფასების შენარჩუნება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ნავთობის მრეწველობაში არსებულ სიტუაციასთან შედარებით ― რადგან გაზზე მოთხოვნის ვარდნა კვლავ ნაკლებია, ვიდრე ნავთობის სექტორში, მოპოვების რეგულირება კი უფრო ადვილია. გაზის ინდუსტრიაში დამატებით სირთულეებს ქმნის ისიც, რომ კარანტინამდე შეთავაზებების სიჭარბე შეინიშნებოდა: თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროგნოზირებული ჭარბი წარმოება, პლუს თბილი ზამთარი, ასევე გადავსებული საცავები ევროპაში უკრაინული ტრანზიტის წარუმატებელი შეწყვეტის პირობებში. 

ასეა თუ ისე, კონკურენცია გაზის სექტორში მძაფრდება, იმპორტიორები ნაკლებს ყიდულობენ, ფასები კი ეცემა, თუმცა ჯერჯერობით არ იშლება, როგორც ნავთობის ინდუსტრიაში. ამჟამად მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის ვარდნის მოცულობის სრული სურათი არ არსებობს, ხოლო სხვადასხვა ქვეყნებში სურათი ძალიან განსხვავებულია, მოხმარების სექტორებში ყველას სხვადასხვაგვარი ენერგობალანსი და გაზის წილი აქვს. მაგალითად, აშშ-ში გაზზე მოთხოვნის ვარდნა  არც ინდუსტრიაში და არც ელექტროენერგიის გამომუშავებაში პრაქტიკულად არ არსებობს.  ინდოეთში ვითარება განსხვავებულია: სახელმწიფო  ONGC-მ საკუთარი მოპოვება 15%-ით შეამცირა მოთხოვნის შემცირების გამო. ლოგიკურია, რომ თუ ქვეყანა საკუთარ საწარმოო ობიექტებში სარქველებს უჭერს, გაზის იმპორტირება (ინდოეთის შემთხვევაში ეს არის LNG) არაგონივრული იქნებოდა, იმპორტი შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ გარანტირებული სახელშეკრულებო ვალდებულებებით („აიღე ან გადაიხადე“). ევროპაში გაზის მოხმარება ელექტროგენერაციაში მეოთხედით დაეცა.

როგორია რეზულტატი: LNG-ზე სპოტური ფასები რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე ― ორ დოლარზე ცოტა მეტამდე დაეცა, რაც  დაახლოებით 70 დოლარია 1000 კუბურ მეტრზე. ხოლო მიმდინარე ნავთობკოტირებებით ამისგან შორს არც კონტრაქტული ფასებია ნავთობმებით:  ნავთობზე 25 დოლარის პირობებში LNG  დაახლოებით 3 დოლარი ეღირება მილიონ  BTU- ზე. 

შეგახსენებთ, რომ თხევადი გაზი საერთაშორისო გაზით ვაჭრობის დაახლოებით მესამედს შეადგენს, მაგრამ გაზის მთლიანი გლობალური ბაზრის 15%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება რუსულ მილსადენურ ექსპორტს, ახლა ევროპაში რუსული მილსადენით გაზის მიწოდება არ მცირდება და მიმდინარე წელში ახლოსაა მაქსიმუმთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წელს უკრაინული სატრანზიტო სიუჟეტის შედეგად, ექსპორტის მოცულობების ჩამოშლა თავისთავად დაიწყო. მალე ექსპორტის მოცულობა გამოსწორდა, მაგრამ ბევრად დაბალ (15-20%-ზე) დონეზე, ვიდრე შარშან. ასეა თუ ისე, ევროკავშირში არსებული კარანტინები  ჯერ კიდევ არ მოქმედებს რუსეთის ექსპორტზე. თუმცა, ლიბიიდან და ალჟირიდან იტალიაში ექსპორტი ორზე  მეტად შემცირდა.

მაგრამ ევროპის ისედაც მცირედ დაცლილი გაზსაცავები (UGS) გათბობის სეზონზე გაორმაგებული ძალით ივსება. ამიტომ, საინტერესოა, რომ უკრაინასაც კი გაუჩნდება შანსი აქტიურად ჩაერთოს ევროპის გაზის ბაზრის მუშაობაში. ნათელია, რომ საკარანტინო ზომების გაგრძელების შემთხვევაში, რაღაც მომენტში, ისევე როგორც ნავთობის ინდუსტრიაში,  შეივსება ყველა შესაძლო საცავი. ამ შემთხვევაში,  უკრაინაში მიწისქვეშა გაზის საცავში თავისუფალი მოცულობები ტრეიდერებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ზაფხულში მათი ძალიან დაბალ ფასებში შესავსებად.   

ამავე დროს, ექსპორტის შემცირებაც სავარაუდოა. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ  LNG-ის ექსპორტის შემცირების პირველი კანდიდატი შეერთებული შტატებია, გამომდინარე გაზის გათხევადებაზე მაღალი შიდა ფასებიდან. დანარჩენი მწარმოებლები, მიუხედავად იმისა, რომ ზარალს ნახავენ სრულ თვითღირებულებაში, LNG- სა და გაზის წარმოებას შეინარჩუნებენ, თუნდაც მიმდინარე ხარჯების დასაფარად. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ LNG-ის ქარხნების სრულ გაჩერებას. თუმცა, ფორმალური ნიშნებით, ეს შეიძლება მომხდარიყო კიდეც. შეერთებულ შტატებში ფასი მილიონ BTU-ზე 1,8 დოლარია, ვამატებთ 15%-ს გათხევადებისთვის და კიდევ 1 დოლარს ― მიწოდებისთვის და ევროპაში ფასი 3 დოლარი გამოდის. ახლა ევროკავშირში ფასები დაბალია, დაახლოებით 2 დოლარი, მაგრამ რატომ გრძელდება ექსპორტი? საქმე ისაა, თუ რა უნდა ჩაითვალოს მიმდინარე საოპერაციო  ხარჯებად. 

ყველაზე ნათელი მაგალითია ტრანსპორტირების ღირებულება. ფორმალური ნიშნების მიხედვით, ეს უშუალოდ ოპერაციული ხარჯებია. სინამდვილეში, ზოგ შემთხვევაში, გაზის გადამზიდავები გრძელვადიან ფრახტზე იმყოფებიან,  ანუ გაქირავების ხარჯები ადრევე იყო გაწეული.

ამის შემდეგ მხედველობაში მიიღება ტრანსპორტირებაზე საწვავის ხარჯები: ნავთობის მსგავსად გემის საწვავის გაიაფება, ხშირ შემთხვევაში კი LNG გამოიყენება, რომელიც გემის მოძრაობისას ორთქლდება.

და მაინც, ჩვენ ახლოს ვართ იმ სიტუაციასთან, როცა აშშ-სა და ევროპაში გაზზე ფასები თანაბრდება (2 დოლარის რაიონში)! თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ამერიკის ძირითადი ჰაბის ფასია, ხოლო რეგიონულ ჰაბებზე ფასთა კოტირება შეიძლება დაბალი იყოს. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ექსპორტული წარმოების სრულ შეჩერებაზე საუბარი არ არის, მაგრამ ჩნდება ცნობები უახლოეს თვეებში ამერიკის  LNG-ის 10-დან 30-მდე დაგეგმილი მიწოდების გაუქმების შესახებ.

საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში გაზზე შიდა ფასები არ იკლებს, ოდნავ გაიზარდა კიდეც: ფასთა კოტირება უკვე მილიონ BTU– ზე 2 დოლარამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს არც ისე ბევრია ნორმალურ სიტუაციაში, მაგრამ მშვენიერია პანდემიის პირობებში. რა არის ამის მიზეზი? ჯერ ერთი, შეერთებულ შტატებში გაზზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ დაეცა. მეორეც, მცირდება მოპოვება, ვინაიდან მილიონ BTU-ზე 2 დოლარზე ნაკლები ფასები არაკომფორტულია მწარმოებელთათვის, გაზზე მომუშავე აპარატების რიცხვიც თანდათანობით მცირდება (თუმცა, არც ისე სწრაფად, როგორც ნავთობის შემთხვევაში). მესამე, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მოპოვებული გაზის დაახლოებით 20% ნავთობის მოპოვებასთან ასოცირებული გაზითაა განპირობებული, რაც ნიშნავს, რომ ნავთობმოპოვების შემცირება გამოიწვევს გაზის მოპოვების შემცირებასაც. 

