პარლამენტარების უარი და მთავრობის ოპტიმიზმი... რა ბედი ეწევა პენსიას?

© Pixabay / sabinevanerpხელები
ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაიწუნა კანონპროექტი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ, რა შენიშვნები აქვთ დეპუტატებს, რა ხარვეზებზე მიანიშნებენ ექსპერტები და რას გაითვალისწინებს და რას არა მთავრობა?

სხვისი არ ვიცი და პირადად მე კი, ხალხის რჩეულების ერთმა ნაწილმა იმედი გამიცრუა… მხოლოდ ერთმა?— შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. არცთუ უსაფუძვლო რეპლიკას ამჯერად უკომენტაროდ დავტოვებ და თხრობას განვაგრძობ…

პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებს, ბოლო დროს, ყველასთვის, უპირველესად კი მმართველი გუნდიდან კოლეგა დეპუტატებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება დასჩემდათ. თავად განსაჯეთ, ჯერ იყო და ე.წ წამყვანი კომიტეტის სტატუსით, პოლიტპარტნიორების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები დაიწუნეს, შემდეგ კი კიდევ უფრო გათამამდნენ და დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს!

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

ეს ლოკალური მარცხი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ აშინებთ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს კანონს, რომელიც მომავალში მოსახლეობის ღირსეულ სიბერეს უზრუნველჰყოფს. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა, ბოლო დროს კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით, კერძო სექტორთან და სამეცნიერო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა… როგორი იქნება კანონმდებლების საბოლოო ვერდიქტი და მით უფრო რას მოუტანს  საპენსიო სისტემის რეფორმა ღირსეული სიბერის მოლოდინში მყოფ მოქალაქეებს დრო გვიჩვენებს….

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პენსიონერთა დიდი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. დღეს, პენსია თავისი არსით სოციალურ დახმარებაა, რომლის მიზანიც არა ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა, არამედ უკიდურესი სიღარიბის შემცირებაა. თუმცა მიუხედავად ამისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა კვლავაც აჭარბებს 10 პროცენტიან ნიშნულს. ფასების მუდმივი ზრდის გამო კი საარსებო მინიმუმი ფაქტობრივად გაუტოლდა სოციალურ პენსიას. საარსებო მინიმუმი კი არის ის მაჩვენებელი, რომელსაც მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ანგარიშობენ და რომელიც ძალიან შორსაა იმ მაჩვენებლისგან — ე.წ. ცხოვრების ღირებულებისგან რომელსაც მსოფლიოს განვითარებული ან თუნდაც განვითარებადი ქვეყნები იყენებენ. მაშინ, როცა საქართველო ყველა სფეროში მიისწრაფის ევროპისკენ, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანია, დროა ქვეყანა გადავიდეს სოციალური დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებზე. 

საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიების ზრდა 2019 წლიდან დაიწყება

ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე: „საპენსიო სისტემა სწორედ ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ბიზნესის წახალისებასა თუ კეთილდღეობაზე. ბიზნესს საკმარისზე მეტი პრივილეგია აქვს, საპენსიო რეფორმა უნდა განხორციელდეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. საპენსიო რეფორმა უნდა ეხებოდეს ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სისტემის მიღმა არ უნდა აღმოჩნდეს გარიყული არც ერთი ადამიანი. რეფორმა უნდა შეეხოს ყველას, მათ შორის, მათ ვინც დღეს წარმოადგენენ პენსიონერებს, არიან უმუშევრები ან უარს იტყვიან დაგროვებით სქემაში მონაწილეობაზე. იმისათვის, რომ ამ ადამიანებს არ გაუუარესდეთ მდგომარეობა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების პარალელურად, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს საბაზისო პენსიის მომავალ ზრდას და ამ პროცესის საკანონმდებლო დონეზე რაგულირებას…“

ხანდაზმული მამაკაცი ისვენებს აღმასენებლის გამზირზე ძაღლის სკულპრტურის გვერდზე - Sputnik საქართველო
პენსიაზე 20 წლის შემდეგ: იქნება თუ არა მომავალი უღრუბლო

როგორც სპეციალისტები განმარტავენ დაგროვებითი საპესნიო სისტემა თავისი არსით უნდა განსხვავდებოდეს კერძო საპენსიო ფონდებისგან. ის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს და სოლიდარობის პრინციპს ეფუძნებოდეს. საპენსიო სისტემის შეფასებისას კრიტერიუმებია ადეკვატურობა, მდგრადობა, სამართლიანობა, თანასწორობა და ის ბენეფიტები, რომელსაც სისტემა სთავაზობს მის მონაწილეებს. 

ეკონომისტი ოთარ ხუფენია: „სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საპენსიო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს: სიღარიბის შემცირებას, მოსახლეობის ფინანსურ სტაბილურობას, მენეჯმენტის დაბალ დანახარჯებს, შენატანების და მიღებული სარგებლის ადეკვატურობას, ფულადი სახსრების ნაწილის რედისტრიბუციას მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისგან დაბალშემოსავლიანებისკენ და სისტემის მონაწილეთათვის დამატებითი ბენეფიტების არსებობას. კანონპროექტი ორიენტირებულია მხოლოდ ფონდის მდგრადობაზე, ეყრდნობა მხოლოდ უნივერსალური სამართლიანობის პრინციპს, რაც საგრძნობლად ამცირებს ამ რეფორმის სოციალურ ღირებულებას. ეს მომავალში მიგვიყვანს პენსიონერთა შორის პენსიის მოცულობის მნიშვნელოვან სხვაობამდე და შესაბამისად, შემოსავლების უთანასწორობის ზრდამდე მთლიან მოსახლეობაში…“

ასაკოვანი ბებია - Sputnik საქართველო
პენსიები საქართველოში – გადარჩენის ინსტრუქცია

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უთანასწორობის ზრდის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება და სოლიდარობის ფონდის შექმნა. პირველადი გათვლებით სოლიდარობის ფონდს დასჭირდება წელიწადში 20 მილიონი ლარი, რათა მან უზრუნველყოს დროებით უმუშევრების, დროებით შრომისუუნაროთა და დეკრეტულ შვებულებაში მყოფთა შენატანების უწყვეტობა საპენსიო ფონდში. ამ თანხის აკუმულირება შესაძლებელია ყველაზე მაღაანაზღაურებადი დასაქმებულების შემოსავლის გარკვეული ნაწილის სოლიდარობის ფონდში გადარიცხვით. ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს ფონდის საბიუჯეტო დაფინანსება. მომავალში ასეთ ფონდს შესაძლებელია დაემატოს დაბალანაზღაურებად მოქალაქეთათვის მიზნობრივი საპენსიო დანამატის გაცემის ფუნქცია. 

ქალები მიდიან თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საპენსიო რეფორმა: როგორ შეიძლება გაიზარდოს პენსია

ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ პენსიონერთათვის მნიშვნელოვანი საკითხია პენსიის სიცოცხლის ბოლომდე მიღება. მთავრობის მიერ შემოთავაზაბულ კანონპროექტში კი ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. დაგროვებითი პენსია გადანაწილდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე (72-75 წელი), თუკი ადამიანი ამაზე მეტხანს იცოცხლებს, იგი მხოლოდ საბაზისო პენსიის იმედად დარჩება. ეს აღნიშნული კანონპროექტის მნიშვნელოვანი ნაკლია. პროექტს უნდა დაემატოს საპენსიო უზრუნველყოფის სიცოცხლის ბოლომდე დაზღვევის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი საკითხია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფა. ეს ადამიანები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად ვერ მუშაობენ 60-65 წლის ასაკამდე. საჭიროა სახელმწიფომ მათთვის დაწიოს საპენსიო ასაკი, მინიმუმ 5 წლით. ასეთ შემთხვევაში, ეს ადამიანები უბრალოდ ნაადრევად დაიწყებენ საკუთარი დანაზოგის მიღებას, ხოლო საბაზისო პენსიის ვადაზე ადრე გაცემის ხარჯი სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს… ერთი სიტყვით, კანონპროექტში საჭიროა აისახოს შემოსავლების რედისტრიბუციისა და სამართლიანობის პრინციპები. რას გაითვალისწინებენ და რას არა ხალხის რჩეულები უახლოეს მომავალში შევიტყობთ, მანამდე კი შევთანხმდეთ, რომ მხოლოდ სოლიდარული და რეალურად სოციალურ საჭიროებებზე მორგებული გეგმა მიგვიყვანს რეფორმის წარმატებამდე…    


ყველა ახალი ამბავი
0