ტელეხიდი ვლადიმირ პუტინსა და სი ცზინპინს შორის

მოსაზრება: ჩინეთი რუსეთს ნავთობის ომში გამარჯვებაში დაეხმარება

85
(განახლებულია 19:25 02.04.2020)
ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა აპრილისთვის სამ მილიონ ტონაზე მეტ რუსულ ნავთობზე გააფორმეს კონტრაქტები.

მაქსიმ რუბჩენკო

ჩინეთის ეკონომიკა კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ აღდგენას განაგრძობს და ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნა იზრდება. თანამემამულე მენავთობეებისთვის ეს შესაძლოა საკვანძო ფაქტორად იქცეს მსოფლიო ბაზარზე ფასების ომში წარმატებისთვის.

ცისქვეშეთი აღორძინების პროცესშია

პანდემიის დამარცხების შემდეგ პეკინში ეკონომიკის მხარდასაჭერი ღონისძიებები გაატარეს. დასწიეს გადასახადები, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები. ჩინეთის სახალხო ბანკმა ბაზრებს დამატებითი ლიკვიდურობა გამოუყო 1,2 ტრილიონი იუანის (170 მლრდ დოლარზე მეტი) რაოდენობით, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ ხელისუფლების ორგანოებს ნება დართო, მიზნობრივი ობლიგაციები გამოუშვან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. 

შედეგად – ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ ორშაბათს განაცხადა, რომ მომარაგების მიმართულების მენეჯერების ოფიციალური ინდექსი მარტში 52,0-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც თებერვალში რეკორდულად დაბალ 35,7-მდე ჩამოიშალა.

წარმოებაში ინდექსი პრაქტიკულად ორჯერ გაიზარდა — 27,8-დან 54,1-მდე, ახალ საექსპორტო დაკვეთებში — 28,7-დან 46,4-მდე. ფაქტობრივად შეწყდა იმპორტული შესყიდვების დაცემა — ერთ თვეში ინდექსმა 31,9-დან 48,4-მდე აიწია.

პირველ რიგში გაიზარდა ენერგომატარებლების ინდექსი, ვინაიდან საწარმოებს, რომლებმაც მუშაობა განაახლეს, ელექტროენერგია და საწავავი ესაჭიროებათ ნედლეულისა და მზა პროდუქციის გადასატანად. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციის ფარგლებში პეკინი აპირებს გაუუქმოს სუბსიდიები მზისა და ქარის ელექტროსადგურებს — განახლებად ენერგეტიკას დამოუკიდებლად მოუწევს თავის გადარჩენა.

ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე ისარგებლა საწვავზე მოთხოვნის აღდგენით, რათა ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულების დაცვის მზადყოფნა წარმოაჩინოს, და განაცხადა, რომ ამერიკული გათხევადებული გაზის პარტიას შეიძენენ  — წელს პირველად. თუმცა ენერგომატარებლების ძირითადი მოცულობა, როგორც წარსულში, ახლაც რუსეთიდან შევა.

მაგალითად, აპრილში სამამულო კომპანიები ჩინეთში ორჯერ მეტ ნედლეულს გაგზავნიან, ვიდრე თებერვალში იყო — მილიონი ტონა 540 ათასი ტონის საპირისპიროდ. 

ასე გავიმარჯვებთ  

ყველაფერი ეს შესაძლოა საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდეს რუსეთის, საუდის არაბეთისა და აშშ-ის დაპირისპირებაში ნავთობის მსოფლიო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ 1 აპრილიდან შეთანხმება OPEC+ აღარ მოქმედებს და ახლა თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს მოპოვებისა და ექსპორტის ოპტიმალურ მოცულობას.

საუდის არაბეთი ღია დემპინგზე გადავიდა მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი წილის გაზრდის იმედით. ერ–რიადმა განაცხადა, რომ აპრილში ექსპორტს 12,3 მლნ ბარელამდე გაზრდის დღე-ღამეში, და მკვეთრად დასწია ფასები, შესთავაზა რა ევროპას ნავთობი 10,25 დოლარით იმაზე უფრო იაფად, ვიდრე Brent-ის მარკის ნავთობის საბირჟე კოტირებები იყო.

„ენერგეტიკის სამინისტრომ დაავალა Saudi Aramco-ს, განაგრძოს მიწოდებები 12,3 მლნ ბარელის დონეზე დღე-ღამეში უახლოესი თვეების განმავლობაში“, — განაცხადა საუდის არაბეთის მთავრობამ.

შედეგად – 30 მარტს, OPEC+ შეთანხმების მოქმედების ბოლო დღეს Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 22,58 დოლარამდე დაიწია ბარელზე, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ეს ორჯერ ნაკლებია იმაზე, რაც რუსეთის ბიუჯეტშია ჩადებული და თითქმის ოთხჯერ დაბალია საუდის არაბეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დონეზე. 

მაგრამ საუდიტების გეგმა, აევსოთ მსოფლიო იაფი ნავთობით, მოულოდნელ წინააღმდეგობას გადააწყდა — ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ევროპასა და ამერიკაში უარს ამბობენ დამატებით შესყიდვებზე, დემპინგის მიუხედავადაც კი.

საქმე ისაა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო საწვავზე მოთხოვნა ჩამოიშალა და ყველა საცავი გაუყიდავი ნავთობითაა გადავსებული. ჯერ კიდევ არ იყიდება.

უფრო მეტიც, ზოგი ამერიკული კომპანია უკვე ყიდის ნედლეულს უარყოფით ფასებში. კერძოდ, Mercuria-მ 30 მარტის პრაისში Wyoming Asphalt Sour-ზე (სქელი ნავთობი, რომელიც ბიტუმის საწარმოებლად გამოიყენება) ბარელზე მინუს 0,49 დოლარი მიუთითა.

ნავთობ–ტრეიდერებს მიაჩნიათ, რომ უარყოფით ზონაში მოექცევა ყველა ნედლეული, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან და მაგისტრალური მილსადენებიდან შორს მოიპოვება.

შექმნილ ვითარებაში ნავთობის ომში გამარჯვების უფრო მეტი შანსები აქვს ქვეყანას, რომელსაც გასაღების ყველაზე მოცულობითი ბაზრები აქვს. რუსეთი, როგორც ნავთობის მთავარი ექსპორტიორი ჩინეთში, საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდება და კონკურენტებისთვის პირობების კარნახის შესაძლებლობასაც მიიღებს.

85
წინასაარჩევნო პლაკატები

საარჩევნო ბატალიების მოლოდინში: ბრძოლა სუპერ-მაჟორიტარობისათვის „ინ ექშენ"

12
(განახლებულია 07:24 30.05.2020)
უკვე გაირკვა, რომ ძალიან მალე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს და სავარაუდოდ, 29 ივნისისათვის ახალი საარჩევნო კოდექსი გვექნება.

ცვლილებების მიხედვით, 31 ოქტომბერს საქართველო ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი გვეყოლება. ეს სისტემა აჩენს შანსს პატარა პარტიებისათვის, ვისაც 14-15 ათასი მომხრე მაინც ჰყავს, მოხვდეს საქართველოს პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტოს, ვის და რას შეუერთდეს.

ვინაიდან არჩევნების ტონს, როგორც წესი, თბილისი განსაზღვრავს, დავიწყოთ თბილისით:

დღეს თუ თბილისს 22 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რითაც 2016 წელს შესანიშნავად ისარგებლა კახი კალაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თბილისს 8 რჩეული ეყოლება პარლამენტში. ნუ, თუ მთლად დიმიტრი გელოვანები ვერა, ნაკლები მაინც არ უნდა იყვნენ.

ქართული ოცნებიდან გამოსული და მედიაში გავრცელებული ხმებით, 8 ადგილიდან 6-ს კახი კალაძე ითხოვს და არჩევნების მოგებაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ამჯერადაც სრული კარტ-ბლანში მისცენ.

თბილისში ნამდვილად არაა მარტივი სიტუაცია და კალაძის გარდა საკუთარი გუნდი გახარიასაც ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ პარტიის თავმჯდომარეზე.

რაც შეეხება რეგიონებს. გამოკვეთილია, რომ რაჭა-ლეჩხუმში ფსონს პარტია ისევ გოჩა ენუქიძეზე დადებს.

მართალია, ენუქიძე „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ იყო და „ქართული ოცნებიდანაც“ მაჟორიტარი, მაგრამ

მთავარი აქ მაინც მისი კარგი ურთიერთობაა ხალხთან და დიდი ფინანსები. თავად ენუქიძე, ოქრიაშვილის მსგავსად, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. პირიქით, ყველა პარტია მას ეკუთვნის.

ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ახლაც სამეგრელოში იქნება. ზუგდიდში შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ სანდრა რულოვსის ან ნიკა მელიას კანდიდატურები დააყენოს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას და პრემიერის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურები განიხილება.

რთული იქნება პარლამენტის გადმოტანით გულნატკენი ქუთათურების გულის მოგება. ამიტომ აქ ხელისუფლებამ განსაკუთრებით კარგი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. თანაც, ქუთაისში გავლენები ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძესაც აქვთ.

საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტად შესაძლოა ეკატერინე ტიკარაძე დასახელდეს.

დიდი კონკურენციაა თერჯოლა-ტყიბული-ბაღდათი-ზესტაფონის მიმართულებით. ამბობენ, რომ აქ თავად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც თერჯოლელია. თუმცა, არც თერჯოლა-ტყიბულის მოქმედი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დავიწყება შეიძლება, რომელიც მსხვილი შემოწირულობებით ებრძვის კორონას და იმერლების სიღარიბეს.

შედარებით დიდი და ღირსეული არჩევანი აქვთ სვანებს: ვიქტორ ჯაფარიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი „ოცნების“ მკაფიო სახეები არიან თუ ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია, სულ მალე გაირკვევა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნება კახეთის ირმა ინაშვილისთვის დათმობას აპირებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენების ფონზე ეს საეჭვოა.

დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი მცხეთა-თიანეთში, სადაც „ლელოს“ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დაყენება სურს, „ქართულ ოცნებას“ - ზაქარია ქუცნაშვილის და დამოუკიდებლად კიდევ თამაზ მეჭიაური ემზადება.

ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია საარჩევნო ბატალიებისა. 2-3 კვირაში კონსულტაციები დასრულდება და კანდიდატებიც აქტიურ მუშაობას უნდა შეუდგნენ.

 

12
გიორგი გახარია

მიდის თუ მოდის გიორგი გახარია? ვინ რა კითხვაზე მიიღო პასუხი

334
(განახლებულია 14:45 29.05.2020)
სალაყბოს დიდი ოთხშაბათი: თვითდაჯერებული პრემიერ-მინისტრი და გაწბილებული ოპოზიცია, ვინ რას ელოდა და რა მიიღო, ვის უხარია გახარია და გადამდებია თუ არა გიორგი გახარიას განწყობა?

სამსონ ხონელი

ხალხის რჩეულები დათქმულ დროს შეიკრიბნენ. პოლიტიკური მასტერ-კლასი შედგა! არავინ იფიქროს, ეს მხოლოდ ჩემეული დასკვნაა. გადავხედე სოციალურ ქსელს და დავრწმუნდი, რომ პარლამენტში გამართული თერთმეტსაათიანი სანახაობა საზოგადოების დიდმა ნაწილმაც, ჩემი არ იყოს, სწორედ ასე შეაფასა. მეტი კონკრეტიკა! – შესაძლოა მიმითითოს მკითხველმა და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. რა გაეწყობა, უნდა დავაზუსტო. როგორ მუშაობდა მთავრობა, რა ღონისძიებები გატარდა კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში?..

პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა თავად გიორგი გახარიას ინიციატივით გაიმართა. იყო პრემიერ-მინისტრის საკმაოდ ვრცელი მოხსენება, პოლიტიკური შეფასებებით გაჯერებული მწვავე და ნაკლებად მწვავე, ზოგჯერ არაკორექტულად დასმული კითხვები, ვისთვის ამომწურავი და დამაჯერებელი, ვისთვისაც ზერელე პასუხები. ბოლოს კი – გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა. შემდეგ მოვლენები ძველი და კარგად დავიწყებული სცენარით წარიმართა – დებატების მონაწილეებმა და გარედან მაყურებლებმა შეფასებებისთვის მოიცალეს. რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო პათოსს გაგიზიარებთ...

ყველაფრით უკმაყოფილო და სამყაროზე გაბრაზებულმა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვერც ამჯერად აჯობა საკუთარ თავს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე გიგა ბოკერია: „გიორგი გახარია კითხვებს არ პასუხობდა, ან პირდაპირ სიცრუეს ამბობდა“.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე: „მისი არც ერთი სიტყვა სანდო არ არის... პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა: „გიორგი გახარია არის ჯალათი და რაც არ უნდა ეცადოს, ამოეფაროს თეთრ ხალათს, ის თავის სისხლიან ხელებს ვერ დამალავს“.

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე: „მშიერი ქვეყნისა და მშიერი მოსახლეობის პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს ტაშს არ უნდა უკრავდეს“.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: „პოზიტიურია, რომ პრემიერ-მინისტრმა იგრძნო პასუხისმგებლობა, მივიდა პარლამენტში, უპასუხა კითხვებს, თუმცა მისი გამოსვლა თვითკმაყოფილებით იყო გაჯერებული“.

ერთი სიტყვით, ოპოზიციისთვის მოსაწონი და მისაღები მთავრობის არც გაწეული საქმიანობა იყო და არც ამ გარჯის ამსახველი პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში. გიორგი გახარია კი, ახალს არაფერს ვიტყვი, მმართველი გუნდის ოპონენტებს უკვე დიდი ხანია, რაც „ყელში ჰყავთ გაჩხირული“. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ ამჯერად დებატებისთვის ოპოზიციის მზადყოფნით უკმაყოფილო ოპოზიციის რიგებშივე აღმოჩნდა.

პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე: „ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო, დებატებს მოუმზადებელი შეხვდა. გიორგი გახარიამ მოიგო. როცა ეკონომიკურ საკითხებზე აპირებ ლაპარაკს, პრემიერ-მინისტრს არ უნდა ჰკითხო, რატომ გაძვირდა წიწიბურა. არის სხვა, გაცილებით უფრო მწვავე პრობლემები... ოპოზიციას კომპეტენცია არ ეყო და გიორგი გახარიამ ბოლოს მას დაცინა“.

მმართველი გუნდი დებატების შედეგებით კმაყოფილებას არ მალავდა და, ვეჭვობ, საფუძველიც ჰქონდა. ბალანსს შეგნებულად დავარღვევ და ხელისუფლების მხოლოდ ორი წარმომადგენლის მოკლე კომენტარს შემოგთავაზებთ. პროსახელისუფლებო ქმედებას ვერავინ დამაბრალებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი: „სრული ლუსტრაცია იყო, ოპოზიცია და ვირუსი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე: „ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერ-კლასი, რომელიც გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა ჩაუტარა“.

საინტერესოა, როგორია არბიტრების, პოლიტიკური პრეფერენციებისგან მეტ-ნაკლებად მაინც თავისუფალი ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებები?

გია ხუხაშვილი: „ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, ის, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე“.

ვახტანგ ძაბირაძე: „იშვიათი შემთხვევა იყო, შეიძლება გამონაკლისიც კი, როდესაც მმართველმა გუნდმა სწორად განსაზღვრა თემაც და სწორად წაიყვანა კამათიც“.

გიორგი ცუცქირიძე: „დადასტურდა მწარე რეალობა, პოლიტიკური კლასი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს... ამ ტიპის ოპოზიცია არის კატასტროფა“.

ხათუნა ლაგაზიძე: „ოპოზიციამ უნდა დაინახოს გამოწვევა – კარს მომდგარი არჩევნები მისთვის რთული იქნება. „ქართული ოცნების" ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა. ეს არის ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა“.

პარლამენტში გამართული დებატების შინაარსზე დეტალურად არ შევჩერდები. იმედია, რომ მკითხველს კარგად მოეხსენება. თუმცა, ერთს დავძენ, პრემიერ-მინისტრი ბოლო დროს მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. „კი არ მივდივარ, მოვდივარ!“ – თქვა გიორგი გახარიამ და მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით დაუსვა წერტილი. სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სწორედ ეს ხაზგასმული რეპლიკა იყო ყურადსაღები.

ერთი სიტყვით, პრემიერ-მინისტრი გამორჩეულად დამაჯერებელი იყო. სავარაუდოდ, მისი ეს განწყობა ეროვნულ სიამაყეს გადაედო... რომელ ერთს? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და დავაკონკრეტებ – ლარს! ფაქტია, რომ ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა, მართალია მცირედით, მაგრამ გამყარდა. თუმცა, ვითარება უმძიმესია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით ბევრად რთული სიტუაციაა, ლარს მაინც ყველაზე მეტად გაუჭირდა.     

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მარტში ლარი რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა. შედარებისათვის: ამავე პერიოდში დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა რუსული რუბლი, თურქული ლირა – 16 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათისა და სომხური დრამის რყევის დიაპაზონი კი 2 პროცენტის ქვემოთ არის.   

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი საშუალო კურსი 3.20 – წონასწორობის ხელოვნური წერტილია, რადგან ეროვნული ბანკი ყველანაირად ცდილობს, ლარის შემდგომი დევალვაცია და გაუფასურება არ მოხდეს.

ფინანსისტი ნიკა შენგელია: „თუ ლარის გაცვლითი კურსი 3.30-ს გადასცდება, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების 8-12 პროცენტით გაძვირებაა მოსალოდნელი. ამიტომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე აქტიურად ერევა და მარტის თვიდან დღემდე უკვე 120 მილიონი დოლარი აქვს გამოტანილი ინტერვენციების სახით“.

რა აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ბევრად მძიმე ვითარებაა, ვიდრე ჩვენთან? როგორც ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის პოლიტიკაა. 

ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილი: „ამ შემთხვევაში არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზებიდან შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა, ხოლო რისკები უფრო მეტად გაიზრდა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ რეგიონის ქვეყნებში მკაცრი აკრძალვები არ დაწესებულა, შესაბამისად, ეკონომიკამაც უფრო თავისუფლად იმუშავა. საქართველოში კი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაფერი გაჩერდა და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ლარი რეკორდულად გაუფასურდა“.

როგორია პროგნოზი? ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა მოკლევადიან პერიოდში ლარის კიდევ მეტად გაუფასურების საშიშროებას ვერ ხედავს. მათი თქმით, სავარაუდოდ, ლარი ერთხანს ამ ნიშნულზე შეჩერდება, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის გაუფასურდება. ეს პროცესი დინამიკურად წარიმართება.

ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკის ამუშავებას იმპორტის გააქტიურება მოჰყვება, შესაბამისად გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაც, რაც ლარის სიმყარეს დამატებით პრობლემას შეუქმნის. კი, მაგრამ ეკონომიკის ამუშავებით ექსპორტიც მოიმატებს. შედეგად ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოვა – ბრძანებს მკითხველი და ძნელია, არ დაეთანხმო. თუმცა, სწორედ ეს არის მთავარი – მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს ლარის კურსს. შესაბამისად, სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება იმპორტ-ექსპორტის სალდო, რომელიც საქართველოს მკვეთრად უარყოფითი აქვს. და, მაინც, გადამწყვეტია ეკონომიკური აქტიურობის მასშტაბები, როგორი იქნება ტემპი, რის საშუალებას მოგვცემს COVID-19?..      

334
მედპერსონალი სომხეთის საავადმყოფოში

სომხეთმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მოქალაქეებს ფასიანი კარანტინი დაუწესა

0
(განახლებულია 15:01 30.05.2020)
სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 927-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთში მოგზაურობა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში დაგეგმონ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთში ბავშვთა სახლის ცხრა აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდგინდა >>

საგარეო საქმეთა სამინისტროში შეახსენეს მოქალაქეებს, რომ 31 მაისს იწურება იმ შეთანხმების შეჩერების ვადა, რომელიც სომხეთსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმს გულისხმობს. 1 ივნისიდან სომხეთის მოქალაქეები ჩინეთში შიდა პასპორტებით გამგზავრებას შეძლებენ.

„თუ მოქალაქეები მაინც გადაწყვეტენ ჩინეთში გამგზავრებას, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბლანკის შევსება და საკუთარი ხარჯებით კარანტინის გავლა მოუწევთ“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება ვითარებას სომხეთში, ამ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 927-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 127 ადამიანი, აქედან 7 გასულ დღე-ღამეში დაიღუპა. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 48 (გასულ დღე-ღამეში - 1).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 3 317-მა ადამიანმა დაამარცხა. სტაციონარებში 5 435 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში სულ 57 081 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდა. 18 მაისიდან სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მგზავრებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადეები და ხელთათმანები. გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოლები, მთლიანად მოიხსნა აკრძალვა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობაზე, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ღია ცის ქვეშ მუშაობის უფლება ჰქონდათ.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში