საფონდო ბირჟა

ექსპერტის მოსაზრება: ვინ მოიგებს ნავთობის ომს?

114
(განახლებულია 20:20 22.04.2020)
უპრეცედენტო სიტუაცია, რომელიც ნავთობის უარყოფითი ფასების გამოა შემქნილი, არაფერს ამბობს ნავთობის ბაზრის მომავალზე

ივან დანილოვი

მაგრამ ბევრს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ დააკორექტირებს ნავთობის ბაზარი ამერიკული ფიქალური ნავთობკომპანიების ამბიციებს, რომლებმაც არ ისურვეს „ნავთობის ალიანსის“ ― OPEC +-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, საბანკო ანალიტიკოსები (მათ შორის, წამყვანი ამერიკული და ევროპული ბანკების ანალიტიკოსები) გვაფრთხილებდნენ იმის შესახებ, რომ ნავთობის ფასები შეიძლება „უარყოფით ზონაში“ აღმოჩენილიყო და რომ  შედეგები ძალიან მძიმე იქნებოდა. უფრო მეტიც, მედიაში აქტიურად განიხილებოდა, რომ ნავთობმოპოვების უპრეცედენტო შემცირება, რომელსაც მაისში განახორციელებენ საუდის არაბეთი, რუსეთი და OPEC +-ის სხვა მონაწილეები, არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ მოკლევადიან პერიოდში ნავთობზე ფასების გამოსასწორებლად, და რომ მათი სტაბილიზაციისთვის, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, ამერიკის ნავთობის სექტორისგან დახმარება გახდებოდა საჭირო.  სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამერიკელ ჩინოვნიკებს, ისე  თვით ფიქალური კომპანიების ხელმძღვანელებსა და მფლობელებს შორის, გამოჩნდნენ საღად  მოაზროვნეები, რომლებიც ოფიციალურად ან არაოფიციალურად უჭერდნენ მხარს  შეერთებულ შტატებში ნავთობმოპოვების შემცირების ორგანიზებას OPEC +-ის გარიგების დადებასთან ერთად ან მისი დადების  შემდეგ ― ეს სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, რომ საუდის არაბეთისა და რუსეთის მენავთობეები ამერიკული სისუსტით არ ისარგებლებენ. 

თუმცა, საღი აზრისა და ფხიზელი გათვლის მომხრენი უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ხოლო შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა G20-ის „ვირტუალურ სამიტზე“ განაცხადა, რომ აშშ-ში ნავთობის მოპოვების დონე ბაზარს დააკორექტირებს, და რომ 2020 წლის ბოლოს, იმის მიხედვით, თუ რომელი პროგნოზული მეთოდი აღმოჩნდება სწორი, სადღეღამისო მოპოვება „ნებაყოფლობა-ძალდატანებით“ დაეცემა 2 ან 3 მილიონი ბარელით. ამგვარი შემცირება იქნება აშშ-ის ნავთობმოპოვების დაახლოებით მეოთხედის ბაზრიდან გასვლის ექვივალენტი.

G20-ის სამიტზე აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის მშრალ მოხსენებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრები კი არ ყოფილა (სავარაუდოდ, ზუსტი განსაზღვრის მეთოდი იმისა, 2020 წლის ბოლომდე აშშ-ში რა მოცულობის მოპოვება განადგურდება, საერთოდ არ არსებობს), არამედ ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ნავთობმოპოვება. ვაშინგტონის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ამას ბაზარი გააკეთებს და ეს სრულიად აწყობთ, მაგალითად საუდის არაბეთის წარმომადგენლებს, რომელიც ახლა G20-ის ჯგუფის თავჯდომარეა. მთელი საქმე ისაა, რომ საუდელი და რუსი მენავთობეები და ჩინოვნიკები, განსხვავებით ბევრი ფსევდოექსპერტისგან, რომლებმაც აშშ-ის OPEC +-ზე  გამარჯვება გამოაცხადეს, კარგად ჰქონდათ წარმოდგენილი, თუ როგორი იქნებოდა იძულებითი შემცირების „საბაზრო“ მექანიზმი.

ის განმეორებადი საფასო კატასტროფის მსგავსი იქნება (საჭიროების შემთხვევაში ― ყოველთვიურად)  ამერიკის ბაზარზე ნავთობის ფიუჩერსებზე ― უარყოფითი ფასების შესაძლო გამეორებით, რასაც გამოიწვევს როგორ ამერიკის ნავთობბაზრის კონსტრუქციის თავისებურებები (პირველ რიგში!), ისე ამერიკელი მეფიქალეების ქმედებები, რომლებმაც ფედერალურ ხელისუფლებასა და ტეხასის სახელმწიფო რეგულატორებთან „არ მოინდომეს საკითხის კარგი გზით მოგვარება, და გამოვიდა ცუდი გზით“. 

ამერიკული ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსი დამიენ კურვალენი, რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ იწინასწარმეტყველა ნავთობზე ნეგატიური ფასები, მათ შორის, აშშ-ში, განმარტავს, რა მოხდა (ციტატა ZeroHedge-დან):

„მაისის ფიუჩერსებზე ხელშეკრულება  WTI-ის მარკის ნავთობზე ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ვადა ამოეწურა 21 აპრილს. ამის შემდეგ გრძელი პოზიციის ნებისმიერი მფლობელი ვალდებული იქნება, მაისის განმავლობაში ნედლი ნავთობი კუშინგში მიიღოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი, რომელიც მაისის WTI კონტრაქტს გააფორმებს, იძულებული გახდება  გაყიდოს ეს პოზიცია (ნებისმიერ ფასად) 21 აპრილამდე, რათა საჭიროების შემთხვევაში კუშინგის საცავებში ბარელებისთვის ადგილის ძებნა არ მოუხდეს, რომელიც, სავარაუდოდ, იმ დროისათვის მთლიანად შეივსება (ის უკვე 77%-ზე შეივსო, რაც საცავში მაისის პირველი კვირისთვის ადგილის დეფიციტზე მიუთითებს)“.

ამ ლოკალური ლოჯისტიკური და სასაწყობე კატასტროფის უშუალო შედეგი, რომელიც გამოწვეულია მეფიქალეების სიჯიუტით, აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში არა მხოლოდ ნავთობის მიწოდების ფასისთვის გახდა კოლაფსი, არამედ  ნავთობისთვის, რომელიც ივნისსა და ივლისში ჩაბარდება, თუმცა ვარდნის მასშტაბები იქ არცთუ ისე შთამბეჭდავია და ფასები კვლავ დადებითია. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ამერიკული კომპანიის ნავთობის მიწოდების ფასი მყიდველთათვის უშუალოდ ამ ფიუჩერსულ კონტრაქტთანაა მიბმული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობი საერთოდ არ მიეწოდება კუშინგს, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ამერიკელ ნავთობმომპოვებელთა მნიშვნელოვან ნაწილს. 

         

თანაც არა მარტო და არა იმდენად უარყოფითი ფასებიდან გამომდინარე, რამდენადაც უახლოეს ორ თვეში ფასების მკვეთრი ვარდნისა და აგრეთვე მილსადენებში ნავთობის ჩატვირთვისა თუ მისთვის საცავებში ადგილის მოძებნის პრობლემებიდან გამომდინარე. მსგავსი პრობლემები წარმოიქმნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებშიც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზიანის მასშტაბები შეედაროს იმას, რაც აშშ-ში ხდება, სადაც მენავთობეები საკუთარი ამბიციებისგან მასიურად ზიანდებიან.

