თბილისის ქუჩებში

IRI-ს კვლევები თვალის ერთი გადავლებით რაზე მიუთითებს სოციოლოგია

176
(განახლებულია 16:43 19.11.2019)
რა არის რეალური პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვის და როგორ პოლიტიკურ ძალას გაჰყვება ხალხი? რატომ შემცირდა 5 პროცენტით ეკლესიის რეიტინგი სინოდის სკანდალურ სხდომამდე და რატომ ჩავარდა პროპორციული სისტემა?

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ, და სამართლიანადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს, მაგრამ ისინი მიახლოებით მაინც ასახავენ ხოლმე ხალხის რეალურ განწყობას. დღეს გამოქვეყნებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებით კი ხელისუფლების რეიტინგი სერიოზულადაა შემცირებული 20 ივნისის შემდეგ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ნეგატიურადაა განწყობილი პრეზიდენტის, ხოლო 49% – პრემიერ გახარიას მიმართ, პარლამენტის თავმჯდომარე 25% მოსწონს, ხოლო 50%-ს არ მოსწონს.

უფრო საინტერესო კი პარტიების რეიტინგებია. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე მმართველი პარტიაა.

23% მას უპირობოდ უცხადებს ნდობას. თუმცა თუ ადმინისტრაციულ რესურსს გავითვალისწინებთ, ეს რიცხვი მინიმუმ 30% უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს არც საჯარო სივრცეში ემხრობა ყველა. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ პოზიციები ძალიან საინტერესოდ გადანაწილდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს 15%-ის სახით. „ევროპულ საქართველოს“ მოსახლეობის 5% უჭერს მხარს, ისევე, როგორც ლეიბორისტულ პარტიას. 4% მხარს „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერს, 3% – ბურჯანაძეს, 2% – „ლელოს“, „გირჩს“ და „შენების მოძრაობას“ – 1-1%, 3% – ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“. მოსახლეობის 32%-მა არ იცის ან არ ამჟღავნებს, ვის უჭერს მხარს.

ამ პროცენტებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ მომავალ პარლამენტში რეალურად კოალიციურ მთავრობას ვიღებდით პროპორციული სისტემით. ისიც საკითხავია, ვინ ვის აჯობებდა ვაჭრობაში. რომ არა პროპორციული სისტემა, ოპოზიცია ასე ერთსულოვნად ვერ გაერთიანდებოდა. ახლა კი მათი ჯამური რეიტინგი 41% გამოდის, ხოლო „ოცნების“ – 23%.

სოციოლოგია პირდაპირ ყვირის, რომ ოპოზიციაც უძლური და დისკრედიტირებული გვყავს. ამბობს ეს ბრძენი ქართველი ხალხი, ეკონომიკურ ხედვებს და პროგრამას ვინც წარმოგვიდგენს, იმას გავყვებითო და ეს ოპოზიცია აქციების, პიკეტებისა და ბოქლომების მეტს ვერაფერს გვთავაზობს და 90-იანებში გვაბრუნებს. თუ ბიჭები ხართ, შეიკრიბეთ, დადეთ საქართველოს განვითარების რეალისტური გეგმა და პროგრამა, მერე მოიარეთ ფეხდაფეხ მთელი საქართველო, ჩამოართვით 3 მილიონ ადამიანს ხელი და ნახავთ, რომ არჩევნების მოგება ყველა საარჩევნო კოდექსითაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ტელეეთერებიდან ღაღადი უფრო იოლია.

IRI-ს კვლევებში კიდევ არის ერთი სასიხარულო ინფორმაცია. გამოკითხვით, ნდობის მიხედვით პირველ ადგილზე ქართული არმიაა 86 პროცენტით, მეორე ადგილზეა ეკლესია 85 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ქართული მასმედია 72 პროცენტით. სხვათა შორის, დიდი ხანია, მასმედიას ასეთი რეიტინგი აღარ ჰქონია.

მოკლედ, ხალხი გაბრაზებულია და არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც რუსთაველზე ჭიდაობის ნაცვლად შიმშილის, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გამოიყენოს, თორემ საზოგადოება ყველა მხარეს ერთ მშვენიერ დღეს მოსთხოვს პასუხს – რაში უხდიან ფულს გადასახადის გადამხდელები.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

176
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები

შეიცვლება თუ არა საქართველოს მთავრობა არჩევნებამდე?

27
(განახლებულია 21:38 26.05.2020)
ცნობილია, რომ უღელტეხილზე ცხენებს არ ცვლიან. შესაბამისად, ხმები გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლისა და მთავრობის ცვლილების თაობაზე არათუ გადაჭარბებული, არამედ არარეალისტურიც უნდა იყოს.

თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით, რამ გამოიწვია ვრცელი საუბრები სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასე გამოიყურება: პრემიერის პოსტზე გახარიას ლილუაშვილი შეცვლის, სუს-ის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ხდება, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გრიგოლ ლილუაშვილის დეიდაშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლაიშვილი დაიკავებს.

ინფორმაციის პირველწყარო უცნობია, თუმცა ამ ხმებს აქტიურად ავრცელებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

ბუნებრივია, სამთავრობო ცვლილებების თემა ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერსიების აგორებას ხელი სახელმწიფო მინისტრის ქეთი ციხელაშვილის ელჩად მივლინებამ შეუწყო.

თუ ვინმეს ავსტრიის ელჩობა სახელმწიფო მინისტრობაზე ნაკლები თანამდებობა ჰგონია, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ

ციხელაშვილი ამ პოსტზე ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების კუთხით. ამიტომ მას ეს ცვლილება, სავარაუდოდ, სულაც არ ეწყინებოდა.

ისევე, როგორც სახელისუფლებო გუნდი, როგორც ჩანს, წინასწარ ცდილობს იმ ადამიანების დასაქმება-დაფუძნებას, ვინც მომავალ საპარლამენტო გუნდში ვეღარ მოხვდება.

მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიავლინეს დეპუტატი კარლო კოპალიანი. ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკებები სხვა დეპუტატებთანაც დაწყებულია და საარჩევნო დღისთვის ყველა მათგანს ექნება გარკვეული მონახაზი, სად გააგრძელებს საქმიანობას.

მთავრობის შეცვლაზე გავრცელებული ხმები ოპოზიციის ფანტაზია ჰგონია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

ის ამბობს, რომ ეს სურვილები და ვნებები ოპოზიციას გაზაფხულსა და შემოდგომაზე უმძაფრდება.

„გახარიას 20 ივნისის შემდეგ ვერაფერი დააკლეს და, მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სახელი კრიზისულ სიტუაციაში კარგ მენეჯერობას დაუკავშირდა", – ამბობს საყვარელიძე.

დაანონსებული ცვლილებებით გაკვირვებულია ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, გახარიას ფაქტორი დღეს დიდია, დიდია მის მიმართ ნდობა და ამ ფაქტორის გარეშე მმართველმა გუნდმა არჩევნები შესაძლოა წააგოს კიდეც.

ხელისუფლებაში ცვლილებებს არათუ გამორიცხავს, არამედ ელოდება კიდეც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, მაგრამ – არჩევნების შემდეგ. ის თვლის, რომ საარჩევნოდ რაიმე დრამატული ცვლილებები მოსალოდნელი არაა და რეალური სიახლეები სწორედ არჩევნების შემდეგ მოხდება.

ზოგადად კი ცნობილი ამბავია, რომ პოლიტიკოსისთვის ყველანაირი ხმაურიანი ინფორმაცია სასარგებლოა, გარდა ნეკროლოგისა. საქართველოს მთავრობას და, კონკრეტულად, გახარიას დღეს გაცილებით სერიოზული ბრძოლები ელოდება წინ სიღარიბის, შიმშილისა და გაჭირვების სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ კორონავირუსზე. სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხი იქნება 2020-ის არჩევნების შედეგების განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა, ბუნებრივია, პოლიტიკაში არც ქვედა დინებებისა და შიდა ომების ფაქტორების გამორიცხვა შეიძლება.

27
საქართველოს პარლამენტი

როგორ გაიყოფს ოპოზიცია ცოცხალი დათვის ტყავს?

151
(განახლებულია 21:25 23.05.2020)
გახსოვთ, ერთი ქართული ანდაზაა, ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფის თაობაზე? თუ გასულ კვირას ოპოზიციის სიხარულსა და იწილო-ბიწილოს დააკვირდებოდით, შეუძლებელია, ეს ამბავი არ გაგხსენებოდათ.

აქაოდა, ელჩების ძალისხმევით ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მივაღწიეთო, კორონობიის გამო ლეიბორისტების ბაღშიც შეიკრიბნენ და ხელებიც გამარჯვების ნიშნად აღმართეს. ამავე დროს ოპოზიციამ დაანონსა, 20 ივნისს დიდ პირბადეებიან აქციას გავმართავთო. მანამდე კი საკონსულტაციოდ მუშა რეჟიმში გადაინაცვლეს. ერთადერთი ძალა, რომელიც არ კეკლუცობს და აცხადებს, ჩემს თამაშს ვთამაშობო, „ლელოა“. მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა წესით, საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა ჰქონდეთ. ასევე მაჟორიტარების ნაწილში „ლელო“ ფიქრობს, რომ გაცილებით მეტი რესურსი აქვს და 30 იქნება თუ 72 ოლქი, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება. საერთოდ, ეს არჩევნები რომ არნახულად რთული იქნება და განსაკუთრებული დატვირთვა მაჟორიტარებსა და ფინანსურ რესურსზე მოვა, ამას არავინ უარყოფს. შესაბამისად, ყველა პარტია ეცდება, საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.

სასიამოვნო, მაგრამ ცოტა სასაცილოა პრემიერობის კანდიდატების დასახელება. ზოგადად, ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ პარტიას ხმას მისცემს, რა პროგრამას და ვის სთავაზობს ის თანამდებობებზე, მაგრამ ქართული რეალობისათვის ჯერ ეს ცოტა ნაადრევიც აღმოჩნდა და - უცნაურიც. კაბინეტი ჯერ არ ვიცით, მაგრამ პრემიერად კი გიორგი ვაშაძე უმცროსი შემოთავაზებული გვყავს. არავინ უარყოფს, რომ ის უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი და რეალისტურია მისი გეგმები და რამდენად არ „გადაირევა“ არჩევის შემთხვევაში წინა პრეზიდენტივით, ჯერ არავინ იცის. ოპოზიცია ასევე გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძისა და სხვათა კანდიდატურებსაც განიხილავს.

როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ძალთა ისეთი გადანაწილება, როგორიცაა ყველა მინუს ერთი, არ გვექნება და არც ოპოზიციაში იქნება დიდი ერთსულოვნება, რასაც ძალიანაც წარმატებით წაახალისებს მმართველი პარტია.

ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსიც კი, როგორიც ზვიად ძიძიგურია, ამბობს, რომ 2020-ის არჩევნები იქნება ყველაზე რთული, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჰქონია.

როგორც ჩანს, დიდი იქნება საერთაშორისო ინტერესიც და თუ კორონამ არ შეგვიშალა ხელი, დამკვირვებლებიც ბლომად ჩამოვლენ.

დღევანდელი მდგომარებით ისე ჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. გიორგი რურუას პოლიტპატიმრობა ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ მაჰათმა განდიც რომ იყოს, ნამდვილად არაა ეს ის თემა, რის გამოც წვალებით მიღწეული და თითქმის პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო კოდექსი უნდა გაიცვალოს. სავარაუდოა, რომ ამ თემაზე დიპლომატები „ნაცებსა” და „ევრონაცებსაც“ „ტკბილად” დაელაპარაკებიან, რადგან ეს სისტემა, რომელიც 1 პროცენტიან პარტიებსაც კი აძლევს პარლამენტში მოხვედრის შანსს, ყველაზე მეტად, მმართველი პარტიის შემდეგ, მათ არ აძლევთ ხელს, რადგან ამ შემთხვევაში მრავალფეროვნება ჩნდება და მათი ხმებიც შესაბამისად, იქსაქსება.

როგორც ჩანს, ოპოზიცია 20 ივნისის აქციის ორგანიზებასა და კონსულტაციებში „მოკლავს” დროს უკეთეს მომავლამდე. და თუ საერთო პრემიერზე ვერა, იმედია, მაჟორიტარობის კანდიდატებზე მაინც შეთანხმდებიან. ყველაზე რთული და საინტერესოსი რა მოგახსენოთ და ოქტომბრის არჩევნები რომ პირბადეების ფონზე ჩაივლის, დღესაც აშკარაა. წამზომი კი უკვე ჩართულია და თუ პარტიას და მის ლიდერს მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა და ტრიბუნის შოვნა არ დაუსახავს მიზნად, უახლოეს მომავალში თავდადებულ შრომას უნდა შეუდგნენ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

151
აბანოთუბანში პირბადეებით სეირნობენ

რომელი შეზღუდვის მოხსნა ყველაზე მეტად სარისკოა - თენგიზ ცერცვაძის მოსაზრება

0
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობას განსაკუთრებული ალგორითმის შემუშავება მოუწევს იმისათვის, რომ შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. საქართველოსთვის ტურისტული სეზონის გახსნა ყველაზე მეტ რისკებს შეიცავს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა უდიდეს რისკებს შეიცავს. თუმცა, მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის.

„ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში და გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მცირე რიცხვი ევროპაში. ამიტომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა არ შეიცავს ისეთ დიდ რისკს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც წავიდნენ ამაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ყველაზე მეტ რისკებს ტურისტული სეზონის გახსნაში ხედავს.

„როდესაც შემოვლენ უცხოელები, როდესაც ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში, ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კოვიდინფექციით გამოწვეულ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს, რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რა რეგულაციები დაუწესონ, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძე კიდევ ერთ სერიოზული პრობლემად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მიიჩნევს.

„მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსების და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ იქაც უნდა დავიცვათ გარკვეული რეგულაციები. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად ვთქვათ 50 კაცი ან 100 კაცი, ასეთი რეგულაციის პირობებში დაეტევა იმის მესამედი. მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.

რაც შეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს,  მთელ საქართველოში მისი მოძრაობა 31 მარტიდანაა შეჩერებული. აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა.

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მოიხსნა მრავალი შეზღუდვა, მათ შორის, კომენდანტის საათი, ავტომობილით სამ კაცზე მეტის გადაადგილებისა და სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა.

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლისის შუა რიცხვებში ამუშავდება >>

თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს – როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში – კვლავ ღიად რჩება.

ამჟამად კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 732 ადამიანს. აქედან გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში