მიხეილ ბატიაშვილი

განათლების მინისტრი გადადგა, სამინისტრო კი ისევ ორ ნაწილად იყოფა

170
(განახლებულია 16:42 07.11.2019)
პედაგოგთა დაჯილდოებისა და გამოცდების ჩატარების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ასე დაასრულა თავისი საქმიანობა მთავრობის წევრმა, რომელიც ამბობს, რომ შორს არ მიდის და აქვე, საქართველოში გააგრძელებს საქმიანობას.

ექსპერტებს მიხეილ ბატიაშვილის წელიწად-ნახევრიანი საქმიანობის შეფასება უჭირთ, რადგან, გარდა სამინისტროების გაერთიანებით ამ უზარმაზარი მონსტრის შექმნისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განათლების სისტემაში გრძელვადიანი რეფორმები არც დაწყებულა და არც დასრულებულა.

ბატიაშვილის ერთადერთი დამსახურება პენსიონერი და გამოცდაჩაუბარებელი პედაგოგების სახლში მშვიდობიანი გაშვებაა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება მაინცდამაინც არც ამ რეფორმითაა დიდად კმაყოფილი. მართალია, პედაგოგებმა წინასწარ ორი წლის ხელფასი უნდა მიიღონ, მაგრამ ეს მათ მექანიკურად არც ხელისუფლებისადმი მადლიერ ადამიანებად აქცევს და არც უზრუნველყოფილად. ცალკეულ ადგილებზე კი პედაგოგთა დეფიციტი წარმოიქმნა.

სწორედ ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა, ხელახალი გამოცდებიც დაეშვა და ეს პროცესი სწორედ ნოემბერში მიმდინარეობს. არადა, სკოლებში მართლაც ისეთი რთული ვითარებაა, რომ პედაგოგების ნაწილმა წესიერად მართლწერაც არ იცის, რომ აღარაფერი ვთქვათ აღზრდის მეთოდებზე. ბატიაშვილს მცდელობები ჰქონდა, თუმცა, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, მის თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერძაიას სიკვდილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. როგორც ცნობილია, სამინისტრომ კერძაიას, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობაზე უარი თქვა, აუდიტი გაუგზავნა და დარღვევები აღმოუჩინა.

ამ დღეებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კერძაიას ოჯახის სარჩელი მიიღო და, დიდი ალბათობით, დასაშვებადაც ცნობს.

თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ იტყვის, რომ ბატიაშვილის გადადგომა ამან გამოიწვია. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, რომ კულტურის, განათლების, სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების და ა.შ. ერთ სამინისტროში გაერთიანებამ არ გაამართლა და სამინისტრო მინიმუმ ორ ნაწილად მაინც უნდა გაიყოს. ამ ყველაფერს საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ეს კი, მინიმუმ, ორთვიანი პროცესია. მანამდე, შესაძლოა, განათლების მინისტრის მოვალეობა მისმა მოადგილემ ირინა აბულაძემ შეასრულოს ან მინისტრად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მრჩეველი მაია მიმინოშვილი დანიშნონ.

მართალია, მიმინოშვილი ამჟამად „ოცნებისთვის“ 2020 წლის არჩევნებისთვის კადრებს არჩევს, მაგრამ სამინისტროში მას არანაკლები სამუშაო ექნება ჩასატარებელი, რადგან ამ სფეროში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება დიდია.

განათლების ბიუჯეტის და მასწავლებელთა ხელფასების ზრდით საზოგადოების გულის მოგებასთან ერთად ხელისუფლება სერიოზულადაა დაინტერესებული, რომ სფეროში მდგომარეობა გააუმჯობესოს.

საქართველოს განათლების სისტემა ყველა საერთაშორისო რეიტინგში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და სისტემაში, წაღმა-უკუღმა გატარებული მრავალი რეფორმის მიუხედავად, სიტუაციის რადიკალურად შეცვლა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა.

ჩვენი ინფორმაციით, ბატიაშვილი საქმიანობას ერთ-ერთ სოლიდურ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს, განათლების სისტემაში კი რეფორმები გაგრძელდება.

170
აშშ-ის კონკრესი

მოსაზრება: ვაშინგტონმა ევროპის მართლა დასჯა გადაწყვიტა

73
(განახლებულია 21:09 13.07.2020)
საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც.

ივან დანილოვი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკელ IT-გიგანტებს შორის (როგორებიც არიან Facebook, Google და Amazon) დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი მზად აღმოჩნდა, გაეწირა შტატებსა და ევროკავშირს შორის დღემდე შემორჩენილი ტრანსატლანტიკური სოლიდარობისა და კეთილი ნების ნარჩენები, რათა დაეცვა ამერიკული კორპორაციების შემოსავლები ევროპელი საგადასახადო ორგანოებისგან. 

ძველმა კონფლიქტმა, რომელიც მრავალი წელი მწიფდებოდა, მიაღწია დონეს, როდესაც ევროკავშირი და აშშ უკვე შეუფარავად აყენებენ ერთმანეთს მილიარდობით დოლარის მტკივნეულ ფინანსურ დარტყმებს. ევროკავშირი ცდილობს „კუთხეში მიიმწყვდიოს“ ამერიკული კორპორაციები, რომლებიც ათწლეულები მუშაობდნენ ევროკავშირში დაუბეგრავად, აშშ კი გეგმავს ევროკავშირის დასჯას მინიმალური ფისკალური სუვერენიტეტის მოპოვების მცდელობისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ ნამდვილად მიზანში გაარტყა – შურისძიება ზუსტი გამოუვიდა იმ გაგებით, რომ სწორად გამოიცნო თავისუფლებისკენ ევროპული ნახტომის კონკრეტული ავტორი და „თავხედი“, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ „აშშ-ის ევროპულ კოლონიებში“ მომუშავე ამერიკული IT-ბიზნესი უნდა იხდიდეს გადასახადებს. ამ იდენტიფიკაციას კი აშშ-ის საპასუხო ზომები მოჰყვა.

„Google-ის, Facebook-ისა და Amazon-ის დაბეგვრის“ ავტორი და სულისჩამდგმელი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ხშირად საუბრობს ევროპის, როგორც მსოფლიო ძალის პოლუსის აღდგენაზე და, შესაბამისად, თეთრი სახლის სამიზნე კომპანიების სია იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ ელისეს სასახლეს მაქსიმალური დისკომფორტი ეგრძნო.

ამერიკული ფინანსური ტელეარხი CNBC იუწყება:

„ფრანგული ლუქს კომპანიების (სეგმენტში მომუშავე - ავტ.) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შეუძლია მაღალი ტარიფების დაწესება ამ კატეგორიის ზოგიერთ საქონელზე.

ახალი ტარიფების შესაბამისად, რომლებიც იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა შეძლებს მოსაკრებლის 100%-ის ამოღებას საფრანგეთიდან ასეთი საქონლის იმპორტზე. სავარაუდო თანხა შეადგენს 2,4 მილიარდ დოლარს. ფრანგული აქციების ვარდნა შეეხო კომპანიებს, რომლებიც ფლობენ Louis Vuitton-ს, Hennessy-ს, Hermes-ს, Christian Dior-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-სა და Balenciaga-ს".

„ასი პროცენტი – საკმაოდ ბევრია“, – განუცხადა ამერიკულ The Wall Street Journal-ს ბრუნო პავლოვსკიმ, Chanel-ის სახლის პრეზიდენტმა. „ეს ტარიფი არაა. ასი – ჯარიმაა“, – დასძინა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები ამ გადაწყვეტილების საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ყველაფერში დამნაშავე მაკრონია, რომელსაც თითქოს ძალიან უნდა ევროკავშირის ტერიტორიაზე ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია. ეს ბრალდება გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ტრადიციულად პატრიოტულად განწყობილ ამერიკულ მასმედიაშიც კი.

„შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ფრანგული გადასახადის სტრუქტურა უსამართლოდაა მიმართული მსხვილი ამერიკული ინტერნეტ-კომპანიებისკენ – Facebook-ის, Google-ისა და Amazon-ისკენ. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ გამონახონ შემოსავლების მიღების მეთოდები ისეთი ფირმებისგან, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ“, – იუწყება გამოცემა Politico.

ტრამპის მხრიდან შურისძიების ინსტრუმენტის არჩევა ალბათ იმას უკავშირდება, რომ „ფრანგული ლუქსი“ ითვლებოდა იმედის კუნძულად და მშვიდ ნავსაყუდელად ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ყველაზე შეძლებულ მომხმარებლებთან მომუშავე ფრანგული კომპანიები იდეალურად იყვნენ დაცული როგორც კორონავირუსული ეპიდემიის ზემოქმედებისგან, ისე სავაჭრო ომების რისკებისგან.

ღრმა ეკონომიკური კრიზისის შავ ფონზე ასეთი კომპანიები აღვივებდნენ იმედის ნაპერწკალს და წარმოადგენდნენ იმის სიმბოლოს, რომ ქვეყანას, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს გერმანიას ან ჩინეთს ტრადიციულ მრეწველობაში, მაინც აქვს რაღაც კონკურენტული უპირატესობები საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიმბოლოს გათელვა – კომპანიებისთვის ფაქტობრივად ამერიკული ბაზრის ჩაკეტვის გზით – კარგი იდეაა, თუ ამოცანას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაშინება და ევროპულ საგადასახადო პოლიტიკაზე ზეგავლენა წარმოადგენს.

ფრანგებს სამაგიეროდ შეუძლიათ გადასახადების დაწესება ამერიკული კომპანიებისთვის (თუნდაც ნაციონალურ დონეზე), მაგრამ მოინდომებენ თუ არა, მაგალითად, გერმანელი ჩინოვნიკები (თუნდაც გერმანული ავტომობილების ექსპორტზე 100%-იანი ტარიფის მიღების რისკის ქვეშ დაყენების გზით) საერთო ევროპული გადასახადის შემოღებას – ეს სათუოა.

მეორე მხრივ, საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ კონფლიქტზე. ესაა დავა თავად ევროპელი პოლიტიკოსების სტატუსზე. გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უთითებს ამა თუ იმ ტერიტორიის ფაქტობრივ კუთვნილებაზე, არის საკითხი – ვის უხდიან ადგილობრივი ბიზნესმენები გადასახადებს. ვისაც აქვს ამ გადასახადების დაწესებისა და ამოღების უფლება, სწორედ მის ხელშია ძალაუფლება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც უცხოელი ვაჭრები და მეწარმეები კონკრეტულ ქვეყანაში დაუბეგრავად ვაჭრობდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მანამდე აგებდა ომს ან უბრალოდ ხელს აწერდა კაპიტულაციის კაბალურ პირობებს სამხედრო ძალის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

შესაბამისად, როდესაც ამერიკული კომპანიები, პირობითად, საფრანგეთის ონლაინ-რეკლამისა და ინტერნეტ-ვაჭრობის ბაზარზე დომინანტ მოთამაშეებად ყალიბდებიან, იღებენ მილიარდებს ფრანგული კომპანიებისგან, თანაც საფრანგეთის ბიუჯეტმა ამ ვითარებაში შესაძლოა ერთი გროშიც ვერ მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი – აშშ-ის კოლონიაა ან, სულ მცირე, არ ფლობს სრულ ეკონომიკურ სუვერენიტეტს. და მოკრძალებული, სამპროცენტიანი საურავის დაწესების გადწყვეტილება – არა იმდენად ბიუჯეტის შევსების, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობაა.

საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც – და ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია რუსეთისთვის, განსაკუთრებით, თუ ფრანგი პოლიტიკოსები უცებ საკუთარი ღირსების დაცვას გადაწყვეტენ.

სხვა თუ არაფერი, ამასწინანდელი მუქარის საპასუხოდ საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობათა წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაეგრძელებინათ დასახული გზით სიარული და დაეცვათ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უფლება.

თუ სიტუაცია მომავალშიც ამ სცენარით განვითარდება, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საშემოდგომო არჩევნებზე, ურთიერთობები ვაშინგტონსა და პარიზს, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის კვლავაც გაუარესდება. სასაცილო იქნება, თუ ახლო მომავალში Chanel-ის სუნამოს და Hermes-ის ჩანთის შეძენას ამერიკელი მომხმარებელი მხოლოდ კონტრაბანდის დახმარებით შეძლებს, ევროპელებს კი ამერიკული სოციალური ქსელების ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ. ეკონომიკური დეგლობალიზაციის ჩანასახი საერთაშორისო კავშირების მყარ ბარიერს არღვევს.

იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გლობალიზებული ეკონომიკის დღევანდელი სისტემა არ აძლევს ხელს, ეს ბოლო და სერიოზული შანსია, გამოასწორონ წარსულის შეცდომები და უფრო მოსახერხებელი პოზიცია გამონახონ დეგლობალიზებულ მომავალში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

73
მიეცი ხმა

„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

73
(განახლებულია 16:36 13.07.2020)
თუ ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა – ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში თუ ერთმანეთს და „ქართულ ოცნებას“ გაუწიონ კონკურენცია, ხელისუფლება ნელ-ნელა საარჩევნო სტრატეგიაზე ყალიბდება.

მართალია, მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებამ კიდევ უფრო გაზარდა მათი ფასი და დაასრულა სპეკულაციები, მაგრამ ის, თუ როგორ გადანაწილდება ეს ადგილები, მართლაც საინტერესოა.

სახელისუფლებო გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, კანდიდატურების დასახელებამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაც კი გადაიწიოს. ამ შემთხვევაში კანდიდატებს ცოტა დრო, ასე ორი თვე დარჩებათ მოსახლეობასთან შესახვედრად. ცნობილია რეკომენდაციები, რომ პანდემიის პირობებში ეს შეხვედრები, სასურველია, ღია სივრცეებში ჩატარდეს.

მომავალი პარლამენტი კი საკმაოდ ჭრელი უნდა იყოს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1-პროცენტიანი ბარიერი ბევრ პოლიტიკურ ძალას აძლევს საშუალებას, 20 ათასამდე ხმა მოიპოვოს და პარლამენტში საკუთარი ინტერეს-ჯგუფის თუნდაც ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საოცრება მოიფიქრა სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლმა მამუკა ტუსკაძემ. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დაეხმარონ და მზადაა, საპარლამენტო 4 წელი 6-6 თვიანი შუალედებით 8 დეპუტატზე გაყოს. ეს 6 თვით გარანტირებულ ხელფას და შემდეგ სამუდამო 560-ლარიან პენსიას ნიშნავს და სულაც არაა ცუდი შეთავაზება მოქალაქეებისთვის, ვისაც მინიმუმ 2-3 ათასი კარგი მეგობარი და ხმის მიმცემი აღმოაჩნდება.

სხვა პოლიტიკური სუბიექტებიდან დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვის იმედი აქვს კახა კუკავას.

პარლამენტში მოხვდება ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“. როგორც ამბობენ, მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე პარტიული სიის პირველ სამეულშია.

საკმაოდ ნორმალური შედეგი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში შევლენ „პატრიოტები“ და, შესაძლოა, მე-9 მოწვევაზე უკეთესი შედეგით.

ასევე საპარლამენტო პერსპექტივები აქვთ „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“.

გასულ კვირაში კი კიდევ ერთი საინტერესო პარტია დაფუძნდა, რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ამბიცია აქვს.

პარტია „რეფორმერის“ ლიდერი თორნიკე ჯანაშვილია – როგორც ქართული მასმედია იუწყება, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა.

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ნაკლებობის გამო აკრიტიკებდნენ.

სწორედ ამ დანაკლისს შეავსებს „რეფორმერი“, რომელიც, თუ წინასაარჩევნოდ არა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“.

ზოგადად, არჩევნებამდე ოთხი თვეც კი აღარ რჩება. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე რაიმე დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან თუ ვინმეს პოლიტიკაში ყოფნა და საკუთარი თავის გაპიარება სურდა, წესით, უკვე უნდა მუშაობდეს და მოსახლეობასთან მართავდეს შეხვედრებს.

 

73
საგადასახადო დოკუმენტაცია

გაგვიზარდეთ გადასახადები: მსოფლიოს მილიონრები ქვეყნების მთავრობებს წერილით მიმართავენ

0
(განახლებულია 12:26 14.07.2020)
მილიონერთა წერილს, რომლითაც ისინი გადასახადების გაზრდას სთხოვენ ქვეყნების მთავრობებს, 83 მდიდარი ადამიანი აწერს ხელს

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მილიონერთა მოზრდილმა ჯგუფმა რამდენიმე სახელმწიფოს მთავრობებს მიმართა წერილობითი თხოვნით, გაუზარდონ გადასახადები შეძლებულ ადამიანებს კორონავირუსული პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის მიზნით.

როგორც წერილშია აღნიშნული, მილიონრებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ „ჩვენი მსოფლიოს გადარჩენაში“.

„არა, ჩვენ არ ვუვლით ავადმყოფებს ინტენსიური თერაპიის პალატებში, არ ვმართავთ სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც პაციენტები გადაჰყავთ საავადმყოფოებში, არ ვალაგებთ პროდუქტს მაღაზიების თაროებზე და არ დაგვაქვს საკვები კარდაკარ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი ფული“, — ნათქვამია წერილში, რომელსაც 83 მილიონერი აწერს ხელს.  

მათი აზრით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგები კიდევ ათობით წლის განმავლობაში იქნება შესამჩნევი, რის გამოც ნახევრმა მილიარდმა ადამიანმა შესაძლოა ღარიბთა რიგები შეავსოს, ასობით მილიონმა კი სამსახურები დაკარგოს საქარმოების დახურვის გამო.

რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ>>

გზავნილის ავტორები სთავაზობენ ქვეყნების მთავრობებს, თავზე აიღონ პასუხისმგებლობა გადასახადების მოკრებასა და მათ განაწილებაზე.

„მსოფლიოს მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს სამსახურის, საცხოვრებელი სახლისა თუ ოჯახების რჩენის შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხე. ჩვენ არ ვდგავართ ამ უბედურების წინა ხაზზე და ჩვენი შანსები, გავხდეთ ამის მსხვერპლი, შეუდარებლად მცირეა. ამიტომ, გთხოვთ, გაგვიზარდეთ გადასახადები. ეს ერთადერთი სწორი არჩევანია. კაცობრიობა ფულზე მნიშვნელოვანია“, — ნათქვამია წერილში.

მილიონერთა გზავნილზე ხელმომწერთა შორის არიან მსახიობი სტივენ სიგალი, ბრიტანელი სცენარისტი რჩარდ კერტისი, ვენჩურული ინვესტორი ჯონ ო’ფარელი, უოლტ დისნეის შვილიშვილი ებიგეილი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი.

0
თემები:
მსოფლიო დღეს