Су-35

მოსაზრება: რას ეძებენ ამერიკელები? რუსულმა Су-35-მა აშშ-ის მზვერავი-თვითმფრინავი ჩაიჭირა

74
(განახლებულია 13:08 22.04.2020)
ამერიკული სამხედრო დაზვერვის თვითმფრინავების გახშირებული ფრენები სირიის საზღვრებთან მიუთითებს აშშ-ის გეგმებზე, შეინარჩუნოს სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ახლო აღმოსავლეთში

ალექსანდრ ხროლენკო

რასაკვირველია, რუსული სამხედრო ბაზების უსაფრთხოება და ბრძოლისუნარიანობა შეუთავსებელია ხმელთაშუა ზღვის სირიის სანაპიროსთან აშშ-ისა და ნატოს მზვერავი თვითმფრინავებისთვის „გახსნილ ცასთან“.

ერთი კვირის განმავლობაში რუსული Су-35-ის მიერ ამერიკული მზვერავი-თვითმფრინავის - „პოსეიდონის“ რამდენჯერმე აღმოჩენა ყველაფერს ნათელს ჰფენს. რეგიონში 2015 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა და არა პენტაგონის სასარგებლოდ. ობიექტური რეალობა და რუსული სტრატეგიული (გრძელვადიანი) სამხედრო მონაწილეობა დასავლეთში გაღიზიანებას იწვევს. 

ბოლო დროს აშშ-მ რამდენჯერმე გამოხატა უკმაყოფილება ხმელთაშუა ზღვის თავზე, ამერიკული მზვერავი თვითმფრინავების - „პოსეიდონის“ მახლობლად (25 ფუტის მანძილზე) რუსული Су-35-ის ფრენების გამო. მსგავსი შეხვედრები „ცხელ“ რეგიონში აშკარად გახშირდა. რა არის ამის მიზეზი და ვინ არის დამნაშავე? 

პენტაგონმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მფრინავებს „ღია ზღვაში და მის თავზე ინციდენტების აღკვეთის შესახებ“ 1972 წლის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა, რაზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ ხეიმიმის საავიაციო ბაზიდან Су-35-ის აფრენა გამოიწვია ამერიკული თვითმფრინავის მიახლოებამ სირიაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო-საზღვაო ობიექტთან.

რუსეთის სამხედრო უწყებაში არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ რუსული ავიაციის ფრენები სრულდება საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მფრინავები ცაში „არ ხულიგნობენ“. Су-35-ის მანევრები აშშ-ის მზვერავ თვითმფრინავებს უთითებენ, საით არ უნდა გაფრინდნენ. ამერიკელმა მფრინავებმა შესანიშნავად იციან ხმელთაშუა ზღვის თავზე „სახიფათო მანევრების“ შესრულების მიზეზები. მარტის დასაწყისში აშშ-ის გამანადგურებლები ოთხი საათის განმავლობაში აცილებდნენ რუსულ თვითმფრინავს Ту-142-ს ალასკის მახლობლად ნეიტრალური წყლების თავზე.

მიზნები და საშუალებები

სამხედრო-პოლიტიკური რეალობა იმგვარია, რომ რეგიონში, სადაც დღეს ამერიკული მზვერავი თვითმფრინავები დაფრინავენ, ხვალ შეიძლება Tomahawk-ის რაკეტები გამოჩნდნენ (პენტაგონში მათი რაოდენობა 5 ათასამდეა). სირიაში ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა (2017 წლის აპრილში).

Boeing P-8A Poseidon-ს „საპატრულოს“ და „გემსაწინააღმდეგოს“ უწოდებენ, მაგრამ მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა. თვითმფრინავს ხმელთაშუა ზღვის თავზე შეუძლია ხმელეთზე დისლოცირებული სამხედრო ობიექტების რადიოტექნიკური დაზვერვა. ამას წინათ „პოსეიდონი“ აღიჭურვა საძიებო რადარით - Advanced Airborne Sensor-ით, რომელიც ხმელეთზე სამიზნის აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. მრავალმიზნიანი რადიოლოკატორი Raytheon AN/APS-137D „ხაზავს“ ადგილის დეტალურ რუკებს, პოულობს სამიზნეს ჰაერსა და წყლის ზედაპირზე. 

