წარსულის აჩრდილი: სპორტულმა ჩინოვნიკებმა ქვეყანა დიდი სპორტის გარეშე დატოვეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ოლიმპიური ნაკრები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე
რუსეთის ოლიმპიური ნაკრები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი სპორტული მიმომხილველი ალექსეი ავდოხინი სპეციალურად Sputnik-სთვის მიმოიხილავს რუსული სპორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და შექმნილ ვითარებაში არც რუსი ჩინოვნიკების ბრალს გამორიცხავს.

ალექსეი ავდოხინი

მთელ რუსულ სპორტს მიუსაჯეს ოთხი წელი მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმით — ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობისა (მხოლოდ ცალკეული სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით) და რუსეთის ტერიტორიაზე ტოპ-შეჯიბრებების გამართვის გარეშე, ხოლო რუს ჩინოვნიკებს საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელ ორგანოებში შესვლა აეკრძალათ.

ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო WADA-ს აღმასკომმა ლოზანაში. 

გულახდილად ვთქვათ, შედეგი მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, როცა WADA-ს შესაბამისობის კომიტეტმა აღმასკომს რუსეთის მიმართ ყველაზე სასტიკი სანქციების დაწესება შესთავაზა, გასაგები გახდა, რომ პოზიტიური შედეგის ლოდინი უაზრობა იყო და ყველაზე უარეს სცენარს უნდა დავლოდებოდით. ბრალდებები იყო ძალიან სერიოზული და კონკრეტული, უნდობლობა კი ძალიან ძლიერი.

გასაგები რომ იყოს, აქცენტები უნდა დაისვას: ამჯერად რუსეთი დოპინგის გამო არ იტანჯება. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე სინჯების მანიპულაციასთან დაკავშირებული ბნელი ისტორია თითქოს წარსულში დარჩა. ახლა რუსულ სპორტს მისი აჩრდილი სდევნის. 

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო - Sputnik საქართველო
WADA რუსულ სპორტს სჯის: რას გვასწავლის მისი რეკომენდაციები

ალბათ გახსოვთ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთ კორეის ფიონგჩანგში — ყველაზე უცნაური და არასრულფასოვანი XXI საუკუნეში: რუსეთის ნაკრები ნეიტრალური სტატუსით, დროშის, ჰიმნისა და ეროვნული სიმბოლიკის გარეშე; რუსი სპორტსმენების გამოწვლილვით და დამამცირებლად შერჩევა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომიტეტის მიერ; რუსი მსოფლიო ვარსკვლავების არყოფნა (ანტონ შიპულინი, სერგეი უსტიუგოვი, ვიქტორ ანი, პაველ კულიჟნიკოვი), უცნაური აბრევიატურა OAR (Olympic Athletes from Russia) ფორმებზე.

ეს იყო სასჯელი დოპინგის სისტემაზე, რომელიც, WADA-ს აზრით, რუსეთში 2010-იანი წლების პირველ ნახევარში არსებობდა. მას შემდეგ რუსეთმა უამრავი ძალა და რესურსები დახარჯა, რათა ადრინდელი სპორტული სტატუსი აღედგინა: საქმიანობას ჩამოაშორა არაერთი ჩინოვნიკები, სრულად შეცვალა РУСАДА-ს ხელმძღვანელობა, შეასრულა WADA-ს საგზაო რუკის 30-ზე მეტი კრიტერიუმი.

განმსაზღვრელად და ფინალურად მასში რჩებოდა მხოლოდ ორი პუნქტი:

ა) მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიიდან 2012-2015 წლების მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარდგენა — ავთენტურ, უცვლელ მდგომარეობაში;

ბ) მონაცემთა ბაზის შემოწმების შემდეგ წვდომა მოსკოვში შენახულ ფიზიკურ დოპინგ-სინჯებზე.

სწორედ ამ ნაბიჯზე მოხდა მარცხი, რომლის გამოც უახლოეს წლებში სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს მოუწევთ ფასის გადახდა.

ცნობილია, რომ WADA-ს ექსპერტებმა ელექტრონული ბაზის ასლი რუსეთისგან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში მიიღეს, მაგრამ მოგვიანებით მასში არაერთი ცვლილება აღმოაჩინეს, რომლებიც 2018 წლის ბოლოთი და 2019 წლის დასაწყისით თარიღდებოდა. იმ დროს მყარი დისკები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კონტროლქვეშ იყო. ეს უკანასკნელი დღემდე აწარმოებს გამოძიებას დოპინგის საქმეზე. 

ლავროვის პასუხი WADA-ს რეკომენდაციებზე საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ჩამოშორების თაობაზე - Sputnik საქართველო
ლავროვის პასუხი WADA-ს რეკომენდაციებზე საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ჩამოშორებაზე

ვინ და რატომ „იხიმანდრა“ მონაცემებში — აქამდე გამოცანად რჩება. WADA-ში დარწმუნებულები არიან, რომ ეს რუსი ჩინოვნიკები შეეცადნენ, დაემალათ ტოპ-სპორტსმენების დადებითი სინჯები. რუსეთს სხვა ვერსია აქვს — მონაცემებზე  საზღვარგარეთიდან ჰქონდა წვდომა გრიგორი როდჩენკოვის ხალხს, რომლებმაც შექმნეს კიდეც ეს ბაზა.

მაგრამ რუსი ექსპერტების 85-გვერდიანმა განმარტებამ, საიდან გაჩნდა ბაზაში ცვლილებები, WADA-ში ვერავინ დაარწმუნა. ფაქტობრივად, რუსეთმა ვერ შეასრულა მთავარი მოთხოვნა — ელექტრონული ბაზის უცვლელობა.

რა თქმა უნდა, შორიდან ეს სიტუაცია მაქსიმალურად სულელურად გამოიყურება. რუსეთს ხომ ნახევარი ნაბიჯიღა რჩებოდა საერთაშორისო სპორტის სისტემაში სრულფასოვნად დასაბრუნებლად. წარმოიდგინეთ გატანჯული მარათონელი, რომელიც ბოლო მეტრებზე უეცრად ცდილობს მოჭრას დისტანცია. რატომ, თუ უსასრულო დისტანცია უკვე უკანაა მოტოვებული, წინ კი ფინიში ჩანს?  

აი, სწორედ ასეთ უგუნურ მარათონელს ჰგავს ახლა რუსეთი — სახელმწიფო, რომელიც ბეჯითად იბრუნებდა სპორტული სამყაროს ნდობას, აღადგინა РУСАДА-ს რეპუტაცია, ზრდიდა ნიჭიერი და სუფთა სპორტსმენების ახალ თაობას, მაქსიმალურად უბრალო, ტექნიკურ ამოცანაზე ჩავარდა. მაგრამ მიზეზებსა და თავის მართლებას მნიშვნელობა აღარ აქვს — რუსული სპორტის რეპუტაცია შელახულია.

გასაგებია, რომ ყველაზე მტკივნეული ვითარება ახლა სპორტსმენებისთვისაა. ამჟამინდელი სანქციები უპირველესად მათ ურტყამს და არა უსახურ ფუნქციონერებს.

შედეგები ყოველდღიურად გაიზრდება თოვლის გუნდასავით და ამას ვეღარაფერი გამოასწორებს: ვერც ფული, ვერც დიპლომატიური კავშირები და ვერც ულტიმატუმები.

უბრალო ფაქტები, რომლებითაც უახლოეს წლებში მოუწევთ ცხოვრება რუს სპორტსმენებს: მათ ელოდება ახალი და ხმამაღალი დისკვალიფიკაციები. მონაცემთა ბაზაში რუსეთის მიერ შეტანილი ცვლილებების შემოწმება WADA-სთვის ახლა პრინციპის საქმეა. და ისინი ნამდვილად მივლენ თითოეულ გვარამდე — მნიშვნელობა არ აქვს, წარსულიდან თუ აწმყოდან. 

რუსი ოლიმპიელები  - Sputnik საქართველო
რუსული სპორტის კოშმარი: რით ემუქრება WADA-ს მოხსენება რუსეთს?

ბევრი დარჩება ტოპ-შეჯიბრებების, ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა — მიუხედავად ტიტულებისა და სახელებისა. ინდივიდუალური ფილტრი სასტიკი რამაა, რომელმაც ორი წლის წინ სუპერვარსკვლავებიც კი არ დაინდო.

ვიღაც ალბათ უკვე ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლაზე ან კარიერის დასრულებაზე — ათლეტებს ბავშვობა და ჯანმრთელობა ნამდვილად არ შეულევიათ იმისათვის, რომ კარიერის პიკზე ოქროს გალიაში აღმოჩნდნენ. ის სპორტსმენებიც კი, რომლებიც WADA-ს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ, საკუთარი თავისა და საკუთარი შედეგების მიმართ პერმანენტული უნდობლობის განცდით გამოვლენ.

არადა, ხომ არსებობს სპორტის „გაელვება“ სახეობები, რომლებშიც მთელი კარიერა სწორედ ოთხ წელიწადში ეტევა: ფიგურული სრიალი, სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში. აქ უკეთესი დროის დაცდა, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, არარეალურია.

რა თქმა უნდა, კიდევ რჩება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) აპელაციის მინი-იმედი. არსებობს პერსპექტიული იურიდიული ხვრელიც ოლიმპიური ქარტიიდან, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ნეიტრალური სტატუსი იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც მოქმედ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს წარმოადგენენ. მაგრამ რუსი სპორტული იურისტების საქმიანობა საერთაშორისო ინსტანციებში — ეს კიდევ ცალკე ისტორიაა.

მოკლედ რომ ვთქვათ, რუსულ სპორტში ამაზე უფრო მძიმე მდგომარეობა არასდროს ყოფილა. და ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, მიუხედავად WADA-ს დაპირებისა, რომ დაიცავს სუფთა ათლეტებს.

სპორტსმენების დასჯა არ შეიძლება ატარებდეს კოლექტიურ ხასიათს — ეს ამგვარი გადაწყვეტილებების პოლიტიკურ სარჩულზე მეტყველებს. ეს უკვე თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

გამოდის, რომ ასობით სუფთა და უდანაშაულო სპორტსმენი ოთხი წლით იქცევა „თეთრ მოხეტიალედ“ — ქვეყნის, ეროვნული სიმბოლიკისა და დაცვის გარეშე. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ჰაერში იქნებიან გამოკიდებულები და ეს საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

დიდი სპორტი რუსეთში არის სიამაყის კატალიზატორი, საჩვენებელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა გახდე ძლიერი და საჭირო. მაგრამ რუსმა სპორტულმა ჩინოვნიკებმა ქვეყანა დიდი სპორტის გარეშე დატოვეს.  

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0