ვისი გადასახდელია საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო შიდა ვალი და ვის ჯიბეში წავა მოგება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩაში მათხოვარი
თბილისის ქუჩაში მათხოვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდული მთლიანი შიდა ვალის მოცულობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის 900 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ნატა პატარაია

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, მთავრობა შიდა საფინანსო ბაზრიდან სესხად აიღებს კიდევ 500 მილიონ ლარს. 400 მილიონი კი მას უკვე აღებული აქვს. ვალის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდება დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით. ბიუჯეტს კი თითოეული გადასახადის გადამხდელი ავსებს...

რაში დასჭირდა საქართველოს მთავრობას კიდევ ნახევარი მილიარდი წლის ბოლომდე

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის თანახმად, დამატებითი სახსრების მობილიზება მთავრობას იმიტომ დასჭირდა, რომ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ასევე გაძვირდა საგარეო ვალის მომსახურებაც, რადგან ეს თანხა ქვეყანას უცხოურ ვალუტაში აქვს გასასტუმრებელი.

„2019 წლისთვის დამატებითი რესურსის მობილიზება ასევე ხორციელდება სახელმწიფო ფასიანი ქაღლდების გამოშვებით მიღებული შემოსულობების ხარჯზე. 2019 წელს ჯამურად მოხდება 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ნაცვლად თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 400 მლნ ლარისა", – წერია ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში. 

დოკუმენტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა ასევე დაკავშირებულია როგორც ბაზრის განვითარების ღონისძიებებთან, კერძოდ, გასულ წელს განხორციელებულ ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვებასთან, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში, ასევე მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დამატებითი დაფინანსების საჭიროებასთან. მობილიზებული რესურსის ნაწილი ასევე მიმართული იქნება იმ პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლების ჯილდოების გასაცემად, რომლებიც ტოვებენ განათლების სისტემას. გათვალისწინებულია რესურსები  მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისთვისაც. 

განმარტებით ბარათში ისიც წერია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ასევე დაიწყო რამდენიმე ახალი მუნიციპალური პროგრამის განხორციელება, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ამბულატორიების მშენებელობა (23 მლნ ლარი), ხოლო სოფლის ხელშეწყობის პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები, თავდაპირველი 20 მლნ ლარის ნაცვლად, გაიზარდა 40 მლნ ლარამდე.

„აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება მუნიციპალიტეტების მიერ, მათ შორის დამატებითი რესურსის გამოყოფა ხორციელდება თბილისში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დეცენტრალიზაციის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდა რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა სკოლების რეაბილიტაციის და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ფუნქციების ნაწილობრივი განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია ბარათში.

როგორ აისახება წლის ბოლომდე ბაზარზე გამოშვებული ნახევარი მილიარდი ლარი ეროვნულ ვალუტაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული თანხების გახარჯვა მკაცრი გრფიკის დაცვის გარეშე მოხდება და თანაც არამიზნობრივად, არ არის გამორიცხული, რომ ამან ლარი კიდევ უფრო გააუფასუროს.

მისი თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ მთავრობას აღნიშნული სესხის აღება უკვე მოუწევს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის ფონზე, რომელიც ამ დროისათვის 7,5%-ია და ოქტომბერში, დიდი ალბათობით, შეიძლება 8%-მდეც გაიზარდოს.

„კომერციული ოლიგოპოლიური საბანკო სისტემისათვის აღნიშნული სესხის გაცემა, რაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ფორმით მოხდება, მომგებიანი და ხელსაყრელია. ამავე დროს, შემიძლია ვთქვა, რომ ოქტომბრის თვიდან ბიზნესზე და მოსახლეობაზე გაცემული სესხების მოცულობები თვალშისაცემად შეიზღუდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ქვეყნის ეკონომიკის სურათს უკეთესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლის", – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

ეკონომისტის აზრით, საქართველოს მთავრობას რომ განევითარებინა საფინანსო ბაზარი და ეს სესხი ფასიანი ქაღალდების მიყიდვის სახით საზოგადოებიდან აეღო, ეს სხვა სიტუაციას შექმნიდა. უბრალოდ მოსახლეობის ჯიბეში შევიდოდა ის პროცენტები მოგების სახით, რითიც ახლა ისევ ბანკები იხეირებენ.

„საბოლოოდ კი აღებული ვალი გადასახდელად კვლავ ბიუჯეტს დააწვება. სესხების დაფარვას მთავრობა 2020 წელში ბიუჯეტში შემოსული თანხებიდან აპირებს. ბიუჯეტში თანხების შემტანი კი ძირითადად მოსახლეობა და ბიზნესია“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0