თვითმფრინავს შეუძლია საბრძოლო ამოცანების ფართო სპექტრის გადაჭრა თანამედროვე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსის - Smiths Aerospace-ის წყალობით. საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში „პოსეიდონი“ აღჭურვილია არა მხოლოდ ბომბებით ან Mk.54 ტორპედოებით, არამედ მაკორექტირებელი SLAM-ER ავიაბომბებით, რომლებიც იმართება გემსაწინააღმდეგო AGM-84K Harpoon რაკეტებით, AGM-65 Maverick რაკეტებით და AIM-120 AMRAAM რაკეტებით, რომლებიც გამანადგურებლებთან საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას იძლევა. შემთხვევითი არ არის ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა The National Interest-ის შენიშვნა: „კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, ეს თვითმფრინავები შეასრულებენ ყაჩაღობით დაკავებული წყალქვეშა გემების აღმოჩენისა და განადგურების, ასევე მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების გადაადგილების თვალთვალის უმნიშვნელოვანეს ამოცანას“. 

ამერიკელების პროტესტი ამ ფონზე აშკარად უადგილოა. საბრძოლო დაზვერვის მისიის აღკვეთა რუსული სამხედრო ბაზების მიმართ ტურბულენტობის მეთოდით P-8A Poseidon-ის ეკიპაჟისთვის (ცხრა ადამიანი) - ყველაზე ნაკლები ბოროტებაა გამანადგურებელ Су-35-თან საბრძოლო მორიგეობის ზონაში შეხვედრის დროს.

თუ შეერთებული შტატები ეცდება, მომავალშიც არ შეიმჩნიოს რუსეთის ინტერესები რეგიონში, უსიამოვნო შეხვედრები ცაში, ზღვასა და ხმელეთზე ალბათ გაგრძელდება. რეგიონში აშშ-ის დაკარგული ერთპიროვნული გავლენა უკვე აღარ დაბრუნდება, თუმცა ვაშინგტონი ცდილობს საქმის გამოსწორებას იორდანიაში, სირიის მახლობლად, F-35A გამანადგურებლების დემონსტრაციულად გადასროლით.

რუსეთი - საიმედო დამცველი 

სირიის მიწაზე ლეგიტიმურადაა განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები ხმეიმიმსა (საჰაერო-კოსმოსური ძალები) და ლატაკიაში (სამხედრო-საზღვაო ძალები). აქ თავმოყრილია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტები, გამოყენებულია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უახლესი ნიმუშები, საზღვაო მფრინავი რაკეტები და საჰაერო მფრინავი რაკეტები, საბრძოლო მანქანები „ტერმინატორი“, აქვე გამოიცადა „არმატას“ Т-14 ტანკები.

პერიოდულად სირიაში მოქმედებენ ნატოს რადარებისთვის შეუმჩნეველი უახლესი საავიაციო Су-57 კომპლექსები. ეს ყველაფერი დასავლელი სტრატეგების არაჯანსაღ ინტერესს იწვევს. თანაც ინტერესს იწვევს არა იმდენად ტექნიკური მახასიათებლები, არამედ ობიექტების განლაგების ადგილები და კოორდინატები.  

რუსეთის ძალებისა და მაღალი ტექნოლოგიების კონცენტრაციის რაიონებს ესაჭიროება საიმედო დაცვა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ამიტომ სირიის მიწაზე მუდმივად მორიგეობენ საზენიტო სარაკეტო სისტემები С-400 „ტრიუმფი“, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები С-300 „ფავორიტი“ და სხვ.

სამხედრო მუქარასა და ხმელთაშუა ზღვაში ძალის აშკარა დემონსტრირებას რუსეთი ანალოგიურად პასუხობს. რუსეთს ფედერაციის ჯარები სირიის ტერიტორიაზე რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალური თხოვნის საფუძველზე იმყოფება, ხოლო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის გემები და ავიაცია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში - საკუთარი ინიციატივით. სირიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებიც არავის დაუპატიჟებია.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

74
აშშ-სა და ჩინეთის  დროშები

გადაწყდა: ჩინეთს ათნი მოახრჩობენ დაუძახებენ თუ არა რუსეთს?

154
(განახლებულია 18:35 05.08.2020)
ჩინეთთან ცივი ომის გარდაუვალობის ფონზე, რომელიც, დიდი ალბათობით, სანქციებსაც გაითვალისწინებს, ეკონომიკური კავშირების შეზღუდვასაც, ორმხრივ შპიონაჟსაც და, შესაძლოა, კონფრონტაციის ძალისმიერ ფორმასაც, დასავლელი ექსპერტები პეკინზე გამარჯვების ჯადოსნური მეთოდის ძებნას იწყებენ

ივან დანილოვი

„ჩინური დრაკონის მოხრჩობის“ ყველა ვარიანტი, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით განიხილავენ ვაშინგტონში, ლონდონსა თუ ბრიუსელში, რაღაც ფართო ანტიჩინური კოალიციის შექმნას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ კოლექტიური ძალისხმევით მოხდეს ჩინეთის იზოლირება, გაუვნებელყოფა და დაჩოქება დაახლოებით ისეთივე სქემით, როგორიც სსრკ-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის გამოიყენებოდა.

მაგრამ თუ რაღაც მიმართულების მიმცემი პრინციპების დონეზე არანაირი მრავალფეროვნება არ შეინიშნება, ამ პრინციპების განხორციელების დონეზე სერიოზული პრობლემა ჩნდება, რომლის გადაჭრის დროსაც პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიპლომატებსა თუ ანალიტიკოსებს „შუბები ემსხვრევათ“.

საქმე ისაა, რომ ზოგ ევროპულ დედაქალაქში და აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებში უკვე იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირისა და (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ასევე აზიის ზოგი ქვეყანა რატომღაც არ იწვიან სურვილით, მონაწილეობა მიიღონ ახალ ცივ ომში ჩინეთის წინააღმდეგ — აშშ-ის პაიკების რანგში. უფრო მეტიც, მათ არ სურთ ფული იხადონ ამერიკის გამარჯვებისთვის ამ ომში (რაც იმ მუდმივ სკანდალებში გამოიხატება, რომ გერმანია და საფრანგეთი უარს ამბობენ თავიანთი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის ორი პროცენტის გადახდაზე „ამერიკულ სამხედრო საფარველში“) და ისინი მზად არც კი არიან, მაშინვე დაეთანხმონ, მაგალითად, ევროკავშირში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ აღჭურვილობის სრულ აკრძალვას, რაც 5G ქსელებისთვისაა საჭირო. ეს კი წარმოუდგენლად აბრაზებს „ანტიჩინურ ქორებს“ ვაშინგტონსა და ლონდონში.

საკუთარი არმიის ფაქტობრივი შექმნის შესახებ ევროპული განცხადებებისა და მაკრონის დეკლარაციის ფონზე, რომელიც დამოუკიდებელი (ანუ, არც პროჩინური და არც პროამერიკული) საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილს შეეხება, ჩნდება ეჭვები, რომ ფართო ანტიჩინური ალიანსის „შეკოწიწება“ ძალიან რთული და ძვირი იქნება. და ეს ეჭვები მხოლოდ ძლიერდება, მასთან ერთად კი ძლიერდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

ავტორიტეტული ჟურნალი Foreign Affairs, რომელიც გავლენიანი „გონებრივი ცენტრის“ Council on Foreign Relations-ის ეგიდით გამოიცემა, ამ პრობლემისადმი მიდგომის ორ ვარიანტს განიხილავს. მათგან ერთს შეიძლება პირობითად „დონალდ ტრამპის მიდგომა“ ეწოდოს, ხოლო მეორეს — „ბორის ჯონსონის მიდგომა“. იმ კოლოსალური გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც Council on Foreign Relations-ი ახდენს ამერიკული და ასევე ევროპის პროამერიკული ელიტების აზროვნებაზე (თავად „გონებრივი ცენტრი“ რამდენიმე პოპულარული შეთქმულების თეორიის გმირია, რომელთა თანახმადაც, ის ლამის „აშშ-ის ჩრდილოვან მმართველად“ მიიჩნევა), ღირს განვიხილოთ ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკოცენტრული სამყაროს მოწყობის კრიზისისა და „ჩინური პრობლემის“ წარმატებით გადაჭრისთვის გვთავაზობენ — მით უმეტეს, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ Foreign Affairs-ის ახალი სტატია დაიბეჭდა სათაურით „დემოკრატიის საბჭოს მრავალმხრივობის გადარჩენა შეუძლია“, შემოთავაზებული მეთოდები მაინც ვაშინგტონის ფაქტობრივ დომინირებაზეა (მინიმუმ, დასავლურ სამყაროში მაინც) ორიენტირებული, განსხვავება მხოლოდ ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნების მეთოდებშია.

ავტორიტეტული გამოცემის ავტორები სტატიას იმის კონსტატაციით იწყებენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი აშკარად სულს ღაფავს, ხოლო მთავარი საფრთე ამ დროისათვის არის არა კორონავირუსი, არამედ ჩინეთი და რუსეთი.

„მაგრამ კორონავირუსის პანდემიამდეც კი მრავალმხრივი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძლივს უმკლავდებოდა ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებს მსოფლიოში. COVID-19-მა აჩვენა, რომ მეფე შიშველია, მაგრამ რეალურად მეფე მანამდე ძუნწად იყო ჩაცმული რაღაც დროის განმავლობაში.

რამდენადაც მსოფლიო ეკონომიკის სიმძიმის ცენტრმა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა, გლობალური ამბიციების მქონე სტრუქტურებს აღარ შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ამ რეგიონში დამაჯერებელ ლიდერობაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის გარეშე. მაგრამ G7-ში, რომელიც 1973 წლის სანავთობე შოკის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ შედის ევრო-ატლანტიკური რეგიონისმიღმა ერთი წევრი — იაპონია. ხოლო „დიდი ოცეული“, რომელიც აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიქმნა 1997 წელს და თავისი ღირებულება წარმოაჩინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ძალიან შეუთავსებელი აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე საერთაშორისო პრობლემების საიმედოდ გადაჭრის უნარის თვალსაზრისითაც. ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ზიანი მიადგა ჩინეთსა და რუსეთში აგრესიული ავტორიტარიზმის აღორძინებით“.

ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ თეზისამდე: „ყველაფერი დაიღუპა და არაფერი მუშაობს!“

შესაბამისად, შემოთავაზებულია გადაჭრის ორი გზა — ერთი ტრამპის, მეორე — ჯონსონისა.

„ჯონსონი პირველი იყო, ვინც ახალი სტრუქტურის იდეა წამოაყენა. მაისში მან ათი წამყვანი დემოკრატიის ალიანსის შექმნის წინადადება დააყენა, რომელშიც G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა შევიდოდნენ, ხოლო გაერთიანებას D10 დაერქმეოდა — იმისათვის, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში პოლიტიკის კოორდინაცია მომხდარიყო და ჩინური ბაზრის ლიდერის „ჰუავეის“ ალტერნატივა დამუშავებულიყო, რომლის დომინანტმა მდგომარეობამ 5G-ს ტექნოლოგიაში უსაფრთხოებას ყველგან შეუქმნა საშიშროება. ამის შემდეგ მალევე ტრამპმა გადადო G7-ის შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, და მის ნაცვლად G11-ის ფორმატი შემოგვთავაზა შემოდგომის სამიტზე. ჯონსონის წინადადებისგან განსხვავებით, ტრამპის ახალ ჯგუფში, D10-ის ქვეყნებთან ერთად, რუსეთიც უნდა შედიოდეს“.

Foreign Affairs-ის ექსპერტების რეკომენდაციით, ამ კლუბში რუსეთის შეყვანა არ ღირს და ისინი D10-ის ვარიანტს, ანუ ჯონსონის სქემას არჩევენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფრო საინტერესოა თავად ამ რეკომენდაციის მოტივაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს რამენაირად დაარწმუნებენ, რომ ანტიჩინურ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს, ტრამპის სქემა მაინც ცუდი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში — უპერსპექტივოც, იმის გამო, რომ ის უპირველესად ანტიჩინურ დღის წესრიგზე იქნება აგებული. აი ჯონსონის სქემიდან კი თითქოს რაღაც პოზიტიური დღის წესრიგის ამოღება შეიძლება, ანუ რაღაც გამაერთიანებელი იდეისა, რომელიც „ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსის“ შექმნას კი არა, არამედ „ყველაფერი კარგისთვის ალიანსის“ შექმნის საშუალებას გააჩენს.

პოზიტიურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ცარიელი ლოზუნგების ნაკრები მოიაზრება — „დემოკრატია“, „თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებები“. განსაკუთრებით სახალისოა ის, რომ ასეთი პოზიტიური დღის წესრიგის გაჩენა ვაშინგტონის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას საპირწონედ უდგება: „შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოვიდეს აზიური ბანკის (რომელსაც ჩინეთი მეთაურობს) ინფრასტრუქტურული ინვესტიციების წინააღმდეგ, ინიციატივებისა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ და რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. მაგრამ თუ დამაჯერებელ ალტერნატივას არ შესთავაზებენ სხვა ქვეყნებს, მათი დარწმუნება, რომ ისინიც იგივენაირად მოიქცნენ, ძალიან რთული იქნება. ვაშინგტონი ვერ დაამარცხებს რამეს, თუ არაფერს გამოიყენებს“.

ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ იარლიყით „დამზადებულია აშშ-ში“ ვერ შეუცვლის გერმანიას რუსულ გაზს, ხოლო იტალიას — ჩინურ ინვესტიციებს. აქ შეიძლებოდა ამერიკულ ფულს ემუშავა, მაგრამ ვაშინგტონს ასეთი ურთიერთობები არ სჭირდება, თანაც, კონკრეტული მომავალი პრეზიდენტის გვარის მიუხედავად — ბაიდენსაც და ტრამპსაც სჭირდებათ კოლონიები, მაგრამ ევროკავშირის დაბრუნება ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, აღარ გამოვა, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, D10-ის თუ G11-ის ფორმატში. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც აღარაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

154
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ანუ რატომ დაინგრა ქორწინებები პანდემიის დროს

505
(განახლებულია 19:46 04.08.2020)
კრიზისული პერიოდის ეტაპები ურთიერთობაში – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.

წყვილები, რომლებიც გამოირჩევიან ურთიერთშეცნობის მაღალი უნარით, ქმნიან მყარ ოჯახებს. ურთიერთშეცნობა არ გულისხმობს მხოლოდ დადებითი კუთხით ერთმანეთის ხედვას. მსგავს წყვილებს კარგად ესმით ერთმანეთის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლების, იღებენ და უყვართ პარტნიორი ისეთი, როგორიც ის არის.  

„გაიდეალურება“ და ერთანეთის მიმართ არაჯანსაღი, გაზვიადებული მოლოდინები ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზი ურთიერთგაუგებრობის და ერთმანეთისგან გაუცხოების, ვინაიდან მცირედი იმედგაცრუების განცდაც ასეთ დროს კატასტროფად, გამოუვალ მდგომარეობად აღიქმება, რაც უქმნის საფრთხეს მათ მომავალ პარტნიორობას.

წყვილთა შორის უთანხმოების მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის არის განსხავვებული შეხედულებები, გადამეტებული სწრაფვა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, თავისუფალი დროის გატარების განსხვავებული მოთხოვნები, ერთმანეთის პიროვნული გრძნობების, შეხედულებების და ღირსების უპატივცემულობა, ერთმანეთის გაგების, მზრუნველობის და ყურადღების ნაკლებობა, ასევე სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები, ფსიქო-სექსუალური შეუთავსებლობა.

წყვილები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ნებისმიერ პიროვნულ ურთიერთობებს თან ახლავს გარკვეული კრიზისული პერიოდები, რაც კრიზისულ ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ განიხილება, ვინაიდან კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა უფრო ძლიერს და მყარს ხდის ურთიერთობებს.

პირველ კრიზისული პერიოდს წარმოადგენს ურთიერთობის პირველი წელიწადი, როცა ხდება ერთმანეთის უკეთ შეცნობა, „ჩვენ“ კონცეფციის გაცნობიერება. ეს არის პარტნიორთა ურთიერთდაპირისპირების პერიოდი.

მეორე კრიზისული პერიოდი ბავშვის დაბადებას, მშობლების პასუხისმგებლობას, მათი უფლებების და მოვალეობების  შესრულებას ეხება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წყვილის ურთერთობაზე.

მესამე კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს ერთფეროვნების პრობლემა, როცა მნიშვნელოვანი ხდება სიახლის და გარკვეული ცვლილებების განხორციელება ურთიერთობაში.

მეოთხე კრიზისული პერიოდი ხშირად ემთხვევა ხანდაზმულობის პერიოდის დაწყებას, როცა შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებით გამოწვეული მარტოობის განცდა ჩნდება.

პარტნიორები, რომლებიც მეტად აცნობიერებენ ურთიერთობებში კრიზისული პერიოდების არსებობას, როცა ხდება ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებების შეცნობა, ურთიერთპატივისცემა, უპირობო სიყვარული და მიმღებლობა, ეს ყოველივე მყარი ურთიერთობის საფუძველია.

სტატისტიკური მონაცემებით გამოიკვეთა, რომ პანდემიით გამოწვეულ თვითიზოლაციის პირობებში ხშირი იყო განქორწინების შემთხვევები. გარეთ გამოსულმა ბევრმა ქართველმა, პირველი, რაც გააკეთა, საჯარო რეესტრს მიაკითხა და ქორწინების გაუქმება მოითხოვა. სწორედ იზოლაციის დროს ერთმანეთის შეცნობისა და უარყოფითი მხარეების წარმოჩინების, ურთიერთგაუგებრობის და კრიზისული პერიოდის არაჯანსაღად მართვის შედეგად მრავალი წყვილი განქორწინდა.

მნიშვნელოვანია წყვილს ესმოდეს ერთმანეთის წუხილი, აუცილებელია გააცნობიერონ ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებები, პატივი სცენ ერთმანეთის განსხვავებულ შეხედულებებს. მნიშვნელოვანია წყენის არდაგროვება,  ერთმანეთის მოსმენა, გულახდილი საუბარი და მიმდინარე პრობლემის ერთობლივი დაძლევა.

ხშირად გვსმენია ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით რჩევები ბავშვის ყოლის შესახებ – რომ შვილი უფრო მყარს გახდის მათ პარტნიორობას, რაც ყოვლად მიუღებელია. უპირველესად უნდა მოხდეს ერთმანეთის შეცნობა, ურთიერთმიმღებლობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ვინაიდან შვილის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის იზრდებოდეს მოსიყვარულე, თბილ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ჩვენ შეგვიძია ვისაუბროთ წარმატებულ ურთიერთობებზე, რომლებიც სწორედ წყვილის უნარებზეა დამოკიდებული. ეს კი სირთულეების გადალახვის, განსხვავებული აზრის პატივისცემის, ერთმანეთის პირადი სივრცის დაცვის, უპირობო მიმღებლობისა და სიყვარულის შედეგია.

505
რუსთავი

თბილისის შემდეგ რუსთავში: გაეროს განვითარების პროგრამამ მოხუცებულთა სახლს ტექნიკა გადასცა

0
(განახლებულია 15:32 07.08.2020)
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან UNDP პანდემიასთან ბრძოლისა და ამ მხრივ, საქართველოს ხელშეწყობის მოწინავე ხაზზეა.

თბილისი, 7 აგვისტო  — Sputnik.  გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ქალაქ რუსთავის მოხუცებულთა სახლს საჩუქრად სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა, ნათქვამია რუსთავის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

UNDP–იმ ამ დღეებში ანალოგიური ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა თბილისის მოხუცებულთა სახლს.

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და პროგრამის წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი რუსთავის მოხუცთა სახლს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან ერთად ესტუმრა.  

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლუიზა ვინტონმა მოხუცთა სახლს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორი, მაცივრები, გაზქურა, სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა და მინიტრაქტორი გადასცა.

 „კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს უსახლკარო და მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის. ამ  თვალსაზრისით თავშესაფრების რაოდენობა ნამდვილად მისასალმებელია. UNDP-ის მიზანია თავშესაფრების უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, პანდემიის შემდეგ კი გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა, გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით, დანიის მთავრობისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან UNDP პანდემიასთან ბრძოლისა და ამ მხრივ, საქართველოს ხელშეწყობის მოწინავე ხაზზეა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ორგანიზაცია ცვლილებები შეიტანა მიმდინარე პროექტებში, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

0