ტრეიდერები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე

მსოფლიო პანიკა ნავთობზე: ვინ და რატომ შექმნა იგი და რა იქნება ახლა

119
(განახლებულია 20:52 10.03.2020)
იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ბაზრებზე, თავდაპირველად მოვლენათა ქრონოლოგია უნდა აღვადგინოთ და ეჭვქვეშ დავაყენოთ ის პანიკა, რომელსაც არასდროს და არანაირ ვითარებაში არ მოაქვს არაფერი კარგი.

ივან დანილოვი

დავუბრუნდეთ OPEC+-ის შეხვედრას გასულ პარასკევს და მოლაპარაკების მხარეების პოზიციები აღვადგინოთ არა თავად მონაწილეების განცხადებების მიხედვით, რომლებზეც შეიძლება ვიეჭვოთ, რომ ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალება სურთ, არამედ დასავლური მასმედიით გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, რომლებსაც OPEC+ ძალიანაც არ უყვართ, ხოლო რუსეთი — კიდევ უფრო მეტად არ უყვართ. აი, როგორ აღწერს მოლაპარაკებების მსვლელობას სააგენტო Reuters-ი:

„OPEC-ის მინისტრებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერდნენ დღეში 1,5 მლნ ბარელის მოპოვებას 2020 წლის ბოლომდე, უკვე არსებულ შეზღუდვებზე დამატებით, რომელიც დღე-ღამეში 2,1 მლნ ბარელს ითვალისწინებს. ეს ბაზრისთვის ერთ დღე-ღამეში 3,6 მლნ ბარელის მოკლებას ნიშნავდა. მოსკოვმა უარყო ეს წინადადება პარასკევს და განაცხადა, რომ ის მზადაა გააგრძელოს OPEC+-ის უკვე არსებული შეზღუდვები 2,1 მლნ ბარელზე დღე-ღამეში, რასაც ვადა მარტის ბოლოს ეწურება. მაგრამ პასუხად OPEC-მა არსებული შემცირებების გაგრძელებაზეც უარი თქვა“. 

ანუ, რუსეთს არაფერი დაურღვევია და არ დაუშლია. ისე გამოვიდა, რომ OPEC-ის პარტნიორებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ რუსეთის მიმართ ცნობილი სტრატეგია, რომელსაც ჰქვია „ბებიის ჯიბრზე ყურებს მოვიყინავ“.

Reuters-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვითარება გასაგებად ასე შეიძლება აღვწეროთ: რუსეთი სთავაზობდა, დარჩენილიყო ყველაფერი ისე, როგორც არის და არ აჰყოლოდნენ პანიკას. იმის მაგივრად, რომ კომპრომისი მოეძებნათ, OPEC-ის ქვეყნების წარმომადგენლებმა (აქ მთავარ როლს საუდის არაბეთი ასრულებდა) გადაწყვიტეს, რომ პრინციპზე წასვლა და იმის დაშლაც კი სჯობდა, რის შენარჩუნებასაც სთავაზობდა რუსეთი. მერე კი კიდევ უარესი გაეკეთებინათ, თანაც ისე, რომ ყველასთვის მაქსიმალურად ცუდი ყოფილიყო. ანუ ვარიანტებს შორის: „მოპოვების შემცირების გაგრძელება არსებულ დონეზე“ და „ყველაფრის გაუქმება, ბაზრის ჩამოშლა, ყველასთვის ტკივილის მიყენება და უპირველესად საკუთარი თავის დაზიანება“ (ანუ ყურების მოყინვა კრემლის ჯინაზე), ჩვენმა პარტნიორებმა OPEC-დან თავდაჯერებით აირჩიეს „ყურების მოყინვა“.

ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეჭვიც კი არ ეპარებათ, ვის გამო ჩამოიშალა ფასები ნავთობზე. მაგალითად, ამერიკული CNN-ი აქვეყნებს მასალას სათაურით „ნავთობი მაქსიმალურად ეცემა 1991 წლის შემდეგ: საუდის არაბეთი ფასების ომს იწყებს“. ხოლო ევროპული პრესის ფლაგმანი Financial Times-ი წერს: „ნავთობის კრახი: რატომ დაიწყო საუდის არაბეთმა ნავთობის ფასების გლობალური ომი“.

საუდის არაბეთი სრულიად სერიოზულად შეეცადა არა მარტო ჩამოეშალა ბაზარი, არამედ ეს მაქსიმალურად მტკივნეული გაეხადა მთელი მსოფლიოსთვის (და არა მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნებისთვის). გარდა იმისა, რომ განაცხადა, აპრილში საკუთარ ნავთობს ყველა მსურველს საბირჟო კოტირებებზე ათი დოლარით ნაკლებ ფასად მივყიდიო, ისიც გაახმოვანა, რომ მზად არის გაზარდოს მოპოვებები მთელი სამი მილიონი ბარელით დღე-ღამეში. შესაბამისად, ნავთობზე ფასების ვარდნა სამი კომპონენტისგან შედგება.

პირველი: კორონავირუსის მოქმედების ეფექტი მსოფლიო ეკონომიკებზე, რაც ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს. მეორე: „ოპეკის“ შეთანხმების შეწყვეტა. მესამე: საუდის არაბეთი მზადაა გაყიდოს ნავთობი ათდოლარიანი დისკონტით, ანუ ამ დროისათვის დაახლოებით 20 დოლარად ბარელზე. და ეს მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი მომპოვებელი მას სწორედ 30 დოლარად ყიდის და ვერანაირი გაყიდვების მოცულობის ზრდა ამ დისკონტს ვერ აანაზღაურებს. 

შესაძლოა, ერ-რიადში არსებობს ილუზია იმისა, რომ რუსული ეკონომიკა ნავთობზე ფასების დაცემის გამო დაირღვევა და ეს აიძულებს რუსეთს, რადიკალურად გადახედოს საკუთარ პოზიციას. მაგრამ ეს სწორედაც რომ ილუზიაა. რუსეთი მრავალია წელია, მიზანმიმართულად ემზადება იმისთვის, რომ რაღაც მომენტში გეოპოლიტიკური, დიპლომატიური თუ ეკონომიკური მიზეზები ნავთობზე ფასებს მკვეთრად დასწევდა.

OPEC-ის პარტნიორების ზეწოლის ქვეშ მოქცევა ცუდი იდეაა თუნდაც იმიტომ, რომ ბაზრებზე კორონავირუსის გამო პანიკაა, ხოლო ბაზრები ასეთ ვითარებაში ირაციონალურად იქცევიან. ფასების ვარდნა შესაძლო იყო დროში გაწელილიყო, მაგრამ საუდის არაბეთმა „ყურების მოყინვის“ კუთხით ძალისხმევის გამოყენებით ეს დაცემა კიდევ უფრო გააღრმავა. თუმცა მთავარი დაზარალებულები მაინც ჩვენი „ოპეკელი“ პარტნიორები არიან.  

ამ კონტექსტში საჭიროა გავიხსენოთ, რომ საუდის არაბეთს აქვს დოლარის მიმართ რიალის ფიქსირებული კურსი და ბიუჯეტის დეფიციტი წელიწადში 50 მლრდ დოლარის ოდენობით. ეს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-ია — თანაც Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის და ბიუჯეტის ბალანსირების ფასებში ბარელზე 71 დოლარის პირობებში. საუდის არაბეთის სავალუტო რეზერვების ასეთი მდგომარეობა (დაახლოებით 501 მლრდ დოლარი) დიდხანს არ იქნება საკმარისი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საუდის არაბეთის ბიუჯეტის 87%-ს ნავთობშემოსავლები შეადგენს. ამ ფონზე რუსეთი ფინანსური სტაბილურობის ეტალონად გამოიყურება: უდეფიციტო ბიუჯეტი, მცურავი კურსი, ნავთობისა და გაზის შემოსავლების პროცენტი ბიუჯეტში – 40,8 პროცენტის ოდენობით.

რუსეთს ყველა შანსი აქვს, გაუძლოს ტურბულენტობის ამ პერიოდს, რომელიც უპირველესად Opec-ის წევრი ქვეყნების ეკონომიკებსა და ამერიკულ ფიქალური გაზის კომპანიებს დაარტყამს. უფრო მეტიც: ე.წ. დეფლაციურ შოკს მიაყენებს ეკონომიკების განვითარებას აშშ-სა და ევროკავშირის ჩათვლით. შესაძლოა ეს პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ნავთობზე ზედმეტად დაბალი ფასები „კოლექტიურ დასავლეთსაც“ კი სერიოზულ ტკივილს აყენებს, რაც იოლად დასტურდება როგორც ისტორიული პრეცედენტებით, ისე ახალი ამბებით. 

მაგალითად, ამერიკული ტელეარხი CNBC ციტირებს საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრის ბრუნო ლე მერის სიტყვებს, რომელმაც რადიო France Inter-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა:

„მინდა, რომ საუდის არაბეთი, როგორც G20-ის ყველაზე მდიდარი ქვეყნების [ჯგუფის] პრეზიდენტი, ნავთობის ფასებს ათანხმებდეს, რათა ბაზრები არ შეარყიოს... ხანგრძლივ პერსპექტივაში, თუ ნავთობზე ფასები ძალიან ძლიერად დაცემას განაგრძობს, ეს შეაშფოთებს ბაზრებს და ჩვენი კომპანიებისა და ეკონომიკების დაფინანსებისთვის შედეგები ექნება“.

ხოლო სააგენტო Bloomberg-ის სპეციალისტი ენერგეტიკის საკითხებში ჰავიე ბლასი იხსენებს ისტორიულ პრეცედენტს, როდესაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ბუში–უფროსი საუდის არაბეთში ჩაფრინდა 1986 წელს მოთხოვნით, შემწყდარიყო მხატვრული თვითშემოქმედება ნავთობის ბაზარზე. და იქვე შენიშნავს, რომ: „აშშ მხარს უჭერს იაფ ნავთობს, თუ ის იმდენად იაფი არ არის, რომ ტეხასს დაემუქროს“.

ამჟამინდელი ვითარება კი — ეს აშშ-ის ნავთობისა და გაზის მთელი სექტორისთვის პირდაპირი საფრთხეა, რომელიც აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7%-ზე და შრომის ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე არის პასუხისმგებელი.

არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ვითარებიდან მეტ-ნაკლებად მისაღებ გამოსავალს მოძებნის და, შესაძლოა, ეს გამოსავალი, ადრე თუ გვიან, გამოინახოს კიდეც — და რაღაც კომპრომისს შემოგვთავაზებს. შესაძლოა OPEC+-ის ტექნიკური კომიტეტის შემდეგი შეხვედრა (დასავლური პრესა 18 მარტს ასახელებს) კარგ შესაძლებლობად იქცეს ვითარების გასაუმჯობესებლად. თუმცა რუსეთს ძალუძს გადაიტანოს ტურბულენტობის პერიოდი ფინანსურ ბაზრებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის კიდევ უფრო ხანგრძლივი გამოდგება.  

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

119