საფონდო ბირჟა

მოსაზრება: რატომ იაფდება ნავთობი, ბენზინი კი არა?

76
(განახლებულია 20:31 23.04.2020)
WTI მარკის ნავთობზე ფასის რეკორდულმა შემცირებამ კოტირებებისა და „შავი ოქროს“ სხვა სახეობების, მათ შორის, Brent-ისა და Urals-ის ფასების ვარდნა გამოიწვია.

ლევ რიჟკოვი

ექსპერტებმა Sputnik-ს აუხსნეს ენერგეტიკული კრიზისის ახალი ტალღის მიზეზები, ისაუბრეს OPEC+-ის გარიგების ფარგლებში მთელ მსოფლიოში ნავთობის მოპოვების შემცირების შემდეგ მოსალოდნელ სცენარზე და განმარტეს, რატომ არ უნდა ველოდოთ ავტოგასამართ სადგურებზე იაფი ბენზინის გამოჩენას.

ზედმეტი ნავთობი

20 აპრილს WTI (West Texas Intermediate) მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფიუჩერსი -40.32 დოლარამდე ჩამოვიდა. მაგრამ უკვე 22 აპრილს ივნისის ფიუჩერსი 13.72-16.18 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 

WTI მარკის ნავთობის გაიაფების მთავარ მიზეზად ექსპერტები იმას ასახელებენ, რომ კუშინგში, ოკლაჰომას შტატში ძირითადი ამერიკული ნავთობსაცავი, რომელიც 76 მლნ ტონა ნედლეულს იტევს, თითქმის შევსებულია.

„ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, ოფიციალური მონაცემებით, კუშინგში ნავთობსაცავის 54% იყო შევსებული, - ამბობს ენერგეტიკისა და ფინანსთა ინსტიტუტის ენერგეტიკული მიმართულების დირექტორი ალექსეი გრომოვი. - ბოლო 10 დღეში რეზერვუარი 72%-მდე გაივსო. ყოველდღე საცავი ივსება ნავთობით, რათა აშშ-ის ენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ შეექმნას. და, რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, ეს საცავები მთლიანად შეივსება“.

აშშ-ში მოპოვების მოცულობა არ არის რეგულირებული. მოპოვება ყოველდღიურად მცირდება, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - რამდენით, აღნიშნავს ენერგეტიკული პოლიტიკის ფონდის ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი.

„არც ერთი რენტაბელური პროექტი ფიქალური ნავთობის მოპოვებისა დღეს არ არსებობს. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენ ხანს გაძლებს ცალკეული კომპანია. ასეთი კომპანია კი აშშ-ში ასობითაა. ამიტომ ისინი თანდათანობით დაიხურება. კუშინგში ადგილი ჯერჯერობით არის და იქ ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიების მიერ მოპოვებული ზედმეტი ნავთობი იგზავნება“, - დასძინა ექსპერტმა.

იუშკოვის პროგნოზით, კუშინგის ნავთობსაცავი 100%-ით გაივსება ორი თვის შემდეგ. ნავთობის ნაწილს ტანკერები მიიღებენ. მაგრამ მათი რესურსიც შეზღუდულია.

„თავისუფალი სიმძლავრეები ილევა, ფრახტის ფასი კი იზრდება. ახლა ფრახტის დაქირავება დღეში 400 ათასი დოლარი ჯდება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გაურკვეველია, ვის და როდის მიჰყიდით ამ ნავთობს, ფრახტის იჯარაში დიდი თანხის გადახდა მეტისმეტად სარისკოა“, - ამბობს ნაციონალური ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ფროლოვი Sputnik-თან საუბრისას.

ანაზღაურებული შესვენება?

შეიძლება თუ არა როგორმე აშშ-ში ნავთობკომპანიების მუშაობის შეჩერება, რათა მათ შეწყვიტონ კუშინგის რეზერვუარის გავსება? 

„ამ ვითარებაში ვივარაუდებდი, რომ შეიძლება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების რეალიზება, რომელიც ითვალისწინებს პრემიის გადახდას მოუპოვებელი ნავთობისთვის აშშ-ის ზოგიერთი ნავთობმომპოვებელი კომპანიისთვის, რომლებიც ამერიკულ ბაზარზე თავიანთი ნავთობის გასაღების პრობლემას აწყდებიან, - ამბობს ალექსეი გრომოვი. - ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს მხოლოდ იმისთვის გადაუხდიან, რომ მათ ჭაბურღილებზე მუშაობა შეწყვიტონ. არამედ, როდესაც ბაზარზე ვითარება მოწესრიგდება, დღეს მოუპოვებელი ნავთობი, წინასწარ დაფინანსებული აშშ-ის მთავრობის მიერ, მოგვიანებით გავა ბაზარზე. ეს ძალიან უჩვეულო გადაწყვეტილებაა, თუმცა არსებობის უფლება აქვს“.

WTI მარკის მსუბუქ და ზემსუბუქ ნავთობზე ამერიკის შიდა ბაზარზე არც ისე დიდი მოთხოვნილებაა. ამიტომ აშშ-ის შიდა ბაზარზე მისი მიწოდების მოცულობა ვერ გაიზრდება. 

„ამ ნავთობის წილი შიდა ბაზარზე მცირდება, - ამბობს ალექსანდრ ფროლოვი. - იზრდება მოთხოვნილება იმპორტირებულ მძიმე სახეობებზე. აშშ-ში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება დღეში 21 მლნ ბარელს შეადგენდა. ახლა ეს მაჩვენებელი 16-18 მლნ ბარელია. საკუთარი წარმოება - 13 მლნ ბარელი. აქედან მხოლოდ 8 მლნ ბარელი მუშავდება“.

საქმე ისაა, რომ WTI მარკის ნავთობისგან შესაძლებელია მხოლოდ ნავთის წარმოება. მისგან დიზელის საწვავი არ მზადდება. სწორედ ამიტომ არ არის მასზე დიდი მოთხოვნილება შიდა ბაზარზე. ზედმეტი ნავთობი კი საწყობში იგზავნება.

„მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში აშშ-ში მოპოვება 700 ათასი ბარელით შემცირდა, - ამბობს ალექსანდრ ფროლოვი. - ეს კოლოსალური ვარდნაა, რომელსაც, კაცმა არ იცის, როგორი შედეგი მოჰყვება. თუმცა ამის გამო არავინ შეშფოთებულა. მოვლენამ ფაქტობრივად შეუმჩნევლად ჩაიარა“.

ნულს ზემოთ: რატომ არ ჩამოიშალა Brent-ის და Urals-ის ფასები?

20 აპრილს Brent-ის მარკის ნავთობის მიწოდებაზე ივნისის კონტრაქტი 25,5 დოლარამდე ჩამოვიდა. 22 აპრილს 20,3 დოლარი შეადგინა. მაგრამ Brent-ისა და Urals-ის მარკის ნავთობს ნულოვანი ბარიერი არ გადაუკვეთავს. რატომ? 

როგორც ალექსანდრ ფროლოვი აღნიშნავს, „მძიმე“ ნავთობზე მეტი მოთხოვნილებაა და ის სჭირდება აშშ-საც კი, რომელსაც საკუთარი „შავი ოქროც“ საჭიროზე მეტი აქვს.

„მსუბუქი და ზემსუბუქი ნავთობი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში იგზავნება. მას ურევენ მძიმე სახეობებსა და მაზუთს. ამავე მიზეზით გაიზარდა შარშან რუსეთიდან აშშ-ში მაზუთის ექსპორტი“, - ამბობს ექსპერტი. - არ შეიძლება იმის თქმა, რომ Brent-ის ფასის შემცირება მჭიდროდ უკავშირდება WTI-ს მარკის ღირებულების ვარდნას. გაიაფება უფრო მეტად საერთო პრობლემებითაა გამოწვეული. მაგრამ WTI-ს ფასი ბევრად უფრო შემცირდა, ვიდრე ჩრდილოეთის ზღვის ნავთობისა“.

იგორ იუშკოვის აზრით, Brent-ისა და Urals-ის მარკის ნავთობის გაიაფება ბირჟაზე წარმოქმნილი პანიკის შედეგია.

„როდესაც იწყება პანიკა, ტრეიდერები იწყებენ ნებისმიერი ფიუჩერსის გაყიდვას, - აღნიშნავს ექსპერტი. - უბრალოდ იწყება თამაში ბირჟაზე, როდესაც ყველა ყველაფერს ყიდის. რუსული ნავთობის ფასიც ამიტომ ეცემა. მთლიანობაში, მისი ფასი პირდაპირ არ არის დამოკიდებული ამერიკულ საცავებზე. ირიბად - დამოკიდებულია. რადგან არსებობს ნავთობის ბაზრის ბალანსი“.

მიწოდება საკუთარი ხარჯით?

როგორ იწარმოებს მაისის ფიუჩერსებით WTI მარკის ნავთობის ფიზიკური მიწოდება? მრეწველები მიმწოდებლებს ტრანსპორტირების თანხას გადაუხდიან? 

„ეს მთლიანად ბირჟის საქმეა, - დარწმუნებულია იგორ იუშკოვი. - მაისის ფიუჩერსის კონტრაქტები ნედლეულის გადატვირთვის თაობაზე მინუსებში გადავიდა. ეს იყო ბოლო სავაჭრო დღე და ტრეიდერებს აუცილებლად უნდა მოეშორებინათ თავიდან ეს მოკლევადიანი კონტრაქტები. ამიტომაც სთავაზობდნენ ისინი მყიდველებს ნედლეულს ტრანსპორტირების საკუთარი ხარჯით. რამდენიმე თვის წინ მოხდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ამერიკული ნავთობის მომპოვებელი კომპანია იძულებული გახდა, გადაეხადა შემკვეთისთვის, რათა ამ უკანასკნელს ნედლეული წაეღო. ნავთობის შესანახი ადგილი არ არსებობდა, ამიტომ საჭირო იყო მისი სასწრაფოდ წაღება. კომპანიაც იძულებული გახდა, მყიდველისთვის გადაეხადა. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა იყო. უფრო მარტივი იქნება მოპოვების შეჩერება, ვიდრე მყიდველისთვის თანხის გადახდა“.

ექსპერტი ალექსეი გრომოვი დარწმუნებულია, რომ საქმე აქამდე არ მივა.

„ვითარება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აშშ-ში ნავთობის მომპოვებლები რიგში დგანან, რათა თავიანთი ნავთობი საცავებში ჩაასხან ან მომხმარებელს მიჰყიდონ, თან ნედლეულის წასაღებად ფულიც იქით გადაუხადონ, - ამბობს ექსპერტი. - უბრალოდ ბაზარზე არსებული რთული ფინანსური მექანიზმების პირობებში ყალიბდება სიტუაცია, როდესაც ფიუჩერსების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული პირები ადრე უარყოფით ფასად შეძენილ მაისის ფიუჩერსს ყიდიან და ამ ფორმით აბანდებენ თანხას ივნისის ფიუჩერსში, რომლის ფასიც უკვე ნორმალურია - დაახლოებით 20 დოლარი ერთი კასრი“.

გაიაფდება თუ არა ბენზინი?

ჩნდება კითხვა: თუ ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე ასე ეცემა, უნდა ველოდოთ თუ არა საწვავის გაიაფებას ავტოგასამართ სადგურებზე? 

„ნავთობპროდუქტების ფასები, განსაკუთრებით, ბენზინის საცალო ფასი, რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში დამოკიდებულია არა იმდენად საწყისი ნედლეულის ფასზე, რამდენადაც სახელმწიფოთა საგადასახადო შემოსავლების უზრუნველყოფაზე, - განმარტავს ალექსეი გრომოვი. - მაგალითად, რუსეთში ღირებულების 75% საგადასახადო შემადგენელია. ამასთან, რუსეთშიცა და ახლომდებარე ქვეყნებშიც საბოლოო ფასი პრაქტიკულად რეგულირებადია. არავინ ვარაუდობდა, რომ ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდებოდა. ამიტომ ფასების შემცირების მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობს“.

