ეკა ბესელია

ვისგან აპირებს ეკა ბესელია საქართველოს დაცვას?

178
(განახლებულია 16:54 27.03.2019)
ლანა ჩეჩელაშვილი
დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდში კულმინაციას აღწევს. ეკა ბესელია ჯერჯერობით პარლამენტში ფრაქციის შექმნას ვერ ახერხებს, მაგრამ მისი გუნდი აქტიურად მუშაობს პარტიის შექმნაზე.

„ბესელია, ფოფხაძე, კვაჭანტირაძე 2020-ში სალომე ზურაბიშვილის საყრდენ პოლიტიკურ პარტიას აყალიბებენ?! და რისი იმედი აქვთ, ხელისუფლება შეიცვლება და სალომე ისევ პრეზიდენტი იქნება თუ ხალხი რიგში დადგება მათთვის ხმის მისაცემად?!“ – წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

ზოგადად ხმები ხელისუფლების ცვლილების შესახებ 2020 წლისთვის სულ უფრო აქტიურად ვრცელდება. განსაკუთრებით აშშ-ის წარმომადგენელ კურტ ვოლკერისა და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ.

„არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ისაა, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იქნება მთავრობაში, ხალხს აქვს უფლება მთავრობა შეცვალოს. ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის“, – თქვა საქართველოში ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რომ არა ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლილება, ბესელია კიდევ მოითმენდა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას. თუმცა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მესიჯიდან, რომელიც მან შეცდომით ბესელიას გადაუგზავნა, ირკვევა, რომ 2016 წლის არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს ეკა ბესელიას სახელისუფლებო სიაში ჩასმას არ ურჩევდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ სახეს დაპირისპირება არა კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილთან აქვს, არამედ ბიძინა ივანიშვილთან და ამისი დამალვა უკვე რთულია.

ამ დღეებში ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა სპეციალური ფეისბუქ-გვერდიც კი შექმნეს - დაიცავი საქართველო. ანუ 2008 წლის ნარატივი გაიხსენეს. სარწმუნო ინფორმაციით, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ძველ თანამებრძოლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ვისთან ერთადაც 2007-2008 წლიდან იყვნენ ოპოზიციაში. საუბარია ასევე პოეტ დავით მაღრაძეზე, რომელმაც მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.

იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს პარლამენტში ყველა ის პარტია მოხვდება, რომელიც 3-პროცენტიან ბარიერს გადალახავს, ბესელიას და მის დაჯგუფებას გარკვეული შანსები აქვთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ითანამშრომლებს ახლადშექმნილი გაერთიანება და რა ფინანსური რესურსი დადგება ამ გაერთიანების უკან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

178