კითხვაზე, ვინ გაიმარჯვებს ნავთობის ომში, უნდა აღინიშნოს კანადის სამეფო ბანკისა და ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის სამწუხარო გამოთვლები, რომლებიც კანდური გამოცემის Financial Post-ის ჟურნალისტებმა  შეაჯამეს:

„ვინ იმარჯვებს? ჩრდილოეთ ამერიკაში ნავთობმოპოვების იძულებითი შემცირება შეიძლება 5-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე OPEC +-ის ქვეყნებში... ჩრდილოამერიკელი ნავთობმომპოვებლები დამწუხრებულები არიან, რადგან მოსალოდნელია, რომ ნავთობის „წყალდიდობა“ დაბალ ფასებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს... RBC Capital Markets-ი ელოდება, რომ აშშ-ში ფიქალური ნავთობმოპოვება დღეში 1,5 მილიონი ბარელით შემცირდება... პირიქით, OPEC+-ის ნავთობმომპოვებელთა შორის მხოლოდ ერაყი იქნება იძულებული, დღე-ღამეში დამატებით 300 ათასი ბარელით  შეამციროს მოპოვება, ვენესუელამ კი ― 275 ათასი ბარელით. ჯერჯერობით რუსები და საუდელები, როგორც ჩანს, ბაზრის წილისთვის ომს იგებენ. თუმცა, მათ ეს ძვირი უჯდებათ, რადგან  OPEC +-ის ქვეყნების უმრავლესობა დიდწილად ნავთობის მაღალ ფასებზე არიან დამოკიდებულები... მთლიანობაში, RBC და  Rystad-ის მონაცემების თანახმად,  ჩრდილოეთ ამერიკაში ამ წელში ნავთობმოპოვება შეიძლება შემცირდეს დღე-ღამეში 2,64 მილიონი ბარელით,  ხოლო OPEC +-ის შემცირების მოცულობა დღე-ღამეში დაახლოებით 575 ათას ბარელს შეადგენს“.

დონალდ ტრამპი უკვე პირდება ფიქალურ კომპანიებს რამენაირად დახმარებას, თუმცა ის ადრეც დაპირდა, მაგრამ აშშ-ის კონგრესში ოპონენტებმა მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს, რომელთაგან ზოგი ღიად აღნიშნავს და უხარია მენავთობეთა მასობრივი გათავისუფლებები და ნავთობზე ფასების დაცემა. უახლოეს თვეებში ნავთობის ბაზრის ფასების  პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ეპიდემია დასრულდება, რაც კვლავ გაზრდის მოთხოვნასაც და ფასებსაც. თუმცა იმ მომენტამდე, როგორც დასავლური წყაროები წერენ, შეერთებული შტატებისა და კანადის ნავთობმომპოვებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ ვერ გადარჩება.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

114
არეულობა აშშ-ში

„როგორც ჩანს, რუსები იყვნენ“ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი

37
(განახლებულია 20:30 01.06.2020)
როგორც CNN იუწყება, რუსეთის აგენტების მონაწილეობა სრულიად ამერიკის რბევაში „სავსებით დასაშვებია“. გუშინ, როდესაც არხმა გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც ერთ-ერთი ექსპერტი არეულობაში „რუსი აგენტების“ მონაწილეობას ვარაუდობდა, მას დონალდ ტრამპმა პირადად დასცინა „ტვიტერში“.

ვიქტორ მარახოვსკი

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ტელეარხთან იმაზე ცუდი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ირანს ისრაელთან. და კიდევ: 2016 წელს CNN-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტი არ გამხდარიყო, შემდეგ კი ძალ-ღონე არ დაიშურა „რაშაგეიტის“ ვერსიის გასამყარებლად. ტრამპი, თავის მხრივ, CNN-ს მოიხსენიებს, როგორც Fake news CNN-ს, არ მალავს თავის სიძულვილს არხის მიმართ და სიხარულს მისი რეიტინგის ვარდნის გამო.

სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტს სიამოვნება მიანიჭა სიახლემ იმის შესახებ, რომ დარბევის მონაწილეები ქალაქ ატლანტაში თავს დაესხნენ CNN-ის შტაბ-ბინას, ჩაუმსხვრიეს შუშები და შეძლებისდაგვარად დაამახინჯეს შენობა. ტრამპმა ეს ამბავი „ტვიტერზე“ კვლავ ირონიულად შეაფასა: მომიტინგეებმა დაარბიეს არხი, რომელიც მხარს უჭერს და ამართლებს მათ ქმედებებს.   

ახლა კი ყველაზე საინტერესო: საქმე ისაა, რომ დღეს CNN-ს დაბადების დღე აქვს – მას ორმოცი წელი შეუსრულდა.

არხის განვლილი გზა და მისი დღევანდელი სახე თვალნათლივ გვიამბობს აშშ-ის მსოფლიო ლიდერობის ისტორიას.

ორმოცი წლის წინ ახალგაზრდა და თავხედმა ტედ ტერნერმა დააფუძნა ისტორიაში პირველი ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების მომწოდებელი ქსელი. ეს საინფორმაციო ბიზნესში დიდი გარღვევა და რევოლუცია იყო. თუ გნებავთ, პირველი გაელვება იმ ონლაინისა, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება.

მაშინ, 1980-ში ეს გარღვევა შესამჩნევი იყო, მაგრამ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ – უბრალოდ იმიტომ, რომ დასავლური, კერძოდ კი, ამერიკული რევოლუციები მეცნიერებასა თუ ბიზნესში, პოლიტიკასა თუ სოციალურ ტექნოლოგიებში მაშინ შესაშური სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ტერნერმა დააფუძნა ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების არხი, მომდევნო წელს კი NASA-მ კოსმოსში გაუშვა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი რვაკაციანი ეკიპაჟით, მაშინვე IBM-მა წამოიწყო პირველი სერიული პერსონალური კომპიუტერის გაყიდვა, რიგში კი იდგა უკვე მასობრივი მობილური, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვა მომავლის ხელისუფალი – ინტერნეტი.

თავად აშშ მაშინ XX საუკუნის სულის უდავო გამომხატველი იყო – ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მოწიფული (ამერიკელის საშუალო ასაკი 1980-იანებში 30 წელი იყო), რომელსაც მრავლად ჰყავდა არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საკუთარი გენიოსები, ჯერ კიდევ უმეტესწილად კლასიკური განათლებით, ლიბერალური, ტექნოკრატიული და ამასთან ღრმად მორწმუნე, გამომგონებელი და მტაცებელი. 

CNN რეალობაზე ამ მტაცებელი ამერიკის ზეგავლენის უმძლავრეს ინსტრუმენტად იქცა – და თავისი ძალა მან დაარსებიდან მეთერთმეტე წელს გამოავლინა, როდესაც მთელი პლანეტა მონუსხული უყურებდა უდიდეს შოუს სახელწოდებით „ომი ყურეში“. დედამიწის მოსახლეობის თვალწინ ზეტექნოლოგიურმა ამერიკულმა თვითმფრინავებმა ქაღალდის ფიგურასავით „დაჭმუჭნეს“ ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი არმიის წინააღმდეგობა. შოუმ, რომელიც მაშინ მსოფლიომ იხილა, დედამიწის მოსახლეობის მთელ თაობას ჩაუნერგა რწმენა იმისა, რომ აშშ არის დაუმარცხებელი და შეუჩერებელი ძალა, რომელმაც დანარჩენი კაცობრიობისგან ერთგვარი ხარისხობრივი ნახტომი შეასრულა; რომ დანარჩენი მსოფლიო განწირულია აშშ-ის კუდში დევნისთვის; რომ არავინ უნდა გააღიზიანოს აშშ; რომ ყველამ უნდა დაუჯეროს და მისი მოწყალების იმედი იქონიოს.

როდესაც ერაყის სამხედრო სიძლიერის კვალდაკვალ დედამიწის რუკიდან გაქრა საბჭოთა კავშირი, მისმა ნამსხვრევებმა კი აშშ-ის ერთგულება შეჰფიცეს – ეს გარკვეულწილად ამერიკული XX საუკუნის „ჰეფი ენდი“ იყო. ამ გამარჯვების ერთ-ერთ უდავო გმირს, ტედ ტერნერს სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ცოლად მოეყვანა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეინ ფონდა და მზის ჩასვლას მასთან ერთად შეხვედროდა. რაც ტერნერმა გააკეთა კიდეც.

...მაგრამ მთელი ირონია ისაა, რომ რეალობაში არანაირი „ჰეფი ენდები“ არ არსებობს. რეალობაში არ იწერება ფინალური ტიტრები, ნებისმიერი გამარჯვება და ტრიუმფი დროებითია, რის შემდეგაც ყოველთვის ახალი თავი იწყება.

აშშ-ს კი, რომელმაც XX საუკუნეში მსოფლიოზე გაიმარჯვა, შეიძლება ითქვას, სწორედ „ჰეფი ენდის“ სინდრომი შეეყარა. ანუ მან რეალურად დაიჯერა, რომ კაცობრიობის ისტორიაში დაიწერა ტიტრები და „სიკველი“ არ არის მოსალოდნელი. 

საჩვენებელი ფაქტია: სსრკ-ის დაშლისთანავე ამერიკულმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა მკვეთრად შეუცვალეს პროფილი „რუსეთის საკითხთა სპეციალისტებს“ – რა საჭიროა იმის სპეციალისტი, რაც უკვე აღარ არსებობს და არც არასდროს იარსებებს?

თუმცა, თავად ამერიკული დიპლომატიაც, ვეტერანების შეფასებებით, რაღაც უცნაურ გამარჯვების პიკში მოექცა: კომპრომისებისა და მანიპულაციების მაძიებლების ნაცვლად აშშ-ის დიპლომატიურმა სკოლებმა დაიწყეს „მაღალანაზღაურებადი ფელდეგერების მომზადება, რომლებიც არიგებდნენ ბრძანებებს“ და მიაჩნდათ, რომ თუ ვინმე არ ემორჩილებოდა ამერიკულ ზეწოლას, ეს ზეწოლა უნდა გაეძლიერებინათ.

ამერიკული „რეალობის პულტი“, რომლის დეტალებიც იყვნენ CNN-იც, ჰოლივუდიც, „ფერადი ტექნოლოგიებიც“ და უკვე ახალ საუკუნეში Facebook და Twitter, ასევე ხსენებულ სინდრომს ემსხვერპლა. წინასწარ ცრუ ბრალდებებითა და წარმატებული „ტვიტერ-რევოლუციების“ სერიით რამდენიმე ქვეყნის დასჯის შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრი საბოლოოდ დარწმუნდა: არ არსებობს სხვა რეალობა, გარდა იმისა, რომელსაც აუდიტორიის ტვინში მასობრივად ნერგავენ სპეციალურად გაწვრთნილი ტექნოლოგიური ადამიანები – ფეისბუქის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული გამანადგურებლების მხარდაჭერით.

თუმცა რეალობამ ცხადყო, რომ ის კვლავაც არსებობს და, ზეწოლის მიუხედავად, იპოვის შურისძიების მეთოდს.

„CNN-ის სამყაროსთვის“ აპოკალიფსი მოხდა ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ამერიკულ მედიასფეროში ტოტალური დომინირების მიუხედავად (დაახლოებით 15% 85%-ის წინააღმდეგ, კლინტონის სასარგებლოდ), არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა.

იმისათვის, რასაც ტრადიციულად უწოდებენ ამერიკულ „სიღრმულ სახელმწიფოს“, ეს იყო არასასურველი კანდიდატის გამარჯვებაზე მეტი. ეს იყო დარტყმა „ჰეფი ენდის ეპოქის“ იდეურ საძირკველზე, მართული რეალობის იდეაზე, CNN-ის და The New York Times-ის დაუმარცხებელი კავშირის დოგმაზე. 

შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ „სიღრმული სახელმწიფო“, პრინციპში, არ აღმოჩნდა მზად, უარი ეთქვა პულტით რეალობის მართვაზე და ჩაებღაუჭა ვერსიას რუსების მიერ ამერიკელების მისტიკური გათვალვის შესახებ – „ამ რუსებმა მოგვპარეს ამერიკული პულტი და ამიტომ წავაგეთ“.

ამ მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი სწორედ CNN გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმაში, რასაც ბოლო დრომდე „აშშ-ში ცივ სამოქალაქო ომად“ მოვიხსენიებდით, ახლა კი აღარ ვიცით, შეიძლება თუ არა, ცივი ვუწოდოთ.

...ახლა, ვიდრე აშშ-ის ოცდაათი დიდი ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, დედამიწაზე კი გმირულად გაისმის პირველი კერძო კოსმოსური ხომალდის გაშვების მოწოდებები, შეგვიძლია ვცადოთ იმის წარმოდგენა, როგორ განვითარდება „მედიური“ და ნამდვილი რეალობის ურთიერთობა მსოფლიო ექს-ჰეგემონის ტერიტორიაზე.

ფოკუსი ის გახლავთ, რომ ნამდვილი „სამყაროს დასასრული“ არ არსებობს, ისევე, როგორც ნამდვილი „ჰეფი ენდი“. არ არის აუცილებელი აპოკალიფსი სასიკვდილო იყოს. იქნებ ეს უბრალოდ მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური და, ალბათ, ძალისმიერი ლიდერობის დაკარგვა იყოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის წარუმატებელი ნაწილების ჩაფლობაა ერთგვარ „მესამე სამყაროში“ (აშშ-ში ამჟამად 40 მლნ უმუშევარია და, როგორც ამბობენ, ეს ზედა ზღვარი არ არის) – მთელი თავისი სოციალური შედეგებით. ესაა საზოგადოების განხეთქილება და ქვეყნის დაყოფა ღარიბ პოსტაპოკალიფსურ ტერიტორიებად და მდიდარ იზოლირებულ კუნძულებად, საიდანაც, შესაძლოა, კიდევ უფრო დიზაინერული რაკეტები გაუშვან. სადღაც მთელი ქალაქები გადავლენ სოიოს ალაფზე, სადღაც კი უზარმაზარი ბიუჯეტის მქონე თავბრუდამხვევ სრულყოფილ ბლოკბასტერებს გადაიღებენ.

უბრალოდ აღარ იარსებებს ის ამერიკა, რომელმაც ოდესღაც „სფეის შატლი“ გაუშვა და რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ ახსოვს CNN-ის დამფუძნებელს, 81 წლის ტერნერს.

თუმცა ფაქტი არ არის, რომ ახსოვს: ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მან აღიარა, რომ დემენცია აწუხებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

37
წინასაარჩევნო პლაკატები

საარჩევნო ბატალიების მოლოდინში: ბრძოლა სუპერ-მაჟორიტარობისათვის „ინ ექშენ"

74
(განახლებულია 07:24 30.05.2020)
უკვე გაირკვა, რომ ძალიან მალე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს და სავარაუდოდ, 29 ივნისისათვის ახალი საარჩევნო კოდექსი გვექნება.

ცვლილებების მიხედვით, 31 ოქტომბერს საქართველო ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი გვეყოლება. ეს სისტემა აჩენს შანსს პატარა პარტიებისათვის, ვისაც 14-15 ათასი მომხრე მაინც ჰყავს, მოხვდეს საქართველოს პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტოს, ვის და რას შეუერთდეს.