დღეს საბითუმო ბაზებზე, რომლებსაც რუსეთში წარმოებული ნავთობპროდუქტები მიეწოდება, ბენზინის ფასი მკვეთრად დაეცა. მაგრამ საცალოში ბენზინის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეს გამოწვეულია იმ რეგულირების სპეციფიკით, რომელიც რუსეთშია გავრცელებული. მსგავსი რეგულირება, ექსპერტის სიტყვებით, არსებობს ყაზახეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბენზინი გაძვირდება, - ამბობს გრომოვი. - ავტოგასამართ სადგურებზე ისეთივე ფასებია, როგორიც კრიზისამდე იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საცალო ვაჭრობა მოგებაზე მუშაობს. საცალო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - ფასებსა და გაყიდული საქონლის მოცულობაზე. დღეს რა ხდება? რუსეთში ბენზინზე მოთხოვნილება პრაქტიკულად 50%-ით შემცირდა იმის გამო, რომ ქვეყანა კარანტინში ჩაიკეტა. ანუ საცალო ვაჭრობაც 50%-ით შემცირდა. მართალია, ფასები ძველებური დარჩა, მაგრამ შემოსავალი მკვეთრად შემცირდა. დღევანდელი ვითარება, შეიძლება ითქვას, იმას უკავშირდება, რომ არავის სურს არააკურატული ქმედებებით ნავთობგადამამუშავებელი და საწვავის საცალო გაყიდვების აწყობილი სისტემის ჩამოშლა“.

ამგვარად, საცალო ვაჭრობის ლიბერალიზაცია ბენზინის გაყიდვების შემცირების პირობებში, ექსპერტის აზრით, გამოიწვევს ბევრი დამოუკიდებელი ავტოგასამართი სადგურის გაკოტრებას.

„რისთვის არის ეს საჭირო? შესანიშნავად გვესმის, რომ ეს ექსტრემალური კრიზისი - არ არის სისტემური მოვლენა, რომელიც წლები გაგრძელდება, - ამბობს ალექსეი გრომოვი. - ეს მოვლენა რამდენიმე კვირას ან რამდენიმე თვეს გასტანს. ამიტომ ეს მომენტი უბრალოდ უნდა გადავიტანოთ. ზაფხულიდან დაწყებული, ვითარება ბაზრებზე გამოსწორებას დაიწყებს“.

ვის გადაარჩენს OPEC+?

ბევრი იმედებს ამყარებს OPEC+ ორგანიზაციის შეთანხმებაზე. ნავთობის ბაზრის მოთამაშეები (მათ შორის, რუსეთი და საუდის არაბეთი) შეთანხმდნენ უახლოესი ორი თვის განმავლობაში დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 9,7 მლნ ბარელით შემცირებაზე. შეთანხმებას უნდა შეუერთდნენ ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიც. სულ, ექსპერტებისა და დარგის მონაწილეების შეფასებით, მოპოვება დღეში 15 მლნ ბარელამდე შეიძლება შემცირდეს.

„რუსეთი მოპოვებას შეამცირებს, - ამბობს იუშკოვი. - მან ამის ვალდებულება აიღო. მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენით შეამცირებენ მოპოვებას OPEC+ ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნები, ვინაიდან მათთვის ეს სფერო არარენტაბელურია. კერძოდ, აშშ და კანადა. მათ დღესდღეობით პრაქტიკულად არ გააჩნიათ რენტაბელური პროექტები, მოპოვება მცირდება. მაგრამ საკითხავია, რა ტემპით გაგრძელდება ვარდნა“.

OPEC+-ის შეთანხმება მოპოვების შემცირების თაობაზე 1 მაისიდან ამოქმედდება. იქნება თუ არა ეს ზომა ეფექტური ბაზრისთვის?

