რამ გაყო ძველი და ახალი, ანუ ცივი გონებით საკითხავი

© FB / Giorgi Margvelashviliვაზიანის სამხედრო ბაზა, „ღირსეული პარტნიორი 2017“
ვაზიანის სამხედრო ბაზა, „ღირსეული პარტნიორი 2017“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძვირფასო მკითხველო, მარიამობისთვის მეორე ნახევრის მიჯნაზე გადავწყვიტე, წინამდებარე სტატიით თქვენი ყურადღება საგარეო პოლიტიკას მივაპყრო.

ჩემი ეს სურვილი რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ განაპირობა. თვის პირველ დეკადაში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ესტუმრა, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. კონტრ-ვიზიტით სოხუმში ჩაბრძანდა, დაბოლოს, რამდენიმე დღეა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი — 2017“ დასრულდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ის ერთ-ერთი შემთხვევაა, როცა ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტ-ანალიტიკოსებს მოეჩვენათ, რომ ახლა ქვეყნის არასახარბიელო, მაგრამ თავისებურად სტაბილურ მდგომარეობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, ნეგატიური ცვლილებები. ამ ფონზე პოლიტოლოგების ერთი ნაწილი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთთან წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობის, რიტორიკის შედარებითი დახასიათების წარმოჩენას.    

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის მიმართ ხალხის ინტერესს ხელოვნურად აღვივებდა. ასე ცდილობდა, საშინაო პრობლემებისგან ყურადღება სხვა „ამბებზე“ გადაეტანა და ამასთანავე, ამ პრობლემების პირველწყაროდ საგარეო ფაქტორები წარმოეჩინა. შეიძლება ითქვას, რომ იმ წლებში ქვეყანა გეოპოლიტიკური ფსიქოზის რეჟიმში ცხოვრობდა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს პრაქტიკა შეცვალა და პრობლემის  პირველწყაროდ წინა რეჟიმი წარმოაჩინა, ხოლო მისი საგარეო პოლიტიკა კი —უგუნურების განსახიერებად. ახალი „ეპოქის“პირველმა წლებმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ნიშნის ქვეშ ჩაიარა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში რაიმე სახის გარღვევა არ არის… ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააგრძელა წინამორბედის კურსი, თუმცა ზედმეტი ისტერიკის გარეშე. ორიენტაცია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უცვლელი დარჩა, მაგრამ, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც „გადატვირთვის“ პერიოდში ცდილობდა, საქართველო ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების, ეპიცენტრად გადაექცია, რაც ძალიან არ მოსწონდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, ბიძინა ივანიშვილმა პრობლემის „გაყინვა“ ამჯობინა… პარალელურად, ხელისუფლება შეეცადა დაემკვიდრებინა მოსაზრება, რომ თავს ზევით ძალა არაა. დაველოდოთ“.

ზამირ ქაბულოვი - Sputnik საქართველო
„დაე, გავიდნენ!“ — პუტინის წარმომადგენელი აშშ-ს ავღანეთიდან ჯარის გაყვანას მოუწოდებს

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკის გარშემო  ემოციური შტორმი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ვიხილეთ, უფრო დამახასიათებელია მიხეილ სააკაშვილისა და არა ბიძინა ივანიშვილის ეპოქისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი: „მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი დაბრძანდა, მოსახლეობაში ვრცელდებოდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ამერიკას საქართველო აღარ აინტერესებს და შეიძლება დაივიწყოს, „გაცვალოს“ და ა.შ. პროდასავლურმა ელიტამ ეს  იგრძნო და მას ჰაერივით სჭირდებოდა ძალიან მკაფიო მესიჯი ვაშინგტონიდან იმის თაობაზე, რომ ნატოში გაწევრიანება, სტატეგიული პარტნიორობა და ა.შ. კვლავინდებურად აქტუალურია. საბოლოოდ, მან მიიღო ის, რაც სურდა — მაიკ პენსმა თბილისში გაცილებით მკაფიო მესიჯები ჩამოიტანა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, თანაც ისინი სამხედრო ძლიერების დემონსტრირების, ქვეყნის მთავარ ტრასაზე ამერიკული ტექნიკის მარშის ფონზე გაჟღერდა. ამან ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისა და ექსპერტის ეიფორია გამოიწვია“.

გასათვალისწინებელია, რომ სიტუაცია შეიცვალა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებშიც. თუ ცოტა ხნის წინათ მხარეები მრავალ საკითხზე ურთიერთგაგების მიღწევას იმედოვნებდნენ ახლა უკვე დაძაბულობა მატულობს. ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. ხოლო კრემლის გადაწყვეტილებით, ასობით ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს.

ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა - Sputnik საქართველო
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა დღითიდღე მწვავდება

რუსეთმა მკვეთრად გაზარდა ბელორუსთან ერთად გასამართი სწავლებების მასშტაბი და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით არსებითია, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოხუმში ჩავიდა და იქ საკმაოდ ხისტი განცხადებები გააკეთა. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, საქართველო, პირველად ხუთი წლის განმავლობაში, კვლავ აღმოჩნდა დაპირისპირების ეპიცენტრში, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების „გენერალურ ხაზს“ ეწინააღმდეგება.

რამაზ საყვარელიძე: „ერთ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უნდა შევეხოთ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ერთი მხრივ, უარს ამბობს პირდაპირ მოლაპარაკებაზე რუსეთთან, მაგრამ, მეორე მხრივ, კონფრონტაციის გარღმავებას ერიდება. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს პრობლემატიკა ნაწილობრივ ამოვარდა დასავლელი დიპლომატების დღის წესრიგიდან. ამან გამოიწვია ხელისუფლების შიში, რომ ჩვენ დაგვივიწყებენ. შესაძლოა, ამიტომ მან ბოლო დროს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი რიტორიკა აირჩია. ეს, სავარაუდოდ, არ ნიშნავს „წინა ხაზზე“ გასვლის სურვილს, რაც ბიძინა ივანიშვილის ფრთხილ პოლიტიკას აპრიორი არ შეესაბამება. თუმცა, ცნობილ ფილმში რომ იტყოდნენ, სურვილი ერთია, ხოლო შესაძლებლობა — სულ სხვა“.  

საინტერესო ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ თეთრი სახლის ნამდვილი მიზნების ამოცნობაზე ევროპის ქვეყნები უამრავ ენერგიას ხარჯავენ. ბევრი რამ ბუნდოვანია რუსეთის მიმართაც: ერთი მხრივ, ძალაში შედის სანქციები, მეორე მხრივ, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოხატავს, დაბოლოს, რთული, საკმაოდ წინააღმდეგობრივი სიგნალები მოდის თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან. საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა „რებუსი“ სწორად ვერ გაიგოს და, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ხდებოდა, სასურველი რეალურად მიიჩნიოს.

თორნიკე შარაშენიძე - Sputnik საქართველო
თორნიკე შარაშენიძე: პრეზიდენტის ინიციატივა ცუდი ნამდვილად არ არის

თუ გავიხსენებთ მაიკ პენსის ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას  საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის დანიშვნის შესახებ და ამ თემაზე გამართულ მასშტაბურ და სერიოზულ დისკუსიას, ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ხელისუფლება შეძლებს, სწორად გაშიფროს რთული, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან ისე, რომ საქართველო უფსკრულში არ გადაჩეხოს.

სოსო ცისკარიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას ისე ხშირად უწოდებდნენ წარმატებულს, რომ დაგვავიწყდა — ის წარმატებულია მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის იმპროვიზაციების ფონზე, იმ კონიუქტურის გათვალისწინებით, რომელიც „გადატვირთვის“ დასკვნით ეტაპზე შეიქმნა ან თუნდაც „ახალი ცივი ომის“ საწყის ეტაპზე, როდესაც, საქართველოსთვის არავის ეცალა“.

დაბოლოს, წინამდებარე სტატიას დიმიტრი მონიავას სიტყვათა პერიფრაზით დავასრულებ. ხუთი წლის განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდა, რომ საშინაო პოლიტიკაში „არ გააკეთო ცუდი“ და „გააკეთო კარგი“ ერთი და იგივე არ არის. ახლა ანალოგიური რამ საგარეო პოლიტიკის მიმართაც მოხდება. ეს კი ერთობ შემაშფოთებელი პესპექტივაა, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას თითქოს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკა აქვთ. მეტიც, ისინი თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს უცხოელების წინაშე და, შესაძლოა, ვერ გრძნობენ, რომ მათ თვალში აბსოლუტურ იდიოტებად გამოიყურებიან. 

მშვიდი ძილი, ალბათ, დიდხანს არ გვეღირსება.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, არ ვართ მზად ცვლილებებისთვის და ამის გამო მომავალს შიშის თვალით ვუყურებთ.

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0