აშშ-ში გაზზე შიდა ფასების ზრდა კარგი ამბავია, რადგან მიმდინარე პირობებში   სწორედ ეს ფასთა კოტირება ადგენს გაზის გლობალური ფასებისთვის გარკვეულ „ფსკერს“. პოზიტიური ამბების შესახებ: Platts-ის პროგნოზით, LNG-ის გლობალური ბაზარი 2020 წელში 4%-ით გაიზრდება კიდეც. შედარებისთვის, 2019 წელში სექტორი სწრაფად გაიზარდა 13%-ით (355 მილიონ ტონამდე), ეს კი ძალიან კარგ ზრდად ითვლება, უახლოეს წლებში თუნდაც ბაზისური, კორონავირუსამდელი სცენარის მიხედვით, ელოდებოდნენ უფრო დაბალი ზრდის მაჩვენებელს. გასული წლის ინდუსტრიის ზრდაში თავისი წვლილი რუსეთის წარმოებამაც შეიტანა, პირველ რიგში, ეს ,,Yamal LNG“-ის  მეორე და მესამე ხაზებია.

რა ფაქტორებს შეუძლიათ კიდევ გაზსა და LNG-ზე ფასების მხარდაჭერა? არსებობს მოსაზრება (სხვადასხვა  ინდუსტრიისთვის), რომ კორონავირუსული კოლაფსი მოთხოვნების კუთხით შეიძლება ნაწილობრივ მაინც ანაზღაურდეს შეთავაზების შეზღუდვებით.  ჯერჯერობით გაზის სექტორში ეს აშკარად არ ჩანს, თუმცა ზოგ მოპოვებით ობიექტებზე კორონავირუსის აფეთქება უკვე დაფიქსირდა.

მშენებარე წარმოებებისთვის მსგავსი პრობლემა უკვე არსებობს. მათ შორის, მურმანსკშიც, სადაც გრავიტაციული პლატფორმები იგება Арктик СПГ-2-ისთვის.  კორონავირუსის მკვეთრმა გავლენამ თავი იჩინა მოზამბიკის პროექტეც, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა, ვინაიდან უახლოეს წლებში სწორედ იქ შეიქმნება გათხევადებული გაზის ერთ-ერთი ყველზე მსხვილი წარმოება გაზის შელფური მარაგების ბაზაზე.

ახლა იქ მსხვილი წარმოება Mozambique LNG შენდება და მიმდინარეობს მზადება  Rovuma LNG-ის მშენებლობისთვის. პირველ პროექტზე უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის აფეთქება. გარდა ამისა, მოზამბიკში ექსტრემისტული დაჯგუფებები გააქტიურდნენ. საერთო ჯამში, ამ ორ ფაქტორს შეუძლია მშენებლობის გართულება და ქარხნების ამუშავების გადავადება. თუმცა გლობალური ეკონომიკის შენელება კარანტინების გაუქმების შემდეგაც შეამცირებს გაზზე მოთხოვნის ზრდას. ამიტომ, თუ ახალი საწარმოები იმაზე ცოტა მოგვიანებით ამუშავდება,  ვიდრე მოსალოდნელი იყო, ამით რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება მსოფლიო ფასები გაზსა და  LNG-ზე.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

101
არეულობა აშშ-ში

„როგორც ჩანს, რუსები იყვნენ“ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი

33
(განახლებულია 20:30 01.06.2020)
როგორც CNN იუწყება, რუსეთის აგენტების მონაწილეობა სრულიად ამერიკის რბევაში „სავსებით დასაშვებია“. გუშინ, როდესაც არხმა გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც ერთ-ერთი ექსპერტი არეულობაში „რუსი აგენტების“ მონაწილეობას ვარაუდობდა, მას დონალდ ტრამპმა პირადად დასცინა „ტვიტერში“.

ვიქტორ მარახოვსკი

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ტელეარხთან იმაზე ცუდი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ირანს ისრაელთან. და კიდევ: 2016 წელს CNN-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტი არ გამხდარიყო, შემდეგ კი ძალ-ღონე არ დაიშურა „რაშაგეიტის“ ვერსიის გასამყარებლად. ტრამპი, თავის მხრივ, CNN-ს მოიხსენიებს, როგორც Fake news CNN-ს, არ მალავს თავის სიძულვილს არხის მიმართ და სიხარულს მისი რეიტინგის ვარდნის გამო.

სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტს სიამოვნება მიანიჭა სიახლემ იმის შესახებ, რომ დარბევის მონაწილეები ქალაქ ატლანტაში თავს დაესხნენ CNN-ის შტაბ-ბინას, ჩაუმსხვრიეს შუშები და შეძლებისდაგვარად დაამახინჯეს შენობა. ტრამპმა ეს ამბავი „ტვიტერზე“ კვლავ ირონიულად შეაფასა: მომიტინგეებმა დაარბიეს არხი, რომელიც მხარს უჭერს და ამართლებს მათ ქმედებებს.   

ახლა კი ყველაზე საინტერესო: საქმე ისაა, რომ დღეს CNN-ს დაბადების დღე აქვს – მას ორმოცი წელი შეუსრულდა.

არხის განვლილი გზა და მისი დღევანდელი სახე თვალნათლივ გვიამბობს აშშ-ის მსოფლიო ლიდერობის ისტორიას.

ორმოცი წლის წინ ახალგაზრდა და თავხედმა ტედ ტერნერმა დააფუძნა ისტორიაში პირველი ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების მომწოდებელი ქსელი. ეს საინფორმაციო ბიზნესში დიდი გარღვევა და რევოლუცია იყო. თუ გნებავთ, პირველი გაელვება იმ ონლაინისა, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება.

მაშინ, 1980-ში ეს გარღვევა შესამჩნევი იყო, მაგრამ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ – უბრალოდ იმიტომ, რომ დასავლური, კერძოდ კი, ამერიკული რევოლუციები მეცნიერებასა თუ ბიზნესში, პოლიტიკასა თუ სოციალურ ტექნოლოგიებში მაშინ შესაშური სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ტერნერმა დააფუძნა ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების არხი, მომდევნო წელს კი NASA-მ კოსმოსში გაუშვა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი რვაკაციანი ეკიპაჟით, მაშინვე IBM-მა წამოიწყო პირველი სერიული პერსონალური კომპიუტერის გაყიდვა, რიგში კი იდგა უკვე მასობრივი მობილური, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვა მომავლის ხელისუფალი – ინტერნეტი.

თავად აშშ მაშინ XX საუკუნის სულის უდავო გამომხატველი იყო – ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მოწიფული (ამერიკელის საშუალო ასაკი 1980-იანებში 30 წელი იყო), რომელსაც მრავლად ჰყავდა არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საკუთარი გენიოსები, ჯერ კიდევ უმეტესწილად კლასიკური განათლებით, ლიბერალური, ტექნოკრატიული და ამასთან ღრმად მორწმუნე, გამომგონებელი და მტაცებელი. 

CNN რეალობაზე ამ მტაცებელი ამერიკის ზეგავლენის უმძლავრეს ინსტრუმენტად იქცა – და თავისი ძალა მან დაარსებიდან მეთერთმეტე წელს გამოავლინა, როდესაც მთელი პლანეტა მონუსხული უყურებდა უდიდეს შოუს სახელწოდებით „ომი ყურეში“. დედამიწის მოსახლეობის თვალწინ ზეტექნოლოგიურმა ამერიკულმა თვითმფრინავებმა ქაღალდის ფიგურასავით „დაჭმუჭნეს“ ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი არმიის წინააღმდეგობა. შოუმ, რომელიც მაშინ მსოფლიომ იხილა, დედამიწის მოსახლეობის მთელ თაობას ჩაუნერგა რწმენა იმისა, რომ აშშ არის დაუმარცხებელი და შეუჩერებელი ძალა, რომელმაც დანარჩენი კაცობრიობისგან ერთგვარი ხარისხობრივი ნახტომი შეასრულა; რომ დანარჩენი მსოფლიო განწირულია აშშ-ის კუდში დევნისთვის; რომ არავინ უნდა გააღიზიანოს აშშ; რომ ყველამ უნდა დაუჯეროს და მისი მოწყალების იმედი იქონიოს.

როდესაც ერაყის სამხედრო სიძლიერის კვალდაკვალ დედამიწის რუკიდან გაქრა საბჭოთა კავშირი, მისმა ნამსხვრევებმა კი აშშ-ის ერთგულება შეჰფიცეს – ეს გარკვეულწილად ამერიკული XX საუკუნის „ჰეფი ენდი“ იყო. ამ გამარჯვების ერთ-ერთ უდავო გმირს, ტედ ტერნერს სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ცოლად მოეყვანა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეინ ფონდა და მზის ჩასვლას მასთან ერთად შეხვედროდა. რაც ტერნერმა გააკეთა კიდეც.

...მაგრამ მთელი ირონია ისაა, რომ რეალობაში არანაირი „ჰეფი ენდები“ არ არსებობს. რეალობაში არ იწერება ფინალური ტიტრები, ნებისმიერი გამარჯვება და ტრიუმფი დროებითია, რის შემდეგაც ყოველთვის ახალი თავი იწყება.

აშშ-ს კი, რომელმაც XX საუკუნეში მსოფლიოზე გაიმარჯვა, შეიძლება ითქვას, სწორედ „ჰეფი ენდის“ სინდრომი შეეყარა. ანუ მან რეალურად დაიჯერა, რომ კაცობრიობის ისტორიაში დაიწერა ტიტრები და „სიკველი“ არ არის მოსალოდნელი. 

საჩვენებელი ფაქტია: სსრკ-ის დაშლისთანავე ამერიკულმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა მკვეთრად შეუცვალეს პროფილი „რუსეთის საკითხთა სპეციალისტებს“ – რა საჭიროა იმის სპეციალისტი, რაც უკვე აღარ არსებობს და არც არასდროს იარსებებს?

თუმცა, თავად ამერიკული დიპლომატიაც, ვეტერანების შეფასებებით, რაღაც უცნაურ გამარჯვების პიკში მოექცა: კომპრომისებისა და მანიპულაციების მაძიებლების ნაცვლად აშშ-ის დიპლომატიურმა სკოლებმა დაიწყეს „მაღალანაზღაურებადი ფელდეგერების მომზადება, რომლებიც არიგებდნენ ბრძანებებს“ და მიაჩნდათ, რომ თუ ვინმე არ ემორჩილებოდა ამერიკულ ზეწოლას, ეს ზეწოლა უნდა გაეძლიერებინათ.

ამერიკული „რეალობის პულტი“, რომლის დეტალებიც იყვნენ CNN-იც, ჰოლივუდიც, „ფერადი ტექნოლოგიებიც“ და უკვე ახალ საუკუნეში Facebook და Twitter, ასევე ხსენებულ სინდრომს ემსხვერპლა. წინასწარ ცრუ ბრალდებებითა და წარმატებული „ტვიტერ-რევოლუციების“ სერიით რამდენიმე ქვეყნის დასჯის შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრი საბოლოოდ დარწმუნდა: არ არსებობს სხვა რეალობა, გარდა იმისა, რომელსაც აუდიტორიის ტვინში მასობრივად ნერგავენ სპეციალურად გაწვრთნილი ტექნოლოგიური ადამიანები – ფეისბუქის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული გამანადგურებლების მხარდაჭერით.

თუმცა რეალობამ ცხადყო, რომ ის კვლავაც არსებობს და, ზეწოლის მიუხედავად, იპოვის შურისძიების მეთოდს.

„CNN-ის სამყაროსთვის“ აპოკალიფსი მოხდა ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ამერიკულ მედიასფეროში ტოტალური დომინირების მიუხედავად (დაახლოებით 15% 85%-ის წინააღმდეგ, კლინტონის სასარგებლოდ), არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა.

იმისათვის, რასაც ტრადიციულად უწოდებენ ამერიკულ „სიღრმულ სახელმწიფოს“, ეს იყო არასასურველი კანდიდატის გამარჯვებაზე მეტი. ეს იყო დარტყმა „ჰეფი ენდის ეპოქის“ იდეურ საძირკველზე, მართული რეალობის იდეაზე, CNN-ის და The New York Times-ის დაუმარცხებელი კავშირის დოგმაზე. 

შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ „სიღრმული სახელმწიფო“, პრინციპში, არ აღმოჩნდა მზად, უარი ეთქვა პულტით რეალობის მართვაზე და ჩაებღაუჭა ვერსიას რუსების მიერ ამერიკელების მისტიკური გათვალვის შესახებ – „ამ რუსებმა მოგვპარეს ამერიკული პულტი და ამიტომ წავაგეთ“.

ამ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი სწორედ CNN გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმაში, რასაც ბოლო დრომდე „აშშ-ში ცივ სამოქალაქო ომად“ მოვიხსენიებდით, ახლა კი აღარ ვიცით, შეიძლება თუ არა, ცივი ვუწოდოთ.

...ახლა, ვიდრე აშშ-ის ოცდაათი დიდი ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, დედამიწაზე კი გმირულად გაისმის პირველი კერძო კოსმოსური ხომალდის გაშვების მოწოდებები, შეგვიძლია ვცადოთ იმის წარმოდგენა, როგორ განვითარდება „მედიური“ და ნამდვილი რეალობის ურთიერთობა მსოფლიო ექს-ჰეგემონის ტერიტორიაზე.

ფოკუსი ის გახლავთ, რომ ნამდვილი „სამყაროს დასასრული“ არ არსებობს, ისევე, როგორც ნამდვილი „ჰეფი ენდი“. არ არის აუცილებელი აპოკალიფსი სასიკვდილო იყოს. იქნებ ეს უბრალოდ მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური და, ალბათ, ძალისმიერი ლიდერობის დაკარგვა იყოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის წარუმატებელი ნაწილების ჩაფლობაა ერთგვარ „მესამე სამყაროში“ (აშშ-ში ამჟამად 40 მლნ უმუშევარია და, როგორც ამბობენ, ეს ზედა ზღვარი არ არის) – მთელი თავისი სოციალური შედეგებით. ესაა საზოგადოების განხეთქილება და ქვეყნის დაყოფა ღარიბ პოსტაპოკალიფსურ ტერიტორიებად და მდიდარ იზოლირებულ კუნძულებად, საიდანაც, შესაძლოა, კიდევ უფრო დიზაინერული რაკეტები გაუშვან. სადღაც მთელი ქალაქები გადავლენ სოიოს ალაფზე, სადღაც კი უზარმაზარი ბიუჯეტის მქონე თავბრუდამხვევ სრულყოფილ ბლოკბასტერებს გადაიღებენ.

უბრალოდ აღარ იარსებებს ის ამერიკა, რომელმაც ოდესღაც „სფეის შატლი“ გაუშვა და რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ ახსოვს CNN-ის დამფუძნებელს, 81 წლის ტერნერს.

თუმცა ფაქტი არ არის, რომ ახსოვს: ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მან აღიარა, რომ დემენცია აწუხებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

33
წინასაარჩევნო პლაკატები

საარჩევნო ბატალიების მოლოდინში: ბრძოლა სუპერ-მაჟორიტარობისათვის „ინ ექშენ"

73
(განახლებულია 07:24 30.05.2020)
უკვე გაირკვა, რომ ძალიან მალე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს და სავარაუდოდ, 29 ივნისისათვის ახალი საარჩევნო კოდექსი გვექნება.

ცვლილებების მიხედვით, 31 ოქტომბერს საქართველო ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი გვეყოლება. ეს სისტემა აჩენს შანსს პატარა პარტიებისათვის, ვისაც 14-15 ათასი მომხრე მაინც ჰყავს, მოხვდეს საქართველოს პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტოს, ვის და რას შეუერთდეს.

ვინაიდან არჩევნების ტონს, როგორც წესი, თბილისი განსაზღვრავს, დავიწყოთ თბილისით:

დღეს თუ თბილისს 22 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რითაც 2016 წელს შესანიშნავად ისარგებლა კახი კალაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თბილისს 8 რჩეული ეყოლება პარლამენტში. ნუ, თუ მთლად დიმიტრი გელოვანები ვერა, ნაკლები მაინც არ უნდა იყვნენ.

ქართული ოცნებიდან გამოსული და მედიაში გავრცელებული ხმებით, 8 ადგილიდან 6-ს კახი კალაძე ითხოვს და არჩევნების მოგებაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ამჯერადაც სრული კარტ-ბლანში მისცენ.

თბილისში ნამდვილად არაა მარტივი სიტუაცია და კალაძის გარდა საკუთარი გუნდი გახარიასაც ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ პარტიის თავმჯდომარეზე.

რაც შეეხება რეგიონებს. გამოკვეთილია, რომ რაჭა-ლეჩხუმში ფსონს პარტია ისევ გოჩა ენუქიძეზე დადებს.

მართალია, ენუქიძე „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ იყო და „ქართული ოცნებიდანაც“ მაჟორიტარი, მაგრამ

მთავარი აქ მაინც მისი კარგი ურთიერთობაა ხალხთან და დიდი ფინანსები. თავად ენუქიძე, ოქრიაშვილის მსგავსად, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. პირიქით, ყველა პარტია მას ეკუთვნის.

ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ახლაც სამეგრელოში იქნება. ზუგდიდში შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ სანდრა რულოვსის ან ნიკა მელიას კანდიდატურები დააყენოს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას და პრემიერის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურები განიხილება.

რთული იქნება პარლამენტის გადმოტანით გულნატკენი ქუთათურების გულის მოგება. ამიტომ აქ ხელისუფლებამ განსაკუთრებით კარგი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. თანაც, ქუთაისში გავლენები ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძესაც აქვთ.

საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტად შესაძლოა ეკატერინე ტიკარაძე დასახელდეს.

დიდი კონკურენციაა თერჯოლა-ტყიბული-ბაღდათი-ზესტაფონის მიმართულებით. ამბობენ, რომ აქ თავად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც თერჯოლელია. თუმცა, არც თერჯოლა-ტყიბულის მოქმედი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დავიწყება შეიძლება, რომელიც მსხვილი შემოწირულობებით ებრძვის კორონას და იმერლების სიღარიბეს.

შედარებით დიდი და ღირსეული არჩევანი აქვთ სვანებს: ვიქტორ ჯაფარიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი „ოცნების“ მკაფიო სახეები არიან თუ ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია, სულ მალე გაირკვევა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნება კახეთის ირმა ინაშვილისთვის დათმობას აპირებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენების ფონზე ეს საეჭვოა.

დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი მცხეთა-თიანეთში, სადაც „ლელოს“ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დაყენება სურს, „ქართულ ოცნებას“ - ზაქარია ქუცნაშვილის და დამოუკიდებლად კიდევ თამაზ მეჭიაური ემზადება.

ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია საარჩევნო ბატალიებისა. 2-3 კვირაში კონსულტაციები დასრულდება და კანდიდატებიც აქტიურ მუშაობას უნდა შეუდგნენ.

 

73
ასტეროიდები და დედამიწა

დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება: ცნობილია თარიღი და საათი

0
(განახლებულია 10:16 02.06.2020)
ატეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik.  დედამიწას პოტენციურად სახიფათი ასტეროიდი 163348 (2002 NN4) უახლოვდება, რომლი ზომაც 250–570 მეტრია, ნათქვამია NASA–ს ერთ–ერთი ქვედანაყოფის საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით ასტეროიდი ჩენს პლანეტას მინიმალურ მანძილზე შაბათს, 6 ივნისს მოუახლოვდება 7:20 საათზე (თბილისის დროით).

​მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახება გამორიცხულია, ვინაიდან ის პლანეტას 13–ჯერ იმაზე უფრო შორს ჩაუვლის, ვიდრე მთვარის ორბიტამდე მანძილია.  

მიუხედავად ამისა, ატეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს. 

აღნიშნული ასტეროიდი 2002 წელსაა აღმოჩენილი. მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას ის დაახლოებით 300 დედამიწურ დღეღამეს ანდომებს.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს