დამუხრუჭებული მუხრუჭი... ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს!

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებამ საბანკო სექტორის საკრედიტო პოლიტიკა გააკრიტიკა! რატომ ახლა და არა მანამდე, რას გულისხმობს სამთავრობო ინიციატივა, რას არ ეთანხმებიან ბანკირები და როგორია თამაშის ახალი წესებისთვის მათი მზაობა?

არცერთი დღით მეტი ან ნაკლები… ზუსტად ერთი თვის წინათ დავსვი კითხვები — რა მიზანს ემსახურება კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა, რას ხმარდება საკრედიტო რესურსი, როგორია მცირე და საშუალო ბიზნესის, ზოგადად ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა და წლიდან წლამდე რატომ არ იკლებს ბიზნეს–სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი?

დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაც გვქონდა… ითქვა, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკის დასაფინანსებლად კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მთლიანი მოცულობა 986 მილიონი ლარია. სპეციალისტების განმარტებით, ეს არც ბევრია და არც ცოტა. გადამწყვეტი მნიშვნელობა არა კრედიტის მოცულობას, არამედ საპროცენტო განაკვეთს ენიჭება. ამ ეტაპზე საბანკო სესხები მეწარმეთათვის ძალიან ძვირია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
როგორ იწერება საკრედიტო „თავგადასავალი“ ანუ „გაშავებულთა“ საკითხავი...

უფრო მეტიც, ბოლო დროს როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე დოლარში გასაცემ კრედიტებზე ბანკების სარგებელი იმდენად მაღალია, რომ კრედიტით სარგებლობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აზრს კარგავს. ექსპერტ-ანალიტიკოსებმა თავის მხრივ მიგვანიშნეს, რომ ჩვენში კომერციული ბანკები მოტივირებული არიან, ფული ჩადონ იმ ბიზნესში, რომელიც რისკებს არ შეიცავს, ამიტომ არ აფინანსებენ სტარტაპებს. ურისკო სესხების გაყიდვა მათთვის უფრო მომგებიანია. რეალური სექტორი ყოველთვის საბანკო მხარდაჭერის მიღმა რჩება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკრეტული რეკომენდაცია — რეალური სექტორის დაკრედიტების ხელშეწყობისს შესახებ არ სრულდება. გვაქვს ის მოცემულობა, როცა ბანკებს ეკონომიკის განვითარება არ აინტერესებთ. სხვაც ბევრი ითქვა საინტერესო, თუმცა ერთი თვის წინანდელი პუბლიკაციის დეტალებზე მკითხველის ყურადღებას აღარ გავამახვილებ, თუ დაინტერესდება შეუძლია გაეცნოს სტატიას სახელწოდებით ეკონომიკაზე „გამწყრალი“ საბანკო სექტორი, ანუ პოლიტიკას „შეწირული“ საქმე… ერთსაც ვიტყვი, მახსოვს სტატიის მიწურულს დავასკვენი, რომ ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო საბანკო სექტორს სხვაგვარად უნდა არეგულირებდეს…

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
ეკონომიკაზე „გამწყრალი“ საბანკო სექტორი, ანუ პოლიტიკას „შეწირული“ საქმე...

გიხაროდენ! არასრული ერთი თვის შემდეგ ხელისუფლებამ ისმინა! „საქართველოში არსებული საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია. საბანკო სისტემა უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას”, — განაცხადა ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და განსაკუთრებით სტარტაპებს. მისივე განცხადებით, მცირე მეწარმეობის წასახალისებლად ინიციატივა მომზადდა. მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას“ იწყებს… ახალი ინიციატივა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას გულისხმობს.
აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას საბანკო სექტორში გასატარებელი ცვლილებების თაობაზე იზიარებენ ხალხის რჩეულები საპარლამენტო უმრავლესობიდან. მათი შეფასებით, საბანკო სექტორი კარგად არის განვითარებული, მაგრამ არსებობს ერთი მარტივი ფორმულა. ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, თუკი ბანკები არ დაუბრუნდებიან თავის რეალურ ფუნქციას, მაშინ ყველანი ერთად დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით… რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მათი შეფასებით, ხელისუფლების მიზანია არა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ პირდაპირი ზეწოლა საბანკო სექტორზე.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
სიახლის მოლოდინში... ანუ მათთვის, ვინც იპოთეკურ ვალს ვერ იხდის!

ამასობაში „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას“ პოზიტიურად აფასებს ბიზნეს ომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ბიზნესსაც და ზოგადად, საბანკო სექტორსაც პოზიტიურად შეეხება. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გააჩნდეს იაფი ანდა უფრო მეტად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი. აღნიშნული ინიციატივა, სწორედ ამ შესაძლებლობას აჩენს ბიზნეს კომპანიებისთვის.  „ბანკებს გააჩნიათ თავისი როლი ზოგადად ბიზნესთან მიმართებაში, ფაქტი ერთია, რომ ბიზნესი განიცდის გარკვეულ დეფიციტს ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან მიმართებაში, სწორედ ამ პრობლემაზე პასუხი არის აღნიშნული რეფორმა“, – განაცხადა ბიზნეს ომბუდსმენმა.

არ ვიცი ვისთვის როგორ, ჩემთვის კი მოულოდნელი არ ყოფილა საბანკო სექტორის სრულიად განსხვავებული პოზიცია. ბანკირებისთვის მისაღებია „თამაშის“ არსებული წესები, ასე, რომ არ იყოს, მაშინ სხვაგვარი იქნებოდა ეს „წესები“… როგორც „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა,  საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი, ის არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი და მას არ უნდა მოვთხოვთ ყველაფრის დაფინანსება. მისივე განმარტებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. ის არის ქართული ეკონომიკის 60 პროცენტის დამფინანსებელი. სამწუხაროა, რომ არ არსებობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები. „მხოლოდ „თიბისი ბანკის“ მიერ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ინვესტირებულია თითქმის ოთხი მილიარდი ლარი. ამ ფონზე გაუგებარია რატომ მოვისმინეთ კრიტიკული განცხადება“, — დასძინა მამუკა ხაზარაძემ. მისგან განსხვავებით, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე ეთანხმება ფინანსთა მინისტრს, რომ სტარტაპების სასესხო კრედიტებით დაფინანსება რთულია, რადგან საპროცენტო განაკვეთი ჩვენში გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ამასობაში ექსპერტები საბანკო სექტორს კიდევ ერთხელ მიანიშნებენ საკრედიტო პოლიტიკის იმ მანკიერ სტრუქტურაზე, რომელიც საბანკო სისტემაში ჭარბი მოგების ძირითადი წყაროა…

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ვისაც ქონება „აწუხებს“ და ბანკში ჯერ არ შეუვლია...

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია: „ჩვენი რეალობაა, რომ ფიზიკურ პირებზე გაცილებით მეტი სესხია გაცემული, ვიდრე ბიზნესზე. რეალურ წარმოებაზე კი კრედიტები, ფაქტობრივად, არ გაიცემა. ასეთი საბანკო სექტორი მხოლოდ თავის მოგებაზე ზრუნავს და ამით ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ეკონომიკაში 3-4 პროცენტიანი ზრდაა, ხუთჯერ მეტია საბანკო სექტორის ზრდის მაჩვენებელი, რაც სრულიად ალოგიკურია…“
ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში ცვლილებებს ელოდებიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფინანსო სექტორმა მთავრობისგან მწვავე დარტყმა მიიღო. ახლა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ეკონომიკაზე ბანკების გავლენა შემცირდება. საბანკო სფეროს სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ეკონომიკისთვის პრობლემად ქცეულ ბანკებს ამიერიდან მაინც მოუწევთ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა და რეალური სექტორის დაკრედიტებაზე დათანხმება, რასაც წლების განმავლობაში ბლოკავდნენ.
ირაკლი ბერძენაძე: „ახალი ერა იწყება ქვეყანაში, როცა ბანკების ხელში აღარ უნდა იყოს მთელი დოვლათი. უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც ეკონომიკას განავითარებს. ჯერჯერობით კი ყველაფერი ბანკების ხელშია, მოსახლეობის უმრავლესობა სასესხო ვალდებულებებში ჩაეფლო, მცირე და საშუალო ბიზნესი ჩაკვდა, აღარ არის ფიქრი განვითარებაზე. ამ დროს ბანკებს ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი აქვთ. თუკი მთავრობა ეკონომიკაზე ბანკების გავლენას შეამცირებს. ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბანკები უკვე იმდენად გაიზარდნენ, რომ პრობლემად გადაიქცნენ მთელი ეკონომიკისთვის. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მათ მოუწევთ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა და რეალური სექტორის დაკრედიტება, სხვანაირად ქვეყანა ჭაობიდან ვერ ამოვა…“

რა ბედი ეწევა სამთავრობო ინიციატივას და როგორი იქნება საბანკო სექტორის მზაობა უახლოეს მომავალსი გაირკვევა, მანამდე კი დავჯერდეთ იმას, რომ ის რაზეც ადრე „წყაროზე“ ხალხში ლაპარაკობდნენ, ახლა უკვე სახელისუფლებო ტრიბუნიდან ითქვა… 

ყველა ახალი ამბავი
0