ნინო ლომჯარია

ომბუდსმენის „შეთქმულება“ სასამართლო კლანის წინააღმდეგ?

191
(განახლებულია 18:53 11.11.2019)
სახალხო დამცველის სარჩელის გამო პარლამენტმა, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს ვერც ერთი მოსამართლე ვერ დაამტკიცოს.

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვეღარ დაამტკიცებს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას – მიიღოს თუ არა წარმოებაში სარჩელი, რომლითაც სახალხო დამცველმა მოსამართლეების პარლამენტში წარდგენის წესი გაასაჩივრა.

სახალხო დამცველმა 1 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

ნინო ლომჯარიას თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს. 

„ეს წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას – საკუთარი პროფესიული თუ სხვა უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი“, – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, მათ მიერ წარმოებულმა მონიტორინგმა რამდენიმე გარემოება გამოავლინა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით მოქმედებდნენ. 

საქმე მოულოდნელად ძალიან საინტერესოდ შეტრიალდა. თუ უმრავლესობა ნოემბერში კონსულტაციებს და დეკემბერში მინიმუმ 10 მოსამართლის დამტკიცებას გეგმავდა, ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, შესაძლოა, ვერაფერი მოიმოქმედოს. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 46-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, ხოლო სარჩელის მიღების შესახებ გადაწყვეტილება – 4 თვეს".

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და პარლამენტს პროცესის შეჩერება მოსთხოვა, მაშინ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვეღარ აირჩევს. თუმცა, ალბათ, პროცესს დამატებით ელფერს ისიც მატებს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

სახალხო დამცველის ნაბიჯს დაგვიანებულად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

ის ომბუდსმენს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ახლა ნინო ლომჯარია ვერავითარ გავლენას ვეღარ მოახდენს ამ პროცესზე, მაშინ, როცა ის და ნაზი ჯანეზაშვილი გამუდმებით სთხოვდნენ ლომჯარიას, პროცესში ადრევე ჩართულიყო.

თუ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთისთვის გულის მოსაგებად დასჭირდა, მას შეუძლია ლომჯარიას სარჩელი საბაბად გამოიყენოს და პროცესი გადადოს. ფაქტია, რომ გასაუბრებებზე ბევრი კანდიდატი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ მოსამართლეებისთვის კენჭისყრა უნდა გაიმართოს პარლამენტში, თუმცა ვიცე-სპიკერი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა ხმა მისცეს მოქმედ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შალვა თადუმაძეს.

მოკლედ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაირკვევა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, ანუ ბიძინა ივანიშვილი.

191
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები

შეიცვლება თუ არა საქართველოს მთავრობა არჩევნებამდე?

39
(განახლებულია 21:38 26.05.2020)
ცნობილია, რომ უღელტეხილზე ცხენებს არ ცვლიან. შესაბამისად, ხმები გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლისა და მთავრობის ცვლილების თაობაზე არათუ გადაჭარბებული, არამედ არარეალისტურიც უნდა იყოს.

თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით, რამ გამოიწვია ვრცელი საუბრები სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასე გამოიყურება: პრემიერის პოსტზე გახარიას ლილუაშვილი შეცვლის, სუს-ის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ხდება, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გრიგოლ ლილუაშვილის დეიდაშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლაიშვილი დაიკავებს.

ინფორმაციის პირველწყარო უცნობია, თუმცა ამ ხმებს აქტიურად ავრცელებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

ბუნებრივია, სამთავრობო ცვლილებების თემა ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერსიების აგორებას ხელი სახელმწიფო მინისტრის ქეთი ციხელაშვილის ელჩად მივლინებამ შეუწყო.

თუ ვინმეს ავსტრიის ელჩობა სახელმწიფო მინისტრობაზე ნაკლები თანამდებობა ჰგონია, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ

ციხელაშვილი ამ პოსტზე ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების კუთხით. ამიტომ მას ეს ცვლილება, სავარაუდოდ, სულაც არ ეწყინებოდა.

ისევე, როგორც სახელისუფლებო გუნდი, როგორც ჩანს, წინასწარ ცდილობს იმ ადამიანების დასაქმება-დაფუძნებას, ვინც მომავალ საპარლამენტო გუნდში ვეღარ მოხვდება.

მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიავლინეს დეპუტატი კარლო კოპალიანი. ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკებები სხვა დეპუტატებთანაც დაწყებულია და საარჩევნო დღისთვის ყველა მათგანს ექნება გარკვეული მონახაზი, სად გააგრძელებს საქმიანობას.

მთავრობის შეცვლაზე გავრცელებული ხმები ოპოზიციის ფანტაზია ჰგონია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

ის ამბობს, რომ ეს სურვილები და ვნებები ოპოზიციას გაზაფხულსა და შემოდგომაზე უმძაფრდება.

„გახარიას 20 ივნისის შემდეგ ვერაფერი დააკლეს და, მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სახელი კრიზისულ სიტუაციაში კარგ მენეჯერობას დაუკავშირდა", – ამბობს საყვარელიძე.

დაანონსებული ცვლილებებით გაკვირვებულია ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, გახარიას ფაქტორი დღეს დიდია, დიდია მის მიმართ ნდობა და ამ ფაქტორის გარეშე მმართველმა გუნდმა არჩევნები შესაძლოა წააგოს კიდეც.

ხელისუფლებაში ცვლილებებს არათუ გამორიცხავს, არამედ ელოდება კიდეც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, მაგრამ – არჩევნების შემდეგ. ის თვლის, რომ საარჩევნოდ რაიმე დრამატული ცვლილებები მოსალოდნელი არაა და რეალური სიახლეები სწორედ არჩევნების შემდეგ მოხდება.

ზოგადად კი ცნობილი ამბავია, რომ პოლიტიკოსისთვის ყველანაირი ხმაურიანი ინფორმაცია სასარგებლოა, გარდა ნეკროლოგისა. საქართველოს მთავრობას და, კონკრეტულად, გახარიას დღეს გაცილებით სერიოზული ბრძოლები ელოდება წინ სიღარიბის, შიმშილისა და გაჭირვების სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ კორონავირუსზე. სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხი იქნება 2020-ის არჩევნების შედეგების განმაპირობებელი ფაქტორი. თუმცა, ბუნებრივია, პოლიტიკაში არც ქვედა დინებებისა და შიდა ომების ფაქტორების გამორიცხვა შეიძლება.

39
საქართველოს პარლამენტი

როგორ გაიყოფს ოპოზიცია ცოცხალი დათვის ტყავს?

152
(განახლებულია 21:25 23.05.2020)
გახსოვთ, ერთი ქართული ანდაზაა, ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფის თაობაზე? თუ გასულ კვირას ოპოზიციის სიხარულსა და იწილო-ბიწილოს დააკვირდებოდით, შეუძლებელია, ეს ამბავი არ გაგხსენებოდათ.

აქაოდა, ელჩების ძალისხმევით ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მივაღწიეთო, კორონობიის გამო ლეიბორისტების ბაღშიც შეიკრიბნენ და ხელებიც გამარჯვების ნიშნად აღმართეს. ამავე დროს ოპოზიციამ დაანონსა, 20 ივნისს დიდ პირბადეებიან აქციას გავმართავთო. მანამდე კი საკონსულტაციოდ მუშა რეჟიმში გადაინაცვლეს. ერთადერთი ძალა, რომელიც არ კეკლუცობს და აცხადებს, ჩემს თამაშს ვთამაშობო, „ლელოა“. მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა წესით, საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა ჰქონდეთ. ასევე მაჟორიტარების ნაწილში „ლელო“ ფიქრობს, რომ გაცილებით მეტი რესურსი აქვს და 30 იქნება თუ 72 ოლქი, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება. საერთოდ, ეს არჩევნები რომ არნახულად რთული იქნება და განსაკუთრებული დატვირთვა მაჟორიტარებსა და ფინანსურ რესურსზე მოვა, ამას არავინ უარყოფს. შესაბამისად, ყველა პარტია ეცდება, საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.

სასიამოვნო, მაგრამ ცოტა სასაცილოა პრემიერობის კანდიდატების დასახელება. ზოგადად, ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ პარტიას ხმას მისცემს, რა პროგრამას და ვის სთავაზობს ის თანამდებობებზე, მაგრამ ქართული რეალობისათვის ჯერ ეს ცოტა ნაადრევიც აღმოჩნდა და - უცნაურიც. კაბინეტი ჯერ არ ვიცით, მაგრამ პრემიერად კი გიორგი ვაშაძე უმცროსი შემოთავაზებული გვყავს. არავინ უარყოფს, რომ ის უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი და რეალისტურია მისი გეგმები და რამდენად არ „გადაირევა“ არჩევის შემთხვევაში წინა პრეზიდენტივით, ჯერ არავინ იცის. ოპოზიცია ასევე გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძისა და სხვათა კანდიდატურებსაც განიხილავს.

როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ძალთა ისეთი გადანაწილება, როგორიცაა ყველა მინუს ერთი, არ გვექნება და არც ოპოზიციაში იქნება დიდი ერთსულოვნება, რასაც ძალიანაც წარმატებით წაახალისებს მმართველი პარტია.

ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსიც კი, როგორიც ზვიად ძიძიგურია, ამბობს, რომ 2020-ის არჩევნები იქნება ყველაზე რთული, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჰქონია.

როგორც ჩანს, დიდი იქნება საერთაშორისო ინტერესიც და თუ კორონამ არ შეგვიშალა ხელი, დამკვირვებლებიც ბლომად ჩამოვლენ.

დღევანდელი მდგომარებით ისე ჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. გიორგი რურუას პოლიტპატიმრობა ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ მაჰათმა განდიც რომ იყოს, ნამდვილად არაა ეს ის თემა, რის გამოც წვალებით მიღწეული და თითქმის პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო კოდექსი უნდა გაიცვალოს. სავარაუდოა, რომ ამ თემაზე დიპლომატები „ნაცებსა” და „ევრონაცებსაც“ „ტკბილად” დაელაპარაკებიან, რადგან ეს სისტემა, რომელიც 1 პროცენტიან პარტიებსაც კი აძლევს პარლამენტში მოხვედრის შანსს, ყველაზე მეტად, მმართველი პარტიის შემდეგ, მათ არ აძლევთ ხელს, რადგან ამ შემთხვევაში მრავალფეროვნება ჩნდება და მათი ხმებიც შესაბამისად, იქსაქსება.

როგორც ჩანს, ოპოზიცია 20 ივნისის აქციის ორგანიზებასა და კონსულტაციებში „მოკლავს” დროს უკეთეს მომავლამდე. და თუ საერთო პრემიერზე ვერა, იმედია, მაჟორიტარობის კანდიდატებზე მაინც შეთანხმდებიან. ყველაზე რთული და საინტერესოსი რა მოგახსენოთ და ოქტომბრის არჩევნები რომ პირბადეების ფონზე ჩაივლის, დღესაც აშკარაა. წამზომი კი უკვე ჩართულია და თუ პარტიას და მის ლიდერს მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა და ტრიბუნის შოვნა არ დაუსახავს მიზნად, უახლოეს მომავალში თავდადებულ შრომას უნდა შეუდგნენ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

152
სასწრაფო დახმარების მანქანები ბაქოში

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 132 შემთხვევა გამოვლინდა

0
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4403 ფაქტია გამოვლენილი, 2819 გამოჯანმრთელდა, 52 - გარდაიცვალა

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 132 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ამავე დროს 78 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც. 72 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. პაციენტს ადრე დაუდგინდა ცერებრალური ათეროსკლეროზი, ჰიპოქსიური ენცეფალოპათია და დიაბეტი.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4403 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 52 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 1532 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 42 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 56 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 276 338 ტესტირება ჩატარდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში