ხედი მთაწმინდის პარკიდან და „შენების“ ჩვენებური გამოცდილება

© FB / Sergo Edisherashviliპანორამული ხედი თბილისზე
პანორამული ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა

მოვიდა! ორიოდე დღეა, რაც მოვიდა.  იოსებ ნონეშვილის სიტყვები გამახსენდა: „შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ…“

არა, ქვეყნის მთავარ გამზირს წელიწადის დროების ცვალებადობისა ჯერ არაფერი ეტყობა, არც ქარი ქრის და არც ჭადრის ფოთლები გეგება ფეხქვეშ, ტემპერატურა ჯერ ისევ მაღალია და სუნთქვაც ჭირს. სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ მალე თანდათან აგრილდება.

თქვენი არ ვიცი, მე კი ჯიუტად ცხელ შემოდგომას ველი. თუ ვინმეს არ ახსოვს, ვეტყვი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენში შემოდგომობით წიწილებთან ერთად საარჩევნო ბიულეტენებს ითვლიან. იმედია გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება და ასე იქნება წელსაც — ღვინობისთვის 21-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით დილიდან ფართოდ გაიღება საარჩევნო უბნების კარები, ავირჩევთ მერებსა და საკრებულოს წევრებს. რა იქნება საღამოს არავინ უწყის…

თბილისის მეტროსადგური ახმეტელი - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი მეტროსადგურის გახსნა ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება

წინამდებარე სტატიაში მომავალი საარჩევნო ბატალიებისთვის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მზაობის საკითხზე მსურდა საუბარი, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ვეცნობოდი, როცა კოლეგებისგან შევიტყვე, რომ მთაწმინდის ფერდობს ცეცხლი მოკიდებოდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია, ვიფიქრე, ვნახავ, ახლა მაინც რა ხდება-მეთქი და დავიძარი. ადგილზე მისულს ხანძარი უკვე ჩამქრალი დამხვდა.  მაშველებმა ძალიან ივაჟკაცეს, ცოტა დრო დასჭირდათ, სულ რაღაც ნახევარი საათიო, მითხრა დიდი ხნის მეგობარმა, პროფესიით ეკონომისტმა იოსებ არჩვაძემ. ქალაქისკენ დაშვება არ ვიჩქარეთ, გავისეირნეთ, გზადაგზა სხვადასხვა საკითხზე ვიმუსაიფეთ, მთაწმინდის პარკიდან თბილისს გადმოვხედეთ.

იზრდება ქალაქი, შენდება და მშვენდება-მეთქი, ჩავილაპარაკე ჩემთვის.

— კარგად დააკვირდი, ნუთუ ვერაფერს ამჩნევ?— მირჩია მეგობარმა. — თბილისი იმ სიმფონიურ ორკესტრს ჰგავს, რომელსაც არ ჰყავს დირიჟორი და ამიტომ უკრავს კაკაფონიას. შენების წინააღმდეგი ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ წესი და რიგი აქვს ყველაფერს.

საპასუხოდ შევახსენე, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა მიიღო და საკრებულო დოკუმენტს, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ ნახევარში დაამტკიცებს…

შინ დაბრუნებულმა მეგობართან საუბარი გავიხსენე და გადავწყვიტე, რამდენიმე ეპიზოდი გაგიზიაროთ ჩვენი დიალოგიდან.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი მთაწმინდიდან
Вид на город Тбилиси со смотровой площадки парка Мтацминда - Sputnik საქართველო
თბილისის ხედი მთაწმინდიდან

ქალაქი სპონტანურად ვითარდება, მაგრამ რაღაც ტენდენცია ალბათ შეიმჩნევა. ტრადიციულად თბილისს მოიხსენიებენ როგორც მდინარე მტკვრის გამჭოლ ტერიტორიაზე გაშენებულ ქალაქს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ განივი მანძილი უკვე აღემატება გრძივს, ანუ მდინარე მტკვრის გაყოლების მასშტაბებს.

იოსებ არჩვაძე: „დიახ, ასეა. ამგვარ პირობებში რთული იქნება, შევინარჩუნოთ მხოლოდ ერთი ცენტრი — რუსთაველის გამზირი იქნება ეს თუ თავისუფლების მოედანი. ბევრ ქალაქს აქვს რამდენიმე ცენტრი და, ვფიქრობ, ჩვენს ქალაქსაც უნდა ჰქონდეს. თბილისი განფენილია დაახლოებით 800 კვადრატულ კილომეტრზე, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 1,2 პროცენტია.
რაც შეეხება მოსახლეობას: აქ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი. ანუ ქვეყნის ყოველი მეორე მოქალაქე ცხოვრობს დედაქალაქში, რაც ანომალიაა. ეს მაჩვენებელი არ უნდა იყოს 25 პროცენტზე მეტი. ქალაქის განვითარება არის ანომალიური“.

ხრუშჩვკები თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძის ინიციატივა: რამდენი დაუჯდება თბილისის მერიას „ხუშჩოვკების“ შეცვლა?

საინტერესოა, შემუშავებულ დოკუმენტში როგორია დედაქალაქის განვითარების ხედვა.

იოსებ არჩვაძე: „გენგეგმაში დეკლარირებულია რა და როგორ გაკეთდეს, მაგრამ ნაკლებად არის  წარმოდგენილი ღირებულებითი ინდიკატორები. მაგალითად, საუბარია, რომ მიწისზედა მოძრაობის განტვირთვის მიზნით, უნდა განვითარდეს  მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა. საკამათო არ არის, რომ მეტროპოლიტენი ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, მაგრამ საკითხავია, რამდენად რეალურია თბილისის მიწისქვეშეთის დაქსელვა მეტროსადგურებით. მსოფლიოში არსებობს ასეთი ზოგადი კანონზომიერება: მეტროპოლიტენის აშენების პოტენციალი გააჩნია იმ ქვეყანას, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 20 000 აშშ დოლარი და მეტი. ჩვენ შესაბამისი პოტენციალი არ გაგვაჩნია. საბჭოთა დროს არსებობდა გეგმა, რომ ვაზისუბანში დამატებოდა ოთხი მეტროსადგური, ასევე, კოლმეურნეობის მოედნიდან მეორე ჩასასვლელი თავისუფლების მოედანზე, გაგრძელებულიყო საბურთალოს ხაზი, დღევანდელი საარბრიუკენის მოედნის გავლით ვაკეში ასულიყო ბაგებისკენ. ასევე ერთ ხაზის აშენება იყო გათვალისწინებული თბილისის ზღვის გარშემოც, მაგრამ ეს ფინანსდებოდა საკავშირო ბიუჯეტიდან, დამოუკიდებელ ქვეყანას კი ამის რესურსი არ აქვს! თუმცა თუ გავყინავთ ხელფასებს, პენსიებს, უარს ვიტყვით ავტობანზე, მაშინ მეტროპოლიტენის გეგმას მივიყვანთ ბოლომდე“.

მოკლედ, თუ სწორად გავიგე, გენგეგმა არის კეთილი სურვილების ერთობა, მაგრამ დოკუმენტს არ ახლავს ფინანსური დასაბუთება. მაშ, რა აზრი აქვს დოკუმენტის მიღებას, როცა მას არ ახლავს ფინანსური გათვლები და ეკონომიკური დასაბუთება?!

იოსებ არჩვაძე: „ნებისმიერი დოკუმენტის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა და პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო და მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს დაგეგმარების მხრივ. უფრო მძიმედ იქნებოდა საქმე, გეგმა რომ არ იყოს. თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად შესრულდება ის, რაც იქ წერია. საჭიროა რაღაც წესრიგის შემოტანა, მით უმეტეს, რომ თბილისი არ არის მხოლოდ დედაქალაქი, თბილისზე მოდის ქვეყნის ეკონომიკის ორი მესამედი. თბილისის ბიუჯეტი კი არის ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 8 პროცენტი. შემუშავებული გენგეგმის განხორციელებას თბილისის ბიუჯეტი არ ეყოფა. თუ თვითმმართველობის სუბიექტებს არ მიეცა თავიანთ ტერიტორიაზე მოგროვებული გადასახადების ნაწილის განკარგვის უფლება, სულ იქნება დამოკიდებულება ცენტრალურ ბიუჯეტზე და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება საკუთარი რესურსების გარეშე იქნება მხოლოდ სურვილი“.

დოკუმენტი, რომელიც ჩვენ, გადასახადების გადამხდელებს დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაგვიჯდა (2,8 მილიონი ლარი უშუალოდ პროექტი და 400.000 აშშ დოლარი კონკურსის პირობების მომზდება და შეფასების პროცესი) საკრებულოს ვერდიქტს ელოდება.  მანამდე კი სხვა მრავალ „სიკეთესთან“ ერთად,  ქალაქის ურბანული პრობლემები, ქაოტური მშენებლობები, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ახალ გარემოსთან ჰარმონიზაცია სერიოზულ გამოწვევად რჩება.
 

ყველა ახალი ამბავი
0