მოძრაობის ფასი, ანუ როცა საწვავს „ცეცხლი უკიდია“...

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ გასცდა საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს, როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიო ბაზარზე, გაიზრდება თუ შემცირდება „შავი ოქროს“ ფასი და როგორ აისახება საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა საქართველოში საწვავის ფასზე?

წინამდებარე სტატია, უპირველესად, ავტომობილისტებს დააინტერესებთ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საწვავის ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება. საერთაშორისო ბაზრებზე ერთი ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უცხოელი ანალიტიკოსები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ, შესაძლოა, წლის ბოლომდე ერთი ბარელი ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს. აზია–წყნარი ოკეანის ნავთობის საერთასორისო კონფერენციაზე, რომელიც ახლახან სინგაპურში გაიმართა, მკაფიოდ ითქვა, რომ ნავთობზე ფასის მატება სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, ხოლო ნოემბრის თვიდან, ირანისთვის დაწესებული ახალი ეკონომიკური სანქციების ამოქმედების შემდეგ, ბაზარს დღეში დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნავთობი მოაკლდება, რის გამოც ბარელი ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 100 დოლარს მიაღწიოს. სამართლიანობა მოითხოვს და აქვე უნდა ითქვას, რომ, სპეციალისტების შეფასებით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ამოქმედებით გამოწვეული ნავთობის ყოველდღიური დეფიციტის სრული კომპენსირება შესაძლებელი იქნება რუსული, არაბული და სხვა ქვეყნების ნავთობით. შესაბამისად, მომავლის პროგნოზირება და რაიმე კონკრეტული გათვლების დაშვება ჯერჯერობით ძალზე რთულია. არ არის გამორიცხული, პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს და ამანაც შეცვალოს მდგომარეობა. უცხო არ არის, რომ გლობალური პოლიტიკური საკითხები ნავთობის ფასის კორექტირებაში დიდ როლს ასრულებს.

ვლუტის გაცვლის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო
რა მოჰყვა ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი: „ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რის გამოც გრძელვადიან პროგნოზზე საუბარი ჭირს. სხვადასხვა საინვესტიციო სტრუქტურების ვარაუდი ფასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მართლდება, რამდენადაც სიტუაცია მუდმივად იცვლება. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზეც ფასები მაღალ დონეზეა, ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელზეა, და ოქტომბრის ბოლოს ვითარება უფრო გაირკვევა. ამ ეტაპზე საწვავის ფასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი კეთდება, რაც, ძირითადად, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს ეფუძნება...“

საგულისხმო იყო რამდენიმე დღის წინ ოპეკის და ოპეკი პლუსის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა, სადაც დონალდ ტრამპმა დამსწრეთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც მომავალში ნავთობის ფასს შეამცირებს. ოპეკის წევრი ქვეყნები კი შეთანხმდნენ, რომ ნავთობის წარმოებას არ გაზრდიან, რაც ნიშნავს, რომ ერთხანს მიმდინარე ფასები შენარჩუნდება.

საწვავზე ფასი იზრდება საქართველოშიც. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზრებზე ერთი ლიტრი ე.წ. „სუპერის“ ფასი, საშუალოდ, 2.65 ლარია, „პრემიუმი“ 2.60 ლარი ღირს, „რეგულარი“ კი 2.45 ლარად იყიდება. ამდენივე ღირს დიზელის საწვავიც, ხოლო „ევროდიზელის“ ფასი 2.55 ლარს შეადგენს. შედარებით დაბალია არაბრენდირებულ სადგურებზე წარმოდგენილი პროდუქტების ფასი.

სავალუტო ჯიხური თბილისში - Sputnik საქართველო
გაძვირებული ცხოვრება და საშემოდგომოდ დათვლილი სიღარიბე...

როგორი იქნება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი უაახლოეს მომავალში – წინასწარ განჭვრეტა რთულია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა პროგნოზი იმედის მომცემია. მათი გათვლებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო ბაზარზე მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება,

ჩვენში ბენზინის ღირებულება 2.80 ლარს არ გადააჭარბებს. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ საწვავის ფასმა ძალიან მალე სამ ლარსაც კი მიაღწიოს. მათი განმარტებით, საერთაშორისო ფაქტორთან ერთად საწვავის ღირებულებაზე გავლენა ექნება ლარის კურსს. ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში საგანგაშო ნიშნულზეა. ანალიტიკოსთა აზრით, მთავრობამ საწვავზე აქციზის შემცირებაზე უნდა იზრუნოს. 

ანალიტიკოსი ბექა კემულარია: „ძალიან ნეგატიური ტენდენციაა როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს ბაზრებზე. რთული ვითარების გამოსწორების ნიშნები არ ჩანს. საწვავის ხარჯი, სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებლისთვის მუდმივად იზრდება და დინამიკა გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს და აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ გადაიხედოს, კლება სავსებით შესაძლებელია. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე ფასს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ საქართველოში იმპორტთან ერთად დიდ როლს თამაშობს ლარის კურსი. ეროვნული ვალუტა უფასურდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას. საწვავის ბაზარზე დღეს ფონი იმდენად მძიმეა, რომ პოზიტიური პროგნოზის კეთების საფუძველი არ არსებობს. წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საწვავი კიდევ გაძვირდება. არ არის გამორიცხული, ფასმა სამ ლარს მიაღწიოს...“

ბენზინი - Sputnik საქართველო
არის თუ არა საქართველოში საწვავი ზედმეტად ძვირი

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ საწვავის ფასზე აქციზის განაკვეთის შესაძლო გავლენის შესახებ. მოსაზრება, რომ საწვავის ფასის კოლოსალური მატება აქციზის გადასახადის გაზრდამ გამოიწვია, საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ, სპეციალისტთა განმარტებით, ეს ზრდა არ აღემატებოდა ლიტრზე 15 პროცენტს. ასეა თუ ისე, პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოპოვებულ და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადის განახევრებას. ეს ინიციატივა „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის და მისი მოწონების და გაზიარების შემთხვევაში აღდგება ქვეყანაში 2017 წლამდე არსებული დაბეგვრის განაკვეთები. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო, დრო გვიჩვენებს. თუმცა ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებას გრძელვადიანი გავლენა ვერ ექნება საწვავის ფასის კლებაზე.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საწვავის ფასები საქართველოში: ღირებულება და იმპორტის მოცულობა

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „აქციზის განაკვეთის შემცირებას ჩვენ რეალობაში ვერ ექნება გრძლევადიანი და მუდმივმოქმედი შედეგი, რადგან ოლიგოპოლიურ და კარტელურ ბაზარზე გადასახადების ამა თუ იმ ფორმით შემცირებას მოსახლეობაზე და პროდუქტის ფასზე აქვს მიზერული შედეგი. აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საწვავზე ფასების ერთჯერად შემცირებას, ამის შემდეგ კი ეს თანხა ისევ კომპანიების ანგარიშებზე წავა, მაგრამ საწვავის ფასზე ამ უკანასკნელს რეალური შედეგი ვერ ექნება...“

როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიო ბაზარზე, გაიზრდება თუ შემცირდება „შავი ოქროს“ ფასი და როგორ აისახება საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა საქართველოში საწვავის ფასზე? – ამ კითხვებზე პასუხი დროს მივანდოთ, ჯერჯერობით კი ბაზარზე პანიკაა და ეს მოსალოდნელიც იყო, საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0