საპროტესტო აქცია

ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

1077
(განახლებულია 23:02 16.11.2019)
შეუსრულებელი პირობა, გაბრაზებული ხალხი და საპროტესტო აქციის მოთხოვნები... წყაროზე მივიწყებული ხალხის ხმა და შოკირებული დასავლეთი...

სამსონ ხონელი

გიხაროდენ, არის, ასრულდა! ყველანი ერთად დადგნენ...

არა, მგონი, ვცდები... კი ასეა, მინუს ერთი...

მიუხედავად ამისა, იმედია, მწყობრი ნაბიჯით ივლიან და ანაც ეცდებიან, მოსახვევში ჩაეწერონ...

ვიცი, კონკრეტიკისკენ მიმითითებს მკითხველი და რა გაეწყობა, ყურად ვიღებ.

„...გპირდებით, მას შემდეგ რაც, საბოლოოდ გაირკვევა, მომავალ წელს როგორ მოგვიწევს მიცემა, პოლიტიკური აღებ-მიცემობის საკითხს უსათუოდ დავუბრუნდები...“

- ვწერდი სამი დღის წინათ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ გუნდიდან - ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი... ამაშია საქმე, ეს არის მთავარი, სიტყვა არ უნდა გატეხო, - ბრძანებთ თქვენ და დარწმუნებული ვარ, მოელით, რომ წინამდებარე სტატიით, ბოლო დღეების პოლიტიკურ თავგადასავალს გამოვეხმაურები... ვარაუდი ლოგიკურია, თუმცა ამჯერად არავის ნააზრევს მოვიშველიებ და მხოლოდ ჩემეულ ხედვას შემოგთავაზებთ.

თუ ჩამძიებით, საიდან ამდენი ამბიცია? - განვმარტავ, რომ პოლიტიკური პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზირების გარკვეული გამოცდილება მაქვს და ამ გაბედული გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს არის...

აქვე, მკითხველს მინდა პატიება ვთხოვო, რადგან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილისგან განსხვავებით, არ ვარ მზად, მართვის სადავეები ავიღო ხელში და ვმართო ეს ქვეყანა... ეს ხომ ჩეულთა ხვედრია და ყველას არ ძალუძს. ასე რომ, მოკრძალებულად, მხოლოდ ხმამაღლა ფიქრით დავკავდები...

არაფერი განსაკუთრებული და მაღალი ყურადღების ღირსი... პოლიტიკური პროცესი კიდევ ერთხელ გავიდა ქუჩაში... ეს მისთვის უცხო არ არის, კაცმა რომ თქვას ის ჩვენში ხომ სწორედ ქუჩაში დაიბადა და იქვე იზრდება, აგერ უკვე თითქმის, ოცდაათი წლის განმავლობაში... ღია ცის ქვეშ, დარსა თუ ავდარში, ძირითადად ქვეყნის მთავარ გამზირზე დავაჟკაცდა, თუმცა კი, ვეჭვობ, ვერ დაღვინდა პოლიტიკური სპექტრი.

ერთი სიტყვით, შოთა რუსთაველის გამზირი უკვე დიდი ხანია, ქართული სახელმწიფოს შენების არენად იქცა. არავინ იფიქროს, რომ ახლა პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიათა დაპირისპირებაში ე.წ. ქუჩის საპროტესტო აქციების მნიშვნელობის დაკნინებას ვაპირებ, არა, ვეჭვობ, ჩვენში ბალანსი დარღვეულია და ქუჩაში ემოციების ფრქვევა რაციონალურ გადაწყვეტილებებს სჭარბობს. მოტივი ყოველთვის ერთია, ძალაუფლებით თრობის სურვილი, მიზეზი კი ცვალებადია, განსხვავებული, მეტ-ნაკლებად ოსტატურად შეფუთული. არ ჩამოვთვლი, შორს წამიყვანს და მთავარი დამრჩება უთქმელი...

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ჯგუფურმა ფოტოსურათმა სოციალური ქსელი დაიპყრო. არ მიკვირს. ჩანს სამშობლოს ნათელი მომავალისა და კეთილდღეობისთვის  მებრძოლი მამულისშვილების ნათელი სახეები, იგრძნობა ჟინი, თავდადებისთვის მზაობა... რაღა უნდა ინატრო ამაზე მეტი? შეუმჩნეველი არაფერი რჩება და ინტერნეტმომხმარებლებმა კომენტარები და რეპლიკები არ დაიშურეს. ხალხი ხომ ბრძენია? უმრავლესობა გაოცებას ვერ მალავდა სახელდახელოდ ფორმირებული, ახალი ერთობის წევრთა, მსოფლმხედველობრივი და მორალური პრინციპების თანხვედრის გამო. პოლიტიკური ვარსკვლავების საპროტესტო გასეირნების ამსახველმა ფოტომ ბევრს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აგებული შენობა გაახსენა.... ის, რომელსაც დაჟინებით უნდა უმზირო, რომ გაერკვე ნაგებობის ერთი ნაწილი ამავე ნაგებობის რომელ ნაწილშია... სდექ! − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა. რატომ? − მივუგებ პასუხად. ეთიკის ნორმები დაცულია, მე მხოლოდ არქიტექტურული დეტალების დ თავსებადობაზე გავამახვილე ყურადღება. უნდა განვაგრძო თხრობა... ქუჩაში გავიდნენ მმართველი პარტიის ოპონენტები, მათ შორის ნახელისუფლარნი და ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილან ძალაუფლებით ნაბახუსევი... მოტივი უცვლელია, არ გავმეორდები, მიზეზი არის განსხვავებული.

დარწმუნებული ვარ, მკითხველმა კარგად იცის, დაკონკრეტება საჭირო არ არის. ფაქტია, უკვე რამდენიმე წელია, პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის უდიდესი ნაწილიც ქვეყანას წლების განმავლობაში მართავდა, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდა, რომ პოლიტიკური სისტემა გაუმართავია, რაც მათივე შეფასებით, შერეული საარჩევნო სისტემის შედეგია. პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების თანაარსებობა რეალური ელექტორალური განწყობის პარლამენტში ასახვის შესაძლებლობას არ იძლევა და თანაც მაჟორიტართა უმრავლესობა თავიანთ რაიონებს ფეოდალებად მოევლინენ... ხშირად ხდება ასე...

რაც სახელისუფლებო, კომფორტული კაბინეტიდან შეუმჩნეველია, კარგად ჩანს, როცა პოლიტიკოსები ამ კომფორტის მიღმა რჩებიან... ერთი სიტყვით, მმართველი გუნდის ოპონენტები წლებია, ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვენ. უახლეს ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ მაჟორიტარების საწინააღმდეგო კამპანია, განსაკუთრებით 2016 წლიდან, გააქტიურდა. ეს ის პერიოდია, როცა პოლიტიკური ველიდან შუა გაკრეფილია, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნება“ რამდენიმე სუბიექტმა უკვე დატოვა და შედეგად, პოლიტიკური წვრილფეხობა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

არ გაგიკვირდეთ, პოლიტიკოსთა არც თუ მცირე ნაწილი ხელმოცარული დარჩა. რა გასაკვირია, რომ მათთვის პოლიტიკური რეინკარნაცია სასიცოცხლო ამოცანად იქცა. საარჩევნო სისტემის მოდიფიცირება ამ ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ საშუალებად მოიაზრება. იყო დაპირება, თუმცა არ შესრულდა... 

ჩემეული შეფასებით, დაპირება ნაჩქარევი იყო, არ შეიძლება გასცე ის პირობა, რომლის შესრულება მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული. მაჟორიტართა დიდი ნაწილი რეფორმას იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა და  არც იმის პროგნოზირება იყო ძნელი, რომ პოზიციას არ შეიცვლიდა. რა მოტივით? − ეს სხვა საკითხია, თუმცა დავუშვათ ყველაზე მიუღებელიც, პირადი კეთილღეობა... რა ხდება მას შემდეგ, ვინ რას ითხოვს, და რა სცენარით განვითარდება პროცესები? კითხვენს მოკლედ ვუპასუხებ, ისეთი არაფერი მოხდება, რაც ჯერ არ მომხდარა. მთავარია, საპროტესტო აქციის პათოსი გავიზიაროთ. ვიცი, ბევრს სჯერა, რომ ხალხი წართმეული პროპორციული არჩევნების გამო ბრაზობს. რაკი ასეა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხზე მოგახსენებთ...

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება პარლამენტში პარტითა წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, აუცილებელია, ქვეყანაში პარტიული სისტემა არსებობდეს, პარტიები საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ინტერესებს უნდა გამოხატავდნენ და მათი ნდობით სარგებლობდნენ. ბანალურია, მაგრამ ასეა... ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის უკლებლივ ყველა შედეგი სავალალო ტენდენციაზე მიანიშნებს. პოლიტიკური პარტიებისადმი საზოგადოების ნდობა სულ უფრო იკლებს. მოსახლეობის ნახევარი აცხადებს, რომ მის ინტერესებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საშემოდგომოდ გასაჯაროებული კვლევის ერთ-ერთი მონაცემი. პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები დიდი ხანია საუბრობენ, რომ პოლიტიკური აქტიორებისა და მათი საქმიანობისადმი ხალხში სულ უფრო მზარდი ნიჰილიზმია. ნიჭიერი ხალხი ვართ, სუსტი პარტიული სისტემისა და კრიტიკულად დაბალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში მმართველობის საპარლამენტო მოდელი შემოვიღეთ და ახლა არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ვითხოვთ. არ გამოვრიცხავ, ხედვა სწორია, თუმცა ვეჭვობ, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა შესაძლო შედეგი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. არადა, ამაზე არავის უზრუნია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ აზვირთებული საპროტესტო მუხტის მიზანი ხელისუფლების მყისიერად, რევოლუციური სცენარით ჩანაცვლებაა, ხოლო სხვა ყველაფერი ამ მიზნის ლამაზად შეფუთვას ემსახურება...

აქ მსურდა წერტილის დასმა და დროებით დამშვიდობება, მაგრამ არ ვიქნებოდი მართალი. ბოლო ჟამს ჩვენში არავინ ინტერესდება, რას ამბობს ხალხი წყაროზე და მზერა დასავლეთით არის მიპყრობილი... ის კი წუხს, შფოთავს, თუმცა არის წინსვლა. დასავლეთი შოკშია! სხვისი არ ვიცი, მე კი საქართველოში მიმდინარე პროცესით შოკირებული დასავლეთი არ მახსოვს... არც მაშინ, როცა... არ დავკონკრეტდები, მიმიხვდება მკითხველი. ისე, გაკვირვებას კი იწვევს. დასავლეთი, სადაც მაჟორიტარული დემოკრატიის აკვანი დაირწა, ჩვენს ხელისუფლებისგან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს... რატომ? ეჭვი მაქვს, სასწორის პინაზე ახლა გაცილებით მეტი დევს, ვიდრე საარჩევნო სისტემა და თავად მომავალი არჩევნები... მაინც რა ეს „გაცილებით მეტი“... პასუხით ამ კითხვაზე იქნება პასუხი ყველა სხვა კითხვაზე!

 

1077
თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
აშშ-სა და ჩინეთის  დროშები

გადაწყდა: ჩინეთს ათნი მოახრჩობენ დაუძახებენ თუ არა რუსეთს?

115
(განახლებულია 18:35 05.08.2020)
ჩინეთთან ცივი ომის გარდაუვალობის ფონზე, რომელიც, დიდი ალბათობით, სანქციებსაც გაითვალისწინებს, ეკონომიკური კავშირების შეზღუდვასაც, ორმხრივ შპიონაჟსაც და, შესაძლოა, კონფრონტაციის ძალისმიერ ფორმასაც, დასავლელი ექსპერტები პეკინზე გამარჯვების ჯადოსნური მეთოდის ძებნას იწყებენ

ივან დანილოვი

„ჩინური დრაკონის მოხრჩობის“ ყველა ვარიანტი, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით განიხილავენ ვაშინგტონში, ლონდონსა თუ ბრიუსელში, რაღაც ფართო ანტიჩინური კოალიციის შექმნას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ კოლექტიური ძალისხმევით მოხდეს ჩინეთის იზოლირება, გაუვნებელყოფა და დაჩოქება დაახლოებით ისეთივე სქემით, როგორიც სსრკ-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის გამოიყენებოდა.

მაგრამ თუ რაღაც მიმართულების მიმცემი პრინციპების დონეზე არანაირი მრავალფეროვნება არ შეინიშნება, ამ პრინციპების განხორციელების დონეზე სერიოზული პრობლემა ჩნდება, რომლის გადაჭრის დროსაც პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიპლომატებსა თუ ანალიტიკოსებს „შუბები ემსხვრევათ“.

საქმე ისაა, რომ ზოგ ევროპულ დედაქალაქში და აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრებში უკვე იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირისა და (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ასევე აზიის ზოგი ქვეყანა რატომღაც არ იწვიან სურვილით, მონაწილეობა მიიღონ ახალ ცივ ომში ჩინეთის წინააღმდეგ — აშშ-ის პაიკების რანგში. უფრო მეტიც, მათ არ სურთ ფული იხადონ ამერიკის გამარჯვებისთვის ამ ომში (რაც იმ მუდმივ სკანდალებში გამოიხატება, რომ გერმანია და საფრანგეთი უარს ამბობენ თავიანთი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის ორი პროცენტის გადახდაზე „ამერიკულ სამხედრო საფარველში“) და ისინი მზად არც კი არიან, მაშინვე დაეთანხმონ, მაგალითად, ევროკავშირში ჩინური კომპანია „ჰუავეის“ აღჭურვილობის სრულ აკრძალვას, რაც 5G ქსელებისთვისაა საჭირო. ეს კი წარმოუდგენლად აბრაზებს „ანტიჩინურ ქორებს“ ვაშინგტონსა და ლონდონში.

საკუთარი არმიის ფაქტობრივი შექმნის შესახებ ევროპული განცხადებებისა და მაკრონის დეკლარაციის ფონზე, რომელიც დამოუკიდებელი (ანუ, არც პროჩინური და არც პროამერიკული) საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილს შეეხება, ჩნდება ეჭვები, რომ ფართო ანტიჩინური ალიანსის „შეკოწიწება“ ძალიან რთული და ძვირი იქნება. და ეს ეჭვები მხოლოდ ძლიერდება, მასთან ერთად კი ძლიერდება ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

ავტორიტეტული ჟურნალი Foreign Affairs, რომელიც გავლენიანი „გონებრივი ცენტრის“ Council on Foreign Relations-ის ეგიდით გამოიცემა, ამ პრობლემისადმი მიდგომის ორ ვარიანტს განიხილავს. მათგან ერთს შეიძლება პირობითად „დონალდ ტრამპის მიდგომა“ ეწოდოს, ხოლო მეორეს — „ბორის ჯონსონის მიდგომა“. იმ კოლოსალური გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც Council on Foreign Relations-ი ახდენს ამერიკული და ასევე ევროპის პროამერიკული ელიტების აზროვნებაზე (თავად „გონებრივი ცენტრი“ რამდენიმე პოპულარული შეთქმულების თეორიის გმირია, რომელთა თანახმადაც, ის ლამის „აშშ-ის ჩრდილოვან მმართველად“ მიიჩნევა), ღირს განვიხილოთ ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკოცენტრული სამყაროს მოწყობის კრიზისისა და „ჩინური პრობლემის“ წარმატებით გადაჭრისთვის გვთავაზობენ — მით უმეტეს, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ Foreign Affairs-ის ახალი სტატია დაიბეჭდა სათაურით „დემოკრატიის საბჭოს მრავალმხრივობის გადარჩენა შეუძლია“, შემოთავაზებული მეთოდები მაინც ვაშინგტონის ფაქტობრივ დომინირებაზეა (მინიმუმ, დასავლურ სამყაროში მაინც) ორიენტირებული, განსხვავება მხოლოდ ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნების მეთოდებშია.

ავტორიტეტული გამოცემის ავტორები სტატიას იმის კონსტატაციით იწყებენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი აშკარად სულს ღაფავს, ხოლო მთავარი საფრთე ამ დროისათვის არის არა კორონავირუსი, არამედ ჩინეთი და რუსეთი.

„მაგრამ კორონავირუსის პანდემიამდეც კი მრავალმხრივი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით აიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძლივს უმკლავდებოდა ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებს მსოფლიოში. COVID-19-მა აჩვენა, რომ მეფე შიშველია, მაგრამ რეალურად მეფე მანამდე ძუნწად იყო ჩაცმული რაღაც დროის განმავლობაში.

რამდენადაც მსოფლიო ეკონომიკის სიმძიმის ცენტრმა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა, გლობალური ამბიციების მქონე სტრუქტურებს აღარ შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ამ რეგიონში დამაჯერებელ ლიდერობაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის გარეშე. მაგრამ G7-ში, რომელიც 1973 წლის სანავთობე შოკის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ შედის ევრო-ატლანტიკური რეგიონისმიღმა ერთი წევრი — იაპონია. ხოლო „დიდი ოცეული“, რომელიც აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიქმნა 1997 წელს და თავისი ღირებულება წარმოაჩინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ძალიან შეუთავსებელი აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე საერთაშორისო პრობლემების საიმედოდ გადაჭრის უნარის თვალსაზრისითაც. ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ზიანი მიადგა ჩინეთსა და რუსეთში აგრესიული ავტორიტარიზმის აღორძინებით“.

ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ თეზისამდე: „ყველაფერი დაიღუპა და არაფერი მუშაობს!“

შესაბამისად, შემოთავაზებულია გადაჭრის ორი გზა — ერთი ტრამპის, მეორე — ჯონსონისა.

„ჯონსონი პირველი იყო, ვინც ახალი სტრუქტურის იდეა წამოაყენა. მაისში მან ათი წამყვანი დემოკრატიის ალიანსის შექმნის წინადადება დააყენა, რომელშიც G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა შევიდოდნენ, ხოლო გაერთიანებას D10 დაერქმეოდა — იმისათვის, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში პოლიტიკის კოორდინაცია მომხდარიყო და ჩინური ბაზრის ლიდერის „ჰუავეის“ ალტერნატივა დამუშავებულიყო, რომლის დომინანტმა მდგომარეობამ 5G-ს ტექნოლოგიაში უსაფრთხოებას ყველგან შეუქმნა საშიშროება. ამის შემდეგ მალევე ტრამპმა გადადო G7-ის შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, და მის ნაცვლად G11-ის ფორმატი შემოგვთავაზა შემოდგომის სამიტზე. ჯონსონის წინადადებისგან განსხვავებით, ტრამპის ახალ ჯგუფში, D10-ის ქვეყნებთან ერთად, რუსეთიც უნდა შედიოდეს“.

Foreign Affairs-ის ექსპერტების რეკომენდაციით, ამ კლუბში რუსეთის შეყვანა არ ღირს და ისინი D10-ის ვარიანტს, ანუ ჯონსონის სქემას არჩევენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფრო საინტერესოა თავად ამ რეკომენდაციის მოტივაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს რამენაირად დაარწმუნებენ, რომ ანტიჩინურ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს, ტრამპის სქემა მაინც ცუდი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში — უპერსპექტივოც, იმის გამო, რომ ის უპირველესად ანტიჩინურ დღის წესრიგზე იქნება აგებული. აი ჯონსონის სქემიდან კი თითქოს რაღაც პოზიტიური დღის წესრიგის ამოღება შეიძლება, ანუ რაღაც გამაერთიანებელი იდეისა, რომელიც „ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსის“ შექმნას კი არა, არამედ „ყველაფერი კარგისთვის ალიანსის“ შექმნის საშუალებას გააჩენს.

პოზიტიურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ცარიელი ლოზუნგების ნაკრები მოიაზრება — „დემოკრატია“, „თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებები“. განსაკუთრებით სახალისოა ის, რომ ასეთი პოზიტიური დღის წესრიგის გაჩენა ვაშინგტონის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას საპირწონედ უდგება: „შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოვიდეს აზიური ბანკის (რომელსაც ჩინეთი მეთაურობს) ინფრასტრუქტურული ინვესტიციების წინააღმდეგ, ინიციატივებისა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ და რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. მაგრამ თუ დამაჯერებელ ალტერნატივას არ შესთავაზებენ სხვა ქვეყნებს, მათი დარწმუნება, რომ ისინიც იგივენაირად მოიქცნენ, ძალიან რთული იქნება. ვაშინგტონი ვერ დაამარცხებს რამეს, თუ არაფერს გამოიყენებს“.

ამ მიდგომის პრობლემა ისაა, რომ „დემოკრატია“ და „თავისუფლება“ იარლიყით „დამზადებულია აშშ-ში“ ვერ შეუცვლის გერმანიას რუსულ გაზს, ხოლო იტალიას — ჩინურ ინვესტიციებს. აქ შეიძლებოდა ამერიკულ ფულს ემუშავა, მაგრამ ვაშინგტონს ასეთი ურთიერთობები არ სჭირდება, თანაც, კონკრეტული მომავალი პრეზიდენტის გვარის მიუხედავად — ბაიდენსაც და ტრამპსაც სჭირდებათ კოლონიები, მაგრამ ევროკავშირის დაბრუნება ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, აღარ გამოვა, თანაც მნიშვნელობა არა აქვს, D10-ის თუ G11-ის ფორმატში. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც აღარაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

115
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ანუ რატომ დაინგრა ქორწინებები პანდემიის დროს

476
(განახლებულია 19:46 04.08.2020)
კრიზისული პერიოდის ეტაპები ურთიერთობაში – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.

წყვილები, რომლებიც გამოირჩევიან ურთიერთშეცნობის მაღალი უნარით, ქმნიან მყარ ოჯახებს. ურთიერთშეცნობა არ გულისხმობს მხოლოდ დადებითი კუთხით ერთმანეთის ხედვას. მსგავს წყვილებს კარგად ესმით ერთმანეთის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლების, იღებენ და უყვართ პარტნიორი ისეთი, როგორიც ის არის.  

„გაიდეალურება“ და ერთანეთის მიმართ არაჯანსაღი, გაზვიადებული მოლოდინები ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზი ურთიერთგაუგებრობის და ერთმანეთისგან გაუცხოების, ვინაიდან მცირედი იმედგაცრუების განცდაც ასეთ დროს კატასტროფად, გამოუვალ მდგომარეობად აღიქმება, რაც უქმნის საფრთხეს მათ მომავალ პარტნიორობას.

წყვილთა შორის უთანხმოების მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის არის განსხავვებული შეხედულებები, გადამეტებული სწრაფვა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, თავისუფალი დროის გატარების განსხვავებული მოთხოვნები, ერთმანეთის პიროვნული გრძნობების, შეხედულებების და ღირსების უპატივცემულობა, ერთმანეთის გაგების, მზრუნველობის და ყურადღების ნაკლებობა, ასევე სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები, ფსიქო-სექსუალური შეუთავსებლობა.

წყვილები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ნებისმიერ პიროვნულ ურთიერთობებს თან ახლავს გარკვეული კრიზისული პერიოდები, რაც კრიზისულ ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ განიხილება, ვინაიდან კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა უფრო ძლიერს და მყარს ხდის ურთიერთობებს.

პირველ კრიზისული პერიოდს წარმოადგენს ურთიერთობის პირველი წელიწადი, როცა ხდება ერთმანეთის უკეთ შეცნობა, „ჩვენ“ კონცეფციის გაცნობიერება. ეს არის პარტნიორთა ურთიერთდაპირისპირების პერიოდი.

მეორე კრიზისული პერიოდი ბავშვის დაბადებას, მშობლების პასუხისმგებლობას, მათი უფლებების და მოვალეობების  შესრულებას ეხება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წყვილის ურთერთობაზე.

მესამე კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს ერთფეროვნების პრობლემა, როცა მნიშვნელოვანი ხდება სიახლის და გარკვეული ცვლილებების განხორციელება ურთიერთობაში.

მეოთხე კრიზისული პერიოდი ხშირად ემთხვევა ხანდაზმულობის პერიოდის დაწყებას, როცა შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებით გამოწვეული მარტოობის განცდა ჩნდება.

პარტნიორები, რომლებიც მეტად აცნობიერებენ ურთიერთობებში კრიზისული პერიოდების არსებობას, როცა ხდება ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებების შეცნობა, ურთიერთპატივისცემა, უპირობო სიყვარული და მიმღებლობა, ეს ყოველივე მყარი ურთიერთობის საფუძველია.

სტატისტიკური მონაცემებით გამოიკვეთა, რომ პანდემიით გამოწვეულ თვითიზოლაციის პირობებში ხშირი იყო განქორწინების შემთხვევები. გარეთ გამოსულმა ბევრმა ქართველმა, პირველი, რაც გააკეთა, საჯარო რეესტრს მიაკითხა და ქორწინების გაუქმება მოითხოვა. სწორედ იზოლაციის დროს ერთმანეთის შეცნობისა და უარყოფითი მხარეების წარმოჩინების, ურთიერთგაუგებრობის და კრიზისული პერიოდის არაჯანსაღად მართვის შედეგად მრავალი წყვილი განქორწინდა.

მნიშვნელოვანია წყვილს ესმოდეს ერთმანეთის წუხილი, აუცილებელია გააცნობიერონ ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებები, პატივი სცენ ერთმანეთის განსხვავებულ შეხედულებებს. მნიშვნელოვანია წყენის არდაგროვება,  ერთმანეთის მოსმენა, გულახდილი საუბარი და მიმდინარე პრობლემის ერთობლივი დაძლევა.

ხშირად გვსმენია ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით რჩევები ბავშვის ყოლის შესახებ – რომ შვილი უფრო მყარს გახდის მათ პარტნიორობას, რაც ყოვლად მიუღებელია. უპირველესად უნდა მოხდეს ერთმანეთის შეცნობა, ურთიერთმიმღებლობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ვინაიდან შვილის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის იზრდებოდეს მოსიყვარულე, თბილ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ჩვენ შეგვიძია ვისაუბროთ წარმატებულ ურთიერთობებზე, რომლებიც სწორედ წყვილის უნარებზეა დამოკიდებული. ეს კი სირთულეების გადალახვის, განსხვავებული აზრის პატივისცემის, ერთმანეთის პირადი სივრცის დაცვის, უპირობო მიმღებლობისა და სიყვარულის შედეგია.

476
შვილთან ერთად

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს - „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

0
(განახლებულია 16:16 06.08.2020)
 ჯერ კიდევ მაშინ როცა წერა არ იცოდა, ანუ ოთხი წლის ასაკში, მის მიერ უცებ წამოსროლილ გარითმულ სტრიქონებს გაოცებული უფროს და რვეულში ნაჩქარევად იწერდნენ. ექვსი წლიდან საკუთარ ლექსებს თავად წერდა სასკოლო რვეულში.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გააგრძელა. სწავლის დროიდან იყო „ქალთა გაზეთის" კორესპონდენტი და ტელეკომპანია „პირველი არხის“ სცენარისტი. მოგვიანებით მუშაობა ჟურნალ „მზის სხივში" გააგრძელა.

დღეს პოეტი, ჟურნალისტი, მხატვარ-დეკორატორი, სცენარისტი და პედაგოგი მარი თაბაგარი „ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის" წევრი და პოეტური კონკურსების გამარჯვებული გახლავთ. ეს ლიტერატურული კონკურსებია: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი", წმინდა ილია მართლის სახელობის და რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის" კონკურსი, არის ქრისტიანული პოეზიის კონკურსის „წმინდა ნინოს ჯვარი" პრიზიორი.

მარი თაბაგარი
მარი თაბაგარი

- ქალბატონო მარი, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, თქვენ შემთხვევაში რა დაიწყო?

- დიახ, ყველაფერი მაშინ იწყება... ადამიანის სწორად ჩამოყალიბების პროცესში ბავშვობის წლები ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა თვისება და ჩვეულება ბავშვობაში იღებს სათავეს და უმთავრესი როლი მშობლებს აკისრიათ, პედაგოგები კი თანამონაწილეები არიან. ორივე შემთხვევაში გამიმართლა. ვიზრდებოდი დიდ და თბილ ოჯახში, მოსიყვარულე მშობლების, მზრუნველი მამიდების, უფროსი, ნიჭიერი დებისა და პატარა ძმის გვერდით. ექვსი წლიდან საუკეთესო პედაგოგების მსმენელად ვიქეცი. თუკი ჩემში სიკეთისა და წარმატების მარცვალი  დევს, თითოეულის დამსახურებაა. უმთავრესია, იყო ღირსეული ადამიანი. ბავშვობიდან სწორედ ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო და დღეს ვარ პიროვნება, რომელიც არასოდეს შეარცხვენს მშობელს, შვილს, და-ძმას, მეგობრებს, ქვეყანას...

მარი თაბაგარი
მარი თაბაგარი

- თუ გახსოვთ ყველაზე მეტად რა ახდენდა მაშინ თქვენზე შთაბეჭდილებას და რა გადაგქონდათ ფურცელზე?

- როცა ოთხი წლიდან, ჩემდაუნებურად, გარითმულ ფრაზებს წარმოვთქვამდი და მათ უფროსი და იწერდა და ინახავდა. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერები დავკარგეთ. ექვსი წლიდან თავად ვიწერდი და დღემდე შემონახულ რვეულში ჩემი პირველი ლექსი გაზაფხულს ეძღვნება. ბუნება, სამშობლო, მეგობრები, პოეზია იყო ლექსების ძირითადი თემა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი და ვანიჭებ ვაჟა-ფშაველას ღრმა და ამოუწურავ შემოქმედებას. რამდენიმე ლექსი მისთვისაც მიმიძღვნია. შემდგომში კი, ეროვნული მოძრაობის წლებმა, წერა ლამის ყველას დააწყებინა. ჩემს შემოქმედებასაც ის პერიოდი პატრიოტული მოტივით ავსებს. ვიყავი და ვარ ზედმეტად ემოციური, ამიტომ ემოციის ფონზე მოსული მუზა ხშირად იდებდა ბინას თეთრ ფურცლებზე.

,,ქალთა გაზეთის თანამშრომელთან ერთად
,,ქალთა გაზეთის" თანამშრომელთან ერთად

- მინდოდა მეკითხა როგორ გააკეთებდით არჩევანს ვინმეს რომ ეკითხა: პროზა თუ პოეზია მეთქი, მაგრამ თქვენი ეს დაწერილი წავიკითხე: „მოვიმარჯვებ ფურცლებს და საწერ კალამს. დავფიქრდები, როგორ დავიწყო და უცებ დამაფრინდება თავზე ლექსის მუზა, გასაქანს არ მაძლევს. ნოველას ფეხს დაუბაკუნებს და ისიც დამფრთხალი ბეკეკასავით გარბის სადღაც გადასაკარგავში. ფურცელზე კი ლექსი მორაკრაკებს“ -ყველაფერი გასაგები გახდა და მაინც...

- ეს ის შემთხვევაა, როცა „და მაინც" არ არსებობს. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: შემოქმედისათვის თავისი ნამუშევარი შვილივითაა. პროზა და პოეზია მხოლოდ სქესით განსხვავდება. მშობელი კი სქესს არ ირჩევს. თქვენ მიერ წაკითხული ჩანახატი (ამონარიდს ვგულისხმობ), იმ პროცესს აღწერს, როცა მოთხრობის წერისას, ფიქრებში წასულს, ლექსი შემომეწერა, ეს არც თუ იშვიათად მომხდარა.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- თქვენ „ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის" წევრი ხართ, ამბობენ, კარგი თარგმნა ლექსის წერაზე რთულიაო... ასეა?

- ნახევრად ხუმრობით ასე ვიტყოდი, რომ კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია! დიდი ხანი არ არის, რაც თარგმნა დავიწყე. ეს კი ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილის დამსახურებაა. ადამიანის, რომლის ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მთარგმნელთა ასოციაციის წევრებიც უნიჭიერესი პოეტები და უსაყვარლესი ადამიანები არიან. ბატონი ალექსანდრეს რედაქტორობით გამოიცა „გაზაფხულის პოეტური ალმანახი". ძალიან მალე მზად იქნება თურქული პოეზიის ანთოლოგია (მე-2 გამოცემა) და ათაოლ ბეჰრამოღლუს რჩეული ლირიკა. ასოციაციაში მუდამ ფუსფუსი გვაქვს, მუშაობა სხვა გამოცემებზეც დაწყებულია. რაც შეეხება თარგმნას, მარტივი ნამდვილად არ არის. უნდა გაეცნო იმ პოეტის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, ვისაც თარგმნი, რომ რაღაც დონეზე მოახერხო და მისი სულიერი მხარე დაინახო. აუცილებელია ლექსის სტრუქტურა, ლექსთწყობა (ვერსიფიკაცია) არ დაურღვიო და სათქმელიც ზედმიწევნით ზუსტად გადმოცე. გაითვალისწინო სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა და რითმაც (თუ კონვენციური ლექსია) ლამაზად მოარგო. ძალიან მიყვარს და ყოველთვის სიამოვნებით ვთარგმნი ანა ახმატოვასა და ადა ნეგრის პოეზიას.

მარი თაბაგარი
მარი თაბაგარი

- ჩვენს მკითხველს რომელ თარგმანს შესთავაზებთ?

- ანა ახმატოვას ლექსის „ჩვენ არ დავლიოთ ერთი ჭიქიდან“ ჩემეულ თარგმანს. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ლექსი პოეტმა 1913 წლის შემოდგომაზე დაწერა და მიუძღვნა პოეტსა და მთარგმნელს, მიხეილ ლოზინსკის, რომელთანაც ახმატოვა გარდაცვალებამდე მეგობრობდა. უკვე დაავადებული ანა მიხეილის შესახებ მოგონებებსაც წერდა.

ჩვენ არ დავლიოთ ერთი ჭიქიდან,

არც ტკბილი ღვინო, არც წყაროს წყალი,

დილით არ გვქონდეს ამბორის კვალი,

საღამოს - ერთი ხედი ფანჯრიდან.

შენ მზით სუნთქავ და მე მთვარე მათბობს,

ჩვენს მაცოცხლებელ სიყვარულს არ ვთმობთ.

ერთგულ მეგობარს ვიახლებ მუდამ,

შენ მხიარული გხიბლავს ძალიან;

ნაცრისფერ თვალებს შიში რომ უდგას,

ეს სენი, მხოლოდ შენი ბრალია.

არ ვხვდებით ხშირად, ასეც გვინდოდა,

ამგვარად სუფევს ჩვენთან მშვიდობა.

მხოლოდ შენი ხმა მღერის ჩემს ლექსში,

ჩემი სუნთქვა აქვს შენს პოეზიას;

არსებობს ცეცხლი, ოჰ, უნაზესი,

ვერ გაანელებ, რადგან შენშია.

როგორ მიყვარს და მიზიდავს ახლა,

მაგ ტუჩებს ვარდის ფერი რომ ახლავს.

ორიგინალში ეს ლექსი ასე ჟღერს:

Не будем пить из одного стакана

Не будем пить из одного стакана

Ни воду мы, ни сладкое вино,

Не поцелуемся мы утром рано,

А ввечеру не поглядим в окно.

Ты дышишь солнцем, я дышу луною,

Но живы мы любовию одною.

Со мной всегда мой верный, нежный друг,

С тобой твоя веселая подруга.

Но мне понятен серых глаз испуг,

И ты виновник моего недуга.

Коротких мы не учащаем встреч.

Так наш покой нам суждено беречь.

Лишь голос твой поет в моих стихах,

В твоих стихах мое дыханье веет.

О, есть костер, которого не смеет

Коснуться ни забвение, ни страх.

И если б знал ты, как сейчас мне любы

Твои сухие, розовые губы!

შვილთან ერთად
შვილთან ერთად

- ლიტერატურულ ჯილდოთაგან ყველაზე მოულოდნელი რომელი იყო?

- ყველა ჯილდოს, რაც მიმიღია, თავისი განუმეორებელი ემოცია ახლდა. თუმცა ყველაზე მეტად, რაც ამ დროს მახარებს, უშუალოდ მედალი, სიგელი ან ფულადი ჯილდო კი არაა, არამედ ის, რომ ლიტერატორები, კომპეტენტური ადამიანები, ნამუშევარს კითხულობენ და შრომას მიფასებენ. ეს იგივეა, შვილს რომ შეგიქებენ- რა დიდებული მშობელი ხარ, რა კარგად აღგიზრდიაო. მზრუნველობა კი, უმეტეს შემთხვევაში, ნაყოფს იღებს. იშვიათად, თავდაჯერებული არ ვიყო. შესაბამისად, მოულოდნელობის სიხარული არა, მაგრამ ობიექტურობის განცდა მეუფლება.

მარი თაბაგარის ლექსი თანამედროვე ქართულ პოეზიაში
მარი თაბაგარის ლექსი თანამედროვე ქართულ პოეზიაში

- ერთი პერიოდი სატელევიზიო გადაცემის „ჩემი მშვენიერი ლედი" სცენარისტად მუშაობდით, რომ განვაზოგადოთ ეს ფაქტი - რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ქალი ლედიდ იქცეს?

- ამაზე ზოგადი პასუხი მაქვს. უმთავრესია შინაგანი კულტურა, ინტელექტი, დახვეწილი გემოვნება და გულში სიკეთის მარცვალი... პლასტიკურ ქირურგიასაც რომ მიმართო, თუ შიგნით ეს ყველაფერი არ გიდევს, მხოლოდ გარეგნობა ლედის თვისებებს ვერ შეგძენს. „ჩემი მშვენიერი ლედი" იყო ია ფარულავას რეიტინგული და საინტერესო შოუ-პროგრამა. მისი გმირები გადაცემის ბოლოს უფრო მეტად თავდაჯერებული ხდებოდნენ. კეთდებოდა ის, რაც შოუ-პროგრამის ფორმატში იყო შესაძლებელი. ია უნიჭიერესი მსახიობია, რომელსაც ძალიან ლამაზად და მაღალ დონეზე შეუძლია დადგას მაყურებლისთვის საინტერესო შოუ, რადგან მას უბადლო შარმი და შეუდარებელი ალღო აქვს.

- თუ იცით რაშია ბედნიერების საიდუმლო, ბედნიერებაზე რომ ლექსი დაწეროთ მის პირველ სტრიქონს როგორ დაიწყებდით?

- ამაყი დედა მივაბიჯებ, დროა ასეთი:

სიკეთეს ისევ დაულაშქრავს ციხე ქაჯეთის,

სტუმარი არ ვარ, მეგებება ზღვა აფხაზეთის

და მიხარია საქართველო ტაო-კლარჯეთით!..

- „ცხოვრების გზაზე წაქცევა, წამოდგომა, ტკივილი, წყენა, სიხარული ნაოჭებში სახლდება, მყარად იბუდებს და... ვბერდებით!“- შემთხვევით ხომ არ იცით ღირსეულად და ლამაზად როგორ შეუძლია ადამიანს, რომ დაბერდეს?

- შეუძლებელია, ვინმეს ამის ფორმულა ჰქონდეს. ღირსეულად- ღირსეულები ბერდებიან. ღირსებას კი ერთი მიმართულება და ბევრი გზა აქვს. ადამიანი საკუთარი ცხოვრებით ქმნის მას. ყველაფერი გონებიდან მოდის. გონება განსაზღვრავს ადამიანის ნაბიჯებს და კეთილშობილება ნაბიჯის მიმართულებას. შეუძლებელია, მოკვდავმა უშეცდომოდ გაიარო ცხოვრების გზა, თუმცა ღირსეულად გავლა, შესაძლებელი კი არა, აუცილებელიცაა. შეიძლება ათი მცნებაც არაერთხელ დაარღვიო, მაგრამ ერთგულება და სიკეთე კელაპტარივით უნდა გიძღოდეს წინ. ნოდარ დუმბაძე შუბლის ძარღვზე რომ გვიყვება, ის ძარღვიც ღირსების ნიშანია...

 

0