„რასაკვირველია, მოთხოვნილების კატასტროფულად შემცირების პირობებში მოპოვების შემცირება ბაზრისთვის სასარგებლო ნაბიჯია, - ამბობს გრომოვი. - მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა ეს ფასების სტაბილიზებისთვის? არა - საკმარისი არ იქნება. რადგან, დღევანდელი შეფასებით, აპრილში ნავთობზე მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში 30 მლნ ბარელით შემცირდება. 2020 წლის დასაწყისში მოთხოვნილება მსოფლიოში 100 მილიონ ბარელს აღწევდა. ვარდნა იქნება 30 მლნ. OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის სხვა ექსპორტიორების მონაწილეობით ამცირებენ მოპოვებას უფრო ნაკლები მოცულობით. ნათელია, რომ ეს მოცულობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ფასების ვარდნა შეაჩეროს. არ გამოვრიცხავ, ნავთობის, განსაკუთრებით, Brent-ის მარკის ფასების შემდგომი ვარდნა არ დასრულდეს და OPEC+-ის წევრ ქვეყნებს კვლავ მოუწიოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ფიქრი იმაზე, რა დამატებითი ზომების მიღება შეიძლება ნავთობის ბაზრის გადასარჩენად“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

76
ნავთობსაქაჩი

მოსაზრება: აშშ შესაძლოა საკუთარი ნავთობის გარეშე დარჩეს

45
(განახლებულია 18:14 28.05.2020)
ამერიკელები ნავთობმოპოვების რეკორდული ჩამოშლის ზღვარზე აღმოჩნდნენ. გაზისა და ნავთობის საბურღი დანადგარების რაოდენობა ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, კომპანიები მასობრივად აცხადებენ გაკოტრების თაობაზე და მუშაობას აჩერებენ.

ნატალია დემბინსკაია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დაკარგოს ფიქალური დარგი, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება. რატომ იყო კოლაფსი გარდაუვალი?

საბურღების რეკორდული შემცირება 

2019 წელს, გადაუსწრეს რა რუსეთსა და საუდის არაბეთს, ამერიკელები ლიდერები გახდნენ ნავთობმოპოვებაში — ფიქალური ნავთობის წყალობით. 70 წლის განმავლობაში აშშ შავი ოქროს ნეტო–ექსპორტიორი გახდა.

„ნავთობმრეწველობას სიურპრიზები ახასიათებს — ფიქალურმა რევოლუციამ თავდაყირა დააყენა ნავთობის ფასები, წარმოება და სავაჭრო ნაკადები“, — განაცხადა მაშინ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში და კონსალტინგური კომპანია Rapidan Energy-ს პრეზიდენტმა ბობ მაკენლიმ.

მაგრამ ფიქალურ დარგს მკვეთრ შენელებას უწინასწარმეტყველებდნენ: რეკორდის საფასური ჭაბურღილების გამოფიტვა, ინფრასტრუქტურისთვის უზარმაზარი დანახარჯები და კაპიტალდაბანდებების უკმარისობა გახდა.

ვარაუდობდნენ, რომ პრობლემები 2021 წელს დაიწყებოდა, მაგრამ კორონავირუსულმა პანდემიამ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა და ნავთობის კოტირებები ჩამოშალა. ამან პირველ რიგში ვალებში ჩაფლული მეფიქალეები დააზარალა, რომლებიც ინვესტიციების მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ.

მაისის ბოლოს ნავთობისა და გაზის სერვისულმა კომპანია Baker Hughes-მა განაცხადა, რომ მოქმედი საბურღი დანადგარების რაოდენობა აშშ-ში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მწყობრში მხოლოდ 318 ერთეული დარჩა, როცა ერთი წლის წინ მათი რაოდენობა 983 იყო.

მოპოვებების მესამედი დაიკარგება

ShaleProfile Analytics-ის პროგნოზით, აშშ ფიქალური ნავთობმოპოვების მესამედს იზარალებს. 

კრიზისმა დარგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაამწვავა — ჭაბურღილების სწრაფი გამოფიტვა ტექნოლოგიის თავისებურებების გამო. ბურღვის დასრულებიდან მოკლე ხანში ფიქალურ საბადოებზე მოპოვება ეცემა და ადრინდელ წარმოებაზე საუბარიც აღარ არის. ამის საკომპენსაციოდ გამუდმებით ახალი ჭაბურღილებია საჭირო. მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ეს უბრალოდ შეუძლებელია: კომპანიები მასიურად კოტრდებიან.

Haynes & Boone-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან გაკოტრების პროცედურა 17-მა მწარმოებელმა დაიწყო, რომელთა საერთო დავალიანება დაახლოებით 14 მლრდ დოლარია.

მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფიქალური კომპანია Whiting Petroleum და ასევე ისეთი გიგანტები, როგორებიცაა California Resources და Chesapeake Enеrgy. მაისის ბოლოს სასამართლოში გაკოტრების თაობაზე დოკუმენტაცია წარადგინა კომპანია Unit-მაც.

დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევების თანახმად, ერთ ბარელზე 40 დოლარის ღირებულების პირობებში ერთი წლის განმავლობაში მწარმოებელთა მხოლოდ 15% გადარჩება. მეფიქალეების გადამრჩენელი გაძვირება კი არ ივარაუდება.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს პროგნოზით, Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 2020 წელს 34,31 დოლარი იქნება ბარელზე, და 45,62 დოლარი – 2021 წელს. ხოლო დასავლეთ-ტეხასური WTI 30,10 დოლარი ეღირება მიმდინარე წელს და 43,31 დოლარი – მომდევნო წელს.

აღდგენას წლები დასჭირდება  

შედეგად, ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ში ფიქალური მოპოვება შესაძლოა 5 მლნ ბარელამდე დაეცეს დღე-ღამეში. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ქვეყნის 15-მა უმსხვილესმა ფიქალურმა კომპანიამ ახალი ჭაბურღილების დამუშავებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი საშუალოდ 48%-ით შეამცირა. წარმოების წინანდელ მოცულობებზე დაბრუნებას, პანდემიის გამო მოთხოვნების დაცემის პირობებში, ისინი ვერ შეძლებენ.

„დიდი ალბათობით, წლები გავა, სანამ ისინი ძველ დონეს დაუბრუნდებიან — თუ საერთოდ ოდესმე მოხდა ეს“, — წერს გამოცემა.

ასე რომ, ექსპერტების აზრით, ამერიკელებმა შესაძლოა ლიდერობა დაკარგონ. მათ არც ისე ბევრი ინსტრუმენტი აქვთ საიმისოდ, რომ ეს არ დაუშვან.

„ამერიკა თითქმის გარანტირებულად დაკარგავს პირველ ადგილს წელს, — განუცხადა CNBC-ს სასაქონლო ბაზრების, Emirates-ის ანალიტიკოსმა ედვარდ ბელმა. — და ეს, სავარაუდოდ, იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელია“.

„კორონავირუსულმა პანდემიამ დაანგრია ნავთობწარმოება, გამოიწვია ბენზინზე, საავიაციო და დიზელის საწვავებზე მოთხოვნის სწრაფი და უპრეცედენტო დაცემა. ამას დაამატეთ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის „ფასების ეპიკური ომი“ და ამერიკული ნავთობკომპანიების ბალანსებზე არსებული უზარმაზარი დავალიანებები“, — აღნიშნავენ Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსები.

ამ ყველაფერთან ერთად ამერიკელი მეფიქალეები შესაძლოა იოლ ნადავლად იქცნენ მათთვის, ვინც კომპანიების შერწყმა–შთანთქმაზე ნადირობს.

უმთავრესი საფრთხე ჩინეთიდან მომდინარეობს — მისი აღდგენის გზაზე დამდგარი ეკონომიკითა და გაიაფებული უცხოური აქტივების მიმართ ინტერესებით.

ამერიკული ნავთობსაბადოების საშუალო ფასი ორჯერ შემცირდა მას შემდეგ, რაც ერთი ბარელი 60 დოლარი ღირდა: 42 ათასიდან 20 ათას დოლარამდე. და ვაშინგტონში ძალიან უფრთხიან ჩინეთის შეჭრას რღვევად ენერგეტიკულ სექტორში.

„მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან პრობლემური ფიქალური კომპანიებისა შესყიდვა ტეხასში, და არა მარტო ტეხასში, სერიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, — მიაჩნიათ ტეხასელ ნავთობ–მარეგულირებლებს.

მართალია, ჩინელების მიერ კომპანიების შთანთქმა ნაკლებსარწმუნოა — ამას მთავრობა არ დაუშვებს, მაგრამ არსებობს შემოვლითი გზები. მაგალითად, არასტრატეგიული აქტივების ნაწილის შესყიდვა ან ერთობლივი საწარმოების შექმნა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

45
Су-35

„სტანდარტული ოპერაცია“: სამხედრო ექსპერტმა ამერიკული გამანადგურებლის ჩაჭერა შეაფასა

43
(განახლებულია 19:38 27.05.2020)
მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ხმელთაშუა ზღვის თავზე სახიფათოდ ჩაიჭირა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი Poseidon P-8A.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის გაცილება ხმელთაშუა ზღვის თავზე — ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და რუს მფრინავებს საჰაერო ხულიგნობა არ ჩაუდენიათ, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ იგორ კოროტჩენკოს. 

მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ხმელთაშუა ზღვის თავზე სახიფათოდ ჩაიჭირა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი Poseidon P-8A. ამერიკელმა სამხედროებმა რუსული ეკიპაჟის მოქმედება არაპროფესიონალიზმად შეაფასეს: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელთა თქმით, Су-35-ებმა P-8A ორი მხრიდან მოიმწვდიეს, რითიც ხელს უშლიდნენ „უსაფრთხო მანევრირებაში“.

„ამერიკელებს ყოველ ჯერზე ძალიან ნერვიული რეაქცია აქვთ, როდესაც ჩვენი გამანადგურებლები რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მათი მზვერავი თვითმფრინავის ყოფნის მიზნებს არკვევენ. აშშ-ს უკვე დაავიწყდა საერთაშორისო სამართალი და მიაჩნია, რომ ის მსოფლიოში ერთადერთი ჰეგემონია“, — განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას კოროტჩენკომ.

ექსპერტის აზრით, რუსულმა Су-35-ებმა „სრულიად სტანდარტული“ ოპერაცია ჩაატარეს უცხოეული მზვერავი თვითმფრინავის საიდენტიფიკაციოდ, რომელიც რუსულ სამხედრო ობიექტებს მიუახლოვდა სირიაში. 

  • „ამერიკული მზვერავი თვითმფრინავისთვის ჩვენი სამხედრო-კოსმოსური ძალების ოპერაციას არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. ჩვენ გამოცდილი და პროფესიონალი პილოტები გვყავს. ისინი საჰაერო ხულიგნობით კი არ არიან დაკავებული, არამედ თავიანთ ამოცანებს ასრულებენ საერთაშორისო სამართლისა და შესაბამისი სარეგლამენტო დოკუმენტების შესაბამისად“, — განმარტა ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მე-4 არმიის ყოფილმა სარდალმა ვალერი გორბენკომ სააგენტოსთან საუბრისას ივარაუდა, რომ ღია ცის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის პარალელურად ასეთი ინციდენტები შესაძლოა გახშირდეს.

მისი აზრით, შეერთებული შტატები შეეცდება, რომ რუსეთის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მზვერავი თვითმფრინავების დახმარებით შეავსოს და, ამასთან, დაძაბოს ვითარება საინფორმაციო სივრცეში.

43
თემები:
რუსეთი დღეს
დაკეტილი მაღაზიები აბანოთუბანში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი

78679
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 738 ადამიანს შეადგენს, აქედან 573 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78679
თემები:
COVID-19 საქართველოში