არმატა

მოსაზრება: რატომ ცდიან სირიაში რუსულ ტანკ „არმატას“

123
(განახლებულია 18:36 21.04.2020)
სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო გარემოში ტანკ Т-14 „არმატას“ გამოცდა მიუთითებს მოსკოვის სწრაფვაზე, დაამტკიცოს რუსული საბრძოლო ტექნიკის უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე.

ალექსანდრ ხროლენკო

„არმატას“ პლატფორმაზე უახლესი ტანკის Т-14-ის ხანგრძლივი გამოცდა რეალური საბრძოლო მოქმედებების პირობებში დასრულდება. ეს არის ძირითადი საბრძოლო ტანკის ფორმირების ოპტიმალური გზა. მასში გამოყენებულია მოწინავე ტექნოლოგიები, უნიკალური ციფრული და პროგრამული გადაწყვეტილებები, გათვალისწინებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული მოთხოვნები. იმის შესახებ, რომ რუსული ტანკი „არმატა“ სირიაში საბრძოლო ვითარებაში გამოიცადა და სერიული მიწოდება 2021 წელს დაიწყება, 19 აპრილს რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა ისაუბრა. 

სენსაციურმა ინფორმაციამ უცხოურ პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „არმატას“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მესამე თაობის ტანკი ჯავშნიანი კაფსულით ეკიპაჟისთვის, რომელიც ჯაბნის ჯავშანტექნიკის ყველა საუკეთესო უცხოურ ნიმუშს, მათ შორის, ამერიკულ Abrams-ს, ფრანგულ Leclerc-ს და გერმანულ Leopard 2-ს. რუსული ტანკი 2019 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს სხვადასხვა განვითარებული სახელმწიფოს 12 მანქანას შორის. მსოფლიოში არ არსებობს „არმატას“ პირდაპირი კონკურენტი თუ ანალოგი. ტანკი შესრულებულია მოდულის პრინციპით, ცალკე განთავსებული ეკიპაჟით (დაჯავშნილ კაფსულაში), საბრძოლო კომპლექტითა და საწვავით, დისტანციურად სამართავი გარეთ გამოტანილი შეიარაღებით. ამასთან, გააჩნია მოდერნიზებისა და რობოტიზების შეუზღუდავი შესაძლებლობები.

საბრძოლო მახასიათებლები

სპეციალისტები „არმატას“ მიიჩნევენ 25-30%-ით უფრო ეფექტურ და გამძლე მანქანად, ვიდრე სავარაუდო მოწინააღმდეგეების ტანკებს. სამკაციანი ეკიპაჟი დაჯავშნილი კაფსულიდან, რომელიც ტანკის კორპუსშია მოთავსებული, დისტანციურად მართავს 125-მილიმეტრიან გლუვლულიან 2А82 ქვემეხს. ამგვარი განლაგების წყალობით ეკიპაჟი დაცულია ტანკის ზედა ნაწილში თანამედროვე და ყველაზე პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და რაკეტების მოხვედრის შემთხვევაშიც. სრულიად ახლებური გადაწყვეტაა მსოფლიოს მასშტაბით.

125-მილიმეტრიანი ქვემეხის გასროლის სიმძლავრე აღემატება ყველა არსებულ სატანკო იარაღს და უზრუნველყოფს წუთში 12 გასროლას. „არმატას“ ოპტიკა მიზანს დღისით 5 კმ-ის სიშორეზე, ღამით კი 3,5 კმ-ის მანძილზე პოულობს. იარაღი, სატანკო ტყვიამფრქვევები და სამიზნეები შესაძლებელს ხდის გასროლას მოძრაობისას. 48-ტონიანი ტანკი ავითარებს 90 კმ/სთ სიჩქარეს. დიზელის ძრავის სიმძლავრეა - 1500, 2000 საათის მოტორესურსით. მომავალში „არმატას“ მართვა დისტანციურად იქნება შესაძლებელი, ანუ ტანკი იმოძრავებს ეკიპაჟის გარეშე. უნივერსალურია „არმატას“ მუხლუხოს პლატფორმაც. 

