საპროტესტო აქცია პარლამენტთან

გაბედავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას პარლამენტთან აქციის დასაშლელად

134
(განახლებულია 18:45 18.11.2019)
ის, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, ძალიან ადვილი მისახვედრი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში მოხდებოდა. რუსთაველის 8 ნომერი, პარლამენტის წინ არსებული მოედანი საკრალურია საქართველოს ბოლო ორი საუკუნის ისტორიაში.

აქ თავისუფლებისათვის ბრძოლისა და საპროტესტო აქციების მისტერიები არ მთავრდება, მაგრამ ეს ქრონიკები ყოველთვის როდია პრაგმატული და სახელმწიფოებრივი.

შეცდომა და დანაშაული იყო 1991 წლის გადატრიალება. შეცდომა და დანაშაული იყო აქციის მონაწილეთა არაერთი დარბევა თუ დაშლა. ამ პროტესტს სრულიად კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ოჯახები შეეწირნენ. არასოდეს აქციის მონაწილეთა დაშლას ხელისუფლებისათვის სასიკეთო შედეგი არ მოჰყოლია. იქნებ მართლაც უნდა შეიცვალოს საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი, იქნებ სწორედ ტაძარი და იუნკერთა სულების მოსახსენიებელი მემორიალი უნდა აღიმართოს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან, სისხლიან და ტკივილიან პოლიტიკურ არენაზე?..

დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წევრები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. არ შეუშვეს არც ბიუროს სხდომის მონაწილეები...

მსოფლიო საზოგადოება აშკარად მომიტინგეთა მხარესაა. უფრო სწორად, დანარჩენ მსოფლიოს და „ლუი მეთოთხმეტეს შენი ვახტანგი ფეხზე ჰკიდია“, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, იმედგაცრუებას არ მალავენ.

როგორ განვითარდება მოვლენები და როდის და რის ფასად შევლენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები პარლამენტში?

დრო ცოტა რჩება, არადა, ბიუჯეტი განსახილველი და დასამტკიცებელია. შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხი, თუმცა ამის გამო, დიდი-დიდი, თავად კანდიდატებმა იდარდონ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის და არჩევნების ჩატარებას არსებული სისტემით აპირებს.

ყველაზე მწვავე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის პოზიცია და პროგნოზია.

„ომი უნდა. არჩევნების ეშინია. ყველაზე რეტროგრადი ადამიანის იმედად დარჩა... თოფებით ომს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუმცა არც ამაზე დაიხევს უკან", – წერს „ფეისბუქზე“ თინა ხიდაშელი.

ხელისუფლების კიდევ ერთმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ასევე ღიად განაცხადა, რომ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, აღასრულონ კანონი და უზრუნველყონ კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა.

როგორც ძველ ქართულ ზღაპრებშია, ახლა ქვეყანა გზაგასაყარზე დგას და რეალურად მხოლოდ სამი არჩევანი აქვს. პირველია გზა, რომელიც აქციების მიშვებას და ხალხის დაღლას ითვალისწინებს. თუმცა, ზაფხულისგან განსხვავებით, ახლა ხელისუფლებას ასეთი ფუფუნება აღარ აქვს.

მეორე გზაა პოლიციის ძალის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელის გახსნა და პარლამენტის რთულ პირობებში მუშაობა. თუმცა რამდენად პროფესიონალურად და ადამიანების სიცოცხლის ხელშეუხებლად შეძლებენ სამართალდამცველები ამას, ძნელი სათქმელი და ძალიან საეჭვოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა როგორც ხელისუფლების, ასევე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

მესამე გზაა დიალოგი და ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.

გასაკვირი არაა, რომ დასავლეთში ისევ ვარდების რევოლუციის დეჟა ვიუა. ამერიკელი დიპლომატი უილიამ კორტნი კითხულობს, მოხდება თუ არა საქართველოში მეორე რევოლუცია.

აშშ-ის ყოფილი ელჩი აქაც პარალელს უკრაინასთან ავლებს და ამბობს, რომ უკრაინაში რამდენიმე რევოლუცია მოხდა.

დიახ, საქართველოს სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რევოლუცია ეკონომიკაში, ტექნოლოგიების განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, მაგრამ პოლიტიკური რევოლუციები ამ ქვეყანას აღარ სჭირდება. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საბოლოოდ არ დაწვავს ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს და მოიძებნება მშვიდობიანი კომპრომისი.

და, იმედია, საერთაშორისო საზოგადოებაც დროულად ჩაერევა ამ პროცესში და არა – პოსტფაქტუმ.

134
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები

შეიცვლება თუ არა საქართველოს მთავრობა არჩევნებამდე?

17
(განახლებულია 20:01 26.05.2020)
ცნობილია, რომ უღელტეხილზე ცხენებს არ ცვლიან. შესაბამისად, ხმები გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლისა და მთავრობის ცვლილების თაობაზე არათუ გადაჭარბებული, არამედ არარეალისტურიც უნდა იყოს.

თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით, რამ გამოიწვია ვრცელი საუბრები სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასე გამოიყურება: პრემიერის პოსტზე გახარიას ლილუაშვილი შეცვლის, სუსის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ხდება, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გრიგოლ ლილუაშვილის დეიდაშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლაიშვილი დაიკავებსო.

ინფორმაციის პირველწყარო უცნობია, თუმცა ამ ხმებს აქტიურად ავრცელებს „მთავარი არხი“ს დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

ბუნებრივია, სამთავრობო ცვლილებების თემა ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერსიების აგორებას ხელი სახელმწიფო მინისტრ ქეთი ციხელაშვილის ელჩად მივლინებამ შეუწყო.

თუ ვინმეს ავსტრიის ელჩობა სახმინისტრობაზე ნაკლები თანამდებობა ჰგონია, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ

ციხელაშვილი ამ პოსტზე ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების კუთხით. ამიტომ მას ეს ცვლილება, სავარაუდოდ, სულაც არ ეწყინებოდა.

ისევე, როგორც სახელისუფლებო გუნდი, როგორც ჩანს, წინასწარ ცდილობს იმ ადამიანების დასაქმება- დაფუძნებას, ვინც მომავალ საპარლამენტო გუნდში ვეღარ მოხვდება.

ასე მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიავლინეს დეპუტატი კარლო კოპალიანი. ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკებები სხვა პარლამენტარებთანაც დაწყებულია და საარჩევნო დღისათვის ყველა მათგანს ექნება გარკვეული მონახაზი, სად გააგრძელებს საქმიანობას.

მთავრობის შეცვლაზე გავრცელებული ხმები ოპოზიციის ფანტაზია ჰგონია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

ის ამბობს, რომ ეს სურვილები და ვნებები ოპოზიციას გაზაფხულსა და შემოდგომაზე უმძაფრდება.

„გახარიას 20 ივნისის შემდეგ ვერაფერი დააკლეს და, მით უმეტეს, ეხლა, როცა მისი სახელი კრიზისულ სიტუაციაში კარგ მენეჯერობას დაუკავშირდა", - ამბობს საყვარელიძე.

დაანონსებული ცვლილებებით გაკვირვებულია ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, გახარიას ფაქტორი დღეს დიდია, დიდია მის მიმართ ნდობა და ამ ფაქტორის გარეშე მმართველმა გუნდმა არჩევნები შესაძლოა, წააგოს კიდეც.

ხელისუფლებაში ცვლილებებს არათუ გამორიცხავს, არამედ ელოდება კიდეც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, მაგრამ - არჩევნების შემდეგ. ის თვლის, რომ საარჩევნოდ რაიმე დრამატული ცვლილებები მოსალოდნელი არაა და რეალური სიახლეები სწორედ არჩევნების შემდეგ მოხდება.

ზოგადად კი ცნობილი ამბავია, რომ პოლიტიკოსისთვის ყველანაირი ხმაურიანი ინფორმაცია სასარგებლოა, გარდა ნეკროლოგისა. საქართველოს მთავრობას და კონკრეტულად გახარიას, დღეს გაცილებით სერიოზული ბრძოლები ელოდება წინ სიღარიბის, შიმშილისა და გაჭირვების სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ კორონავირუსზე. სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხი იქნება 2020-ის არჩევნების შედეგების განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა ბუნებრივია, პოლიტიკაში არც ქვედა დინებებისა და შიდაომების ფაქტორების გამორიცხვა შეიძლება.

17
საქართველოს პარლამენტი

როგორ გაიყოფს ოპოზიცია ცოცხალი დათვის ტყავს?

151
(განახლებულია 21:25 23.05.2020)
გახსოვთ, ერთი ქართული ანდაზაა, ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფის თაობაზე? თუ გასულ კვირას ოპოზიციის სიხარულსა და იწილო-ბიწილოს დააკვირდებოდით, შეუძლებელია, ეს ამბავი არ გაგხსენებოდათ.

აქაოდა, ელჩების ძალისხმევით ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მივაღწიეთო, კორონობიის გამო ლეიბორისტების ბაღშიც შეიკრიბნენ და ხელებიც გამარჯვების ნიშნად აღმართეს. ამავე დროს ოპოზიციამ დაანონსა, 20 ივნისს დიდ პირბადეებიან აქციას გავმართავთო. მანამდე კი საკონსულტაციოდ მუშა რეჟიმში გადაინაცვლეს. ერთადერთი ძალა, რომელიც არ კეკლუცობს და აცხადებს, ჩემს თამაშს ვთამაშობო, „ლელოა“. მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა წესით, საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა ჰქონდეთ. ასევე მაჟორიტარების ნაწილში „ლელო“ ფიქრობს, რომ გაცილებით მეტი რესურსი აქვს და 30 იქნება თუ 72 ოლქი, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება. საერთოდ, ეს არჩევნები რომ არნახულად რთული იქნება და განსაკუთრებული დატვირთვა მაჟორიტარებსა და ფინანსურ რესურსზე მოვა, ამას არავინ უარყოფს. შესაბამისად, ყველა პარტია ეცდება, საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.

სასიამოვნო, მაგრამ ცოტა სასაცილოა პრემიერობის კანდიდატების დასახელება. ზოგადად, ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ პარტიას ხმას მისცემს, რა პროგრამას და ვის სთავაზობს ის თანამდებობებზე, მაგრამ ქართული რეალობისათვის ჯერ ეს ცოტა ნაადრევიც აღმოჩნდა და - უცნაურიც. კაბინეტი ჯერ არ ვიცით, მაგრამ პრემიერად კი გიორგი ვაშაძე უმცროსი შემოთავაზებული გვყავს. არავინ უარყოფს, რომ ის უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი და რეალისტურია მისი გეგმები და რამდენად არ „გადაირევა“ არჩევის შემთხვევაში წინა პრეზიდენტივით, ჯერ არავინ იცის. ოპოზიცია ასევე გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძისა და სხვათა კანდიდატურებსაც განიხილავს.

როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ძალთა ისეთი გადანაწილება, როგორიცაა ყველა მინუს ერთი, არ გვექნება და არც ოპოზიციაში იქნება დიდი ერთსულოვნება, რასაც ძალიანაც წარმატებით წაახალისებს მმართველი პარტია.

ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსიც კი, როგორიც ზვიად ძიძიგურია, ამბობს, რომ 2020-ის არჩევნები იქნება ყველაზე რთული, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჰქონია.

როგორც ჩანს, დიდი იქნება საერთაშორისო ინტერესიც და თუ კორონამ არ შეგვიშალა ხელი, დამკვირვებლებიც ბლომად ჩამოვლენ.

დღევანდელი მდგომარებით ისე ჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. გიორგი რურუას პოლიტპატიმრობა ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ მაჰათმა განდიც რომ იყოს, ნამდვილად არაა ეს ის თემა, რის გამოც წვალებით მიღწეული და თითქმის პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო კოდექსი უნდა გაიცვალოს. სავარაუდოა, რომ ამ თემაზე დიპლომატები „ნაცებსა” და „ევრონაცებსაც“ „ტკბილად” დაელაპარაკებიან, რადგან ეს სისტემა, რომელიც 1 პროცენტიან პარტიებსაც კი აძლევს პარლამენტში მოხვედრის შანსს, ყველაზე მეტად, მმართველი პარტიის შემდეგ, მათ არ აძლევთ ხელს, რადგან ამ შემთხვევაში მრავალფეროვნება ჩნდება და მათი ხმებიც შესაბამისად, იქსაქსება.

როგორც ჩანს, ოპოზიცია 20 ივნისის აქციის ორგანიზებასა და კონსულტაციებში „მოკლავს” დროს უკეთეს მომავლამდე. და თუ საერთო პრემიერზე ვერა, იმედია, მაჟორიტარობის კანდიდატებზე მაინც შეთანხმდებიან. ყველაზე რთული და საინტერესოსი რა მოგახსენოთ და ოქტომბრის არჩევნები რომ პირბადეების ფონზე ჩაივლის, დღესაც აშკარაა. წამზომი კი უკვე ჩართულია და თუ პარტიას და მის ლიდერს მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა და ტრიბუნის შოვნა არ დაუსახავს მიზნად, უახლოეს მომავალში თავდადებულ შრომას უნდა შეუდგნენ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

151
„უკვდავი პოლკი ონლაინ“

„უკვდავი პოლკი ონლაინ“: მასშტაბური აქციის ტრანსლაცია დასასრულს უახლოვდება

0
(განახლებულია 20:57 26.05.2020)
აქციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დაზუსტება შეიძლება ცხელ ხაზზე - 8 - 800 - 20 - 1945 – 0, რომლითაც პროექტის განმავლობაში 80 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. მასშტაბური პროექტის - „უკვდავი პოლკი ონლაინ“ - ტრანსლაცია დასასრულს უახლოვდება. ვირტუალურ მსვლელობაში 2 მილიონზე მეტმა გმირმა მიიღო მონაწილეობა. აქცია კვირის ბოლომდე დასრულდება.

„უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორები საგამოძიებო კომიტეტს ჰაკერების მონაცემებს გადასცემენ >>

მოსალოდნელია, რომ სულ ონლაინ-მსვლელობისას ნაჩვენები იქნება 2,7 მლნ ფოტო და ჩანაწერი ომის მონაწილეთა შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ-მსვლელობის ტრანსლაციას „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ვებგვერდზე www.polkrf.ru, საერთაშორისო უკვდავი პოლკის ვებგვერდზე www.polk.press, ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში შეუერთდა 23 მილიონი ადამიანი. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო „რუსეთი დღეს“.

მოდერატორებმა გააანალიზეს პროექტში წარმოდგენილი ყველა განაცხადი, რომელთა ნაწილი დასამუშავებლად ადრესანტებს დაუბრუნდა. ამ მომენტისთვის განმეორებითი მოდერაციისთვის შეიძლება 190 ათასზე მეტი ანკეტა გამოიგზავნოს.

„დარჩენილი განაცხადების უმრავლესობა უნდა დაემუშავებინათ ნათესავებს, - აღნიშნავს რუსეთის უკვდავი პოლკის ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე ელენა ცუნაევა. - რამდენიმე დღეში მოდერაციას დავასრულებთ - დარჩენილია 1000 განაცხადზე ნაკლები“.

Мужчина смотрит онлайн-трансляцию акции Бессмертный полк
© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov
„უკვდავი პოლკი ონლაინ“ - მამაკაცი ტრანსლაციას აკვირდება

აქციის შესახებ ნებისმიერი საკითხის დაზუსტება შესაძლებელია ცხელი ხაზით - 8 - 800 - 20 - 1945 – 0, რომლითაც პროექტის განმავლობაში 80 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა.

ამასთან, „უკვდავი პოლკი ონლაინ“ პროექტის ყველა მონაწილეს ეგზავნება შეტყობინება, თუ როდის გამოჩნდება მათი გმირი ონლაინ-მსვლელობაში.

თუ ვინმე ვერ მოასწრებს და მითითებულ დროს მსვლელობას ვერ შეუერთდება, ვებგვერდზე www.polkrf.ru შესაძლებელია საჭირო თარიღსა და საათთან დაბრუნება თავიანთი ვეტერანების წითელ მოედანზე სანახავად.

მსვლელობაში მონაწილე გმირების ნახვა შესაძლებელი იქნება მაისის ბოლომდე, ვიდრე ტრანსლაცია დასრულდება. უკვდავი პოლკის ტრადიციული მსვლელობა რუსეთის ყველა რეგიონში, ქუჩებსა და მოედნებზე აუცილებლად შედგება, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის შესაძლებლობას შექმნის.

0