პოლიტიკური „ზერო“... ანუ ყველანი სალაყბოში და არავინ გარეთ!

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ეპოქის დასაწყისი თუ დაბრუნება წარსულში... როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, ვინ მიიღებს თამაშის ახალ წესებს და ვის რას უქადის ახალი გამოწვევა?

სამსონ ხონელი

მკათათვე გამორჩეული გამოდგა... მესამე დეკადის პირველივე დღემ ახალ ისტორიას დაუდო სათავე. საკამათო არ არის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და თანაც ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე დაასრულა ის, რაც იყო გუშინ და გუშინწინ... როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, ვინ მიიღებს თამაშის ახალ წესებს და ვის რას უქადის ახალი გამოწვევა? − ამ და სხვა მრავალ კითხვაზე დროსა და სივრცეში მივიღებთ პასუხს. მანამდე კი რა გაეწყობა, გავკადნიერდები და ჩემეულ შეფასებას შემოგთავაზებთ.

ხალხის რჩეულის მანდატის მოპოვების გამარტივებისა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კარის ფართოდ გაღების მართებულობის საკითხს ისტორია განსჯის. თქვენი არ ვიცი, მე კი განცდა მაქვს, დიდხანს ლოდინიც არ დაგვჭირდება... დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დროების უკუღმართობის მიზეზი საარჩევნო სისტემა ყველაზე ნაკლებად არის და ის სხვაგან უნდა ვეძიოთ...

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გაბრაზებული ხალხი და პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა...

პირველი, რაც მახსენდება, ეს ყავლგასული და იდეურად უიმედოდ დაბერებული პოლიტიკური სპექტრია, რომელიც უკვე დიდი ხანია ახალს ვერაფერს სთავაზობს ხალხს, რომლის წიაღში თავად იშვა. ჩამონათვალი მოკლეა, შემდეგი ჩვენ ვართ, საზოგადოება − არსებული რეალობის მთავარი შემოქმედი. ეს პოლიტიკური ფიგურებიც ჩვენი ოსტატობის შედეგია, ვთლიდით ისე, როგორც პაპა კარლო − ბურატინოს... და არის კიდევ ერთი, შესაძლოა, მთავარი მიზეზიც: საკუთარი შემოქმედების ნაყოფის პირუთვნელი შეფასების უნარი დავკარგეთ და შეცდომების აღიარება გვიჭირს... არცოდნა, არდანახვა, არაღქმა და კიდევ სხვა მრავალი... რიგითობა პირობითია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ ვემსგავსებით იმ ცუდ მოცეკვავეს, რომელსაც ვერაფრით გაურკვევია ცეკვაში რა უშლის ხელს... მე მაპატიეთ ეს არაკორექტულობა.

გულწრფელი ვიქნები, პოლიტიკურ დაფაზე ამ სვლას არ ველოდი. სიმართლე გითხრათ, არც პოლიტიკური ჯგუფების დიდი უმრავლესობის პოზიტიური შეფასებები მაკვირვებს. კარგია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან დაპირისპირებას თანამშრომლობა არჩია. არსებული რეალობის გათვალისწინებით დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც 50-პროცენტიან ზღურბლს გადალახავს. შესაბამისად, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და სამართლებრივი გარემოს შექმნას, − ასეთია ძირითადი თუ სათადარიგო პოლიტფიგურანტების ხედვა. გასაგებია, შესაძლოა არც გაემტყუნებათ.

ძველი და ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
ამნისტია და გამკაცრებული პასუხისმგებლობა... ანუ შენების ახალი წესები...

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან სულ ცოტა ხანში ოპოზიციურ ფლანგზე ფრაგმენტაციის პროცესი დაიწყო. ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ჯერ ერთი ჯგუფი გამოეყო, შემდეგ − მეორეც. შიდაპარტიული დაპირისპირება გაღრმავდა და ის პოლიტიკური განქორწინებით დასრულდა. სულ მალე უთანხმოებამ თავი იჩინა მმართველი კოალიციის რიგებშიც. მთავარი მეოცნების მიდგომამ, რომ "შუა უნდა გაიკრიფოს", პოლიტიკურ ველზე ბევრი მეტ-ნაკლებად წონიანი თუ მსუბუქი პოლიტიკური მოთამაშე "ოფსაიტში" დატოვა.

შედეგად, ზოგიერთი პოლიტიკიდან წავიდა... დიდი ნაწილი კი პოლიტიკურ საჭადრაკო დაფას შემორჩა და საკუთარი ადგილის ძიებით დაკავდა.  

თვითგადარჩენის ბუნებრივმა ინსტიქტმა ახლო წარსულში მსოფლმხედველობრივი თუ სხვა მრავალი განსხვავების გამო ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი ნაწილი ე.წ. ამსტერდამის დაჯგუფებაში გააერთიანდა. ძველი სახეების ახალი ერთობის იდეური თავკაცაობა არაფორმალურად მიხეილ სააკაშვილმა იტვირთა. ჩამოყალიბდა „გაერთიანებული ოპოზიცია“, სამოქმედო გეგმით − ყველაფერი ან არაფერი! არ გამკვირვებია, როცა ნახელისუფლართა ლიდერმა „ოცნების“ მთავარი არქიტექტორის ინიციატივა დაიწუნა... „ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ჩვეულებრივად ნაყიდი, ეს ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას... ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, რომ 2020 წლის ბოლომდე საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო...“ − ეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიტყვებია. პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი საარჩევნო სპეციფიკაში გარკვეული მკითხველი სტრიქონებს შორის უსათუოდ ამოიკითხავს პრეზიდენტყოფილის გაბრაზებული ტონისა და ამ ნეგატიური შეფასების მთავარ მიზეზს.

ხელისუფლება, ოპოზიცია და არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნების რეპეტიცია დასრულდა! შედგება თუ არა პრემიერა?

ახლა მიხეილ სააკაშვილის მიზანია − მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის შენარჩუნება, ქუჩაში მუდმივი საპროტესტო აქციებით სახალხო მღელვარების მუხტის აწევა, დესტაბილიზაცია, საკუთარი პოლიტიკური გუნდის მოქმედი ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად წარმოჩენა და უკვე არსებული „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიღმა დარჩენილი ფიგურების მის გარშემო კონსოლიდაცია... ამ „დიად მიზანს“ შეექმნა საფრთხე.

ახალ რეალობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, კანონით აიკრძალება საარჩევნო ბლოკების ჩამოყალიბება და ყველა პარტიას დამოუკიდებლად მოუწევს ძალების მოსინჯვა. ასე რომ, გაისად, შემოდგომაზე დაგეგმილი ასპარეზობისთვის მოსალოდნელია არა თუ დიდი ოპოზიციური გაერთიანების ფორმირება პრინციპით − ყველა ერთის წინააღმდეგ, არამედ უკვე არსებული, საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელდახელოდ შეკოწიწებული „გაერთიანებული ოპოზიციის“ დაშლა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" გარდა "მაჯა არავის ესინჯება".

უცხო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პოლიტიკურ წვრილფეხობას სანუკვარი ოცნების ასახდენად მიხეილ სააკაშვილთან კეკლუცი, პოლიტიკური ფლირტი და ქორწინება აღარ დასჭირდება. ყოველი მათგანი ეცდება ზედმეტი მორალური დისკომფორტის გარეშე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მიაღწიოს დასახულ მიზანს და დეპუტატის სავარძელშიც შედარებით სუფთა შარვლითა თუ ქვედა კაბით მოკალათდეს. რა გზას აირჩევს სამშობლოდან დევნილი პრეზიდენტყოფილის კალთას ამოფარებული პოლიტიკური ერთობის თითოეული წევრი, დრო გვიჩვენებს...

საართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ათეულობით მილიარდი საგარეო ვალი – ვისი და რამდენი მართებს ქვეყანას

ორიოდე სიტყვას მათაც შევაწევ, ვინც მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ჩახუტების ცდუნებას გაუძლო. „შუშის სასახლეში“ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. მიზეზიც არ არის ძნელად მისახვედრი. თამაშის ახალი წესებით ცხოვრების მთავარი ამოცანაც გაცილებით ადვილად დასაძლევია! თუ გადავხედავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, დავინახავთ, რომ ახალი სისტემით დაახლოებით ცხრა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი მოიპოვებდა დეპუტატის მანდატს.

ერთი სიტყვით, იდეას მთაწმინდიდან იზიარებს ყველა პოლიტიკური პარტია ერთის გარდა. ასეთია მოცემულობა. გადაწყვეტილება რომ ძალაში შევიდეს, კონსტიტუციაში ცვლილებებია შესატანი. ამას კი ხმათა სამი მეოთხედი დასჭირდება. მარტივი არითმეტიკული გათვლებით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერას გახდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უარზე იქნებიან, „პატრიოტთა ალიანსი“ ამ ახალ სისტემას იწონებს და მმართველ გუნდს ხმებს არ დააყვედრის, დამოუკიდებელი დეპუტატებიც მომხრეთა შორის უნდა მოვიაზროთ. საინტერესოა მაჟორიტართა ვერდიქტი და „ევროპული საქართველოს“ პოზიცია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მაჟორიტარებთან საკითხი შეთანხმებულია და ისინი ყაბულს იქნებიან, რაც შეეხება ყოფილი სახელისუფლებო გუნდის განაყოფს, მაღალი ალბათობით, ისინი ივაჭრებენ... ვინ ან რა იქნება ვაჭრობის თემა, ამას დრო გვიჩვენებს... 

 

ყველა ახალი ამბავი
0