გიორგი გაბუნია

გაბუნიას ქეისი, ანუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა

528
(განახლებულია 17:11 08.07.2019)
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ისტორია, ფაქტია, რომ გიორგი გაბუნიაზე კიდევ ბევრს და საფუძვლიანად ილაპარაკებენ. ქვეყნის ხელისუფლების პირველმა პირებმა უკვე მოიხადეს ბოდიში, ხალხი აღშფოთებულია, არ დარჩენილა „ფეისბუქზე“ ადამიანი, რომელსაც აზრი არ გამოუთქვამს გაბუნიას საქციელის გამო.

რუსული მასმედია საფუძვლიანად წერს, რომ საქართველოში პუტინის გინების გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ისინი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დახურვას მოითხოვენ.

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ცალსახად აცხადებენ, რომ ეს იყო პროვოკაცია რუსეთსა და საქართველოს შორის სიტუაციის მორიგი დაძაბვისათვის.

თუმცა გიორგი გაბუნიას მხოლოდ ხელისუფლება კი არა, საკუთარი დამსაქმებელიც კი გაემიჯნა.

როგორია გამოხატვის თავისუფლების ფარგლები მსოფლიოში და საქართველოში?

კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ ამბობს, რომ უხამსობაა ისეთი გამონათქვამი, რომელიც აშკარად შეიცავს უცენზურო სიტყვებს, მაგრამ არ გააჩნია ლიტერატურული ან სხვა რაიმე სახის ღირებულება. უხამსობა კანონით არა, მაგრამ ჟურნალისტური ეთიკით კი იკრძალება.

რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ფაქტების დამახინჯება მასმედიაში გაცილებით დიდი ცოდვაა, ვიდრე გინება. თუმცა სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს როგორც ცოცხალი, ასევე გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დაცვას. მე-18 და მე-19 მუხლები.

ცხადია, ვლადიმირ პუტინი გიორგი გვარამიას სასამართლოში არ უჩივლებს. არც ომს დაიწყებს იმის გამო, რომ „რუსთავი 2“-ის ერთი ჟურნალისტი მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის შეიშალა.

თუმცა საზოგადოება სამართლიანად სვამს კითხვას – ხომ არ იყო ეს წინასწარ გაწერილი სცენარი და ხომ არაა დაკავშირებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან?

საქმე ისაა, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს რუსთავი 2-ის საქმეზე და იმედია, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ამ არხის მფლობელის საკითხი. ის, რომ დღევანდელი მოცემულობით ჟურნალისტები პარტაქტივისტებად გადაიქცნენ, ფაქტია. თუ არხს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ, ხომ არ ცდილობს გაბუნია კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობას და რუსეთის ხელმძღვანელობისა და ვითომდა საქართველოს პრორუსული ხელისუფლებისგან დევნილის იმიჯის შექმნას?

იმედია, დრო ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი უფრო თავაზიანია, ზოგი – უფრო უზრდელი. მთავარია, ამ უზრდელობას საეთეროდან არ გადმოსცემდნენ. და, კიდევ – თუ სამართლებრივ ჭრილში ვიმსჯელებთ და არხის გენერალური დირექტორი მართლაც ემიჯნება ჟურნალისტ გაბუნიას გინებას, წესით, მას შრომითი ხელშეკრულება უნდა შეუწყვიტოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ისტორია, ფაქტია, რომ „რუსთავი 2“-ისა და გაბუნიას ქეისი ისტორიაში შევა და მას კიდევ დიდხანს გაარჩევენ. მთავარია, საქართველოს ხელისუფლება ეცადოს, სტიქიური საპროტესტო მუხტი მართოს და კანონის ფარგლებში მოაქციოს. სხვა შემთხვევაში დაძაბულობის ექსკალაცია გარდაუვალია და სულაც არ გახდება ტანკები საჭირო, ისე დაგვახოცინებენ ერთმანეთს.

...და მართლაც – ჭკუით, ქართველებო!

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

528
წინასაარჩევნო პლაკატები

საარჩევნო ბატალიების მოლოდინში: ბრძოლა სუპერ-მაჟორიტარობისათვის „ინ ექშენ"

42
(განახლებულია 07:24 30.05.2020)
უკვე გაირკვა, რომ ძალიან მალე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს და სავარაუდოდ, 29 ივნისისათვის ახალი საარჩევნო კოდექსი გვექნება.

ცვლილებების მიხედვით, 31 ოქტომბერს საქართველო ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი გვეყოლება. ეს სისტემა აჩენს შანსს პატარა პარტიებისათვის, ვისაც 14-15 ათასი მომხრე მაინც ჰყავს, მოხვდეს საქართველოს პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტოს, ვის და რას შეუერთდეს.

ვინაიდან არჩევნების ტონს, როგორც წესი, თბილისი განსაზღვრავს, დავიწყოთ თბილისით:

დღეს თუ თბილისს 22 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, რითაც 2016 წელს შესანიშნავად ისარგებლა კახი კალაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თბილისს 8 რჩეული ეყოლება პარლამენტში. ნუ, თუ მთლად დიმიტრი გელოვანები ვერა, ნაკლები მაინც არ უნდა იყვნენ.

ქართული ოცნებიდან გამოსული და მედიაში გავრცელებული ხმებით, 8 ადგილიდან 6-ს კახი კალაძე ითხოვს და არჩევნების მოგებაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ამჯერადაც სრული კარტ-ბლანში მისცენ.

თბილისში ნამდვილად არაა მარტივი სიტუაცია და კალაძის გარდა საკუთარი გუნდი გახარიასაც ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ პარტიის თავმჯდომარეზე.

რაც შეეხება რეგიონებს. გამოკვეთილია, რომ რაჭა-ლეჩხუმში ფსონს პარტია ისევ გოჩა ენუქიძეზე დადებს.

მართალია, ენუქიძე „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ იყო და „ქართული ოცნებიდანაც“ მაჟორიტარი, მაგრამ

მთავარი აქ მაინც მისი კარგი ურთიერთობაა ხალხთან და დიდი ფინანსები. თავად ენუქიძე, ოქრიაშვილის მსგავსად, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. პირიქით, ყველა პარტია მას ეკუთვნის.

ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ახლაც სამეგრელოში იქნება. ზუგდიდში შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ სანდრა რულოვსის ან ნიკა მელიას კანდიდატურები დააყენოს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას და პრემიერის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურები განიხილება.

რთული იქნება პარლამენტის გადმოტანით გულნატკენი ქუთათურების გულის მოგება. ამიტომ აქ ხელისუფლებამ განსაკუთრებით კარგი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. თანაც, ქუთაისში გავლენები ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძესაც აქვთ.

საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტად შესაძლოა ეკატერინე ტიკარაძე დასახელდეს.

დიდი კონკურენციაა თერჯოლა-ტყიბული-ბაღდათი-ზესტაფონის მიმართულებით. ამბობენ, რომ აქ თავად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც თერჯოლელია. თუმცა, არც თერჯოლა-ტყიბულის მოქმედი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დავიწყება შეიძლება, რომელიც მსხვილი შემოწირულობებით ებრძვის კორონას და იმერლების სიღარიბეს.

შედარებით დიდი და ღირსეული არჩევანი აქვთ სვანებს: ვიქტორ ჯაფარიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი „ოცნების“ მკაფიო სახეები არიან თუ ვისზე დადებს ფსონს მმართველი პარტია, სულ მალე გაირკვევა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნება კახეთის ირმა ინაშვილისთვის დათმობას აპირებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენების ფონზე ეს საეჭვოა.

დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი მცხეთა-თიანეთში, სადაც „ლელოს“ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დაყენება სურს, „ქართულ ოცნებას“ - ზაქარია ქუცნაშვილის და დამოუკიდებლად კიდევ თამაზ მეჭიაური ემზადება.

ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია საარჩევნო ბატალიებისა. 2-3 კვირაში კონსულტაციები დასრულდება და კანდიდატებიც აქტიურ მუშაობას უნდა შეუდგნენ.

 

42
გიორგი გახარია

მიდის თუ მოდის გიორგი გახარია? ვინ რა კითხვაზე მიიღო პასუხი

350
(განახლებულია 14:45 29.05.2020)
სალაყბოს დიდი ოთხშაბათი: თვითდაჯერებული პრემიერ-მინისტრი და გაწბილებული ოპოზიცია, ვინ რას ელოდა და რა მიიღო, ვის უხარია გახარია და გადამდებია თუ არა გიორგი გახარიას განწყობა?

სამსონ ხონელი

ხალხის რჩეულები დათქმულ დროს შეიკრიბნენ. პოლიტიკური მასტერ-კლასი შედგა! არავინ იფიქროს, ეს მხოლოდ ჩემეული დასკვნაა. გადავხედე სოციალურ ქსელს და დავრწმუნდი, რომ პარლამენტში გამართული თერთმეტსაათიანი სანახაობა საზოგადოების დიდმა ნაწილმაც, ჩემი არ იყოს, სწორედ ასე შეაფასა. მეტი კონკრეტიკა! – შესაძლოა მიმითითოს მკითხველმა და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. რა გაეწყობა, უნდა დავაზუსტო. როგორ მუშაობდა მთავრობა, რა ღონისძიებები გატარდა კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში?..

პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა თავად გიორგი გახარიას ინიციატივით გაიმართა. იყო პრემიერ-მინისტრის საკმაოდ ვრცელი მოხსენება, პოლიტიკური შეფასებებით გაჯერებული მწვავე და ნაკლებად მწვავე, ზოგჯერ არაკორექტულად დასმული კითხვები, ვისთვის ამომწურავი და დამაჯერებელი, ვისთვისაც ზერელე პასუხები. ბოლოს კი – გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა. შემდეგ მოვლენები ძველი და კარგად დავიწყებული სცენარით წარიმართა – დებატების მონაწილეებმა და გარედან მაყურებლებმა შეფასებებისთვის მოიცალეს. რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო პათოსს გაგიზიარებთ...

ყველაფრით უკმაყოფილო და სამყაროზე გაბრაზებულმა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვერც ამჯერად აჯობა საკუთარ თავს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე გიგა ბოკერია: „გიორგი გახარია კითხვებს არ პასუხობდა, ან პირდაპირ სიცრუეს ამბობდა“.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე: „მისი არც ერთი სიტყვა სანდო არ არის... პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა: „გიორგი გახარია არის ჯალათი და რაც არ უნდა ეცადოს, ამოეფაროს თეთრ ხალათს, ის თავის სისხლიან ხელებს ვერ დამალავს“.

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე: „მშიერი ქვეყნისა და მშიერი მოსახლეობის პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს ტაშს არ უნდა უკრავდეს“.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: „პოზიტიურია, რომ პრემიერ-მინისტრმა იგრძნო პასუხისმგებლობა, მივიდა პარლამენტში, უპასუხა კითხვებს, თუმცა მისი გამოსვლა თვითკმაყოფილებით იყო გაჯერებული“.

ერთი სიტყვით, ოპოზიციისთვის მოსაწონი და მისაღები მთავრობის არც გაწეული საქმიანობა იყო და არც ამ გარჯის ამსახველი პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში. გიორგი გახარია კი, ახალს არაფერს ვიტყვი, მმართველი გუნდის ოპონენტებს უკვე დიდი ხანია, რაც „ყელში ჰყავთ გაჩხირული“. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ ამჯერად დებატებისთვის ოპოზიციის მზადყოფნით უკმაყოფილო ოპოზიციის რიგებშივე აღმოჩნდა.

პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე: „ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო, დებატებს მოუმზადებელი შეხვდა. გიორგი გახარიამ მოიგო. როცა ეკონომიკურ საკითხებზე აპირებ ლაპარაკს, პრემიერ-მინისტრს არ უნდა ჰკითხო, რატომ გაძვირდა წიწიბურა. არის სხვა, გაცილებით უფრო მწვავე პრობლემები... ოპოზიციას კომპეტენცია არ ეყო და გიორგი გახარიამ ბოლოს მას დაცინა“.

მმართველი გუნდი დებატების შედეგებით კმაყოფილებას არ მალავდა და, ვეჭვობ, საფუძველიც ჰქონდა. ბალანსს შეგნებულად დავარღვევ და ხელისუფლების მხოლოდ ორი წარმომადგენლის მოკლე კომენტარს შემოგთავაზებთ. პროსახელისუფლებო ქმედებას ვერავინ დამაბრალებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი: „სრული ლუსტრაცია იყო, ოპოზიცია და ვირუსი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე: „ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერ-კლასი, რომელიც გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა ჩაუტარა“.

საინტერესოა, როგორია არბიტრების, პოლიტიკური პრეფერენციებისგან მეტ-ნაკლებად მაინც თავისუფალი ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებები?

გია ხუხაშვილი: „ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, ის, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე“.

ვახტანგ ძაბირაძე: „იშვიათი შემთხვევა იყო, შეიძლება გამონაკლისიც კი, როდესაც მმართველმა გუნდმა სწორად განსაზღვრა თემაც და სწორად წაიყვანა კამათიც“.

გიორგი ცუცქირიძე: „დადასტურდა მწარე რეალობა, პოლიტიკური კლასი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს... ამ ტიპის ოპოზიცია არის კატასტროფა“.

ხათუნა ლაგაზიძე: „ოპოზიციამ უნდა დაინახოს გამოწვევა – კარს მომდგარი არჩევნები მისთვის რთული იქნება. „ქართული ოცნების" ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა. ეს არის ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა“.

პარლამენტში გამართული დებატების შინაარსზე დეტალურად არ შევჩერდები. იმედია, რომ მკითხველს კარგად მოეხსენება. თუმცა, ერთს დავძენ, პრემიერ-მინისტრი ბოლო დროს მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. „კი არ მივდივარ, მოვდივარ!“ – თქვა გიორგი გახარიამ და მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით დაუსვა წერტილი. სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სწორედ ეს ხაზგასმული რეპლიკა იყო ყურადსაღები.

ერთი სიტყვით, პრემიერ-მინისტრი გამორჩეულად დამაჯერებელი იყო. სავარაუდოდ, მისი ეს განწყობა ეროვნულ სიამაყეს გადაედო... რომელ ერთს? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და დავაკონკრეტებ – ლარს! ფაქტია, რომ ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა, მართალია მცირედით, მაგრამ გამყარდა. თუმცა, ვითარება უმძიმესია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით ბევრად რთული სიტუაციაა, ლარს მაინც ყველაზე მეტად გაუჭირდა.     

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მარტში ლარი რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა. შედარებისათვის: ამავე პერიოდში დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა რუსული რუბლი, თურქული ლირა – 16 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათისა და სომხური დრამის რყევის დიაპაზონი კი 2 პროცენტის ქვემოთ არის.   

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი საშუალო კურსი 3.20 – წონასწორობის ხელოვნური წერტილია, რადგან ეროვნული ბანკი ყველანაირად ცდილობს, ლარის შემდგომი დევალვაცია და გაუფასურება არ მოხდეს.

ფინანსისტი ნიკა შენგელია: „თუ ლარის გაცვლითი კურსი 3.30-ს გადასცდება, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების 8-12 პროცენტით გაძვირებაა მოსალოდნელი. ამიტომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე აქტიურად ერევა და მარტის თვიდან დღემდე უკვე 120 მილიონი დოლარი აქვს გამოტანილი ინტერვენციების სახით“.

რა აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ბევრად მძიმე ვითარებაა, ვიდრე ჩვენთან? როგორც ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის პოლიტიკაა. 

ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილი: „ამ შემთხვევაში არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზებიდან შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა, ხოლო რისკები უფრო მეტად გაიზრდა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ რეგიონის ქვეყნებში მკაცრი აკრძალვები არ დაწესებულა, შესაბამისად, ეკონომიკამაც უფრო თავისუფლად იმუშავა. საქართველოში კი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაფერი გაჩერდა და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ლარი რეკორდულად გაუფასურდა“.

როგორია პროგნოზი? ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა მოკლევადიან პერიოდში ლარის კიდევ მეტად გაუფასურების საშიშროებას ვერ ხედავს. მათი თქმით, სავარაუდოდ, ლარი ერთხანს ამ ნიშნულზე შეჩერდება, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის გაუფასურდება. ეს პროცესი დინამიკურად წარიმართება.

ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკის ამუშავებას იმპორტის გააქტიურება მოჰყვება, შესაბამისად გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაც, რაც ლარის სიმყარეს დამატებით პრობლემას შეუქმნის. კი, მაგრამ ეკონომიკის ამუშავებით ექსპორტიც მოიმატებს. შედეგად ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოვა – ბრძანებს მკითხველი და ძნელია, არ დაეთანხმო. თუმცა, სწორედ ეს არის მთავარი – მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს ლარის კურსს. შესაბამისად, სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება იმპორტ-ექსპორტის სალდო, რომელიც საქართველოს მკვეთრად უარყოფითი აქვს. და, მაინც, გადამწყვეტია ეკონომიკური აქტიურობის მასშტაბები, როგორი იქნება ტემპი, რის საშუალებას მოგვცემს COVID-19?..      

350
ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი: სომხეთი საქართველოს დახმარებისთვის საჭიროების შემთხვევაში მიმართავს

0
(განახლებულია 09:54 31.05.2020)
სომხეთის მთავრობა მადლიერია თბილისის COVID-19-თან ბრძოლაში დახმარების მზადყოფნისთვის, მაგრამ ხელისუფლებსა სიტუაციას საკუთარი ძალებით გამკლავების იმედი აქვს

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სომხეთი კორონავირუსის ბრძოლაში საქართველოს საჭიროების შემთხვევაში მიმართავს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამის საჭიროება არ დადგება, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე, იუწყება Sputnik-სომხეთი.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ თუ სომხეთს რაიმე დახმარება დასჭირდება, მათ შორის კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის კუთხით, საქართველო მზად არის დახმარება აღმოუჩინოს.

„ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო სომხეთისთვის მოძმე ქვეყანაა და დახმარებისთვის მზადყოფნა ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს.

მან გაიხსენა, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი საქართველოს 30 000 ვაქცინით დაეხმარა. მან აღნიშნა, რომ ასეთ დროს მხარეები ერთმანეთის გვერდით უნდა იყონ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის საკითხი სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში ყველა მეზობელთან დგას - საქართველოსთან, ირანთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ბოდიში უნდა მოიხადოს“ - თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ შეაშფოთა >>

30 მაისის მდგომარეობით, სომხეთში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8927-ს აღწევს. სულ გამოჯანმრთელდა 3317 ადამიანი, მკურნალობას 5435 პაციენტი გადის. ქვეყანაში მთლიანობაში 57081 ტესტი ჩატარდა. დაავადებამ 127 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 48 პაციენტი სხვა დაავადებების გართულებებისგან დაიღუპნენ.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში