მამუკა ხაზარაძე

გახდება თუ არა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი კვირიკაშვილის ტანდემი მესამე ძალა?

371
(განახლებულია 19:15 09.07.2019)
იმ დროს, როცა ლარი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს და რუსეთიდან მოსალოდნელი სანქციების გამო მისი კიდევ უფრო გაუფასურებაა სავარაუდო, ბანკირები პოლიტიკაში მოსვლას აანონსებენ.

დიდი ხანია მასმედია წერს ე.წ. მდიდრების პარტიის შესახებ, რომელშიც მამუკა ხაზარაძესთან ერთად გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი მოიაზრება. მათთან იქნებიან, სავარაუდოდ, პარლამენტში კვირიკაშვილის კვოტით მოხვედრილი დეპუტატების ერთი ნაწილიც.

მიმართვაში, რომელიც „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა დღეს გაავრცელა, ხელისუფლებასთან მის წყალგამყოფად 20 ივნისის ღამე დაასახელა. თუმცა დაპირისპირება, რეალურად, უფრო ადრე დაიწყო. ყველას კარგად გვახსოვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული დებატები და ხაზარაძის დაპირისპირება გიორგი გახარიასთან. ქართველი ჟურნალისტები წერენ, რომ სწორედ გახარიამ დაუდო ბიძინა ივანიშვილს მაგიდაზე ჩანაწერები, რომელშიც ნათლად ჩანდა, როგორ ასმენდა კვირიკაშვილი დასავლელ დიპლომატებთან პარტიის ლიდერს და ამ ჩანაწერებმა გადაწყვიტა კვირიკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაც.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას დიდი ხანია აქვს ინფორმაცია ხაზარაძე–კვირიკაშვილის პოლიტიკური ზრახვების შესახებ და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ყველაზე მაღალტირაჟიანი მედიასაშუალებით წარმოაჩენს მათ საქმიანობას.

ნამდვილად ჯობდა, ხაზარაძეს წინა რიგებში სწორედ ის ახალგაზრდები დაეყენებინა, ასე შეუპოვრად რომ აპროტესტებენ მოვლენებს. ანუ მათ რეალურად მეტი მხარდაჭერა ექნებოდათ, ვიდრე ხაზარაძე–კვირიკაშვილი–ქუმსიშვილის გაერთიანებას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სამივე მათგანის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული და პოლიტიკური აქტივობით ისინი ერთგვარ იმუნიტეტსაც მოიპოვებენ.

თავდაჭერით შეხვდა ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლას ოპოზიციური სპექტრი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თვლის, რომ ხაზარაძე ან ახლა უნდა წასულიყო პოლიტიკაში, ან საერთოდ არასოდეს აღარ ამოეღო ხმა. ხელისუფლებამ ის კუთხეში მიაყენა და სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა.

დიდი ხანია ეჭვობენ, რომ შარშანდელი ანტისამთავრობო აქციების უკანაც იგივე ჯგუფი იდგა და ის აფინანსებდა, თუმცა, ბუნებრივია, საპროტესტო აქციებზე მრავლად არიან რეალურად შეწუხებული მოქალაქეებიც. ის, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი მაღალია, ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ გუშინ თბილისში ოთხი სხვადასხვა აქცია იმართებოდა.

საბედნიეროდ, პოლიციამ ამჯერად მეტი სიფრთხილით და კანონის ფარგლებში იმუშავა, თუმცა მათ რომ უშიშროების საბჭოს დახმარება და ანტიკრიზისული გეგმა სჭირდებათ, ფაქტია.

საბჭოს მდივნად კარგა ხანია გიორგი გახარია დაინიშნა, მაგრამ, როგორც ცნობილია, საბჭოს ჯერ აპარატი არ ჰყავს. სასურველია, თუ სახელისუფლებო წრეებში მაინც დაიდება სიტუაციის განმუხტვის რამდენიმე ვერსია.

ისევ ხაზარაძის მოძრაობას რომ დავუბრუნდეთ, მისი ახალი სახეების გამოჩენა სექტემბერშია მოსალოდნელი. უკვე გაცხადებულია მოძრაობის პროდასავლური კურსი. თუმცა, მაგალითად, პოლიტიკოსი და ნინო ბურჯანაძის თანამოაზრე გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ ხაზარაძე კიდევ ერთ „ნაციონალური მოძრაობის ბიძაშვილ პარტიას“ შექმნის.

ნულოვანი ბარიერის წყალობით, ბუნებრივია, პარლამენტში ბევრი ისეთი პარტია აღმოჩნდება, ვისაც ფული, გავლენა და 15 ათასი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ პირადად მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც, ალბათ, იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდა მხარს, რომელიც ადამიანურ ენაზე აგვიხსნის, რა ემართება ლარს, როგორ უნდა ირჩინოს თავი საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა არსებული ინფლაციისა და გაძვირებული ფასების ფონზე და როგორ ავაყვავოთ ქართული ეკონომიკა. მოკლედ, ქართული ერჰარდის გეგმა გვჭირდება.

პოლიტიკოსები ხშირად ჰპირდებიან ადამიანებს, ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩემსას რომ მოვრჩები, მერეო. კვირიკაშვილმა უკვე აიშენა კოშკი პოლიტიკაში ყოფნისას. ხაზარაძესაც უნდა ჰქონდეს, წესით, როგორც ბანკირს. ვნახოთ, რით მოხიბლავენ ისინი საქართველოს მოსახლეობას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

371
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დროშები მასაუსეტში, საელჩოს წინ

მოსაზრება: აშშ და ბრიტანეთი ყველაზე ღირებულის გადარჩენას ცდილობენ

10
(განახლებულია 20:10 21.10.2020)
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოლიმპიადებზე კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულებამ ქვეყანაში რამდენადმე დაბნეული რეაქციები გამოიწვია.

ირინა ალქსნისი

დაბნეულობის მიზეზი მარტივია: მორიგი დაუსაბუთებელი ინსინუაციები მოსკოვის აბსურდული დანაშაულის შესახებ მსოფლიოსა და სპორტის წინააღმდეგ უაზრობად გამოიყურება როგორც ანტირუსული განწყობის გაძლიერების, ისე რუსეთის „დასასჯელად“ ზომების მიღების თვალსაზრისით.   

ერთი მხრივ, რუსოფობიული კამპანიის კუთხით დასავლეთს ყველაფერი კარგად აქვს. ალექსეი ნავალნის ინციდენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული და თითქოს ახალი სიცრუის ამუშავება აუცილებელი არ იყო, თანაც ასეთ მაღალ, საგარეო უწყებებისა და საკვანძო სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა დონეზე. მეორე მხრივ კი, წინა გამოცდილებამ, რუსი ბლოგერის ისტორიის ჩათვლით, აჩვენა, რომ მოსკოვის მიმართ რაიმე სერიოზული და მტკივნეული ზომების მიღებას შეიძლება არც ველოდოთ.

ამავდროულად ვაშინგტონისა და ლონდონის სინქრონული გამოსვლა საერთო მიზნების არსებობაზე მეტყველებს.

მაგრამ რაზე შეიძლება იყოს კონკრეტულად საუბარი?

ამოცანის პასუხი ალბათ უფრო ტოკიოსა და სეულის რეაქციებში უნდა ვეძებოთ. იაპონიის მთავრობამ უარი თქვა კომენტარზე და ტაიმ-აუტი აიღო „შესაბამისი ინფორმაციის“ შესაგროვებლად. სამხრეთ კორეის მთავრობამ ასევე დუმილი არჩია.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები და სპეცსამსახურები არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული ამერიკულ–ბრიტანული ოპერაციის თაობაზე და ახლა იძულებული არიან, სასწრაფოდ გაერკვნენ ვითარებაში და საბოლოოდ მაქსიმალურად ფრთხილი პოზიცია დაიკავონ, როგორც ეს იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა, განაცხადა რა, რომ კიბერშეტევა არ უგრძვნია.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ახალი ანტირუსული კამპანიის მთავარი მიზანი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რუსეთი კი არა, დანარჩენი მსოფლიოა — პირველ რიგში კი თავად დასავლეთი. რუსოფობიული დღის წესრიგი კი აქ უბრალოდ მოხერხებული ჩვეული ინსტრუმენტის სახით გამოიყენება.

ინფორმაციულ–პროპაგანდისტული დომინირება აშშ-ის ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დიდი ბრიტანეთი კი ტრადიციულად მისი მეწყვილეა ამ საკითხში, ვინაიდან, როგორც მიღებულია, სწორედ ატლანტიკის ორივე მხარეს ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი მედიასაშუალებების ერთობლიობას ეწოდება გლობალური მედიამეინსტრიმი. ორი ქვეყნის განსაკუთრებული სიახლოვე კი პოლიტიკურ–სპეცსამსახურულ სფეროში კარგა ხანია ცნობილია.

შეერთებული შტატების ზედერჟავული ძლიერების ეტაპობრივი დეგრადაცია და გაერთიანებული სამეფოს კულისებსმიღმა გავლენის მკაფიო შესუსტება საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ყოველდღიურ რეალობად იქცა. მაგრამ ეს პროცესები უმთავრესად ეკონომიკურ, ბიუროკრატიულ და ზოგ პოლიტიკურ მექანიზმს შეეხება.

იმავდროულად არსებობს სფეროები, რომლებშიც ორი „დერჟავის“ ბატონობა აქამდე უდავოა. როგორც ნატოში ამერიკული არმიის პირველობაა ეჭვმიუტანელი, ისე კონტინენტური ევროპის არც ერთ მედიასაშუალებას არ შეუძლია გაეჯიბროს გავლენაში ბრიტანულ Times-სა თუ ამერიკულ CNN-ს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სწორედ ოკეანის გაღმა მდებარეობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტების ისეთი მძლავრი ცენტრები, როგორებიცაა Twitter-ი და Facebook-ი.

ვაშინგტონის ხისტი პოლიტიკა RT-სა თუ წარმოშობით ჩინური TikTok-ის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ იქ შესანიშნავად აცნობიერებენ ამგვარი სტურქტურების მნიშვნელობას. თუმცა იმას, რომ გეოპოლიტიკურ ოპონენტებს მედიაგავლენის საკუთარი ძალიან სერიოზული რესურსები აქვთ, შტატები მაინც შეეგუა და უბრალოდ ზომებს იღებს მათი მუშაობის შესაკავებლად თავის ტერიტორიაზე.

ამერიკულ–ბრიტანული სპეცსამსახურული და პროპაგანდისტული ტანდემისთვის უფრო მგრძნობიარე თავად დასავლეთის შიგნით კონკურენტის გამოჩენა იქნებოდა. არადა, სწორედ ეს ხდება — და ნავალნის საქმე მათთვის უკიდურესად უსიამოვნო და არასასურველი პროცესების დასტურია.

ბლოგერის გარშემო ატეხილი სკანდალი რუსეთიდან შეიძლება მოყირჭებულ თემად ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის თავისებურად უნიკალურია, ვინაიდან მთლიანად ბერლინის შემოქმედებაა.

გერმანიამ ისარგებლა სტანდარტული რუსოფობიული დღის წესრიგით, რომელიც მან „უფროს პარტნიორებს“ აართვა და დამოუკიდებელ თამაშში გამოიყენა. გერმანელები აკონტროლებენ ნავალნის. ის ამბობს იმას, რაც მათ სჭირდებათ: დაწყებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაცვით და დასრულებული ამერიკელების „ჩხვლეტით“, რომლებმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. მსოფლიოსთვის ახალი ამბების მთავარი წყარო რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანული გამოცემები იყო, ხოლო ინგლისურენოვანი მედია იძულებული იყო ციტირება მოეხდინა იქიდან.

ამ კონტექსტში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ჰაკერების ისტორია, რომლებიც ოლიმპიადებს უტევდნენ, სრულიად განსაკუთრებულ აზრს იძენს. ამერიკელები და ბრიტანელები ფაქტობრივად ამის დახმარებით ცდილობენ საბოლოოდ გადარეცხონ ახალი ამბებიდან ნავალნის თემა, ვინაიდან ეს არსებითად მათი კონკურენტების პროექტია. გარდა ამისა, ვაშინგტონისა და ლონდონისთვის მნიშვნელოვანია კონტროლის დაბრუნება გლობალურ მედიაპოლიტიკურ სივრცეზე, რომელიც გარკვეული დროით ევროპამ დაიქვემდებარა გერმანიის მეთაურობით. საამისოდ კი იმაზე უკეთესი მეთოდის მოფიქრება, ვიდრე ერთი რუსული თემის მეორით ჩანაცვლებაა, უბრალოდ ვერ მოიფიქრეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

10
თემები:
რუსეთი დღეს
აშშ-ს სამხედრო ტექნიკა

„აუცილებელია ვეცადოთ“: ამერიკანისტის მოსაზრება СНВ-3-ის გახანგრძლივების შესახებ

24
(განახლებულია 18:37 20.10.2020)
რუსეთში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“, შეთანხმება СНВ-3-ის წართმევას შეიძლება მეტად დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. კრემლში კომენტარი გააკეთეს აშშ-ის განცხადებაზე, რომელიც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას (СНВ-3) შეეხებოდა და აღნიშნეს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე კვლავაც გრძელდება. რადიო Sputnik-ის ეთერში ამერიკანისტმა კონსტანტინ ბლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, როგორ უფრო მარტივი იქნება მოლაპარაკების წარმოება.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინადადებაზე – ერთი წლით გახანგრძლივდეს СНВ-3 ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის წინადადებაზე უარის შესახებ მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. მთლიანობაში, როგორც ეს უკვე თქვა პრეზიდენტმა, შეთანხმების გახანგრძლივება ჩვენ დროის მოგების საშუალებას მოგვცემდა, ამ 12 თვის მოგების შანსს მოგვცემდა სუბსტანციური და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე“, — აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“ წართმევას შეიძლება მეტად დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

„ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ვარჩევდით, ამერიკელი პარტნიორებისგან მოგვესმინა, რომ ისინი მზად არიან ამ დოკუმენტის გასახანგრძლივებლად“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მოსალოდნელი პროგრესი არ შეინიშნება. თუმცა ასეთი ვითარება არ ნიშნავს იმას, რომ „საჭიროა კონტაქტების სრულად შეწყვეტა“.

რადიო Sputnik-ის ეთერში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უშიშროების პრობლემების კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ამერიკანისტმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინ ბლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმების ბედი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ დონალდ ტრამპს, ჯერ ერთი, სძულს ჩინეთი და СНВ-3-ს ჩინეთთან აბამს. და მეორეც: ტრადიციულად რესპუბლიკური პარტია ცდილობს ჩაშალოს კონტროლი შეიარაღებაზე. შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ბუში–უმცროსის ადმინისტრაციის დროს ამერიკელები გავიდნენ რაკეტსაწინააღმდეგო შეთანხმებიდან, თავად ტრამპი გავიდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებისა და ასევე „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებებიდან. თუ არჩევნებში ის გაიმარჯვებს, მაშინ СНВ-3-დან გასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია“, — მიაჩნია ბლოხინს.

ხოლო თუ დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ამერიკანისტის აზრით, შეთანხმების გახანგრძლივების შანსები რჩება.

„დემოკრატიული პარტია, ტრადიციულად, იმის მომხრეა, რომ რუსებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოილაპარაკოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ [დემოკრატი] ობამას ადმინისტრაციამ და [დმიტრი] მედვედევმა გაახანგრძლივეს ეს შეთანხმება. თუმცა, ვინც უნდა გაიმარჯვოს [აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში], რამდენიმე თვეში ახალი შეთანხმების გაფორმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია მცდელობა, რომ უკვე არსებული შეთანხმება გახანგრძლივდეს, რათა ერთი წლის განმავლობაში ახალი გაფორმდეს. ეს ყველაზე საინტერესო იდეაა“, — აღნიშმა ამერიკანისტმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების რაოდენობასა და მათ მატარებლებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. ვაშინგტონი სხვადასხვა პირობებით მოითხოვს მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამ იდეას უარყოფს.

 

24
თემები:
რუსეთი დღეს
სპეცოპერაცია ზუგდიდში

გათავისუფლდა 43 მძევალი, სპეცოპერაცია ზუგდიდში გრძელდება: შსს განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 01:26 22.10.2020)
ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა, აცხადებენ უწყებაში

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

ზუგდიდი: მიმდინარე მოვლენების მძიმე კადრები - ვიდეო >>

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელსაც მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად პოლიციის „პიკაპით“ დატოვა. ერთ-ერთი მძევალი, რომელთან ერთადაც შენობა მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

 

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა. მანამდე შენობა გათავისუფლებულმა მძევლებმა დატოვეს.

შსს-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა