ქართული ოცნების ოფისი

კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა, ანუ როგორ გეგმავს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას

289
(განახლებულია 17:03 16.10.2019)
საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე იმატებს. როგორი იქნება ძალთა ბალანსი და ვინ ვის გადაწონის, ამას მომავალი გვიჩვენებს.

რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის არჩევნები, იძაბება პოლიტიკური სიტუაციაც. ყველა პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებს. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, „ქართული ოცნება", ალბათ, 45%-ს აიღებს და კოალიციას შევქმნითო.

ოპოზიციისათვის დიდი გამოცანა არაა, ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას მმართველი გუნდი.

როგორც ირკვევა, არჩევნებში ე.წ. ნულოვანი ბარიერის და საარჩევნო ტექნოლოგიების იმედად დამოუკიდებლად გამოსვლას გეგმავენ „კონსერვატორები" ზვიად ძიძიგურის თამადობით, „სოციალისტები" გია ჟორჟოლიანის მეთაურობით, აქეთ ანა დოლიძე აპირებს პარტიის ჩამოყალიბებას. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, დოლიძე, შესაძლოა, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ, იგივე „რიჟამ“ დააფინანსოს, რომელიც წიაღისეულის ბიზნესს ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროიდან აკონტროლებს.

ოპოზიციურ ველზე ძალებს მოსინჯავს დავით ჭიჭინაძე თავისი „ტრიბუნით". არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს ალეკო ელისაშვილიც. მან თბილისის არჩევნებში შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა, მაგრამ რამდენად შეძლებს ხალხის გულის მონადირებას საპარლამენტო არჩევნებზე, სხვა ამბავია. ელისაშვილი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ხმების 10 პროცენტის აღებას და პარლამენტში 15 დეპუტატის გაყვანას აპირებს. დამოუკიდებლად ცდის ბედს აგრეთვე მწვანეების ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.

ანგარიშგასაწევი ძალაა მაჟორიტარები, რომელთა ნაწილი ამ ინსტიტუტის გაუქმებას ეწინააღმდეგება. სხვათა შორის, თუ კოალიცია ვერ შეიკრა, ხელახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არც ირაკლი კობახიძე გამორიცხავს.

მართალია, პარტიაში ღარიბაშვილის დაბრუნებამ „ქართული ოცნების" ძველ გვარდიას იმედი მოჰგვარა, რომ ივანიშვილი 2012 წლის საწყისებს უბრუნდებოდა, მაგრამ დღეს მთავრობის ყოფილი წევრისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის, სანდრო ბრეგაძის ინტერვიუდან ირკვევა, რომ ივანიშვილმა არჩევნების მოგება კობახიძეს და მის გუნდს ჩააბარა.

არავინ იცის, წამოსცდა თუ სიტუაცია მოსინჯა ირაკლი კობახიძემ, როცა კოალიციის შექმნასა და 45%-ის აღებაზე დაიწყო საუბარი.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, რეალურად „ქართული ოცნება" 35%-ს თუ აიღებს ალალად.

დღის ბოლოს კობახიძემ საკუთარი პოზიცია „უკეთ“ ახსნა – 60%-ს „ქართული ოცნება" აიღებს, 20%-ს – „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპელი დემოკრატები" ერთად, 20%-ს კი დანარჩენი ოპოზიციაო.

ჯერჯერობით არჩევნებამდე ერთი წელია და ამ პროცენტებზე, ბუნებრივია, ბევრი ფაქტორი მოახდენს გავლენას.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმას ოქროს ფასი ექნება.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, 2020-ში უპრეცედენტოდ დიდი თანხა დაიხარჯება. მთავარია, ეს თანხა ისევ ჩვენი ჯიბეებიდან არ ამოიღონ პოლიტიკოსებმა.

289