ვინაიდან არჩევნების ტონს, როგორც წესი, თბილისი განსაზღვრავს, დავიწყოთ თბილისით:

დღეს თუ თბილისს 22 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რითაც 2016 წელს შესანიშნავად ისარგებლა კახი კალაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თბილისს 8 რჩეული ეყოლება პარლამენტში. ნუ, თუ მთლად დიმიტრი გელოვანები ვერა, ნაკლები მაინც არ უნდა იყვნენ.

ქართული ოცნებიდან გამოსული და მედიაში გავრცელებული ხმებით, 8 ადგილიდან 6-ს კახი კალაძე ითხოვს და არჩევნების მოგებაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ამჯერადაც სრული კარტ-ბლანში მისცენ.

თბილისში ნამდვილად არაა მარტივი სიტუაცია და კალაძის გარდა საკუთარი გუნდი გახარიასაც ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ პარტიის თავმჯდომარეზე.

რაც შეეხება რეგიონებს. გამოკვეთილია, რომ რაჭა-ლეჩხუმში ფსონს პარტია ისევ გოჩა ენუქიძეზე დადებს.

მართალია, ენუქიძე „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ იყო და „ქართული ოცნებიდანაც“ მაჟორიტარი, მაგრამ

მთავარი აქ მაინც მისი კარგი ურთიერთობაა ხალხთან და დიდი ფინანსები. თავად ენუქიძე, ოქრიაშვილის მსგავსად, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. პირიქით, ყველა პარტია მას ეკუთვნის.

ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ახლაც სამეგრელოში იქნება. ზუგდიდში შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ სანდრა რულოვსის ან ნიკა მელიას კანდიდატურები დააყენოს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას და პრემიერის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურები განიხილება.

რთული იქნება პარლამენტის გადმოტანით გულნატკენი ქუთათურების გულის მოგება. ამიტომ აქ ხელისუფლებამ განსაკუთრებით კარგი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. თანაც, ქუთაისში გავლენები ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძესაც აქვთ.

საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტად შესაძლოა ეკატერინე ტიკარაძე დასახელდეს.

დიდი კონკურენციაა თერჯოლა-ტყიბული-ბაღდათი-ზესტაფონის მიმართულებით. ამბობენ, რომ აქ თავად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც თერჯოლელია. თუმცა, არც თერჯოლა-ტყიბულის მოქმედი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დავიწყება შეიძლება, რომელიც მსხვილი შემოწირულობებით ებრძვის კორონას და იმერლების სიღარიბეს.

შედარებით დიდი და ღირსეული არჩევანი აქვთ სვანებს: ვიქტორ ჯაფარიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი „ოცნების“ მკაფიო სახეები არიან თუ ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია, სულ მალე გაირკვევა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნება კახეთის ირმა ინაშვილისთვის დათმობას აპირებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენების ფონზე ეს საეჭვოა.

დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი მცხეთა-თიანეთში, სადაც „ლელოს“ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დაყენება სურს, „ქართულ ოცნებას“ - ზაქარია ქუცნაშვილის და დამოუკიდებლად კიდევ თამაზ მეჭიაური ემზადება.

ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია საარჩევნო ბატალიებისა. 2-3 კვირაში კონსულტაციები დასრულდება და კანდიდატებიც აქტიურ მუშაობას უნდა შეუდგნენ.

 

74
ლაბორატორია

ზახაშვილი: „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებით ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

0
(განახლებულია 11:15 02.06.2020)
საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა –  ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა –  ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

ზახაშვილის განცხადებით,  „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი ან მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფებიან.

„აღნიშნული პირები ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან, აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია. პროცესი სრულად მართვადია, შესაბამისად ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვის საკითხი არ დგას და არც განიხილება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, რამდენიმე ადამიანმა  საკარანტინო სივრცეებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ გადასვლის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან, როგორც გაირკვა, ისინი იმ  კორპუსის მიმდებარედ ცხოვრობენ, სადაც კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა.

ამ დროისათვის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსი უკვე 23 ადამიანს დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 796 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია  634,  გარდაცვლილი - 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში