ტურისტები თბილისში

საქართველოში ჩამოსულ მიგრანტებს არავინ აკონტროლებს?!

666
(განახლებულია 17:47 15.05.2018)
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღება სურთ, ახალი რეგულაციები უწესდებათ.

იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. ამავე დროს 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებით და არა მუდმივ ნებართვას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა.

ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მიაქცია ამ საკითხს, თუმცა, მისი აზრით, ეს ინიციატივა არ არის ყოვლისმომცველი და, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად არის ფასადურიც, ვინაიდან ის მხოლოდ 6-წლიანი დროებითი ბინადრობის მოწმობით მოსარგებლე პირებისთვის არის და ვერ უზრუნველყოფს იმ პრობლემის მოგვარებას, რომლის წინაშეც ქვეყანა და საზოგადოება იმყოფება.

„მიგრაციის არასაკმარისმა რეგულაციამ გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად ქვეყანაში შემომავალი ადამიანების ნაკადები ვეღარ კონტროლდება. ძალიან ბევრი უცხოელი არალეგალურად შემოდის ქვეყანაში, რჩება და შემდეგ ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს", – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ასევე ბევრია შემთხვევა, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ამოქმედებული რეადმისიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მესამე ქვეყნებიდან ტრანზიტით გადაადგილებული ადამიანები, რომლებიც საქართველოს გავლით აღმოჩდნენ ევროპაში, ბრუნდებიან საქართველოში უკვე საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე.

„ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული უცხოელები უკვე ჩვენთან ითხოვენ თავშესაფარს, ან ხვდებიან სოციალურ თავშესაფრებში, შემდეგ კი ხდება მათი ბინადრობის უფლებით უზრუნველყოფა", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ ამ სფეროში არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქტიური ქორწინებებია. მათი გამოვლენის სამართლებრივი მექანიზმი კი ქვეყანაში არ მოქმედებს. ასევე არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ამგვარი კავშირების გამოვლენაზე იმუშავებს, რასაც ვერ ვიტყვით ევროპასა და აშშ-ზე.

„მაგალითად, ბელგიაში პრაქტიკულად შეუძლებელია გაიარო ის ფილტრი, რომელსაც საემიგრაციო სამსახური გთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის მიღებას ფიქტიური ხელმოწერის გზით განიზრახავ. ჩვენთან ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს", – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ის თვლის, რომ საქართველოში სათანადოდ არ მუშაობს საემიგრაციო სამსახურიც.

„ქუჩაში არ მოწმდებიან არალეგალი მიგრანტები, არავინ აკონტროლებს ვინ საიდან ჩამოდის და ვინ საით მიემართება" – თქვა ლორთქიფანიძემ.

მისი აზრით, ასევე გადასახედია და შესამცირებელია ბინადრობის ნებართვის ის სახეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რადგან ბევრი მათგანი შინაარსობრივად ერთმანეთს იმეორებს.

საქართველოს კანონმდებლობა 10 ტიპის ბინადრობის ნებართვას ითვალისწინებს, ესენია: შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, დროებითი ბინადრობის ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.

ბინადრობის ნებართვას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღის ვადაში, თუმცა მომსახურების მიღება დაჩქარებულ ვადებშიც შესაძლებელია.

2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა მუდმივი ბინადრობის, ხოლო 59 493-მა — დროებითი ბინადრობის. საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23 011-მა ადამიანმა მიიღო. ჯამში 108 615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.

2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336 პირმა, მუდმივი ბინადრობის მოწმობა კი — 2 820-მა.

 

ნატა პატარაია

666