საქართველოს მთავრობა

„მცირე მთავრობა" შეიცვლება თუ არა შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი

88
(განახლებულია 19:34 03.07.2018)
პარლამენტის ბიურომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაარეგისტრირა.

მიმდინარე კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართება, სადაც დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს.

ე.წ. „მცირე მთავრობის" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით კანონმდებლებისგან აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ითხოვა.

საქართველოს მთავრობის რეფორმირების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტში ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა — 14-დან 11-მდე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „მცირე მთავრობის" იდეის განხორციელება ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიწყო, ხოლო მამუკა ბახტაძემ ეს პროცესი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. თუმცა ახალ პრემიერ-მინისტრს ახლა იმ სირთულეების გათვალისწინებაც მოუწევს, რომლებმაც მის წინამორბედს ამ იდეის განხორციელებაში თავის დროზე ხელი შეუშალა.

პოლიტოლოგის ვარაუდით, ეს სირთულე თვითონ იდეის არასწორად განხორციელებაში მდგომარეობდა და ამისგან დაზღვეული არც მამუკა ბახტაძეა.

რაც შეეხება თვითონ მცირე მთავრობის იდეას, ის დასავლეთიდან მოდის.

„ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც გვქონდა პირველი კონტაქტები დასავლელ კოლეგებთან, ისინი ითხოვდნენ, რომ შეგვემცირებინა საბიუჯეტო ხარჯები და ამის ერთ-ერთ გზად სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციას ასახელებდნენ", – განუცხადა რამაზ საყვარელიძემ "Sputnik–საქართველოს".

პოლიტოლოგის განმარტებით, დასავლური გამოცდილებიდან გამომდინარე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა გათვალისწინების გარეშე მცირე მთვარობის იდეა წარმატებულად ვერ იმუშავებს.

„განვითარებულ ქვეყნებში „შემცირება" უმუშევრობას არ ნიშნავს. როცა საჯარო სექტორში თანამშრომლების შემცირება იგეგმება, მათ ყველა პირობა ექმნებათ სხვა სამსახურში დასასაქმებლად", — აღნიშნა რამაზ საყვრელიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ამასთან ერთად, სამინისტროების შემცირება უნდა ნიშნავდეს მათი ფუნქციების შემცირებასაც და არა უწყებების რაოდენობის არითმეტიკულ შემცირებას. სწორედ ამიტომ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ ამ ფუნქციების ნაწილი კერძო სექტორს გადააბარონ. მათ ისეთი საგადასახადო შეღავათები შემოაქვთ, მაგალითად, იმავე კულტურისა და სპორტის სფეროებში, რომ კერძო სექტორისთვის ამ დარგებში ინვესტირება საინტერესო ხდება. მაგალითად, სპორტს მთლიანად კერძო სექტორი აფინანსებს და, შესაბამისად, სამინისტრო საჭირო აღარ არის.

„რომ შევაჯამოთ, მცირე მთავრობის იდეას მარტო ინციატივა არ ჰყოფნის, მას სხვა ნაბიჯების გადადგმაც სჭირდება, თორემ შეიძლება სამინისტროების რაოდენობის შემცირება პროდუქტიული არ აღმოჩნდეს", – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, სამინისტროების გაერთიანების იმ მოდელით, რომელიც ამჟამად პრემიერის მიერ არის წარმოდგენილი, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებს მხოლოდ სამი მინისტრისთვის განკუთვნილი ხელფასებითა და პრემიებით შეამცირებს.

„იმედი მაქვს, რომ ეს „მცირე მთავრობის" იდეის განსახორციელებლად გადადგმული პირველი ნაბიჯებია, რადგან თუ პრემიერ-მინისტრი ამით დაკმაყოფილდება, ეს დიდ შედეგს არ მოიტანს", – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ თუ ყველა ფუნქცია, რაც ამ უწყებებს ჰქონდათ, ერთ სტრუქტურაში მოექცა, შესაძლოა, ის მათ ვერ მოერიოს.

„თავის დროზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის სამინისტროები რომ გაერთიანდა, იმედია ვამჩნევთ, რომ უწყება გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, ვიდრე შრომის უსაფრთხეობის საკითხებს", – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება კადრებს, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში ბევრი ახალი სახე იქნება, რადგან ახალ პრემიერს თავისი გუნდი სჭირდება.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და ამ უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა.

ასევე უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები კი სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

 

ნატა პატარაია

88