„ქართული ოცნების“ რჩეულები ადგილობრივ არჩევნებში - ვინ არიან ისინი

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების მომხრე
ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების დასახელებას 25 აგვისტოს, იმერეთიდან იწყებს. იმერეთის გუბერნატორმა უკვე დაადასტურა, რომ იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ამ დღეს დაასახელებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კანდიდატებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნებისათვის იბრძოლებენ.

ამბობენ, რომ წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, ამჯერად პრემიერი კანდიდატების შერჩევაში უფრო აქტიურად იყო ჩართული, ძირითადად ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის მეშვეობით. მედიისთვის ცნობილი გახდა იმ კანდიდატების ვინაობა, რომელთა წარდგენასაც „ქართული ოცნება" გეგმავს:

საქართველოს საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში კენჭს გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი ჭიღვარია იყრის. მართალია, ჭიღვარია 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გვერდით არ ყოფილა აქტიურად და ღიად, მაგრამ მას შემდეგ პარტიაშია და საპარლამენტო არჩევნების დროს შტაბის უფროსიც გახლდათ. მართალია, ბოლო დღემდე განიხილებოდა შოთა მურღულიას ხელმეორედ კენჭისყრის საკითხი, მაგრამ ბოლოს მაინც ჭიღვარიაზე, როგორც ახალ კადრზე გაკეთდა არჩევანი. შოთა მურღულია, სავარაუდოდ, ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაბრუნდება. ქუთაისში არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაა და გიორგი ჭიღვარიას მთელი თავისი დიპლომატიის გამოვლენა მოუწევს არჩევნების მოსაგებად — სავარაუდოდ, მეორე ტურში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღე დაასახელა

როგორც ირკვევა, ახალი სახე ეყოლება მეორე უდიდეს და ძალიან მნიშვნელოვან ქალაქ ბათუმს. აქ კენჭს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე იყრის, რომელმაც 2016 წლის ივლისში, ზურაბ პატარაძის მთავრობაში გახდა მინისტრი. კომახიძეს სავარაუდოდ, ასლან აბაშიძის თანაშემწეობას გაუხსენებენ, თუმცა ბათუმში დღეს შექმნილი სიტუაციის გამო, ეს სულაც არ გახლავთ ნეგატიური ასპექტი. კომახიძეს აქვს ასევე ბანკსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. ამბობენ, რომ მეორე ტურის ალბათობა მაღალია ბათუმშიც.

აი, პირველივე ტურში გამარჯვება გარანტირებული აქვს საჩხერის მერობის კანდიდატ ბენიამინ ფალავანდიშვილს. ის ამჟამად საჩხერის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. იმედია, ბატონი ბენიამინი საჩხერეს კიდევ უფრო კარგად ააშენებს. მშენებელი და ინფრასტრუქტურის კარგი მცოდნე კადრები აშკარად სჭირდება ახლა საქართველოს. როგორც ამბობენ, ფალავანდიშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, ის „ქართუშიც" მუშაობდა 9 წელი. ნათესაობა საქართველოში დანაშაული ნამდვილად არ არის, თუ ის კარგი საქმის საკეთებლად იქნება გამოყენებული.

ცესკო - Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია შვიდმა პარტიამ გაიარა

აი, მაგალითად ტყიბულს ძველი საგზაო პოლიციელი და უშიშროების კადრი, თემურ ჩუბინიძე მოევლინება მერობის კანდიდატად, რომელიც ერთხელ უკვე ასრულებდა ამ მოვალეობას 2013-2014 წლებში. როგორც ჩანს, ჩუბინიძემ რისი აშენებაც ვერ მოასწრო, ამჟამად აპირებს დაასრულოს, თუმცა ის არსად გამოჩენილა 2015 წლის მეშახტეთა გაფიცვის დროს და ამ კითხვას მას აუცილებლად დაუსვამენ. რაც შეეხება ნათესაობას — ჩუბინიძე „ქართუს“ ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ჩხეტიანის სიმამრია. რადგან ტყიბულში ბევრია განაწყენებული ხელისუფლებაზე და ამავე დროს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სიმრავლეა, ადგილობრივები აქ მეორე ტურს წინასწარმეტყველებენ.

თერჯოლაში მერობის კანდიდატად მოქმედ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ თემურ ქოჩიაშვილსა და მის მოადგილე კახა კუპატაძეს განიხილავენ. ვნახოთ ვისზე შეაჩერებს არჩევანს მმართველი პარტია.

ზესტაფონში კი მოქმედ გამგებელ ტარიელ თუთარაშვილსა და მის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეს შორის გაკეთდა არჩევანი. სარწმუნო წყაროს ცნობით, ღამბაშიძეს მხარს მოქმედი მაჟორიტარი შალვა კიკნაველიძე უჭერს და სავარაუდოდ, მასვე დაასახელებს მმართველი პარტია.

წყალტუბოში გადაწყვეტილია მოქმედი გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის მერობის კანდიდატად წარდგენა. მამისეიშვილი ნარჩემაშვილების ოჯახის სიმპატიით სარგებლობს, რომელთაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ წყალტუბო-ქუთაისის ტერიტორიაზე, რაც ყოფილი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარობამ კიდევ უფრო განამტკიცა.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები: დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია

ხონში კენჭს გიორგი ლილუაშვილისა და ჯემალ მებუკის პროტეჟე ლადო ჯურხაძე იყრის, დედოფლისწყაროში კი ირაკლი შიოლაშვილის ახლობელი — შალვა ჯანაშვილი.

არანაკლებ გავლენიანი კადრია წარმოდგენილი ჭიათურის მერობის კანდიდატად. პაატა ნადირაძე ორი წელია იმერეთის ვიცე-გუბერნატორია. ამჯერად კი ის კენჭს ჭიათურის გამგებლად იყრის. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს. გარდა ქართული ოცნებისა, მას ბურჯანაძის მომხრეებიც დაუჭერენ მხარს, რადგან თავის დროზე პაატა ნადირაძე სწორედ ბურჯანაძესთან დაახლოებულ კადრად განიხილებოდა.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ ელექტორატის თვალსაზრისით, ამიტომაც კანდიდატების დასახელებას ჯერ არ ჩქარობენ. ბევრ კანდიდატზე კი ახლა მიმდინარეობს შეთანხმება. ასე მაგალითად, ვაკის გამგებლად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის — გარდაბნის მოქმედი გამგებელი გოჩა ჯამარაული. მან რამდენიმე წელიწადში ადგილობრივებს თავი ისე შეაყვარა, რომ მისი დასახელების მოთხოვნით აქციაც კი გაიმართა. ადგილობრივთა თქმით, გარდა იმისა, რომ ჯამარაული კარგი ადამიანია, მისი მთელი ხელფასი ქველმოქმედებაში მიდის, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, მმართველ პარტიას მერის პოსტზე რამაზ ბუდაღაშვილი ჰყავს შერჩეული, რომლის კანდიდატურასაც ადგილობრივები სწორედ იმიტომ აპროტესტებენ, რომ ყოფილი ნაციონალია. თუმცა, როგორც ჩანს, გარდაბნელებს მაინც მოუწევთ ბუდაღაშვილის მერობის ატანა, რადგან ჯამარაულის კანდიდატურა, სავარაუდოდ, თბილისში განიხილება.

საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
რა შანსები აქვთ "ქართულ ოცნებასა" და სხვა პარტიებს ადგილობრივ არჩევნებზე

ოცნების ორი ფალავანი დაუპირისპირდება ერთმანეთს თიანეთში. ყოფილმა პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა ღიად განაცხადა, რომ კენჭს იყრის თიანეთის მერობის კანდიდატად და მისგან კანდიდატურის მოხსნა გამორიცხულია. ამ დროს ქართული ოცნება იქ მოქმედი გამგებლის — ლელა ქიტესაშვილის დასახელებას გეგმავს. თამაზ მეჭიაურს თიანეთში საკმაოდ დიდი სანათესაო და მხარდამჭერთა არმია ჰყავს, რაც ქართული ოცნების მხრიდან არჩევნების მოგებას გაართულებს. დიდი ალბათობით აქ გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება.

ზოგადად, მოქმედი გამგებლებისაგან მხოლოდ რამდენიმე თუ შეინარჩუნებს მმართველი პარტიის კეთილგანწყობას. თუმცა გურიაში, როგორც გაირკვა, სტაბილურობაა და სამი გამგებლიდან ორი მომავალში მერიც გახდება. ასევე სტაბილური ვითარებაა სამეგრელოშიც. სარწმუნო ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი ლაშა გოგია გახდება. წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტში მოქმედი გამგებლები იყრიან კენჭს. ფოთში ირაკლი კაკულიას ბიზნესმენი გოჩა კურდღელია ჩაანაცვლებს. მესტიაში მერობის კანდიდატად ისევ მოქმედი გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი განიხილება, რომელიც თბილისის მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის მეუღლეა.

ადგილობრივი არჩევნები მრავალ სიურპრიზსა და დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. უკვე დასახელდა არჩევნების თარიღიც — 21 ოქტომბერი. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას ამ შემოდგომაზე გასართობი ნამდვილად არ მოაკლდება.

 

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0