მაცხოვრის საფლავის ტაძართან გამართული ცეცფხლის გადმოსვლის ცერემონია

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის აკრძალვაზე ისრაელიდან გვაცნობეს

866
(განახლებულია 21:11 12.03.2020)
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა აღდგომის დღესასწაულზე ისრაელში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია არ გაიმართოს.

ჩვენ დავუკავშირდით ისრაელში მცხოვრებ ექიმს ანა კოლის, რომელიც წლებია სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლად ითვლება და საქართველოს თემებთან დაკავშირებით ყოველთვის აქტიურობას იჩენს. მან შემდეგი გვაცნობა:

ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად მივმართე იერუსალიმის საპატრიარქოში იღუმენია ევგენიას, მოგახსენებთ მის მონათხრობს:

„მაცხოვარის ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლა და განათება პეტრე მოციქულმა შენიშნა, ეს იყო 21 საუკუნის წინ. მას შემდეგ მსოფლიომ ბევრი ეპიდემია, გასაჭირი და ბევრი სიხარული გამოიარა, მაგრამ ეგ ცერემონია არასდროს გაუქმებულა, ანუ ცეცხლის გადმოსვლა არ გაჩერებულა. იმის თქმა, რომ ისრაელის მთავრობა გააჩერებს ამ ცერემონიას, სიმართლეს არ შეესაბამება. ისრაელის მთავრობა საპატრიარქოს გადაწყვეტილებებში არასოდეს ჩარეულა.

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვგონია, რომ 18 აპრილამდე ისრაელმა ტურისტების დიდი ნაკადი მიიღოს. თუმცა ეს ცერემონია ყველა შემთხვევაში ჩატარდება, ოღონდ მიღებული იქნება გამკაცრებული ზომები. პატრიარქი ამ ცერემონიას მაინც ჩაატარებს, თუნდაც მას მხოლოდ ხუთი ადამიანი დაესწროს“, – განაცხადა იღუმენია ევგენიამ ისრაელიდან.

მანამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის ჩატარება. 

უცხოური მასმედიის ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ ყოველწლიურ ცერემონიას, რომელსაც ათობით ათასი ქრისტიანი ესწრება მთელი მსოფლიოდან, ასევე შეეხოს ის აკრძალვები, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში აწესებს.

ისრაელის პოლიციის ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

2020 წელს წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის თარიღი 18 აპრილს ემთხვევა.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის ისრაელში COVID-19-ით ინფიცირების 127 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანას არც ერთი გარდაცვლილი არ ჰყავს. განიკურნა 3 პაციენტი.

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, სულ მსოფლიოს 116 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 127 749 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 4 717 და განიკურნა 68 305 პაციენტი.

 

866