ქუდზე კაცი! ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიას უხმობს

588
ირაკლი გოგორიშვილი
მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური პროცესები სულ უფრო იძაბება. საზოგადოება კვლავ მკვეთრად პოლარიზებულია.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ გადასარჩენია ფასეულობები, რომლებიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ამიტომ მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ საარჩევნო სტრატეგია შეცვალა და წინასაარჩევნოდ სადავეები პირადად ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად სალომე ზურაბიშვილი „გვერდზეა გაწეული“ და საარჩევნო კამპანიას არის ჩამოშორებული.

ხელისუფლება ახლა ცდილობს მიღებული შოკიდან გამოვიდეს, რადგან რეალური სურათი საკმაოდ არასახარბიელოა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ქუდზე კაცს მოუხმო. „არა ნაციზმს!“ – ასეთია დღევანდელი ხელისუფლების მოწოდება საზოგადოების მიმართ, ახლა ყურადღება არა სალომე ზურაბიშვილზე, არამედ იმაზეა გადატანილი, რომ ხელისუფლებაში არ მობრუნდეს დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.

დღეს საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მივა თუ არა ხალხი არჩევნებზე. ხელისუფლება კარგად აანალიზებს, რომ შესაძლოა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არსებული რეალობის გათვალისწინებით დაამარცხოს სალომე ზურაბიშვილი. აქ ხელისუფლება ბოლო „კოზირის“ გამოყენებას ცდილობს და ძირითად აქცენტს პასიურ ამომრჩეველზე აკეთებს. დღევანედელი საარჩევნო კამპანია, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტურის ჩატარებამდე სწორედ ამომრჩეველთა ამ სეგმენტისთვის მიმდინარეობს. ხელისუფლება მოუწოდებს ხალხს მხარდაჭერისაკენ, რათა სათავეში რევანშისტული ძალის დაბრუნება არ მოხდეს.

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა – რა იყო ეს კოჰაბიტაცია, რომელიც თავის დროზე საზოგადოებას სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა? დღეს კი დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელსაც თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერი აწევს კისერზე, ახერხებს პოლიტიკური პროცესები ისე დაატრიალოს, რომ კვლავ მოგვევლინოს მმართველ ძალად. დღეს საზოგადოების ნაწილი წინა ხელისუფლების გასამართლებას ითხოვს, ნაწილს დაავიწყდა წინა ხელისუფლების მანკიერი თვისებები და მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს ძლიერი ხელი სჭირდება ხელისუფლების სახით, რისი უნარიც, მათი აზრით, სწორედ წინა ხელისუფლების ლიდერებს შესწევთ.

საკუთარ თავზე გამოცდილი და ნანახი 7 ნოემბერი, თავისი ემოციებით და თითოეული დეტალის ჩათვლით, იძლევა მხოლოდ ერთი შეფასების საშუალებას – ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუბრუნდეთ იმ ეპოქას. ამ ყველაფრის ფონზე კი დღეს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ხდება უალტერნატივო და ამ შემთხვევაში ჩვენმა საზოდოებამ, ქართველმა ერმა უნდა დახუჭოს თვალი ყველა იმ მანკიერებაზე, შეცდომებზე, რაც ამ ხელისუფლებამ დაუშვა. ძნელია ზუსტი პროგნოზი, თუ რას შეცვლის „ქართული ოცნება“ სახელწიფოში, სადაც უამრავი პრობლემაა დაგროვილი, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ერი კიდევ ერთ შანსს მისცემს და პრაქტიკულად ანდობს მის მომავალს.

ივანიშვილი ეძახის ყველა ძველ თანამოაზრეს. იგი მზად არის ყველა დაიბრუნოს ძალუფლების დაკარგვის საფრთხის გამო. ივანიშვილი საზოგადოებისგან ერთ წელს ითხოვს, მაგრამ ამის გარანტია რეალურად არ არსებობს. ახლა არჩევანი დგას საზოგადოების წინაშე მხოლოდ ერთი – ყველა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ თავისუფლებას. თუმცა, რამდენად დემოკრატული იქნება ეს ქვეყნის განვითარებისთვის, როცა ხელისუფლების ყველა შტო იქნება ერთი ადამიანის ხელში მოქცეული, ამაზეც ღირს დაფიქრება.

დღევანდელი პოლიტიკური რეალობით, პრაქტიკულად, საზოგადოებას მოუსპეს მესამე არჩევანის გაკეთება, ამიტომ პოლიტიკურ დღის წესრიგში აუცილებელია დაისვას მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების საკითხი, შესაბამისად, ამ კუთხით საზოგადოებამაც აქტიური როლი უნდა შეასრულოს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!  

 

588