ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

© Sputnik / STRINGERავტობანი
ავტობანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1427 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 108 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1929 დაშავდა.

ნატა პატარაია

2019 წლის ექვს თვეში ავარიების დროს დაღუპულთა რიცხვმა 224 შეადინა, 2017–2018 წლებში კი ქვეყანაში მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევების შედეგად 976 ადამიანია გარდაცვლილი.

ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში ბოლო ორწელიწად-ნახევარში საქართველოს გზებზე 1 200 ადამიანია დაღუპული.

„საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი მიმართულებით უნდა იმუშაოს. პირველი პრობლემა, რომელიც სწრაფად არის მოსაგვარებელი, სიჩქარის მონიტორინგია.

„მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს, არის მაღალი სიჩქარე. აქედან გამომდინარე, სიჩქარის მენეჯმენტი სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი. მართალია, შსს ამას ეტაპობრივად აკეთებს, მაგრამ სასურველი იქნებოდა უფრო მაღალი ტემპი“, – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

იქ, სადაც ხდება სიჩქარის მონიტორინგი, გარკვეული შედეგები არის და ამიტომ საჭიროა მთელი ქვეყნის მოცვა სექციური რადარებით და ე.წ. ჭკვიანი კამერებით. 

მეორე პრობლემური საკითხი ე.წ. შავი წერტილებია. ეს ის ადგილებია, სადაც ერთსა და იმავე კონკრეტულ მონაკვეთში ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა.

„თუ ერთი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე მონაკვეთზე 5–6 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, იქ არ შეიძლება მხოლოდ მძღოლის ბრალეულობა ვეძებოთ. აღიარებულია, რომ როცა ჩნდება „შავი წერტილი“, იქ არის რაღაც ინფრასტრუქტურული პრობლემაც. ეს შეძლება იყოს გზის საფარი, სახიფათო მოსახვევი, გარე განათების პრობლემა, გამწვანების პრობლემაც კი, მაგალითად, შეიძლება მცენარეები ეფარებოდეს საგზაო ნიშნებს და ა.შ.“ – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

მესხიშვილის ვარაუდით, ე.წ. „შავი წერტილების“ აღმოფხვრის შემთხვევაში დაახლოებით 20-30 პროცენტით დაიკლებს ავტოსაგზაო შემთხვევების და, შესაბამისად, დაზარალებულების რაოდენობაც. ესაა მეორე პრობლემა, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტული უნდა იყოს.

მესამე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, დავით მესხიშვილის აზრით, ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობაა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ავტოსაგზაო შემთხვევებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა ასევე არის მათი ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა, სამწუხაროდ, ამაზე არაფერს გვეუბნება, რადგან ვერ ხდება იმის აღრიცხვა, ავარიების რამდენი პროცენტი მოდის ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე“, – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

საერთაშორისო სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ევროკავშირშიც კი, სადაც ტექინსპექტირება მაღალ დონეზეა, ავარიების 10–15 პროცენტი მაინც ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით ხდება. საქართველოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ალბათ გაცილებით მეტია. 

„აქედან გამომდინარე, ტექინსპექტირების საფუძვლიანი რეფორმის გატარება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რითიც შეიძლება მივაღწიოთ ავტოავარიების რაოდენობის შემცირებას. მართალია, რეფორმა დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს“, – მიაჩნია დავით მესხიშვილს.

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მართალია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა არ შეინიშნება, მაგრამ წინ ზაფხულია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მხრივ ყველაზე ცუდ პერიოდად ითვლება.

შედარებისთვის, 2018 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1662 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დაიღუპა 122 და დაშავდა 2403 ადამიანი.

„ზაფხულის პერიოდში ხდება ინტენსიური მიმოსვლა ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რადგან ხალხი მიდის დასასვენებლად. ამიტომ მესამე კვარტალია ხოლმე ამ მხრივ კრიზისული“, – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან

ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზებზე კონტროლი გაამკაცრა.

ამ მიზნით 2019 წლის ბოლომდე გზებზე 5 ათასამდე ვიდეოკამერა იქნება დამონტაჟებული, რომელთაგან 2,1 ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერა იქნება. რადარები გზებზე ჯამში დაახლოებით 700 კილომეტრს დაფარავს.

წლის ბოლომდე გაიზრდება ასევე ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად საქართველოს ქალაქებში იმოძრავებენ და დამრღვევებს გამოავლენენ.

საქართველოს შსს გეგმავს საავტომობილო ნომრების ამოცნობის ინოვაციური მობილური სისტემის დანერგვასაც, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილზევე გამოავლინონ სხვადასხვა კატეგორიის რისკის მძღოლები და შეამოწმონ ისინი.

საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0