ტანკ „არმატას“ ტრადიციული პასიური დაცვა „მალაქიტი“ შევსებულია აქტიური დაცვის კომპლექსით „აფგანიტით“, რომელიც ავტომატურად - ეკიპაჟის უშუალო მონაწილეობის გარეშე - ანადგურებს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს, ბომბებსა და რაკეტებს. „აფგანიტის“ რადიოოპტიკური რადარი აფრთხილებს „ტანკის ინტელექტს“ საფრთხეების შესახებ, შემდეგ კი რადიოელექტრონულ დამხშობ სისტემას მოწინააღმდეგის რაკეტები მწყობრიდან გამოჰყავს. „აფგანიტს“ შეუძლია სამიზნის ფიზიკურად განადგურებაც, რეზერვში კი რჩება დინამიკური დაცვა „მალაქიტი“. ტანკის არც ისე მარტივი სილუეტი საგრძნობლად ამცირებს ობიექტის აღმოჩენის შესაძლებლობას თბურ და რადიოლოკაციურ სპექტრებში.

გადაიარაღება და ექსპორტი

რუსეთის არმიას 2300 ერთეული „არმატას“ ტანკი სჭირდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს ყოველწლიურად 200 ტანკის შეძენას.

„არმატას“ პლატფორმაზე ტანკის გამოცდა დასრულდება 2020 წელს. ახალი საბრძოლო მანქანა წარმატებით გამოიცადა არქტიკაში, სირიაში და სხვა მკაცრი ბუნებრივი პირობების მქონე ადგილებში (-50 გრადუსიდან +50 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურის დიაპაზონში). დამტკიცებულია ამ უახლესი, რევოლუციური სისტემის სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტურობა. კანონზომიერია პოტენციური უცხოელი მყიდველების დაინტერესებაც.

აღსანიშნავია, რომ „არმატა“ ძვირადღირებული ტანკია. ერთი ერთეული 7 მლნ დოლარამდე ფასობს, რაც განპირობებულია მაღალტექნოლოგიური კონსტრუქციით, გამოცდის მნიშვნელოვანი ციკლითა და მოდერნიზებით. თუმცა სრულყოფილი იარაღი თანამედროვე მსოფლიოში შეუცვლელი ინსტრუმენტია მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის და მოსკოვს უკვე მიღებული აქვს წინასწარი განაცხადები Т-14-ის შესაძენად (მოლაპარაკებები გაიმართა ეგვიპტესთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან). ტანკის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდება მას შემდეგ დაიწყება, რაც „არმატა“ რუსულ არმიაში გამოჩნდება.

როგორც არ უნდა იყოს, ტანკი Т-14 რუსულ იარაღს პლანეტის არაერთ ცხელ წერტილში გაუთქვამს სახელს. „არმატაში“ გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები აქტუალობას მთელი XXI საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნებს. შემთხვევით ხომ არ დაუყენებიათ უცხოელ ექსპერტებს ეს ტანკი პირველ ადგილზე რუსეთის სახმელეთო იარაღის სავარაუდო მოწინააღმდეგისთვის ყველაზე საშიში შეიარაღებების სიაში. გერმანიისა და საფრანგეთის სამხედრო უწყებები კი ცდილობენ „არმატას“ ღირსეული კონკურენტის შექმნას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

123
ნავთობსაქაჩი

მოსაზრება: აშშ შესაძლოა საკუთარი ნავთობის გარეშე დარჩეს

45
(განახლებულია 18:14 28.05.2020)
ამერიკელები ნავთობმოპოვების რეკორდული ჩამოშლის ზღვარზე აღმოჩნდნენ. გაზისა და ნავთობის საბურღი დანადგარების რაოდენობა ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, კომპანიები მასობრივად აცხადებენ გაკოტრების თაობაზე და მუშაობას აჩერებენ.

ნატალია დემბინსკაია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დაკარგოს ფიქალური დარგი, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება. რატომ იყო კოლაფსი გარდაუვალი?

საბურღების რეკორდული შემცირება 

2019 წელს, გადაუსწრეს რა რუსეთსა და საუდის არაბეთს, ამერიკელები ლიდერები გახდნენ ნავთობმოპოვებაში — ფიქალური ნავთობის წყალობით. 70 წლის განმავლობაში აშშ შავი ოქროს ნეტო–ექსპორტიორი გახდა.

„ნავთობმრეწველობას სიურპრიზები ახასიათებს — ფიქალურმა რევოლუციამ თავდაყირა დააყენა ნავთობის ფასები, წარმოება და სავაჭრო ნაკადები“, — განაცხადა მაშინ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში და კონსალტინგური კომპანია Rapidan Energy-ს პრეზიდენტმა ბობ მაკენლიმ.

მაგრამ ფიქალურ დარგს მკვეთრ შენელებას უწინასწარმეტყველებდნენ: რეკორდის საფასური ჭაბურღილების გამოფიტვა, ინფრასტრუქტურისთვის უზარმაზარი დანახარჯები და კაპიტალდაბანდებების უკმარისობა გახდა.

ვარაუდობდნენ, რომ პრობლემები 2021 წელს დაიწყებოდა, მაგრამ კორონავირუსულმა პანდემიამ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა და ნავთობის კოტირებები ჩამოშალა. ამან პირველ რიგში ვალებში ჩაფლული მეფიქალეები დააზარალა, რომლებიც ინვესტიციების მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ.

მაისის ბოლოს ნავთობისა და გაზის სერვისულმა კომპანია Baker Hughes-მა განაცხადა, რომ მოქმედი საბურღი დანადგარების რაოდენობა აშშ-ში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მწყობრში მხოლოდ 318 ერთეული დარჩა, როცა ერთი წლის წინ მათი რაოდენობა 983 იყო.

მოპოვებების მესამედი დაიკარგება

ShaleProfile Analytics-ის პროგნოზით, აშშ ფიქალური ნავთობმოპოვების მესამედს იზარალებს. 

კრიზისმა დარგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაამწვავა — ჭაბურღილების სწრაფი გამოფიტვა ტექნოლოგიის თავისებურებების გამო. ბურღვის დასრულებიდან მოკლე ხანში ფიქალურ საბადოებზე მოპოვება ეცემა და ადრინდელ წარმოებაზე საუბარიც აღარ არის. ამის საკომპენსაციოდ გამუდმებით ახალი ჭაბურღილებია საჭირო. მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ეს უბრალოდ შეუძლებელია: კომპანიები მასიურად კოტრდებიან.

Haynes & Boone-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან გაკოტრების პროცედურა 17-მა მწარმოებელმა დაიწყო, რომელთა საერთო დავალიანება დაახლოებით 14 მლრდ დოლარია.

მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფიქალური კომპანია Whiting Petroleum და ასევე ისეთი გიგანტები, როგორებიცაა California Resources და Chesapeake Enеrgy. მაისის ბოლოს სასამართლოში გაკოტრების თაობაზე დოკუმენტაცია წარადგინა კომპანია Unit-მაც.

დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევების თანახმად, ერთ ბარელზე 40 დოლარის ღირებულების პირობებში ერთი წლის განმავლობაში მწარმოებელთა მხოლოდ 15% გადარჩება. მეფიქალეების გადამრჩენელი გაძვირება კი არ ივარაუდება.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს პროგნოზით, Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 2020 წელს 34,31 დოლარი იქნება ბარელზე, და 45,62 დოლარი – 2021 წელს. ხოლო დასავლეთ-ტეხასური WTI 30,10 დოლარი ეღირება მიმდინარე წელს და 43,31 დოლარი – მომდევნო წელს.

აღდგენას წლები დასჭირდება  

შედეგად, ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ში ფიქალური მოპოვება შესაძლოა 5 მლნ ბარელამდე დაეცეს დღე-ღამეში. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ქვეყნის 15-მა უმსხვილესმა ფიქალურმა კომპანიამ ახალი ჭაბურღილების დამუშავებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი საშუალოდ 48%-ით შეამცირა. წარმოების წინანდელ მოცულობებზე დაბრუნებას, პანდემიის გამო მოთხოვნების დაცემის პირობებში, ისინი ვერ შეძლებენ.

„დიდი ალბათობით, წლები გავა, სანამ ისინი ძველ დონეს დაუბრუნდებიან — თუ საერთოდ ოდესმე მოხდა ეს“, — წერს გამოცემა.

ასე რომ, ექსპერტების აზრით, ამერიკელებმა შესაძლოა ლიდერობა დაკარგონ. მათ არც ისე ბევრი ინსტრუმენტი აქვთ საიმისოდ, რომ ეს არ დაუშვან.

„ამერიკა თითქმის გარანტირებულად დაკარგავს პირველ ადგილს წელს, — განუცხადა CNBC-ს სასაქონლო ბაზრების, Emirates-ის ანალიტიკოსმა ედვარდ ბელმა. — და ეს, სავარაუდოდ, იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელია“.

„კორონავირუსულმა პანდემიამ დაანგრია ნავთობწარმოება, გამოიწვია ბენზინზე, საავიაციო და დიზელის საწვავებზე მოთხოვნის სწრაფი და უპრეცედენტო დაცემა. ამას დაამატეთ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის „ფასების ეპიკური ომი“ და ამერიკული ნავთობკომპანიების ბალანსებზე არსებული უზარმაზარი დავალიანებები“, — აღნიშნავენ Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსები.

ამ ყველაფერთან ერთად ამერიკელი მეფიქალეები შესაძლოა იოლ ნადავლად იქცნენ მათთვის, ვინც კომპანიების შერწყმა–შთანთქმაზე ნადირობს.

უმთავრესი საფრთხე ჩინეთიდან მომდინარეობს — მისი აღდგენის გზაზე დამდგარი ეკონომიკითა და გაიაფებული უცხოური აქტივების მიმართ ინტერესებით.

ამერიკული ნავთობსაბადოების საშუალო ფასი ორჯერ შემცირდა მას შემდეგ, რაც ერთი ბარელი 60 დოლარი ღირდა: 42 ათასიდან 20 ათას დოლარამდე. და ვაშინგტონში ძალიან უფრთხიან ჩინეთის შეჭრას რღვევად ენერგეტიკულ სექტორში.

„მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან პრობლემური ფიქალური კომპანიებისა შესყიდვა ტეხასში, და არა მარტო ტეხასში, სერიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, — მიაჩნიათ ტეხასელ ნავთობ–მარეგულირებლებს.

მართალია, ჩინელების მიერ კომპანიების შთანთქმა ნაკლებსარწმუნოა — ამას მთავრობა არ დაუშვებს, მაგრამ არსებობს შემოვლითი გზები. მაგალითად, არასტრატეგიული აქტივების ნაწილის შესყიდვა ან ერთობლივი საწარმოების შექმნა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

45
Су-35

„სტანდარტული ოპერაცია“: სამხედრო ექსპერტმა ამერიკული გამანადგურებლის ჩაჭერა შეაფასა

43
(განახლებულია 19:38 27.05.2020)
მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ხმელთაშუა ზღვის თავზე სახიფათოდ ჩაიჭირა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი Poseidon P-8A.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის გაცილება ხმელთაშუა ზღვის თავზე — ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და რუს მფრინავებს საჰაერო ხულიგნობა არ ჩაუდენიათ, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ იგორ კოროტჩენკოს. 

მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ხმელთაშუა ზღვის თავზე სახიფათოდ ჩაიჭირა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი Poseidon P-8A. ამერიკელმა სამხედროებმა რუსული ეკიპაჟის მოქმედება არაპროფესიონალიზმად შეაფასეს: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელთა თქმით, Су-35-ებმა P-8A ორი მხრიდან მოიმწვდიეს, რითიც ხელს უშლიდნენ „უსაფრთხო მანევრირებაში“.

„ამერიკელებს ყოველ ჯერზე ძალიან ნერვიული რეაქცია აქვთ, როდესაც ჩვენი გამანადგურებლები რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მათი მზვერავი თვითმფრინავის ყოფნის მიზნებს არკვევენ. აშშ-ს უკვე დაავიწყდა საერთაშორისო სამართალი და მიაჩნია, რომ ის მსოფლიოში ერთადერთი ჰეგემონია“, — განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას კოროტჩენკომ.

ექსპერტის აზრით, რუსულმა Су-35-ებმა „სრულიად სტანდარტული“ ოპერაცია ჩაატარეს უცხოეული მზვერავი თვითმფრინავის საიდენტიფიკაციოდ, რომელიც რუსულ სამხედრო ობიექტებს მიუახლოვდა სირიაში. 

  • „ამერიკული მზვერავი თვითმფრინავისთვის ჩვენი სამხედრო-კოსმოსური ძალების ოპერაციას არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. ჩვენ გამოცდილი და პროფესიონალი პილოტები გვყავს. ისინი საჰაერო ხულიგნობით კი არ არიან დაკავებული, არამედ თავიანთ ამოცანებს ასრულებენ საერთაშორისო სამართლისა და შესაბამისი სარეგლამენტო დოკუმენტების შესაბამისად“, — განმარტა ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მე-4 არმიის ყოფილმა სარდალმა ვალერი გორბენკომ სააგენტოსთან საუბრისას ივარაუდა, რომ ღია ცის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის პარალელურად ასეთი ინციდენტები შესაძლოა გახშირდეს.

მისი აზრით, შეერთებული შტატები შეეცდება, რომ რუსეთის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მზვერავი თვითმფრინავების დახმარებით შეავსოს და, ამასთან, დაძაბოს ვითარება საინფორმაციო სივრცეში.

43
თემები:
რუსეთი დღეს
დაკეტილი მაღაზიები აბანოთუბანში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი

78679
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 738 ადამიანს შეადგენს, აქედან 573 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78679
თემები:
COVID-19 საქართველოში