ლაღად „მოცურავე“ ლარი, გაძვირებული კრედიტები და გაღარიბებული ხალხი!

გამოწერა
ეროვნული ბანკის დროში აცდენილი გადაწყვეტილება... რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი დროის იმ მონაკვეთში, როცა ლარი რეკორდულად სწრაფ ტემპში გამყარდა? რატომ აძვირებენ კომერციული ბანკები კრედიტების საპროცენტო განაკვეთს და რა შედეგით დასრულდება მოსახლეობის ჭარბვალიანობა?

პატივცემულ მკითხველს, დარწმუნებული ვარ, კარგად მოეხსენება, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.25 პროცენტამდე გაზარდა. როგორც ქვეყნის მთავარი ბანკირი აცხადებს, საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი. გაიზარდა ინფლაციაზე ზეწოლა. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის ყველა ინდიკატორი ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს. ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება კი ასუსტებს ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. ასეთია მიღებული გადაწყვეტილების ძირითადი მოტივები…

ბევრჯერ მითქვამს და ახლა გავმეორდები — საქართველო პარადოქსების ქვეყანაა! სპეციალისტები რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ელოდნენ ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა ეროვნული ვალუტა კატასტროფულად უფასურდებოდა, საგრძნობი გახდა ფასების მატება და გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი. ეროვნულმა ბანკმა კი გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ლარი დროის ძალზე მცირე მონაკვეთში რეკორდულად გამყარდა. სავარაუდოდ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ლარის შემდგომი გამყარების ეროვნულ ბანკში არ სჯერათ და მალე კვლავ დაიწყება დაღმასვლის პროცესი.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს...“ ანუ ლარის ახალი რეკორდი

ასეა თუ ისე, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, რაც სხვა ბევრ „სიკეთესთან“ ერთად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთის მატებასაც გულისხმობს. შესაძლოა საბანკო საქმეში ღრმად ჩახედული მკითხველი არ დამეთანხმოს და ბრძანოს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სესხები კი არ უძვირდებათ, არამედ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათო. არ გავჯიუტდები და ფორმულირების გამო არ ვიკამათებ, რადგან შედეგი ერთია. ყველა ის მსესხებელი, რომლის კრედიტიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად უფრო მეტს გადაიხდის ვიდრე ადრე იხდიდა. აქვე ყოველი მათგანი მინდა „დავამშვიდო“ და „ვანუგეშო“, კრედიტები მხოლოდ მათ როდი უძვირდებათ, ეს უკვე საერთო-სახალხო „სიკეთეა“ და თანაც ყველასთვის ხელმისაწვდომი…

სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკვე უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემას ვეღარ გაუმკლავდება.

თბილისი - Sputnik საქართველო
სუსტი ეკონომიკა და გაზრდილი ვალები. ანუ ღარიბი ქვეყნის ხვედრი!..

საპროცენტო განაკვეთებმა ისევ ზრდა დაიწყეს და შესაბამისად, ძალიან მალე მსესხებლები გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ეს პროცესი მოსახლეობის გადახდისუუნარობით დასრულდება. მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში 21.4 პროცენტს აღწევს. ფიზიკური პირების შემთხვევაში, ლარში საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია — 26.2 პროცენტი და ესა არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია მსესხებელი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება, კრედიტის დაფარვა მათ კიდევ უფრო გაუჭირდებათ და მოიმატებს ჭარბვალიანობის მაჩვენებელი. მოსახლეობა უფრო მეტად დაიტვირთება ვალით და ეს მომავალში ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ადამიანები იქნებიან გადახდიდუუნარონი და შესაბამისად, გაიზრდება ე.წ „კრედიტ ინფოს“ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილ პირთა რაოდენობა. ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას ფინანსისტების ერთი ნაწილი რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, არასტაბილურ გარემოს, ლარის ძვირ რესურსსა და ლარიზაციის პროგრამას.

ბაზარში პროდუქტების ყიდვისას - Sputnik საქართველო
სავსე ქისა და გატეხილი ქოთანი - შუა უკვე გაიკრიფა?!

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „ლარიზაციის მიზანი იყო, რომ ეროვნული ვალუტა უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო დოლართან მიმართებაში და იმავე დროს გამყარებულიყო ლარი. როგორც ჩანს, დღეს ეს მიზანი ვერ სრულდება. თუ ლარიზაცია სურდა ეროვნულ ბანკს, მაშინ 100.000 ლარამდე არა მხოლოდ სესხების გაცემა უნდა აეკრძალა უცხოურ ვალუტაში, არამედ 100.000 ლარამდე დეპოზიტებიც, ხოლო ფასიან ქაღალდში ნებისმიერი სახის ინვესტიცია უნდა ყოფილიყო ეროვნულ ვალუტაში. ამით ბანკებს გაუჩნდებოდათ ლარის რესურსი. იმ ქვეყნებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი არის დაბალი, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც დაბალია. ჩილეში რეფინანსირების სესხები გაიცემა 2.5 პროცენტად, დიდ ბრიტანეთში — 0.5 პროცენტად, სამხრეთ კორეაში კი 1.5 პროცენტად, ავსტრალიაში — 2 პროცენტად, პოლონეთში 2.5 პროცენტად და ა.შ. შესაბამისად, ამ ქვეყნებშიც სესხები დაბალპროცენტიანია. საქართველოში კი კომერციული ბანკები ლარში რესურსს ძვირად იღებენ და ამიტომაც სესხებსაც ძვირად გასცემენ…“

რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს საბანკო სფეროს სპეციალისტების ნაწილს, რომელიც ფინანსური სექტორის გადაწყვეტილებას კრედიტებზე დამოკიდებულების ზრდის შემაკავებელ საშუალებად განიხილავს. შესაძლოა, ეს არ იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ ბანკების კონკრეტული მიზანი, თუმცა საბოლოოდ მაინც ნაბიჯები აქეთკენ იდგმება. საპროცენტო განაკვეთების ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
პანიკის გარეშე! გაგებით მოეკიდეთ! თქვენ კიდევ უფრო გაღარიბდით!..

ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილი: „წესით, როცა კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები მატულობს, ეს ნიშნავს, რომ მისი გაცემა იზღუდება. შესაბამისად, რისკი რჩება მათთვის, ვინც უკვე აიღო კრედიტი, მაგრამ მომავალში უფრო ნაკლები ხალხი შეძლებს სესხის მიღებას ბანკებისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მეშვეობით. ჩემი აზრით, ეს არის შეზღუდვის მექანიზმი, რაც აუცილებელი იყო კიდეც. სიძვირის პირობებში ბევრი ადამიანი კრედიტის აღებას გადაიფიქრებს. როცა ფულის მიღების შესაძლებლობა იზღუდება, გარკვეულწილად, ფასების ზრდის შეზღუდვაც ხდება. შემდეგ ის შედარებით დასტაბილურდება. გასაგებია, რომ ფულის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა თავისთავად ეკონომიკური ზრდის ტემპს აგდებს, მაგრამ დღეს მთავარი რისკი მაღალი ფასებია, რისი დაძლევაც ქვეყნისთვის საკმაოდ რთულდება. ვფიქრობ, საპროცენტო განაკვეთების ზრდით საბაზრო ტენდენციის შეჩერება შესაძლებელია…“

ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო
ლარის გამბიტი, ანუ „გულუხვი“ ბანკები და „გაქცეული“ დოლარი...

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. 2017 წლის მეოთხე კვარტალში უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8.2 პროცენტია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9.2 პროცენტი იყო.

ამასობაში, მთავარი ბანკირი გვპირდება, რომ ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს. ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მომავალი წლის 31 იანვარს გაიმართება. გადაწყვეტილება. დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა. მანამდე კი საახალწლო დღეები გველის და მაღალია ალბათობა იმისა, რომ ახალ წელს დამძიმებული საბანკო ტვირთით შევხვდეთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0